Posted by: burusi | 28/05/2009

ია ვეკუა – მისტიკურად განცდილი გრანელი (თენგიზ ვერულავას წიგნზე “გრანელი”)

გაზეთი “24 საათი”, 28 მაისი, 2009 წელი.
ია ვეკუა – მისტიკურად განცდილი გრანელი (თენგიზ ვერულავას წიგნზე “გრანელი”)

ის პროფესიით ექიმია. მეტიც – ჯანდაცვის ეკონომისტი. ჯანდაცვის ეკონომისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრია, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი. ამჟამად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროში პენიტენციალური სისტემის ჯანდაცვის რეფორმირებაზე მუშაობს. აი, ასე – პროფესორ თენგიზ ვერულავას ერთერთი ყველაზე პროზაული საქმიანობა აქვს, თუმცა ეს მისი ცხოვრების მხოლოდ ერთი მხარეა. მეორე თენგიზ ვერულავა ყველაზე დიდ მისტიკოსებზე, დიდ ხელოვნებაზე წერს. წერს შთაბეჭდილებებს მათსავე შთაბეჭდილებებზე, ლიტერატურით ხატავს მათი ლიტერატურის ილუსტრაციებს.
რამდენიმე ხნის წინ გამომცემლობა “საუნჯემ” თენგიზ ვერულავას ახალი კრებული “გრანელი” გამოსცა. მასში ავტორის მიერ ადრე გამოცემული “პიკასოს’ გარდა, შევიდა თხზულებები ედგარ პოს, მარკ შაგალის, მიქელანჯელოსა და ტერენტი გრანელის შესახებ. ეს უკანასკნელი მთელი წიგნის ცენტრალური პერსონაჟივითაა, რომლის გარშემოც ავტორის ფიქრები და განცდები ნელ-ნელა იწყებს ტრიალს და საბოლოოდ ემოციურ და მძლავრ ქარბორბალად გარდაიქმნება. ავტორი თითქოს თავიდან შეიგრძნობს წიგნის თვითოეული გმირის ყოველდღიურობას და ჩვენც გვაქცევს იმ მორევის მონაწილეებად, სადაც ის უკვე დიდი ხანია ცხოვრობს.

– მიყვარს იმპრესიონიზმი, განცდა, როდესაც შთაბეჭდილებების ქვეშ ვექცევი. სწორედ ასეთ დროს მიჩნდება მსგავსი ტექსტების წერის სურვილი და ეს წიგნიც ამ განწყობით შეიქმნა. იყო მწერალი, პოეტი და ზოგადად ხელოვანი ძალიან რთულია, ამიტომ ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ გრძნობდნენ თავს ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება ხელოვნებას მიუძღვნეს. წიგნში მაქვს ერთი თავი, როდესაც ტერენტი გრანელი სოფლიდან თბილისში უკეთესი ცხოვრების საძიებლად ჩამოდის, თუმცა ვერაფერს აღწევს, ვერც უნივერსიტეტში მოეწყობა, ამიტომ საკუთარ თავს შეუმდგარ ხელოვანს ადარებს. ჩემი აზრით, სწორედ იგია შემდგარი ხელოვანი და პიროვნება ისევე, როგორც წიგნში შესული მოთხრობების დანარჩენი პერსონაჟებიც. თვითოეული მათგანი ბოლომდე გაჰყვა ხელოვნების გზას, რისთვისაც ამ გზას მთელი არსებით მიენდვნენ. ეს კი უდიდესი განსაცდელია, რომელსაც მხოლოდ ერთეულები უძლებენ. დანარჩენებისათვის კი ხელოვნების დევნა შუა გზაზე ხელმოცარეობით მთავრდება. როდესაც პიკასოზე ვწერ, ვახსენებ მამამისს, რომელიც ასევე მხატვარი გახლდათ, მაგრამ მტრედების ხატვის იქით ვერ განვითარდა. და როდესაც ნახა, რომ 13 წლის შვილის ხელოვნება ბევრად მაღლა იდგა, თავისი ფუნჯები და საღებავები მას უსაჩუქრა, თავად კი აღარასდროს დაუხატავს. ეს იყო ერთგვარი მსხვერპლთშეწირვის აქტი მამის მხრიდან შვილის სასარგებლოდ.

– თქვენი მოთხრობები არც მხოლოდ კონკრეტული პიროვნების ბიოგრაფიული ფაქტების აღწერით შემოიფარგლება და არც მხოლოდ მის ხელოვნებას გვაცნობს. გარდა ამისა, აღწერთ ისეთ ფაქტებსაც, რომლების შესახებ შესაძლოა არც არსებობდეს სარწმუნო წყაროები.

– წიგნში წარმოდგენილია მათი ცხოვრებისა და შემოქმედების სინთეზის აღწერა, თუმცა თხრობა პირდაპირ არ ხდება, რადგან ზოგ შემთხვევაში ეს შეუძლებელიც იქნებოდა. მაგალითად, ტერენტი გრანელის ცხოვრებაზე ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი და ჩვენამდე მხოლოდ მცირე დეტალებმა მოაღწიეს: რომ თურქი ასკერების წინააღმდეგ იბრძოდა, რომ Memento Mori მკვდარ საქართველოს მიუძღვნა, 1919 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით გაზეთი “ია” გამოსცა და ასე შემდეგ. ანუ უბრალოდ წარმოვიდგენ, როგორი განცდა ექნებოდა ამ კონკრეტულ მომენტებში ტერენტი გრანელს და ამ განცდების ფონზე ვწერ.
ტერენტი გრანელი შემოქმედებითაც და ბიოგრაფიითაც მისტიური, პესიმისტური განცდებით აღსავსე პიროვნებაა. 1921 წლის მოვლენების შემდეგ იგი სამშობლოს მკვდარ საქართველოს უწოდებს და წერს კიდეც:
“კვდება ეს მდელო და ეს ქარია და საქართველო ახლა მკვდარია”.
ის ალბათ ერთადერთი პოეტია, რომელსაც ერთი “წითელი” სიტყვაც კი არ დაუწერია, ამრიგად ადვილი წარმოსადგენია, რამდენად ღრმა და მტკივნეული იქნებოდა მისი განცდა საქართველოს გასაბჭოების გამო. მის მელანქოლიასა და პესიმიზმს აუღიარებლობა და დაუფასებლობაც განაპირობებდა. კრიტიკოსები არასდროს წერდნენ მის შემოქმედებაზე დადებითად, რასაც ძალიან განიცდიდა. განიცდიდა არა პატივმოყვარეობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ყოველ მის სიტყვას თუ ფრაზას საკუთარი სისხლით, მთელი სულით წერდა. იგი წერდა ხალხისათვის, იმ ხალხისათვის, რომელიც მას არ აღიარებდა. ეს კი სრულიად ბუნებრივი განწყობაა და არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამას არ განიცდის.

– თუ თქვენი წიგნის სარჩევს გადავხედავთ, არჩევანი საკმაოდ “რთულ” პიროვნებებზე გაქვთ შეჩერებული…

– ეს არჩევანი შემთხვევითი არ არის. ჩემი “გმირები” – ედგარ პოც, გრანელიც და ფიროსმანიც, რომელზეც ახლა ვწერ წიგნს, მისტიურები არიან. ფიროსმანსა და გრანელს შორის ბევრი პარალელის გავლება შეიძლება. არც ერთს მიუღია საუნივერსიტეტო განათლება, ისინი საკუთარი ცოდნით ქმნიდნენ და ამიტომაც იყვნენ გენიალურები. თითქოს ერთნაირია მათი ცხოვრებაც – ორივე მატარებლის კონდუქტორად მუშაობდა. სწორედ ამასთან დაკავშირებით დავწერე ერთ-ერთი თავი “ნიკალა კონდუქტორი”, როდესაც წარმოსახვით აღვწერ გრანელისა და ფიროსმანის შეხვედრას დუქანში. ისინი ერთმანეთს როგორც კოლეგები, ისე ელაპარაკებიან, ტერენტი კი სადღეგრძელოს სვამს: “კონდუქტორებს გაგვიმარჯოს!”
მისტიკოსია ფიროსმანიც. ავიღოთ თუნდაც მისი ცნობილი “ჟირაფი”. ცნობილი ფაქტია, რომ თბილისში ჩამოსული კონსტანტინე პაუსტოვსკი ზდანევიჩების სახლში იმ ოთახში დაბინავდა, სადაც სწორედ ეს ნახატი ეკიდა. მოგვიანებით კი იხსენებდა, ჟირაფი ისე მიყურებდა, რომ ვერაფრით შევძელი დაძინებაო. როგორც იცით, ფიროსმანს არასდროს დაუხატავს ავტოპორტრეტი, ამიტომ მიმაჩნია, რომ თავის თვალებს და სულს ასეთი სახით გამოხატავდა.
თითქოს ერთნაირია ფიროსმანისა და გრანელის სიკვდილიც – ფიროსმანის საფლავი არ გაგვაჩნია, გრანელის საფლავი კი ძლივს შევინარჩუნეთ. როგორც ცნობილია, მის დაკრძალვას თითო-ოროლა ადამიანი ესწრებოდა და სწორედ მათ შემოგვინახეს ცნობა, საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ. ეს ალბათ გენიოსთა ხვედრია – დაუფასებლობა და დავიწყება, მაგრამ საბოლოოდ მაინც აღიარება…

– იმისთვის, რომ ასეთი ადამიანების შესახებ წერო, ცხადია აუცილებელია მათ შინაგან სამყაროში მაქსიმალურად შეხვიდე, შეიგრძნო. თქვენ რა მეთოდს მიმართავდით?

– როგორც გითხარით, ტერენტი გრანელზე ძალიან მწირი ცნობები არსებობს, ამიტომ ბევრი რამ ჩემით მოვიძიე. ვიყავი სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც შემორჩენილია ცნობები მისი იქ ყოფნის შესახებ. ხშირად დავდიოდი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, მისი უკანასკნელი განსასვენებელის მოსანახულებლად. ცნობილია, რომ ტერენტი გრანელი ძონძებით დადიოდა, რადგან მან იქორწინა სიღარიბესთან და ხელოვნებასთან.

– ალბათ, თქვენთვის საინტერესო და აქამდე უცნობი აღმოჩენებიც მრავლად გააკეთეთ

– ცხადია, რაც უფრო ღრმად სწავლობ პიროვნებას, მით მეტ სიახლეს იგებ. პიკასოზე წერისას მამისა და შვილის დამოკიდებულება ჩემთვის აღმოჩენა იყო. მამას უყვარდა ტრადიციული ხელოვნება, შვილი კი თავისი ხელოვნებით ყველანაირ ტრადიციულს და დადგენილ წესს უარყოფდა და ანგრევდა. თუმცა ბოლოს, როდესაც პაბლო პიკასომ მამის მსგავსად მტრედი დახატა, ეს იყო მისი მხრიდან მონანიების ერთგვარი აქტი – უარყოფა, ბოლოს კი შერიგება. სწორედ ეს მიმაჩნია სიმბოლოდ ძველსა და ახალს შორის არსებული კავშირისა და შეუწყვეტელი პროცესისა. სწორედ ამ შემთხვევაში განმეორდა ის, რაც სოფოკლეს “ოიდიპოს მეფეშია”, შექსპირის “ჰამლეტშია”, ჭაბუა ამირეჯიბის “დათა თუთაშხიაშია” – მამათა და შვილთა თაობის შეჯახება და საბოლოო მონანიება.
გრანელში საოცარი სიახლოვეა მისტიკასთან, ქორწილი სიღარიბესთან, ცხოვრების ყოველდღიურობისაგან განთავისუფლება. ეს იყო ადამიანი, რომელსაც არასდროს ჰქონია მატერიალური სიმდიდრე და მხოლოდ ხელოვნებით ცხოვრობდა, სწორედ ისევე, როგორც ბერი ფრანციზ ასიზელი, რომელმაც დათმო სიმდიდრე, კეთილდღეობა და ყველაფრისაგან გაშიშვლებული წავიდა ტაძარში.

– წიგნში ასევე შესულია მოთხრობა “გოგჩა”. ეს არ არის ერთი რომელიმე პიროვნების ცხოვრებისა თუ შემოქმედების აღწერა, თუმცა კონკრეტული მოვლენისადმია მიძღვნილი.

– “გოგჩა” ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსის სათაურია, რომელშიც იგი იმ დროს საქართველოსთვის უკვე დაკარგულ განჯაში სტუმრობას აღწერს და საკუთარი თვალით ხედავს, როგორ ინგრევა ტაძარი. ჩემი “გოგჩა” კი აგვისტოს ომს მივუძღვენი და იგი მთლიანად ასახავს ჩემს განცდას ამ ომის მიმართ. მაშინ მე დავინახე კიდევ ერთხელ “მკვდარი საქართველო”. თუმცა მეც, ისევე, როგორც ტერენტი გრანელი არ ვიმეტებ საქართველოს ბოლომდე სიკვდილისათვის და მის სიტყვებს მოვიშველიებ: “ლაზარე აღსდგება მკვდრეთით, აღსდგება როგორც ღვთის სიყვარული! მას ვამბობ, როგორც ვამბობდი, კმარა, მზეო ამოდი, ამოდი ჩქარა!”


Responses

  1. rogor ar vafasebt aset adamianebs…
    Yvela aseti didi sulis adamiani martoobisatvis da sigijisatvis aric ganciruli…tumca, sheidzleba es iyos yvelaze magali pilotajic…

    pativiscemit,

    M.I.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: