Posted by: burusi | 30/05/2009

გრიგოლ რობაქიძე – “გრეტა გარბო, ვითარცა ზმანება დღევანდელობისა”

“მსოფლიოს უმშვენიერესი და ყველაზე მწუხარე მარგალიტები”
(გრიგოლ რობაქიძის ესსე ჰოლივუდის კინოლეგენდაზე)

1931 წელი გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიაში საბედისწერო აღმოჩნდა – ნიჭიერმა შემოქმედმა ფარულად დატოვა საქართველო და მისი ხილვა მეტად აღარ ღირსებია. საოცარია ის ნებისყოფა და სულიერი ენერგია, უცხოეთს თავშეფარებულმა გრ. რობაქიძემ რომ გამოავლინა. ყველაფრის მიუხედავად, იმდროინდელი
ოფიციალური ხელისუფლების მიერ “ხალხის მტრად” შერაცხული მწერლის მუზა რკინის ფარდის მიღმა დარჩენილ სამშობლოს დასტრიალებდა. ქართული სულითაა გამსჭვალული ემიგრაციაში შექმნილი და დაბეჭდილი მისი თხზულებები, რომელთაც შემოქმედს ევროპაში საყოველთაო აღიარება მოუტანეს. მათი უმეტესობა ჯერ კიდევ მშობლიური მზის სინათლეს ელოდება. აღარაფერს ვამბობთ მწერლის პირად არქივზე, რომელიც, დაბრუნების შემთხვევაში, რობაქიძის ბევრ საიდუმლოს გვაზიარებს.
ჩვენ ვეცადეთ მკითხველისათვის გაგვეცნო რამდენიმე ესსე 1935 წელს იენაში, დიდერიხის გამომცემლობაში დაბეჭდილი გრ. რობაქიძის იმ დროს უცხოეთში გახმაურებული, მაგრამ სამშობლოში აკრძალული წიგნიდან “დემონი და მითოსი”. მათი გერმანული ენიდან შესრულებული ჩვენეული თარგმანები “ლიტერატურული ძიებების” 2002-2004 წლების კრებულებში ქვეყნდებოდა. ამჟამად ამ წიგნიდან გთავაზობთ კიდევ ერთ ესსეს “გრეტა გარბო, ვითარცა ზმანება დღევანდელობისა”, რომელიც ასევე გერმანული ენიდან ვთარგმნეთ, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა, ის ქართულ ენაზეც არსებობდა (ან სადღაც არსებობს).
ბუნებრივია, საინტერესოა, რატომ აირჩია მწერალმა რჩეული ესსეების გმირად თავისი სახელგანთქმული თანამედროვე გრეტა გარბო. მისი რობაქიძისეული სულიერი პორტრეტი წიგნში ნეფერტიტისა და სტალინის პორტრეტების გვერდითაა მოცემული. რა უნდა აერთიანებდეთ ამ პიროვნებებს? ამ კითხვაზე პასუხს აკაკი ბაქრაძის სიტყვები გაგვიადვილებს: “გრიგოლ რობაქიძეს ნაკლებად აინტერესებდა შიშით, ეჭვით, ორჭოფობით შეპყრობილი ადამიანები… იგი ყოველთვის ცდილობდა დაეხატა მთლიანი, ძლიერი, შეუპოვარი და უდრეკი ადამიანები, ვისთვისაც მიზანი ყოველთვის ნათელია, ვინც მიზნისაკენ მიმავალ გზას არ გადაუხვევს…”მასობრივი ძალადობის ეპოქაში მწერალი, ჩანს, ხსნის გზასაც ეძებდა: “ეჭვით, ორჭოფობით, შიშით შეპყრობილი ადამიანი რწმენას, იმედს ვერ გადაარჩენს… გრიგოლ რობაქიძე კი სწორედ მთლიან და მტკიცე ადამიანებს ეძებდა სინამდვილეში თუ მხატვრულ გამონაგონში. თუ ადამიანის “მე” გაბზარულია ცნობიერად და ქვეცნობიერად, მაშინ ის პროცესი იწყება, რასაც თვითონ გრიგოლ რობაქიძე “სულის დაშლას” უწოდებდა, წერს ა.ბაქრაძე. აქვე ამ მოვლენის შედეგიც კარგადაა ახსნილი: “ვისი “მეც” გაბზარულია, ის ძალადობას ვერ უძლებს. ვისი “მეც” მთლიანია, იგი უმკლავდება ყოველგვარ ძალმომრეობას. ეს მთლიანობა აპირობებს ადამიანის ბედს” (იხ. ა. ბაქრაძე, კარდუ ანუ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი. “ლომისი”, თბ., 1999 წ., გვ. 220-221).
ჩანს, ამგვარ გაუბზარავ, ძლიერ პიროვნებად ესახებოდა მწერალს მსოფლიო კინოლეგენდა, ჰოლივუდის უმშვენიერესი და უნიჭიერესი შვედური წარმოშობის მსახიობი, 1905 წელს დაბადებული გრეტა გარბო (გუსტაფსონი), რომელსაც პირველი კინოროლი 1922 წელს შეუსრულებია, 1926 წლიდან ჰოლივუდში გადასულა და აქედან მწვერვალებისაკენ მიმავალი გზაც გადაშლილა. გასული საუკუნის 30-იან წლებში მსახიობს საყოველთაო აღიარება მოუტანა დედოფალ კრისტინას სახემ ამავე სახელწოდების მხატვრულ ფილმში (1933 წ.), ანნა კარენინას როლმა “ანნა კარენინაში” (1935 წ.) და მრავალმა სხვამ. 1941 წელს გადაღებულ “ორპირ ქალში” წარუმატებლობისათვის გრეტა გარბოს კინოკარიერის გაგრძელებაზე საბოლოოდ უარი უთქვამს. მსახიობის შემოქმედების მკვლევარნი ხაზს უსვამენ მის უმთავრეს დამსახურებას: ჰოლივუდის იმდროინდელი გმირი ქალების ერთგვარ შაბლონურობას გარბომ ღრმა ტკივილითა და მგრძნობელობით აღსავსე, მდიდარი სულიერი სამყაროს მქონე მისეული პერსონაჟები დაუპირისპირა.
სწორედ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში შექმნილი გრეტა გარბოსეული დაუვიწყარი ეკრანული სახეების უშუალო გავლენით უნდა იყოს შთაგონებული გრ. რობაქიძის ბრწყინვალე ესსე “გრეტა გარბო, ვითარცა ზმანება დღევანდელობისა” (Gრეტა Gარბო, ალს თრაუმბილდ ვონ ჰეუტე), სადაც რობაქიძისეული განსაცვიფრებელი სიღრმითა და ფილოსოფიურობითაა გააზრებული მისი დიდი თანამედროვის სულიერი პორტრეტი, რომელიც, ვფიქრობთ, მსახიობი ქალის მხატვრულ პორტრეტთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო უნდა იყოს. გთავაზობთ ამ ესსეს.

ლიტერატურული ძიებანი XXVI, “მერანი”, 2005
მანანა კვატაია

გრიგოლ რობაქიძე – “გრეტა გარბო, ვითარცა ზმანება დღევანდელობისა”

შესაძლოა, მსგავსი რამ ბევრს განუცდია: ჩქაროსნული მატარებლით უკაცრიელი მხარის გავლით მიემგზავრები, განშორებული ყოველდღიურ საზრუნავს. უკვე გვიანი ღამეა. შემთხვევით კუპეში თანამგზავრიც არ გიზის. უაზრო სიმშვიდეში მთვლემარე არეულ ოცნებებს ეძლევი. მატარებელი ჩერდება: რომელიღაც სადგური. რამდენიმე წამის შემდეგ კარი იღება და უეცრად უცნობი ქალი გამოჩნდება. ის აუჩქარებლად ჯდება, პატარა ჩემოდანს სკამზე გვერდით მოიდებს და მასზე მარჯვენა ხელს ადებს. ის მთლად მზეთუნახავი არაა, მაგრამ აქვს რაღაც, რაც მამაკაცის უღრმეს ფესვებს შეარხევს. მისი თავდაჭერა: თვითდაჯერებული, თუმცა არა ხაზგასმული. მისი მზერა უძრავია. მხოლოდ ერთადერთხელ ის კაცს თვალებში ჩახედავს, გაუცხოებულად და თითქმის გამომწვევად – შემდეგ მკაცრად თვალს მოაშორებს. მამაკაცი მისი სინათლის ძალას შეხვდება. ორ არსებას შორის, რომელთა ცხოვრება ერთმანეთს არასოდეს შეხებია, დაძაბულობა იზრდება. იგრძნობა, ჰაერი რაღაც მოუხელთებლით იჟღინთება. ვინ უნდა იყოს ეს ქალი? რა ბედისწერა სთვლემს მასში? ყოველი კითხვა გამგმირავ სევდას ჰბადებს.
გრძნობ და მსჯელობ, უხმოდ და უსიტყვოდ. აზრები ვითარდება, მაგრამ მათი ხორცშესხმის გეშინია. დუმილში ქალი პურის მარცვალივით განაბულა, თუმცა მისი სისხლის ხმაურის მოსმენას შესძლებდი. მამაკაცი ხიბლში გარინდულა. ის ქალს თითქმის შინაგანად განსჭვრეტს, მაგრამ სიტყვას ვერ სძრავს. ქალი მის შეცბუნებას გრძნობს და საკუთარი ძალების დასამტკიცებლად ქალურ თრობაში ქვავდება. ამჯერად მამაკაცი შეირხევა, უხერხულ მოძრაობებს აკეთებს, ასანთს უკიდებს, ნერვულად ეწევა, კვლავ ხელში იღებს უკვე წაკითხულ ილუსტრირებულ ჟურნალს, გადაფურცლავს და შიგადაშიგ ქალს მალულ მზერას ესვრის. ამაოდ – ის გაცნობის საშუალებას არაფრით აძლევს. კიდევ რამდენიმე საათი და ქალი წყნარად ჩადის, მამაკაცს თვალებში ჩახედავს, მეორედ და უკანასკნელად, მოკლედ და მთლად გამსჭვალავად – მერე ის ქრება: შორეული ზმანება. კაცი ხელებით ჰაერს იჭერს, დაკარგული რომ დაიბრუნოს – ის გრძნობს მხოლოდ, რომ ქალმა თან წაიყოლა საკუთარი არსების ყველა გამონათება, ვითარცა აურისებრი გარსი. მამაკაცი კვლავ მარტო რჩება და ჯერ კიდევ შეცბუნებული იდუმალი ხატების ჩურჩულს გრძნობს. უეცრად იგი ხელთათმანს ხედავს, ქალს რომ დავიწყებია და ათვალიერებს მას, როგორც ყავის ნალექში მოჩვენებითი ხელის ანაბეჭდს სპირიტული სეანსის დროს. უძრავადაა, ვითარცა სიზმარში.
არსებითად, რა მოხდა? არაფერი. და მაინც, რაღაც მოხდა: ეს ხატება სასიკვდილო სარეცლამდე მუდამ მამაკაცთან იქნება. სინამდვილე ამგვარ მოვლენათა ვიბრაციაში იხსნება. პოეტის მოვალეობა და მისია ამ სახის ვიბრაციათა ხორცშესხმაა. ის ზმანებისათვის (ოცნების ხატისათვის) შინაგან ენას პოულობს და მას სურათოვან სიტყვებში მკაფიოდ გამოთქვამს, ზმანება რომ არ შეაკრთოს ან სულაც არ დააზიანოს. ბევრად უფრო ძნელია, ამ ხატებას ხორციელი ელემენტი შესძინო, რადგან ვიბრაცია სიმძიმესა და შეხებას გაურბის.
ამიტომ ჭეშმარიტი მხატვრობა გამოვლინდება, ვითარცა ნამდვილი მაგია. ამგვარად, ჩვენ შეძრულნი ვდგავართ რემბრანდტის “იაკობი ლოცავს შვილიშვილებს”-ის წინ, როგორც საოცრების წინაშე. თაობების ცვლის ბიბლიური სუნთქვა აქ დაბრმავებულ თვალებსა და წინასწარმეტყველურად მგრძნობიარე ხელშია, რომელიც შთაგონებული ლოცავს და სწორედაც, სრულიად მატერიალურად. უკანა ფონიდან ნათდება, ნელ ტალღებში ლივლივებს კიდევ ერთი უძველესი ფენა. ამ სურათში ათასწლეულების სურნელი განსხეულებულა. მოვლენის “მოყოლას” შესძლებდი: ეს მხოლოდ გადმოცემა იქნებოდა. მაგრამ აქ თვით ხელუხლებელი რეალობაა დაჭერილი: ჩვენ სურათს ვაკვირდებით და მასში ვცხოვრობთ. პირველყოფილი დრო თანადროულობაში შრიალებს _ ყოფნა ღვთაებრივში.
სიცოცხლის ამ გამოუთქმელად მოშრიალე სუნთქვას ყველა რასსა და ხალხი თავისი მანერისა და ძალის მიხედვით რომელიმე, უმეტესწილად, მდედრის სახეში ასხეულებდა, რამეთუ ქალი, მზით განაყოფიერებული დედამიწის დედა-წიაღი, მარად გვხვდება ერთდროულად როგორც მიმღები და როგორც შემქმნელი (საწყისი). ალბათ ამის გამოა, რომ ქალი ხალხის სულს უფრო ღრმად და ჭეშმარიტი სახით გადმოსცემს, ვიდრე მამაკაცი: მხოლოდ ქალის მეშვეობით შეუძლია უცხოელს გზა გაიკვლიოს სხვა ხალხის იდუმალი სულისაკენ.
ვათვალიერებთ ფარაონის მშვენიერ მეუღლე ნეფერტიტს: მისი იზისის ძალის საოცარ ხიბლში ჩვენს წინაშე ფარაონების ქვეყნის ნილოსის მთელი ველი გადაიშლება. უტა ფონ ნაუმბურგიც ამგვარად ზემოქმედებს: მისი ნაყოფიერი სითბოს ჩრდილოურ ნათელში ღრმად, მართლაც რომ ძირფესვიანად ირხევა შინაგანი ძალა გერმანელობისა. ამგვარ სახეებში დიადი საუკუნეები იყრიან თავს, რათა თავიანთი უკანასკნელი შთაბეჭდილების მოხდენას ეცადონ. მათში გარდასული ქმედითად და ცხოვლად გადმოიცემა.
ყოველ დროს თავისი საკუთარი ხიბლი და საკუთარი აღქმის ვიბრაციის ამპლიტუდა აქვს. ყოველი დრო საკუთარ, ერთჯერად ზმანებას ქმნის, რომელშიც ის თავის თავს წარმოშობს და ავითარებს. ამგვარი რამ ჩვენს საუკუნესაც უნდა ჰქონდეს. აღქმის სახე დროის შემზარავი ფენომენისადმი მიმართებით შევიცნოთ. ან დრო სრულიად დაკარგულია, რის შემდეგ ვცხოვრობთ, ვითარცა ცხოველები, მცენარეები და ქვები. ანდა ვცდილობთ, დრო უდროობაში გავშალოთ. აქ ორი გზაა გასავლელი. პირველი: დროს უკანდაბრუნებით დავძლევთ – შინაგანი ხედვის მეშვეობით, როდესაც თაურსაწყისს მთვლე¬მარედ უკანშევეზრდებით. ეს გზაა ძველი ჩინელებისა: “ქმედებაში არაქმედება”, ძველი ინდიელებისა: “ყოველივე, დროში წარმოჩენილი, მხოლოდ მაიაა, სინათლით აღსავსე ნათება”. ეს ასევე ქრისტიანული და ზოგიერთი სხვა ასკეტის გზაა: “დედამიწა ეშმაკის ჭურჭელია”. მეორე გზა: დროს წინსწრაფვით, ნებისყოფიანი ქმედების მეშვეობით დავძლევთ, ამასთან, დროის მონაკვეთი მოკლდება და ამით ირეალური ხდება. და ეს უკანასკნელი ჩვენი საუკუნის გზად გვესახება.
თანამედროვე ადამიანი დროს სწრაფად იმორჩილებს. იგი ავტომობილით საათში ასსა და მეტ კილომეტრს გადის, თვითმფრინავით კი – უფრო მეტს. ის რადიოტალღებით წამის მცირე ნაწილში თავის ხმას დედამიწის სფეროს ირგვლივ აგზავნის. მას სურს, თვალის დახამხამებაში მთლიანად სრულყოს საკუთარი თავი, იგი ცდილობს, მასში დროის მდინარება აბსოლუტური აწმყოს ერთ-ერთ სახედ შეინარჩუნოს. საშუალება, რომელიც მას ამისათვის ემსახურება, მანქანაა – მაგრამ მანქანა მასზე უკუქმედებას ახდენს, მაშინ, როდესაც ის მასში შეგრძნების ახალ ფორმას იწვევს. შევისწავლოთ ავტომრბოლერის ფსიქიკა. მას მოქმედებაში საზარელი ძალები მოჰყავს. იგი მათ იმორჩილებს, საშინელ სიჩქარეს ავითარებს, ნთქავს სივრცეს, დროს შემზარავად ამოკლებს. სისწრაფე – ის ამითაა შეპყრობილი. რაც შეეხება განვლილ მანძილს, ლანდშაფტთა ფრაგმენტებს, საკუთარ თავში ჩაძირულ წამებს – ეს მას არ აღელვებს. თავის შეგრძნებაში თითოეული დროის შუალედურ სივრცეს აქრობს. იგი უდროობას ან ზედროულობას გამოიხმობს. უდროობას ვერ აღწევს, მაგრამ მასში მიღწევის შესაძლებლობა ღვივის. მისი დაძაბულობა იმდენად აწეულია, რომ ეს შესაძლებლობა მიღწეულამდეა მიახლოებული და თითქმის უკვე აღსრულებულით ტკბება. წინაცდუნებით მოხიბლული, ის უდროო აწმყოს უსინჯავს გემოს: ახალი მისტიკოსი, სიცარიელეს რომ ეჯახება.
ეს ის წინაცდუნებაა, განსაკუთრებულ მგრძნობელობას რომ ქმნის. თითოეული, ვინც ტექნიკურ საუკუნეში ცხოვრობს, ამ უნატიფეს მემბრანას იღებს: ზოგნი მეტად, სხვანი – ნაკლებად. საშინელია ძალა, რომელსაც თანამედროვე ადამიანი ტექნიკის მეშვეობით იწვევს. თუმცა მას არც ზრდის, არც მომწიფების უნარი არა აქვს. ხე იზრდება, ყვავილი მომწიფდება, ელექტროდენი არც იზრდება და არც მომწიფდება. ის უბრალოდ აქ არის, თუმცა არა როგორც საგანი, არამედ საკუთრივ ძაბვა. Homo technicus, რომელსაც ეს ძალა მოქმედებაში მოჰყავს, მისგან უკუქმედებას განიცდის: დედამიწის წესით ისიც აღარ იზრდება და მომწიფდება. დედამიწა მზის მეშვეობითაა ნაყოფიერი: მიწის წიაღში მზის თესლი ანთებულ ფორმად იზრდება. თანამედროვე ადამიანი მიწას მექანიკურად ამუშავებს, თუმცა ამის შედეგად იგი საკუთარ თავში მზის ძალას ამცირებს. ის დაჩქარებაში ცხოვრობს და საკუთარ თავში ზრდას აფერხებს, მას აღსრულება წინდაწინ აცდუნებს და მომწიფებას ვეღარ ასწრებს. ძალით სავსე – ის მზით სუსტია. იგი თავისი ქმნილებით გაზრდილი არ ჩანს. არის წამები, როცა ავტომრბოლერი საკუთარ თავს თავისი მანქანიდან განთავისუფლებულად გრძნობს. თუმცა თრობა აქ უფრო ტკბილია: ეშმაკშემჯდარი მანქანა უფსკრულის გასწვრივ მიქრის, წამიც და კატასტროფაც აქვეა – ახლა ის მას ელვისსისწრაფით შეეხება და საფრთხეც გადავლილია. ნამდვილი ჯადოქრობაა – მაგრამ იგი აჩვენებს, რომ მძღოლი და მანქანა ცალ-ცალკე არიან.
შეუძლებელია ამგვარი სრული განცალკევება ცხენისა მხედრისაგან. და მაინც, ტექნიკოსის თანაგრძნობა თავისი ქმნილებისადმი უშუალო არაა. მფრინავი ან მძღოლი ნივთებთან მოპყრობაში ნეიტრალურნი ჩანან. ამ ტექნიკით გაცოცხლებულ ყველა ქმნილებას ვუყურებთ, ვითარცა მთვარეულ არსებებს უსაგნო მზერით. და აღსანიშნავია: ყველანი, ვინც დროის უკან დატრიალებას (მობრუნებას) ცდილობს, ჩინელი თუ ინდოელი, ბრძენნი თუ ყოველი ჯურის ასკეტი, თავის მხრივ, ზრდისა და მომწიფების მიღმა მდგომარენი, მუმიფიცირებულ სომნა¬ბულებს ემსგავსებიან, განსხვავება ძლივს შესამჩნევია.
ამგვარად ჩანს თანამედროვე ადამიანი: ძალით აღვსილი – თუმცა მზით სუსტი. დაჩქარებაში მას აღსრულების წინაცდუნება ეწევა, მაგრამ ეს წინაცდუნება მიწიერ მომწიფებას უსწრებს. მგრძნობელობის ეს სახე თავის სასურველ ოცნებას გრეტა გარბოში პოულობს. არა რეალურ შვედ ქალში, არამედ მის ფილმისეულ ხატებაში, რომელიც ბევრად უფრო რეალურია, ვიდრე თავად იგი. ის ლამაზია? ზედმეტი კითხვაა. უფრო ლამაზი ქალებიც არიან, მაგრამ ისინი ასე უცხოდ მომაჯადოებლად არ ზემოქმედებენ. სხეულის აგებულებით ის ტანადია, თუმცა არასაკმარისად მოქნილი. თავისი მაღალი ფეხებით კუთხურად მოძრაობს და მისი ჟესტები ხშირად მოუქნელია. თუ მის მხრებს მივაქცევთ ყურადღებას, ისინი ცოტა უხეშად მოგვეჩვენება. კაბა მისი სხეულის სრულყოფილებას არ გამოსახავს. მაღალი საზოგადოების ქალი თითქმის მის გემოვნების უქონლობაზე გაჭორვას შესძლებდა. და მაინც: მისი მომხიბვლველობა შეუდარებელია. პროფილში მისი შუბლი მკვეთრად წამოწეულია – ბავშვურად და ამაყად, ანფასში რბილი და ფართოდ ჩაღრმავებული – ნათელი და ჭკვიანი. გრძელი, მაღლა გადაჭიმული მომრგვალებული წარბები მბრძანებლურად რაღაც ამაღლებულს შემოსაზღვრავენ.
ხავერდოვანი წამწამები გლუვი ნიჟარებივით მგრძნობიარე-მძიმედ და მხნედ განლაგებულან, თითქმის თვითთრობაში. დიდი, ნათელი თვალები, რომლებიც ერთდროულად შიშსა და ნაღველს ასხივებენ, შემაშფოთებელი სიღრმიდან იმზირებიან. წყლიანი ცისფერ-მწვანე კრისტალები თვით თეთრი მზიდანაა. ისინი, ეს თვალები, აღუწერელნი არიან, რადგან უცხო სამყაროდან იმზირებიან. წარმოვიდგინოთ, რომ მოჩვენებითი მარტოობიდან დაბრუნებულნი, პირველად ვხედავთ ცოცხალი არსების თვალებს. მათ გაუცხოებულად შეშინებამდე და, იმავდროულად, ნეტარებით გამბედნიერებლად ზემოქმედება შეეძლებათ: შემხვედრი მზერით ისინი “მე”-ს პირველად ღვთაებრივ “შენ”-ში აღმოაჩენენ. გრეტა გარბოს თვალებიდან ამგვარი ზემოქმედება მოდის. აქ იგი მთლად ლეონარდოსეულია. და შემდეგ პირი: კეთილშობილად და ნატიფად გამოკვეთილი: იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ის სუნთქვაში მგრძნობიარე-უბიწო თრობას ინახავს. მზერა და პირი თითქმის არასდროს ემთხვევა ერთმანეთს: ბაგეები ხშირად მგრძნობარე-ნათელ სუნთქვას ასხივებს, მაშინ, როდესაც მზერა სევდით სავსე გლოვით გაქვავებულა. თავად პირი დროდადრო განსხვავებულად გამოვლინდება: მაშინ, როცა მარჯვენა კუთხე სიტკბოებას გამოხატავს, მარცხენა სიმწარით ისუსხება. და მაინც, ის ზემოქმედებს, ვითარცა სიცოცხლის ტოტალური ძალა, სრულიად მკაცრი ერთობ¬ლიობა. მასში უჩვეულო ცეცხლს გრძნობ, რომელიც მისი სულის სიღრმეში ანთია. იგი ჰერაკლიტეს გაგებით “ნოტიო” არაა, ის მშრალია, მიმქრალი, მთლად ჩრდილოური, თუმცა, ამასთან, უტას ნაყოფიერი ძალის გარეშე. გაქვს შეგრძნება, თითქოს ხორცშესხმული ნატიფი სინათლის ქსოვილია _ და არა პირიქით. მის მზერაში ჩრდილოეთის ციალი ბრწყინავს, არამიწიერი, მაგრამ არც ციური. შევადაროთ იგი მის დიდ კინო-კონკურენტს მარლენ დიტრიხს. მაშინ, როცა მარლენში აფროდიტური ტალღა მიწიერად განსახიერდება, ის, თითქმის ირეალურად, გრეტას ეთერულ სხეულშია. პირველს ცხოველის წამლეკავი ფლუიდები აქვს, მეორეს – მეტალის მბრწყინავი სიკაშკაშე.
ვინ არის იგი? ბაკხი ქალია, ვინც რჩეულს უგონოდ და მთლიანად ეძლევა, მაგრამ ამისათვის დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი და გონებადაბნელებული, მას ბრმად გლეჯს? არა. თუ ამაზონი ქალია, რომელიც ქალსა და მამაკაცს შორის დაძაბულობას გამოწვევად იღებს, გააფთრებული და გამხეცებული ერკინება შეყვარებულს? ასევე არა. ალბათ მენადაა, რომელიც მოახლოებულ დიონისეს სუნთქვაშეკრული გაშტერებული ელო¬დება, რათა შემდეგ უეცრად თრობის გაქვავება ყვირილში გადაამსხვრიოს და შიშისაგან გაფართოებული თვალებით საკუთარი თავი დაკარგოს, თრობის ღმერთს მიახლებულმა? სათუოა. თუ მადონაა, რომელსაც თავის წიაღში ღვთაებრივი თესლის ნათლად და ნეტარად მომწიფება შეუძლია? საეჭვოა: ის საერთოდ არაა დედა. მაშ, ვინ არის იგი? ვამპ-ვარსკვლავი ჰოლივუდიდან? ეს იაფფასიანი იქნებოდა. საერთოდ, არის კი ის ქალი? დროდადრო იფიქრებ, ჭაბუკიაო, როცა მას ხედავ: მამაკაცის ტანსაცმელი აცვია, ასე სწორედ ამ ილუზიას გახვევს თავს. და მაინც: ის ქალია და ზემოქმედებს, ვითარცა ქალი. არც ბაკხი ქალი, არც ამაზონი, არც მენადა, არც მადონა, არც დედა და არც კურტიზანი. ის ყველა ესენია, ერთადაღებული.
მაგრამ მხოლოდ როგორც შესაძლებლობა, წმინდა შესაძლებლობა, ვითარცა მუსიკალური ტალღა, უსაგნო და მაინც კონკრეტული. ამასთან, მნიშვნელოვანი არაა, რას გამოხატავს იგი, არამედ მხოლოდ თავად ექსპრესია (გამოხატვა). ის მას შემდეგაც გვაოცებს, რაც საკუთარ თავს უხამს ფილმში განახორციელებს. აქ უხამსობა მხოლოდ თემაა, რომელიც მას თვითგამოხატვის საბაბს აძლევს. იგი ეფერება, მრისხანებს, ბრაზობს, ნაღვლიანია თუ ბედს დამორჩილებული – ყველგან და ყველაფერში მხოლოდ წმინდა ექსპრესიაა. რასაც ის საკუთარ თავში გამოხატავს, ეს ექსპრესია სხვაგვარად მეტად არ არსებობს. თუმცა ექსპრესია მუდამ ტოტალურია, ვითარცა კოსმიური სუნთქვა. მისი სულიერი წყობა – წმინდა შესაძლებლობა – ექსპრესიის სრულყოფილებას ქმნის. მაგრამ ამის შედეგად შესაძლებლობა ისე მაღლდება, რომ უკვე თითქმის აღსრულებად ჩანს. მას ვერასოდეს მიუახლოვდები და მაინც, ის როგორღაც ხელშესახებია. მიწიერი არაა იგი, ალბათ არც ზეციური – და მაინც, მისი მგრძნობელობა არც მცირდება და არც იზრდება, არამედ, საპირისპიროდ, მაღლდება, იხვეწება და ძლიერდება.
ის საკუთარ თავს გადანერგავს როლში, თავად ცხოვრობს პიროვნებაში, ისტორიული იქნება, თუ გამოგონილი. მაგრამ იგი გმირ ქალს კი არა, მასში საკუთარ თავს წარმოადგენს. ის შემსრულებელი არაა: მოცემული როლი მისთვის მხოლოდ მასალაა, რომელშიც თავად საკუთარ თავს გამოხატავს. იგი საერთოდ არ თამაშობს, მხოლოდ საკუთარ თავს გამოსახავს. ის არც ანნა კარენინაა, არც დედოფალი კრისტინა, არც მატა ჰარი, ან სხვა ვინმე, მუდამ გრეტად გარბოდ რჩება, მაგრამ მუდამ ახლებურად.
იგი მხოლოდ საკუთარ თავს ხატავს. ის არაა მსახიობი, ის საკუთარი თავის გამომხატველია. აქ იგი მთლად ფილმისეულია და უბადლო რჩება. ის კინომ აღმოაჩინა, მან კი კინოში ჭეშმარიტად ფილმისეული ახალი სახით განახორციელა. დროდადრო იგი აქ სინათლის ქსოვილიდან შობილივით დგას, ტანადი და მაღლა აღმართული. მამაკაცს ნახევრადდახრილი წამწამებიდან ათვალიერებს და საკუთარ თვალებს მასზე შეჩერების ნებას აძლევს. ისინი – ეს თვალები –უჩვეულოდ ბრწყინავენ – აჯადოებენ, მაშინ, როცა ზემოქმედებენ. მამაკაცი, რომელიც მას ესიყვარულება, უკვე მის დამბლადამცემ სუნთქვას გრძნობს. მისი სხეული მოქნილია და ის მაღალ თეძოებზე მიირხევა. იგი იღიმის და ელოდება. ხანმოკლე საუბარი. ის ყოველ შეკითხვას ხვდება, მაგრამ პასუხით საკუთარ თავს არასოდეს გასცემს. საუბრობს გადაკრული სიტყვებით, რომელთა შესახებ მხოლოდ მარტო მან იცის, ორაზროვანნი რომ არიან. იგი კვლავ იღიმება და გრძნობს, რომ მამაკაცს სჯაბნის. ამის შემდეგ მისი გამჭრიახობა სულისშემძვრელია და მისი მგზნებარება მომხიბლველი. თავის მსუბუქი დახრა – გრაციოზულობით აღსავსე – და უეცრად სახიდან ღიმილი ჩამოსტყდება. ის ცახცახებს და კრთის, თითქოსდა მისი სხეულის ყველა ნაწილში ცეცხლის ნაკადია. მის წინაშე მამაკაცი შემცბარი და შეყვარებული დგას. ატმოსფერო სქელია, მძიმე. სუნთქვა ხშირდება და სურვილი ფრთას ისხამს. ახლა ის მხოლოდ სისხლსავსე ბაგეა, მზადაა, სიცოცხლით, როგორც მწიფე ხილით, პირი ჩაიტკბარუნოს. ის მამაკაცს ინსტინქტურად უახლოვდება და თავისი სულისჩამწვდომი ხმით რაღაცას ჩასჩურჩულებს. ევედრება ეს ხმა, ხმა გრეტა გარბოსი – მიძინებულ უფსკრულებს თუ სწრაფად დამამშვიდებლად ათვინიერებს. იგი მამაკაცს კოცნის, კაციც ეხვევა მას. ქალი ახლა მთლად განაყოფიერებაა და შინაგანად თავშეკავებული რჩება. მერე ის უეცრად თავს ითავისუფლებს და უმალვე მისი გაფართოებული აურა იცვლება. მისი თვალები ახლა მთლად გაუცხოებულად ზემოქმედებენ: ისინი ვერაფერს და ვერავის ხედავენ.
თრობაშერჩენილ ბაგეებზე გამოუთქმელი ნაღველი შეყინულა. შემდეგ ის შორეთს გასცქერის, ვითარცა გრძნობადაჭრილი. ახლა მთელი მისი ცხოვრება საფეთქლების ირგვლივ თავმოყრილი ჩანს. ქალი ეუცრად შეიგრძნობს, რომ იგი მხოლოდ შესაძლებლობაა და არასოდესაა აღსრულება. იქნებ წინასწარ გრძნობს, რომ მიწიერ დონეზე ყოველი აღსრულება კრახით უნდა დამთავრდეს. მის ირგვლივ გამოუთქმელი ტანჯვის შემოტევა იგრძნობა. და მაინც, იგი თავის გლოვაში ნათელი რჩება. მერე ის მეტად აღარაა მხატვრული სახე – იგი თითქმის მისტიკური რეალობაა, რომელიც შემდგომ ცოცხლობს და ზემოქმედებს.
ყოველ არსს თავის თავში აქვს რაღაც, რაც ურღვევია. ეს არსის შინაგანი ხატია. არსი ნივთებში გადადის, ამგვარად, ეს ხატი უკან, თაურსაწყისში რჩება. ეს მატერიალურადაა გამოხატული, შემდეგ ეს გამოხატულება, ვითარცა არსის ორეულს, მარადიული ხანგრძლივობით ინახავს. ეს იცოდნენ ძველმა ეგვიპტელებმა. დემოკრიტოსის “hyle”, როგორც ასევე პინდარეს “Eidolon”, არის ხატი, ეგვიპტურად გაგებული. ხატს თავისი საკუთარი სინამდვილე აქვს. ის პოეტებმა კი არ გამოიგონეს, მათ შინაგანად განსჭვრიტეს იგი. ჯოკონდა ქალური არსებაა, რომელსაც მისით შეპყრობილნი ლუვრიდან იტაცებენ, ნეფერტიტის თავსაც რეალურად
იყვარებენ. ახლა კინემატოგრაფმა ხატთა სინამდვილე ბრწყინვალებით ფანტასტიკურ სიმაღლემდე აიყვანა. მათ დინამიზმი შეიძინეს, ისინი ნახევრად ხელშესახებნი არიან და ლაპარაკობენ კიდეც.
ამ ხატთა შორის მბრძანებლობს გრეტა გარბოს ხატი, სულისჩამწვდომი სინამდვილე. ეს საოცარი ფილმური (კინემატოგრაფიული) სახე მოგზაურობს და ყველგან ჩნდება: ჩიკაგოსა და ნიუ-იორკში, პარიზსა და ბერლინში, რომსა და ლონდონში, ბუდაპეშტსა და ვარშავაში, ყველგან, დასავლეთში, ისევე, როგორც აღმოსავლეთში: თეირანსა და სტამბულში, კალკუტასა და ბომბეიში, ალბათ, ასევე, ერაყსა და ქაბულში – იგი მოგზაურობს და ყველგან ჩნდება, მაგრამ არა ისე უბრალოდ, როგორც სხვა ფილმური სახეები. მას თან მოაქვს ის, რაც ყველას აკლია: გრძნობიერი ხიბლის ახალი სახე. მილიონობით თვალი აღტაცებული მიჰყვება მის ყოველ მოძრაობას, რომელსაც ის ტალღებად ღვრის. მას, ამ სახეს, აქვს საკუთარი ბიოგრაფია, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა, აქვს საკუთარი ბედისწერა. ამასთან, ის ბევრზე ზემოქმედებს, ვითარცა ბედისწერა. მისით აღეტაცებიან, ოცნებობენ მასზე, ის ენატრებათ – აქ რეალური გრეტა არ იგულისხმება. ათასობით ადამიანი მის ფოტოსურათს თან ატარებს, ათასობით კი – მის ხატს საკუთარ თავში. ის მიუწვდომელია და, ამასთანავე, ის აქაა: ვითარცა ახალი სუკუბუსი ჯადოსნური სინათლიდან. მისით, როგორც ახალმთვარისეული მოქცევით, შეშლილნი არიან. ახალი სამყაროდან საოცნებო ხატივით გამოხმობილი, იგი ამ სამყაროზე უკუქმედებს. ის ქმნის სასურველ ატმოსფეროს, რომელშიც უკვე აღსრულების შესაძლებლობას, როგორც თვითგანცდილს, თან ახლავს უნატიფეს წიმაცდუნებათა სიჭარბე, ვითარცა თითქმის საბოლოო განხორციელება. იქმნება ახალი რასსა ქალებისა: “გარბოიდები”, თუ შესაძლებელია, მათ ამგვარად ვუწოდოთ. ხედავ ამ ქალებს – სტენოგრაფისტ-მემანქანეებს, გამყიდველებს, მანეკენებს, მსახიობებს, სპორტსმენებს, მაღალი და ნახევრადმაღალი წრის მანდილოსნებს – ხედავ მათ კინოსა და თეატრში, მოდისა და სავაჭრო სახლებში, გამოფენაზე, დოღსა და ავტორბოლაზე –ათვალიერებ სურათებსა და ფოტოებს მაღაზიებში, კინოთეატრებში, სპორტულ და მოდების ჟურნალებში. მას ყველგან პოულობ ამ მთვარეული სიშორით მზერაში და პოზის ამ დაუდევარი ნეიტრალურობით და ორივეში – თრობისმომგვრელად. მანეკენებშიც ამ ახალი რასსის ტიპი ირეკლება: მასში ყველაფერი ჯოჯოხეთურად მომხიბლავია – ეს მშვენიერებით აღსავსე ანემია, რომლის ქვეშაც ელექტრული ტალღის კაპრიზი იმალება. მაშინ, როცა თანამედროვე მამაკაცი მზით უძლურია, თანამედროვე ქალი მიწიერითაა დაღდასმული. თუმცა ორივე, ქალი და მამაკაცი, ფლობენ საშინელ ძალას, რომელიც პლანეტარულად ჯერ კიდევ დეფინირებული არაა. ალბათ, ჩვენ დედამიწის ახალი ევოლუციის წინაშე ვდგავართ. ოდესღაც, უძველეს ხანაში, დედამიწა ხომ მთვარესთან ერთად იყო! მაშინაც ხომ იყვნენ ადამიანისმაგვარი არსებები, რომელთაც შეგრძნებისა და აზროვნების საკუთარი მანერა (წესი) ჰქონდათ! ჩვენს წინაშე ტექნიკის მეშვეობით შეუმჩნევლად დედამიწის ახალი ევოლუცია ხდება. გზა მანიქეველების თერრა LUCIDA-საკენ, თუმც უაზრო, და მაინც გზა. კითხვაც არ უნდა: აქ, თუ სადღაც, ახალი აპოკალიპსი იწყება.
მაგრამ დედამიწა თავის დღევანდელ მდგომარეობაში ჯერ კიდევ ასე ადვილად არ უთმობს. ახალი, ტექნიკური საუკუნე უფრო მეტად მამაკაცში განსხეულდება, ვიდრე ქალში და თუმცა ქალთა ახალი ტიპების რასსა წარმოიშვა, უამრავი ქალი ჯერ კიდევ მიწიერი შეერ¬თებიდან მდიდარი რჩება. ძალზე ყურადსაღებია: თანამედროვე გერმანიაში, სადაც დედამიწის მითიურად შენახვას (დაცვას) ცდილობენ, ახალგაზრდა გოგონები სხვაგვარად გამოიყურებიან. შესაძლოა, მათგან ზოგიერთნი თავიანთ ოთახებს გრეტა გარბოს სურათებით ამკობენ – ამის მიუხედავად, ისინი “გარბოიდები” არ არიან. საკუთარ თავში ჩაძირულნი და ჩაღრმავებულნი, ისინი ამტკიცებენ, რომ Magna Mater-ის ქალიშვილები ჩვენს დროშიც იფურჩქნებიან. თუმცა სწორედ მიწიერი ქალები უაღრესად იტანჯებიან ცვლილებით, რომელიც, ჩანს, დედამიწას საფრთხეს უქმნის. დავუშვათ, რომ მიწიერად გაზრდილი ქალი მამაკაცის ახალ ტიპს “პოულობს”. ქალი სპონტანურად, ელემენტარულად ცხოვრობს, როგორც დედის წიაღი, ვითარცა დედამიწა და შეყვარებულს მთლიანად ეძლევა. მაგრამ შეუძლია თანამედროვე მამაკაცს საკუთარი თავი მას მთლიანად უძღვნას? ეს კიდევაც რომ მოენდომებინა, მაინც ვერ შესძლებდა. მას შეუძლია ქალს საკუთარი თავი მხოლოდ “ცალობით” (ნაწილ-ნაწილ) უძღვნას. ქალი ზრდაში სუნთქავს, მომწიფების სევდით სავსე. მაგრამ მამაკაცი? მის მამაკაცურ ფესვებში მზისძალისმიერი ჩანასახი დათრგუნულია. ამის გამო ქალიც ნაწილობრივ დაშლილი და დამსხვრეულია – და ვინღა არის ქალი, ვისაც თავის უჯრედთა სისტემაში მთლიანობა დაკარგული აქვს? საზარელი არსება, ნაჭერი არაბუნებრივისა. თავად დამახინჯებული – ახლა ის მახინჯად, ბრმად და ბნელად ზემოქმედებს. იგი ერთდროულად ნაზია და უხეში, ნამდვილი და ყალბი. მისი არსების ერთ ნაწილში არის რაღაც ჭეშმარიტი, რომელიც ამგვარად მეორე ნაწილთან შესაბამისობას მოკლებულია.
მას შეუძლია, ერთ მამაკაცს ფიზიკურად დამორჩილდეს, მეორეს – სულიერად – მაგრამ საბოლოოდ ის ორივე მათგანს ღუპავს. “სულიერ” მამაკაცთან იგი დამახინჯებულ, ველურ გრძნობებს აღძრავს, რომლებზეც ის კაცს არ პასუხობს, “ფიზიკურ” მამაკაცთან უნაპირო სულიერ წყურვილს აღვიძებს, რომლის დაცხრობაც მას არ ძალუძს. მაშ, ეს ისტერიაა? დიახ. მაგრამ ვინ გამოიწვია იგი? მთელი სწავლება ქალის – არსებითად მამაკაცურ – ისტერიაზე ხომ არ არის შურისძიება მამაკაცისა თავისი მზისძალისმიერი უძლურებისათვის? აქ ფესვგადგმულია თანამედროვეობის ტრაგედია საზარელი შედეგებით. სასურველი იქნებოდა, რომ ქალი, პოეტი ქალი მოსულიყო, რომელიც თავისი თანამლმობელი, თანაშემცნობი შინაგანი სამყაროდან თანამედროვე ქალის ტანჯული სულის გამომზეურებას (ხორცშესხმას) შესძლებდა. მისი ქმნილება საოცარი იქნებოდა.
და ახლა გრეტა გარბო – არა მისი კინემატოგრაფიული სახე, არა მისი “ეთეროვანი გარსი”, არა მისი “სინათლის ეიდოლონი” – როგორაა საქმე თავად მასთან?
მაცდური კითხვაა. ფილმურმა ხატმა მისი პიროვნული არსი მთლიანად ხომ არ გადაიწოვა? საკუთარი ბედისწერა მან საშინელ ძალას ხომ არ დაუმორჩილა? ის თავის ქმნილებას მთლიანად, სრულად ეძლევა – რას უბრუნებს მას კინოსურათი? მთელი მსოფლიოს სურვილისა და სევდის ტალღათა მილიონებს, რომლებიც მან, ვითარცა ზმანებამ (საოცნებო ხატმა) სიღრმისეულად შეარხია. კარგია, რომ ეს ტალღები დაუსრულებელ მრავალფეროვნებას მოკლებულნი არ არიან და ამის გამო ერთმანეთს გარდუვალად ანეიტრალებენ: თორემ ამ ტალღების საბრალო მიმღები მათ დამახრჩობელ დაწოლას როგორ გადაურჩებოდა? ალბათ ინსტიქტურად ისიც საფრთხეს გრძნობს და ცდილობს, თავიდან აიცილოს იგი. ამავე დროს ის – მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ქალი – თითქმის მთლად მარტოსული ცხოვრობს, კარჩაკეტილი, გადამალული. იგი გაურბის ფოტოგრაფებს, ჟურნალისტებს, ინტერვიუერებს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს მტანჯველად თავს არიდებს. შესაძლოა, აქ მცირედ როლს რეკლამა თამაშობს და ეს ცოტა პოზაცაა – სიღრმისეულად აქ სხვა ხედვას შევიმეცნებთ. თავის ფილმისეულ სახეში ის მთლიანად ცხოვრობს და, როგორც ადამიანი, გაშიშვლებული რჩება. იგი თავს საფარველახდილად გრძნობს და ცდილობს, კვლავ შეიბუროს. ის საკუთარ თავს ჯავშანში მალავს. ალბათ ბედნიერია იგი? კადნიერი კითხვაა. დღევანდელობის ზმანება (საოცნებო ხატი), ის ამ დროის მსხვერპლია.
ვითარცა მსხვერპლმა, მან ცალკეულ წამს საკუთარი თავი ნეტარებით აღვსილად უნდა იგრძნოს. მაგრამ რასაც “ბედნიერებას” უწოდებენ, მისთვის ჩრდილში უნდა დარჩეს. ადვილი საფიქრებელია, რომ ერთ დღეს იგი, ბედისწერით აღძრული, თავის საკუთარ ფილმს შეუმჩნევლად ეწვიოს. მაშინ მის საოცარ წამწამებს ორი დიდი ცრემლი დაამძიმებს – მსოფლიოს უმშვენიერესი და ყველაზე მწუხარე მარგალიტები.

გერმანული ენიდან თარგმნა მანანა კვატაიამ


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: