Posted by: burusi | 30/05/2009

გრიგოლ რობაქიძის წერილები გიტა აბაშიძისადმი

გრიგოლ რობაქიძე
ეკოლ – მედსინის სანაპირო №8
ჟენევა
27.4.1961

ძვირფასო გიტა, გრაფინია შტრახვიტც!
20 აპრილს დაწერილი თქვენი ძვირფასი სტრიქონებიდან შევიტყვე, რომ ჩემს ლექსებს – Das vierte Blatt Jeanne d’Arc und Der sterbende Adler – თქვენს გულში ხელმეორედ დაბადება ხვდათ წილად – უმაღლესი ბედნიერება, რომელიც შეიძლებოდა რგებოდა ოდესმე ლექსს თქვენს სამყაროში, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ გამახარა ამან. ახლა გიგზავნით ყველა ფურცელს საოცარ ჟანაზე. მეოთხე ფურცელი უკანასკნელია. ვინაიდან ეს ლექსები ერთ მთლიანობას ქმნიან, რა თქმა უნდა, ესეც გადმოგიწერეთ.
გულითადი მადლობა ღია ბარათისთვის: წმ. გიორგის სურათი. მწერთ: „რამდენიმე დღის წინ, როდესაც საღებავებს ვყიდულობდი, ღია ბარათი შევამჩნიე; მან უცებ თქვენი თავი გამახსენა – ხომ არის წმ. გიორგი თქვენი სამშობლოს მფარველი? – ამიტომაც გიგზავნით“. საოცარია დეტალების ცოდნა ჩემს შესახებ. გმადლობთ. ვარ გულაჩუყებული. თქვენი წერილი 22 აპრილს მივიღე, გიორგობის წინა დღეს. ბარათზე თქვენი ხელითაა მინაწერი: „23 აპრილი, 1961“. ამან შემძრა სულის სიღრმემდე. ამიერიდან თქვენც ჩემი სამშობლოს მფარველი კალთის ქვეშ გიგულებთ.
სულიერად მონათესავე
თქვენი

***
გრიგოლ რობაქიძე
ეკოლ – მედსინის სანაპირო №8
ჟენევა
11.5.1961
ამაღლების დღე

ძვირფასო გიტა, გრაფინია შტრახვიტც!
3 მაისს დაწერილი ძვირფასი სტრიქონები, რომლებშიც თქვენი გულიდან მოფენილი შუქი იგრძნობა, ერთი ფრანგი ავტორის რილკეზე მშვენივრად ნათქვამს რომ მივმართოთ – „de faire glisser le réel sur le plan du rêve – ის გზით, ცხადყოფენ ჩემთვის „მეტაფიზიკურ საიდუმლოს“, რომელიც, როგორც თქვენი გაუბედავი აღსარება მამცნობს, ჩემთან გაკავშირებთ. მორცხვად და გულახდილად მიამბობთ აღდგომის ღამეს თქვენს მიერ ნანახ სიზმარს, რომელმაც აქამდე მხოლოდ გუმანით ნაგრძნობი საიდუმლო მეხსიერებაში მკვეთრად გამოაბრწყინა. პოეტს გაუჭირდებოდა თქვენი ბუნდოვანი წარმოდგენა ისე შესანიშნავად გაეშალა, როგორც ამ სიზმარშია, რომელიც ფრთხილად, მოსინჯვით, აზრიანად გადადის გულისწამლეკავ ხილვაში.
„თქვენ იცით ამ სიზმრის ახსნა“, მეუბნებით. მაქვს კი ამის უფლება? დიდმა ვაიმარელმა სადღაც თქვა: ყოველი საიდუმლო ისე უნდა გამჟღავნდეს, რომ მისი საბურველი არ დაზიანდეს. ალბათ ხელვყოფდი თქვენი სიზმრის წმინდა საბურველს, მისი სიტყვიერი ახსნა და გადმოცემა რომ მეცადა. განა მე ეს მჭირდება? ჩვენ ეს გვჭირდება განა? ღრმად განვიცდი თქვენ ხილვას: დიახ: ეს „ თანაგანცდაა“, განცდა თქვენთან ერთად. დაე მან, უბიწომ თავისი აუხსნელობით, ეთერივით ილივლივოს ჩვენს შორის.
მადლობის ნიშნად გულის აღმვსები ამბისათვის გიგზავნით ჩემს „Himne an Orpheus”, რომელშიც ჩემი გულისცემა სავსედ და მთლიანად გაისმის.
ყოველივე საუკეთესო –
თქვენი

***
15.6.1961
ჟენევა

ძვირფასო გიტა, გრაფინია შტრახვიტც!
თქვენმა 8 ივნისის მშვენიერმა სტრიქონებმა გულის სიღრმემდე შემძრა. ვგრძნობდი განა ქვეცნობიერად, რომ ჩემს შეკითხვაზე, წაკითხული გაქვს თუ არა ჩემი რომანი „Die Hüter des Grals”, შემდეგ პასუხს მივიღებდი? „ეს წიგნი ჩემი შინაგანი შეხვედრა იყო თქვენთან, რომელიც შემდგომ ღრმა განცდად გადაიქცა. ბავშვობაში და სიყმაწვილეში ნანახი ყველა სურათი უეცარი რეალობით აღივსო. განა ეს ღრმა შინაგანი ნათესაობის შეცნობა არ იყო?“ (ნამდვილად! ასე ჩანს. ეს მახარებს). ჩემს რომანში იბრძვიან გრაალის თასისათვის. გავიგე, რომ თქვენი სიმბოლო თასი ყოფილა „croix mystique” – იანი ფიალის სახით თქვენს მარჯვენა ხელში ჩახატული (რა საოცარია!) ჩემი რომანი მზიურს წარმოაჩენს. იქ ცხენის ჯირითშიც კი მზე გამოვლინდება. და: გავიგე, რომ თქვენ ასტროლოგიურად „unio mystica” – ში ხართ მზესთან დაქორწინებული (გილოცავთ ამას). „გაგიკვირდებათ განა, თუ გეტყვით, რომ თქვენს ლექსს „Orpheus”-ს ველოდი?“ (ალბათ, მაგრამ მხოლოდ იმ აზრით, რომ აქ გამოთქმული საოცრად, დიახ მთლად, წინასწარმეტყველურად ახდა).
გულთბილად გართმევთ ხელს. თუ თქვენს მარჯვენაზე აღნიშნულია ფიალა „croix mystique” -ით, ჩემი მარჯვენა ხელის გულზე გულის ხაზი მზის ფორმითაა გამოხატული, ეს ნიშნავს: გულის და გონების ხაზები ერთადაა. როცა ხელს გართმევთ – ჩემი „მზის ხაზით“ ვეხები თქვენს – „ფიალას“.
ამით ჩვენი შინაგანი ერთიანობა სამუდამოდ დადასტურებულია.
დიდი მადლობა ნაცშეს ლექსისთვის „Ruhm und Ewigkeit”. ამ ლექსს არ ვიცნობდი. მეკითხებით, ვმუშაობ თუ არა კიდევ ჩემს „Bildnis Nitzsches” – ზე. ეტყობა როცა ჩემთან სტუმრად იყავით, მაშინ ზუსტად ვერ გამოვთქვი. ეს პორტრეტი ჯერ კიდევ 1948 წლიდან ჩაკეტილი დევს. უთუოდ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ეს არაა „კიდევ ერთი წიგნი“ ნიცშეს შესახებ. რატომ არაა ის დღემდე დაბეჭდილი? ერთმა აქაურმა ცნობილმა გამომცემელმა ვერ გაბედა ჩემი ნაშრომის „Hitler” -ის გამო ნაწარმოების გამოცემა, თუმცა მას მიაჩნდა, რომ ის იყო „სიახლე ლიტერატურაში ნიცშეს შესახებ“. (ცოტათი მაინც რომ ყოფილიყო ჩემი ნაშრომი „ნაცისტური!“) მერე ის შევთავაზე ჩემს მთავარ გამომცემელს გერმანიაში. 9 თვის მანძილზე იდო ხელნაწერი მასთან. და პასუხი:
ფილოსოფიურ წიგნებს დღეს გასავალი არა აქვთ და ამას ემატება ისიც, რომ ხელნაწერის მოცულობა წიგნისათვის საკმარისი არაა. ორივე შეეძლო მაშინვე ეთქვა, როცა ხელნაწერი ნახა! ნამდვილად უარის თქმის მიზეზი „სხვა“ იყო. ერთმა გამომცემელმა კი ჩემს შეკითხვაზე მომწერა: „ნიცშეს“ თემა დღეს აქტუალური არაა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იმ „მიზეზის“ დაფარვისათვის იყო ნათქვამი.
თქვენ ხედავთ: ჩემი წიგნი – რომელშიც სრულიად ახალი ნიცშეა წარმოდგენილი – გამოუთქმელი რჩება. ალბათ ბედი სხვა დროს გაუმართლებს თუ თქვენ მოისურვებდით, შემეძლო ხელნაწერის ეგზემპლარი წასაკითხად გამომეგზავნა.

***
გრიგოლ რობაქიძე
ეკოლ – მედსინის სანაპირო №8
ჟენევა

გრაფინია გიტა შტრახვიტცს
მიოლვალდპლატც 2
ვენა IV
14.9.1961
ჩემო ძვირფასო შეგირდო!
”შგირდი”. ამაზე ამბობთ (3.9.1961): რით დავიმსახურე ეს სახელი? რა თქმა უნდა, მაქვს სურვილი გავხდე თქვენი შეგირდი, რადგანაც ვიცი, როგორია თქვენი ”ცოდნა”. აქ საქმე მხოლოდ ”ცოდნაში” არაა – მაშინ გიწოდებდით ”მოსწავლეს”. ”შგირდი” – ”მოსწავლე”: ნიუანსის ახსნა საჭიროდ არ მიმაჩნია. ვფიქრობ თქვენზე. ამავე დროს ვკითხულობ თქვენს წერილს.
ძალიან ინტროვერტირებულად მეჩვენებით, რაც უფრო გახსნილად მოეპყრობით თქვენს სამყაროს, იმდენად თავისუფლად და ნაყოფიერად გაიხსნებიან თქვენი მდიდარი ბუნების შესაძლებლობები. ჩემთან შგიძლიათ სავსებით გულახდილი იყოთ: დიახ, უნდა იყოთ – თქვენი ჩემდამი ურთიერთობის განსაკუთრებულობის გამო.
ვხედავ, ასტროლოგიაზე მაღალი აზრის ხართ. ”ბოლოს და ბოლოს ყველაფერს წყვეტს ადამიანის პირადი მე, რომელიც ბედის სასწორზეა შგდებული”. (”Die Hüter des Grals”). ”თავის ხატებაში” შექმნილმა ადამიანმა ეს ხატება უნდა გაამართლოს. ის ამას იმით ამართლებს, რომ თავისი შინაგანი სამყაროდან – წინარეალური არარაობიდან – მოქმედებაში გადაჰყავს ე.ი. artus purus – ში. აქ არის თავისუფლების ადგილი, რომელიც არ ნიშნავს მხოლოდ თავისუფალ არჩევანს. ის ყოველთვის ახალ დასაწყისს ნიშნავს წინარე დასაწყისის ზღვართან. ესაა ღვთაებრივი ადამიაანში (შნიშვნა. ”თავის ხატებაში” და არა ”ხატად თავისად”. ადგილების გადანაცვლება მარტინ ბებერის და ფრანც როზენ კრანსის მიხედვით, ჩანს, უფრო სწორია და:უფრო ღრმა. ”წინარეალური არარაობა’’. ეს იღბლიანი გამოთქმა ეკუთვნის ოსკარ გოლბერგს და სხვა მიმართებით ნახმარი წიგნში ”Die Wirklikeit der Hebräer”).
”ლაშარი” და სტალინი, მისი მოწინააღმდეგე – ორივე საქართველოდან! როგორ შეიძლება ეს? ალბათ აქ ყოფიერების პოპულარობა მოქმედებს. ალბათ. გურჯიევი. დაახლოებით 40 წლის წინ ვხვდებოდი ხოლმე თბილისის ერთ – ერთ კაფეში, რომელშიც ჩვენ, პოეტები და ხელოვანნი თითქმის ყოველდღე დავდიოდით. ჯერ კიდევ მაშინ ითვლებოდა ჯადოქრად. საოცარია. არავითარი სურვილი არ მქონია გავცნობოდი. მის წიგნს ”Tagebuch des Beelzebub”. არ ვიცნობ – მაგრამ კარგად ვიცი გურჯიევის მოსწავლის უსპენსკის განმარტებებით სავსე წიგნი მის მეთოდზე სწავლების შესახებ: ”Fragments d’un Enseigment inconnu”. საინტერესოა – თუნცა ”ბნელია”. სიტყვის ორივე მნიშვნელობით.
ოლდოს ჰაქსლის წიგნი ”Le Temps Futurs”. ჩემთვის უცნობია: საერთოდ არ ვკითხულობ წიგნებს მომავლის შესახებ. ჯურნალ “ATLANTIS” – ის ოქტომბრის ნომერი ჩემს სამშობლოს ეძღვნება. ჩემი ფართოდ ჩაფიქრებული ესსე ქართველების მსოფლიო სახე სამწუხაროდ შეამოკლეს – თორემ გადააჭარბებდა ჟურნალის ჩარჩოებს. ”არაჩვეულებრივად ლამაზი” – ასე დაახასიათა ის რედაქტორმა.
გუშინწინ გამოგიგზავნეთ ხელნაწერი ნიცშეს შესახებ. გთხოვთ შემატყობინოთ მისი მიღება.
გელოდებათ თქვენი ნატრული
(გიგზავნით ”Die Blitzberührte”).

***
10.4.1962
ჟენევა

ჩემო შეუდარებელო გიტა!
მწერ: (5.04.62.) ”ნუ ხედავ ჩემში ბევრ, თანაც დიდ ღირსებებს: უფრო მესიამოვნება, რომ ის სისუსტეები, რასაც საკუთარ თავში ვხედავ, დამიდასტურო, რასაც ვერ ვხედავ – მიმითითო. ვინ უნდა გააკეთოს ეს, თუ არა შენ?” გეუბნები: დღევანდელამდე მე შენში ერთი ნაკლიც ვერ მიპოვნია (შენ იცი რა გულწრფელიცა ვარ). თუკი ოდესმე აღმოვაჩენ – დაუფარავად გეტყვი (ჩემი სიმართლისმოყვარეობაც აგრეთვე ცნობილია შენთვის).
მე შენს ქალურ არსებას ”ქალწულებრივი” განსაკუთრებული მნიშვნელობით ვუწოდე.
რომლით? გერმანული ენა ამბობს: Die See ზღვა – მდედრობითი სქესის. Der See ტბა – მამრობითი სქესის. გენიალურია.ქალი ნამდვილად უსაზღვროა, როგორც ზღვა და კაცი ნამდვილად შემოსაზღვრულია, როგორც ტბა,. არსებობს კიდევ შემზარავი ქალური ”რაღაც”. თუ ის ერთხელ ქალში გამომჟღავნდა, იგი პიროვნებიდან უპიროვნო არსებად გადაიქცევა: ბრმა, ქაოტურ, ალოგიკურ, უხეშ. აქ შენ ბედნიერი გამონაკლისი ხარ. შენ ის ”რაღაც” ქალური შენს პიროვნებას აქცევს უფრო ზეპიროვნებად და არა უპიროვნო არსებად. ”ბრმის” ნაცვლად ხდები ”ნათელი”. აქედანაა შენი შეუდარებელი ნათელმხილველობის უნარი. თუ ყველაფერს ამას თავს მოვუყრით, მე ვიტყოდი: შენი ქალური არსება შეედრება მაგდალინელს: ის წმინდაა, ”ქალწულებრივი”.
შენი არსების უდიდესი გახსნაა შენი სიყვარული: სიყვარული ჩემდამი. ამაოდ ვეძებ მსგავს სიყვარულს მსოფლიო ლიტერატურაში. უფრო გავს ჩემი ნორინას სიყვარულს ლევანისადმი (”Die Hüter des Grals”). ნორინას მსგავსად შენც ”მზის გზას” ადგახარ. მაგრამ მისი სიყვარულისაგან განსხვავებით შენს სიყვარულს მისტიური საწყისი აქვს. შენ მე მიცნობდი მეტაფიზიკური სამყაროდან, გაუცნობიერებლად. აქ კიდევ უნდა დაემატოს, რომ ნორინას უყვარს ჯერ კიდევ
ახალგაზრდა ლევანი, შენ კი უკვე მოხუცი გრიგოლი.
შენი სიყვარულის მეტაფიზიკური მხარე ხორცს ასხამს შენში: ენგადის. ემპირიული: გიტას.
ისინი შენში განუყრელად არსებობენ: ერთმანეთს შეზრდილნი. ენგადი ჩემი ღვთიური მეგობარია – გიტა ჩემი მიწიერი შეყვარებულნი. პირველს მე ვუყვარვარ ზებუნებრივად, მეორეს გრძნობით. შენი ”ქალწულებრიობის” გამო ენგადის სიყვარული სძლევს გიტას სიყვარულს. ამას ის ფაქტიც აძლიერებს, რომ ახალგაზრდა ხარ, მე კი მოხუცი. ისე ვხედავ შენს სიყვარულს. ის შენში ისეთ სახეს იღებს – ისეთ სახეს, როგორიც თავად ხარ. უკიდურესი იშვიათობა!
ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად საოცრება ხარ. ყველა მიზეზი მაქვს ეს ვამტკიცო. ზებედნიერად ვგრძნობდი თავს, რომ გიყვარვარ. ჩემი სიყვარულის ძალა თავისუფლად ეპასუხება ენგადის სიყვარულის ძალას, ნაკლებად გიტას. უკანასკნელი შენთვის ნაკლებადმნიშვნელოვანი – ზემოთნათქვამიდან გამომდინარე საკმაოდ ნათელია. სამწუხაროდ მხოლოდ ისაა, რომ ამ დედამიწაზე ჩემი შენდამი სიყვარულისთვის ასე ცოტა დრო დამრჩა. დიდხანს, დიდხანს უნდა მყვარებოდი. ეს ნიშნავს: მემსახურა შენთვის. ქვეცნობიერად მჯერა, რომ გრძნობ ჩემს ტკივილს. ხშირად ხმარობ გამოთქმას ”მე შენ გიღიმი”. და აქ ხშირად, ხშირად მიღიმოდი. ნეტავი დაგანახა შენი ღიმილი! მასში შორეთიდან გამობრწყინებულ სიყვარულის მზერას დაინახავდი, უსიტყვო, ეთერული ფარული ნაღველით. ასეთად მეჩვენება ყოველთვის შენი ღიმილი. აქ ერთ რამესაც უნდა შევეხო. ”ჩემი გუკი უერთდება შენს გულს და გადაიქცევა შენს გულისცემად”, მესმის ჩემთვის ასე საყვარელი შენეული ხმა. მაგრამ ჩემი გული ერთხელ რომ შეწყვეტს ცემას! მერე? რა მოუვა შენს გულს, გიტა? იყავი მშვიდად! შენ ენგადი დაგამშვიდებს, რადგანაც მისი სუნთქვა ჩემს სუნთქვასთან მისტიურად დაქორწინდება.
ცოტა ხნის წინ შენს არსებას ”გენიალური” ვუწოდე. გადავამეტე? – არა! საოცარია: შენი ინტელიგენტობა, შენი სინათლე, ინტონაცია, განჭვრეტის უნარი, ღრმა აზრი არსებულზე და ლამაზზე, უნაკლო ლიტერატურული გემოვნება. კიდევ რა? მაგალითების მოყვანა აქ საჭიროდ არ მიმაჩნია.
ბოლოს შენი ხასიათი. ერთი კვირის მანძილზე ჩემს გვერდით განგიცადე. ერთხელაც არ ყოფილხარ ცუდ გუნებაზე, არც ”faux pas” სიტყვაში ან მოქმედებაში. ყოველი ნიშანი – წამში გაგებული, ყოველი მინიშნება – აზრით მიღებული. ყველაფერში შეთანხმებულობა. მე–ს ნაცვლად მეფობდა მხოლოდ შენ. როგორ არ უნდა ვიყო შენით გაოცებული? ვგრძნობ, რომ არ ხარ განებივრებული. ასე რომ იყოს, შენი ქებისაგან თავს შევიკავებდი.
გეხვევა შენით აღტაცებული, შენით ზღაპრულად დასაჩუქრებული –

***
17.6.1962
ჟენევა

ჩემო ღვთიურო მეგობარო: ენგადი!
ჩემო შეუდარებელო სიყვარულო: გიტა!
(რომ იცოდე, როგორ ვიტანჯები!)
საბედნიეროდ ხელთა მაქვს 10 აპრილის შენდამი გამოგზავნილი წერილის ასლი. ვამბობ ”საბედნიეროდ”, რადგან ჩემი წერილების ასლს იშვიათად, იშვიათად ვაკეთებ. ვკითხულობ მას, წერილს, შინაგანი მედიტაციურობით: და ვადგენ: შენი არსების ყველაზე ღრმა ფენებში ნათელით შევაღწიე. ”ნათელში” აქ იგულისხმება: სიყვარულის ნათელი.
შენი 12 აპრილის ღია ბარათი ამას სრულიად ადასტურებს. ამბობ: ”მწერ: შენი არსების უმაღლესი გახსნა შენივე სიყვარულია: სიყვარული ჩემდამი. რა ღრმად გამიცანი. მხოლოდ შენით შევძელი ეს. ჰო, შენდამი სიყვარულში როგორც ყვავილი ისე გავიფურჩქნე. რადგანაც: შენ (შენგანვე ფარულად) ხარ ის: ხარ – ჩემი არსებობის მთავარი მიზეზი”.
ახლა ვეკითხები ჩემს თავს: როგორ შეძლებდა გრიგოლი, რომელმაც შენს არსებაში თავისი სიყვარულის ”ნათელი” ასე ღრმად შეაღწია, როგორ შეძლებდა ის შენთვის ”ჩაკეტილად” ყოფნას?!
სიყვარული თავად ”გახსნა” არაა?
მერე ვეკითხები ჩემს თავს: როგორ შეძლებდა ენგადი – გიტა, რომელიც გრიგოლის სიყვარულში ყვავილივით გაიფურჩქნა – როგორ შეძლებდა ის უკან დაბრუნებისას თავის შინაგანი განცდების შესახებ მისთვის, თავისი არსებობის მთავარი მიზეზისთვის არაფერი აღარ ეამბნა?
გაფურჩქვნა თავად ”გახსნა” არაა! წარმოუდგენელია! მით უფრო, რომ ეს გადაწყვეტილება გარკვეულ კავშირშია ტაბუსთან, რომელიც ჩემთვის სრულიად გაუგებარ რჩება!
აქ ნამდვილად რაღაც ფატალური შეცდომა უნდა იმალებოდეს. ტყუილად კი არ მეშინოდა და ეხლაც მეშინია ბოროტების ჩარევის ჩვენს საკრალურ ურთიერთობაში. მართალია დედამიწაზე არანაირ ძალას არ შეუძლია ამ ურთიერთობის დარღვევა – მაგრამ წამიერი ”არეულობა” ჩვენს გრძნობებში შეძლებდა ბოროტების ჩადენას. ალბათ გული მიგრძნობდა, ერთხელ რომ მოგწერე: ჩვენი სიყვარული პირადულზე მაღლა დგას: ამიტომ ჩვენ მოვალენი ვართ: ის ”დავიფაროთ”, დავიცვათ. უახლოეს დღეებში, როდესაც ყველას სიცოცხლის აღდგომას მხოლოდ ერთადერთი შენი სიტყვა გამომაცოცხლებს. ეს სიტყვა, დარწმუნებული ვარ, არ გამოგრჩება. ამ წერილს ზეგ მიიღებ. თუ იმავე დღეს მომწერ, შაბათს უკვე მივიღებ მას – ვიმედოვნებ.
უწინარეს ყოვლისა გთხოვ ამიხსნა შენი სტრიქონების კონტექსტი. ”…არ მინდა იმით (ე.ი. ჩემი წინადადებით) ვისარგებლო. ეს არის ჩემთვის (შენგან დაფარული) ტაბუ. – შენი ტაბუ – შევამჩნიე ეს და დაბრუნების შემდეგ აღარ ვილაპარაკებ ჩემს შინაგან განცდებზე (შენ იყავი ერთადერთი ადამიანი ვისაც მათ შესახებ ვუამბობდი)”. გაუგებარია ჩემთვის.
რომ იცოდე, როგორ ვიტანჯები!
გეხვევი ძლიერ, ძლიერ, შენი, შენი –

***
18.6.1962
ჟენევა

ჩემო შეუდარებელო გიტა!
15 აპრილის წერილი. ”წერილი” მხოლოდ ერთი სტრიქონი. იმედგაცრუების წამები. სტრიქონი: ”ნაზად გეხვევა…” ”ნაზად”. სინაზე მჭირდება ამ წუთში და თანაც: შენი (გუშინწდლიდან მოყოლებული სული მეხუთება. გუშინ და გუშინწინ გწერდი ამის შესახებ). ახლა ვგრძნობ: შენი ხელები ეალერსებიან ჩემს დაღლილ საქეთქლებს. რა შვებაა.
სურათი: “ Il faraone Seti le la Dea hathor”. აღტაცებული ვათვალიერებ ღმერთქალს. გასაოცარი მსგავსება შენთან. წამიერი აზრი: ხომ არ გასულიერდა ის როგორღაც შენში? ახლა შენთვის საიდუმლო სახელი მაქვს: ჰატჰორ. ჩემთვის ხარ: გიტა: მიწიერი საყვარელი. ჩემთვის ხარ: ენგადი: ღვთიური მეგობარი. დღეიდან ხარ ასევე! ჰატჰორ: მისტიური მეუღლე.
ჰაიმოტი ფონ დოდერერის მოთხრობა. კითხვის დროს ვფიქრობდი: უეცრად გიტას რომ შეუმცდარმა ლიტერატურულმა გემოვნებამ უმტყუნოს? ”წარმოდგენები” – ”დადუმებული!” ”გაელვება!” მაგრამ დასასრული – ცნობა: ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი ის იყო გარდაიცვალა – ამართლებს მოთხრობას. ქარიშხალი აბობოქრებულ ბეთჰოვენს მარადისობაში მიაქანებს.
”ჩემი გული იღვრება შენს გულში და იქცევა შენს გულისცემად”. მოხდებოდა ეს შენთვის რომ გულდახურული ვყოფილიყავი? მოხდება თუ უკან დაბრუნებისას შენს შინაგან განცდებზე აღარაფერს მიამბობ.
აღტაცებული გეხვევა –
(გიგზავნი ”Die ruhende Stutte”-ს).

***
27.IV.1962
ჟენევა

ჩემო ღვთიურო მეგობარო: ენგადი!
ჩემო შეუდარებულო სიყვერულო: გიტა
ჩემო მისტიურო მეუღლევ: ჰატჰორ!
ეს წუთია მივიღე შენი წერილი, 24 აპრილს გამოგზავნილი. ის ყველაფერს ნათელს ჰფენს. იყავი მშვიდად, სრულიად მშვიდად!
მწერ: ”შენ გეშინია ბოროტების, რომელმაც შეიძლება ავნოს ჩვენს სიყვარულს? მე არა. ჩვენი ფარული შენ და მე მიუწვდომელია ყოველგვარი ბოროტებისათვის”. დღეიდან აღარც მე მეშინია. ეს გრიგოლის – სიტყვაა, სიტყვა ლაშარის წინაშე.
დღეისათვის ეს იყოს. ხვალ მეტს მოგწერ.
თუ ამჩნევ, რომ შენ განსაცვიფრებლად გავხარ ჰატჰორს?
გეხვევა ძლიერ, ძლიერ შენი საყვარელი და:ძმა –
ბოლოში ხელით მინაწერი ვერ გავარჩიე.
(როგორ მიყვარხარ!)
I. იონე, 4, 18: ”სიყვარულში არ არის შიში, ხოლო სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიშში ტანჯვაა, ხოლო მშიშარა არ არის სრულყოფილი სიყვარულში”.

***
30.IV.1962
ჟენევა

საყვარელო გიტა!
გუშინ მივიღე შენი ტკივილიანი ექსპრეს–წერლი, გამოგზავნილი 27 აპრილს. მაშინვე გიდეპეშე: დასამშვიდებლად. ვიმედოვნებ ჩემი ბოლო ორი წერილი ტკივილებს ოდნავ დაგიამებს. 25 აპრილს, ღამით, ნამდვილად გეძახდი. მონატრებით შეპყრობილი შენს გულს ჩემ გულთან ახლოს ვგრძნობდი. ნამდვილად. Imaginaire présence ისე მწველად ტკბილი იყო – რომ რეალური absence იმ მომენტში ისეთივე მწველ ტკივილად იქცა და მე ავყვირდი – შენ გეძახდი.
ასე ვიტანჯები ხანდახან შენგან მოშორებული. მაგრამ შენ ამის გამო არ უნდა იტანჯო. მე სხვა ვარ. შენს გამო რას არ გადავიტან! შენ მე სიყვარული უბრალოდ კი არ მაჩუქე: არამედ შენივე თავი სიყვარულში! მე, შენმა შეყვარებულმა, ვიცი ამის ფასი: ისევე როგორც ლაშარის რაინდმა.
შენი გულისცემა ჩემს გულისცემად გადაიქცა. შენ ეს იცი. მაგრამ არ იცი, რომ ამით ჩემი გულის თასი გადაიქცა თავისებურ გრაალის თასად შენთვის. ამ თასში შენს გულს მზესავით შეუძლია იბრწყინოს, ისე რომ უბედურების ჩრდილი ოდნავადაც არ შეეხოს.
გიტა, ჩემო წყაროსთვალო! მაგრად გეხვევი, ძლიერ, ძლიერ: და: ვართ განუყრელად ერთად.
p.s. დამავიწყდა. 13 აპრილის წერილში ჩემი “Kentaur” – ის შესახებ ამბობ: „განსაკუთრებულად ლამაზი“ (ხაზგასმა შენია). მე კი თავს ვიკავებდი მის გამოგზავნაზე.

***
11.6.1962.
ჟენევა
ჩემო შეუდარებელო გიტა!
„შეგიძლია გაზომო ჩემი ბედნიერება, როცა შენი სიახლოვის სითბოს განვიცდი?“ (7.5.62.) მესმის ჩემთვის ესოდენ საყვარელი შენი ხმა და თავსბედნიერად ვგრძნობ. რადგანაც: მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი, როცა შენ ხარ ბედნიერი. ჩემი სიახლოვე ყოველთვის გაგათბობს. ისე ძლიერ მიყვარხარ, შენი ძვირფასი თავი რომ ჩემს მარჯვენა მხარზე ჩამოგაყრდნო, ეს სიახლოვე მკურნალ ძალად გადაიქცეოდა და იმ თავის ტკივილისაგან გაგათავისუფლებდა, რომელიც ცოტა ხნის წინ ასე გტანჯავდა.
„შნს გულში რომ ჩემი გრაალის თასი იმალება – უკვე მიჩვენე შარშან, როცა მეორე საიდუმლო სახელი მივიღე: „ათანასია“. იცი რას ნიშნავს ესბერძნული სახელი? „ათანასია“.: უკვდავი. ეხლაც ნათლად ვხედავ, რომ შენ ჩემში უკვდავი ხარ. რა წამია?
შემპირდი, რომ მომდევნო წერილში ბოლო სიზმარს მიამბობდი. შენ კი უარყოფ ამ ვეტოს.
იმედი აღარ მაქვს მომავალში შენი შინაგანი განცდები შევიტყო. ჩემს შეუდარებელ გიტას არ სურს მისმა გრიგოლმა იტანჯოს. გმადლობთ, ჩემო მფარველო ანგელოზო! სიბილასავით ამბობ, იმ მომენტში, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვეხვევით, სულიერად შენ სხვა გზას გადიხარ, მე სხვას. შეიძლება. მაგრამ: ჩემ გზას შენთან მოვყავარ ისევე როგორც შენსას ჩემთან.
„Le bon Dieu est dans le detail”. თუ მაღალი ღმერთი არა, ადამიანი ხომ დაადასტურებს. ხომ გახსოვს ის შემთხვევა: როცა ქალაქში მოულოდნელად ერთმანეთს შევეჯახეთ. ასეთი რამ ათასში ერთხელაც არ ხდება. არ იყო ეს საოცრება? დღეს კიდევ ერთი დეტალი, თუმცა ნაკლებმნიშვნელოვანი, ვიდრე მაშინდელი. შენს წერილში იდო ბარათი, მასზე ნაკლებმნიშვნელოვანი, ვიდრე მაშნდელი. შენს წერილში იდო ბარათი, მასზე გამოსახული სტელით – ქვადიის მეფე, რომელიც გველების მეფედაა წოდებული. მერე? ჩემი „Schlangenhemd” -ის ქართულ გამოცემაზე იგივე ნახატია. ეს „დამთხვევაა?“
ერთში მართალი ხარ. ამაზე დაწვრილებით შემდეგ წერილში.
ამ დღეებში საფუძვლიანად დავამუშავე ჩემი ძველი სტატია. ის ეხება პოეტურ სახეებს ანტიკურ სამყაროსა და მოდერნში. ასლს უახლოეს ხანში გამოგიგზავნი („Pro domo Sua” ჯერ არ არის კოპირებული).
გიტა! იცოდი: „ათანასია“ უკვდავს რომ ნიშნავდა?
ვარ შენი საყვარელი, ვარ შენი მსახური! იცოდე ეს!
გეხვევა ძლიერ, ძლიერ, შენით ენით აუწერლად დასაჩუქრებული –

***
16.5.1962.
ჟენევა

ჩემო შეუდარებელო გიტა!
19 წლისამ შენ, თითქოსდა ახალგაზრდა ქურუმმა სიზმარში ოსირისი ნახე. 12 წლის მერე „დაუბრუნდი მას“. სიზმარი ახდა. არ არის საჭირო მეტი დაკონკრეტება. გრიგოლი აღფრთოვანებული კითხულობს ამ ადგილს შენი 13 მაისის წერილში: იმყოფება „mysterium tremendum” – ში.
გუშინ ოკულისტთან ვიყავი. ჩემი მოტირალი თვალებისთვის გამომიწერა წვეთები „ოკულოსანი“. თუ წვეთები არ მიშველის – საცრემლე არხს ოპერაციის საშუალებით „გამიხსნის“. არ ღირს სალაპარაკოდ!
ამ დღეებში ჩემი სიძე იყო აქ. გაკვირვებული თვალებს არ უჯერებდა – ასე გაახალგაზრდავებული რომ მნახა. რომ იცოდე ვის უნდა ვუმადლოდე ყოველივე ამას!
წარმოსახვაში ხშირად ჩემს მკლავებში მყავხარ მომწყვდეული ისე მხურვალედ, თითქოს მართლაც ასე ხდებოდეს. ახლა გავიგე, რომ შენც თითქმის ყოველთვის ჩემს მკლავებში გრძნობ თავს.
რა საოცარია!
შევამჩნიე, რომ ბოლო დროს ზუსტად ისე გიყვარვარ, როგორც აქ, ჩემთან ყოფნისას გიყვარდი, ე.ი. არა როგორც ორივესათვის უსაზღვროდ საყვარელი ენგადის „შუამავალი“. ერთი „საიდუმლო“ შეკითხვა: არ „ეჭვიანობს“ ენგადი შენზე? მითხარი! შენი 18 აპრილის წერილში ამ „ეჭვიანობამ“ ბრწყინვალე გამოხატულება ჰპოვა. ამის შესახებ შემდეგ წერილში.
დღეს გიგზავნი „Pro domo Sua”. მალე გამოგიგზავნი: “Rilkes Duineser Elegien”. ნაწყვეტს სტატიიდან წარმართული და ქრისტიანული გროების პოეზიის შესახებ. მე დავადგინე, რომ ქრისტიანული დროის პოეტური სურათები ბევრად უფრო ღარიბია წარმართულთან შედარებით.
რით ახსნი ამას?
გუშინ ღამის 4 საათიდან გათენებამდე ჩემთან იწექი მკერდზე მოკრული. მოწყურებულმა შეგსვი შენი უსაზღვროდ საყვარელი ტუჩებიდან და: ვიყავით განუყოფლად ერთად (ენგადიმ ეს არ უნდა იცოდეს. იღიმები).
გეხვევა ძლიერ, ძლიერ შენი საყვარელი და შენი მსახური –

***
18.5.1962.
ჟენევა

ჩემო შეუდარებელო გიტა!
Pro domo Sua. ეს შთამომავლობისთვისაა განსაზღვრული. არ უნდა იცოდნენ მათ: ვინ ვარ? არ მესმის რატომ გეჩვენებოდეს ჩემი ხელნაწერის დასაწყისი ნაღვლიანად! „შემდეგში მეტს მოგწერ“ ამბობ, „რადგანაც დღეს ისევ ძალიან ვჩქარობ“. რაღაც ძალიან ხშირად „ჩქარობ“. სიამოვნებით გავიგებდი: რაშია საქმე. ამის შესახებ კონკრეტულად თითქმის არაფერს მწერ.
ენგადი „და“ გიტა. „და“: ნიუანსი შენ თვითონ ჩასვი. ერთხელ მომწერე: ენგადის შენ უყვარხარ – მე მხოლოდ მისი შუამავალი ვარ. ე.ი. : შენ მე გიყვარვარ, რადგანაც ენგადის ვუყვარვარ. მე კი ენგადი მიყვარს, რადგანაც გიტა მიყვარს.
შენი აქ ყოფნის დროს ამ „დას“ ბრჭყალებშიაც არ გრძნობდი. გიტას და ენგადის განუყოფლად განვიცდიდი: ორივე ერთი იყო. ეს ნიუანსი „და“ ამოტივტივდა შენი გამგზავრების შემდეგ. ყოველი წერილი მას მერე ამას მიმტკიცებს. ჩამოვაყალიბებ.
ენგადის ვუყვარვარ დროის გაგების გარეშე: აგრეთვე ამ დროშიც. გიტას ვუყვარვარ ამ დროში და: დროის გაგების გარეშეც. მაგალითად: როცა მწერ: ჩემი შენდამი სიყვარული განხორციელდა, მაგრამ ის აღარ ეკუთვნის ამ სამყაროს – ასე ამბობს ენგადი. როცა ამბობ, მაგალითად: თითქმის ყოველთვის ვგრძნობ: რომ გულშიგყავარ ჩაკრული – ასე ფიქრობს გიტა.
18 აპრილის შენ წერილში ეს ნიუანსი მშვენივრად გამოიხატა: „როგორ მიყვარხარ, საყვარელო, საყვარელო. შენ!“ მერე ბრჭყალებში: „ენგადის უყვარს შამაში – შამაშს უყვარს ენგადი“. ბოლოში ხელმოწერა: „გიტა (გიტას უყვარს გრიგოლი)“.
მშვენიერია არა? პირველი წინადადება ეკუთვნის გიტას. მეორეში სწრაფად ერთვება ენგადი, თითქოს უნდა გიტას ნათქვამი „დააზუსტოს“. „ენგადის უყვარს შამაში – შამაშს უყვარს ენგადი“.
გიტას მაინც სურს ბოლოს თავისი გაიტანოს: „გიტა (გიტას უყვარს გრიგოლი)“. აქ ფრჩხილია! „უყვარს გრიგოლი“ – ამას თითქოს ენგადისაგან საიდუმლოდ წერს.
ასეთია ჩემი ახსნა. როცა ჩამოხვალ – (მაგრამ როდის?) – აგიხსნი უფრო დაწვრილებით, უფრო კონკრეტულად. იყავი, და ხარ ჩემი შეუდარებელი სატრფო: ენგადი „და“ გიტა შენი ორი სახეა. ასე განგიცდი მე შენ.
საჭიროა გრიგოლმა გითხრას, რომ შენი მონატრება დღითიდღე იზრდება?
წვეთები არ მომიხდა. სამწუხაროა.
გეხვევი ძლიერ, ძლიერ: და: ვართ განუყრელად ერთად – შენი გრიგოლი

***
26.5.1962
ჟენევა

გიტა, ჩემო წყაროსთვალო, შენ!
19 მაისის წერილის პასუხად. ნათლად ვხედავ, რომ დღითიდღე უფრო დაკავებული ხდები, ასე რომ უნდა შემოგთავაზო: მომავალში კვირაში ორჯერ ნუ კი მომწერ წერილს, როგორც შეთანხმებულები ვიყავით, არამედ ერთხელ, კერძოდ: სამშაბათს. წერილი ერთი და იმავე დღეს ჩააგდე საფოსტო ყუთში იმისათვის, რომ მე ის ხუთშაბათს ან პარასკევს მივიღო. ჩემს წერილს ყოველ ორშაბათს მიიღებ.
მეუბნები: „შენ რომ ენგადი ისე გიყვარს, როგორც გიტა – ეს მე შემიძლია გავიგო“. არაა აქ მხედველობაში მიღებული ის უსაზღვროდ ფაქიზი ნიუანსი – „და“ შემდეგ: „შნ ენგადი უფრო უნდა გიყვარდეს, ვიდრე გიტა“. ისევ ის ნიუანსი. მოვეშვათ ამ დახვეწილობას. არსებითად აქ საქმე არ ეხება ჩვენს სიყვარულს, რომელიც ჩვენშივე ყოფად იქცა – არამედ იმ ეგზისტენციალურ „ჩარჩოს“, რომელშიაც მას განვიცდიდით. როცა ისევ ჩემთან იქნები – აგიხსნი კონკრეტულად. მაგრამ როდის მოდიხარ? ალბათ ხუთ კვირაში, ამბობ და თან უმატებ: „ეჰ, როგორ მოითმინოს შენმა მონატრებამ!“ და ჩემმა?
„შენი ენგადი უფრო უნდა გიყვარდეს, ვიდრე გიტა. თუ არა და გიტას ეწყინა“. გამორიცხულია, რომ ოდესმე გიტას ვაწყენინო! მე ისე მიყვარს ის, რომ თითოეული მისი სიტყვა ჩემთვის კანონია. რა ქმა უნდა, შევეცდები ენგადი უფრო მიყვარდეს, ვიდრე გიტა, რადგანაც გიტასაგან ვიცი, მისი სიყვარული ჩემს მიმართ ენგადის სიყვარულიდან მოდის. ამასთან არ შემიძლია თავი შევიკავო და ის პირველი წინადადება ისევ არ გავიხსენო: „შენ ენგადი ისე გიყვარს, როგორც გიტა – ეს მე შემიძლია გავიგო“. ზუსტად მიზანში ხვდება.
ახლა კი შნი 25 აპრილის სიზმარი. გუშინწინ უკვე მოგწერე რომ მან სრულიად შემძრა. ესაა ამაღელვებელი წინასწარმეტყველება. „ჩვენ გადახვეულები ვიყავით“. აქ იგულისხმება ჩვენი მიწიერი კავშირის ბოლო აქტი. „როცა მომცილდი და ფეხზე ადექი ორდენის მფლობელის ნაცრისფერი ტანისამოსი გეცვა“. ეს ნიშნავს: მე იმად ვიქეცი, ვისაც შენში ენგადისთან მეტაფიზიკურად აიგივებ.
„წინ გამიძეხი საქარავნო გზაზე. უდაბნოში ირგვლივ ბრტყელი ქვები იყო“. ეს ნიშნავს: ვემზადებოდი, რომ სამუდამოდ გამოგთხოვებოდი, მხოლოდ შენ მარტოს, მთელი ქვეყნისაგან მოშორებულს. შენთან მსურდა ცოტა ხნით ყოფნა. „მოსახვევში უეცრად გაუჩინარდი“. ეს ნიშნავს: გარდავიცვალე.
„სასოწარკვეთილი გეძებდი – შორს ჰორიზონტზე წერტილივით მეგონა კიდევ გხედავდი“. მე უკვე მარადისობაში ვიყავი. „მერე ულამაზეს ლანდშაპტში გადავინაცვლე, მესმოდა როგორ მეძახდი“.
მიცვალებულებს ვერ ხედავენ – მათი ესმით. ასე იყო ამჯერადაც. „ულამაზესი ლანდშაპტი“ შვა მარადისობის მიჯნაზე მყოფმა ჩვენმა სიყვარულმა. „შნ დამიძახე“. გესმოდა როგორ ვიძახდი შენს სახელს: ნეტარება ჩემთვის – ნეტარება შენთვის. ჩემთვის უკვე ზეციური, შენთვის ამქვეყნიური.
”ბედნიერი გავიქეცი ხეებისაკენ, დარწმუნებული, რომ გნახავდი”. შენ უკვე ექტაზში იყავი. ”უცებ აღმოჩნდა, რომ ირგვლივ ღობეშემოვლებული ვარ, ღობის იქით კი კბილებდაკრეჭილი ურჩხულები დაყუდებულან, რომლებიც ყოველ წუთს შეიძლება მეცნენ. ერთი ფეხით ”ულამაზეს ლანდშაფტში” ვიყავი, მეორეთი კი ამ ”ბოროტების” სამყაროში: თავისი ეგზინტენციალური სისაძაგლით. ”უეცრად აზრად მომივიდა, მხოლოდ სიყვარულით შმიძლია დავძლიო ეს – და მე მათ სიყვარული მივაფრქვიე”. შგახსენებ რა მოგწერე ერთხელ: ჩვენი სიყვარული პიროვნულობას სცილდება. ახლა მან თავი იჩინა: შენ იყავი სრულიად გასულიერებული სიყვარული. ”ცხოველები ხტოდნენ ჩემს ირგვლივ, მილოკავდნენ სახეს და ფეხებს”. შენ გახდი წმინდა ფრანცის ღვთიური და. სიზმარი – ნოველა მეტს აღარაფერს ამბობს. სიზმრის დასრულება ალბათ ცოცხალ გრიგოლს ევალება. ესაა: ”გაგიმარჯოს შენ, გიტა!”
გიკრავ გულში: და: ვარ განუყრელად შენთან.
დაგავიწყდა გეპასუხა: რატომ გეჩვენება ჩემი ხელნაწერის დასაწყისი ნაღვლიანად.

4.6.1962
ჟენევა
(პასუხი შენს 1 ივნისის წერილზე)

ჩემო შეუდარებელო გიტა!
შენ და მე. ჩვენ მართლაც ერთმანეთს ვუძღვნით ჩვენივე თავი სამყაროს შიგნით. ვშორდებით და კვლავ ვპოულობთ თავს ერთმანეთში. კვლავ და კვლავ. ასეა ნამდვილად. მტკივნეულია განშორება. მაგრამ მოვიგონოთ სტროფი ჩემი ლექსიდან – “Die Sehnende”:
”როგორ შევძლებდი თუ არ ვიქნებოდი ბედის რჩეული, შენთან შეხვედრას!
განშორებაც კი ღვთიურია!”
შენ მე კვლავ მიპოვნე – მე შენ გიპოვნე კვლავ. ჩვენ უფრო ძლიერად უნდა ჩავჭიდოთ ამ მიწიერ მონაპოვარს სა სრულიად ”ვიგემოთ”, რათა ჩვენივე თავი კიდევ ერთხელ, უფრო ძლიერად ერთმანეთში აღმოვაჩინოთ. ასეა ნამდვილად.
ციფრი 8. გავიგე. ნიშნავს (თანმიმდევრობით): პაროლი: ზმნა: ლოგოსი: ღვთის შვილი. ახლა გასაგებია, რაზე მიანიშნებდა ეს შენს სიზმარში.
გიტა, ჩემო სიცოცხლის წყარო! ისე მენატრები, რომ დღეს ერთხელ ნათქვამი ისევ უნდა გავიმეორო: imaginaire prėsence, მკერდი მკერდს მიკრული ისე ტკბილია, რომ რეალური absence იმწამსვე ტკივილად იქცევა.
”მომხვიე ხელები”. მუდამ ხელმოხვეული მყავხარ.
და მერე როგორ?!

***
9.6.1962
ჟენევა

ჩემო შეუდარებელო გიტა!
ე.ი. შენ არ მოგწონს სიტყვა ”წყაროსთვალი” – ნაკარნახევი გრძნობით: ე.ი. ვეღარ უნდა გიწოდო ” ჩემი წყაროსთვალი”. სამწუხაროა! მაგრამ: ყოველ ჩვენგანს აქვს რომელიღაც იდიოსიკრაზია:
ძლიერი აპათია რაღაცის მიმართ. გსურს აგიხსნაჩემი ლექსი ”Als Knabe”. ამაზე არ მიფიქრია. სწორედ ახლა მახსენდება: რა დავწერე ჩემს ხელნაწერების წიგნში ”ირმის ნახტომის” შესახებ. ”ყველგან: ”დიდი დათვი” – ქართულად: ”ირმის ნახტომი”. გასაოცარი სურათი ცაზე. ელასტიურობით მას არც ერთი სხვა ცხოველი არ შეედრება. სასიცოცხლო ძალა აქ იღებს ძლიერი, მბრძანებლურად უკან გადაყრილი, გატოტვილი რქების გამძლეობას. თითქმის ყველა ხალხში ირმის რქებს სამკურნალო საშუალებად თვლიან: ისინი თითქოს სიცოცხლის პლაზმას შეადგენენ. ირმის რქების ერთი მხარის დაზიანება, შესაბამისად მეორე მხარესაც სცვლის. რაც უფრო სრულყოფილია ირმის სხეული, მით უფრო ჰარმონიულია რქებიც. ამბობენ, რომ მათი განმკურნებელი ძალა ძირითადად მარჯვენა და მარცხენა მხარეების სრულყოფილ შესაბამისობაზეა დამოკიდებული. ჰარმონია კურნავს: და: ირემი ამას ულამაზესად გამოხატავს. ”ნახტომში” მინიშნებულია დაბადების მისტიური ხედვა, ეს ნიშნავს: დასაწყისი თავდაპირველი საწყისის საზღვარზე. ვინც იხილავს ცაზე ნახტომს ვარსკვლავებს შორის – სურათის თრმა ინტუიციურობა ყოველ მათგანს გაანათებს: ასეთი სახე უნდა მიიღოს ყოფიერებამ” (აინების დათვი კულტს არ ვიცნობ. მადლობა ცნობებისათვის მის შესახებ. გველების მეფის სტელის სურათს განგიმარტავ შემდეგ წერილში).
გიგზავნი: ნაწყვეტს ჩემი ვრცელი თხზულებიდან ”Aus dem Reich der Poisie”. ნაწყვეტს რილკეს ”Duineser Elegien” -ის შესახებ. ნამდვილად ძალიან დაგაინტერესებს. დანარჩენ ნაწილებს აქ წაიკითხავ (იმედი – რომ მოხვალ ჩემთან და თანაც: მალე – არ დამიკარგავს).
ამ წუთში გამახსენდა არაბების დევიზი: თუ ცეცხლს საწვავს არ მისცემ – ის თავის თავს შეჭამს.
გეხვევი და ჩაგისუნთქავ დაუსრულებელ ნეტარებაში – შენ!

***
18.6.1962
ჟენევა

ჩემო შეუდარებელო გიტა!
ვკითხულობ 15 ივნისს გამოგზავნილ წერილს და განვიცდი შენი სიახლოვის მაგნიტურ ძალას: გრძნობით. კონკრეტულად: პირისპირ.
მწერ: ”მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენლად არ მიყვარს სიტყვა ”წყაროსთვალი”, ვინაიდან ეს ხაზს უსვამს ჩვენს ასაკობრივ სხვაობას, მაინც ყოველთვის მინდა შენი ”წყარო” ვიყო: დაუღალავი შენს სიყვარულში”. მე კი მეგონა, არ გიყვარდა შენს მიმართ ნათქვამი ”წყაროსთვალი”. რა სინაზეა!
ენით აუწერელი! შენ, ჩემო მოუღლელო წყაროვ!
ხომ იცი, სიტყვა ”das Herz” – ქართულად ”გულია!” ნამდვილად შეუძლებელია, რომ ჩვენი სახელები სხვა ასოზე იწყებოდეს გარდა ამის – ”გ”.
ახლა მძიმე დრო გაქვს – წინა წერილიდან გავიგე. უზომოდ ვწუხვარ. ნეტავი შემეძლოს შველა: შველა, შველა!
უკვე მოვხაზე ჩემი განმარტება ”გველების მეფის” სტელის ნახატობის შესახებ. გადავწერ და მაშინვე გამოგიგზავნი.
როგორ მონწონს ჩემი ”Duineser Elegien” –ის კრიტიკა?
”ვარ შენი : ვარ განუყოფლად შენთან:. გეხვევი ძლიერ და დაუსრულებელ თრობაში მესმის მხოლოდ შენი ტკბილი ”შეეენ!”

***
20.VI.1962
ჟენევა

ჩემო შეუდარებელო გიტა!
”გველების მეფის სტელა. ზემოთ – შევადრენი, ქვემოთ გველი.
შევარდენი. დიდებული მბრძანებლური თავდაჭერილობით. კეთილშობილების განსახიერება.
გამოხედვაში: მზის სხივი მუქ–ლურჯ ალმასებად შეკრული. ფრენაში – ნავარდი (ქართულ სიტყვაში ”შვარდენი” მინიშნებულია ნავარდი). ნავარდში: თავგამოდება, შთაგონება, გამბედაობა.
მთლიანობაში: ღვთიურად ფრთაშესხმული ტალღა. ძველი ეგვიპტლი აღმერთებდა მას, შევარდენს.
ამომავალი მზის პირველ სხივთა კონაში ხედავდა ის მქროლავ შევარდენს. და მხოლოდ შემდეგ, თითქოს მზის თესლით ავსილი, მიუახლოვდებოდა ის მიწას: შეყვარებულს. (მე მიყვარს ცხენები, ირმები, მიყვარს არწივი. შევარდენში კი შეყვარებული ვარ. ნიუანსი თავისთავად მეტყველებს. გინახავს ოდესმე ასათი შევარდენი?) გველი. ”Die Hüter des Grals” – ში ლაპარაკია ვარდნაზე: ადამიანის პიროვლულობა ღმერთიდან გადმოვარდნილა, შეჯახებია მის მეტაფიზიკურ საზღვარს: სიკვდილს. “Dämon und Mythos” – ში.
ნათქვამია: გველია ეს საზღვარი, ცხადია: ”მძაფრია ცივი ტალღა, რომელიც ღვთიურსა და არაღვთიურს შორის ელვასავით ამოიკლაკნება. მის დანახვისას ადამიანი გუმანით შეიგრძნობს საკუთარ ვარდნას და უძლურად ხედავს, რომ არარაობად შეიძლება გადაიქცეს”. დღეს ვაზუსტებ: გველი გრძნობადი ცენზურაა ღმერთსა და არარაობას შორის. საზიზღრობაა!
ჩემი აზრი გველზე განცდილი აზრია. ბავშვობაში, ზაფხულობით, არდადეგებზე მთელ დღეებს მდინარესა და მის ნაპირზე ვატარებდი, თანასოფლელებთან ერთად. ჩვენ ვცურავდით, ვთამაშობდით, ვბანაობდით: კამეჩები, ცხენები, ძროხები. ერთ ადგილას, სადაც მდინარე დაბალი იყო, ქვების ქვეშ თევს ვიჭერდით. ერთხელ ჩემს მარჯვენას ამოჰყვა – საშინელება – თევზის ნაცვლად, გველი. გულშეწუხებული დავვარდი. შოკმა შინაგანად დამჭრა. ამ სულიერი ტრამვისაგან დღემდე მთლიანად არ განვკურნებულვარ. გველის მიმართ თავისებური მეტაფიზიკური შიში მაქვს. სიზმარშიაც კი მეშინია მისი ნახვის.
შევარდენი და გველი – ერთა. ფარული აზრი: შევარდენის მზიური გამოხედვა დაიმორჩირელბს გველის გამანადგურებელ მზერას. ასე ვხსნი ”გველების მეფის სტელას” (ტყუილად კი არ ამოვარჩიე ეს სტელა ჩემი “Schlangenhemd” – ის ქართული გამოცემის თავფურცელისათვის. დღეს მე ამაში უფრო დავრწმუნდი).
გიტა! ჩემო შევარდენო! როგორ მენატრები! გეხვევი და დაუსრულებელი თრობით გსვამ შენს ტკბილ ბაგეთაგან. შენ – ჩემო შევარდენო!

***
23.6.1962
ჟენევა
შაბათი

ჩემო შეუდარებელო გიტა!
დღეს შენს წერილს ველოდებოდი. არ მოვიდა. ალბათ ზეგ მოვა. ალბათ. ”როგორც კი შვძლებ შეკვეთის დამთავრებას (…), ჩამოვალ. ალბათ ხუთ კვირაში…” (19 მაისს). ვითვლი დღეებს.
შენს ნატვრაში ვიწვი და: დავიწვი. დარწმუნებული ვარ გრძნობ ამას. რა უნდა მოგწერო კიდევ? ჩემში დღეს სიცარიელე ბატონობს. შენ კი მანდ ხარ: და: ღმერთს მადლობას ვწირავ ამისათვის. უფრო მეტიც: მადლობა მას, რომ შენ საერთოდ არსებობ!
გეხვევი მაგრად და ვლოცულობ შენთვის და გლოცავ, გლოცავ!
ჩაი ჩამომივიდა, გმადლობ!


Responses

  1. kaia 😀


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: