Posted by: burusi | 24/05/2009

რობერტ სტურუა – “არის მომენტები, როცა ვამაყობ, რომ ქართველი ვარ”

სცენა სპექტაკლიდან "შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ"

სცენა სპექტაკლიდან "შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ"

არის მომენტები, როცა ვამაყობ, რომ ქართველი ვარ: “ეს ქვეყანა ფხიზელმა ხალხმა დაანგრია” ანუ რობერტ სტურუამ მოსკოველები გააოგნა

გაოგნება, განცვიფრება, დაბნევა, აღტაცება – აი, ის სულიერი მდგომარეობა, რომელშიც მოსკოვური პუბლიკა აღმოჩნდა რობერტ სტურუას “მეთორმეტე ღამის” ნახვის შემდეგ.

საერთაშორისო ფესტივალის ეგიდით მოსკოვის გორკის სახელობის სამხატვრო თეატრში წარმოდგენილი სპექტაკლის პრემიერაზე მთელი თეატრალური ელიტა მოვიდა – ყველა დიდი თეატრალური კოლექტივის რეჟისორი, მსახიობი. მარკ ზახაროვმა და იური ლიუბოვმა ახალგაზრდები პირდაპირ მორეკეს – “სტურუას გაკვეთილზე”. კალიგინის თეატრის ასევე ახალგაზრდა მსახიობები სპექტაკლის ბოლოს დიდხანს ვერ ტოვებდნენ კულისებს და რობერტ სტურუას სიტყვაძუნწ აღტაცებაში ეჯიბრებოდნენ. “სიტყვები არ გვყოფნის, აღფრთოვანებულნი ვართ, დავიბენით, რაღა უნდა ვთქვათ ამის მერე” – აი, ის შეფასებები, რასაც ყველა შეთქმულივით იმეორებდა.

რუსთაველის თეატრის მსახიობების თქმით, რუსი მაყურებელი საოცრად ადეკვატურად აღიქვამდა სპექტაკლს. განუწყვეტელმა აპლოდისმენტებმა და მალვოლიოს თამაშით მოგვრილმა ჰომერულმა სი- ცილმა დაამტკიცა, რომ ასეთ დროს ენას მნი- შვნელობა არა აქვს – ბევრი მაყურებელი სინქრონულ თარგმანს არც უსმენდა. მათი თქმით, მთავარია მსახიობების გასაოცარი პლასტიკა და სანახაობა. სიტყვებს მნიშვნელობა არა აქვს.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ “დრონის” კორესპონდენტს ექსკლუზიური ინტერვიუები მისცეს ცნობილმა რეჟსორებმა.

გია დანელია: კინორეჟისორი. “არის ჩემს ცხოვრებაში მომენტები, როცა ვამაყობ, რომ ქართველი ვარ!”

– არის ჩემს ცხოვრებაში ისეთი იშვიათი მომენტები, როცა მე ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. დღეს რობიკომ ასეთი საღამო გვაჩუქა. ასეთი მომენტები მაშინ დგება, როცა საამისო მიზეზს ღმერთი გვაჩუქებს ხოლმე. ასეა მაშინ, როცა ასეთი უნიკალური რეჟისორის ნამუშევარს ვუყურებთ. რობერტ სტურუა არც საბჭოთა კავშირის საკუთრებაა, არც საქართველოსი. სტურუა მსოფლიო თეატრალური ხელოვნების განსაკუთრებული მოვლენაა. შეიძლება ამ სპექტაკლის გამო რობიკოს ოპონენტები გაუჩნდეს. მიჭირს დიდ თეატრალურ რეჟისორებთან კამათი, მაგალითად, მარკ ზახაროვთან. მაგრამ მარკმა და სხვებმაც დღეს თავიანთი სპექტაკლებით უნდა გაგვაოცონ და არა სიტყვებით.

ჯერჯერობით, თბილისში ჩამოსვლას არ ვაპირებ. თუ დავაპირებ, ვიზას უპრობლემოდ ვიშოვი, მაგრამ ამით რა შეიცვლება? მიადგა ჩვენს ურთიერთობებს გამოუსწორებელი ზიანი. ვდარდობ, მაგრამ არც ამით იცვლება რამე.

მარკ ზახაროვი: თეატრ “ლენკომის” სამხატვრო ხელმძღვანელი, სსრკ სახალხო არტისტი. “რობერტ სტურუასაც აქვს ზიგზაგის უფლება”.

– რობერტ სტურუა, რა თქმა უნდა, კოსმოსური მოვლენაა. რუსული თეატრისათვის მისი როლისა და მნიშვნელობის შეფასება შეუძლებელია. მსოფლიო თეატრალურ ხელოვნებაში, თანამედროვე თეატრალურ აზროვნებაში მას გრანდიოზული დამსახურებები მიუძღვის. სტურუას პიროვნება ფენომენალურია! მან საკუთარ არსებაში თავი მოუყარა ქართულ იუმორის – ქართველობის თანდაყოლილ ესთეტიკურ ინტუიციას, პლასტიკურ გენიალობას, ყველაფერს დადებითს, რაც მშვენიერ ქართველ ხალხს ახასიათებს. რუსულმა თეატრალურმა ხელოვნებამ ძალიან ბევრი მოიგო ქართულ თეატრთან, ქართულ კინემატოგრაფთან ურთიერთობით, ქართულ ლიტერატურასთან, ქართველ ადამიანებთან, მათს გახსნილ ხასიათთან და სიკეთესთან ურთიერთობებით. რა თქმა უნდა, ამ სპექტაკლის შემდეგ შენიშვნებიც მაქვს. მე, მაგალითად, არ მიყვარს, როცა ფრაზების შემდეგ ფონოგრამა მიდის, როცა დროდადრო, ალაგ-ალაგ მაინც ჟღერს ფონოგრამა. ეს სუბიექტური შეგრძნებებია. რა თქმა უნდა, დრონი იცვალნენ, ის შთაბეჭდილება, რაც “რიჩარდ მესამეს”, “კავკასიურ ცარცის წრეს” მოჰყვა, დღევანდელს არც შეედრება. გრიბოედოვს თავისი ნაწარმოების შემდეგ სამი ცუდი პიესა რომ დაეწერა, მისდამი ჩვენი დამოკიდებულება არ შეიცვლებოდა. იგი მაინც უდიდეს კლასიკოსად დარჩებოდა. ისეთ დიდ მხატვარს, როგორიც სტურუაა, აქვს ზოგიერთი ზიგზაგის, აღმაფრენებისა დავარდნის უფლება…

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სტურუას, მის კოლეგებს: შესანიშნავ მხატვარს და კომპოზიტორს.

ვიტალი ვულფი; “რატომ დაშორდა სტურუა კომედიას?”

– სტურუას სპექტაკლების შემდეგ ლაპარაკი ძნელია. “მეთორმეტე ღამის” გაფორმება არაჩვეულებრივია: გოგი ალექსი-მესხიშვილმა დაგვიმტკიცა, რომ ჩვენი დროის უდიდესი მხატვარია. როგორი დახვეწილი, ბუნებრივი და ფაქიზია მისი თითოეული დეკორაცია, კოსტიუმი, განათება. დიდი სიამოვნება მივიღე. სპექტაკლი საინტერესოა. სტურუას არც აქვს სხვანაირი სპექტაკლების დადგმის უფლება. შესანიშნავია მალვოლიო, ვიოლა, სებილია, ოლივია, მომხიბლა ჩინებულმა მუსიკალურმა გაფორმებამ. მაგრამ სპექტაკლი ცოტა მძიმეა, ანუ მძიმე წონის სპექტაკლია. შექსპირისათვის, შექსპირის კომედიისათვის ეს უცნაურია. სპექტაკლში არ იგრძნობა სიმსუბუქე. ეს სტურუასათვის დამახასიათებელი ფილოსოფიური შემეცნებების დამსახურებაა, რაც ასე ჭარბადაა სპექტაკლში. მე თარგმანის გარეშე ვუყურებდი – რა თქმა უნდა, ეს შეცდომაა. მაგრამ, ისე მომხიბლა მსახიობების პლასტიკამ, რომ თარგმანის მოსასმენად არ მეცალა. “რიჩარდიც” მინახავს – ეს უხინჯო, უძლიერესი და სრულქმნილი ნამუშევარი, რომელსაც ვერ გამოვედავებით. “მეთორმტე ღამემ” ასეთი შთაბეჭდილება არ დატოვა, ამიტომ სტურუასადმი ბევრი შეკითხვა გამიჩდა. მაგალითად ასეთი: რატომ დაშორდა რეჟისორი კომედიურ საფუძველს, რატომაა სპექტაკლში ყველაფერი დრამატიზებული?

* * *

“ჯვარცმის” სცენის შემდეგ დარბაზში ისეთი ატმოსფერო შეიქმნა, რომელსაც თეატრალურ ენაზე გაოგნება ჰქვია. ასეთი “გაოგნების” შესახებ წერდა პიტერ ბრუკი, რომ იგი “ტაშზე” ძლიერია”. გურამ საღარაძის ფრაზას, რომ “ეს ქვეყანა ფხიზელმა ხალხმა დაანგრია”, რუსი მაყურებლის ხარხარი და აპლოდისმენტები მოჰყვა. რუსთაველის თეატრის მსახიობები სპექტაკლის შემდეგ კულისებში აღნიშნავდნენ, ასეთი შეგრძნებაც შეგვექმნა, თითქოს დარბაზში ქართული ესმოდათო. საგრიმიორის მომსახურე პერსონალიდან ერთმა მოხუცმა ქალბატონმა თავისი შთაბეჭდილება ასე გამოხატა: “არსებობს საქართველოს სახალხო არტისტის” წოდება? თუ არსებობს, “ეს ახალგაზრდები მისი ღირსნი არიან!”

გაზეთი “დრონი” N 54, შაბათი, 19 მაისი, 2001 წელი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: