Posted by: burusi | 30/05/2009

გრიგოლ რობაქიძე – “აკაკი”

აკაკი

(გარდაცვალების გამო)

“ვრცელ სასახლეში უძირო უფსკრულის პირას, საცა უხმო სიმთა ჰარმონია იბადება, წავიღებ მე ქნარს ჩემი სიცოცხლისას, მე მოვმართავ მას უკანასკნელად, – და როცა იგი ყოველს ხმას გამოიტირებს, მე დავდებ დადუმებულს ქნარს დიდი მდუმარის ფეხთა წინ”, ჰგალობს თავის სამსხვერპლო საგალობელს ინდოეთის მგოსანი – ქურუმი…

და აქ კი მისმა მოძმემ აღმოსავლეთის დიადი შუადღისამ, მოძმემ ფიქრმორეული შუადღისამ, უკვე მიართვა დადუმებული ქნარი თვისი სიცოცხლისა საიდუმლოთი მოცულს დიდ მდუმარეს…, მოჰკვდა აკაკი: ქნარი მისი სიცოცხლისა მოიმართა უკანასკნელად, გამოიტირა ყველა ხმა, – და ახლა ერთვის იმ საიდუმლო უფსკრულს, საცა უხმო სიმთა ჰარმონია იბადება…

გაჰქრა აკაკი ვით სიზმარი შუაღამისა… მაგრამ სხვა ქნარი მისი – აკაკის ხმოვანი სიტყვა?! ობლის საფლავზე რო საშინელი ქნარი საროტანს ლერწამს არხევდა ამოსაგლეჯად, იქ უნდა შვებულიყო ჰანგი აკაკისა. განმარტოვებულმა მწყემსმა რო ლერწამისაგან ტკბილი სალამური გამოსჭრა, მისგან უნდა ქმნილიყო ქნარი აკაკისა. მწყემსმა რო სალამურის დაკვრით მიწის სევდა ცათა მტრედისფერ სივრცეს მიმოასხურა, აქ უკვე უნდა ახმაურებულიყო საგალობელი აკაკისა…

და მოხდა კიდეც: მწყემსი აკაკია თვითონ და ლერწამის სალამური აკაკის სწორუპოვარი ქნარი…

და დაჰმღერს იგი თავის მარად სატრფოს, ივერიის მწვანე მდელოთა ტურფა ასულს. და აფრქვევს მას ღიმილს, სევდით შეკრულს მშვენიერს შუბლს ქალწულისას, აფრქვევს ღიმილს, უცნაურს ღიმილს…

უცნაური ღიმილი… აკაკის ღიმილი…

ღმერთებმა მიაფრქვიეს მას ყოველი: დიდი ნიჭი, სწორუპოვარი სილამაზე, გვაროვანება, სიმდიდრე… ჭეშმარიტად იგიც იყო “საყვარელი ღმერთთა და ადამიანთა”. იგი არ დადიოდა, იგი მოჰქროდა ყოველთვის, – რადგან მეტად იყო მასში ანაკადულებული ღვთიური მზეობა. მუზა მისი ნაზი იყო მსუბუქფრთოვანი, და არ იცოდა მან, რა არის ძალაობა, – რადგან ფრიად ძლიერად იყო იგი ფრთაასხმული შთაგონების მრავალფრთოვან ალით… და ჰქმნიდა მგოსანი თავისუფალი და აღფრთოვანებული ყოველთვის…

და თვითონ სიცოცხლე აკაკისა პოეზია იყო ნამდვილი. იგი ცოცხლობდა ყვავილთა სიცოცხლით, რომელთაც არ იციან ფიქრი სიკვდილით დაფერფლისა, – რადგან იციან: “ერთი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”. იგი ცოცხლობდა ბავშვთა სიცოცხლით, რომელთაც არ იციან ფიქრი გაქრობისა პირისაგან ქვეყნისა, – რადგან იციან: “უსაზღვრო ქვეყანათა ზღვის ნაპირას კიდევ შეხვდებიან სათამაშოდ ერთი-მეორეს”, და ცოცხლობდა მგოსანი ხალისიანი სიცოცხლით; და იცინოდა იგი ხალასი სიცილით, რომლითაც ძვირად თუ უცინია ვინმეს სამყაროში…

მაგრამ მახვილი მზერა ამ სიცილში რაღაც სხვასაც ამჩნევდა: იქ, საცა მის მარმარილოს ბაგეთა კუთხეს ღიმილი დაჰქროდა, იქ ოდნავ შავი სევდის ფრთის ახაზულიც მოსჩანდა… რა იყო იგი? ივერიის ტურფა ასულის სევდის ჩრდილი თუ იყო, რომელიც მგოსნის მზეობას ასეთ პირქუში ეფინებოდა?! ჰო! იგი იყო, ივერიის ტურფა ასულის სევდის ჩრდილი, სევდას რო ურევდა მგოსნის ღიმილს…

და “სევდის ღიმილი” აკაკისა ნარნარ ირონიას წარმოშობდა, მქრალ ირონიას რომანტიზმისას: მე კი მხიარული ვარ, მაგრამ ჩემი სიხარულის იქით მწუხრი იფარება; მე გამოვთქვი ჩემი შემოქმედი სახე, მაგრამ გამოთქმულის უკან იმალება უტყვი და უთქმელი, – აი რას ამბობდა იგი ირონია, მოლურჯო ყვავილის ირონია…

და განა, ჩვენი “მრავალ-ჟამიერ”, ძალზე მხიარული და თან ნაღვლით შეფერილი “მრავალ-ჟამიერ”, ამასავე არ იმეორებს ყველგან და ყოველთვის?! ჭეშმარიტად აკაკის ღიმილი ქართველთა სულის სუნთქვას აცნაურებდა…

რუსთაველის შემდგომ ქართველთა სიტყვის პირველი ხელოვანი აკაკია; აკაკი, როგორც მგოსანი რუსთაველის მოციქულია. ეროვნული სულის ცოცხალი ენტელეხია, ანუ ფორმა – ძალა, რომელიც ქაოსისაგან კოსმოსსა ჰქმნის სიტყვა არის უთუოდ. და აკაკი, როგორც მქმნელი ქართული სიტყვისა, ქართველთა სულის ენტელეხიის სხეულებაა ნამდვილი. სარო ტანი, მოხდენილი ქედი, მრავალფეროვანი ფრთა, მსუბუქუ ფრენა, – აი მოხაზულობა აკაკის სიტყვისა…

მაგრამ მის ხელოვნებითს მქმნელობაში ტანჯვასაც აქვს ადგილი, თუმცა მგოსნისათვის ეს მოვლენა შეუცნობელი დარჩა. ერთი ბრძენი ხელოვანის სიტყვით, ხელოვნებისათვის საჭიროა როგორც ცეცხლეული ელემენტი გენიისა, ისე სოველი და თბილი ელემენტი ტალანტისა: პირველი, როგორც შთაგონების ალი; მეორე, როგორც ალის სხეული. აკაკის შემოქმედ პიროვნებაში გენიის ცეცხლეული ელემენტი უფრო ძლიერია, ვიდრე სოველი და თბილი ელემენტი ტალანტისა, – და გენიის ალი უკვე ფერფლავდა მას მაშინ, როცა ალიანი სახენი ჯერ კიდევ ელოდნენ ტალანტის “შრომით” სხეულებას… ესაა მიზეზი, რომ აკაკი ვერ აღწევს რუსთაველობას…

გარნა, განსაცვიფრებელია მისი მგოსნური სტიქიონის “პოლიპერსონალიზმი” – სხვად ქცევის ნიჭი. თვითონ მგოსანი გვამცნობდა, რომ ხელოვანი “ესეც” უნდა იყოსა და “ისიც”, ცალ-ცალკე არც “მიწისა” და არც “ცისა”; იგი უნდა იყოს ნამდვილი ექო, რომელიც მისცემს ყოველს ხმას გამოძახილს, იგი უნდა იყოს ჯადოსანი ჭურჭელი, რომელიც დაიტევს ყოველს სასმელსა… და მგოსანიც ასეთი იყო სწორედ: გული მისი ღია იყო ქალურ-პლანეტარულ ყოვლის მიმართ, საცა კი სჩქეფდა მზიური ჩქერი ღვთაებისა…

და ჭურჭელი იგი დაიმსხვრა… მაგრამ შემოქმედი ჩქერი, რომელიც იშვოდა მასში, მარადია, რადგან წყარო ჩქერისა უკვდავი ღვთაებაა თვითონ. “დავეწაფნეთ ჩვენ ამა ჩქერს, განვიბანოთ გულნი ჩვენნი მისი ნაკადულით.

– და ნათელი მწუხარებით მივიღოთ მგოსნის მიცვალება…

გაზეთი “სახალხო ფურცელი” N205 1915 წელი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: