Posted by: burusi | 27/05/2009

მიხო მოსულიშვილი – “პარიზს მიიჩქაროდნენ”

ქაქუცა (ზის ცენტრში) რაზმელებთან ერთად საფრანგეთში

ქაქუცა (ზის ცენტრში) რაზმელებთან ერთად საფრანგეთში

(სათავგადასავლო მოთხრობა)

მესინაში ჩამოვიდა ერთი კეთილშობლი ქართველი, სახელად ნიკიფორე ირბახი, რომელიც იყო საქართველოს უპირველესი სენიორი უკეთილშობილესი გვარისა.

არქანჯელო ლამბერტი, 1626 წელი.

ღვინობისთვეს ადრე კაი ქარი მოვიდა. ღვთის სახელზე წამოვედით მისინასაკენ. ას ორმოცდაათი მილი პალერმოდამ მისინა იყო. მისინას მივედით.  დიდი და კარგი ქალაქი იყო. ათი-თორმეტი მაგარი ციხე იყო ნაშენი, რომ ერთი სახლი ეგონებოდა, და ის დიაღ მომეწონა.

სულხან-საბა ორბელიანი, 1714 წელი.

1. ქრისტეს შემდეგ ათას ცხრაას ოცდაოთხი წლის შემოდგომა იდგა, ღვინობისთვის ცხრა.

საღამოვდებოდა. ბინდისფერი ედებოდა გარემოს.

ჩასავალთან მიღწეულ მზეს ცაში ოქროსფრად მოევარაყებინა მუქი ღრუბლები, ლეგლურჯი ზღვის ზედაპირზე კი ვერცხლისფერი ბილიკი გაეჭიმა.

ისმოდა ჰაერში მონავარდე თოლიების ჩხავილი.

ტალღები ხმაურით აწყდებოდნენ ქვიშიან ნაპირს, თეთრად ქაფდებოდნენ და კენჭებს აჩხრიალებდნენ.

ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ლამაზ სანახაობად გადაშლილიყო ქალაქი მესინა.

ლამპიონებს გაეჩირაღდნებინა პორტი, რომლის ფილაქნით მოგებულ მისადგომზე მილეთის ხალხი ირეოდა და სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდა. აქვე გაიგონებდით მტვირთავთა გამაფრთხილებელ სტვენას ანდა შეძახილს სიცილიურ დიალექტზე.

დაკვირვებული თვალი უმალ შენიშნავდა უცნაურ სამოსში გამოწყობილ ექვს უცხოელს, ერთ სკვერში დარგულ ვაზს რომ შესცქეროდა.

ალბათ, იქ მყოფთაგან არავინ უწყოდა, რომ იმ ქვეყანაში, საიდანაც შავ-თეთრ ჩოხიანი კაცები იყვნენ, ვაზს მისტიკური მნიშვნელობა ჰქონია ძველთაგან. იქ ღვინოს ზოგჯერ “ქრისტეს სისხლს” ეძახიან დღესაც. ხოლო წინათ, მეოთხე საუკუნეში, ვაზის მორჩებისაგან გაკეთებული და საკუთარი თმის ღერებით შეკრული ჯვრით მისულა წმინდა ნინო კაბადუკიელი და ქრისტიანებად მოუქცევია ღვთისმშობლის წილხვდომილ მიწაზე მცხოვრები ადამიანები; იქაურებს თითქმის ავადმყოფურად უყვართ სამშობლო, ხანგრძლივად სხვაგან ვერ ძლებენ და, იმ ერის შვილებს – სისხლს სისხლთაგანსა და ხორცს ხორცთაგანს – ქალაქ მესინის პოტში ნანახი ვაზი მამულს თუ გაახსენებს, ამაზე ნუ დავძრახავთ…

ნუ დავძრახავთ, რადგან ეს ექვსი კაცი – დამარცხებული და გამწარებული, მრავალი ბრძოლის გადამხდელი, ტყვიების წვიმას გადარჩენილი, მშობელ ქვეყნიდან გამოქცეული, რამდენიმე თვეს ზღვაზე წინაუკმოდ მოხეტიალე, ზამთრის მგლებივით დამშეულ დარდებს შუაში მოუქცევიათ და ისე შეჰყმუიან, სისხლი ეყინებათ ძარღვებში.

დაძინების წინ, მარტო დარჩენილს, მრუმე სევდა – ეს მჭვარტლიანი და ბანჯგვლიანი ბებერი ქაჯი – დაგეჯღანება, თითქოს ისედაც სახე ნაოჭებით არ ჰქონდეს დაღარული, “საქართველო აღარ გაქვსო”, ჩაიქირქილებს, კლანჭებს ჩაგიჭერს, სისხლს გამოგადენს; გაგამწარებს, თუმცა ჯერ ხმას ვერ ამოგაღებინებს, ხოლო მერე კი გულს მოგიძებნის და ისე გიჩხვლეტს ყოველი კლანჭით, თუ აქამომდე ითმენდი ტკივილს, ტანჯვას უძლებდი, ახლა უნებურად ცრემლი მოგადგება და ლამისაა იყვირო.

ჰოდა, ახლა დგანან და, ვაზის დაგრეხილ რტოებს მიმოაყოლებენ მწუხარე თვალებს, შავ მტევნებს მზერით ელაციცებიან და იხსენებენ:

გადამწვარ მშობლიურ სახლებს,

დედათა უცრემლო მოთქმას,

დახვრეტილ მამებს,

საპატიმროებში მათრახებით დალურჯებულ და დასისხლიანებულ ცოლებსა და ციხეებშივე გამომწყვდეულ მცირეწლოვან შვილებს, უპატრონო ბავშვთა სახლებში თუ ყინულოვან მხარეებში რომ მოელით გაზრდა – ღმერთო, უშველე ყველა გაჭირვებულს…

არა, ამ ქალაქში არ უნდა მოსულიყვნენ.

საოცარია, ეს აივნებიანი სახლები, ქვაფენილიანი ქუჩები, მოკირწყლული ქუჩაბანდები, უძველესი ციხე-სიმაგრეები, სახურავზე ჯვარდამდგარი ეკლესია, ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილი შავგვრემანი და მწვანეთვალება ქალის ღიმილი, ხმამაღლა მოლაპარაკე კაცთა მზერაში ჩაგუბებული ფეთქებადი ვნებები, დუქნებიდან გამოსული ღვინის გემრიელი სუნი – როგორ ახსენებთ თავიანთ თბილისს.

– რესტორანში გეპატიჟებით, ბატონებო! – თქვა ერთმა მათგანმა, ზღვისკენ გაიხედა და ცრემლი მალულად შეიმშრალა.

– სიამოვნებით გეახლებით, ბატონო ქაიხოსრო! – მიუგო შავებში ჩაცმულმა, ხელჯოხიანმა, მოხდენილმა ფრანტმა და სიგარა გააბოლა. იგი ევროპულად გამოწყობილიყო და ზემოთ აღწერილი დარდი რომ არა, ელისეს მინდვრებზე მოსიარულე დარდიმანდი ეგონებოდა შემხედვარეს.

– რას იტყვი, ლევან? – სუფთად პირგაპარსულ თეთრჩოხოსანს დაეკითხა იგი, ვისაც ქაიხოსრო უწოდეს.

– ანდრონიკაშვილი ჩოლოყაშვილს რაში ჩამორჩენია, ქაქუცავ ჩემო, მხოლოდ ეგაა, ნიკოლოზისჟამს ერთი ჩინით გამასწარი! – ჩაიღიმა კითხულმა და ჩვეულებისამებრ, ნაიარევ შუბლზე მოისვა ხელი.

– თქვენი ხრმალი და ჩვენი კისერი, ბატონო ქაიხოსრო! – თქვა გვერდიგვერდ გაჩერებული ორი ყმაწვილიდან ერთმა.

– მეც ძმადნაფიცის გვერდით ვიქნები! – თქვა ხევსურულ ტალავრიანმა დევკაცმა.

– მაშ, აქეთ მობრძანდით, ბატონებო! – ბრძანებასავით გამოუვიდა ქაუცა ჩოლოყაშვილს და რაკი იქითა მხარე ნანახი ჰქონდათ, პორტისგადაღმა,შადრევნებიანი პარკის იქით მდებარე მოედნისკენ გზა დაუთმო დანარჩენებს.

– საკუთარ მამულში ხომ არ გგონია თავი, – გაეცინა ლევან ანდრონიკაშვილს, – მაქეთ საით გვეპატიჟები, ვეჟო?!

– ოტელი შევნიშნე იმ მოედანზედ! – მიუგო ქაქუცამ.

– მერმე, ჰოტელი რა ბედენაა? – გაიკვირვა ერთმა ყმაწვილმა, ჩოხის შიდა ჯიბიდან პორტსიგარი ამოიღო, გახსნა და ჯერ ქერათმიან მეგობარს მისთავაზა სიგარეტი.

– ყოველ ჰოტელს რესტორანიც აქვს. – აღნიშნა ფრანტმა, – წამობრძანდით, ბატონებო! – და ხელჯოხის კაკუნით პირველი გაეშურა იქით.

მოედანი, სადაც ნაირ-ნაირი ავტომობილები ირეოდნენ, ლამპიონებითვე იყო განათებული. მის ერთ მხარეს “როლს-როისები” გაეჩერებინათ. იქვე წამომართული შენობის თავზე ელექტრორეკლამა: “ჰოტელ – “პარიზ” – ინთებოდა და ქრებოდა.

შესასვლელთან მისულთ გასუქებული, ლურჯფორმიანი შვეიცარი გადაეღობათ, თავზე კოკარდიანი ქუდი ეხურა, და რაღაც თქვა ადგილობრივ დიალექტზე.

– რა ბრძანეთ? – ფრანგულად დაეკითხა ჩოლოყაშვილი, წინ ის მიდიოდა.

– კბილებამდე შეიარაღებულებს ვერ შეგიშვებთ! – ფრანგულადვე მიუგო ლურჯფორმიანმა, ალბათ, ეს ენა მშობლიური იყო მისთვის და მოსულის ხმალ-ხანჯალი და ტყავის ბუდიანი რევოლვერი ეჭვით შეათვალიერა. მისი შიში უფრო გაძლიერდა, როცა ნახა, რომ სხვებიც, ერთი პენსნეიანის გარდა, ამგვარად იყვნენ შეიარაღებულნი.

– როგორ თუ ვერ შეგვიშვებთ? – იწყინა ქაქუცამ და ანდრონიკაშვილმა შენიშნა, ნაკვერჩხლები აუკიაფდა თვალებში.

– გარწმუნებთ, აქ არავინ გვყავს მოსაკლავი! – თავი გამოიდო შავფრაკიანმა, თუმცა მარცხენა ფერდთან, იქ, სადაც წესით და რიგით, ჯიბე უნდა ყოფილიყო, იმასაც საეჭვოდ გამობეროდა ფრაკი.

– მაშ, ეგ იარაღი რაში გჭირდებათ? – ჩაიცინა პუტკუნა შვეიცარმა, – ეგ საკენკი თქვენს ქათმებს დაუყარეთ!

– თურქეთში შეგვიშვეს, გემზეც არაფერი უთქვამთ და თქვენი რესტორანი რა გასდა ასეთი?! – გამომწვევად დაეკითხა წინ წამომდგარი ანდრონიკაშვილი და ქაქუცა მიხვდა, ცუდად იყო საქმე, ლევანი აღარ გაჩერდებოდა; კიდევ იმან დააიმედა, რომ პოლიციელი არ ჭაჭანებდა არსად.

– არავითარ შემთხვევაში! – თავისაზე იდგა ლურჯფორმიანი, თან შიგნით აპირებდა შესვლას.

– მე კი ავდგები და აქედან პირდაპირ საქათმეში გისვრი! არა მგონია, იქიდან დიდი ხნის გამომძვრალი იყო! – ვეფხვივით დაუღრინა ლევანმა, ციმციმ ასწია ამხელა კაცი და ჰაერში სასაცილოდ ააფართხალებინა ფეხები.

აყვირდა შვეიცარი.

ოტელიდან ვიღაც-ვიღაცეები გამოვიდნენ, წინ შავკაბიანი, მოხდენილი ქალი მოძღოდათ. გრძელი, ოდნავ ხვეული თმა უკან წაეღო, შეეკრა და სარჭებით დაემაგრებინა, – ლამაზი იყო.

– რა ამბავია, ფრანსუა? – მკაცრად დაეკითხა ისევ ჰაერში მყოფ მოსამსახურეს.

– დამსვას და ვიტყვი

უცხოელმა ძირს დაუშვა ერთიანად გადალურჯებული შვეიცარი.

– ამ… ამ იარაღიან გადმთიელებს რესტორანში ნებავთ შემოსვლა, მადამ! უფლებას არ ვაძლევ და, მაპატიეთ გამოთქმაზე, საქათმეში გისვრითო, მემუქრებიან!.. მესმის, დონ ჯოტოს ხალხი იყოს!

ქალმა მოსულნი შეათვალიერა და ყველასათვის მოულოდნელად, ევროპულად ჩაცმულ პენსნეიანს გაუღიმა:

– კახაბერ ამილახვარს ვხედავ თუ მეჩვენება?!

– თქვენ არ შემცდარხართ, მადამ ანრიეტა სარდუ! – ქუდი მოხდენილად მოიხადა ამილახვარმა, მანდილოსანს მიუახლოვდა და გამოწვდილ, გრძელთითებიან ხელზე ეამბორა.

– აქეთ რა ქარმა გადმოგაგდოთ?

– გრძელი ამბავია, მადამ, მაგრამ თუკი ინებებთ, აქვე გიამბობთ…

– ესენიც თქვენთან არიან? – დანარჩენები შეათვალიერა ანრიეტა სარდუმ.

– დიახ!

– შემობრძანდით, ბატონებო! – თავაზიანად გაიღიმა ქალმა და სტუმრებს განათებულ ვესტიბიულში შეუძღვა.

2.რესტორანი, რომელშიც ექვსი ქართველი ემიგრანტი და მადამ ანრიეტა სარდუ ისხდნენ კუთხეში დადგმულ მაგიდასთან, ფერადი შუქებით იყო განათებული.

ერთ მხარეს არცთუ პატარა სცენა მოეწყოთ, დარბაზზე ერთი საფეხურით ზემოთ, სადაც კორდებალეტის ტანშხვართა მოცეკვავეები როკავდნენ. იქვე ორკესტრი უკრავდა.

ფართო შემოსასვლელის გარდა რესტორანს შიდა გასასვლელი და ორი კარის ჰქონდა, სადაც შედიოდნენ და გამოდიოდნენ თავაზიანი ოფიციანტები.

მაგიდებს კი სხვადასხვა ეროვნების, სქესისა და გარეგნობის ადამიანები შემოსხდომოდნენ.

– …ასე დამთავრდა ჩვენი აჯანყება. ახლა პარიზში მივდივართ. იქ ჩვენი მთავრობაა გაქცეული… – ამბის თხრობა დაასრულა ელეგანტურმა კახაბერ ამილახვარმა და ჩამქრალ სიგარას მოუკიდა.

– თქვენებს რა მოუვიდოდათ?

– თავადებს ხვრეტენ, იმათ ცოლ-შვილს კი აპატიმრებენ! – მიუგო ამილახვარმა.

– … და რა მოელით?

– კარგი არაფერი, მადამ! – უთხრა მწუხარე ფრანტმა.

– დიდი უბედურება მომხდარა! – ამოიოხრა ქალმა და თავჩაქინდრული სტუმრები რომ დაინახა, თქვა. – ბატონო კახაბერ, თანამებრძოლები არ გაგიცვნიათ ჩემთვის!

– გთხოვთ, მაპატიოთ! – მოიბოდიშა ამილახვარმა, – თქვენგან ხელმარჯვნივ აჯანყების ხელმძღვანელი, კავალერიის ყოფილი პოლკოვნიკი, თავადი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, მეგობრები ქაქუცას ეძახიან.

– სასიამოვნოა, მუსიე. – თქვა ქალმა, ფეხზე წამომდგარ თავადს ხელი გაუწოდა და ისიც რომ ეამბორა, კახაბერმა განაგრძო:

– შემდეგ, თავადი ლევან ანდრონიკაშვილი, ყოფილი პოდპოლკოვნიკი, ბატონი ქაიხოსროს მეგობარი და თანაშემწე.

ფეხზე წამოდგა შუბლნაიარევი თავადი, მადამ ანრიეტას ხელზე ეამბორა ისიც და კვლავ საკუთარ ადგილზე დაჯდა.

– ბატონო კახაბერ, – თქვა ჩოლოყაშვილმა. – ეგებ ამ ვაჟბატონის დუელებზეც გეთქვათ ორიოდე სიტყვა!

– ოო, იგი ბრწყინვალე დუელიანტია, მადამ!

– განა დუელები აკრაძალული არ არის თქვენში? – დაინტერესდა ანრიეტა სარდუ.

– მოგეხსენებათ, გემრიელია აკრძალული ხილი, – თქვა ანდრონიკაშვილმა, – ეგეც არ იყოს, განა მთელი ჩვენი ცხოვრება დუელი არაა?!

– შემდეგ მსხდომი შავჩოხიანი ყმაწვილებიც თავადები არიან, – განაგრძო წარმომდგენმა, – როტმისტრები იყვნენ რევოლუციამდე: ზაზა ვაჩნაძე და ვახტანგ მაყაშვილი… არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ აჯანყების გმირები არიან!

– საზღვრის გარღვევის დროსაც ივაჟკაცეს! – ჩაურთო ლევან ანდრონიკაშვილმა.

ფეხზე წამომდგარმა ყმაწვილკაცებმა იგივე მოიმოქმედეს, რაც ცოტა ხნის წინ ანდრონიკაშვილმა და საკუთარ ადგილებს დაუბრუნდნენ.

– და ბოლოს, ბატონ ქაიხოსროს ხევსური ძმადნაფიცი, უშიშა ჭინჭარაული!

– მე მახსოვს, თქვენებური ძმადნაფიცობის შესახებ რომ მიამბობდით! – თქვა ქალმა და გაწითლებულ, დარცხვენილ შატილიონს უშველებელ ტორში ჩაუდო პატარა ხელი; ის კი დაიბნა, მართალია, კოცნა კარგად გამოუვიდა, მაგრამ ოთხკუთხა მაგიდას მეორე მხრიდან შემოუარა და ამრიგად დაუბრუნდა საკუთარ ადგილს.

– ოო, მადამ, – გაიცინა ამილახვარმა, – საკუთარი თავის წარდგენა მავიწყდებოდა: იურისტი კახაბერ ამილახვარი! – და ყველამ რომ გაიცინა, თქვა, – მახსოვს, სორბონა რომ დავამთავრე, მადმუაზელ ანრიეტა სარდუ თავს ანებებდა საბალეტო დასს და კაფე “მულენ ღუჟის” შანსონი უნდა გამხდარიყო…

– ეს ასეც მოხდა, მუსიე!

– ბატონო ქაიხოსრო, – თქვა ამილახვარმა. – მაპატიეთ და, გაშრა ყელი!

მორიგი სადღეგრძელო რომ შეისვა, ანრიეტა სარდუმ უამბო ქართველებს:

იმ წელს, როცა თავადი ამილახვარი ტფილისში დაბრუნდა, ფრანგული წარმოშობის სიცილიელ კომერსანტს, ლეოპოლდ ფრანჩესკოლის, პარიზში მოგზაურიბისას მოსწონებია “მულენ ღუჟის” შანსონი, ანრიეტა სარდუ, ცოლად შეურთავს და ერთ წელიწადში შვილიც ჰყოლიათ. ორი წლის რომ გამხდარა პატარა ჯორჯო, მესინაში დაბრუნებულა სენოირ ლეოპოლდი ოჯახიანად და ტურისტული ოტელი გაუხსნია მოხერხებულ ადგილზე.

ამ ზაფხულამდე ბედნიერად უცხოვრია ფრანჩესკოლის ოჯახს, ტურისტი არ ჰკლებიათ და შემოსავალიც კარგი ჰქონიათ – ორკესტრი და მოცეკვავეები ხომ უქირავებიათ, საკუთარი იახტაც კი შეუძენიათ, “მარკიზა დე პომპადური”. წამოზრდილი ბიჭი პანსიონში მიუბარებიათ.

ერთხელაც ქალაქის მაფიზთა თავკაცს, დონ ჯოტო დი მაჯიოს ხალხს დიდი ყუთები მოუტანია სასტუმროში. იზმირის კაკალს ვაგზავნით ნიუ-იორკში დონ ვიტო კორლეონესთან და სატვირთო ხომალდ “ნიუ-უელსის” მოსვლამდე, რაკი პორტთან ახლოს ხართ, თქვენთან შევინახავთო, უთქვამთ ლეოპოლდ ფრანჩესკოლისთვის, თანხმობასაც არ დალოდებიან (ვინ გაუბედავდა უარს?!), სარდაფში ჩაუტანიათ ტვირთი და წასულან.

სასტუმროს მეპატრონეს უეჭვია, რამე შარში არ გამხვიონო და ერთი ყუთი გაუხსნია. ზემოდან მართლაც თურქული კაკალი ყოფილა, დაბლა კი ცელოფანის პარკებში ფაქიზად გამოკრული ჰაშიში აღმოჩნდა. სამოციოდე ასეთი ყუთი ეწყო სარდაფში და ვინმეს რომ ეპოვნა, კონტრაბანდისტებთან კავშირში ამხელდნენ ფრანჩესკოლის.

შესაძლოა, დი მაჯიოს ოტელის ხელში ჩაგდება უნდა და ეს ხვანჯიც საგანგებოდ დამიგო, თავისივე ხალხს დააბეზღებინებს, თავიდან მომიშორებს და სასტუმროს იყიდისო, უფიქრია ფრანჩესკოლის, წასულა და პოლიციის პრეფექტისთვის, მაიორ მიქელე ფერარისთვის მოუხსენებია ეს ამბავი.

არ გადულა დიდი ხანი და კარაბინერებს რატუშის მოედანზე უპოვიათ მხეცურად მოკლული მამა-შვილი ფრანჩესკოლები – ლეოპოლდს თავისივე მოკვეთილი ენა ედო კბილებში, თვალები დაეთხარათ, ცხვირი და ყურები მოეჭრათ და მკერდზე დაედოთ. ხოლო გახევებულ ხელებში შვილის მოჭრილი თავი ეჭირა…

– არ მეგონა, თუ ევროპაში ველურები გეყოლებოდათ, მადამ! – აღშფოთება ვეღარ დამალა გამოუსწორებელმა დეულიანტმა.

– მკვდრებს რაღას ერჩოდნენ? – ამილახვარს დაეკითხა ჩოლოყაშვილი.

– სიცილიაში ასე იციან, ბატონო ქაიხოსრო! – მიუგო იმან და ზაზა ვაჩნაძე შეათვალიერა, უშიშა ჭინჭარაულს რომ უთარგმნიდა ნაამბობს.

ქმარ-შვილს რომ ასაფლავებდა ელდისგან შეშლილობამდე მისული ქალი, დონ ჯოტოს ხალხი პოტში შემოსულ “ნიუ-უელსს” ტვირთავდა “იზმირის კაკლით”.

მერე ორი თვე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაუტარებია ანრიეტა სარდუს. მძიმე მდგომარეობაში ყოფილა. მაგრამ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა თურმე და ისიც მოკეთებულა, თანაც ამდენ ხანს ოტელის დახურვა წამგებიანი იყო და უფიქრია, ფულს დავაგროვებ, რომიდან ჩამოვიყვან გამომძიებელს და ყველაფერს გავარკვევო. ეს რომ ანრიეტასთან დაახლოებულ ადგილობრივ მცხოვრებს, ჯინა პერუჯის გაუგია, ჯერ მკვლელობის გამოცანა აუხსნია მისთვის: მაფიოზები გულისხმობდნენ, რომ ადამიანს კბილები მისთვის აქვს, ენას დააჭიროს; ცხვირით ყველაფერი არ უნდა იყნოსოს; ყურებით ყველაფერი არ გაიგონოს; თუ არა და, საკუთარი შვილის მოჭრილ თავს დააჭერინებდნენ ხელებში და ტანჯვით ამოხდიდნენ სულს; მერე კი ისიც დაუსაბუთებია, რომ არ ღირდა რომში ჩივილი…

– ბატონებო, – თქვა მწუხარე ქალმა, – ჩემმა ამბავმა ჭამა დაგავიწყათ. გთხოვთ, მიირთვათ!

– მადამ ანრიეტა, – მისი ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია კახაბერ ამილახვარს, – ისინი ასე არ გაჩერდებოდნენ…

– შემოსასვლელთან რომ მაგიდაა, იქ შავსამოსიანი სამი კაცი ზის. გულის ჯიბეში მიხაკები უბნევიათ, ესე იგი, სამოყვროდ არიან. – თქვა ანრიეტა სარდუმ, – ჯერ არ გაიხედოთ, მითვალთვალებენ. მარჯვნივ გვიდო მალტანი ზის, “შმაგი მარჯვენა”, დი მაჯიოს თანაშემწე, ეგ მხოლოდ გეგმებს ადგენს. შუათანა ლუკა კორაჯოა, “კოჭლი სატანა”, ყოველ “საქმეში” ეგ ურევია, საუკეთესო შემსრულებელია. მარცხნივ კი ანჯელო კუკურედუა, “ზღვის მგელი”, დაუნდობლობით გაითქვა სახელი. ახლა რომ ქალი მიუჯდათ, გვიდოს საყვარელია, გაბრიელა ალტობელი, “დარდიანი კობრა”, ნარკომანია. მაგისი ქმარი “ზღვის მგელმა” გაასაღა თავის დროზე, თორემ ის პატიოსანი კაცი აქ არ შემოახედებდა…

-კარგად გაგიცვნიათ,მადამ!

– ჯინა პერუჯისგან ვიცი ეს ყველაფერი, – მიუგო ქალმა, – დღეს კი ცალკე გამიხმეს, მუსიე, და მითხრეს, რომ ამაღამ, თორმეტ საათზე დონ ჯოტო მოვა, ბოდიშს მომიხდის, მწუხარება რომ მომაყენა და რადგან ძალიან მოვწონვარ, ხელსაც მთხოვს. თურმე ცოლი გაუგდია…

– ამით ოტელსაც ჩაიგდებს ხელსი. – დაასკვნა სორბონადამთავრებულმა იურისტმა.

ქალმა მოწყენილ ემიგრანტებს შეავლო თვალი და იმათი მხრიდან თანაგრძნობის ან დახმარების სიტყვები რომ არ მოესმინა, კატეგორიულად თქვა:

– გთხოვთ, განაგრძოთ ქეიფი, მუსიე! თქვენთან ყოფნისას ყველაფერი დამავიწყდება. ცოტა ხნით მაინც მოვწყდები ამ გაწამაწიას!..

თამადად არჩეულმა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა მთარგმნელად კახაბერ ამილახვარი მიუჩინა ანრიეტა სარდუს და სადღეგრძელოების თქმა განაგრძო მშობლიურ ენაზე.

შავი ღვინო მოიწონეს ქართველებმა, ჩვენებურ ატენურს ჩამოჰგავსო.

მერე კორდებალეტის პროგრამა გასრულდა და დარბაზში მყოფთათვის დაიწყო ცეკვები. ერთმანეთს ცვლიდა “ჩარლსტონი” და “ბოსტონი”, “ტანგო” და “ფოქსტროტი”…

ორკესტრმა წყნარი ბლუზი რომ დაუკრა, კახაბერ ამილახვარმა ერთი სადღეგრძელოს წარმოთქმის უფლება სთხოვა უფალ თამადას და, ნება რომ მიიღო, ქალაქ მესინაში ნამყოფი დიდი ქართველების შესანდობარი შესვა; თურმე ამ ქალაქში მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში ყოფილან ნიკოლოზ ომანის ძე ჩოლოყაშვილი-ირუბაქიძე, იგივე ნიკიფორე ირბახი და სულხან-საბა ორებლიანი.

იურისტის კარგი მეხსიერებით აღტაცებულმა, უკვე შეზარხოშებულმა ქართველებმა ერთხმად შესვეს ძვირფასი წინაპრების სადღეგრძელო.

ელეგანტურმა ფრანტმა რამდენჯერმე გაიწვია საცეკვაოდ ანრიეტა სარდუ, რაღაცას ეჩურჩულებოდა ყურში, ეგებ პარიზულ თავგადასავლებს იხსენებდა, რამდენჯერმე გააცინა კიდეც ქალი.

“ეჰ, ქალებმა დაღუპეს კახაბერიო!”, ამიოხრა ვითომდა შეწუხებულმა ანდრონიკაშვილმა და ყველა გაამხიარულა.

მაფიოზები კი მოურიდებლად უყურებდნენ უცხოქვეყნელებს, რომელთაც, ხომ შეიძლებოდა, კარგად აწყობილი საქმე ჩაეფუშათ.

თერთმეტის ნახევარზე ფეხზე წამოდგა ანრიეტა სარდუ, ბოდიში მოუხადა ქართველებს, დი მაჯიოს სტუმრობის ჟამი ახლოვდება და მორთულ-მოკაზმული უნდა დავხვდეო.

– იქნებ, დარჩენილიყავით, მადამ? – დაეკითხა ლევან ანდრონიკაშვილი.

– მე მეშინია მათი… მეყო, რაც გამოვცადე. – თქვა ქალმა და მწარე ღიმილი გაუკრთა სახეზე, – გავყვები დონ ჯოტოს, მეტი რა გზაა… – წასვლა დააპირა.

– მოიცადეთ, მადამ! – სთხოვა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა და რაკი შენიშნა, ანრიეტა ადგილზე დარჩა, დადუმდა…

მაგიდას უსხდნენ დარდმომატებული ქართველები, უცხოდ შთენილნი, უთვისტომონი, ლტოლვილები, ბრძოლის ცეცხლით ნაწრთობნი, საბედნიეროდ გადარჩენილნი ანდა ეგებ უკეთესიც იყო, თავის მიწაზე დახოცილიყვნენ, იქნებ ეს სჯობდა უსამშობლობას.

თითოეული მარტო დარჩა ერთწამს, თითქოს ექვსივემ ინდივიდუალური თვისებები დაკარგა, ერთ კაცად იქცა.

და იმ ერთ კაცს ღამისფერი სევდა, ეს მჭვარტლიანი და ბანჯგვლიანი ბებერი ქაჯი, დაეჯღანა, ისედაც ნაოჭებით დაღაროდა სახე.

“საქართველო ხომ დაკარგე, საბრალო ქვრივის შველაც აღარ შეგიძლიაო”, ჩაიქირქილა.

“პარიზს მიმეჩქარებაო”, მიუგო შუბლშეჭმუხნულმა კაცმა.

“ეგ რა გამართლებააო!”, ისევ შეჰღიმა ეშმაკისეულმა, კლანჭები ჩაავლო, მკერდში ჩაასო, სისხლი ადინა, მერე გულიც მოუძებნა და ისე მოუჭირა ჭანგები, თუ აქამომდე ითმენდა ტკივილს, ლამის იყვირა…

– გვიმსახურეთ, მადამ ანრიეტა! – თქვა ყოფილმა პოლკოვნიკმა და ემიგრანტებს დიდსულოვანი ღიმილი სანთლებივით აენთოთ სახეზე.

– ო, ლია-ლიაა… – ასე გაიოცა ოტელის მეპატრონემ, – თქვენ წინ აღუდგებით მესინელ მაფიოზებს?! თვით დიდ დი მაჯიოს?

– პატივს დავდებთ, მადამ!

– ისინი ბევრად მეტნი არიან თქვენზე! პოლიციის იმედი ნუ გექნებათ, ცხვირსაც არ შემოყოფენ აქ! – თქვა მადამ სარდუმ.

– გამოგიტყდებით, არავისი იმედი არა გვაქვს, მადამ! – მიუგო ჩოლოყაშვილმა.

– ისინი პრესტიჟის შელახვას ვერ შეურიგდებიან! – განაგრძო ქალმა, – ცუდი ამბები დატრიალდება…

– ისეთი არაფერი მოხდება, რაც არ გვინახავს! – თქვა ლევან ანდრონიკაშვილმა.

– პირველად მესმის, მადამ, ქალს ქმარ-შვილი დაუხოცო და მერე მისი ცოლად მოყვანა განიზრახო! – თავისი აღშფოთება გამოხატა ვახტანგ მაყაშვილმა.

– თანაც ისე, რომ ქალის სურვილიც არ შეიტყო! – დაამატა ზაზა ვაჩნაძემ.

– ჩემი დაცვა განგიზრახავთ, ბატონებო, – სიცივე შეეპარა მადამ სარდუს ხმას, – თქვენი სურვილი კეთილშობილურია და დიდი მადლობელიც გახლავართ! მაგრამ…

– რა მაგრამ? – ვეღარ მოითმინა კახაბერ ამილახვარმა.

– მაგრამ წმინდა წყლის ფანტაზიაა! – თქვა სასტუმროს მეპატრონემ.

– რატომ? – დაეკითხა ქაქუცა ჩოლოყაშვილი.

– რომ გამომექომაგოთ, სროლა ატყდება. ისინი ბევრად გჭარბობენ და ღირს კი ერთი საბრალო ქალის ღირსება ექვს ვაჟკაცად?! სასიკვდილოდ არც ერთი არ მემეტებით!

– მტრები ყოველთვის მეტნი იყვნენ ჩვენზე. – შენიშნა ზაზა ვაჩნაძემ.

– ვთქვათ, აქ მოსულთ მოერიეთ, – თქვა ანრიეტა სარდუმ, – რაც დაუჯერებელია… მერე მთელი ქალაქი წამოვა თქვენზე!

– რამეს მოვახერხებთ, მადამ! – მიუგო თავადმა ანდრონიკაშვილმა.

– მე რა ვქნა? – დაინტერესდა ოტელის პატრონი, – ხომ მიხვდებიან, გარეული რომ ვარ ამ საქმეში?!

– ჩვენთან ერთად გამოიქეცით, მადამ! – ურჩია კახაბერ ამილახვარმა.

– ეგ რომ მდომოდა, ადრე გავყიდდი ოტელს და პარიზს წავიდოდი…

– მაშ, რას აპირებთ? – დაეკითხა ყოფილი როტმისტრი მაყაშვილი.

– თქვენთან რომ გამოვიქცე, ეს შემოსავლიანი სასტუმრო უნდა მივატოვო! – აუხსნა მან. – ხოლო პარიზში, თუნდაც ბალეტში მიმიღონ ისევ, ასეთი შემოსავალი არ მექნება!..

– ეს ყველაფერი უფრო რთული ყოფილა, ვიდრე მე წარმომედგინა. – ყინული შეეპარა ყოფილი როტმისტრის ხმას.

ყველა გაჩუმდა.

მხოლოდ იურისტმა ამოიოხრა და ქართულად თქვა: “განა ფულია ყველაფერი?!”

– ასე რომ, საკუთარ ხვედრს შეგუებული ვარ, – დაასკვნა ქალმა, – თუ ჩემს საქმეში არ ჩაერევით, მეც მოვიგებ და თქვენც!

– გასაგებია, მადამ, – უთხრა ჩოლოყაშვილმა, – არ ჩავერევით თქვენს საქმეში!

– ოო, თერთმეტი გამხდარა, – შეიცხადა ანრიეტა სარდუმ, – ერთხანს მიგატოვებთ, ბატონებო. – მოიბოდიშა და მალე შიდა გასასვლელში მიიმალა, საიდანაც ზემოთ ასასვლელი, ხალიჩით მოგებული კიბე იწყებოდა.

უფალმა თამადამ მოწყენილი თანამეინახეები რომ შენიშნა, ექვსნი ვართ, რა უნდა შევიჭირვოთო და, უშიშას გაეძრახა.

– აბა, მიხა ხელაშვილმა როგორ უთხრა მათურელს?!.

ჭინჭარაულმა უამბო:

– მიხას მათურელებთან უქეიფნია და მაშინ უთქვამს: “ეხლა ძალიან დავითვერ, ვიბუღრანავებ რქებითა”. ერთს ვისმე მათურელს უკითხავს: “მიწა რო სთხარო, რად გინდა, იქით რა ამოჩნდებისა?” მიხას მიუგია: “მათურელთ დალევის დღესა, საფლავად გამოდგებისა”.

გაიცინეს მოსწრებული პასუხით ნასიამოვნებმა ქართველებმა.

– უშიშავ, მადლს მარილიც მოაყარე! – სთხოვა ქაქუცას თანაშემწემ, – ჩვენ რო გვიყვარს, ის შაირი გვითხარი!

– ჩემს გულშიც მჯდარხარ, ლევანო! – უთხრა ჩოლოყაშვილმა.

– “ლექსო, ამოგთქომ, ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე…” – ბჟღრიალა ხმით კითხულობდა შატილიონი და ემიგრანტების ჩუმ საწუხარს ხელაშვილის დარდებიც ემატებოდა, თუმცა კი არ ამძიმებდა, ზედ მალამოდ ედებოდა – ეს კი მადლია დიდი პოეზიისა.

“ერთ ეგეც უნდა ვიკითხო, ჩემ სიკვდილს ვინ იტირებსაო”, უშიშამ რომ თქვა, გვიდო მალტანი მივიდა მათთან და რაღაც თქვა იტალიურად. უცხოელებს მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ

დაიბნა “შმაგი მარჯვენა”, მალულად გახედა თავისიანებს, – არ მომისმინესო! – გაწბილებული ხომ არ მიბრუნდებოდა უკან, მეორე კაცი იყო მაფიოზებში. აღარ იცოდა, რა ექნა. შემდეგ ევროპულად ჩაცმული პენსნეიანისკენ გაიხედა, რომელმაც გაურკვეველი ჟესტიკულაციით რაღაც ანიშნა. ალბათ, ის აყლაყუდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ამბობდა. “ლექსი თუა და, – იეჭვა მალტანიმ, – რა ელექსებათ, ამათი…”, გუნებაში შეიგინა და თავისიანებს გახედა – ისევ შამპანურს წრუპავდნენ.

“იმითა გვტანჯავს გამჩენი, სულ მუდამ გვაცოდვილებსა”, – დაამთავრა ჭინჭარაულმა.

– ჰაი, დედასა მტრისასა! – დაიგმინა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა, მგლისფერი ედო სახეზე.

თეთრჩოხოსან, დუელების მოყვარულ თავადს ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა ღაწვზე.

ყოფილი როტმისტრები მოსულს ათვალიერებდნენ, მსხვერპლს ჩადარაჯებულ ავაზებს ჰგავდნენ.

– ქაქუცავ, – ხმა ამოიღო ხევსურმა, – აქ ყველაყა მეუცხოვების! რაი დაგვრჩენია ამ ევროპაშიდ, უკან დავბრუნდეთ!

– ჯერ პარიზს ჩავიდეთ, იქნებ გვეშველოს. – უთხრა წვერმოშვებულმა თავადმა და ახლაღა დაინახა მისული, – ვინაა ეს პატიოსანი კაცი?

– იმათგანაა! – მიუგო ვაჩნაძემ.

– ამილახვარო, ჰკითხე რა უნდა!

“შმაგმა მარჯვენამ” მთელი თავისი დიპლომატიური გამოცდილება მოიშველია, რადგან უცხოელებთან ჰქონდა საქმე და ფრთხილად დაიწყო ლაპარაკი.

– სენიორებო, – თარგმნიდა ევროპულ ენათა მცოდნე კახაბერ ამილახვარი, – აქაურები არ უნდა იყოთ. არც გვაინტერესებს, საიდან ხართ. მაგრამ ძალიან გვეწყინებოდა, აქაური მაფიოზები და დონ ჯოტო დი მაჯიო რომ არ გაგეგონოთ… დონ ჯოტო თორმეტ საათზე აქ მობრძანდება ერთ საგანგებო საქმეზე და თუ სიკვდილი არ გინდათ, თქვენც სხვებივით მოიქეცით!

– მაინც როგორ? – იკითხა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა.

– აქაური წესით, ფეხზე უნდა წამოდგეს ყველა და მდაბლად დაუკრას თავი. თქვენ პატივი გეცით და ეს გაცნობეთ, თორემ აქაურებმა კარგად იციან თავიანთი საქმე!

– ავაზაკების მეთაურს ფეხზე წამოუდგეს ქაქუცა ჩოლოყაშვილი?!

– მაგას კი არა, ორჯონიკიძეს არ დავუკარით თავი! – თქვა სახეალეწილმა ანდრონიკაშვილმა.

– მე სათქმელი გითხარით! – თქვა “შმაგმა მარჯვენამ”, – თუ არ დამიჯერებთ, რაც მოგივათ, თავს დააბრალეთ! – ავად გაიღიმა, შეტრიალდა და თავისიანებისკენ წავიდა.

ნათარგმნის მოსმენისთანავე ფეხზე წამოდგნენ შავჩოხოსანი ყმაწვილები, ჩოლოყაშვილს მიაცქერდნენ.

– დასხედით! – თქვა მან.

– ბატონო ქაიხოსრო, – თქვა გაფითრებულმა ვაჩნაძემ, – მე არავისთვის არაფერი შემირჩენია!

– მაგას რომ ვაპატიო, – გაფიცხდა მაყაშვილი, – საკუთარი თავის პატივისვემა დამეკარგება!

– ჩვენ აღარაფერი გაგვაჩნია თავმოყვარეობის გარდა! – ფეხზე წამოდგა ანდრონიკაშვილიც, – ესეც თუ დავკარგეთ, რაღად მინდა ეს ტიალი სიცოცხლე!

– შენ თუ გგონია, ეგ თახსირი დუელში გამოგყვება, შემცდარხარ, ლევან! – ქარაფზე შემომჯდარ არწივს ჰგავდა განრისხებული ჩოლოყაშვილი.

– მაგასთან დუელი რად მინდა! – იწყინა იმან.

– დასხედით მეთქი! – იყვირა ყოფილმა პოლკოვნიკმა და იმათაც რომ დაუჯერეს, მშვიდად განაგრძო, – აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამიაო, გეცოდინებათ.

ყველა დადუმდა.

– თქვენი დასკვნები მაინტერესებს, ბატონო კახაბერ!

– მართალი ბრძანდებით, ბატონო ქაიხოსრო! სჯობს, კარგად ავწონ-დავწონოთ ყველაფერი. გაგვიჭირდება მაგათთან შებმა, რადგან მაფია კარგადაა ორგანიზებული და პოლიციასთანაც შეკრულია.

– საიდან დაასკვენით? – დაეკითხა ზაზა ვაჩნაძე.

– როგორ გგონიათ, საიდან გაიგო დი მაჯიომ, რომ ლეოპოლდ ფრანჩესკოლიმ პოლიციაში დააბეზღა?

– იქნებ, ცოლმა დააბეზღა?! – თქვა მაყაშვილმა.

– ტყუილია!

– რატომ?

– მაშინ ორი თვე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არ იწვებოდა. ესეც არ იყოს, მადამ სარდუს რა ინტერესი ჰქონდა?.. მოკლედ, ყველა გზას იქით მივყავართ, რომ მაიორმა მიქელე ფერარიმ უთხრა ყველაფერი. – დაასკვნა იურისტმა, – აქ თუ სროლა ატყდა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, პოლიცია ცხვირს არ შემოჰყოფს!

– მეც ეგ მინდა! – თქვა გამოუსწორებელმა დუელიანტმა.

სჯობს, ვიფრთხილოთ. – თქვა ამილახვარმა, – ხალხი დააშინეს და ქვეყანა თავისი ჰგონიათ, უკან არაფერზე დაიხევენ!

– მჯობნის მჯობნი არ დაილევის! – უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა უშიშა ჭინჭარაულმა.

ყოფილმა როტმისტრებმა დამცინავი ღიმილით შეათვალიერეს იურისტი, რომელსაც ეს არ გამოპარვია.

– ამილახვარი მოგიკვდეთ, თუ ვინმეს ჩამოვრჩე! – თვალები აუელვარდა მას, – არ მინდა, უაზროდ დავიღუპოთ!

– ბატონებო, – თქვა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა, – რომ არ ვინანოთ, როგორც საკუთარი სინდისი გვიკარნახებს, ისე მოვიქცეთ! ჯანდაბას, მოხდეს, რაც მოსახდენია!

– აი, ასე! – შვებით ამოისუნთქა ანდრონიკაშვილმა.

– მადამ სარდუ მობრძანდება! – თვალები გაუბრწყინდა კახაბერ ამილახვარს.

ყველა შიდა გასასვლელისკენ იყურებოდა, საიდანაც ღიმილგადაფენილი ანრიეტა სარდუ ოდნავის რხევით მოდიოდა. თმის ვარცხნილობა არ შეეცვალა. მხრებმოშიშვლებული, ცისფერი, ჩინებული ხელოვანებით შეკერილი კაბა ამშვენებდა მოდენილ დიაცს. ბრილინტის ყელსაბამი შეება თოვლივით ქათქათა ყელზე და ბრილიანტისვე საყურეები ფრთებხატულა პეპლებივით მოუთამაშებდნენ. აფახულებდა დახატულ თვალებს. თეთრი მარაო ეჭირა ხელში. ქალი კი არა, ოცნება იყო.

გაიღიმეს მაფიოზებმა, კარგად მიდიოდა საქმე.

თორმეტს ათი წუთი უკლდა.

– თქვენ მშვენიერი ხართ, როგორც ყოველთვის! – ქათინაური მიაგება ამილახვარმა.

– გმადლობთ, მუსიე! – მიუგო ქალმა.

– გთხოვთ, ჩვენთან ერთად შესვათ ერთი სადღეგრძელო!

– სიამოვნებით, მუსიე!

– გახვერტილი გროშის ფასი აქვს თავის ქებას. ყველგანაა კარგი და ცუდი… ჩვენთვის დაკარგულ საქართველოს გაუმარჯოს, თავისი ავ-კარგიანად… – თქვა ჩოლოყაშილმა, ფეხზე წამომდგარ სუფრის წევრებს ჭიქა მიუჭახუნა და ბოლომდე შესვა.

ყველამ რომ დალია, ისევ ქაქუცა ალაპარაკდა:

– მადამ სარდუ, ერი ყველაზე კარგად სიმღერებში ჩანს. ჩვენ, ქართველები სხვადასხვას ვმღერით და ერთ მთლიანობას ვქმნით… გთხოვთ, მოგვისმინოთ!

თორმეტს… სამი წუთი აკლდა.

ემიგრანტებმა “მრავალჟამიერი” დააგუგუნეს, კარგ ღვინოსავით ძველი, ალაზანივით დინჯი, ხარივით ქედღონიერი სიმღერა.

კედლის საათმა თორმეტი დაჰკრა თუ არა, გარეთ “როლს-როისების” სიგნალები აჭყვიტინდა.

ფეხზე წამოდგნენ მაფიოზები, შემოსასვლელთან გაჩერდნენ, მხოლოდ “დარდიანი კობრა” დარჩა მაგიდასთან.

დამფრთხალმა მადამ სარდუმ ჭიქა მაგიდაზე დადგა და სტუმრებს მოშორდა. თუმცა ქართველები ისე გაეტაცებინა სიმღერას, ეს მოძრაობა არ შეუმჩნევიათ.

ყველა ფეხზე წამოდგა.

ორკესტრმა დაკვრა შეწყვიტა…

ყველაფერი დავიწყებოდათ ემიგრანტებს, თითქოს თვალღია სიზმარში არიანო, სამშობლოს ხედავდნენ და იმ წუთს ნებისმიერი მათგანი დაგიფიცებდათ, რომ მაფიოზების ჯინაზე – ღმერთი-რჯული! – არა მღეროდნენ.

და ანრიეტა სარდუ მოჯადოებული უყურებდა სტუმრებს.

მხოლოდ უცხოელთა სიმღერა შემოესმა დარბაზში ღიმილით შემოსულ, თეთრი პიჯაკის გულის ჯიბეში ვარდჩაბნეულ დონ ჯოტო დი მაჯიოს, რომელსაც უკან შემოჰყვა ორი პირადი მცველი.

– ვის სიმღერას უსმენს მადამ სარდუ? – გაუკვირდა მესინელ მაფიოზთა თავკაცს და თაიგული ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანა.

– ახლავე გაჩუმდებიან, დონ ჯოტო! – ჩაიცინა “შმაგმა მარჯვენამ”, ხელით რაღაც ანიშნა ხელქვეითებს და გადამთიელთა მაგიდისკენ დაიძრა.

“კოჭლი სატანა” და “ზღვის მგელი” უკან მიჰყვნენ.

ვახტანგ მაყაშვილს კარგი სმენა ჰქონდა, – მიუხედავად იმისა, რომ ზურგშექცევით იდგა, ფეხსაცმელების კაკუნი გაიგო და მიიხედა.

სამნი მოდიოდნენ მათკენ.

– შეწყვიტეთ ეგ ღმუილი! – კახაბერ ამილახვარს უყვირა გვიდო მალტანიმ.

– რა ბრაძანეთ? – იწყინა ელეგანტურმა ფრანტმა.

– მგლებივით ნუ ღმუით მეთქი! – რიხიანად იყვირა მეორე კაცმა, ჯიბისკენ წაიღო ხელი, ელვისუმალ ამოიღო რევოლვერი და ის იყო, ამილახვრისთვის უნდა ესროლა, რომ მაყაშვილმა დაასწრო, მარცხენა ხელი იარაღიან ხელზე აუკრა და ტყვიამ ჭერში იქუხა, ხოლო მარჯვენა ისეთი ძალით ამოარტყა ყბაში, რომ “შმაგი მარჯვენა” ამილახვრის შეძახილის “სალტო-მორტალე!” თანხლებით ჰაერში ამოტრიალდა და მოპრიალებულ იატაკზე უხერხულად მოადინა ზღართანი – კისრით დაეცა და მთელი შემდგომი მოვლენების განმავლობაში ფეხზე აღარც წამომდგარა.

“კოჭლმა სატანამ” ფრაკის ჯიბეში ხელაფათურებულ ამილახვარს ესროლა, მაგრამ ხელში დაჭრა.

ქაქუცამ და ლევანმა ერთდროულად ისროლეს იქვე მიაწვინეს გვიდო მალტანის ხელქვეითები.

რესტორანში წივილ-კივილი ატყდა.

თავგზადაკარგულები კიბეს მიაწყდნენ, მოაჯირი გადაანგრიეს. სხვებმა კარები გამოხსნეს და მიიმალნენ. ზოგიერთი მაგიდებქვეშ შეძვრა.

გაბრიელა ალტობელიმ ხელჩანთიდან “კოლტი” ამოიღო და ვახტანგ მაყაშვილს ესროლა – ტყვიამ გულში გაუარა ყოფილ როტმისტრს, იქვე ჩაკეცა და გაღიმებაც ვერ მოასწრო “დარდიანმა კობრამ”, რომ ზაზა ვაჩნაძემ სამი ტყვია დაახალა ზედიზედ – ისევე დარჩა, როგორც იჯდა, მხოლოდ თავით ჩაემხო რომელიღაც იტალიურ კერძში…

ამასობაში, რაკი ანდრონიკაშვილის ტყვიებმა გარეთ გასაქცევი გზა მოუჭრეს დი მაჯიოს, პირადმა მცველებმა მაგიდა გადააბრუნეს, თვითონაც თავი დაიფარეს ტყვიებისგან და შეფიც შეიფარეს.

ქაქუცა ჩოლოყაშვილმა მტრის ხელიდან გავარდნილ რევოლვერთან მიირბინა, აიღო და ამ დროს ესროლეს პირადმა მცველებმა. უშიშა ჭინჭარაული წინ აეფარა ძმადნაფიცს და მას მოხვდა ორივე ტყვია.

ერთი პირადი მცველი კახაბერ ამილახვარმა მოკლა მარჯვე გასროლით, მეორე კი ჩოლოყაშვილმა.

მეგობარმოკლული ზაზა ვაჩნაძე მთლად გადაირია, – ხომ კარში შემორბოდნენ ახალ-ახალი მაფიოზები მაგიდას ამოფარებული მეთაურის გადასარჩენად და ხელსაყრელ პოზიციაში მყოფი ქაქუცა, ლევანი და კახაბერი აქედან ესროდნენ, – ტყვიების წივილში შეუმჩნევლად მიეპარა დი მაჯიოს, წინაპართაგან ნაანდერძევი ხმალი გაიძრო და მესინის მაფიოზთა თავკაცი აჩეხა.

ქაქუცამ და ლევანმა, რაკი შემოსასვლელში აღარავინ ჩანდა, ფრთხილად გაიხედეს გარეთ და დაცარიელებულ მოედანზე მუხრუჭების ღრჭიალით მიმქროლავ “როლს-როისს” მოჰკრეს თვალი.

კიბეზე ჩამოირბინა ანრიეტა სრდუმ, ხელში ჩემოდანი ეჭირა და გადარჩენილ ქართველებს უყვირა:

– ვიდრე ისინი დაბრუნებულან, სწრაფად, პორტისკენ!

ცოტა ხნის შემდეგ პორტიდან გადიოდა ანრიეტა სარდუს კერძო იახტა “მარკიზა დე პომპადური”. საჭესთან თავად პატრონი იდგა.

გემბანზე თეთრ ნაჭრებში გახვეული ვახტანგ მაყაშვილისა და უშიშა ჭინჭარაულის გვამები ესვენა. იქვე იდგნენ გადარჩენილი ქართველები, მიცვალებულებს დასტიროდნენ.

დიდი, სისხლისფერი მთვარე ადგა ელექტროშუქებით განათებულ მესინას.

ჩუმად ტყლაშუნობდა ხმელთაშუა ზღვაც.

ნელ-ნელა სიბნელეში იძირებოდა ქალაქ მესინას ციცინათელებივით დაპატარავებული სინათლეები და ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ერთწამს დაინახა (მერე, პარიზში უამბო ლევან ანდრონიკაშვილს), თუ როგორ გაიარეს ერთმანეთში სულხან-საბა ორბელიანისა და ნიკოლოზ ჩოლოყაშვილ-ირუბაქიძის გიგანტურმა, ზეციურ ნათელში გახვეულმა ლანდებმა.


Responses

  1. Sakartveloshi gamigia dzneli mosavlelia da gasazrdeli sami ram: vazi,,,

    chuki da bichi! BICHI DZNELI GASAZRDELIA , MAGRAM VASHKACAD

    IKCEVA MALE, ai amistana vazhkazebs ZRDIDA sakartvelo da momecona ,rom am temas sheexet, MSHVENIERIA!!!!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: