Posted by: burusi | 30/05/2009

გრიგოლ რობაქიძე: “საქართველოს ხერხემალი”

გრიგოლ რობაქიძე: “საქართველოს ხერხემალი”

ნიკოლოზ მიწიშვილის წერილის “ფიქრები საქართველოზე” – საპასუხოთ

მწარეა ეს სიტყვები:
“როცა გადავხედავ ჩვენს ისტორიას – იქ მე ღვთის ხელს ვერ ვნახულობ. ჩვენი არსებობა დაცინვაა განგებისა ჩვენს თავზე. ჩვენშია ჩამჯდარი ლომი და რწყილი, ეშმაკი და ანგელოზი, ნიჭი და ყიყვი… არის რაღაც შეკოწიწებული და გადაყრილი, მიბნეულ-მობნეული. ხერხემალს ქართული იდეისა მე ვერ ვპოულობ და ვერც აზრს საქართველოისას წარსულში”.
მწარეა ეს სიტყვებიც:
“იქნება საქართველო გაამართლოს ჯვარმა, რომლისთვისაც ის იგლიჯებოდა ყოველი მხრიდან. მაგრამ ჯვარისაგან ხომ კურთხევა უნდა გამოდიოდეს, და სადაა ეს კურთხევა? ნუ თუ ჩვენი აწიოკებული ისტორია კურთხევაა? ნუ თუ ორიათასი წლის განმავლობაში ამ ჯვრის ძალამ ვერ შვა მოვლენა, რომელიც გამოარკვევდა საქართველოს, როგორც მოწოდებას, საკუთარის აზრით და დანიშნულებით? ნუ თუ საბოლოოდ და სამუდამოდ მოკლებულია საქართველო იმ “ნათლის სვეტს”, რომელიც წინ მიუძღვის ყოველ ხალხს ახალი სიტყვისა და შემოქმედებისაკენ?!”
თავისმკვლელობაა დასკვნა:

“საქართველო პასსიური მოვლენაა. მისი ენერგია გამოწვეული იყო სხვა, მის გარეშე მყოფ მოვლენისაგან. (ენერგია ჭიის, როცა მას ფეხს აჭირებენ). საკუთარ, შინაგან აქტივობას მოკლებული იყო საქართველო და მოკლებული იყო, მაშასადამე, შემოქმედებით გენიასაც. მოკლებულია, რელიგიას, მოწოდებას, აზრს, შინაარსს”.

ამას სწერს ნიკოლოზ მიწიშვილი.

არ არის საჭირო არც გაჯავრება და არც აღშფოთება, როცა ასეთ სიტყვებს კითხულობ. არც ის უნდა იფიქრო, რომ ავტორი ბოროტი აზრით არის “ატროვებული”. აქ უფრო “ტკივილია” ვიდრე “აზრი”. ეს სულის კრიზისია და ასეთი კრიზისი ბევრს განუცდია.
მხოლოდ არ შემიძლია დავმალო, რომ ეს კრიზისი ბოლომდე არ არის დაწურული თუ ამოწურული. ავტორის “ტკივილში” არის “წყენაც” (აქა-იქ). სულის “ტკივილს” მაშინ აქვს ნამდვილი სიმართლე, როცა “ნაწყენობა” არ არის არავისგან.
მაგრამ ავტორის სულისკვეთებას მე მაინც ვიღებ როგორც “ტკივილს”.

არ არის საჭირო არც კამათი. აქ მხოლოდ ჩვენებაა საჭირო. (თუ შეჩვენება არა).
შესაძლებელია ამ “ჩვენებაში” ბევრი რამ გადავაჭარბო – როგორც ქართველმა. ამისათვის ვირჩევ სხვა გზას: ვეცდები ისე ვილაპარაკო, თითქო უცხოელი ვიყო, მაშინ ჩემს სიტყვას სიმართლე ექნება.
წინ ისევ წყეული კითხვა მეჭრება: აქვს თუ არა გენია საქართველოს?

ძველად ასეთი საკითხის გადაჭრა უფრო ძნელი იყო. დღეს კი ცხადია ყველასათვის, რომ ქვეყანაზე არ ყოფილა არა თუ ხალხი, უბრალოდ თემიც კი, რომელსაც თავის გენია არ ჰქონოდეს – (დიდი თუ პატარა, ეს მეორე საკითხია) პრეისტორიულ ხალხების დანატოვარში ჩვენ ხშირად გვხვდება თევზის თუ მამონტის ძვალი, რომელზედაც ამოჭრილია შველი, თუ ნიამორი, თუ უბრალო დანა ისეთი არტისტიზმით, რომელსაც სასახელოდ ჩაითვლიდა ჩვენი დროის დიდი ხელოვანი, თვითონ რომ გაეკეთებია იგი. დღეს “ველურებსაც” ეწაფებიან: ქვისაგან თუ ხისაგან გამოჭრილ აფრიკის კერპებს გაოცებაში მოჰყავთ ამდროული ხელოვანნი.

კიდევ უფრო ყურადსაღები მოვლენაა. ზანგებს მრავალი თეთრკანიანი, ადამიანადაც არ თვლის. მაგრამ ზანგების რიტმებმა დაიპყრეს დღევანდელი ევროპა. ეს რიტმები შეიჭრნენ სიმფონიურ ფანტაზიაშიაც. მოდიან რიტმები, როგორც მზის თვალები გაჩენის პირველ დღეებში, ალბად აქ არის პუშკინის საიდუმლო – (პუშკინიც ხომ ზანგი იყო სისხლით). მოვა დრო (არც ისე შორსაა), როცა რომელიმე ავტორი პუშკინის ჯადოსნობას ზანგების ატეხილ რიტმებიდან გამოიყვანს. (ეს სხვათა შორის).

და თუ პრეისტორიულ ხალხებს და თანადრულ “ველურებს” ვანიჭებთ გენიას, დავიჯერო, რომ საქართველოს ასცდა ასეთი მადლი?
მაგრამ ეგ არაფერი.
საქართველოს გენია სხვა მასშტაბითაცაა გამართული.
მიწიშვილი საქართველოში “ღვთის ხელს ვერ ნახულობს”. “ღვთის ხელი” აქ მეტაფორიული თქმაა და მეც ამ სახით ვიხმარ მას. მართლაც არ არის “ღვთის ხელი” საქართველოში?
რა არის მაშინ “’ქართლის ცხოვრება”.

მე ვლაპარაკობ სერიოზულად და ჩემი თქმა არ არის “ფრაზა”. მთელს ქვეყანაზე ძვირად მოიპოვება სადარი “ქართლის ცხოვრების’. ეს არის არა მარტო “ისტორია”, არამედ ნამდვილი “ეპოსი” – (დიდი ეპოსი დიდი ხალხის). და იშვიათია ისეთი პოემა (არა მარტო ჩვენში), რომელსაც შეეძლოს დაუპირისპირდეს ამ მხრით “ქართლის ცხოვრებას”. აქ ყოველი სიტყვა თითქო მითოლოგიური ტაცციტის მიერ არის დაწერილი. და თავი და თავი: სიტყვასა და სიტყვას შუა დარჩენილია უთქმელი, რომელსაც სიტყვა არ სჭირდება და რომელსაც ისუნთქავ მხოლოდ. აქ არის “სურნელი” გადასულ ხანების – (ნამდვილი ნიშანი გენიის) როგორც ბერძნების “ილიადაში” და როგორც ბაბილონელების “გილგამეშში”! გეკითხებით მე თქვენ: ნუ თუ “ქართლის ცხოვრების” ანნალები გენიის ცეცხლის ნატეხები არ არიან?
მაგრამ ეს კიდევ ცოტაა.

“ქართლის ცხოვრება” დიდია როგორც “ეპოსი”, მაგრამ უფრო საოცარია იგი როგორც “ისტორია”.
და მართლაც “ისტორია” არ არის უბრალო გროვა ამბების. კაცი ცხოვრობს, ჭამს, სვამს, ცოლს ირთავს, სადილს მიირთმევს, ეს აინტერესებს, იმას ყურადღებას აქცევს, შემდეგ კვდება, ჰქრება – ეს კიდევ არ არის “ისტორია”. “ისტორია” არის “მთელის” გზნება, თითქო ყოველი შენი კუნთი ნაწილია ამ მთელის, რომლის ცენტრი შენს გარეშეა – (ერთი მწერლის ფრაზა რომ ვიხმარო სხვა საგანზე თქმული). “ისტორია” პირადი განცდაა. ამბავი, მომხდარი ათას წელს უკან – თითქო შენი საკუთარი ამბავია, და შენი საკუთარი ამბავი, მომხდარი ეხლა – თითქო შორეული ამბავია შენი ხალხის. პლატონის გენიალური თქმა რომ ვიხმაროთ, “ისტორია” არის “მოგონება” (ანამნეზის), მართალს იტყვის ამდროული გერმანელი ავტორი. “წარსული მისი (ადამიანის) ხალხის მისი პიროვნული ხსოვნაა, ხოლო მომავალი მისი ხალხის – პიროვნული საქმეა” (მარტინ ბუბერ). დიახ: “ისტორია” ქმედითი ხსოვნაა.

დააკვირდით ახლა “ქართლის ცხოვრებას” – არის თუ არა მასში ასე გაგებული “ისტორია”. უთუოდ და აუცილებლად. ასეთი გზნება “ისტორიისა” აქვთ ჰებრაელებს (უფრო ვიდრე რომელიმე სხვა ხალხს). ასეთი გზნება “ისტორიისა” აქვთ ქართველებს. და ეს გზნება გაღველფილია “ქართლის ცხოვრებაში”. ამ გზნებით არის იგი ამწვარი მთელი თავისი ტვინით. და ის სიტყვასა და სიტყვას შუა დარჩენილი “სურნელი”, რომელსაც სიტყვა არ სჭირდება და რომელსაც იყნოსავ მხოლოდ, არის სწორედ ეს ისტორიული გზნება: “ისტორია”, როგორც ქმედითი ხსოვნა, “ისტორია”, როგორც გზნება “მთელის” რომლის ცენტრი შენს გარეშეა.

ასეთია “ქართლის ცხოვრება”.
ეგებ “გამოხედვაც” გინდათ დაინახოთ “ქართლის ცხოვრებიდან”.
აი თუ გინდ ერთიც. ევროპაში თავი მოსწონთ მარკ ავრელით, რომელიც ომშიაც “ჭვრეტდა” სამყაროს. ჩვენში დავით აღმაშენებელი ომის დროს “ სამოციქულოს” კითხულობდა – (ეს ზნე კინაღამ საბედისწერო გახდა მისთვის). გეკითხებით: რით ჩამოუვარდება დავით აღმაშენებელი მარკ ავრელიის?

ან კიდევ სხვა. ევროპაში ლეგენდათაა გადაქცეული “კალეს მოქალაქეთა” რაინდობა. როდენმა ქვაც კი აამეტყველა მათი რაინდობით. ჩვენში – ასეთი მონუმენტალი სურათი: მონღოლთა ნოინნი სჯიან ქართველ შეთმულებს. მათთან მიდის მაღალი და ნათელი კაცი: დადიანი ცოტნე. იგიც შეთქმულთაგანია, მაგრამ არ დაუჭერიათ (სხვაგან იყო). ცოტნე ამცნევს ნოინებს, რომ მისი ნდომაა – შეთქმულთა ბედი გაიზიაროს, რადგან იგიც შეთქმულია. მონღოლებს უკვირთ ასეთი სიმართლე ქართველების – და შეთქმულებს ანთავისუფლებენ. რით არრის ეს ამბავი ნაკლები “კალეს მოქალაქეთა” ამბავთან შედარებით? არაფრით, შესაძლებელია მეტიც იყოს.

ჩვენში აქა იქ გაისმის ხმა, თითქო ქართველობაში შინაგანი სიმართლე არ იყოს, რა არის ცოტნე დადიანის ამბავი თუ არა შინაგანი სიმართლე? და რამდენია ასეთი სიმართლე “ქართლის ცხოვრების” ანნალებში. მარტო სარგის ჯაყელი ციხისჯვარელი რად ღირს! და რამდენი კიდევ სხვა. მაგრამ აქ უნდა შევჩერდე, რადგან მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანდა.

ნიკოლოზ მიწიშვილი სწერს:
“ორიათასი წლის განმავლობაში მე ვერ ვხედავ ამას და მეეჭვება თვით რუსთაველიც: თუ ის ჩვენი ცხოვრებისგანაა – უსათუოდ გაუგებრობაა ის; თუ არა და – ან რუსთაველი არ არის ქართველი, ანდა მისი პოემა ადვილად ნაშოვნი საქმეა”.
კიდევ კარგი, რომ ავტორს “ვეფხის ტყაოსანი” გენიალ ქმნილებად მიაჩნია. მხოლოდ – როგორც ჩვენი ცხოვრების ნაყოფი – იგი მისთვის “გაუგებროობაა” უკეთეს შემთხვევაში. უცუდეს შემთხვევაში? ან რუსთაველი არაა ქართველი, ან და მისი ქმნილება “ნაშოვნი” საქმეა და ისიც “ადვილი”.

აქ კი ავტორი “დისკუსიას” მართავს და ჩემი სიტყვა ცოტა სხვანაირი იქნება.
ნუ თუ ავტორს ჰგონია, რომ რუსთაველით ამოიწურება ქართული გენია? (ეგებ სხვებსაც გონიათ). 1902 წ. ნიკო მარრმა იერუსალიმში იპოვა ხელნაწერი “ცხოვრება წმ. გრიგოლ ხანძთელის”. ავტორი გიორგი მერჩული.

გამოდის: მეოცე საუკუნის თაურამდე არავინ იცოდა, თუ რა საუნჯე ჰქონიათ ქართველებს. ქმნილება ეკუთვნის მეათე სააუკუნის ნახევარს. ზედმეტია იმის მტკიცება, რომ ეს ქმნილება ქართული გენიის ხალასი ნაყოფია. ქართული სიტყვა აქ მოცემულია ისე, თითქო პირველმიწას რძე სდიოდეს კვლავ ძუძუებიდან. თქმა მოკლე: ნაკვეთი. სიტყვა – თითქო შედედებული სუბსტანცია, რომელიც წარმოთქმის შემდეგ იშლება, როგორც მდინარის სარკეული ზედაპირი, როცა ფრთებ გაშლილი გავაზი დაეცემა მას. არავითარი ხორცმეტი, არავითარი მეჭეჭი. სიტყვა ისეთი, რომელსაც აქვს ქალწულური დარცხვენა და ამავე დროს მორკინალის შემართება: სწორედ ისეთი, რომლითაც ძველად წირვადს ჰქმნიდნენ. არც გასაკვირია: გიორგი მერჩულეს ჰყავდა წინამორბედი – იაკობ ხუცესი (მეხუთე საუკუნე), რომელმაც გასაოცარი აღწერა დაგვიტოვა “წმინდა შუშანიკის” ცხოვრებისა. გიორგი მერჩულმა, ცხადია, ქართული “საგალოობლებიც”იცოდა, საცა ქართველი ავტორები ფსალმუნობაში დავით წინასწარმეტყველს ედავებიან.

მაგრამ ამით არ ამოიწურება მერჩულის ქმნილება. აქ არ არის მოოცემული ჩვეული აღწერა ჩვეული წმინდანის, საცა სიცოცხლე მლაშეა და წუთხე. აქ მთელი მსოფლგზნებაა – სრულიად თავისებური. გრიგოლ ხანძთელი – (მერჩულის აღწერით) – ისე დადის დედამიწაზე, თითქოს უკანასკნელი სიმინდის ჯავარი იყოს, რომელიც დატაროებას ელის. მიწა მისთვის არ არის “ბერწი”. პირიქით: მისი ყოველი ნაყოფი “წყაროს თვალია”, რომელსაც მოაქვს ბუნების მადლი.

ამის შემდეგ რასაკვირველია, რუსთაველი აღარ არის “გაუგებრობა”.
მაგრამ რუსთაველამდე კიდევ იყვნენ სხვებიც, რომელთაც ქართულ სიტყვაში გენია გააღვიძეს. ექვთიმე მთაწმინდელი, გიორგი მთაწმინდელი, ეფრემ მცირე. თვითეულს მათგანს ცალკე მონოგრაფი სჭირდება. თუ გერმანელები ლუტერ “ბიბლიის” გერმანულად თარგმნისათვის გენიალობას ანიჭებენ, რა დააშავეს ჩამოთვლილმა მამებმა, რომლებმაც იგივე “ბიბლია” ქართულად სთარგმნეს. და მერე როგორ ლუტერის თარგმანი თუ არის ენის-ქმნა, მთაწმინდელების თარგმანიც ენის-ქმნაა ნამდვილი. თუ რომელი უფრო მძაფრი ქმნაა, ეს კიდევ სადაოა.
ასეთია მაგისტრალი, რომლის ბოლოს რუსთაველი მოსჩანს, როგორც დამთავრება და როგორც ასეთი – ხანდახან როგორც გადახრაც (ოდნავი დეკადენსი). ამის შემდეგ რა აზრი აქვს ასეთს დილემას: “ან რუსთაველი არაა ქართველი, ან და მისი პოემა ადვილად ნაშოვნი საქმეა”?
რუსთაველი ქართველია და მის პოემას უდიდესი სიტყვის კულტურა უძღვის წინ. რასაკვირველია, “ადვილად შოვნაზე” ლაპარაკი ამ კულტურის არცოდნაა. (მაინც წამცდა პოლემიკური სიტყვა).

კიდევ სხვა მაგალითი.
მთელი ლათინური ევროპა ამაყობს ფრანსის ასიზელით. ფრანსის ასიზელს დარჩა ოცი სტრიქონი. ამ სტრიქონებიდან იტალიელებს გამოჰყავთ მთელი იტალიური პოეზია. განსაკუთრებით უყვარს ეს სტრიქონები დ’ანუნციოს. რასაკვირველია, მარტო ამ ოცი სტრიქონისთვის არ არის ფრანსის ასიზელი საოცარი. იგი ბავშვია და თან ბრძენი. იგი “ჩიტის გულშია” გადასული და ცოცხლობს ჩიტის გულით. იგი ბუნების ძალთა მხილველია და მათი დამურვებელი. (ხოლო – არა ძალადობით).

საკმარისია აქ წერტილი დავსვა, რომ ქართველმა იმავ წამს მინდია გაიხსენოს. და მართლაც: მინდია იგივ ფრანსის ასიზელია, მხოლოდ საქართველოს მთებში აღმოცენებული, როგორც იშვიათი ყვავილი ალპების. განა მინდიას მითოსი გენია არ არის თვითონ? განა აქ არა სჩანს “ღვთის ხელი”?

კიდევ ერთი მაგალითი.
კათოლიკური ევროპა თავის თავს აღმოსავლურ ქრისტიანობას უპირისპირებს. აღმოსავლურ ქრისტიანობაში მარტო განდგომაა და ლოცვა. თითქო აქ “მიწა” არც არის. დასავლურ ქრისტიანობამ აღადგინა “მიწა”. იქ “ღვთის საქმე” თითქო “მიწიერ” სხეულს იღებს. აქედან – გოტიკა, მადონნა, მარადი ქალწულობის კულტი, გადასული “მარად ქალურობის” გზნებაში.
ცხადია, დღეს ეს ბევრისათვის “გადასული ამბავია”. მაგრამ ყოველი ნაშთი კულტურისა “გადასული ამბავია” – და მე მხოლოდ კულტურის მხრით მაინტერესებს ეს “ამბავიც”.

საქართველომ შეჰქმნა “ჯვარი ვაზის” ჯვარი – არც ხისაგან, არც ქვისაგან, არც რკინისაგან. რატომ მაინცა და მაინც ვაზის ნასხლევისაგან? ალბად იმისათვის, რომ ვაზი სახეა “მიწის” ნოყიერების და ნაყოფიერების. ეს კიდევ არაფერი. ჯვარი ვაზის შეკრულია ქალის თმებით – (ლეგენდარულ გადმოცემით: ღვთისმშობლის, თუ თვითონ ნინოსი) აქ “მარადი ქალწულობა”, თუ “მარადი ქალურობა” უკვე უკანასკნელი სიმძაფრით არის მოცემული. კათოლიკურ ევროპას ასეთი რამ არ გააჩნია. ეს არ არის გადამეტება.
ასეთია საქართველო და მისი გენია.

საუკუნედან საუკუნეში მეორდება “ოქროს ვერძის” ამბავი და მედეას ლეგენდა და არგონავტები ჯერ კიდევ არ სცხრებიან.
ამისათვისაა, რომ უცხოელს იზიდავს საქართველო. არქანჯელო ლიმბერტი, პი9ეტრო დელლა-ვალე, შარდენ – მოდიან საქართველოსკენ, როგორც მზის ბადეში გაკვალთულ დედოფლისაკენ. დიომას ფრანგული სიტყვები აღარ ჰყოფნის საქართველოს ქებისათვის.
მაგალითები სხვაც ბევრია.
ხოლო ერთი სამუდამოდ ღერბად სჭირს ამ მხილებას.

პიეტრო დელლა-ვალეს ეუბნებიან, რომ ისფაჰანში ულამაზესი ქალია ქართველი (“მაანი”, ალბათ “მანანა”). გაეშურება ამ ქალაქისაკენ. გაიცნობს ამ ქალს. შეუყვარდება. შეირთავს. რაინდი შახ-აბასს უახლოვდება. ჰსურს – ისპაჰანისგან შეჰქმნას ახალი რომი აღმოსავლეთში. შემდეგ, უეცრად სამშობლოს ნაღველი აუტყდება. გაეშურება – ცოლით. თან მიჰყავს ქართველი გოგონა “მარუკია”. გზაზე ცოლს საშინელი შხამი შეეყრება. ცოლიო არ იმჩნევს ავადობას, ისე მძლე აქვს რასსის გრძნობა. “მაანი” კვდება. რაინდი ხელდება. მიაქვს ცხედარი რომში და იქ ასაფლავებს. შეირთავს “მარუკიას”, რომელიც ამიერიდან იწოდების “თინათინ ზება“.

ამ ამბავს მოგვითხრობს – (იცით ვინ?) – თვითონ გოეტჰე, ერთი შვიდთაგანი, თუ ცხრათაგანი შობილთა შორის. მოგვითხრობს, როგორ? სიტყვასა და სიტყვას შუა სტოვებს სურნელს ქართველი ქალით აღტაცებისას.
და როცა თვითონ მისი ბაგედან გადმოვარდება ქართული ნათელი სახელიი “თინათინ” – მაშინ ვინ არ იგრძნობს საქართველოს მადლს?

“ქართული მწერლობა”, 1927, N1, გვ. 29-37.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: