Posted by: burusi | 31/05/2009

მალხაზ ხარბედია: “სელინჯერის თამაში ჭვავის ყანაში”

ჯერომ სელინჯერი

ჯერომ სელინჯერი – Jerome Salinger (1919)

მალხაზ ხარბედია – Malkhaz Kharbedia

მალხაზ ხარბედია: “სელინჯერის თამაში ჭვავის ყანაში”

ამასწინათ სელინჯერის ერთი ძველი გამოცემა მომხვდა თვალში. გადმოვიღე და გამახსენდა, რომ ბოლოს “თამაში…” 4 წლის წინ წავიკითხე, მწერლის 80 წლის იუბილის “აღსანიშნავად”. სხვადასხვა დროს – სხვადასხვა ფანქრით დახაზული წიგნის შინაარსი ადვილად გავიხსენე (ისე, სიმართლე ითქვას, თურმე არც არასდროს დამვიწყნია) და ვიფიქრე, რომ სვეტებსაც ამ რომანით დავიწყებდი. მერე დავეჭვდი, ვინმემ რო მკითხოს, “შე კაი კაცო, რაღა ვიღაც გადამთიელს ეცი, აგერ, გიორგი წერეთლის “პირველი ნაბიჯით” ან “კაცია-ადამიანით?!” დაგეწყოო”, რა ვუპასუხო მეთქი და უცებ, თითქოს წიგნის მთავარი გმირის, ჰოლდენ კოლფილდის ხმამ მიკარნახა: “ნუ ხარ ფხუკიანი, ერთი ფეთიანი ამბავია და მინდა თავში მოვყვები და მინდა ბოლოში”. აი ასე მივუგე იმ აბეზარ მოჩვენებას და წერა დავიწყე.

ახლა კი დროა თვითონ წიგნზე მოგიყვეთ, მაგრამ უნდა ვეცადო ავტორზე საუბარმა არ გამიტაცოს, რადგან ქვეყანაზე იმდენი ჭორი და მითი დაყიალობს სელინჯერზე, რომ ვერ გადარჩები, ჩაგიტყუებს. თანაც ჰოლდენ კოლფილდივით მეც მიყვარს თემიდან გადახვევა, აგერ უკვე მესმის კიდეც მისი მაზალო კლასელების შებღავლება: “გადაუხვია! გადაუხვია!” და მეც ვნებდები, თუმცა რად გინდა! ისევ გადახვევაზე უნდა ვთქვა, სხვაგვარად ვერ მოვისვენებ…

ჰოლდენი ერთგან ამბობს, “კაცს უნდა აცალო, თუკი რაიმემ დააინტერესა და გატაცებით ყვება, გაუშვი – მოყვეს. ძალიან მიყვარს, როცა კაცი გატაცებით ყვება. ამას რა სჯობს!” რა სჯობს და გატაცებით სმენა, თანაც ისეთი გატაცებული მთხრობელისა, როგორიც ჰოლდენია.

თავის დროზე რა არ უწოდეს საწყალ ბიჭს – ბედოვლათი, ახირებული, შესაბრალისი, მანჰეტენელი ულისე, უიღბლო თინეიჯერი და ა.შ. მაგრამ დღემდე მაინც უცვლელად მოაღწია მისმა განუმეორებელმა ხმამ. იგი ჰყვება, დასცინის, იხსენებს, განიცდის, გარბის, სცხვენია, წყინს, ავადაა, ნანობს. ფეხბურთის მატჩს ესწრება თავისი სკოლელების მონაწილეობით, ამ დროს კი სიცივისგან ტრაკი ეწვის, მაგრამ თამაშის ცქერით მაინცდამაინც არ იწუხებს თავს. უფრო იმიტომ დგას, რომ სკოლასთან გამომშვიდობების გრძნობა განიცადოს. სკოლიდან გაგდების შემდეგ (თუ არ ვცდები, ეს სკოლა უკვე მეექვსეა, საიდანაც დაიფრინეს) ნიუ იორკში დააწვება და თავგადასავალიც იწყება. წასვლამდე ერთს დაიღრიალებს დერეფანში, “მაგრად იძინეთ, თქვე კრეტინებო!” ისე, რომ თავისი სართულის “ყველა ნაბიჭვარს” გააღვიძებს და კიბეზე დაეშვება. მოხუც მასწავლებელს კი დაუწერს: “ძვირფასო მისტერ სპენსერ!… თქვენი ლექციები ძალიან საინტერესოა, მაგრამ თვითონ ეგვიპტელებმა ვერ დამაინტერესეს. ჩამჭრით თუ არა, ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ინგლისურის გარდა, ყველაფერში ჩავიჭერი”.

შემდეგ უკვე ცხოვრების გამოცდები იწყება – ტაქსის მძღოლები, მონაზვნები, მელიფტე, სამი გოგო, მეძავი და ყოფილი მასწავლებელი – ვისგანაც თავპირისმტვრევით გამორბის. ნიუ იორკში ერთ ბიჭს დაინახავს, “ღმერთივით ბიჭს”, მშობლების უყურადღებობით ესარგებლა, პირდაპირ ქუჩის სავალ ნაწილზე გადასულიყო და ტროტუარის გასწვრივ მიაბიჯებდა ამაყად, თან ღიღინებდა: “ნეტა ვინმეს თუ დაიჭერ ჭვავის ყანაში…” ჰოლდენს ერთბაშად გულზე მოეშვება, ნაღველი გადაეყრება.

არადა სანაღვლოც ბევრი აქვს 16 წლის ბიჭს. სულ თავისი უმცროსი ძმა ახსენდება, ელი, ცოტა ხნის წინ რომ გარდაიცვალა სისხლის გათეთრებით (გარდაცვალების ზუსტი თარიღიცაა, 1946 წლის 18 ივლისი). ელი ცაცია იყო და ბეისბოლის ხელთათმანზე – თითებზეც და ჯიბეზეც – ყველგან ლექსები ეწერა, მწვანე მელნით. როცა თამაშის დროს ბურთს არავინ მიაწვდიდა, იდგა და ლექსებს კითხულობდა. ელი რომ მოკვდა, იმ ღამეს ჰოლდენს გარაჟში ეძინა და სულ მუშტებით ჩალეწა მინები, მერე ავტობუსის მინებსაც მიადგა, მაგრამ დასერილი ხელებით ვერაფერი მოახერხა. ხელი ხშირად ახსენებდა ხოლმე თავს, წვიმიან ამინდში, ზოგჯერ მუშტსაც ვერ კრავდა, მაგრამ ამაზე არ ნაღვლობდა, ამბობდა: “ქირურგობას მე არ ვაპირებ და ვიოლინოზე დაკვრასო”.

ვინც არ მოსწონს, ჰოლდენი ყველას ნაბიჭვარს უწოდებს. მთელი რომანი სავსეა ასეთი “ახვრებით”, თუმცა ერთი განსაკუთრებით კარგად დამამახსოვრდა, მისტერ ოსენბერგერი, ადამიანი, ვისაც დამკრძალავი ბიურო ჰქონდა, თავის დროზე დიდი ფული ეშოვნა ამ ბიზნესში და ვისი სახელობის ფლიგელშიც იყო მოთავსებული ჰოლდენის საერთო საცხოვრებელი. ერთხელ ეს კაცი სკოლას ეწვევა თავისი დიდი კადილაკით და ბავშვებს ჭკუას დაარიგებს, სულ უნდა ილოცოთ და რა დროც არ უნდა იყოს, ღმერთს ესაუბროთო. “ქრისტე ისე უნდა იგულოთ, როგორც თქვენი ძმაკაციო. მეც, პირადად, სულ ქრისტეს ვესაუბრები, მაშინაც კი, როცა საჭეს ვუზივარო.” “ამან მომსპო! – ამბობს ჰოლდენი – წარმოვიდგინე, როგორ გადაჰყავს ამ გამოქექილ ნაბიჭვარს მანქანა პირველ სიჩქარეში და თან ქრისტესა სთხოვს, ცოტა უფრო მეტი მკვდარი გამომიგზავნეო.” მაგრამ რომანში არამხოლოდ ნაბიჭვრები ჩანან. როგორც ერთ-ერთმა იმდროინდელმა რეცენზენტმა თქვა (იყო დრო, როცა ამერიკული პრესა ლამის ყოველ დღე აქვეყნებდა სტატიებს ამ ნაწარმოებზე), “წიგნში ხშირად გაისმის ანცი ბავშვების მომხიბლავი ხმებიც”. პირველ რიგში ეს ჰოლდენის პატარა დაიკო ფიბია, ვისაც ღამით, ჩუმად მოინახულებს ჰოლდენი და ვინც ფრაზაში “ნეტა ვინმეს თუ დაიჭერ ჭვავის ყანაში”, “დაიჭერს” – “შეხვდებით” გაუსწორებს ძმას, თანაც დასძენს, ეგ ხომ რობერტ ბერნსის ლექსიაო. აი სწორედ ამ სცენის შემდეგ მოდის ის მთავარი აბზაცი, საიდანაც რომანს სათაურიც დაადგა ავტორმა და რომლის ციტირებასაც არ მოვყვები, თქვენ თავად წაიკითხეთ.

მხოლოდ ერთს დავძენ, ეს წიგნი თავის დროზე მკვლელ-მანიაკებს შორისაც ძალიან პოპულარული იყო, ჩარლი მენსონით დაწყებული – მარკ ჩეპმენით დამთავრებული (ამ გიჟმა, ვიდრე ხუთ ტყვიას დაახლიდა, სელინჯერის რომანის თავის ეგზემპლარზე მოაწერინა ხელი ჯონ ლენონს), მაგრამ ეს ნუ შეგაშინებთ, ჯობია იმაზე იფიქროთ, თუ საით მიფრინავენ ხოლმე იხვები, როცა ტბა იყინება.
ერთი სიტყვით, “კარქა იყავით!”

2003 წელი


Responses

  1. Dzaliaaan magaria! Am wignze vgijdebi da daaxloebit 5jer maqvs wakitxuli da yoveli monakveti zepirad maxsovs: )) Mokled es wignic dzalian miyvars da es statiac dzalian momecona… Thank You ; )

  2. მიყვარს ზალიან ეს წიგნი და მსიამოვნებს მასზე სასიამოვნო რაღაცეების კითხვა:)

  3. “ჯობია იმაზე იფიქროთ, თუ საით მიფრინავენ ხოლმე იხვები, როცა ტბა იყინება.” That’s my fav. and most asked question ❤

  4. არ მომწონებია.ნამეტანს ბილწსიტყვაობდა


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: