Posted by: burusi | 30/05/2009

ნადია შალუტაშვილი: “თამარ წულუკიძე”

ლამარა, გრ. რობაქიძის "ლამარა", 1930 წ.

ლამარა, გრ. რობაქიძის "ლამარა", 1930 წ.

თამარ წულუკიძე – Tamar Tsulukidze (1903 – 1991)

ნადია შალუტაშვილი: “თამარ წულუკიძე”

ადრიანი შემოდგომის მწუხარი ეუფლებოდა ოთახს. სავარძელში ჩაფლული ქალის მოხდენილი სხეული, მომხიბვლელი სახე სევდას მოუცავს. მხოლოდ თვალებსღა შერჩენიათ ცეცხლი, თვალებს, რომელბიც ხან ქრება, ხან კი კიაფობს ახალგაზრდული გზნებით. ქალი ფიქრებს მისცემია, მდუმარებს, თითქოს იქ, შიგნით, სულის სიღრმეში მიმალულ ლაბირინთებში ეძიებს პასუხს…
სიჩუმეს მოულოდნელად არღვევს მელოდიური ხმა: “ჩემს სცენურ ცხოვრებაში იყო დასაწყისი და დასასრული, მწვერვალები კი არ მღირსებია. მე ვერ მოვესწარი ჩემი აქტიორული შესაძლებლობების სრულ წარმოჩენას, თანდათანობით ზრდასა და მომწიფებას, ვერ მოვესწარი იმ ძვირფას პერიოდს, როცა შემოქმედი ეუფლება ტექნიკას, იძენს გამოცდილებას, როცა საშუალება ეძლევა ბოლომდე თქვას თავისი სათქმელი, გამოვალინოს ნიჭი, დარწმუნდეს საკუთარი ძალების შესაძლებლობებში. როლები, რომლებიც მე ათი სეზონის განმავლობაში ვითამაშე, მხოლოდ იმედის მომცემი შეგირდის გაუბედავი ნაბიჯები გახლდათ. ჩემთვის ყოველივე მაშინ დამთავრდა, როცა ოსტატობას ის – ის იყო ვეუფლებოდი. მე ვერ ვეღირსე გამომევლინა ყოველივე, რაც კი სცენაზე შევიძინე და ვისწავლე იმ წლებში”.
მსახიობი ქალის თვალებში ღრმა მწუხარება გამოკრთის, თითქოს ხმა გაებზარა, ხელი ოდნავ აუთრთოლდა სავარძლის სახელურზე…
მართლაც, ბედს არასოდეს გაუნებივრებია არც ცხოვრებაში და არც ხელოვნებაში. მხოლოდ დიდმა შინაგანმა სიმტკიცემ, ხელოვნების სიყვარულმა და რწმენამ მისცა ძალა თავიდან აეცდინა თითქოსდა გარდაუვალი სულიერი კრახი, მოსალოდნელი შინაგანი სიძაბუნე – სიცარიელე.
… საუბრისას მისი ცხოვრების მწარე გრაგნილი თანდათან იშლება თვალწინ. თამარ წულუკიძე აღიზარდა სახალხო მასწავლებლისა და საზოგადო მოღვაწის გრიგოლ წულუკიძის ინტელიგენტურ ოჯახში. გოგონა იზრდებოდა ქართველი პოეტების, მწერლების, მსახიობების გარემოცვაში. ოჯახში ხშირი იყო საუბრები, კამათი თეატრის, ხელოვნების პრობლემებზე. პატარა თამარისთვის ეს იყო ცხოვრების სკოლა, სკოლა, რომელიც მას გზას უხნიდა მშვენიერების სამყაროსკენ.
1911 წელს წულუკიძეების ოჯახი ბაქოში გადასახლდა. იმხნად აზერბაიჯანში ბევრი ქართველი ცხოვრობდა. იქაურმა ქართველებმა შექმნეს თავიანთი თეატრი, რომლის მუშაობაში აქტიურად ჩაება თამარ წულუკიძის დედა.
ბაქოს ქართული დასი სერიოზული შემოქმედებითი კოლექტივი იყო. მის შემადგენლობაში ბევრი ქართველი მსახიობი ირცხებოდა. ამ თეატრში ხშირად საგასტროლოდ ჩამოდიოდნენ ჩვენი სცენის სასიქადულო ოსტატები…
მომავალი მსახიობი კულისების ხშირი სტუმარი გახდა, დედა დაატარებდა რეპეტიციებზე, წარმოდგენებზე. გოგონას თვალწინ გადაეშალა თეატრის ზღაპრული სამყარო. ნიჭიერი ბავშვი, ოცნებებმა, ფანტაზიამ გაიტაცა. ბევრს კუთხულობდა, თავდავიწყებით შეუყვარდა პოეზია.
1917 წლის როდესაც რევოლუციის ქარიშხალმა კავკასიამდე მოაღწია… წულუკიძეების ოჯახი სამშობლოში დაბრუნდა…
1919 წელს პიველ საცდელ – საჩვენებელ სკოლაში ჩამოაყალიბეს თეატრალური წრე… პირველი სპექტაკლი, რომელშიც თამარმა მონაწილეობა მიიღო და სცენაზე გამოვიდა ლ ანდრეევის “გაუდემაუსი” იყო.
წარმოდგენაში იგი ასრულებდა ლიოლკას როლს. ამ როლში თამარმა გამოვალინა თავისი ნიჭისათვის დამახასიათებელი ლირიზმი, პოეტურობა და მომნუსხველი უშუალობა.
ახალგაზრდა სცენისმოყვარე მიმზიდველობით ხიბლავდა მაყურებელს. იგი ცოცხალი და ცქვიტი იყო, მაგრამ ყველა როლი როდი შეესაბამებოდა მის ბუნებრივ მონაცემებს. პიესაში “ქალიშვილი იებით” თამარს, გოგონას ნაცვლად, ასაკგადაცილებული მსახიობი ქალის ლისოვსკაიას როლი მისცეს, რაც არც მის ასაკს, არც მის მონაცემებს შეეფერებოდა. ამიტომაც მან მარცხი განიცადა ამ როლში.
1921 წლისთვის თამარმა უყოყმანოდ აირჩია თავისი გზა – იგი ცნობილი რეჟისორის აკ. ფაღავას სტუდიის მოსწავლე გახდა.
სტუდიაში თ. წულუკიძე გატაცებით სწავლობდა, ყურადღებით ისმენდა ცნობილ მოღვაწეთა და მეცნიერთა ლექციებს, ამზადებდა ეტიუდებს, ამუშავებდა ხმას, პლასტიკას .
გოგონამ მასწავლების ყურადღება მიიპყრო, სწორედ ამიტომ იგი, ჯერ კიდევ სტუდიელი, თავის ამხანაგთან ა. ხორავასთან ერთად მიიწვიეს დიდ სცენაზე.
და აი, სწავლის პერიოდი დამთავრდა. ახალგაზრდა მსახიობებს თეატრალური ცხოვრების საინტერესო გზა გადაეშალათ. 1923 წელს წულუკიძესთან ერთად ა. ფაღავას სტუდია დაამთავრეს ა. ხორავამ, ს. თაყაიშვილმა, ვ. გაძოაშვილმა, გ. საღარამძემ და სხვებმა.
ნიჭიერი, ახალგაზრდა მსახიობი ქალი, ზოგიერთ მის ამხანაგთან ერთად, 1923 წელს ჩარიცხეს შ. რუსთაველის სახელობის თეატრის დასში. იმ წლებში ამ თეატრს რეპერტუარში ჰქონდა მოლიერის, ა. ბანავეტის, ე. ტოლერის და სხვათა პიესები.
წულიკიძის პირველი ნამუშევარი რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე იყო ეპიზოდური როლი სპექტაკლში “მალშტრემი”. მას მოჰყვა ოფელია “ჰამლეტში”, რომელსაც იგი ვ. ანჯაფარიძესთან ერთად თამაშობდა მონაცვლეობით.

ოფელია, თამარ წულუკიძე, უ. შექსპირი "ოფელია"

ოფელია, თამარ წულუკიძე, უ. შექსპირი "ოფელია"

1923 წელს, ზაფხულში, კ. მარჯანიშვილს დაებადა აზრი ყოფილი სტუდიელების მონაწილეობით დაედგა პანტომიმა “მზეთამზე”
თავის “მოგონებებში” კომპოზიტორი თ. ვახვახიშვილი წერს, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მზეთამზეს როლს თ. წულუკიძეს დააკისრებენო.
პანტომიმაზე მუშაობა მარჯანიშვილმა საინტერესოდ დაიწყო. იგი ეკითხებოდა მონაწილეებს, თუ როგორ ესმოდათ მათ პანტომიმის ჟანრი, მოითხოვდა მათგან, სამუდამოდ დაევიწყებინათ სასწავლო საბალეტო მზა პოზები, რომ მოძრაობა, მიმიკა ჰქონოდათ გულწრფელი, შინაგანი განცდების უშუალო გამომხატველი…
1926 წლის 11 მარტს “მზეთამზეს” პრემიერა ნამდვილ თეატრულ დღესასწაულად იქცა. ..
“მზეთამზეში” წულუკიძემ შექმნა ამაყი ქართველი ფეოდალის ნაზი, ჰაეროვანი ასულის სახე, მათი დრამატიზმით გვიჩვენა დამპყრობლის ჩექმით გათელილი გაფურჩქნული ყვავილის ტრაგედია…
თ. წულუკიძე ვ. ანჯაფარიძეს დუბლიორობდა ლატავრას როლში. იგი ვერ შეეგუა ნაწარმოების მანერულობას, პიესის გმირთა განცდების ხელოვნურობას, განყენებულ დეკლამაციურობას და, როგორც თვითონ აღიარებს, მას როლი არ გმოუვიდა, ისევე როგორც ვ. ანჯაფარიძეს. ამ სახემ არ მოუტანა სიხარული არც მას და არც მაყურებელს. წარმოადგენას წარმატება არ ჰქონია და მალევე მოიხსნა რეპერტუარიდან. სამაგიეროდ, ახალგაზრდა მსახიობი ქალის დიდ გამარჯვებად იქცა ილტანის როლი ა. გლებოვის “ზაგმუკში”. პიესაში მოქმედება ჩვენს წეთაღრიცხვამდე 703 წელს წარმოებდა აღმოსავლეთში, ბაბილონის ქალაქ ლარკაში. ასირიელი ვაჭრის ქალიშვილი ილტანი წაართვეს შეყვარებულს და მამის ვალებში გაყიდეს მონად. მონების ბაზარზე იგი იყიდა ასირიელთა დიდებულმა ნანგირ – სინმა. ნანგირ-სინს შეუყვარდა ილტანი, მაგრამ ქალმა უარყო ბატონის სიყვარული, მოკლა იგი და აჯანყებულ მონებს შეუერთდა…

ილტანი. ა. გლებოვი, "ზაგმუკი", 1926 წ.

ილტანი. ა. გლებოვი, "ზაგმუკი", 1926 წ.

სისადავე, ბუნებრიობა თ. წულუკიძის აქტიორული ნიჭის დამახასიათებელი თვისება იყო. იგი ცდილობდა ჩასწვდომოდა თავისი გმირების ბუნებას, ხასიათს, შეეცნო მისი გრძნობები, განწყობილებანი, გამსჭვალულიყო მისი აზრებით. მსახიობი გმირის სახეს წარმოსახავდა განვითარების პროცესში. თუ პირველ სცენებში ჩვენ წინ უდარდელი, მხიარული გოგონა იყო, სულ სხვა სახით წარმოგვიდგებოდა იგი სხვა სცენებში.
ილტანის როლში წარმატებამ თავბრუ როდი დაახვია ახალგაზრდა მსახიობს. იგი გატაცებით მუშაობდა ყოველ როლზე, რაგინდ პატარაც უნდა ყოფილიყო იგი. ასე ითამაშა მან ლია “საქმიან კაცში”, მაშას პატარა როლი “ქართა ქალაქში”, ვერა ანდრეევნა “ღვარძლში”. მისი ყოველი ახალი ნამუშევარი ახალი თვისებებით, ახალი აქტიორული ხერხებით გამოირჩეოდა.
სანდრო ახმეტელის დადგმით სპექტაკლი “რღვევა” – სადაც წულუკიძემ ხელი მოჰკიდა ქსენიას როლზე მუშაობას. ამ სახეში დაინახა დასახიჩრებული, უნიადაგო ახალგაზრდა, გზააბნეული არსება, რომლის ცხოვრებაში ეგოიზმი და უდარდებლობა გაბატონებულიყო. წულუკიძე აღნიშნავდა, რომ “ქსენიას შინაგანი ბუნება მისთვის გასაგები იყო”, მაგრამ სიძნელეს წარმოადგენდა საკუთარი, ქსენიას საპირისპირო შინაგანი რიტმის დაძლევა. პიველსავე გამოსავალში მძაფრი, ელვისებური რიტმი ვლინდებოდა. ახმეტელმა ბევრჯერ გაამეორებინა მსახიობს გიჟმაჟი შემოჭრა სცენაზე და პიველი ფრაზა…
თ. წულუკიძის ინტერპრეტაციით ქსენია არ იყო ტრაგიკული ფიგურა, ეს უფრო მეტად შინაგანად გაორებული, გზააბნეული ადამიანი იყო.
მსახიობმა დიდი წარმატებები მოიპოვა ჩამოთვლილ როლებში, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ნამდვილი ტრიუმფი მას ჯერ კდიევ წინ ელოდა..
სპექტაკლი “ლამარას” შესახებ ბევრს წერდნენ და ალბათ, კიდევ ბევრი დაიწერება. თავის დროზე ამ დადგმის გამო ახმეტელს დასწამეს Eეთნოგრაფიით უზომო გატაცება, ნაციონალიზმი და სტილიზაციის ტყვეობაში ყოფნა.
უნდა აღინიშნოს რომ ლამარას ხასიათი უაღრესად ემთხვეოდა თ. წულუკიძის აქტიორულ ბუნებას. ლამარას როლში იგრძნობოდა, რომ წულუკიძე იყო, უაღრესად პლასტიკური, პოეტური, კავკასიის თვალწარმტაცი ბუნების ქმნილება.

ლამარა, გრ. რობაქიძის "ლამარა", 1930 წ.

ლამარა, გრ. რობაქიძის "ლამარა", 1930 წ.

თ. წულუკიძის გმირი ქალები ლირიკული, კეთილი და ნათელი პიროვნებები იყვნენ. მისი ლამარა ნაზ, სევდიან სიმღერას მოგაგონებდათ. მსახიობი შესანიშნავად წარმოსახავდა მთის ასულის ამაყ ბუნებას, მის ბავშვურ სიკეკლუცეს და ცნობისმოყვარეობას, მინდიას სიყვარულით აღტაცებას…
ლამარას მოჰყვა საინტერესო ნამუშევარი შკვარკინის პიესაში “სხვისი შვილი”. ეს უკვე კომედია იყო… წულუკიძემ აქაც გამოვლინა თავისი იშვიათი ნიჭი. იგი ხაზს უსვამდა ახალი ცხოვრების იმ სოციალურ მოვლენებს, რომლებსაც წარმოშობდა ეპოქა.
1933 წელს ახმეტელის მიერ დადგმული ბრწყინვალე სპექტაკლი – “ინ ტირანოს” (შილერის – ყაჩაღები)
წულუკიძე თამაშობდა ამალიას – ამ როლს წულუკიძე ასახიერებდა დიდი დამაჯერებლობითა და მღელვარებით. მსახიობი როლს იმორჩილებდა და როლს ემორჩილებოდა, მაგრამ არ კარგავდა მსახიობურ წონასწორობას, საჭირო თვითკონროლს…
გაუთენდა ბედნიერი დღე. იგი მიწვიეს და დაავალეს თოჯინების პროფესიული თეატრის ჩამოყალიბება. მსახიობი გაიტაცა ამ წინადადებამ. ორი წელი ეს თეატრი აღაფრთოვნებდა და ახარებდა ბავშვებსა და უფროსებს სოფლებსა და დაბებში, კატლასიდან ვორკუტამდე. შემდეგ ჩამოაყალიბა საეტსტრადო ანსამბლი, რომელშიც მუშაობდნენ რუსი, პოლონელი, ლატვიელი მუსიკოსები და მომღერლები…
1946 წლიდან 1949 წლამდე თ. წულუკიძე ხელმძღვანელობდა თოჯინების თეატრს კომის ასს რესპუბლიკაში.

თამარ წულუკიძე ესტრადაზე, 1947 წ.

თამარ წულუკიძე ესტრადაზე, 1947 წ.

სსრკ სახალხო არტისტმა დ. ალექსიძემ თ. წულუკიძეს შესთავაზა მარია ალექსანდროვნა ულიანოვის როლი პოპოვის პიესაში “ოჯახი”, რომელიც მან რუსთაველის სახ. თეატრის სცენაზე განახორციელა. ამრიგად, წულუკიძე დაუბრუნდა ქართულ თეატრს… წულუკიძის მარია ულიანოვა იყო არა მარტო ტანჯული დედა, არამედ ჭეშმარიტი რუსი ინტელიგენტი ქალი – თავაზიანი, ალერსიანი, თავდაჭერილი.

მარია. ი. პოპოვი, "ოჯახი", 1950 წ.

მარია. ი. პოპოვი, "ოჯახი", 1950 წ.

1959 წელს იგი წავიდა თეატრიდან და დასახლდა ბელორუსიაში, სადაც აქტიურად ჩაება პუბლიკის კულტურულ ცხოვრებაში. 1968 წელს ბელორუსულ ენაზე შეადგინა ქართველ მწერალთა მოთხრობების კრებული. თარგმნა ბელორუსი მწერლების ბევრი ნაწარმოები ქართულ ენაზე…
წულუკიძეს ცხოვრების მანძილზე აღელვებდნენ არა მარტო სცენიური გმირები. იგი აკვირდებოდა ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში, და სწორედ ეს ეხმარებოდა მას თავის გმირთა ფსიქოლოგიის გარკვევაში. ადამიანისადმი ღრმა ყურადღებას, აქტიორული ხელოვნების გულწრფელი სიყვარული ასაზრდოებდა მის არტისტულ, შემოქმედებითს ბუნებას.
იგი ფლობდა მდიდარ ფანტაზიას, მონიჭებული ჰქონდა სხვა ეპოქის, უცხო ქვეყნის ცხოვრების გაგების უნარი. ამიტომაც იყო, რომ იგი მშვენივრად გადმოსცემდა ამ უცხო ადამიანების სტილსა და მანერას.
თ. წულუკიძის ყოველი შეხვედრა როლთან სიყვარულით იყო აღსავსე. იგი როლს ქმედითს შინაარსს მგძნობიარეს აღიქვამდა გადმოსცემდა ავტორის მიერ მოცემულ სინამდვილეს, განსაცვიფრებლად გრძნობდა ამა თუ იმ ეპოქის თეატრალურ სტილს.
“მზეთამზეში” წარმოჩინდა პანტომიმის ჭეშმარიტი ოსტატი, რომლისთვისაც დამახასიათებლი იყო შინაგანი ქმედება, დაძაბულობით იყო სავსე მისი პაუზები “ლამარაში”, “ოჯახში”…
მშვენიერი გარეგნობა, სცენიური მომხივბელობა, პლასტიკურობა, მუსიკალური ხმა, სცენიური ცხოვრების გასაოცარი შეგრძნების უნარი – ყოველივე განაპირობებდა მსახიობი ქალის წარმატებას, მაგრამ მას არ ეწერა ბოლომდე მიეყვანა თავისი სცენური ბიოგრაფია, მოსწრებოდა სცენური სიბერეს. ისე წავიდა იგი სცენიდან, როგორც დაუმთავრებელი სიმღერა. დარჩა მხოლოდ გაფანტული რეცენზიები, გაყვითლებული ფურცლები, მოგონებები – ყოველივე ის მცირედი, რასაც ტოვებს მსახიობი სცენის ფიცარნაგიდან წასვლის შემდეგ. მიუხედავად ამისა, თამარ წულუკიძის პიროვნება, ყოველივე ის, რაც მან შ. რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე შექმნა, ყოველივე ის, რასაც იგი, როგორც მწერალი ქალი და საზოგადო მოღვაწე ქმნის, ჩვენს ღრმა პატივიცემას იმსახურებს.

მოგვაწოდა მიხეილ ივანიშვილმა


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: