Posted by: burusi | 16/06/2009

მეფისნაცვლის სასახლე (ახლ. მოსწავლეთა) – Vicegerent Palace

ძველი თბილისი – Old Tbilisi

მეფისნაცვლის სასახლე (მიხეილის სასახლე)

საქართველოს მთავარმართებლის რეზიდენციისათვის შეირჩა ქალაქგარეთ მდებარე ქართველ მეფეთა საგვარეულოს (თავადი ორბელიანები) ყოფილი ვრცელი ბაღი.

პირველი შენობა, სასწრაფოდ აგებული 1802 წელს ქართველი ქვითხუროების მიერ სამხედრო ინჟინრების ხელმძღვანელობით, რამდენჯერმე გადაკეთდა. მრავალი გამოჩენილი ხუროთმოძღვარი მონაწილეობდა მისის იერსახის შეცვლაში. 1818 წელს არქიტექტორ ბრაუნმილერის პროექტით მთავარმართებლის ახალი სასახლე აშენდა.

1845 წელს, კავკასიაში მეფისნაცვლის თანამდებობის შემოღების შემდეგ, სასახლე როგორც მასშტაბით, ისე გარეგნულად ვეღარ აკმაყოფილებდა მეფის თვითმპყრობელობის წარმომადგენელთა ამპარტავნულ მოთხოვნებს. რაც უფრო ძლიერ და მაღალ წრეს ეკუთვნოდა იგი, – ხოლო კავკასიის მეფისნაცვლები ხშირად დიდი მთავრები იყვნენ, – მით უფრო მეტი ბრწყინვალება უნდა ჰქონოდა მის რეზიდენციასაც.

1845-1847 წლებში პეტერბურგის არქიტექტორი – აკადემიკოსი ნიკოლოზ სემიონოვმა აწარმოებდა სასახლის იერსახის შეცვლაში. მის მიერ სასახლის საფუძვლიანი გადაკეთების შედეგად გარეგნულმა ხედმა ოფიციალური კლასიციზმის სულისკვეთებისათვის სრულიად შესაფერისი ხასიათი მიიღო, კერძოდ: პორტიკი დორიული ფრონტონით, მეორე სართულის გვერდით ნიშებში ჰერკულესის და მინერვის სკულპტურული ფიგურები, რომელთა დანიშნულება იყო ახალი ხელისუფლების ძალა და სიბრძნე გამოეხატათ. ამავე პერიოდში გაშენდა ბაღი ხეივნებით, ფანჩატურით, აიგო შადრევნებიანი აუზი. ბაღს სასახლის ბაღი ეწოდა, რომელშიც მხოლოდ ვიწრო წრეს ჰქონდა შესვლის უფლება: დიდ დღესასწაულებზეც კი მხოლოდ უმაღლესი წოდების, ჩინისა და შეძლების მოქალაქენი შედიოდნენ. ბაღის უკანა ნაწილი ეკვროდა ლაბორატორიულ (ახლანდელი ინგოროყვას) ქუჩაზე.

1858-59 წლებში თბილისში მოღვაწე შვედი ხუროთმოძღვრის ოტო იაკობ სიმონსონის მიერ განხორციელდა შენობის არასრული გადაკეთება. ოტო იაკობ სიმონსონმა სასახლის საფუძვლიანი რეკონსტრუქცია დაიწყო 1865 წელს და დაასრულა 1869 წელს. სასახლემ მიიღო თავისი საბოლოო ფორმა. სიმონსონმა საგრძნობლად გაზარდა ნ. სემიონოვის მიერ აშენებული სასახლე და მას სრულიად ახლებური იერი მიანიჭა: კლასიცისტური ფასადი რენესანსული ელემენტებით ჰარმონიულმა ერთობლიობამ შეცვალა (წახნაგოვანი და ხორკლიანი რუსტიკა, კორინთულკაპიტელიანი პილასტრებისა და თაღოვანი ღიობების მონაცვლეობით შედგენილი მწკრივი, გელერეების თაღედი, მედალიონები, რკალური ფრონტონები). სასახლის გვერდითი ფრთები მკვეთრად წამოიწია წინ, ხოლო მთავარი ფასადის ცენტრალური ნაწილი – ოდნავ. იგი დაამსვენა რენესანსული სტილის ორიარუსიანმა თაღედმა, რომლის პირველი სართული რუსტშია. მეორე სართულზე მოთავსდა დარბაზი საზეიმო მიღებისათვის და არქიტექტორმაც მოინდომა ამ სართულის განსაკუთრებული შემკობა ზოგიერთი მორთულობის საშუალებით (კორინთულკაპიტელიანი პილასტრებით, ნიშებით, ბალუსტრადებით ფრიზს ზემოთ და სხვა). ნაგებობის მკაცრი და ოფიციალური ფასადების ფონზე მიმზიდველი და საზეიმო გახდა ბაღისკენ მიმართული სამხრეთ ფასადი. მისი სილამაზე და სინატიფე, ხაზგასმულია ცენტრში მოთავსებული მსუბუქი, წვრილი კოლონადით, ღია ვერანდა-ვესტიბიულით, რომელიც ელეგანტური რკინის სვეტების მქონე მორკალულმარშიანი ღია კიბე-აივნით არის მიმართული ბაღისკენ და საუკეთესოდ ეხმიანება ბაღის პეიზაჟს.

სასახლის ინტერიერი, XIX საუკუნის თბილისური სასახლეების ტრადიციისამებრ, კლასიცისტურ ორდერთან ერთად (დიდ ფოიეში, მეფისნაცვლის მისაღებსა და კაბინეტებში) გვიანირანული არქიტექტურისთვის დამახასიათებელ მორთულობასაც შეიცავს (სტუკოს ორნამენტები და სარკეები, სტალაქტიტებიანი ნიშები და ფრიზები, მუშარაბიანი სარკმლები მთავარ დარბაზში).სასახლეში არის დიდი თეთრი სარკეებიანი დარბაზი.

1918 წლის 26 მაისს მეფისნაცვლის ყოფილი სასახლის თავზე საქართველოს ეროვნული დროშა აფრიალდა. ნოე ჟორდანიას მთავრობამ კავკასიის მეფისნაცვლის სასახლეში ქვეყნის თავისუფლება გამოაცხადა.

1921 წლის თებერვლიდან ყოფილ მეფისნაცვლის სასახლეში მუშაობდა საბჭოთა საქართველოს მთავრობა. 1938 წლიდან სასახლე გადაეცა თბილისელ ბავშვებს.

სასახლის წინ, ბუნებრივ ამაღლებაზე, გაკეთდა მცირე დაქანება – პანდუსები, რომლებიც ჭადრების ხეივანს ერთვის. ბებერი ხეების ჩრდილში დადგეს ქვის სკამები დასასვენებლად. 1958 წელს ბაღის პირქუში ზღუდე შეიცვალა მაღალი, ჰარმონიული, მკაცრი სისადავის მქონე ლითონის ცხაურით, რომელიც არქიტექტორების ოთარ კალანდარიშვილის და დავით მორბედაძის ნახატის მიხედვითაა დამზადებული.

ლიტერატურა:

  • გ. ხუციშვილი, ჩემი თბილის ქალაქი, თბილისი, 1980 წ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: