Posted by: burusi | 05/06/2009

თენგიზ ვერულავა – “ბასკური ენა”

Family transmission of Basque language

თენგიზ ვერულავა -Tengiz Verulava

ბასკების ენა (ეუსკარა, euskara)

გავრცელების არეალი

ბასკური ენა გავრცელებულია ჩრდილოეთ ესპანეთისა და სამხრეთ საფრანგეთის პროვინციებში, რომლებიც ესაზღვრება პირენეის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროს, ბისკაის ყურეს. რეგიონი, სადაც ეუსკარას ენაზე ლაპარაკობენ, გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთით 160 კმ-ზე და ჩრდილოეთიდან სამხრეთით 50 კმ-ზე. ეუსკარას ენა გავრცელებულია ბასკეთის ტერიტორიის (Basque Euskal Herria) ნახევარზე.

მკვლევართა მონაცემებით მთელ მსოფლიოში 2,9 მილიონი ბასკი ცხოვრობს, რომელთაგან ბასკურ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 1.063 ათასი ადამიანი, მათ შორის ესპანეთში – 660 000 ადამიანი, ხოლო საფრანგეთში ბინადრობს ბასკურ ენაზე მოლაპარაკე 80 000 ადამიანი (2006 წლის მონაცემებით).

Dialectos_Euskara ბასკები რუქა

ამჟამად, ბასკეთი დაყოფილია სამ პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ერთეულად. ორი მათგანი ბასკეთის ავტონომიური რ-ნი (ბისკაია – Bizkaia, გიპუსკოა – Gipuzkoa, არაბა – Araba) და ნავარის (Nafarroa) ავტონომიური რ-ნი ესპანეთის შემადგენლობაშია. საფრანგეთის შემადგენლობაში შემავალ სამ პროვინციას (ლაპურდი – Lapurtera, ნაფაროა ბეჰერეა – Behe Nafarrera და ზუბეროა – Zuberera) არა აქვს ავტონომია და არის აქვიტინის რეგიონის ნაწილი (დედაქალაქი ბორდო). ბასკების მთავარი ქალაქი და ნავსადგურია ბილბაო.

Mapa-del-Pais-Vasco ბასკეთი რუქა

ამგვარად, ბასკების ქვეყანა (ბასკურად ეუსკადი) შედგება შვიდი პროვინციიასაგან: ესპანეთში – ბისკაია (Bizkaia), გიპუსკოა (Gipuzkoa), არაბა (Araba) და ნავარა (ნაფაროა – Nafarroa); საფრანგეთში – ლაპურდი (Lapurtera), ნაფაროა ბეჰერეა ( Behe Nafarrera) და ზუბეროა (Zuberera);
ბისკაია (Bizkaia), გიპუსკოა (Gipuzkoa), არაბა (Araba) და ნავარა (ნაფაროა – Nafarroa) XVI საუკუნის დასაწყისიდან შედის ესპანეთის შემადგენლობაში, ლაპურდი (Lapurtera), ნაფაროა ბეჰერეა ( Behe Nafarrera) და ზუბეროა (Zuberera) XVI ს-დან – საფრანგეთის შემადგენლობაში. ადრეულ პერიოდში ბასკურ ენაზე ლაპარაკობდნენ ნავარასა და არაბას თანამედროვე პროვინციებში, აგრეთვე რიოხისა და ბურგოსის პროვინციებში. შემდგომ ბასკურმა ესპანურსა და კატალანურს დაუთმო გზა.

ხანგრძლივე არსებობის მანძილზე ბასკებმა შეძლეს მრავალრიცხოვანი დამპყრობლებისაგან თავის დაცვა და ფაქტობრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნება. ბასკური ენის ყველაზე უფრო დიდ გამოცანას წარმოადგენს – არა მისი წარმოშობა, არამედ მისი გასაოცარი სიცოცხლისუნარიანობა. საუკუნეთა განმავლობაში იგი იძულებული იყო კონკურენცია გაეწია ისეთ ძლიერ მეზობელ ენებს, როგორიცაა ესპანური და ფრანგული, რომლებმაც ბევრი სხვა ენები გააქრეს ევროპის რუქიდან. ის ფაქტი, რომ მან წარმატებით გაუძლო მათ ზეწოლას, მეტყველებს ბასკური ენის განსაკუთრებულ სიცოცხლისუნარიანობაზე.ბასკური ენის ასეთი მდგრადობის მარტივი და ტიპიური ახსნა მდგომარეობს ბასკთა გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაში, რადგან მთიან გარემოში შედარებით ნაკლებად აღწევს ცვლილებები.
ბასკები დიდხანს ეწინააღმდეგებოდნენ იძულებითი ესპანიზაციის პოლიტიკას, რამაც განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო XIX საუკუნის ბოლოს. ესპანეთის რევოლუციის წლებში (1931-1939) შეიქმნა ბასკების ავტონომიური რ-ნი, ე.წ. ბასკების ქვეყანა. 1937 წ. ფრანკოს ჯარების მიერ ბასკების ქვეყნის ოკუპაციის შედეგად გაუქმდა ავტონომია. ყველა დაწესებულებაში, გარდა ეკლესიისა, აიკრძალა ბასკური ენა. ათწლეულების განმავლობაში ბავშვები იძულებული იყვნენ ესწავლათ მათთვის უცნობ ენაზე, მშობლიური ენის ხმარებისთვის სასჯელი უმკაცრესი იყო. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ძლიერი მოძრაობა ბასკური ენის სკოლების გახსნისათვის. ასეთ სკოლებს ბასკები “იკასტოლას” (ikastola) ეძახდნენ, ხოლო თავად მოძრაობას – “კილომეთროაკს” (Kilometroak).

2006 წლის 8 თებერვალს ბასკეთის პრეზიდენტი, ხუან ხოსე იბარეჩე იმყოფებოდა საქართველოში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა იბარეჩეს მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება მისი ძალისხმევისათვის ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით და თბილისსა და ბასკეთის ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისათვის. დაჯილდოვების შემდეგ ხუან ხოსე იბარეჩე სიტყვით გამოვიდა. გაიხსენა რა ქართველებისა და ბასკების ნათესაობა, საზეიმო სიტყვის ნაწილი ქართულ ენაზე წაუკითხა დამსწრე საზოგადოებას:

“ჩემთვის საპატიო დოქტორის წოდების მონიჭება, როგორც ბასკი პრეზიდენტისათვის, ეს არის ბასკი ერისათვის ამ გამორჩეული წოდების მინიჭება, ჩვენი ხალხის ცნობა და ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო კულტურული, საგანმანათლებლო ურთიერთობისა და მეგობრობის გარანტი.”
“მცირერიცხოვანი ერი, რომელსაც ბასკ ხალხს ვუწოდებთ, უდიდეს პატივს სცემს არა მხოლოდ თავის თავს, არამედ ყველა ერსა და კულტურას. ჩვენ ნამდვილად ვართ ერი, რომელიც ილტვის ამ კულტურასთან თანაცხოვრებისაკენ და ამ პლანეტაზე ცოტა უფრო უკეთესი და სამართლიანი მომავლის შენებაში თავისი მცირე წვლილიც შეაქვს.”
“ბასკი ერი ცივილიზებული ერია, მშვიდობიანი და მშრომელი. ეს არის თვითმყოფადი და ამაყი ერი. ისევე როგორც ქართველები, ვარსებობდით ჯერ კიდევ ათასწლეულების წინ, როცა ქვეყნიერებაზე არ იყვნენ სახელმწიფოები და ის ერები დღეს რომ არსებობენ.”
“ჩვენ გვსურს ჩვენი თვითმყოფადობის, მშობლიური ენის, კულტურის შენარჩუნება და ჩვენი მოკრძალებული ხარკის გაღება ახალი უნივერსალური კულტურისადმი. მშვენივრადაა შესაძლებელი – მონაწილეობა მიიღო გაფართოებულ რეალობაში, ისე რომ შეინარჩუნო და გააღრმავო ეროვნული იდენტურობა, ხოლო გლობალიზაციის პროცესები გამოიყენო შენს სასარგებლოდ.”
“მხოლოდ ცარიელი ნავი მიცურავს დინების მიმართულებით, ხოლო ჩვენ მაინც მეამბოხე სულის ერები ვართ.”
“ბასკი ერი, ისევე როგორც ქართველი ერი, რომელიც არსებობდა 2000 წლის წინათ, იარსებებს 2000 წლის შემდეგაც, მიუხედავად იურიდიული სტატუსისა თუ ფორმულისა, რამდენადაც ერები, რომელთაც არ სურთ გაქრობა, არც გაქრებიან.”

ხუან ხოსე იბარეჩე - ბასკეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ხუან ხოსე იბარეჩე - ბასკეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

წარმოშობა

ბასკები უნიკალური ხალხია. ბასკების წარმოშობის საკითხი საბოლოოდ გარკვეული არაა. მეცნიერთა ერთი ნაწილი მხარს უჭერს ბასკების წინაპრების აღმოსავლეთიდან, კერძოდ, კავკასიიდან მიგრაციის თეორიას, რომელსაც უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილი შეხედულება ბასკებისა და ქართველების გენეტიკურ კავშირზე.
ბასკური ენის წარმოშობასთან დაკავშირებით მრავალი თეორია იქნა შემუშავებული. მას უკავშირებდნენ ძველეგვიპტურ ენასთან, აგრეთვე ბერბერულ (ჩრდ. აფრიკის ძირძველი მოსახლეობის ენა, ამ ტერიტორიაზე არაბების გამოჩენამდე), ეტრუსკულ, შუმერულ, გუანჩის (კანარის კუნძულების ძველი მოსახლეობა, რომელთა შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი), იაპონურ, კორეულ, კავკასიურ (კერძოდ, ქართველურ), ფუნურ-უნგრულ, ურალურ-ალათაურ, სემიტურ (არაბული, ებრაული), მითიური ატლანტიდის ჰიპოთეტიურ ენებთან და სხვ.

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ბასკური ენა “იზოლირებული ენაა”, რომელსაც არანაირი ნათესაური კავშირები არ აქვს არც მეზობელ, არც შორეულ ენებთან (1). მსოფლიოში სხვა “იზოლირებული ენებიც” არსებობენ, მაგრამ ბასკური ენა – ერთადერთია მთელს ევროპაში (1).

შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ, რომ ბასკური ენა არ განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახს (ევროპის თითქმის ყველა დანარჩენი ენები, გარდა უნგრულის, ფინურის, თურქულის და ცენტრალური აზიის ზოგიერთი ენებისა, ინდოევროპულს განეკუთვნებიან). ამის გამო, ბევრი მკვლევარი ბასკური ენის “მონათესავე” ენებს არაინდოევროპულ ენებში ეძებენ: მაგალითად სემიტური (არაბული, ებრაული), ბერბერული, კავკასიური ენები.

ბასკურ ენასთან მონათესავე ენებს შორის მკვლევართათვის ყველაზე უფრო მისაღებს წარმოადგენდა იბერიულ-კავკასიური ენები, რომელიც უხსოვარ დროში, ინდოევროპელების ევროპაში გამოჩენამდე (არაუადრეს ძვ. წ. 3000 წლისა) ევროპის მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში იყო გავრცელებული (1). ამრიგად, ბასკური ენა ძველი ევროპის ერთადერთი მემკვიდრე ენაა, ევროპის წინარეინდოევროპული ეპოქის ერთადერთი გადარჩენილი რელიქტია (1).
ჰიპოთეზა ბასკებისა და ქართველების გენეტიკური კავშირის შესახებ ემყარება ამ ორი ხალხის ყოფაში დამოწმებულ ეთნოგრაფიულ პარალელებსა და ენათმეცნიერთა (ვ. ჰუმბოლდტი, შუხარდტი, ნ. მარი და სხვა) გამოკვლევებს.

საინტერესოა, რომ ძველ საქართველოში სჯეროდათ ევროპის იბერიელებთან ნათესაობის ამბავი და თარგმანებში ქართველებადაც მოიხსენიებდნენ. მაგ. “ქართველნი დასავლეთისანი”. ბასკების შესახებ ქართულ წყაროებში პირველი ცნობა ჯერ კიევ გიორგი მთაწმინდელის დროს, XI საუკუნეში ჩნდება. მისი “იოანე და ექვთიმე ათონელების ცხოვრების” მიხედვით იოანე მთაწმინდელს განუზრახავს ესპანეთში გამგზავრება ქართველთა ნათესავთა მოსანახულებლად… ექვთიმე ათონელი ბასკებს მოიხსენიებდა როგორც „სპანიის ქართველთა“, ხოლო ბასილი დიდი „ექუსთა დღეთაის“ თარგმანში ხმარობს ტერმინს „ქართველნი დასავლისა“, რაც შეესატყვისება ესპანეთის იბერებს („ექუსთა დღეთაი“, 57. 20).

ანტიკური ავტორები იბერიას უწოდებდნენ აგრეთვე პირენეის ნახევარკუნძულის სამხრეთ და აღმოსავლეთ სანაპიროს, ხოლო მოგვიანებით, ამ სახელით მოიხსენიებდნენ მთელ ნახევარკუნძულს. ძველ ბერძნულ სამყაროში პოპულარული იყო აზრი, რომ აღმოსავლეთის (კავკასიის) იბერები დასავლეთის იბერიიდან (ეპანეთიდან) გადმოსახლდნენ. ამ გადმოსახლებას კიდევ ძვ. წ. VI ს. ცნობილ ბაბილონელ მეფეს ნაბუქოდონოსორს მიაწერდნენ.

სტრაბონის მტკიცებით, ეხლანდელი ნავარისა და არაგონის ჩრდილოეთი დასახლებული იყო ბასკებით. თუმცა, ანტიკური ხანის ზოგიერთი მწერალი, მაგალითად აპიანე, კრიტიკულად იყო განწყობილი ამ აზრის მიმართ, რაკი მსგავსებას ვერ ხედავდა ესპანეთის იბერებსა და კავკასიის იბერებს შორის.
მრავალი მეცნიერის აზრით ბასკები არიან კელტიბერიული წარმოშობის. ბასკები დასახლდნენ ამ ტერიტორიებზე უფრო ადრე, ვიდრე სხვა ეთნიკური ჯგუფი. და ბასკური ენა გავრცელებული იყო უფრო დიდ ტერიტორიაზე, ვიდრე ეხლანდელი ბასკების ტერიტორიაა.

ვილჰელმ ჰუმბოლდტი

საინტერესოა მე-18 საუკუნის უდიდესი გერმანელი ენათმეცნიერის ვილჰელმ ჰუმბოლდტის კვლევები ბასკურ ენაზე და ეთნოსზე… ჰუმბოლდტის აზრით, ბასკური ენა არ წარმოადგენდა ინდო-ევროპულს (როგორც მანამდე თვლიდნენ) და იყო სრულიად სხვა, რომელსაც ანალოგი არ გააჩნდა დასავლეთ ევროპაში… ამ კველევამ იგი მოიყვანა ბალკანეთთან და დაამტკიცა რომ ბასკური ენა განიცდის ძალიან დიდ სიახლოვეს ეტრუსკულთან და პელაზგურ ენებთან, რომ ძველი ბასკები (ე.ი. პირინეის იბერები), ეტრუსკები და პელაზგები ერთი მოდგმის, ერთი გენის ხალხია, ხოლო პელაზგების (ბალკანეთის არაინდოევროპული ხალხები, რომელთა შექმნილია ის მითიური სამყარო, რომელსაც ჩვენ დღეს ძველბერძნულს ვუწოდებთ) კვლევამ იგი მიიყვანა კავკასიამდე და გაავლო ასეთი ინტეგრალი – ბასკები-პელაზგები-ქართველები. ესენი არიან “მედიტერანული რასის” ავტოქტონური მოდგმის ხალხები, საიდანაც თავისი უძველესი კულტურა მხოლოდ ქართველებმა და ბასკებმა შეინარჩუნეს….

1864 წ. ფრ. მიულერმა გამოთქვა აზრი, რომ კავკასიური (“იბერიულ–კავკასიური”) ენები არ ენეთესავება არც ინდოევროპულსა და არც ურალურ–ალთაურ (თურქულ–თათრულ) ენათა ოჯახებს, ისინი, ბასკურთან ერთად, ნარჩენია ოდესღაც მრავალრიცხოვან ენათა ოჯახისა, რომელიც გავრცელებული იყო კავკასიის მიწა-წყალზე და მის სამხრეთით ჯერ კიდევ მანამ, სანამ აქ ინდოევროპული, სემიტური თუ ურალურ-ალთაური ენები გავრცელდებოდნენ.

ძველი აღმოსავლეთის ისტორიასა და ეთნოლოგიაში ფუნდამენტალური ნაშრომების ავტორმა ფ. ჰომელმა კავკასიის, მახლობელი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ეს უძველესი მოსახლეობას “ხალხთა ალაროდიული ოჯახი” უწოდა. ამ ოჯახში, მისი თქმით, შედიოდნენ: ა) ელამელები და კასიტები: ბ) ურარტელები, რომელთა შთამომავლებს წარმოადგენენ: ქართები, მეგრელები, ლაზები და სვანები; გ) მცირე აზიის უძველესი მცხოვრებნი; დ) პელაზგები და ეტრუსკები; ე) ესპანეთის იბერები, რომელთა ნაშთია თანამედროვე ბასკები; ვ) აფრიკის ლიბიელები – ალბათ ესპანელი იბერების ერთი განშტოება.

ნიკო მარი – Niko Marr

თანამედროვე მეცნიერებაში ნ. მარრმა ჩაუყარა საფუძველი ბასკებისა და ქართველების პრეისტორიული ნათესაობის თეორიას. ნ. მარრის გამოკვლევების მიხედვით, იაფეტიდი იბერები გავრცელებული იყვნენ ხმელთაშუა ზღვის აუზში. პროტო-ქართული, ანუ იაფეტური ფუძე-ენა არის საერთო საფუძველი ყველა ენებისა, რომელნიც წარმოიშვნენ მისგან დიფერენციაციის პროცესში. ნ. მარრი იმოწმებს ფრ. მიულერს, რომლის მიხედვითაც კავკასიური ენები წარმოადგენენ ნაშთს ერთი, ოდესღაც ძლიერი და მნიშვნელოვანი ენათა ოჯახისა. ნ. მარრი ჰ. ჯონსტონთან ერთად ვარაუდობდა, რომ პრეისტორიულ ხანაში არსებობდა პირველადი ბასკურ-კავკასიურ-დრავიდული ენა სუმერულისა და ელამურის პარალელურად და რომ სუმერული, შესაძლოა, ყოფილიყო შემაერთებელი რგოლი პირველად ბასკურ-კავკასიურსა და პირველად მონგოლურ ჯგუფებს შორის, ვინაიდან არსებობდა პირველადი და უძველესი ბასკურ-კავკასიურ-დრავიდულ-სუმერულ-მონგოლური უადრესი წინაპარი ფუძე-ენა ქამიტურ ძირეულზე ძველი, ანუ „ეოლითური კულტურის“ ენა.
ჰ. გ. უელსის აზრით, ძველი იბერები, რომელთა ჩამომავლებიც არიან ბასკები, ეკუთვნოდნენ ნეოლითურ ხმელთაშუა ზღვის მოდგმას.

ზვიად გამსახურდიას აზრით, მეცნიერებაში მიღებული თვალსაზრისია, რომ ბასკი ხალხი არის ნაშთი ევროპის უძველესი იბერიული რასსისა და ცივილიზაციისა, რომელიც მოსპეს ინდოევროპელებმა თავიანთი ექსპანსიის პერიოდში, ისევე როგორც ხმელთაშუაზღვისა, ეგეოსული და მცირეაზიური კულტურები. ასე რომ, ამ ერთიანი ცივილიზაციის ნაშთები შემორჩა მხოლოდ პირინეებსა და კავკასიაში (საქართველოის სახით). ბასკური პროტოიბერიული ენაა, როგორც ქართული, მაგრამ იმდენად დიდი ეპოქები აშორებს მათ ურთიერთისაგან, იმდენად დიდი ხნის მანძილზე ვითარდებოდნენ ისინი ცალ-ცალკე, რომ დღეს გენეტიური ნათესაობის დადგენა ძნელდება, უფრო ტოპონიმებით, ცალკეული გამოთქმებით, ცალკეული ფორმებით ხდება ამ ნათესაობის დადგენა, აგრეთვე კულტურულ-ისტორიული, შედარებითი მეთოდით. ეს იყო ერთი მოდგმა, ერთი რასა, ერთი ენა.

დღეისათვის ბასკების და ქართველების კავშირზე როცა ვსაუბრობთ, ძირითადად ენათმეცნიერთა დასკვნების საფუძველზე ვმსჯელობთ. უკანასკნელ წლებში მკვლევარებმა ამ ორ ენას შორის დაახლოებით სამასზე მეტი ლექსიკური პარალელები გამოავლინეს. მაგალითად ბასკური პინპირინი/პინპილინი – ქართულად პეპელა, მეგრულად ფარფალია, ლაზურად – ფარფალი, სვანური – – პარპანდი, წინარე ქართველური პერ (ფრენა); ბასკური itsu/utsi – ბრმა, მეგრულად – უჩა (შავი), ლაზურად – უჩა (შავი), სვანურად – მეშხე (შავი); გორა, ბასკურადაც გორას ნიშნავს, ასევე ბური ნიშნავს დაბურულ ამინდს, ბასკია კუთხა, ნიშნავს ბასკეთის კუთხეს, ბასკურად ასული ნიშნავს ქართულ ასულს, ბასკურში გვხვდება აგრეთვე ქართული სიტყვა “შვილიც”…
ბასკური ანბანში 23 თანხმოვანია და 5 ხმოვანი, ეს ხმოვნები ზუსტად ქართული თანმიმდევრობით არიან დალაგებულნი – ა, ე, ი, ო, უ. ასევე, ათვლის სისტემა ოცობითია, როგორც ქართულში…

კიდევ ბასკური ზმნა გავს ძალიან ქართულ ზმნას, მათ წარმოების ფორმები, გვარი, კილო, პირი იდენტურია, გარდამავალი და გარდაუვალი ზმნები ისეა, როგორც ქართულში…
საერთო კავკასიური ლექსიკიდან ბასკურში ახლაც ცოცხალია სიტყვა Batua, რაც ნიშნავს “ენას.” ეს სიტყვა თითქმის ყველა ჩრდილო-კავკასიურ ენაში სხვასასხვა ფონეტიკური ცვლილებითაა დაცული. “მაწ” – ხუნძურში, “მატ” – დიდოურში, “მაზ” – ლაკურში, ცოტა შეცვლილია ჩერქეზულსა და აფხაზურში სადაც ამ სიტყვის ძირია ბ(ა)ზ. ანუ მაგალითად, “მაჵარულ მაწ” ნიშნავს ხუნძურ ენას, Euskara Batua – ბასკურ ენას და ა.შ.

მიუხედავად აღნიშნულისა, მკვლევარები მიიჩნევენ, ბასკურ ენაზე ისეთი დიდი გავლენა მოახდინა ინდოევროპულმა ნაკადმა, რომ დღეს თითქმის შეუძლებელია ძველი ბასკური ენის აღდგენა. ამიტომ, ბასკური ენის ნათესაობა იბერიულ-კავკასიური ენებთან ისევ და ისევ მხოლოდ ჰიპოთეზაა, რომელსაც დამტკიცება ჭირდება.
ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ბასკებამდე პირენეის ნახევარკუნძულზე მოსახლეობდნენ ე.წ. იბერები, ხოლო ბასკები ამ იბერების შთამომავლები არ არიან, რადგან, მათი აზრით, აღმოჩენილ უძველეს იბერიულ ტექსტებსა და ახლანდელ ბასკურ ენას შორის ძალიან დიდი განსხვავება.
დევიდ ლანგი მიიჩნევს, რომ პირენეის “იბერები” და ბასკები იდენტურა, მაგრამ არ იზიარებს ქართველ იბერებთან ნათესაობას.

ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი და ინდოევროპეისტი, ძველი ქართული ხელნაწერების მკვლევარი ჰუგო შუხარდტი (ქ. გრაცი, ავსტრია) წერს, რომ ბასკურის კვლევამ ის კავკასიურ ენებამდე მიიყვანა, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მან კავკასიური ენების შესწავლაც (“გარდამვალი ზმნის პასიური ხასიათის შესახებ კავკასიურ ენებში”).

ერთ-ერთ ბოლო ჰიპოთეზას წარმოადგენს ცნობილი რუსი ენათმეცნიერის სერგეი სტაროსტინის ე. წ. მაკროოჯახური ჰიპოთეზა, რომლის მიხედვით, ბასკური ენა შესაძლებელია ენათესავებოდეს ჩრდილო-კავკასიურ და სინო-ტიბეტურ ენებს, რომლებსაც სინო-კავკასიურ, ან დენე-კავკასიურ მაკროოჯახს უწოდებენ. მაკროოჯახური თეორიის ფარგლებში, ქართველები მიეკუთვნებიან ნოსტრატულ ენათა მაკროოჯახს, რომელსაც განეკუთვნება ქართველური, ინდოევროპული, დრავიდული, ურალური, ალთაური და აფროაზიური ოჯახები. მაკროოჯახების თეორია ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, მაგრამ ყურადღებას იქცევს მთელი რიგი საერთო-ქართველური და საერთო-ინდოევროპული ლექსიკური ერთეულების გასაოცარი მსგავსებები…

1. Хорхе Эчагуэ Бургос, Эускера – язык Перенеев ; “Estacion Mir”, № 23, декабрь 2003 г. Мадрид.


Responses

  1. არაჩვეულებრივადაა დამუშავებული , ნამდვილად გამომადგა… ყოჩაღ , ძალიან კარგი, საჭირო და საინტერესო საიტია 🙂

  2. ესპანეთში არის ერთი ცნობილი ქართველოლოგი და იბეროლოგი ხავიერ კინტანა. ძალიან გვსურს მასთან დაკავშირება და ვის შეუძლია?. ეთნოგრაფების ჯგუფი.

  3. giorgi,
    ბასკური ენის აკადემიის გვერდზე თუ მოიპოვებთ მის საკონტაქტო მონაცემებს – http://www.euskaltzaindia.net/

  4. მოკრძალებით:
    * “ზუბეროა – Zuberera”
    – ბასკურად გამოითქმის “სუბეროა”.

    * “ბასკური itsu/utsi – ბრმა, მეგრულად – უჩა (შავი), ლაზურად – უჩა (შავი), სვანურად – მეშხე (შავი)”
    – “შავი”-ს აღმნიშვნელ ამ ბასკურ-კოლხურ-სვანურ სახელებს ერთმანეთთან არაფერი აქვთ საერთო. სხვადასხვა ძირისანი არიან.

    * “საერთო კავკასიური ლექსიკიდან ბასკურში ახლაც ცოცხალია სიტყვა Batua, რაც ნიშნავს “ენას.” ეს სიტყვა თითქმის ყველა ჩრდილო-კავკასიურ ენაში სხვასასხვა ფონეტიკური ცვლილებითაა დაცული. “მაწ” – ხუნძურში, “მატ” – დიდოურში, “მაზ” – ლაკურში, ცოტა შეცვლილია ჩერქეზულსა და აფხაზურში სადაც ამ სიტყვის ძირია ბ(ა)ზ. ანუ მაგალითად, “მაჵარულ მაწ” ნიშნავს ხუნძურ ენას, Euskara Batua – ბასკურ ენას და ა.შ.”

    – ბასკურად ენას (სამეტყველოს) ჰქვია “ჰისკუნცა/hizkuntza”, ხოლო როგორც ორგანოს – “მიჰი/mihi”. ამათგან უკანასკნელი “მიჰი” მიაჩნიათ წინარე ფორმა “ბინი/მინი”-სგან მიღებულად და უკავშირებენ ქართველურ “ნენა/ნინა”-ს. “ბატუა/batua”-ს რაც შეეხება, ის მიღებულია “1”-ის აღმნიშვნელი სიტყვა “ბატ/bat”-ისგან და ნიშნავს “გაერთიანებული/ერთიანი”-ს და ინგლისურად გადმოიცემა “Standard Basque”-თი, ბასკურად “ეუსკარა ბატუა/Euskara Batua” ან მარტივად “/ბატუაbatua”. ბასკურის სტანდარტიზაცია-უნიფიკაცია ეუსკალცაინდიას მიერ დაიწყო მე-20 საუკუნის 60-70-იანი წლებიდან.
    გამომდინარე აქედან, ბასკურ “ბატუა”-ს ვერ შევუფარდებთ ენის აღმნიშვნელ იმიერკავკასიურ სახელებს. ბასკურსა და იბერიულ-კავკასიურ ენებს შორის სხვა, გაცილებით საინტერესო და მნიშვნელოვანი შესატყვისობები მოიპოვება.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: