Posted by: burusi | 08/06/2009

ანა ახმატოვა – “საითღა წავალ?” (ლექსები)

ანა ახმატოვა

ვასილ გულეურის თარგმანი

მე არ დამენანება
რაც ასე ძლიერ, ძლიერ მიყვარდა.
თუკი შენ ჩემი აღარ იქნები,
გელის სიკვდილის პირქუში ფარდა.

დღე და დღე მასში ეჭვი იზრდება,
როგორც ზეცაზე შავი ღრუბელი.
ასეთ მოსაწყენ მიზეზთა გამო
ფაციფუცსა და შარიშურს ველი.

სევდა მერევა – ვერ მომერევა.
ქარს გამოვიხმობ, ცრემლებს დამიშრობს.
მხიარულების მსუბუქი ტალღა
გამინაპირებს უსაშველოდ შორს.

***
სხვათაგან ქება – არ მიღირს ჩირად,
შენგან ძაგებაც შექებად მიჩანს.

***
დიდხანს ვიდექი ჯოჯოხეთის მძიმე კარებთან,
იწვა სიჩუმე და წყვდიადი. ვეძებდი სავალს…
ო, არ მეგონა, ეშმაც თუ არ მიმიკარებდა,
საითღა წავალ?…

***
ჩემს თავს რაღაც ხდება ისევ…
გული უმწეოდღა სუნთქავს.
დროა, მზეს ვაჩვენო სისხლი,
სამყაროს უხუცეს მკურნალს!

***
დაუმარხავები – მიწას მივაბარე,
ყველა დავიტირე, მე ვინ დამიტირებს?

***
რაო?! ჯერ მხოლოდ ათი წელი… შენ ხუმრობ! ღმერთო!
ო, დაბრუნება ასე ადრე როგორ ინდომე,
სულ არ გელოდი – შენ ხომ ისე დამემშვიდობე
უცნაურ ზამთარს, მზე შორეთში ცივად რომ ენთო.

***
სენი მაწამებს – სამი თვეა ლოგინში ვწევარ.
თითქოს სიკვდილსაც აღარ ვუფრთხი, თუმცა ვგრძნობ ახლოს.
როგორც სიზმარში, მეჩვენება, რომ სტუმარს ვგევარ,
შემთხვევით სტუმარს, ამ საშინელ სხეულს რომ სახლობს.

***
მე მუსიკასთან მარტო დამტოვე,
ჩვენ შევთანხმდებით მალე სრულებით:
იგი უძირო წყალსატევია,
მე კი – აჩრდილი საყვედურებით.
მე მას არ ვუშლი ჟღერდეს გამებად,
ის კი – სიკვდილში დამეხმარება.

***
დამეხსენ, ვიყავ, როგორიც ყველა,
და უარესი მეტწილად.
სხვისი ცვარ-ნამი მეპკურა ველად,
და სხვის შვრიაში ვეძებდი შველას,
სხვის ბალახებში მეძინა.

***
ვით უცხოსთან, თავს ისე ვგრძნობ,
საკუთარ სახლს თითქოს ვერ ვცნობ,
ვჭვრეტ სარკეში შიშის თვალებს.
რა ჩანს მათში, ღმერთო, ღმერთო! –
ყოველივე მე მგავს ერთობ…
ნუთუ ასე შევიცვალე?

***
თუკი მოვუხმობ, როგორც მჩვევია,
ძვირფას მეგობრებს, ბედნიერ წარსულს,
მე ამ უცნაურ გადაძახილში
მხოლოდ სიჩუმე თუ მაძლევს პასუხს.

***
გამომაფხიზლა მუსიკამ. ვხედავ –
მიდამოს ზამთრის სითეთრე მოსავს,
და ცხადი გახდა, სადგომთან თვითონ
დედოფალ-სიკვდილს ენება მოსვლა.


Responses

  1. mtargmneli ratom araa mititebuli

  2. სამწუხაროდ არ ვიცი მთარგმნელი

  3. ხანგრძლივი მზერით მთლად დათენთილმა,
    თავად ვისწავლე, როგორ გაწვალო.
    უფლისგან შენი ნეკნით შექმნილმა,
    ვით შევძლო თავი არ შეგაყვარო?

    და ვყოფილიყავ, მერგო ანდერძად,
    რომ ბედისწერის ვიყო მძევალი.
    მე კი ვერ შევძელ დარჩენა ბერწად,
    ვარ უტკბილესი შენი მხევალი.

    მაგრამ როდესაც ჩუმად გავწვები
    შენს ნანატრ მკერდზე სულგანაბული,
    მესმის, თუ როგორ ზეიმობს ბრძენი,
    ჩემი ცხოვრების მზე – შენი გული.

    თარგმანი ბესო ხომერიკისა

  4. პირველის გარდა, დანარჩენი თარგმანები ვასილ გულეურს ეკუთვნის


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: