Posted by: burusi | 30/05/2009

გრიგოლ რობაქიძე – “ბაში-აჩუკ” (როგორც კინორომანი)

ბაში-აჩუკ

(როგორც კინორომანი)

აკაკი წერეთელი ცნობილია, როგორც მოშაირე.

როგორც პროზით-მთხრობელს მას არავინ იცნობს.

არც სტილისა და არც კომპოზიციის მხრით.

მრავალი მისი პროზაული ნაწერი დავიწყებასაა მიცემული. ბავშვობაში წაგვიკითხავს და შემდეგ დავიწყებისათვის მიგვიცია. შემთხვევით თუ ავიღებთ ხელში, შემთხვევით თუ გადავფურცლავთ, შემთხვევით თუ გადავავლებთ თვალს.

მეც ასეთი შემთხვევით მომიხდა მისი “ბაში-აჩუკის” გადაკითხვა.

კითხვა დავათავე და გაოცებული დავრჩი: პირდაპირ კლასიკური ნაწარმოებია. განსაკუთრებით ამბავის საოცარი ხვეულებით.

დღეს რომელიმე ნაწარმოების ხვეულებს კინოს ხაზებით ვზომავთ. თუ ამ ხაზებით გავზომავთ “ბაში-აჩუკს”, მივიღებთ იდეალურ კინორომანს.

შევჩერდები ზოგიერთ ადგილებზე.

კინორომანი უმეტეს წილ გაკვირვებით იწყება.

აკაკიმ იცის ეს საიდუმლო და ამბავს გაკვირვებით იწყებს: დიდი ციხე-დარბაზი არაგვის პირას ზაალ ერისთავის. ძველებური მუსაიფი თავადსა და მის ცოლს შორის. ცოლი გადასცემს ქმარს სიზმარს, რომელიც კირილე მღვდელს ესიზმრა. ქმარი მოიხმობს მღვდელს. მღვდელი მოუთხრობს სიზმარს:

ალავერდის მონასტერს გველეშაპი შემოხვეოდა. ხალხი იღუპებოდა. სამმა გმირმა გადასწყვიტა მისი დალახვრა. მოდის თეთრ-ცხენოსანი მხედარი და გველეშაპს ჰკლავს.

ამბავი თავდება. იწყება ნამდვილი საშინელი წვიმა.

მეორე დღეს გველეშაპივით მოვარდა ადიდებული და ნაპირებგადალახული არაგვი. ხალხში გამოცნობის ფიქრი იელვებს: “მართლა გველეშაპივით არ მოიკლაკნება ეს არაგვი?”… გაოცებას ემატება გაოცება.

ვიღაც მოხდენილი ჭაბუკი მოაპობს არაგვს. გიჟი თუა – ფიქრობენ. ცხენი დაიღუპება. ვაჟი გადარჩება. ზაალს უკვირს გაბედულობა და ვაჟკაცობა. “აფხაზურა” დაიღუპა. “არაბულა” აჩუქა. ვინ არის უცნობი?

კახეთიდან გამოგზავნილი იმერი. თავადი ბიძინა თხოვს ზაალს დახმარებას სპარსების წინააღმდეგ ამხედრებისათვის.

ზაალ ჭოჭმანობს. მოვლენ ქსნის ერისთავები – “შეთქმულები”. ინასკვება ძარღვი ამხედრებისა. მღვდელი მათ სიზმარში ნახულ მხედრებად იღებს.

უცნობის სახელი არ ვიცით, გვინდა ვიცოდეთ.

აკაკის უეცრად სხვა კუთხეში გადავყევართ.

იმერეთი. საწერეთლო. ბაქარა ბაქრაძე: კაცი დაწინაურებული. ჰყავს ერთი ვაჟი და ორი ქალი (ტყუპები). ჰყავს ძმა კიკო: კაცი შურიანი და ბოროტი. სახადი მოიტანა შორიდან. ბაქარა და მისი ცოლი სენმა წაიღო. ვაჟი მათი კიკომ ნებაზე მიუშვა. ქალები გადასხა ღვიმის მონასტერში. მაგრამ ვაჟი სახელოვნობს მაინც.

წერეთლის ქორი ხის წვერზე ჩამოეკიდა. უნდა აუშვან. ასვლა ხეზე შეიძლება, მაგრამ შტო კაცს ვერ დაიკავებს. გამოჩნდება ბაქარას ვაჟი. შეჩერდება. გადმოიღებს თოფს. იღებს ნიშანში, ესვრის. ქორი შეფრთქიალდება. ესვრის მეორედ. ქორი ჩამოეშვება და აფრინდება. დაედევნებიან. დაიჭერენ.

წერეთელი ბაქარას ვაჟს თოფს აჩუქებს ოქროთი შემოსალტულს. ამით შემთხვევა არ თავდება.

სარკმლიდან თავადის ასული უცქერს ვაჟს. მოხიბლულია. სიყვარულის გამჟღავნება, შეფიცვა. მაგრამ ქალის: “მიჩვენე საქმენი საგმირონი”, – და ვაჟი კახეთს წავა ბიძინასთან ქალის გულის მოსაგებად.

ეხლა ჩვენ ვიცით ვინაობა იმ ყმაწვილის, რომელმაც ზაალ ერისთავს თავად ბიძინასაგან ფირმანი მიუტანა.

ასეთი ხელოვნებით არის დაწყებული სიუჟეტი.

დაწყება უთუოდ არტისტული.

თან უაღრესად კინემატოგრაფიული.

მაგრამ კინორომანს ფართო არე სჭირდება.

აი ეს არეც.

კახეთის მეფე თეიმურაზ პირველი. ოდნავ გაბითურებული რუსთველთან შეჯიბრებაში შაჰ-აბაზი სწერს მას მუქარით სავსე წერილს: რად ემხრობი ჩრდილოეთსო. ყოყმანი. სძლევს სარწმუნოება. თეიმურაზ და მისი დარბაისელნი ჩრდილოეთს ირჩევენ. შაჰ-აბაზი ცეცხლითა და მახვილით ანადგურებს კახეთს. შემდეგ: გადაგვარება წარჩინებულთა და გაჭირვება გლეხობისა.

სხვანაირია თავადი ბიძინა. იგი არ ემორჩილება სპარსებს. მაგრამ საწადელს რომ მიაღწიოს, “გარეგან” გადავა სპარსელების მხარეზე. ემორჩილება და ემსახურება ალი-ყული-ხანს.

იბადებიან მეამბოხეთა გუნდები.

ბიძინა იდუმალ ემთავრება გუნდებს.

აი საერთო არე.

აი ვისთან არის ბაქარის ვაჟი.

შიგადაშიგ ნამდვილი კინოეპიზოდებიც.

ყეენის ტახტზე აბძანების დღეობაა.

იმართება ჭიდაობა. ქართველმა კოზმანიშვილმა დასცა სახელგანთქმული მოჭიდავე სპარსი. ეხლა უბძანებენ გოლიათ აბდუშაჰილს დაეჭიდოს ქართველ მოჭიდავეს. ვერავინ ჰბედავს შებმას. უეცრად გამოვარდება ბაქარას ვაჟი. წრე ირკალება. გაექანება შურდულივით. შეუვარდება ფეხებში. დასცემს გოლიათს. აბდუშაჰილ დაიკოდება ვაშკაცის შეურაცხებით.

იმართება ჯირითი. შემდეგ ყაბაყობა. ყაბახად ოქროს თასია დასმული მაღალ ჭადარის წვეროზე.

ვერვინ შეარხია ნიშანი. უეცრად გამოიჭრება ბაქარას ვაჟი. სტყორცნის ჯირითს. ჰკრავს შუაგულში და შეაგდებს მაღლა. თასი მოჰქრის ბზიალბზიალით. ცხენს ხის ძირში მიაგდებს. შეაყენებს უკანა ფეხებზე და ჰაერში მოავლებს თასს ხელს. შემდეგ გაემართება ჭენებით ქართველ დიდებულებისაკენ. ვითომ ზრდილობისამებრ აპირებს გადმოხტომას. მაგრამ გაქაფული ცხენი ხელს უშლის. მაშინ ცხენდაცხენ გაუშვერს თასს ერთ დიდებულს, მოღალატე მაყაშვილს, შეძახილით: ღმერთმა ნუ მოგვიშალოს გამარჯვება ბატონ მაყაშვილსო! მაყაშვილი წამოიწევს – და მისი თავი გადაკვეთილი მიწაზე კოტრიალობს. მხედარი გარბის.

ყვირიან. ბაში-აჩუკ! ბაში-აჩუკ!

კუნთების დაჭიმვა საზღვარზეა მისული.

აქ აკაკი შესვენებას იძლევა.

მაგრამ შესვენებაში შეჰყავს სხვა ხაზი.

იმერეთში ქართლის მეფეა სტუმრად (ვახტანგი). აბაშიძეებმა მიართვეს მას ათი ახალგაზრდა ქალიშვილი: ყეენისათვის დაგჭირდება საჩუქრადაო. წერეთლებს ეშურვებათ. კიკო ბაქრაძე აქაც თავს წამოჰყოფს, მისი რჩევით ვახტანგ მეფეს მიართმევენ ბაში-აჩუკის დებს საჩუქრად. საჩუქრისათვის საჩუქარი: დიდძალი ყმა და მამული ზემო ქართლში. მიჰყავთ ქალები.

მეფის ბარგს თავს დაესხმიან და ქალებს ანთავისუფლებენ.

ბაში-აჩუკიაო: ამბობენ.

ამბავის ხერხემალი იკლაკნება სხვანაირად.

უნდათ ბაში-აჩუკის დაჭერა. მრავალი ოქროა გადადებული.

ტერტერას ქვრივს თიმ-სალმაკოს ოქრო უყვარს. ეწვევა ნათლიდედას თევდორაანთ მელანოს. იცის: აქ დადის ბაში-აჩუკ. არ მიდის სანამ წვიმაა. შემდეგ დაიძინებს: ვითომ საძინებელი მიიღო. შემოდის ღამით ბაში-აჩუკ. გადასცემს მელანოს ყველაფერს. თიმსალმაკოს ყველაფერი ესმის.

ტერტერას ქვრივი მიდის ალი-ყული-ხანთან. გადასცემს: ამა და ამ ღამეს ბაში-აჩუკი იქნება თევდორაანთ მელანოსთანო. ალი-ყული-ხან მოიხმობს აბდუშაჰილს. უბრძანებს შეიპყრას ბაში-აჩუკი.

აბდუშაჰილ ნაღვლიანობს: როგორ დაეცეს თავს ქურდულად ვაჟკაცს?! მიდის მელანოსთან. გაოცდება მელანოს სიმამაცით და სიმტკიცით. იღვიძებს მასში რაინდული გრძნობა. გააფრთხილე ბაში-აჩუკიო: ეუბნება. მელანო გაოცებულია.

დანიშნულ დროს აბდუშაჰილ თავსდაესხმის მელანოს სახლს, მაგრამ გაფრთხილებული ბაში-აჩუკი იქ არ აღმოჩნდება. იმავე ღამეს ტერტერას ქვრივის სახლს გადაბუგავენ.

აბდუშაჰილის “ველად გაჭრა”.

აქ აკაკის შეაქვს რომანტიული ხაზი ფანტასტიური ელვარებით. კინოსთვის ეს ხაზი ულამაზესია.

აბდუშაჰილი ტყის პირასაა. შეხვდება შველს. ესვრის ისარს. დასჭრის, შველი გარბის, მიდის ლამაზ ქალთან. ქალი ისარს მოაძრობს. განბანს. აბდუშაჰილს მონადირე ქალღმერთი ჰგონია. უახლოვდება. ქალს გული წაუვა. ვაჟი აიყვანს ხელში მთრთოლვარეს. შველი წინ მიდის. ვაჟი მის კვალს მიჰყვება. მივლენ შუამთის მონასტრის გალავანთან. კარი დაკეტილია. დაასვენებს ქალს. გალავანს შემოუარს. მოდის უკან: აღარც ქალი, აღარც შველი.

სიყვარული და ნაღველი. გატაცება და საოცრება.

ამავე დროს სხვარამ იმართება.

ტერტერას ქვრივი შურს იძიებს. იგი დაასმენს: მეამბოხენი შუამთის მონასტერში იმალებიანო. ბრძანება: გადაბუგონ მონასტერი. ასეც მოიქცევიან. ჯარის უფროსს მოხიბლავს ერთი ლამაზი ქალი. გადაარჩენს: ხანს უნდა მივუძღვნა შენი თავიო. ქალი ფიქრებს იკრებს. სიკვდილს გადამარჩინე – მე ჯადოს მოგცემო: ეუბნება ქალი. რა ჯადო? აი ეს ხატი. უფროსი ეჭვობს. არ გჯერა? მაშ გულზე დაიკიდე და მე ხმალს დაგკრავ, კანსაც არ გაგიჭრიო: ეუბნება ქალი. უფროსი ყოყმანობს. მაშ მე დამკარ: ეუბნება ქალი. უფროსი ამართავს ხმალს. მოუქნევს. ხმალი ჰაერში გაუჩერდება: დაატყვევებს სილამაზე. აკი გითხარი, ჯადოა-თქო: ეუბნება ქალი. უფროსს გაიტაცებს ჯადოს სურვილი. ეხლა მოუქნევს და ქალი ორად გაიჭრება.

აქ კუნთების დაჭიმვა საზღვარს სცილდება:

აკაკიც მიმართავს სიყვარულის სილბილეს…

ეს ამბავი ყველას უხარია.

არ უხარია მხოლოდ აბდუშაჰილს. გავარდება. ნახულობს ორად გაკვეთილ ქალს. ცნობილობს: იგია, რომელმაც ტყის პირას დაატყვევა. ტირილი. ვაება. მიწას მიბარება. უკანასკნელი სევდა.

ხშირად ატარებს აბდუშაჰილ ღამეს ძვირფას სამარესთან.

აქ აკაკის შეაქვს კიდევ ერთი ულოდნელობა, რომელიც კიდევ უფრო რომანტიულია და კიდევ უფრო კინემატოგრაფიული.

ერთხელ საღამოს აბდუშაჰილს თავს დაადგება მისი საყვარელი ქალი. შიში. გაოცება. კანკალი. ქალი უეცრად სიტკბილედ აქცევს: შიშს, გაოცებას, კანკალს. მოკლული დაი აღმოჩნდება ტყუპის მსგავსი. გადარჩა მონასტრის აკლების დროს. სიხარული. აღტაცება. სიყვარული: უზომო, ნაპირებგადაღვარული. ფიცი.

მაგრამ აკაკის ფანტაზია აქ არ ჩერდება.

შეთქმულთა ჯგუფი. ღამით მიდის მათთან მელანო. მიაქვს ვახშამი. შემოუსხდებიან. ხმაური. წამოვარდებიან. შემოდის პირიმზისა (აბდუშაჰილის საყვარელი). გაუხარდებათ.

ტყვე მოგიყვანეთ: ეუბნება ქალი. გავარდება გარეთ და შემოჰყავს აბდუშაჰილ, უკანასკნელი დაიძახებს: ბაში-აჩუკ!

დიახ! აბდუშაჰილ ეს ბაში-აჩუკია და მე ამისი დაი: ეტყვის ქალი. სიჩუმე და გაოცება.

აბდუშაჰილ: გეძებდი მტერს, შეგხვდი მეგობარს.

ბაში-აჩუკ: შენ სტუმარი, ჩვენ მასპინძელი.

შემდეგ: კიდევ სიხარული და ერთმანეთის განდობა.

აბდუშაჰილის ვინაობა.

ბაში-აჩუკი ურჩევს აბდუშაჰილს, რომ მან მისი ფაფანაკი წაიღოს: ბაში-აჩუკის მოკვლის ნიშნად ვითომ. კიდევ ძმადფიცულობა და განდობა.

მელანო წასვლას რო დააპირებს, მხოლოდ მაშინ ამხელს: გამცილებელი სხვა საჭირო აღარ არის, ეხლა ჩემი ძმა წამიყვანსო… აბდუშაჰილ მელანოს ძმა ყოფილა. კიდევ უნდობლობა და გაოცება.

როგორც კინოში ყოველთვის:

აქაც ეს ყველაფერი უკვე მომხდარია, როცა ბაში-აჩუკი ბრუნდება ქართლიდან.

შემდეგ მოთხრობილია აჯანყება. გამარჯვება. რისხვა შაჰაბაზის. წამება გმირების. ბაში-აჩუკის დაქორწილება და სხვა. აქ ვათავებ.

ბაში-აჩუკი კინორომანია შესანიშნავი. არ არის არც ერთი ელემენტი, კინოს მახასიათებელი, რომელიც არ იყოს აქ უხვად მოცემული: გმირობა, სიყვარული, საოცრება, ამბავთა ერთი მეორეში პარალელური შეჭრა, ბუნება, შეთქმულება, ძმადფიცულობა, ხალხის ვარამი, ინტრიგის საოცარი ხლართი, დინამიურობა თანდათანი, მაგრამ შესვენებისათვის არაპირდაპირი, არამედ მიკიბულ-მოკიბული, და არ ვიცი კიდევ სხვა რა.

ცხადია, თვითონ შინაარსი თხრობისა თანადროულობას ვერ შეეფარდება იდეოლოგიურად. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბაში-აჩუკი ისტორიული მოთხრობაა. აქვე მინდა აღვნიშნო შემდეგი:

ფანტაზიის მხრით ამ მოთხრობას ქართულ ლიტერატურაში არა ჰყავს ტოლი. მე მაქვს მხედველობაში სხვადასხვა ხილვის ტეხილები. შემოქმედება აქ უფროა. მე მგონია, ბევრს უცხო განთქმულ ნაწარმოებსაც გაუტოლდება იგი ამ მხრით.

ამ ნაწარმოებით აკაკი წერეთელი ერთი ორად იზრდება.

რასაკვირველია, სტილი წერისა და ხორცი სიტყვისა ილია ჭავჭავაძეს უფრო უკეთესი აქვს. მაგრამ ილიას ფანტაზია აკლია. ასეთი ფანტაზია რომ ილიას ჰქონოდა, მისი ნაწერი უთუოდ მსოფლიო ფასეულობის იქნებოდა.

ჟურნალი “დროშა” N29 1925 წელი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: