Posted by: burusi | 30/05/2009

გრიგოლ რობაქიძე – “გულნადები”

გულნადები

მწერალთ: ა. აბაშელს, შ. აბხაიძეს, კ. გამსახურდიას, რ. გვეტაძეს, ვ. გორგაძეს, ი. გრიშაშვილს, შ. დადიანს, ს. ეულს, ი. ვაკელს, გ. ლეონიძეს, კ. ლორთქიფანიძეს, ნ. ლორთქიფანიძეს, ს. კლდიაშვილს, ი. მოსაშვილს, დ. სულიაშვილს, გ. ტაბიძეს, ტ. ტაბიძეს (თუ ცოცხალია), ლ. ქიაჩელს, ს. შანშიაშვილს, დ. შენგელაიას, ს. ჩიქოვანს, კ. ჭიჭინაძეს, ა. ჭუმბაძეს და მეცნიერთ: ვ. ბერიძეს, პ. ინგოროყვას, შ. ნუცუბიძეს, დ. უზნაძეს – *

სამი თვის წინათ ერთი ამბავი მაცნობეს პარიზიდან. ოლია თავაძეს, ყოფილ წევრს საქ. მთავრობისა, ეამბნა, როცა ბერლინი, 1945 წელს საბჭოთა ჯართა მიერ ალყაშემორტყმული, ცეცხლის ქვეშ ნადგურდებოდა, მოვარდა ჩვენთან, მთავრობის სასახლეში, ერთი ჯგუფი მწერალთა კ. გამსახურდიას მეთაურობით – თხოვნით: რაიმე ზომები მიგვეღო გრ. რობაქიძის და მ. წერეთლის, რომელნიც მაშინ ბერლინში ეგულებოდათ, გადასარჩენადო. – მრავალი შერხევა განმიცდია ნეტარი წუთით, ხოლო ასეთი სიმძაფრით არა. ასეთი რამ მხოლოდ დიდი კარდჰუს სამშობლოში თუა შესაძლო. მრავალი ცრემლი დავღვარე, ცრემლი ნეტარების. ეხლაც შერხეული ვარ, ვიგონებ რა ამ ამბავს, გამოუცხადო მადლობა ამ მწერლებს? ეს ემსგავსებოდა – მადლობა გმომეთქვა მღვდელმთავრისადმი ზიარებისათვის. დეე, ეს “აქტი” დარჩეს წვეთად სამშობლოდან მოგვრილი ზედაშისა, რაიც ვიგემე მე სამუდამოდ გადმოხვეწილმა. სწორედ ამ ამბავმა ამაღებინა ხელში კალამი, რათა გადმოგიშალოთ – მკლედ მაინც – ჩემი გულნადები.
საბჭოეთი დავტოვე იდეოლოგიური მოსაზრებით. ჩემთვის არა თუ მარქსის მატერიალისტური დოგმა, თვით მაგისტრალიც კი დასავლეთის ფილოსოფიისა მიუღებელია. წარმოიდგინეთ: ერთი მოთამაშე შაჰმათისა უშვებს ერთს უკანონო სვლას – მაგალითად ლაზიერით ცხენისას – რომელსაც ვერც იგი ამჩნევს თვითონ და ვერც მისი მოპირისპირე. თამაში შემდეგ შესაძლოა გენიალურ განვითარდეს, ხოლო პარტია როგორც მთელი არ შეიძლება ჩაითვალოს ბოლოს მართებულად, დასავლეთის ფილოსოფიის ვითარება ასეთს პარტიას მაგონებს შაჰმათისა. ხდება ეს იმის გამო, რომ ლოგოსი – “ენგადი” როგორც ყოფისა ისე აზრის – დასავლეთში ძლივს ახელს თვალს. (დაწვრილებით ამის შესახებ ჩემს ახალ წიგნში “Am Isis Brunner”, საცა სხვათა შორის ლოგოსის თაურნია (პრინციპები) “გნებ”ულნი: ერთი ნაკვეთი ამ წიგნისა, რომელიც დასავლეთის გონს [Espirit, Geist, Dyx] ეხება, უნდა გამოვიდეს ერთს განზრახულ კრებულში: ნაკვეთს გამოგიგზავნით, თუ კრებულს ეღირსა გამოსვლა). “სიტყვამ მოიტანა”, სიტყვამ “წამძლია” – გავცილდი საგანს. ვუბრუნდები თავში თქმულს: დავტოვე საბჭოეთი, რადგან მარქსის გემით არ შემეძლო (და არც შემიძლია) მოზმევა რისამე: არც აზრითი და მით უფრო არც “ხელოვნითი”.

2. იყო ჩემი ნაბიჯი მიზანმართებული? სხვა იტყოდა, “ისტორიას მივანდოთ ამის გადაწყვეტაო”. მე ისტორიას არაფერს ვანდობ, რადგან იგი ფრიად დაუნდობელია. აქაა ერთი სწორუპოვარი მაგალითი. ქრონიკა გაზეთებიდან პარიზისა “ას დღეთა” ირგვლივ. ნაპოლეონი ახლოვდება:
თებ. 28: კაციჭამიამ მიატოვა თავის ბუნაგი.
მარტ. 7: კორსიკელი მჭამელი ყოვლისა უკვე “Qolf Luan”-შია.
მარტ. 9: ვეფხი მოვიდა “Cap”-ში.
მარტ. 11: ტირანი გამოვიდა ლიონიდან.
მარტ. 17: უზურპატორი 60 მილითაა დაცილებული სატახტო ქალაქს.
მარტ. 18: ბონაპარტ მოდის დიდი ნაბიჯებით – პარიზში ვერ შემოვა.
მარტ. 19: ნაპოლეონი ხვალ მოადგება ჩვენს სანგრევებს.
მარტ. 20: “კაიზერ” ფონტენბლოშია.
მარტ. 21: მისი “კაიზერ-კონიგის” უდიდებულესობა აღიმართა გუშინ მის ერთგულ ქვეშევრდომთა შორის Twillexic-ში.
აი რაა “ისტორია” დააკვირდით ამ ხაზს, სამ კვირაში განვლილს: “კაციჭამიიდან” “კაიზერეკონგის” უდიდებულესობამდე! ამ ხაზს ვერც მომზენი გადმოსცემდა ასე თვალნათლივ და ვერც ომალმაკი – აქ გაზეთების უბლო ქრონიკა ამეტყველებს თვითონ ხაზს. “მოდი, ბოშო, და დაენდე ეხლა ისტორიას!” ხუმრობა იქით იყოს: რა საბუთი გვაქვს იმისათვის, რომ ვიგულვოთ: მერმისი განსჯის უკეთ ამასო? განა მერმისში ზეარსნი მოევლინებიან ქვეყანას? ასეთი სახით რომ მოდიოდეს “ფონის” ვითარება, მაშინ ვიღაც დღევანდელი “ჩიტიკერია” პლატონთან შედარებით “ზემოაზრე” იქნებოდა. ნამდვილად კი როცა პლატონს ახსენებ, 7 ადგილი მაინც ცალიერი უნდა დასტოვო, რომ შემდეგ რომელიმე სხვა “დიდი” დაასახელო, პლატონის შემდგომ მოვლენილი: თუ გინდ თვითონ დეკარტი, თვითონ კანტი, თვითონ ჰეგელი. (ამას სხენებულ “ნაკვეთში” დაინახავთ). ვიტყვი მოკლედ: ყოველი ნამდვილი “აქტი” თვით იწურვის შინაგან – აბსოლუტურ. “ნამდვილობა” კი მხოლოდ შინაგანი ზიარებით ისაზღვრება ლოგოსისა. მე უკანასკნელისაგან ზიარება მიმიღია და მთელი ქვეყანაც კი რომ ახმაურდეს ჩემს წინააღმდეგ – ეს მე ვერ შემარხევს.

3. საბჭოეთში ჰგონიათ: თითქოს მე “მეორე” ნაპირას ვიდგე. არაა მართალი. მე ვდგავარ “მესამე” ნაპირზე – მდინარეს ასეთი ნაპირიც აქვს. ვინც ამ ნაპირზე არ დგას, ის ვერც მოაზრედ გამოდგება და ვერც ხელოვანად. სულ სხვაა უშუალოდ მომქმედი: მას არ შეუძლია “მესამე” ნაპირიდან მოქმედება. აქა ერთი ამბავი. 1931 წელს ბერლინში, “ფილოსოფიურ საზოგადოებაში”, კამათი გაიმართა დიალექტიკის შესახებ. რას არ მიედ-მოედებოდნენ. მე ვუსმენდი მოკამათეთ გაჩუმებული – ვხედავდი ბაბილონის გოდოლის შენებას. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და კითხვა დავუყენე მოკამათეთ: “შესაძლოა თუ არა დიალექტიკურ მოქმედება?” სახტად დარჩნენ: “როგორ?” “როცა ამ საკითხს გადასჭრით” – მივუგე მოკლედ – “მხოლოდ მაშინ გაიგებთ, თუ რაა დიალექტიკა”. “ვითომ” – პასუხი: “ერთი მხრით” – “მეორე მხრით”. “მესამე მხრით!” აღარ გავაგრძელებ. სიტყვამ “წამძლია” კვლავ.

4. ორი მაგალითი წინადებულებისათვის. 1932 დავსწერე რომანი “Die gemordete Seele” – გაგონილი გექნებათ – რომელიც გამოვიდა 1933 წელს. ეს რომანი ცდაა – ჯერ-ჯერობით ერთად-ერთი მსოფლიო ლიტერატურაში – საბჭოეთის “ატმოსფერული” მოხატვისა. სტალინი აქ მხოლოდ ერთხელ გამოდის და ისიც ზმანეულ სინამდვილეში, ნამდვილად კი არსად, ხოლო “ატმოსფერულ” ყველგან. და აი რასა სწერს ფილოსოფოსი ლეოპოლდ ციგლარი (Zeiglar) თავის მონუმენტალურ ნაწარმოებში “Oberlieferung”: ამ რომანში არისო – “das mythische Bild von Stalin mit unheimlivher Kunst entworfen” სიტყვა-სიტყვით. ეხლა გეკითხებით: როგორ შეძლებდა ავტორი მის მიერ შ ი ნ ა გ ა ნ არმიღებულის მოხატვას – და მერე ასეთი ხელოვნებით: “უცანურ-საოცარით” – არ მდგარიყო იგი “მესამე” ნაპირზე?? მეორე ფაქტი. სტალინის სურათი, რომანის მთავარი გმირის მიერ მოხატული, გამოვიდა შემდეგ, გაფართოებული, ნარკვევთა წიგნში “Daimon und Mythos”. სამხრეთ გერმანიაში, აქა-იქ, ეს წიგნი ამ სურათის გამო რამოდენიმე დღით დააკავეს. არ გამკვირვებია: არც ერთს წიგნში – Pro-სტალინის წიგნშიაც კი, რომელიც წამიკითავს – არ არის სტალინის ისტორიული ძალა ასეთი ძლიერებით გამოკვეთილი. გეკითხებით კვლავ: მოხდებოდა წიგნის დაკავება, არ ესახა ავტორს სტალინი “მესამე” ნაპირიდან?? არა.

5. საბჭოეთში მე მომნათლეს “ფაშისტად”. ესეც სინამდვილეს ეწინააღმდეგება. “წიგნი ჰიტლერზე”?? ეს წიგნი “პითაგორული” გეგმებითაა აგებული. მოკლედ: იქ ნაციონალისტურ-სოციალისტური მსოფლხედვა სრულიად შენგრეულია შინაგან – ამავე დროს ჰიტლერი მართებულ არეშია მოქცეული: ამ არეში კი იგი მართლაც მითიური ძლევამოსილებით იზრდება. აქედან შინაგანი “ინერცია” (მიმართება) წიგნის: “ამ გზით” თუ წავიდა იგი და არა “იმ გზით” – მაშინ ნათელი “მარჯი”, ასე ვთქვათ, “დაწინდებულია”. დღეს მხოლოდ ეს კითხვაა მართებული: მოხდებოდა ის რაც მოხდა “ამ გზით” რომ წარემართა მას მისი ისტორიული მოვლენა? პასუხიც ერთია მხოლოდ: არა. წიგნი რთული აღნაგობისაა ფრიად, წარმოიდგინეთ: “მცდელ კომისიას 23 სამანქანო ფურცლის, გვერდის, გარჩევისათვის დასჭირდა 9 თვე. დაუჯერებელი ამბავი! წიგნი, ანუ უკეთ, წიგნაკი, მოვათავე 1938 წელს, შემოდგომაზე – გამოვიდა ომის ატეხისას. ომის ღერღირში ვიღას ეცალა ნიუანსების ამოცნობისათვის?!. აი ერთი დეტალი, პირდაპირ გამაოცებელი. წიგნში ასეთი დებულებაა წამოყენებული “თაურმდგენისა” (Urheber) და ცალკეულის შორის მუდმივი დაძაბულობაა (Spannung) და თანაც ასე: რამდენად ძლიერი ცალკეული, იმდენად დრამატიული (დაძაბულობა). ნება დამრთეთ, ქართულ მაგალითზე განვმარტო ეს. ქართული ენის ავტორი კარდჰუ არის, ქართველთა მითიური “თაურმდგენი” – არა ცალკეული, რომელიმე ქართველი. ეხლა მოგმართავთ მწერლებთ: ხომ გიგრძვნიათ დაძაბულობა კარდჰუსა და თქვენს შორის ჟამსა ქართული სიტყვის ქმედითი განფენისა?! მოიპოვებთ კონტაქტს კარდჰუსთან ამ დაძაბულობის მოშვილდვაში, იგემებთ “მარჯს” – არა და, მაშინ იწვნევთ “მარცხს”. და ასე ყოველ ფენში ყოფისა. ეხლა დავუბრუნდეთ ჩემს წიგნაკს. იქ სწერია: ათას წლებში, ხანდახან, ცალკეულის კონფლიქტი “თაურმდგენთან” არ თავდება მარცხით. თანვე ვაწვეთებ სიტყვას “ჰოი საიდუმლოებავ ყოფისა”. მაშინ? მაშინ – სიტყვა-სიტყვით – “გადარჩენილი იქცევა დემონურ – ქვეყნის მნგრეველად!” ვაწვეთებ კვლავ სიტყვას: “კიდევ უფრო დიდი საიდუმლოება!” წიგნში ლაპარაკია ჰიტლერზე და მისი ერის “თაურმდგენზე”. დაუკვირდით დღეს ამ სტრიქონებს უ კ უ მ ი ხ ე დ ვ ი თ, მითხარით: არ არის იქ ჰიტლერის საფრთხე პროფეტულ ანიშნული? დამეთანხმებით უთუოდ: არის. წიგნაკი აქვს წაკითხული ნახევარმილიონ მკითხველს მაინც. დაინახა რომელიმე მკითხველმა ეს “ჩაწვეთება”? არა მგონია – ომის დროს ვის ეცალა ნიუანსების გამოწვლილვისათვის?! მე შემეძლო დ ღ ე ს ხსენებული ადგილი წიგნაკისა ჩემი “თავმართლებისათვის” გამომეყენებინა. ვის შეიძლებოდა ქვეყანაზე დაემტკიცებინა, რომ იქ ჰიტლერი არაა ნაგულისხმევი? არავის. ხოლო იმ “ადგილს” ჩემი თავდაცვისათვის არ ვიყენებ მაინც. რისთვის? აქ იწყება ჩემი “აღსარება”. ბერძნული ენის გენია გვასწავლის: “გარდაუვალი” და “ჭეშმარიტი” ერთდაიგივეაო – “ალეთეია”. ასევე გენია გერმანულისა: Es “Wahrt” was wahr ist. მე ეხლა თვალი “საიქიოსაკენ” მიჭირავს. ვუმატებ ეხლა: “საიქიოსკენ” განმზადილს, მსურს “გარდუვალი” დავრჩე და ამისათვის: ვიყო “მართალი”. და აი გაცნობებთ: იქ, მაგალითისათვის, სულ სხვა ისტორიული პიროვნება იყო ნახსენები, რომელიც უკანასკნელ წუთს მანუსკრიპტიდან ამოვიღე – ამოვძალე.

6. მე არ მჩვევია მტკიცება “პოსტ ფაცტუმ”. გაიხსენეთ მწიფობისთვე 1942. მაშინ ერთი მნიშვნელოვანი მარცხის აღნიშნვაც არ შეიძლებოდა გერმანიისა. გერმანიაში მე არ ვიყავ უბრალო “გამვლელი” – ვყოფილიყავ ასეთი, მაშინ კარდჰუს წყევა გამანადგურებდა. და აი ერთს ნასადილევს – 14.10.1942 – გავენდე ერთს ჩემს მეგობარს, გერმანელს, დიდი ნიჭით დაჯილდოებულს და ფესვნამდვილს. გავედით ქალაქს გარეთ – ქალაქში კედლებსაც ვერ ვენდვეთ. გაიმართა “ისტორიული” საუბარი, რომელიც გაშლილ ველზე საღამომდე გაგრძელდა. ვუხსნიდი დაწვრილებით: “იგი” “ამ’” გზით არ მიდის საფრთხეთა არე იმორგვება-მეთქი, საშინლად. ამით მე ვალი მოვიხადე გერმანიის წინაშე.
ქართველობამ უნდა იცოდეს, ვინ იყო ის კაცი Max Linke, მოურავი და თანამესაკუთრე ჩემი გამომცემელის: Diederich.

7. სხვებთან ასეთი საუბარი და ისიც ომის ხანაში, დამეთანხმებით, უადგილო და თანაც სახიფათო იქნებოდა. “სხვებთან” უნდა დავუმატო: საჭირო აღარ იყო (თორემ გერმანიაში მეგობრები მრავალი მყავს). გაჩუმებული ვიყავ – საუბარში “მიკიბულ-მოკიბულ” ამას ვირჩევდი ხოლმე. ეს აუცილებელი იყო, რადგან 1941 წლის ივნისიდან “გესტაპოს” მზვერავ თვალდევნაში ვიყავ მოქცეული. გეგონებათ შეიძლება – რუდოლფ ჰესის გადაფრენა შოტლანდიაში ოკკულტისტების ინსპირაციას მიაწერეს. აი “გესტაპოს” აგენტებს ოკკულტისტების “ცენტრალის” ერთი ბუდე ბერლინში ჩემს ხელში ეგონათ: ბევრმა იცოდა, რომ მე ამ დარგში ბევრი რამ გამეგება. მართალია, გესტაპოს მოხელეს (ოთახი 52) “მაგარი” გაკვეთილი მივეცი ოკკულტიზმის შესახებ, ხოლო ხელწერილის მიცემა მომიხდა მაინც, რომ მერმისში აღარ მივმართავდი “ოკკულტისტიკას” (თითქოს მიმემართოს ოდესმე მისთვის ცხოვრებაში).

8. ომის ხანა. 1. მთხოვდენ რადიოთი მელაპარაკა. ავიცილე – სხვადასხვა მოსაზრებით. 2. გერმანიის ლაშქარი მიადგა კავკასიონს. ბრუსსელის ერთმა გაზეთმა – გერმანულ ენაზე გამოდიოდა – მომმართა: წერილები მიმეწოდებინა კავკასიაზე. მივაწოდე – სილუეტი: “საქართველო და ჯვაროსნები”, “ივანე ორბელიანი”, “პრომეთეს ნაშიერნი”, “წმინდა მთები”, “იმამ შამილ” (უკანასკნელი შემდეგ არაბულად გამოვიდა ერთს ჟურნალში). ხედავთ, პოლიტიკური “აკცენტი”, რომელსაც ალბათ ელოდნენ, ავიცდინე. 3. მომმართეს მენახა ქართველი ტყვეები. ვინახულე ათასამდე – სხვადასხვა ბანაკებში. ვესაუბრებოდი მხოლოდ საქართველოზე (სწორედ იმ საგნებზე, რომელთაც ვეხები ნარკვევში “უცნობი საქართველო” – პირველ “კამარებს” უკვე გადაგიშლიდათ ალბათ “ქართული საქმე”). მრავალნი ამ სიტყვათაგანი დაუბრუნდნენ, უნდა ვიფიქრო ასე, სამშობლოს. ისინი დამიმოწმებენ: თუ როგორ ვიცდენდი საუბრისას პოლიტიკურ “აქცენტს”. ვუკითხავდი შაირს “ქართველი დედის წერილი”, რომელსაც თანვე გიგზავნით. დამეთანხმებით: მისი დაბეჭდვა, რასაკვირველია პსევდონიმით, საბჭოთა საქართველოშიაც – ომის დროსაც კი – შეიძლებოდა. ერთხელ – ეს იყო ბრანდერბურგში – წავუკითხე ტყვეებს ვაჟას “თამარი” და “ხანჯალი” და ჩემი “ვაჟაური” და “მიწის სული”. ჩემს სიცოცხლეში ასეთი რამ ძვირათ თუ განმიცდია: გრძნობათა გეოლოგიური ამოხეთქვა და მოხეთქვა იყო ნამდვილი დარბაზში. ერთხელ – “დედის წერილის” კითხვისას – ერთს ტყვეს გული “წაუვიდა” და აქვითინებული გარეთ გაიყვანეს ამხანაგებმა. აღწერა ამ შეხვედრათა შეუძლო გახდა ჩემთვის – ხშირად მიმიმართავს კალმისათვის, ხოლო მყისვე უნდა გამეგდო განზე, რადგან ცრემლებს ვერ ვუძლებდ. აი ამ წამსაც ვტირი – მოგონებისას. წარმოისახეთ ერთი წუთით მთელი საქართველო მის ისტორიულ სიგრძეზე მთლად: მთელი მისი თავგადასავალით ერის მაჯის-ცემაში და გულის-ძგერაში – ამ წუთს განცდაში მხოლოდ თვითონ “თაურმდგენი” კარდჰუ გაუძებს, ცალკეული ვერასოდეს. ცალკეულში, მართალია, ცოცხლობს იგი, ხოლო არც ერთი ცალკეული იგი არაა. 4. ტყვეთა გაზეთში ვათავსებდი წერილებს. ვერ ვიტყვი, რომ აქ არ იყო “გადაკვრა” საბჭოეთის მიმართ – ხოლო ეს იყო “იდეოლოგიური” ხასიათისა… აი, მოკლედ ჩემი “ბიოგრაფია” ომის გასწვრივ.

9. ამასთან დაკავშირებით. ტყვედ მოხვდა ბიძინა აბულაძეც. ქართველებმა მისი განთავისუფლებაც მოახერხეს. საქართველოში მე იგი მინახავს – ხოლო არ ვიცნობდი. დამიახლოვდა ბერლინში, სულიერად გამენდო. ვცანი მასში დიდი ნიჭი. მუნხენიდან მწერენ: ბ. ა. აღფრთოვანებით შეხვდა საბჭოთა ჯარებს, არალეგალურადაც მუშაობდა საბჭოეთისათვისო, ხოლო ნდობა მაინც ვეღარ დაიბრუნაო უკან: შემდეგ გამოექცა საბჭოელებს, დაიჭირეს, და ჩამოახრჩვესო. თუ ეს მართალია, მაშინ მისი დაღუპვა ძალიან მტკივნეულად დაურჩება ქართულ მწერლობას. ეხლა ერთი საკითხი: გადაიხარა იგი თუ არა გერმანიის მხარეზე? გადაჭრით ვამბობ: არა. ჩემთვის სიცრუე უცნობია – ამ მხრივ საბჭოთა ხელისუფალთა შორისაც მიცნობენ ზოგიერთნი. მოვალედ ჩავთვალე ჩემი თავი, სიმართლე მომეწოდებინა თქვენთვის შესახებ თქვენი მოძმესი. საწყალი, სულ ცოლშვილს იგონებდა.

10. ჩემი შემოქმედება. გამოვიდა გერმანულად 9 წიგნი. აქედან: ორი ითარგმნა ჩეხურად, ერთი იტალიურად, ორის ფრანგული თარგმანი მზადაა. ერთი ნოველა ითარგმნა ესპერანტოს ენაზე. ცნობა მივიღე: ესპანურადაც აპირებენ თარგმნას ჩემი წიგნებისა. ტირაჟი ჩემი წიგნებისა გერმანიაში: 250 000. – რეცენზიები უთვალავი, სხვადასხვა ენებზე ევროპისა. მთელი რიგი საფუძვლიან ნარკვევთა ჩემი შემოქმედების ირგვლივ. – ეპითეტონნი ისეთნი, როგორიც ოდესმე რგუნებია რომელიმე მსოფლიო მწერალს. – შვედურ ჟურნალში “იდუნ”, ომის წინ, ანკეტა გამართეს: უნდა დაესახელებიათ “სპეცებს” სამი უმნიშვნელოვანესი წიგნი მსოფლიო ლიტერატურაში ჩვენი დროისა. ერთმა მათგანმა – ამბობენ, ყველაზე უფრო ავტორიტეტიანიაო – ამ “დიდ სამში“ ერთი ჩემი რომანიც დაასახელა. – მოხსენებები გერმანიის ქალაქებში. ერთი მოხსენება ციურიხში, უნივერსიტეტის კულაში (მარტი 1938). – მიწვეული ვიყავ ერთი ლიტერატურული საზოგადოების მიერ. – წერილები მკითხველთა სხვადასხვა კუთხეებიდან არა მარტო გერმანიისა, სულ ცოტა: 10 000 მაინც. – ნაყოფი: ანათება საქართველოს გარე კარდჰუს მზეოსანი სახისა – მატყვევებელის. რომანთა შორის: ორი ნამდვილ მითიური – “მედეას ნაწნავები” (“Megi”) და “დალი” (“Der Rut der Gottin”). ვამბობ – “მითიური” ჩვენში “მითოსი”, “თეორია” კი არაა, არამედ “დედიშობილა”, არა “ნატვრა”, არამედ “განცდა”. “მითიური რეალიზმი” – აი ფორმულა, მხვედრი ჩემი შემოქმედებისა (“მხვედრი” ორმაგი მნიშვნელობით: “მიხვდა” – “მოახვედრა”, აქვს კიდევ მესამე მნიშვნელობა: “ხვედრი”). პრაგიდან ერთხელ ასეთი “სჯა” მივიღე ენათა მკითხველი ქალისაგან:
თქვენს რომანშიო (“Die Huter des Grals”): im aus Klang des Buches wachst der Held sel er zum mythos – ყველაზე უფრო მხვედრი შეფასება, რომელიც კი რგუნებია რომელიმე ჩემს წიგნს. ფრანგი მწერალი Mარცელ Bრვინ სწერს წინასიტყვაობაში, “Megi”-სათვის დამზადილში: “… independent de son siyet, le recit est devenu un etre vivant, une sortie de realite de livre”. ამაზე მეტი რა უნდა ითქვას შესახებ ნაწარმოების განფენილობისა “სხმულობის” მხარით?! სამწუხაროდ ქართული ტექსტი ამ რომანისა არა მაქვს, “დალის” კი.

12. “Destrebende Adler” – კონა შაირებისა, ჯერ არ გამოსულა. გვირგვინი ჩემი შემოქმედებისა. ვინც გაეცნო – “მცოდნე” მყავს სახეში – აფასებს ერთი სიტყვით: “Einmalig”. მალე გავუშვებ ამ არწივს კამარის შესაკრავად – კამარაში კარდჰუს ელვარი იქნება, მართალია იგი კვდება, მაგრამ იგი ის არწივია, რომელიც მითიურ გადმოცემით, ახლად იშვის ხოლმე. გიგზავნით სანიმუშო ერთს შაირს – მისი სახელი კონეს სახელია. თუ გნებავთ, სთარგმნეთ. ხოლო წინასწარ მომაწოდეთ თარგმანი, თუ დაბეჭდვას განიზრახავთ – ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მხოლოდ ინიციალებით აღნიშნოთ ავტორი. როცა ამ “არწივს” ვხედავდი “Uisi onar”, კოჯორის ქედზე ვიდექ ზმანულ და იქიდან მყინვარს გავსცქეროდი. ერთი რამ –

13. ჩემი გერმანული ენა. გერმანელები ფიქრობენ: აი ასეთი დახვეწილი ენით და თანაც მხატავით თვით გერმანელსაც გაუჭირდება მეტყველებაო – (ხმარობენ სიტყვას “Kaum” – “Едва-ли”). ორ გამოჩენილ მწერალთა აზრი, ჩემი გერმანული ენის შესახებ კერძო ბარათებში გამოთქმული, ოდესმე ეცნობა საქართველოს. ერთი მათგანის სიტყვა ესაა (“Damon und Mythos”-ის წაკითხვის შემდეგ): ჩვენთვის ეს “ენგადი” სიტყვისა დახშულიაო. მე მათ ვუხსნი: “გერმანული ენის ცოდნაში, რასაკვირველია, მე გერმანელ მწერლებს ვერ გავედავები, და თუ ჩემი გერმანული ენა გაკვირვებთ, ეს მხოლოდ ჩემს მშობლიურ ენას მიეწერება, რომელიც ჩემს “გერმანულშიაც” “ზმეობს”. ვეუბნები მათ, გეუბნებით თქვენც.

14. მზადა მაქვს სამი წიგნი კიდევ: 1. Atlantischer traum oder Georgische mythos” (ამ წიგნს გაგაცნობთ “უცნობი საქართველო”). 2. “Israel als Geheimnis und Schicksal”. აქ ვიკვლევ თაურსაიდუმლოთ, რომელნიც საუკუნეთა მანძილზე ან სრულიად არ არიან ხილულნი ანდა მხოლოდ ზედა შენზე განხილულნი. ერთი მაგალითი მრავალთაგან. იაღვე ირჩევს მოსეს ისრაელის მხსნელად და იმავე დროს თავს ეცემა მას მოსაკლავად. “გამოსვლა”, 4,24 ვინც ამ საიდუმლოს ვერ ჩაწვდება, იგი ვერ გაიგებს ვერც მოსეს სიტყვას და ვერც მოსეს საქმეს. “სიტყვა” და “საქმე” მოსესი ერთი და იგივეა. 3. “Am Isis Brunner”. მე მოვნახე “წყაროს-თვალი” ეგვიპტელთა მისტერიებისა დიდი პინდარის გზით. ლოგოსი არსად არ აღნიშნულა ისე “urweltich” როგორც იქ. მოსემ იქ მიიღო “მეორე დაბადება”, პლატონმა იქ მიიღო სიბრძნე, ავგუსტინი სწვდა ქრისტეს მისტერიას ასე ღრმად, რადგან ძველნი მისტერიანი ცნობილნი იყვნენ მისთვის. იზის “ენგადიდან” ვიხილავ მე დასავლეთის “გონს” და მის “აბრუნდს”. ვარჩევ ჩვენი დროის თავსამტვრევ პრობლემებს. აქ მხოლოდ ერთს აღვნიშნავ: ესაა “ატომის ყუმბარა”. კაცობრიობა შეძრწუნებულია: ცდილობს აიცდინოს ნეგატიური გამოყენება ატომის ენერგიისა, სურს გამოიყენოს იგი “პოზიტიურად”, ვერ ამჩნევს ვერავინ მსოფლიოში, რომ თვითონ დაშლა ატომისა სამყაროს კოსმიურ დაშლას მოასწავებს. ატომი კოსმიური მონადაა სამყაროსი. დიდი ფარაო ეხნატონი, მზის თაყვანისმცემელი და მზის მგოსანი, ასე მიმართავს ერის ჰიმნში მზეს: “O Du Amme der Ungeborenent”). სხვათა შორის: რომელი მსოფლიო მგოსანი სწვდა მზეს ასე გენიალურ?? ატომი სწორედ ეს “Amme” არის – (არ ვიცი, როგორ ვთარგმნო ქართულად, “გადია”??) ნუთუ ამას ვერ ხედავენ?!
შ ე ნ ი შ ვ ნ ა: არ იფიქროთ, “მედიდურობით” მომდიოდეს, როცა ასეთი ტონით ვწერ ჩემს თავზე და ჩემს შემოქმედებაზე. იცოდეთ: Le “selbstbewusster”, ich in meinem Leben werde, desto weniger bin ich “selbstgefallig”. ასე.
კიდევ მინდოდა მომეწერა ბევრი რამ. თუ მეტს ვერ გწერთ, ამის მიზეზი ტექნიკური ხასიათისაა. დიდი ხანია გადავეჩვიე ხელით წერას და ქართული საბეჭდი მანქანა არ გამაჩნდა. რაც დავწერე, ისიც ძლივს დავსწერე. ამით აიხსნება ისიც, რომ ქართული აქ ჩემებურად ვერ “დავიურვე”. იმედია, კარდჰუ არ გამიწყრება – იმედია.

მცირე სათხოვარი:
1. თქვენ ამ ხნის განმავლობაში უთუოდ ბევრი ნაყოფი გამოიღეთ. მომაწოდეთ თქვენი ნაშრომნი. მთავრობა, მჯერა, დაგრთავთ ნებას.
2. გთხოვთ უპატრონოთ – ყურადღება მიაქციოთ ჩემს დას ნინას და მის ოჯახობას. მისამართი: სადგური სვირი, სოფელი სვირი, ვარლამ ლომინაშვილის სახლობა. დაეხმარეთ აგრეთვე ჩემს დას ლიდას. მათ ჩემს “ამბავში” ბრალი არ უდევთ.
3. მოახსენეთ საქართველოს მღვდელმთავარს, რომ ჩემი სულისმდგმელი აქ ჩვენი ნინოა – წმინდა, ჩვენი განმანათლებელი. ხშირად ვლოცულობ მის წინაშე და ვიმეორებ ერთხელ თქმულს: “გრძელი თითებით ქარვისრქებიან ლერწებს აესხმის მწიფე მტევანი – და შენს თვალებში შთაინთქმებიან ჩემი უძირო ღამის-თევანი”.
4. თუ ვინმე თქვენგანი შეიარს მცხეთის ტაძარში – გაიხსენოს მან ჩემი სახელი იმ პაწა სალოცავის წინაშე, რომელიც არ დაუნგრევიათ ქართველთა ტაძრის შენებისას – (აი კიდევ ერთი მადლი – სწორუპოვარი – კარდჰუს გენიისა). ის აკვანია იმ პირველი ლოცვისა, რომელიც გაისმა კარდჰუს მიწაზე ქრისტეს მიამრთ.
იყავით მზეგრძელი! ნუ მოგაკლოთ მადლი კარდჰუს გენიისა!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: