Posted by: burusi | 30/05/2009

გრიგოლ რობაქიძე – “აკაკი” (სიტყვა წარმოთქმული აკაკის სამოქალაქო პანაშვიდზე)

აკაკი

(სიტყვა წარმოთქმული აკაკის სამოქალაქო პანაშვიდზე)

შვება და არა ვაება; ლხენა და არა ტირილი: გენიამ გაიმარჯვა. ქაოსი მსოფლიო ისტორიაში: სიკვდილის ფრთებით აცმული ქარტეხილად ევლინება იგი სიცოცხლის მწვანე მდელოს და ულმობელ ლეწავს სიცოცხლის საროტანიან ლერწამსა… საქართველოს მრავალ-გზის განუცდია ქაოსის ბედითი საშინელება… მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოში ქაოსის ბრძოლა იმართება. პატარა გონება, რომლისათვის ისტორიაში ყოველი შემთხვევითი და წარმავალია; დიდი გონება, რომლისათვის ისტორიაში ყველაფერს აზრი აქვს… ლოგოსი – გენიის სათავე…, და გენია ამოტეხს ხოლმე იქაც კი, საცა ფერფლის მეტი არა დარჩენილა-რა… და ამოხეთქა ქართველთა გენიამ: მისი ნატეხები: ბარათაშვილი, ჭავჭავაძე, ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველი და აკაკი, რომლის ხსოვნას ჩვენ დღეს აქ ვეზიარებით…, ამ ვაჟთა შემოქმედებამ სძლია ქაოსი – და დაფერფლილი, დანაცრული საქართველოსაგან კვლავ იშვა ყვავილოვანი საქართველო, არსებობის “აზრით” ავსილი.

აკაკი. როგორ გაიშალა?.. ბნელი ტყე… მდუმარება… მარტოობა… ხე იწვის… ხე დაიძრა… თითქო გაფრინდა: ჰა, ეს ალ-ფრინველთა, ზღაპრული ფასკუნჯი… აკაკის ბუნება ერთიანად აიშალა: მოსწყურდა. კვლავ ეხილა ალ-ფრინველი… სამყარო ფერს იცვლის: არც სიცხადე, არც თუ ზმანება: მხოლოდ უფსკრულით ნელი შიშინი, ლურჯი ალით ალივლივებული… ჭაბუკი მგოსანი არ ცხრება: ნაღვლობს და ელის ალ-ფრინველს და უკანასკნელიც მოფრინდება… მოხვევს ჭაბუკს ალიან ფრთებს და აიტაცებს მაღლა… ჭაბუკი კი იწვის, მაგრამ რაღაც შვებასაც გრძნობს “იშვის მგოსნობის ენა, გენიის სიტყვა: სიტყვა – ვით ელვით შერუჯული ხე”.

ვისთვის ამეტყველდა? მგოსანს სხვა ფრინველის ხილვაც მოესურვა “ლურჯი ფრინველი: ივერიის მწვანე მდელოთა ასული: საქართველოს უკვდავი სული. მგოსანმა იგრძნო: ამ ფრინველის ხილვისათვის საჭიროა შთაგონების ალის ფრთების მძლავრი გაშლა, ხოლო ისიც იგრძნო, რომ გული თვისი ცეცხლად უნდა ექცია, სიყვარულის ცეცხლად და იწყება სოცოცხლე-ლეგენდა: შთაგონება მუდამ ალ-ფრინველით ცოცხლობს; გული ლურჯს ფრინველს უხმობს და იწვის თან, იფერფლება ნელინელ და აჰა, ივერიის მწვანე მდელოთა ასულიც მოფრინდება. რა სახით? მზე რომ აიმართა სიცოცხლის მფრქვეველი და მდინარის ფოლადათ გამდნარ ტანს დაჰმზერა, მდინარე შეირხა, ატორტმანდა და ამბორი იქცა ყვავილად, თეთრგულა ლოტოსად. ივერიის თურფა ასული ეს ლოტოსია. ასე იხილა მგოსანმა იგი და ჩვენც დაგვანახა იგი. ეს არის ლეგენდა, მაგრამ სინამდვილეზე უნამდვილესი. ეს არის აკაკის მგოსნური საქმე, რომელსაც ვერც ერთი მისი ლექსი ვერ შეედრება.

დაიწვა შთაგონების ფრთა, დაიფერფლა გული: უკანასკნელი მის ფეთქა კიდევ ტურფა ასულს უხმობდა. რით ვეზიაროთ აკაკის ხსოვნას? აქ ამბობდნენ: ქართველებს მრავალი მტერი ჰყავს. შესაძლოა. მე კი სხვა რამ მაფიქრებს: ქართველ ერს მხოლოდ ერთი მტერი ჰყავს: ეს არის თვითონ ქართველი ერი. პირველყოფილი ცოდო ქართველი ერის ისტორიისა: დაუნდობლობა, გაუტანლობა, შური, ღვარძლი ერთიმეორეში. უნდა მოისპოს ეს ცოდო… რით? სწორედ იმ ნიჭის გაღრმავებით, რომელიც აკაკის აცოცხლებდა… ამ ნიჭს ორი ცეცხლი აქვს: გენიის ცეცხლი, რომელიც შემოქმედებით შეიყვანს ქართველობას მსოფლიოში, და გულის ცეცხლი, სიყვარულის ცეცხლი, რომელიც განწმინდავს ქართველთა დაბერებულს თვისებას… ვიწვოდეთ ამ ორი ცეცხლით… და მაშინ ივერიის ასული პირქუში და თმა-გაწეწილი კი არ მოგვევლინება, – არამედ როგორც მხიარული ქალწული, ტყის უტეხი ტევრით გამოსული, რომელიც ცეცხლის რგოლებს ისვრის ზღვის მკერდზე – და ზღვის გული იწვის…

გაზეთი “სახალხო ფურცელი” N231 1915 წელი.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: