Posted by: burusi | 20/06/2009

მოსე ჯანაშვილი – “მეფე ერეკლე”

ერეკლე მეორე

მოსე ჯანაშვილი – “მეფე ერეკლე”

(124 წლის შესრულების გამო კრწანისის ბრძოლის შემდეგ)

ჯერ სამაგისო რა გვემართება,
რომ განვისყიდოთ თავისუფლება?
ნიკო ბარათაშვილი

გვირგვინი მუდამ სატრფიალო საგანი ყოფილა. მის დასაჩემებლად უბრძოლიათ დიდებულთაც და მცირებულთაც. ვისაც გვირგვინი ჰხვედრია, ძლიერად დაჰბღაუჭებია. ეს გასაკვირიც არ არის. მეფის ცნებას ძველ დროითგანვე შეეთვისა მნიშვნელობა წინამძღოლობისა, ღვდელმთავრობისა, წინასწარმეტყველობისა და, წარმოიდგინეთ, ღმერთობისაც კი; ჟამთა განმავლობაში ხალხს რწმენად გადაექცა, – მეფე ღვთისაგან არისო და მისვე ქვეყნიური სახვა ანუ, რუსთაველის სიტყვით რომ ვთქვათ, ,,მისგან (=ღვთისგან) არს ყოველი ხელმწიფე, სახისა მის მიერითა”. ამ რწმენის ძალით ბაგრატიონები თავიანთ მისხს, ჩამომავლობას მიუწევდნენ თვით ღვთის მშობელამდე.
დიდობა და, თუ შეიძლებოდა, ,,ღმერთობაც” პატივმოყვარეთა ოცნება ყოფილა მუდამ. მართლაც, ქვეყანაზე რამდენი ფუყეთავიანია, რომელიც ეტენება ყველგან, რომ, რა არის, იცნონ იგი დიდ ვინმედ! მრავალს მეფეს დიდებასთან ერთად ჰქონდა გვირგვინიც, მაგრამ ეს გვირგვინი პირველ ყოვლისა, ეკუთვნოდა არა მათ, არამედ ერს. მათ შეეძლოთ თავიანთ თავიდამ აეხადათ გვირგვინი, მაგრამ ნება არ ჰქონდათ გაებოძებინათ იგი სულ გარეშეთათვის, ვინაითგან გვირგვინი, საზოგადოდ, ეროვნული თავისუფლების გამოსახულობაა და არა ვისიმე კერძო კუთვნილება.
რუსეთის მეფე თეოდორეს ვერც კი წარმოედგინა, რომ სადმე იქნებოდა ხელმწიფე, რომელიც თავის ქვეყანასა და გვირგვინს გაიმეტებდა სხვისთვის. ბორის გოდუნოვმა რომ წარუდგინა ქაღალდი “ივერიელთა მეფე თავის ქვეყნითურთ დამხედ თავს გიკრავსო და ქვეშევდრომობას აღგითქვამსო”, თეოდორემ გაიკვირვა და წამოიძახა: “ვოტ ჩუდაკ!”-ო (იხ. ა. ტოლსტოი. მეფე თეოდორე. ტრაღედია 5 მოქმ. გვ. 243).
ამ ცუნდრუკად ხსენებულ მეფედ მაშინ იყო ლუარსაბი. იგი მართლაც ივერიას კი არ განაგებდა, არამედ მხოლოდ მტკვრის ნაპირებს სურამიდამ თბილისამდე, ხოლო მის აქეთ იქითი ეპყრათ ძრიელ მფლობელებს-ქსნისა და არაგვის ერისთავებს, მერე მაჩაბლებს, ციციშვილებს, ამილახვრებს, თარხნიშვილებს, ბარათაშვილ-ორბელიანებს და სხ., დანარჩენ ნაწილებშიაც, როგორც მოგეხსენებათ, თავთავიანთი გამგებლები ჰყვანდათ: კახეთსა და იმერეთში-მეფეები, ხოლო მთავრები რაჭას, სვანეთს, სამეგრელოს, აფხაზეთს, გურიას, მესხეთს, საინგილოს.
ასეთ სუსტ ლუარსაბ მეფეს, რომელსაც ამასთანავე ავიწროებდა ირანის ლომი შაი აბაზი, კიდევ ესამართლებოდა, რომ ძლიერ შემწეს ეძებდა მოსკოვში, ხოლო საამისო რა სჭირდა ერეკლეს?
მას ხომ უკვე გაეერთიანებინა ქართლ-კახეთი, დაეხარკა ერევანი და განჯა, გაეფართოებინა ქვეყანა თითქმის ყარსამდე, თვით იმერეთშიაც გადაეტანა თავისი რიხი და იქ გაემეფებინა თვისი შვილიშვილი არჩილის ძე სოლომონ მეორე. მას ხომ იმერეთიდან მოსდიოდა ელჩები თხოვნით-გვიწინამძღვრე და მთელი ივერია გავაერთიანოთო. მან ხომ ოქრო-ვერცხლის მადანიც გამოაჩინა და გააძლიერა ხაზინა, გამართა სკოლები, სემინარია და ხელი მიჰყო ევროპიული განათლება მიეცა ხალხისთვის.
თვით მისი სახელიც ხომ ჰქუხდა არა მარტო კავკასიაში, არამედ პეტერბურგ-ბერლინ-პარიჟ-ვენა-სტამბოლ-თეირანს და თვით შორეულ ინდოეთამდეც-კი.
განა იგი თვითონ არ იყო გმირი ასპინძისა, ხარგვირაბისა, ერევნისა, განჯისა, ინდოეთის დიდი მოგოლის სატახტო ქალაქის დელის აღებისა?
განა მას არ ახსოვდა, რომ მრავალი მოწყალება მოსდიოდა ყაენისაგან და ბოლოს ხომ მის მიერ ქართლის მეფედაც დამტკიცდა, თუმცა ეს სამეფო ტახტი ეკუთვნოდათ რუსეთში გადახვეწილ ვახტანგ VI-ის მემკვიდრეებს.
განა იგი არ იყო, რომ მოუვიდა საჩუქრები მეგობრობის შემოთვლით ხანებისაგან თავრიზისა, ხოპისა, ურუმისა, მაყაყისა, მარაღისა, ბაიაზეთის ფაშისა, ხოლო იმავე დროს ყმად მოეცა შამსადინ აღა-ქურთი, კაცი ძლიერი და მრავალთა ქურთთა მეპატრონე, მოეცა ყმად აგრეთვე შორაგელის სულთანი თავის ხალხითურთ. თვით ერანელნიც ხომ ელოდნენ, ერეკლე გახელმწიფდება და ერანის ნაწილებსაც დაიჭერსო, რადგან ჰქონდათ მისი ცნობა ნადირშაჰიდან მყოფელობითა, ესმოდათ მარადის სიმხნე მისი, ვერ არავის ჰხედვიდნენ მოპირდაპირედ მისა (ერეკლე მეფისა), ამისთვის დიდად ჰფიქრობდნენ და ყოველთვის ელოდნენ, რომ ერანისკენ წამოვაო. ყაენი ქარიმხანი ხომ ცალკე წერილით უცხადებდა მას სიყვარულსა და მეგობრობას, თვით აღა-მაჰმად-ხანიც კი, როგორც დავინახავთ ქვემო, სამეგობროდ და საზავოდ იწვევდა მას, ერეკლეს.
თვით ხონთქარიც პატივით ეპყრობოდა ერეკლეს, მისი გმირულ ნამოქმედარის ცნობა მისდიოდა, ხშირად მეფურ ძღვნით იკითხავდა და მასთან მშვიდობა სწადდა. ეს ყველა ასე იყო და თვითონ ერეკლემაც ყოველი ეს კარგად უწყოდა. მაშ რაღად მიჰყვებოდა ზემოხსენებულ ლუარსაბ მეფის კვალს, რად იცვლიდა უმანდელ ორიენტაციას? განა ერეკლემ არ იცოდა, რომ ამ უმანდელ ორიენტაციის გამოცვლით მარტო უბედურება ეწიათ მის წინაპრებს; ხსენებულ ,,ჩუდაკ” ლუარსაბს, მის სიძე თეიმურაზს, კვლავ გიორგის, თვით მის პაპას ვახტანგ VI-ს და სხ. ორიენტაციის გამოცვლით ანუ რუსებთან საქმის დაჭერით გააბრაზეს ცალკე ყაენი, ცალკე ხონთქარი, ცალკე ლეკები; ყველა ესენი მტერად გადაიკიდეს მაშინ, როდესაც იგინი მოითხოვდნენ, დარჩით ძველებურად, დარიალი შეკარით და ვიცხოვროთო მეგობრულად, მეზობლურად.
ეს ყველა იცოდა ერეკლემ, მაგრამ არ წყნარდებოდა, ანუ, უკეთ ვთქვათ, არ აწყნარებდნენ ახალი ჩრდილოელი ,,მეგობრები”.
1770 წელს იგი მოიმხრეს რუსებმა საომრად ოსმალეთთან. დარიალით შემოუშვა ტოტლებენი და ერთად გაილაშქრეს ასპინძას. ბრძოლის დაწყების წინად ტოტლებენი თავის ჯარით გაბრუნდა. ერეკლემ გაიმარჯვა, მაგრამ ამიერიდგან მოსისხლე მტრად გადაიკიდა ახალციხის ფაშა.
1771 წელს ერეკლეს კარზე მყოფ ლვოვმა წააქეზა მეფე აშლოდა ოსმალეთს და დაერბია ხერთვისი. “ეს საქმე კმა არსო, ეუბნებოდა იგივე ლვოვი მეფეს, რუსეთის ხელმწიფის ერთგულებადო” (ომან ხერხეულიძე, გვ. 593). ერეკლემ დაუჯერა, აიკლო, მაგრამ ,,სამაგიეროდ ხერთვისისა გამოუხთა ახალციხის ფაშამ ოსმალისა და ლეკის კარი ქართლის დასარბევად” (იქვე).
1772 წელს კვლავ შეუჩნდა მეფეს ლვოვი და უთხრა: “ერთხელ კიდევ დაჰკარ ხონთქრის მამულსა, რომ შენს ერთგულებაზედ გული დაიჯეროსო ეკატერინამ” (იქვე). ერეკლემაც დაჰკრა.
გაიგო ხონთქარმა. განძვინდა ერეკლეზე. დიდძალი ლაშქარი დაღისტნელებითურთ შემოუსია საქართველოს. ამავე დროს რუსის ლაშქარი, შველის მაგიერ, საქართველოდამ გავიდა.
ერეკლეს ჩამოსაგდებად ტახტიდამ საქმეს აწყობდნენ რუსეთში შემწეობით ალექსანდრე ბაქარისძისა და ალ. ამილახვრისა. იგინი მოიყვანეს დაღისტანს, რომ მიიმხრონ შამხალი, უცმი და სხ. ერეკლეზე დასაცემად. ჯერ ამას წინად ამავე შეთქმულთა წევრნი ჩამოვიდნენ პეტრეს ქალაქიდამ თბილისს, მაგრამ იგინი შეიპყრეს და ამოწყვიტეს (ქ. ცხ. 506).
ერეკლე ყველა ამას თვალნათლივ ხედავდა და მოკავშირეს ეძებდა ევროპაში. ამ აზრით ორი წერილი გაუგზავნა გერმანიის იმპერატორს იოსებს (1781-სა და 1782 წლებში); თან ჰპირდებოდა, თუ ომი მოგიხდა ოსმალეთთან, მე დაგეხმარებიო.
ვიდრე იქიდამ პასუხი მოვიდოდა, მოახწია 1783 წელმა. ერეკლემ ხელი მოაწერა ცნობილ ტრაქტატზე. ამან მოახდინა უზომო შთაბეჭდილება აღმოსავლეთში.
უმეტესად განძვინდენ ხონთქარი და ყაენი, ,,სცნეს-რა ირაკლისაგან რუსეთის იმპერიის საფარველოსა ქვეშე შესვლა”. (ქ. ცხ., 444; მასალები საქ. ისტ., 29; ბუტკოვი, II, 177).
ბუტკოვი (2-171): “ფაშები აზრუმისა, კარისა, ბაიაზეთისა და ვანისა ერეკლეს ეპყრობოდნენ მეგობრულად, თავაზიანად და კეთილი მეზობლობა ჰქონდათ საქართველოსთან ვიდრე რუსთა ჯარის შემოსვლამდე. ამის შემდეგ კი ყველანი გადაეკიდნენ. ახალციხის ფაშა სულეიმანი დაუძინებელ მტრად გადაეკიდა ერეკლეს. მან მიიბარა დაღისტნის ომარხანი, შეეზრახა განჯელებს და გადასწყვიტა ერთბაშად ყოვლის მხრივ შემოსეოდნენ საქართველოს და დაეპყრათ იგი. ომარხანმა 2000- მეომრით კიდეც გადაიარა კახეთზე და შეუერთდა 1785 წ. ახალციხის ფაშას.
საქართველო ალბად აკლებული იქნებოდა, რომ ახალციხის ფაშას არ მიეღო ხონთქრის ბრძანება, ნუ გაილაშქრებთო საქართველოზე: “ოდეს ხარი (ერეკლე მეფე) წევს, ნურას ერჩით და ნუ აიძულებთ ფეხზე წამოდგესო”. ომარხანიც შეურიგდა და დაღისტანს დაბრუნდა (1787 წ.).
რუსები-კი 1783 წლის ტრაქტატის შემდეგაც ჯარს არ უგზავნიდნენ ან ძალიან ძუნწად. ასე იმიტომ იქცეოდნენ, საფიქრებელია, ერეკლე მეტს გაჭირებაში ჩავარდნილიყო და ქვეყანა თვითონვე დაეთმო რუსებისთვის. ამ მოსაზრებას ნათელს ჰფენს როგორც გუდოვიჩის საქციელი ერეკლე-აღამაჰმადხანის ბრძოლის საქმეში, ისე პოტემკინის ჩამოსვლა თბილისს 1783 წელს. იგი ეუბნებოდა მეფე ერეკლეს- ნება დაგვრთე ვმართოთ საქართველო “რუსთამებრ წესით, ხოლო შენ გქონდესო კახეთი თავისუფალი და ჯამაგირი ეგოდენი, რაოდენიც შემოგდიოდაო ქართლიდამ” (მასალ. 30). ერეკლემ უარი უთხრა.
1791 წელს გამეფდა აღამაჰმადხანი, მოვიდა ადირბეჟანს და ,,აბირა მეფესა ირაკლის მეგობრობასა ზედა წარვიდა” (მასალ. 41).
1795 წელს აღამაჰმადხან მოადგა შუშას. იულონ და ალექსანდრე ირაკლის ძეებმა იმავე ხანებში ,,მოაოხრესო განჯა, რომლის ხანი წავიდა შუშას და შესჩივლა ყაენს.
იგი დიდის ლაშქრით თბილისზე წამოვიდა. ერეკლე დაფაცურდა. ითხოვა რუსის ჯარი ტრაქტატის ძალით, მაგრამ არავითარი შველა არ მოუვიდა. ავალაპარაკოთ თანამედროვე (მასალ. 45):
,,უწინარეს მოსვლისა თხოვა შეწევნა კავკასიის ლინიის მთავარს ღრაფ ღუდოვიჩსა ტრაქტატისამებრ ძალითა, რომელიც რუსთა აღეთქვათ პირობის წიგნსა შინა:უკეთუ მტერ ძლიერ მოვიდეს, შემწე იყოს ლინიის მთავარი მეფესა. რომელსაცა არა ენება მოცემა და არცა მოსცა მეფესა შეწევნა ამისთვის, რომელ ხოჯა (აღამაჰმად-ხან) უვლიანებდის ფეშქაშსა და ნივთსა მრავალსა, რათა არა შემწე ექმნას მათ იგი და მეფესა არწმუნებდის ღრაფი შეწევნასა. რომელიცა ატყუა და ესრეთ შეემთხვა მეფესა”.
10 ენკ. 1795 წელს ყაენმა აიკლო და დაარბია თბილისი.
ასრე წახდა სატახტო ქალაქი. მაგრამ ყაენს მაინც მეგობრობა უნდოდა მეფისა. სოღანლუღიდამ შემოუთვალა: “დამზავდი, ყოველს ნატყვენავს დაგიბრუნებო”. მაგრამ არ ინდომა, და ამიტომაო, სწერს თანამედროვე: “ვინაიდგან ხოჯა იყო მცბიერი და დაუნდობელი, ამად ვერ ენდო მეფე მას და კვალად ადრიდანვეცა შესრულ იყო მეფე საფარველსა როსსიისასა და ეფუცაცა ერთგულებასა ზედა როსსიისასა, ამად არა იქნება შეერთება სპარსთა თანა” (მასალ. 45).
მეფეს ყველგან ატყუებდნენ ახალი ,,მეგობრები” და ის კი თვითონვე ხელს უწყობდა მატყუარებს, რომ კვლავ ეტყუათ ქვეყნის სავალალოდ, დასაშლელად, მოსასპობად.
ამგვარივე დამღუპველი იყო ერეკლეს შემდეგი მოქმედებანიც: მან შესცვალა უმანდელი წესი მეფობისა არა მამით შვილზე, როგორც მრავალს საუკუნეს იყო, არამედ უფროს-უმცროსობაზე მორიგეობით. ამან გამოიწვია საშინელი შუღლი და ქვეყანა გაყო ორ ბანაკად-გიორგისა ერთის მხრივ და დარეჯან დედოფლისა და მის შვილებისა მეორე მხრივ.
მან შვილებს გაუყო საუფლისწულოები, ზოგს მისცა არაგვის ხეობა, ზოგს-გორი, სურამი, ქიზიყი, ზოგს ბორჩალო და სხ. ყოველი მათგანი თავისთავს თითქმის დამოუკიდებელ თვითმპყრობელად სთვლიდა. წინანდელ ერისთავების მაგიერ ყველგან წამოსკუპდნენ პატარ-პატარა მთავრები, ისიც ერთურთის მოძულენი და ამან წინანდელზე მეტად დაასუსტა ქვეყნის ერთეული.
ყოველივე აღნიშნულის შემდეგ ჩვენ შეგვიძლიან დავასკვნათ, რომ გმირი მეფე ერეკლე ფრიად წინდაუხედავი და შორს განუჭვრეტელი ხელმწიფე იყო. აი ამის შესამოწმებელი მოკლე ნუსხა.
ა. მეფობის უმანდელ წესის შეცვლით ჩამოვარდა ძმათა შორისი შუღლი და გამთიშველი ცილობა.
ბ. ივერიის გაერთიანება ვერ მოხერხდა, რადგან ირაკლიმ და დარეჯანმა არ ისურვეს იმერეთის ტახტი გამოეწირათ თავიანთ შვილებისთვის.
გ. საუფლისწულოების გაღებით დაიშალა ქვეყნის სიმტკიცე. თანამედროვე ამბობს (მასალ. 42): “წელსა ამას (1772) ერეკლემ განუყვნა მამულნი ძეთა თვისთა: თვითეულსა მისცა ათას-ათასი კომლი ქართლსა და კახეთში, ხოლო უფროსსა ძესა გიორგის-ოთხი ათასი კომლი”. ამის შემდეგ იგივე დაუმატებს ამ სიტყვებს. “განყოფა ესე იქმნა მიზეზი დამხობისა სამეფოისა სახლისა” (მასალ. 42).
დ. 1783 წ. ტრაქტატის დადებით საქართველოს გადაეკიდა მაჰმადიანობა აზიისა.
ე. აღამაჰმადხანის მეგობრულად გამოწვდილ ხელის უკუგდებამ და აგრეთვე ორიენტაციის შეცვლამ გამოიწვია თბილისის დარბევა 1795 წელს. ამ გაჭირების დღეს შვილებმა მამა მეფეს ისე მცირე შემწეობა აღმოუჩინეს, რომ სათქმელადაც არა ღირს. ზოგიერთმა კი ხომ ფეხიც არ მოიცვალეს თავის ბინიდამ. მეფემ ამ მოღალატე შვილების წინააღმდეგ არავითარი ზომა არ მიიღო.
ჩვენი მოსაზრებით, ერეკლეს ორიენტაციის შეცვლაზე კი არ უნდა ეზრუნა, არამედ მის გამომწვევ მიზეზების მოსპობაზე. საჭირო იყო ცდილიყო განეხორციელებინა გაერთიანება ივერიისა, აღედგინა უმანდელი წესი მეფობისა, 1783 წლის ტრაქტატი უარეყო, რადგან მეორე მხარე მას სავსებით არ ასრულებდა, ყაენსა და სხვა მეზობლებთან ეცხოვრა მეგობრულად, საუფლისწულოები მოეშალა, ბატონიშვილები და ფეოდალები აელაგმა, პარტიობა მოესპო, მორიგე ჯარი, რომელიც თვითონვე გააწყო და რომელიც მერე დაიშალა უყურადღებობის გამო, კვლავ გაეწყო და გაეძლიერებინა.
რახან არც ერთი ეს არ მოიმოქმედა და ისე გარდაიცვალა, რომ შვილებიც-კი ვერ შეარიგა, ამან გამოიწვია უაღრესი რყევა და შფოთი, მტრობა შინაგან და გარეგან, ხოლო ამ მიზეზებმა გამოიწვიეს სამეფოს თავისუფლების დაკარგვა.
როგორც ყველამ ვუწყით, ერეკლეს ყოველი მოლოდინი სინამდვილეში ჩაიშალა: მართლმადიდებლობა ურწმუნოებამდე დავარდა, თბილისი ათინად ვერ იქცა, ქართული სული კინაღამ განქარვების საზღვრამდე მივიდა, ქართული ტკბილი და სიყვარულის ენა შეიბღალა და სხვადასხვა უმსგავს ნართაულებით სახსენებელი შეიქმნა, ქართული კანონები და ფული მოისპო, საქართველო აღდგენის მაგიერ ეღირსა მის უკეთეს ნაწილების გაყიდვას ან მკვიდრ ქართველთა გასახლებას და უცხოთა ჩამოსახლებას, ქართველ ტომის თაისუფალ განვითარებას მოაყოლეს მისი გადაგვარების მანქანება.
სიტყვით, ჩვენზე ასრულდა ბიბლიური თქმულება: “მამათა შეჭამეს კაწახი, შვილთ მოაჭრა კბილები”

“საქართველო” 1919, N 224, 17 ღვინობისთვე, პარ. გვ. 4.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: