Posted by: burusi | 31/05/2009

ნინო ტაბიძე – შეხვედრა მაიაკოვსკისთან (ტიციანი და მისი მეგობრები)

ვლადიმერ მაიაკოვსკი და ლილი ბრიკი

ვლადიმერ მაიაკოვსკი და ლილი ბრიკი

ვლადიმერ მაიაკოვსკი – Vladimir Mayakovsky (1893-1930)

ტიციან ტაბიძე – Titian Tabidze (1893 – 1937)

ნინო ტაბიძე – შეხვედრა მაიაკოვსკისთან (წიგნიდან ტიციანი და მისი მეგობრები)

მაიაკოვსკი თბილისში 1926 წელს ჩამოვიდა. ტიციანმა იმავე დღეს ჩვენთან მოიყვანა სტუმრად, პირველად მაიაკოვსკის მაშინ შევხვდი, დაახლოებით ერთ საათს დაჰყო ჩვენთან. ვისაუბრეთ ლიტერატურაზე, ახალ ამბებზე. მაიაკოვსკიმ გაიხსენა ბაღდადი, გვითხრა, რაღაც მინდა დავწერო ბაღდადზე, კარგი და მნიშვნელოვანიო, თან დასძინა საქართველო უსაზღვროდ მიყვარდა და მუდამ მეყვარება.

26 თებერვალს მე და ტიციანი რუსთაველის თეატრში წავედით მაიაკოვსკის საღამოზე. მაიაკოვსკი გამოდიოდა მოხსენებით “ამერიკის ლიტერატურული ცხოვრება” მერე ლექსები წაიკითხა. მასავით ლექსებს იახონტოვიც კი ვერ კითხულობდა.

სხვა ლექსებთან ერთად მაიაკოვსკიმ წაიკითხა “ვლადიკავკაზი-თბილისი”. ტიციანს ძალიან უყვარდა ეს ლექსი და სიამოვნებით უსმენდა ავტორს. ყოველ სტრიქონში იგრძნობდა მაიაკოვსკის უსაზღვრო სიყვარული საქართველოსადმი. უყვარდა ტიციანს “საიუბილეოც”, “ღრუბელი შარვლით”. თავისი ორიგინალობით ძალზე მოსწონდა “მისტერია-ბუფი”, რომელიც ტიციანმა კოტე მარჯანიშვილის თხოვნით ქართულად თარგმნა.

მარჯანიშვილს სურდა “მისტერია-ბუფი” ღია ცის ქვეშ ფუნიკულიორზე დაედგა.

ლექსების კითხვის შემდეგ მაიაკოვსკიმ შეკითხვებზე პასუხის გაცემა დაიწყო და ხალხი მოხიბლა მახვილგონივრული პასუხებით.

იმავ საღამოს პაოლო იაშვიალმა ლოჟიდან ქართულ ენაზე წაიკითხა “მარცხენა მარში”.

ტიციან ტაბიძე და მისი მეუღლე ნინა ტაბიძე

ტიციან ტაბიძე და მისი მეუღლე ნინა ტაბიძე

მეორე დღეს მაიაკოვსკი პუშკინის ქუჩაზე-დუქან „სიმპათიაში“ მივიპატიჟეთ.

მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა იმ დროისთვის მოდურ დუქანზე. კედლები ვიღაც თვითნასწავლ მხატვარს მოეხატა. აქ შეხვდებოდით მსოფლიოს გამოჩენილ ადამიანთა პორტრეტებს. შექსპირს მხარს მეფე სოლომონი უმშვენებდა. ორივენი პუშკინს რუსთაველსა და ლერმონტოვს შესცქეროდნენ. შემდეგ გოგოლი, ჰომეროსი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი სპინოზა, გოეთე, შილერი გამოეხატათ. ცნობით ვერც ერთს ვერ იცნობდით, წარწერით თუ მიხვდებოდით.

სუფრასთან, მაიაკოვსკის გვერდით, ისხდნენ პაოლო იაშვილი, სანდრო შანშიაშვილი, გიორგი ლეონიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, ნიკოლოზ შენგელაია და სხვები. ბოლოს მაიაკოვსკიმ ქალაქგარეთ, ორთაჭალაში გასეირნება მოისურვა. რატომღაც ყველამ იუარა.

ანაზდად ვლადიმერ ვლადიმერის ძემ ხელი მომკიდა, ეტლში ჩამსვა და მეეტლეს ორთაჭალისკენ წასვლა უბრძანა. ჩვენები მაშინვე გამოფხიზლდნენ, ფაეტონებს ეცნენ და უკან დაგვედევნენ.

ვლადიმერ მაიაკოვსკი, 1924

ვლადიმერ მაიაკოვსკი, 1924

მთელი საღამო პოეზიაზე ვლაპარაკობდით. ესენინი გავიხსენეთ, დიდხანს მწარედ ვკამათობდით.

იმ ღამეს შინ დაბრუნებულმა ტიციანმა დაწერა ლექსი „სერგეი ესენინს“.

ზოგიერთ ლექსს ტიციანი ერთი ამოსუნთქვით წერდა. “სერგეი ესენინი” ერთ-ერთი ასეთი ლექსთაგანია.

ტიციანს ასეთი ჩვეულება ჰქონდა: ლექს რომ დაწერდა, პირველად მე მაკითხებდა, მერე წიგნში დებდა, მალე თავადვე ავიწყდებოდა, რომელ წიგნში შეინახა. რამდენომე თვის, შესაძლებელია ერთი წლის შემდეგ ამ ლექსებს პოულობდა და სხვისი თვალით კითხულობდა, მხოლოდ ამის შემდეგ იმეტებდა დასაბეჭდად. მხოლოდ რამდენიმე ლექსი, მათ შორის “სერგეი ესენინს” მისცა მაშინვე დასასტამბავად. ყველა ლექსი, რომელიც მე მისი სიკვდილის შემდეგ დავბეჭდე, წიგნებში მაქვს ნაპოვნი.

მეორე დღეს მაიაკოვსკი პაოლოს ეწვია და დავით ბურლიუკის მიერ 1925 წელს ამერიკაში გამოცემული თავისი წიგნი “მზე სტუმრათ მაიაკოვსკისთან” მოიტანა. ყველას სათითაოდ დაგვირიგა.

ჩვენ წაგვიწერა:

“უძვირფასეს მეგობრებს – ტაბიძეებს. თავად ვლ. მაიაკოვსკი”. “თვით მაყაევას (ტაბიძეს) – ვლ. მაიაკოვსკი”.

1928 წელს ლევ ტოლსტოის დაბადების ასი წლის თავს აღნიშნავდნენ. ეს იყო დღესასწაული, რომელზედაც მოსკოვში მსოფლიოს მწერლებმა მოიყარეს თავი. ჩამოვიდნენ სტეფან ცვაიგი, გერჰარდ კელერმანი და სხვები.

გრიგოლ რობაქიძე (მარჯვნივ) და შტეფან ცვეიგი (ცენტრში) ლევ ტოლსტოის 100 წლისთავზე, მოსკოვი, 1928

გრიგოლ რობაქიძე (მარჯვნივ) და შტეფან ცვეიგი (ცენტრში) ლევ ტოლსტოის 100 წლისთავზე, მოსკოვი, 1928

ცვიგმა ბევრი მათგანი “გრანდ – ოტელში” მიიპატიჟა, მათ შორის ვიყავით ჩვენც, მე და ტიციანი. კარში მაიაკოვსკი შეგვეფეთა. ჩვენ რომ დაგვინახა, ძალიან გაეხარდა, ქართულად მოგვესალმა და გვკითხა, აქ რა გინდათო. ტიციანმა უთხრა, ცვაიგის სტუმრები ვართო.

შევნიშნე, ვალოდიას ძალზე ნაღვლიანი თვალები ჰქონდა. მოდით, ერთად ვისადილოთ, ცუდ გუნებაზე ვარო, გვთხოვა. ჩვენ, რაღა თქმა უნდა, მაშინვე დავეთანხმეთ. „გრანდ-ოტელში“, ცალკე კაბინეტში მოვკალათდით, ტიციანმა ჰკითხა:

– ვალოდია, რა დაგემართა, ვეღარ გცნობ, შენს თავს აღარ ჰგავხარ.

გუდას პირი მოხსნა და გვიამბო, როგორ აფასებდა და პატივს სცემდა მას კომკავშირი, მაგრამ რატომღაც „რაპი“ პარიზში გამგზავრების უფლებას არ აძლევდა.

ტიციანი დაჟინებით შესქეროდა ვალოდიას და მერე დაამშვიდა:

– ნუ სწუხარ, ვეცდები დაგეხმარო, პირობას გაძლევ, – მაიაკოვსკიმ გაკვირვებით შეხედა და ჰკითხა:

– მართლა? ნუთუ შენ შეძლებ დაამტკიცო, რომ მე მაიაკოვსკი ვარ და არა ჩერჩილის შვილიშვილი?

ტიციანმა ყველაფერი იღონა, რათა მაიაკოვსკი პარიზს გამგზავრებულიყო ეს მოხდა სექტემბერში, ოქტომბერში კი მაიაკოვსკი უკვე პარიზში იყო.

ტიციანის მეუღლე ნინო ტაბიძე

ტიციანის მეუღლე ნინო ტაბიძე

მაიაკოვსკის სიკვდილი ყველას გულს ლახვარივით მოხვდა.

ტიციანი ამ დროს სოხუმში იყო. ვალოდიას სიკვდილი რომ გაიგო, დეპეშა გამოაგზავნა: “ვალოდია აღარ არის, მე ჩემს თავზე პასუხს ვერ ვაგებ”.

აღელვებული და შეშფოთებული პაოლოსთან გავიქეცი. მაშინვე სოხუმში გამაგზავნა.

შეხვედრისთანავე ტიციანმა მომახალა:

– ძნელი წარმოსადგენია, როგორი მუხა წაიქცა…

მაიაკოვსკის ოჯახთან ჩვენ ვალოდიას სიკვდილის შემდეგაც ვმეგობრობდით, განსაკუთრებით მის დასთან – ოლღასთან.

ერთხელ მოსკოვში რომ ჩავედით, მაიაკოვსკებს ვეწვიეთ და გვიან საღამომდე დავრჩით, სულ ვალოდიაზე ვლაპარაკობდით. დედამისი – ალექსანდრა ალექსის ასული და დები ოლღა და ლიუდმილა იგონებდნენ ვალოდიას, ბაღდადში გატარებულ მის ბავშვობას, ოლღა გვიყვებოდა, რომ მათ ოჯახში იმდენად იყო ფესვებგადგმული ქართული ჩვეულებები და ტრადიციები, რომ ვალოდია ქართულად დაიტირა, როგორც ბაღდადში იციან ხოლმე.

მეორე ფღეს თბილისში გამოვემგზავრეთ. გზაში, მატარებელში ტიციანმა იმ საუბრის შთაბეჭდილებებით დაწერა თავისი ლექსი “ვლადიმერ მაიაკოვსკის დედა და დები”.

მაშინ დაწერა ტიციანმა “დაღესტნური გაზაფხულიც”. მოსკოვიდან გამომგზავრების წინ სერგო ორჯონიკიძის სიკვდილის ამბავი შევიტყვეთ…

ტიციანის მთელი ცხოვრება საზოგადოებას ეკუთვნოდა. საზოგადოების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა. მას მიაჩნდა, რომ მწერალი საზოგადო მოღვაწე უნდა ყოფილიყო. ერის წყლული თავის წყლულად უნდა მიეჩნია. ასეც ცხოვრობდა.

როცა დასავლეთ საქართველოში ჭაობების ამოშრობა დაიწყეს, მაშინვე იქით გაემგზავრა, უხაროდა, რომ მალარიას, მისი ქვეყნის სატკივარს ბოლო მოეღებოდა.

წიგნებს ყიდულობდა, სწავლობდა, როგორ გაეხარებიმა ციტრუსები, ჩაი, რამი. რუკაც შეადგინა, სად შეიძლებოდა ჩაის გაშენება.

პაოლოს და ტიციანს სამგორის ველის დარდი კლავდათ. მის გაცოცხლებაზე ოცნებობდნენ.

ტიციანი ბევრს წერდა და ლაპარაკობდა ამაზე. პაოლო კი სამგორის ველის მორწყვასა და რიონჰესის მშენებლობაზე ოცნებობდა. ვალოდია ჯიქიას – რიონჰესის და ხრამჰესის დიდი ენთუზიაზისტის დავალებით, იგი მოსკოვში გაემგზავრა მშენებლობის საკითხების გადასაწყვეტად. სულ დაავიწყდა, რომ პოეტი იყო და თავისი ოცნების განხორციელებას შეუდგა. მგზნებარე მონადირემ, პაოლომ თავის ძაღლსაც კი სამგორი დაარქვა სახელად.

პაოლო, რასაც კი ხელს მოჰკიდებდა, მთელი არსებით ეძლეოდა, საქმეს სულს და გულს აქსოვდა. საოცრად უყვარდა თავისი ქალიშვილი მედეა. არაჩვეულებრივად ლამაზი და ცელქი გოგონა. უკანასკნელი წერილი მედეასადმი მის ღრმა გრძნობებზე მეტყველებს…


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: