Posted by: burusi | 29/05/2009

გაიოზ მამალაძე: “შუა საუკუნეების ქართველები ხალხთა წარმოშობის შესახებ დიდ ცოდნას ფლობდნენ”

შუა საუკუნეების ქართველები ხალხთა წარმოშობის შესახებ დიდ ცოდნას ფლობდნენ

ზოგადად შუა საუკუნეებში და უფრო ადრეც (ამაზე სხვა დროს), ქართველი სწავლულები ხალხთა წარმოშობის შესახებ დიდ ცოდნას ფლობდნენ.

როცა ლეონტი მროველი ქართველთა და სხვა კავკასიელთა წინაპრების სახელებს ჩამოთვლის, ამბობს: “პირველად ვახსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა ამათ თვისთა ერთი იყო მამა, სახელად თარგამოს, ესე თარგამოს ძე იყო თარშისი, ძისწული იაფეთისი (იგულისხმება გამერი — გომერი), ძისა ნოესი”. შემდეგ ლეონტი მროველი განაგრძობს: “პირველსა ერქვა ჰაოს, მეორესა ქართლოს, მესამესა ბარდოს, მეოთხესა მოვაკან, მეხუთესა ლეკ, მეექვსესა ჰეროს, მეშვიდესა კავკას, მერვესა ეგროს”. ამის მერე იგი წერს, ერთი შეხედვით, საკვირველ სიტყვებს: `ხოლო ჰაოს უმეტეს გმირი იყო ყოველთასა, რამეთუ ეგევითარი არაოდეს ყოფილ იყო არცა წყლის-რღუნის წინათ და არც შემდგომად ტანითა, ძალითა და სიმხნითა”. ანუ ლეონტი მროველის სიტყვებით, ჰაოსი, სომხური წყაროებით ჰაიკი, რომელიც იყო ქართლოსის უფროსი ძმა, იყო ყველაზე უკეთესი ძმათა შორის და მთელი კაცობრიობის ისტორიაში. ამით, თითქოსდა ლეონტი მროველი აღიარებს თარგამოსიანთა შორის სომეხთა უპირატესობას.

ამ უცნაურობის შესახებ მეუფე ანანია ჯაფარიძე წერს: “სომეხთა წინაპრის ასეთი ქება, ადამის შთამომავალთა შორის ყველაზე უკეთესად მიჩნევა, თვით სომეხ მემატიანეებსაც არა აქვთ გამოთქმული, მით უმეტეს, რომ არმენიელები არც კი მოიხსენიებოდნენ ურარტუს სახელმწიფოს დაქცევამდე (ქრისტეშობამდე VI საუკუნეში), მსგავსი ქება კი ნამდვილად შეშვენოდა ალროდიელთ, ურარტუს ბრწყინვალე სახელმწიფოს მქონე ერს, რომლის დიდება, ძლიერება და ხელოვნება ძველ სამყაროში ერთ–ერთი უშესანიშნავესი იყო. ალბათ, ამიტომაც მიჩნეულ იქნა ალალთა ადგილას მცხოვრები არმენიელების წარსული ასე სახელოვნად.

ლეონტი მროველი ქართველთა და კავკასიელთა ეთნარქებს ერთმანეთის “თვისებს” უწოდებდა და ძმებად მიიჩნევდა, ანუ კავკასიელ ხალხებს ერთი ეთნიკური წარმოშობის მქონე ერებად მოიაზრებდა.

იბერიულ-კავკასიურმა ენათმეცნიერებამ, რომელიც მეოცე საუკუნეში შეიქმნა, ხანგრძლივი ძიებით დაასაბუთა კავკასიის მკვიდრ ერთა მონათესაობა. ამიტომაც უნდა ვიფიქროთ, რომ ლეონტი მროველს, ანუ მისი ეპოქის მეცნიერებას გააჩნდა რაღაც საბუთი, ანდა გადმოცემა კავკასიელთა მონათესაობის შესახებ. ხოლო თუკი მის მიერ ნახსენებ “ჰაოსის” ქვეშ ვიგულისხმებთ ურარტუელებს, მაშინ ჩვენს თვალწინ გაცოცხლდება თეორია ე. წ. ალაროდიელ ხალხთა ოჯახის (ე. ი. ძველ ურარტუელთა და სხვათა) მონათესაობის შესახებ.

არმენიელი ხალხი, როგორც აღინიშნა, ქრისტეშობამდე VI საუკუნეში ჩამოყალიბდა, ხოლო ლეონტი მროველი ქრისტეშობამდე ათასწლეულების წინ დებს თარგამოსისა და მისი ძეების კავკასიაში შემოსვლის თარიღს. ნიკო მარი მიიჩნევდა, რომ ამ ეპოქისათვის (ათასწლეულების წინ) იაფეტური (ქართველური) ენები მოიცავდა მსოფლიოს ვრცელ რეგიონს. ამ დროისათვის, მისი აზრით, ქართველური ენები გავლენას ახდენდნენ ფუძე ინდოევროპულზე, ურთიერთობა ჰქონდათ სემიტურთან, სომხურ ენას კი ნიკო მარი მიიჩნევს `ნარევი ტიპის” ენად”.

დღეისათვის კარგადაა ცნობილი, რომ ქართველებსა და არმენებს შორის დიდი განსხვავებაა, ჩვენ იბერიელ-კავკასიელები ვართ, ისინი ინდოევროპელები არიან (იბერიულ–კავკასიურის შენარევითა და ასევე, სხვა შენარევებით. მათ შორის, ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, სემიტურისაც). მათ ენაში დანალექი იბერიულ–კავკასიური ელემენტები არის შედეგი მათ მიერ ურარტუს ტერიტორიაზე მოსვლის შემდგომ იქ არსებული ალალების (ალაროდიელების, ურგართუს) და სხვა ქართველური ტომების ნაშთების ასიმილირებისა. ამას თავად ძველი სომეხი სწავლულები ადასტურებენ. ასე, მაგალითად, მოსე ხორენაცი წერს: `ბაბილონში ვაჟის, არამენიაკის შეძენის შემდეგ (ჰაიკი) გაეშურა ჩრდილოეთის მხარეებში მდებარე არარადის ქვეყნისაკენ თავისი ვაჟებითა და ქალიშვილებით… იგი მივიდა და დამკვიდრდა ერთი მთის ძირას, ვაკეზე, სადაც უკვე დასახლებულიყო მცირეოდენი ხალხი ადრინდელი გაფანტვის დროს, ჰაიკმა დაიმორჩილა ისინი და ააგო იქ სამემკვიდრეო სახლი… ამას ძველი ზეპირგადმოცემებიც ადასტურებენ… საკვირველია მემატიანის ნათქვამი, რომ ჩვენს ქვეყანაში მრავალ ადგილას გაფანტულად მკვიდრობდა მცირეოდენი ხალხი, ჩვენი ძირეული წინაპრის ჰაიკის მოსვლამდე”. ან კიდევ: “არამმა (სომეხთა წინაპარი, ჰაიკის შთამომავალი) უბრძანა იქაურ მკვიდრთ, შეეთვისებინათ სომხური ენა და ლაპარაკი”.

ზემოთმოყვანილ მაგალითებში კარგად ჩანს, რომ თავად სომეხმა სწავლულებმაც კარგად იცოდნენ, რომ მოსულები არიან კავკასიაში და ასიმილირებული ჰყავთ ადგილობრივი, ქართველთა მონათესავე ტომები.

ურარტუ სომხებს არ დაუმარცხებიათ და ვერც შეძლებნენ ამას. ურარტუ დაასუსტა ჯერ მონათესავე დიაოხთან და კოლხასთან ბრძოლებმა, თუმცა ურარტუ ორივეზე ძლიერი და, ალბათ, იმდროინდელი პროქართული სამყაროს ლიდერიც იყო, საბოლოოდ ურარტუს სახელმწიფო დაამხო კიმირიელებისა და სკვითების უთვალავი ურდოების შემოსევებმა და მიდიასთან ამ უკანასკნელთა კავშირმა. არმენები მოვიდნენ განადგურებული სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ადვილად დამკვიდრდნენ ურარტუს მიწა-წყალზე. მერე, თანდათანობით მცირეოდენი, გადარჩენილი ალაროდიელების ასიმილაციაც შეძლეს.

ლეონტი მროველი და მაშინდელი ქართული მეცნიერება კარგად იცნობდა ძველ ისტორიას და ურარტუელებს მიიჩნევდნენ ქართველთა ნათესავებად, ძმებად _ “თვისად”. და რადგან ურარტუს სახელმწიფო დიდი ხნით ლიდერობდა რეგიონში (ამ შემთხვევაში, ლეონტი მროველისთვის საინტერესო რეგიონში, კავკასიაში), იგი მიიჩნიეს თარგამოსიანთა, ანუ ყველა კავკასიელთა უფროს ძმად, ოღონდ ეგაა, რომ იმ ალაროდიელთაგან, რომლებმაც შექმნეს ურარტუს (ურ-ქართუს) უძველესი და უძლიერესი სახელმწიფო, აღარაფერი იყო დარჩენილი, არც რასა, არც ენა, არც ეთნოფსიქოლოგია და ა. შ. იქ ლეონტი მროველის დროს სრულიად უცხო რასა ცხოვრობდა, თუმცა უნდა გავიმეოროთ, რომ ცოდნა რეალურ საფუძველს ეყრდნობოდა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ანალოგიური ცოდნა ქალდეველთა, ისევე, როგორც ურარტუელთა ქართველურობის, ჩვენთან მონათესაობის შესახებ, ძველ საქართველოში მართლაც უნდა არსებულიყო.

დღეს ჩვენი მეცნიერი წინაპრების ცოდნას კავკასიელი ხალხების ნათესაობის შესახებ თანამედროვე მეცნიერება იზიარებს, ასევე შუმერთა-ძველ ქალდეველთა და ქართველთა ნათესაობის თეორიასაც უამრავი მეცნიერი ამტკიცებს. ამაზე უკვე ვისაუბრეთ და აღარ გავაგრძელებთ. მსგავსად ამისა, თანამედროვე მეცნიერები ადასტურებენ, როგორც ზემოთ ითქვა, ურარტუელთა და ქართველთა ნათესაობას. მწერალი, საზოგადო მოღვაწე და მეცნიერი, დიდი ქართველი ნაციონალისტი, წმიდა ილია მართალი წერდა: “დიახ, ბატონებო, ურარტელნი ქართველთა წინაპარნი ყოფილან, ქართველთა სისხლ–ხორცი ერი ყოფილა… ჩვენ უსაბუთოდ არ ვამბობთ ურარტელების ქართველობას”. ამ აზრის არიან მეცნიერები: ლენორმანი, ნიკო მარი, ა. გელოვანი, გ. ჩუბინიშვილი. თითქმის ასევე ფიქრობს სიმონ ჯანაშია და სხვები.
ურარტუული ენისა და ლექსიკისადმი დიდ ნათესაობას ამჟღავნებს სვანური კილოკავი და ჩაჩნური (ვაინახური) ენა.

ლეონტი მროველი მოღვაწეობდა, უფრო მიღებული თვალსაზრისით, XI საუკუნეში. შუასაუკუნეების პერიოდში საქართველოში არსებობდა დიდი ცოდნა ხალხთა ნათესაობის შესახებ.

ასეთივე ცოდნა არსებობდა, როგორც ჩანს, იესიან, დავითიან, სოლომონიანთა ქალდეველობისა და ქრისტესთან ნათესაობის შესახებ. სწორედ ამიტომ გაიკვალეს ასე ადვილად გზა დავითიან-ბაგრატიონებმა ძველ საქართველოში.

წყარო: Georgian Times, 2008.08.12


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: