Posted by: burusi | 04/06/2009

მარსიანი – კრებულ-“ათვლის წერტილის” შესახებ

მარსიანი

მარსიანი – კრებულ-“ათვლის წერტილის” შესახებ

ტანდემი

კიდევ ერთი პოეტური კრებული ევლინება სამზეოს ამ ანტიპოეტურ, პოეზიადავიწყებულ სამყარი, სადაც ყველა წერს და აღარავინ კითხულობს; იყო დრო, პოეტები შედარებით ცოტანი იყვნენ, მკითხველები კი ათასობით ჰყავდათ. დღეს მგონი პირიქითაა – ათასობით თუ არა, ასობით პოეტი მაინც გვყავს, რომელთაც თითო-ოროლა მკითხველიღა შემორჩათ რაღაც რუდიმენტულ გადმონაშთად. პოეტისათვის დიდი ბედნიერება, კოლეგებს შორის თუ იპოვის თავის მკითხველს: დღეს ხომ პოეტებს ისე არაფერი სძულთ, როგორც ერთმანეთის ლექსები; მაგრამ გამონაკლისები ჯერ კიდევ არსებობენ საბედნიეროდ. და თუ ორ პოეტს ერთმანეთის ლექსები მოეწონა, უპრიანია, ო ერთგვარი ტანდემი შექმნან – ვთქვათ, ერთობლივი კრებული შეადგინონ: განსაკუთრებით იმ შემთხვევაშია ეს სასურველი, თუ მათ შორის ერთი ქალია და მეორე კი მამაკაცი: ეს ინისა და იანის თავისებური სიმბოლურ-პოეტური ერთობა იქნება: ხოლო დანარჩენი სამყარო, რომელსაც პოეზია საერთოდ არ აინტერესებს, დაე თავისთვის იყოს: ორი პოეტური ინდივიდუალობა (მდედრობითი და მამრობითი ნიშნით) ხომ გაერთიანდა და სამყაროს თავისებური მიკრომოდელი შექმნა…
ქართულ სინამდვილეში უკვე შეიქმნა ამგვარი პოეტური კრებულები: მაგალითად შოთაიააშვილისა და დიანა ვაჩნაძის, აგრეთვე ბესო ხვედელიძისა და მადი სერებრიაკოვას ერთობლივი წიგნები; ამჯერად გიორგი ბუნდოვანი და მარიკა ჟორჟოლიანი გვთავაზობენ მსგავს გამოცემას.
ეს კრებული ვიზუალურ ეფექტს გვთავაზობს თავიდანვე (ზემოთ დასახელებულ პოეტურ დუეტებსაც ჰქონდათ თავიანთი ვიზუალური თუ სხვა სახის ეფექტები, რაზეც მკითხველს თვითონაც აქვს თავისი წარმოდგენა და აქ მათზე აღარ მივუთითებ): საქმე იმაშია, რომ გიორგი ბუნდოვანის და მარიკა ჟორჟოლიანის ლექსები წიგნში ურთიერთშერევის წესითაა განლაგებული: პრვეი ლექსი მარიკასია, მეორე _ გიორგის, შემდეგ ისევ მარიკა, შემდეგ ისევ გიორგი და ა. შ. ბოლომდე. და, რაც კიდევ უფრო გასაკვირია, ამ ლექსებს ავტორთა გვარ-სახელები არ აწერია (მხოლოდ სარჩევშია მითითებული, რომელი რომლისაა). მკითხველმა თვითონ უნდა ამოიცნოს თითოეული ლექსის ავტორი: ეს მკითხველისადმი დიდი `ნდობის~ გამოცხადებაა, მითუმეტეს, რომ, როგორც უკვე ვთქვით, მკითხველი ფაქტიურად არ არსებობს, მისი რიცხვი ერთეულებზეა დასული (განსაკუთრებით, დებიუტანტისათვის), ირგვლივ კი კოლეგა-პოეტთა ლეგიონების ავბედიი დრვინვა გაისმის და ყოველწამიერად მზად უნდა იყო იმისათვის, რომ დაუნდობლად ჩაგქოლავენ, თუ დრო გიხელთეს…
ეს კრებული არსებითად ლირიკული დიალოგი გახლავთ: მეტწილად ისეთი ლექსებია შერჩეული, რომლებსაც ადრესატი ჰყავს და ეს ადრესატიც აქვეა, მოპასუხეა; რა თქმა უნდა, ეს ლექსები საგანგებოდ იმ მიზნით არ დაწერილა, რომ ოდესმე ამგვარი დიალოგის სახე მიეღო, მაგრამ მათმა შინაარსმა შესაძლებელი გახადა მსგავსი მანიპულირება.
გიორგი ბუნდოვანი უკვე კარგად ცნობილი სახელია XX ს. 90-იანი წლების თაობის პოეტთა შოის: ი ქრონოფაგი, ანომალისტი და მულტიმედია არტისტი გახლავთ, თუმცა დამოუკიდებელი პოეტური კრებული მხოლოდ 2003 წელს გამოსცა “კავკასიური სახლის” გამომცემლობაში ნაირა გელაშვილის ინიციატივითა და მისივე დაფინანსებით. იბეჭდებოდა კრებულებში “ქრონოფაგები” და “ანომალიური პოეზია”, აგრეთვე სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. პოეზიის მოყვარულებს ახსოვთ მისი მრავალგზისი აქტიური მონაწილეობა სხვადასხვა პოეტურ აქციაში; მულტიმედია პროექტების ინიციატორი და უშუალო განმახორციელებელი ყოფილა, თუმცა მე პირადად იმ წლებში თბილსში არვცხოვრობდი და უშუალოდ არ დავსწრებივარ ამ ამბებს. მხოლოდ უკვე XXI საუკუნეში გავიცანი გ. ბუნდოვანი და მისი რამდენიმე გამოსვლაც ვნახე; ხოლო “კავკასიურ სახლში” გამოცემულ მის წიგნზე “სიწყნარის დაკანონება” წერილიც დავწერე სათაურით “ელემენტი _ ძახილის ნიშანი”, რომელიც გაზეთ “24 საათის” ლიტერატურულ დამატებაში “წიგნები” დაიბეჭდა (24.X.-5.XI). წერილში შეძლებისდაგვარად ვეცადე დამესაბუთებინა, რომ გ. ბუნდოვანი თავისი თაობის ერთ-ერთი თვითმყოფადი, საკუთარი ხმისა და ხელწერის მქონე პოეტია; ამ მცირე რეცეზიაში კ მინდა მეტი ყურადღება დავუთმო მარიკა ჟორჟოლიანს, რომელიც ახალი სახელია მკითხველთათვის. მისი ლექსები მე მხოლოდ ელიზბარ ელიზბარაშვილის ჟურნალ “მეორე არსენალში” წამიკითხავს (ეს საინტერესო ლიტერატურულ-ფილოსოფიური და საზოგადოებრივი ჟურნალი 2002 წელს გამოვიდა, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ნომერი); მინახავს აგრეთვე მარიკა ჟორჟოლიანის რამდენიმე გამოსვლა პოეტურ აქციებზე, სადაც იგი თავისებური დასამახსოვრებელი ინტონაციით კითხულობდა ლექსებს. რამდენადაც ვიცი, მარიკა 90-იანი წლების შუა პერიოდიდან პეტურ დაჯუფება “დემონებთან” ერთად მონაწილეობდა პოეტურ საღამოებსა და სხვა ლიტერატურულ ღონისძიებებში, მაგრამ ჟურნალ-გაზეთებში მგონი ნაკლებად (თუ საერთოდ არ) იბეჭდებოდა მისგან დამოუკიდებელ მიზეზთა გამო. ასე რომ ეს კრებული მისთვის შეიძლება ლიტერატურულ დებიუტად ჩაითვალოს.
მარიკა ჟორჟოლიაი ამ წიგნის მიხედვით მაძიებელ, ექსპერიმენტატორ ნატურად ჩანს, რომემიც ტრადიციის ნაცად შარაგზას არ მიჰყვება. ამთავითვე ძნელია თქმა, ექსპერიმენტი რა სიხშირით მოუტანს ავტორს წარმატებას, მაგრამ პოეტმა სიახლე უნდა ეძიო, თუ სურს რომ ფიგურა იყოს და არა პაიკი. მარიკა უახლესი თაობის წარმომადგენელია, შესაძლოა 2000-იანელიც ეწოდოს და ამ თაობამ იქნებ რაღაც ისეთი შემოგვთავაზოს, რაც მრავალთა ჩვეული წარმოდგენებისათვის მოულოდნელი და შემაცბუნებელიც იქნება; თუმცა ამაზე ლაპარაკი უფრო გამოკვეთილად ალბათ ხვალ-ზეგ შეიძლება. ჩვენში ჯერ კიდევ არ დაუკარგავს მოდურობის ელფერი “წერის” კულტს: “წერა”, “ტექსტი”, “გადაწერა”, “სუფთა წერა”, “სიტყვა”, “წერილი”… გეცნოთ ეს “საკრალური” სიტყვები? თვითონ მარიკა ჟორჟოლიანის ლექსებში დავძებნთ ისინი, სვაგან რომ არ წავიდეთ: “დიდრონი მწერი, ლექსების მწერი” შეგიძლიათ იხილოთ ერთგან, სხვაგან კიდევ “შენ მე დამწერე, გადამწერე”… მეტი აღარ მაგონდება, მაგრამ ალბათ ესეც კმაა; ოღონდ, რაკი ამქვეყნად ყოველივე იცვლება და განსაკუთრებით სწრაფად კი _ მოდა, შესაძლოა “წერა” შეცვალოს “ბგერამ” თუ “მღერამ”, “გადაწერა” – “გადაბგერამ” თუ “გადამღერამ” (“გადამღერებაში” ნუ ავურევთ!), წერის კულტი _ ბგერის (თუ მღერის) კულტმა… ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი ავტორის, მარიკა ჟორჟოლიანის ლექსები უფრო სმენისთვი, დეკლამაცისთვის განკუთვნილი ჩანს, ვიდრე კითხვისათვის.
სადღეისოდ უკვე არსებობს საკმაოდ განვითარებული კომპიუტერული ტექნიკა (მგონი ლაზერულ ვერსიებს უწოდებენ), რომელიც საშუალებას იძლევა ავტორის ხმით მოვისმინოთ მისი ნაწარმოებები: ასე რომ, შესაძლოა მალე “მწერალი” შეიცვალოს “მბგერალი”-თ (“მღერალით”)… ამ ხაზგასმულმა სიტყვათთამაშმა ალბათ მიახვედრა მკითხველი, რომ აქ რაიმე “ახალ ამერიკაზე” არ არის ლაპარაკი – ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო, მგონი ასეა ნათქვამი: იყო აედთა, რაფსოდთა თუ მინეზინგერთახანაც და იყომწერალთა, ბიბლიოფილთა, “მეტექსტეთა” ხანაც: პირველი უფრო ძველია თუ მეორე? ყოველ შემთხვევაში, პოეზია ალბათ ანბანზე ადრეც არსებობდა რაღაც ფორმით… წერა ცალკეულ კულტურებში იეროგლიფამდეც მივიდა, ეს კი უკვე ხატვის სფეროა… მაგრამ თეორეტიზირებას ნამდვილად ვერ ჩავთვლი ჩემს ამპლუად და აქ არც არის ამის ადგილი: მე მხოლოდ ჩემი შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ ამ ახალ სახელზე _ მარიკა ჟორჟოლიანზე:
ქალური ტემპერამენტი, ნევროზული ელფერების თანხლებით, აქა-იქ ცოტაოდენი სკაბრეზიც (დღევანდელ ავტორათვის დამახასათებელი), სულიერი ბუნტარობა (თუმცა არა გიორგი ბუნდოვანისებურად მბრდღვინავი) – ერთგვარ მინორში შეფარული, მაგრამ ჯიუტად პრინციპული; თავისუფალი დამოკიდებულება სალექსო ტექნიკასთან, რაც ხშირად ყოველგვარ ნორმათა დარღვევით გამოიხატება… იქნებ სწორედ ამ დარღვევებით გადის მარიკა ჟორჟოლიანი “წერის” მაგიურ ველიდან “ბგერის” მაგიურ ველში; და აქვე, ჩემი პირადი დამოკიდებულება ამ ყველაფრისადმი საკუთარი პრაქტიკითაც მინდა გავამართლო: ჩემთვის ეს “აკუსტიკური” განზომილება თუ სტიქია უაღრესად “მშობლიურია” – ყველა სიეთესთან ერთად დეკლამატორიც ვარ და ნადირის ალღოთი ვგრძნობ “ნათესაურ ვიბრაციებს”…
ასე რომ, სახეზეა ახალი ტანდემი: გიორგი ბუნდოვანი და მარიკა ჟორჟოლიანი; წიგნის გამოცემა მაინც სიხარული და სტიმულის მიმცემი რამაა იმ უცნაური, ბავშვური არსებისათვის, რომელსაც პოეტი ჰქვია; სტიმულის მიმცემია, თუნდაც მართლა თითო-ოროლა მკითხველიღა შევრჩეთ ამ კრებულსაც, როგორც მრავალ სხვას… და არაერთმა “ბავშვმა” განვიცადეთ ამგვარი მასტიმულირებელი სიხარული ნაირა გელაშვილის, ჩვენი დიდი კოლეგისა და თავადც “ბავშვის” წყალობით: “კავკასიურმა სახლმა” წინამდებარე კრებულის დარად არაერთი კრებული თუ სხვა სახის წიგნი საკუთარი ხარჯით გამოსცა, მიუხედავად არცთუ სახარბიელო ფინანსური რესურსებისა, და ცხოვრების უკუღმართობით მეტ-ნაკლებად შევიწროებულ ავტორებს აგრძნობინა, რომ ჯერ კიდევ არსებობს ადამიანური დამოკიდებულება იმ, საკუთარი თავის აჩრდილად ქცეულ არსისადმი, რომელსაც პოეზია (თუ პოეტი) ჰქვია…


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: