Posted by: burusi | 06/06/2009

გურამ ნავროზაშვილი – “ვასილევნას წიგნები”

– ეს ჩვენიანია თუ ის პონია, გუშინ რო შემოიყვანეს და ზოლები რო მიახატეს? – ჰკითხა ერთმა ზებრამ მეორეს.

თომას მილერი

– იქა…
– რა იქა?..
– იქა… წამო…
– სად წამოვიდე, რა გინდა?
– იქა… მკვდარი კაცია…
– სად?
– იქა… სარდაფში.
– კიდე მოწიე?
– არა. სარდაფში მკვდარი კაცია. წამო.

კუთხეში ეგდო. მივედი, დავხედე, სულ გალურჯებული იყო, ძლივს ვიცანი. ისაა, გვერდზე სადარბაზოში, ბოლო სართულზე რო ცხოვრობდა. მაგისი ნათქვამი მე გამარჯობაც არ გამიგია. ერთხელ მაღაზიაში შემხვდა, სიგარეტს ყიდულობდა. გამოლაპარაკება ვცადე, ხმა ვერ ამოვაღებინე. იმის მერე არც მინახავს. ეხლა კიდევ გაშოტილა ჩემს წინ, თვალები დახუჭული აქვს და არც ეხლა არ იღებს ხმას.
– აი, ხო გითხარი. მკვდარი კაცია.
– ვიცი, ვხედავ. ადი სახლში და დარეკე სადმე.
– არა. ვერ ავალ.
– რატო?
– იმიტო. ვერ ავალ. დამიჭერენ. მერე მეტყვიან, რო შენ მოკალიო. მე არ ავალ.
– ნუ სულელობ რაღაცეებს, ადი და დარეკე, მე მანამდე ამას მივხედავ. დროზე!
– არა. არ წავალ. ხო, კარგი, წავალ. მარა არ დავრეკავ. ტელეფონს მოგიტან და შენ დარეკე.
მოვიდა.
– ალო… ქალბატონო, ახალგაზრდა მამაკაცის გვამი ვიპოვნეთ სარდაფში… ვინ?.. აა… კარგი, გელოდებით… დიახ… გმადლობთ…
– აკი არ დავრეკავო? მასულელებ?
– რა ვიცი, გადავიფიქრე და დავრეკე.
– როდის იპოვნე?
– დღეს. ძველი ჟურნალები უნდა ამეტანა ვასილევნასთვის. აი ისა, “ინასტრანნაია ლიტერატურა” თუ რაღაცა… ყუთებით რო უდევს. რო ჩამოვედი, ეს ვიპოვნე. შემეშინდა.
– ჰოდა წადი ეხლა ვასილევნასთან და უთხარი, ვალერიანკა დაგალევინოს. ჟურნალებს მერე მოგიტან თქო. აქ ხელი არ ახლო არაფერს.
– არ მინდა ვალერიანკა. არაყი მაქ. მე არა, ვასილევნას აქვს მაცივარში. გუშინდელია. დავლევ ას გრამს და დავწყნარდები.
გაბრუნდა და წავიდა.

კუთხეში, კართან, ძველი ფირფიტების ყუთები ეწყო. მამაჩემსაც ქონდა მასეთები, ანტრესოლში ინახავდა და არავის არ აკარებდა. სამოცდაათიანებიო, რამეო, თქვენ რა იცით მაგის ფასიო. მოკლედ, დავჯექი ამ ყუთებზე და ველოდები. თან ვფიქრობ. ნეტა რა დაემართა ამ საწყალს. ის როგორაა, “დილით იცინოდაო” თუ რაღაცა… ნეტა რამ მოკლა, ან აქ რა უნდა… თან ახალგაზრდაა, ორმოცისაც არ იქნება.
მერე კიბეზე ფეხის ხმა გავიგე. ოთხნი იყვნენ. ერთი ტყავის ქურთუკიანი, ერთი ფორმიანი. ორსაც თეთრი ხალათები ეცვათ.
– აქ იპოვნეს გვამი? – ქურთუკიანმა მკითხა. არც გამარჯობა, არც არაფერი. პირდაპირ მკითხა.
– დიახ. აი მანდვეა, კუთხეში – არც წამოვმდგარვარ, ისე ვუპასუხე.
– შუქი არ ინთება? – თქვა ფორმიანმა და თან ფანარი მომანათა თვალებში.
– არა, გადამწვარია.
– მერე ოთხივენი თავზე დაადგნენ. ერთ-ერთი თეთრხალათიანი დაიხარა, ჯიბიდან პატარა ფანარი ამოიღო და სახეზე მიანათა. მერე ცალი თვალი აუხილა და ჩახედა.
მაგარია. დიდი, ფართო ტრასაა, ცალმხრივი. იცი როგორი? ამერიკულ კინოებში რო არის ხოლმე: უდაბნო, კაქტუსები, ყვითელი ცა და დანგრეულ კადილაკში ორი იდიოტი. მექსიკაში რო მიდიან და საბარგულში ორი ჩანთით ნაძარცვი ფული რო უდევთ.
ოღონდ აქ კადილაკი არ იყო, არც ყვითელი ცა. ცა ლურჯი იყო, კადილაკის მაგივრად ვაკოს ფიატში ვიჯექით მე და ზაზა და ფასანაურში მივდიოდით ბიძამისის გასვენებაში.
საბარგულში კიდევ ჟანგიანი კანისტრის და სათადარიგო ბორბლის მეტი არაფერი არ იდო.
ცაზე დიდი ბურთები მოგორავდნენ, თეთრები. წამოვიდოდა რამდენიმე ერთად, მერე შეერთდებოდნენ და ყვითლად იწყებდნენ ნათებას. მერე ისევ ბურთები, ისევ ყვითელი შუქი, ისევ ბურთები და ასე, გაუთავებლად. ჟანგიანი ლურსმნები, რკინიგზის შპალები, მატარებლის გამცილებელი, აბაშაში რო მივდიოდით და უბილეთოდ რო არ წაგვიყვანა. მერე ზაზას ბიძა გამოჩნდა, ხელში არყის ჭიქით და მეორეში მოკბეჩილი მჟავე კიტრით. მეზობელს ეკითხებოდა, წვენი არა გაქვსო? მეზობელმა არაო, არ მაქვსო. მეზობელს ზოლებიანი შარვალი და ხაკისფერი პიჯაკი ეცვა, პიჯაკის ჯიბეში სქელჩარჩოიანი სათვალე ედო. პერიოდულად ამოიღებდა ხოლმე ამ სათვალეს, დააორთქლავდა ზედ, მერე პიჯაკის სახელოზე უსვამდა და ისევ ჯიბეში იდებდა. ზაზას ბიძა მეზობელს არაყს სთავაზობდა, მეზობელი უარზე იყო, მარა ბოლოს მაინც სვამდა ხოლმე. ორივენი ძალიან დიდები იყვნენ, მთელ ცას ფარავდნენ. მერე დიდი გრამაფონი გამოჩნდა, მესამე სართულის ფანჯარაში იდო და რაღაცა აზიურ მელოდიას უკრავდა. ზაზას ბიძა და მეზობელი აღარ ჩანდნენ, ალბათ დაიძინეს.

აფეთქებულ ხიდზე რო გადავდიოდით, ზაზამ საათი მკითხა, მარა არ ვუპასუხე, დამეზარა. ხიდი დიდ მდინარეზე იყო გადებული, მდინარიდან ხმალთევზები ხტებოდნენ და ისევ წყალში იმალებოდნენ. მდინარე მომწვანო ფერის იყო, ჭაობისფერი. ზაზას ბიძისთვის მინდოდა მეკითხა, ხიდი ვინ ააფეთქა თქო, მარა ეძინა და გაღვიძება მომერიდა.
გზაში ზაზა რაღაცეებს მიყვებოდა, მე ვუსმენდი. რასაც მეუბნებოდა, რამდენიმე წუთის დაგვიანებით ვაანალიზებდი, პასუხს კი იმავე წუთას ვაძლევდი. მერე ზაზამ გამაღვიძა, ტეკთან ვართ და ფხიზლად იყავიო.
– რამდენიმე საათის გარდაცვლილია – თქვა ექიმმა და ფანარი ჩააქრო.
– ექსპერტიზაა საჭირო. პროზექტურაში, სასწრაფოდ. შენ ჩვენთან წამოხვალ – მითხრა ქურთუკიანმა, ფორმიანს ფანარი გამოართვა და სარდაფის თვალიერება დაიწყო – ვისია ეს ფირფიტები?
– არ ვიცი, ალბათ მეზობლისაა.
– წიგნები? – არ მეშვებოდა ქურთუკიანი.
– ეგენი ვასილევნასია.
– ეგ წიგნები მე ვაჩუქე ვასილევნას – თქვა გალურჯებულმა კაცმა. მერე წამოდგა, თვალები მოისრისა, ტანსაცმელი გაიფერთხა და ცეკვა-ცეკვით აუყვა კიბეებს.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: