Posted by: burusi | 20/05/2009

დავით ჩიხლაძე: “რადგან ომის “რომანტიკა” – ოცნებაა თეთრი!”

გიორგი ბუნდოვანი

დავით ჩიხლაძე: “რადგან ომის “რომანტიკა” – ოცნებაა თეთრი!”
(გიორგი ბუნდოვანის პოეზიის შეახებ)
/გაზეთი-“წიგნები”, 24-საათის დამატება, 2005წ./

გიორგი ბუნდოვანის სახელი ქართულ პოეზიაში შეიძლება დაუკავშირდეს დასასრულის მცდელობას, მაგრამ საყურადღებოა, რომ ეს დასასრული არა მხოლოდ კლასიკური ან დოგმატური ფორმების დასასრულია. პარადოქსულია, მაგრამ ამ პოეტის შემოქმედებაში ყველაზე მეტ თავდასხმას სწორედ მეამბოხე, პოეტიკის ახალი ფორმები განიცდის და არა ე.წ. ფორმალისტური რუტინა ან დოგმები. ის, რომ გ. ბუნდოვანი ეკუთვნოდა “ანომალისტთა ჯგუფს” მხოლოდ ამბის დასაწყისია, რადგან მისთვის არასოდეს ყოფილა მთავარი ეთიკურად მოულოდნელი სახეებით ეპატაჟი ან თუნდაც გულწრფელი გატაცება; მეორე მხრივ, როგორც თავისუფალი ლექსი, ასევე ლექსთწყობის სხვა რამენაირი ესთეტიკური დაშლა ასევე ორგანულად უცხო ჩანს აქ. პირიქით, ეს პოეტი თითქოს ცდილობს აღადგინოს რითმიანი, კონვენციური საზომების ლექსის პრივილეგია.
მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე და საქმე გაცილებით რთულად წარმოჩნდება თანდათან. სწორედ ეს კონფლიქტი, რასაც აქვე ვეცდებით ჩამოვაყალიბოთ, იწვევს პოეტის მიუღებლობას, უხეშად რომ ვთქვათ, როგორც აკადემიური წრეების მხრიდან, ასევე, გარკვეულწილად, თანამედროვე პოეტების მხრიდანაც. საქმე ისაა, რომ გ. ბუნდოვანის პოეზია არანაირად არ არის ტრადიციული ლექსი. თავისი მონოტონურობით და ნატიფი იუმორით ის შაირსაც გვაგონებს, ხოლო ჩვენთვის კარგად ნაცნობი ინტონაციების ალუზიების გამო – პაროდიასაც. და თუ ეს განაჩენიც იქნებოდა ტრადიციონალისტების მხრიდან, მოდერნისტებისთვის საკმაოდ სერიოზულ საშიშროებად აღიქმება, როგორც არა მხოლოდ პაროდია, არამედ მათი სტრატეგიების და არცთუ იოლად მოპოვებული პოეტიკური თავისუფლებების დეგრადაცია; თუნდაც, როგორც უნებლიე უარყოფა. პრობლემაც სწორედ იმაშია, რომ ეს ყველაფერი შეიძლება სწორედ უნებლიე აღმოჩნდეს, ანუ იყოს ის, რასაც ოდესღაც პოეტურ თვითმყოფადობას ან ნაივს უწოდებდნენ.
გიორგი ბუნდოვანის პოეზია სწორედ უხეში ნაივის მაგალითია; ეს მართლაც უნებლიეა, რადგან აქ სწორედ უხეშობაა სტილიზებული და არა უბრალოება. უხეშობის სტილიზირებით კი როგორც ამბოხება, ასევე სალონურობაც ძალიან შორს რჩება.

“ეს თბილისის ზღვაა, ჭაობია ხორცის,
ლეშს იგრილებს ჩონჩხთა, დიდი ესკადრილია…
…ვერც კი ავღწერ, თუნდაც, ორიოდე წუთში
– თუ რამდენი მძორი ჩაეშვება ზღვაში…
მენაყინე ბიჭი, პლომბირებით ყუთში
ააგროვებს ხურებს, ნაბიჯების თვლაში”.
(“ხელოვნური ხასიათი წყალსაცავზე…”)

თუ ლექსი ასცდება ამ ორ ინდიცატორს ამბოხების და სალონურობის, ეს უკვე ერთ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ყოველ ნოვაციას სწორედ ეს დილემმა უქმნის დაბრკოლებას და გადახრის მას ან ერთი ან მეორე, პოეზიისთვის არაღირსეული მიმართულებით.
ხორცით, ჩონჩხით, ლეშითა და მძორით დატვირთული სახეების მიუხედავად ამბოხება ამ ლექსში ვერ განხორციელდება, რადგან ინტონაცია შეუსაბამოდ ლირიკულია, ხოლო ლექსის სხეული, მისი ზომა საკმაოდ მყიფე ნებისმიერი ძალისმიერი არტიკულაციებისთვის.
და ეს ლექსი ვერც სალონური ლირიკული პოეზიის მაგალითს ვერ ქმნის, სწორედ უხეში სახეობრივი ელემენტების გამო. ეს კონფლიქტი, ეს გაორება, გიორგი ბუნდოვანის პოეზიის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.
სანამ ჩვენს აღებულ კურსს გავყვებოდეთ, საინტერესო იქნება აღვნოშნოთ ერთი ასევე საინტერესო მახასიათებელი. თანამედროვე ავანგარდული პოეზიისთვის, ყოველშემთხვევაში, თანამედროვე ქალაქური ლირიკისათვის დღეს განსაკუთრებით ახლობელი აღმოჩნდა არა დადაისტური, ფორმალისტური თუ პოსტმოდერნისტული განწყობები, არამედ სწორედ ავანგარდის პირველწყარო – ლოტრეამონი, რემბო და ბოდლერი. ცხადია, აქ არა გვაქვს პრეტენზია ერთხაზოვან განვითარებაზე თანამედროვე პოეზიის. მხოლოდ, თუ გუშინდელი ბიტნიკური პოეზია დღესაც იწერება, ის მხოლოდ სპეციალიზებულ არაპროგრესულ გამოცემებში ქვეყნდება. პოეზიის წამყვანი ჟურნალები პირდაპირ აცხადებენ, რომ არ განიხილავენ ბიტნიკურ სტილში შექმნილ პოეზიას. ასევე დევალვაცია განიცადა უფრო ადრინდელმა ავანგარდისტულმა ტრადიციებმა, ვთქვათ, სიურრეალიზმმა, დადაიზმმა და ფუტურიზმმა და დღევანდელ აქტუალობაში ეს ტერმინები აღარც ცირკულირებს, გარდა ირონიული ან რამე სპეციფიკური დისკურსის დატვირთვისა. რაც ამ მიმართულებების შთამომავლად მოგვევლინა, ეს არის ნიუ იორკის ჯგუფის “ლ-ე-ნ-გ-ვ-ი-ჯ”-ის წამოწყებები ორი ათეული წლის წინ, რაც დღესაც გრძელდება და თავმოყრილია ბაფალოს ნიუ იორკის შტატის უნივერსიტეტში. მეორე მხრივ, სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა ე.წ. მაღალი მოდერნიზმის ამერიკული ტრადიცია, სადაც დღესაც მისაღებია როგორც ლუის ზუკოვსკის და დენიზ ლევერტოვის გავლენები, ასევე ე. ე. კამინგსის ლირიკული ავანგარდიზმი.
რაც შეეხება ურბანისტულ და არასაუნივერსიტეტო გარემოს – აქ უკვე დიდი ხანია დომინირება დაიწყო ბოდლერის და ადრეული მოდერნიზმის, იმპრესიონიზმის, სპირიტუალიზმის და სიმბოლიზმის ელემენტებმა. ურბანისტული პოეზია უკვე განუშორებელ სინონიმად იქცა არა პოსტმოდერნიზმის, არამედ დეკადენსის. სწორედ დეკადენსის პოეტიკის ნიშნებია გიორგი ბუნდოვანის პოეზიაში და სწორედ ანდერგრაუნდის ამ ნიშნების გამო ხდება იგი მიუღებელი, როგორც აკადემიური, ასევე დაკანონებული ექსპერიმენტული წრეებისთვის.
ისევ, გონების ადგილს იკავებს ინტუიცია, ვიზიონერობა, ხილვა, მედიტაციას აპოკალიპსური და სიმბოლისტური ემოციები ცვლის. წინ გამოდის კონფლიქტის, ეგზალტაციის, გამოფიტვის, ემოციური უკიდურესობის ინტონაციები. გიორგი ბუნდოვანის პოეზია დრამატულია, სადაც პოეტი გამოხატავს არა მხოლოდ საკუთარ დამოკიდებულებას სამყაროსადმი, არამედ უფრო წარმოგვიჩენს სამყაროს, როგორც ასეთს. იმის თქმა გვინდა, რომ იგი არ ურთიერთობს ამ ქარიშხლიან სამყაროსთან, როგორც ბიტნიკი პოეტი, ან როგორც მოქალაქე ლირიკოსი. გარკვეულწილად, ეს უფრო რომანტიკოსის, იდეალისტის პოზიციაა, რომელიც ხატავს მიღმა არსებულ სამყაროს და თვითონ არც წარმოუდგენია საკუთარი მონაწილეობა მასში. გიორგი ბუნდოვანის სამყარო ასეთი მიღმიერი, დემონური და ანგელოსური სამყაროა, სადაც სიკეთის და ბოროტების ბრძოლა ყოველდღიურ მკრთალ, არარეალისტურ, სიმბოლისტურ საბურველში გახვეულა. აქ მხოლოდ მინიშნებებია თანამედროვე რეალიებზე და იშვიათად სურათები, ამიტომაც ხშირია უარყოფითი შინაარსის მქონე თანამედროვე ტერმინების უხვი გამოყენება მის ლექსებში, პესიმისტური და ფორმალისტური, მოკლე აღსარებები, ან აღსარებების მონახაზები:

“ვეპოტინები სათნოებას – მრუში და ხამი,
ჩემი ზრახვების მორჯულება არავინ იცის!”

მაგრამ ამ მიკრო-აღსარებებს არა აქვს სინანულის ან აპათიის არანაირი გაგრძელება, პირიქით, ყოველთვის ასეთი თვითაღიარებული სისუსტეები მოულოდნელად ირაციონალური ოპტიმიზმით და ერთგვარი შემტევი სათნოებით იცვლება. ვნახოთ, როგორ ვითარდება ეს ლექსი, სახელწოდებით “გარიყვის ფასად”:

“გაჩუქებ მრავლად ამოუთქმელ განცდების მისხალს,
ვეღარ წაგლეკოს უსაფუძვლო განმარტოებამ…
მოგწყვიტავ რწმენას – თვითდახვეწის ამაო მიზანს,
რომ მიგაჯაჭვოს მატერიას, ფუჭმა დროებამ!”

გიორგი ბუნდოვანის პოეზიას ასევე ახასიათებს არა მხოლოდ ყოველდღიური სამეცნიერო-სამედიცინო, პოპულარული ლათინურფუძიანი ტერმინების პოეტიკურ და, ცხადია, ოდნავ ირონიულ სამკაულად გამოყენება, არამედ თვით ბანალური ყოველდღიური ლექსიკა და ფრაზეოლოგია ლექსში. ეს ზემოთმოყვანილ მაგალითებშიც იგრძნობა. მოვიყვანთ კიდევ ერთ მაგალითს, სადაც ჩანს, თუ როგორ ვითარდება ექსპრესია გიორგი ბუნდოვანის ერთ ლექსში, ცოტათი თითქოს თავიდანვე საეჭვო ბანალურობიდან ენობრივ თამაშამდე, რაც მართლა თამაშის ხასიათისაა, ამ სიტყვის უშუალო და არა ექსპერიმენტის გაგებით (თუმცა, ამ უკანასკნელსაც უნებლიედ წარმოადგენს):

“ჯეჯილო სულის, იზარდე ჩემში,
გაუშვი ფესვი მიწიდან – ცამდე…
გასხიპე, გასხლე ტოტები წმინდა,
ტერფიდან – თმამდე, სიმართლეს ჩავწვდე!..
…აკრიფე ქვები, იქცევა ოქროდ…
გაქცევა, ქცევა, წაქცევა, მალვა –
ქუჩების ხლართი გახდება სოროდ!”

ექსპრესიულობა, რაც მიიღწევა სხვადასხვა ამბიციების მქონე ენობრივი დონეების სწრაფი ცვლილებით, გვაფიქრებინებს პოეტის განსაკუთრებულ მგრძნობელობაზე მისი სამეტყველო იარაღის, ენის მიმართ, სწორედ მგრძობელობაზე და არა ინტელექტუალურ გააზრებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი სისწრაფე ცვალებადობის და ასეთი ემოციური გამოხატვა შეუძლებელი იქნებოდა. მას ირონია აშკარად აქვს ენის მიმართ, სიტყვების მიმართ, რასაც ხალხი ხმარობს და რასაც შემდეგ წვალებით და შიშით იყენებენ პოეტები საკუთარ ლექსებში, ზოგი კი ბევრი ასეთი სიტყვის გარეშეც რჩება მათი ბანალურობის გამო. და აქ არათუ სიტყვები, თვით ასეთი უსარგებლო საყოველთაო მიმოქცევის ფრაზებიც კი გამოიყენება დროის, სიტუაციის ექსპრესიის შესაქმნელად, ტრაგიკული ირონიის გამოსახატად. მოკლედ რომ ვთქვათ, გიორგი ბუნდოვანის პოეზიაში ორი ტიპის ირონიას ვხვდებით საკომუნიკაციო ენასთან – სახალხო ბანალური მეტყველების და ე.წ. ინტელიგენტური მეტყველების, რის მაგალითებსაც სიცხადისთვის აქვე მოვიტანთ:

“შემართული თითებით, ვწყვიტავ ციურ მნათობებს,
დავარღვიე სამყაროს სუბსტანციის სტანდარტი!”,

“დღეს კვირტივით გადაშლის, სული, თავის ინტიმებს,
ვარაუდთა კაზუსებს – ჰოლოგრამულ გრაალში…”.

ასეთი მაგალითების მოყვანა მართლაც უხვად შეიძლება, ალბათ იმიტომაც, რომ ეს აქ პოეტიკის დეტალია.
გადავიდეთ მთავარზე, ანუ ფორმის მიღმა თუ რა არის ძირითადი მოტივი. რასაც მისი დახვეწილი ირონია თუ დრამატული იუმორი არ ეხება, ალბათ ეს არის ერთგვარი იდეოლოგიურობა (არა რაიმე ცნობილი იდეოლოგია), ზოგადად; და ასევე, რომანტიციზმი, რწმენა მიღმიერის, რწმენა ამაღლებულის და რწმენა ბნელის სიძლიერის. ამ მხრივ გიორგი ბუნდოვანი შეიძლება ერთადერთ ფიგურადაც კი წარმოჩნდეს უახლეს ქართულ პოეზიაში, ვინც დეკადენსის ტრადიციას სრული შინაგანი მზადყოფნით პასუხობს. ეს ტრადიცია საქართველოსთვის არ არის უცხო. მკითხველი მოგვიტევებს შედარებისთვის, თუ ვიტყვით, რომ გიორგი ბუნდოვანის პოეზია ეხმიანება ნიკოლოზ ბარათაშვილის და ტერენტი გრანელის კარგად ნაცნობ მოტივებს შორეული სინათლისა და მდევარი ბედის. ის ამბობს კიდეც ერთ საკუთარ ლექსში: “რადგან ომის “რომანტიკა” – ოცნებაა თეთრი!..” რომანტიციზმი და ომი ბუნებრივადაა დაკავშირებული ერთმანეთთან, როგორც იდეულოგიურობის ირო მხარე, ბრძოლა სინათლისათვის, ბრძოლა ბნელეთის წინააღმდეგ, ომი, სადაც გმირიც ხარ და მსხვერპლიც, წმინდანიც და მდაბალი, უძლური არსებაც. ის, რომ ომი “ოცნებაა თეთრი”, სწორედ რომანტიკულობის გასაღებია გიორგი ბუნდოვანის პოეზიის და იგი ომის ცნებას არა ჩვეულ იმანენტურ, არამედ ტრანსცენდენტალ განზომილებას ანიჭებს, რაც ბუნებრივიც უნდა იყოს პოეტისთვის და პოეზიისთვის. იქ, სადაც პოეზია საკუთარ სიწმინდეს ინარჩუნებს, ომი და იდეოლოგია შეუძლებელია გამოდიოდეს პოეტური სახეობრიობის ტერიტორიიდან და აგიტაციის ან ნეგაციის ფორმით გვევლინებოდეს. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ გიორგი ბუნდოვანი ერთადერთი იშვიათი პოეტია, ვინც არ უღალატა იდეის საწყის ადამიანში, არ უღალატა იდეის სფეროს; და არა სენტიმენტალურად ან დეკლამატურად, როგორც ეს ხშირად შეიძლება შეგვხვდეს თანამედროვე პატრიოტულ-რელიგიურ ლიტერატურულ ვარიაციებში, არამედ სწორედ პოეტიკურად.
რაც შეეხება კიდევ ერთ ფორმისეულ ნიუანსს, მისი უმეტესი პოეზიის (ანუ ძირითადი პოეტური ბაზისის) ტრადიციული, რითმიანი ლექსის ფორმებით წარმოჩენას, ესეც ზემოთქმულის ერთი დადასტურება იქნებოდა, თუ გავიხსენებთ, რომ იდეოლოგიურობა ყველაზე დიდ თავისუფლებას სწორედ ჩარჩოში, კანონში ხედავს. რომანტიციზმი ამ ჩარჩოებსაც ცოტა უფრო მეტად განასულიერებს და შეარებით ასატანს ხდის. ამიტომ, მიუხედავად დაბინდული ტონალობებისა, გიორგი ბუნდოვანის პოეზიაში ვერასოდეს ნახავთ პესიმიზმს, ნამდვილ სუბიექტურ გაღიზიანებას კონკრეტული სოციალური გარემოთი, მითუმეტეს – კრიტიკას. მას არც ლირიკული მიძღვნები აქვს, საკუთარი ფორმით და შინაარსით, დანარჩენი ლექსებივით მკვეთრი. რომანტიკული პოეზიისა და მისი მონათესავე თანამედროვე ანდერგრაუნდის ეტყობა სიყვარულიც არაამქვეყნიურ კატეგორიად უფრო მოიაზრება. ის უბრალოდ ნაწილია მსოფლიოს დრამატიზმის. თუმცა, მასთან ხშირია ასეთი მოტივები, მაინც ვერ ხერხდება სატრფოს ვერანაირი რეალიზაცია პოეტური სახის შესაქმნელად, პირიქით, საფუძველი ხდება მისი განფენილობის და, შესაბამისად, გარკვეული ესკაპიზმის, გამოუვალობის.

სხეული გაქვს მორთული უნაზესი რხევებით,
ბრილიანტურ პრიზმებით გისხივდება ღიმილი…
უბილიკო, უგზებო ქალაქებში გეძებდი,
ქალაქებში, რომლებშიც დამკარგვია სიკვდილი!.

მომეკარი, გამსრისე, რომ გიცვალო კანივით,
შემოგიხსნა, დაგეხსნა, ანდა გაგიზიარო…
იფურჩქნები, ნიადაგ ქალწულებრივ ვარდივით,
რომ მაგ მძაფრი სურნელით არსი გამიტიალო!’

გიორგი ბუნდოვანი 90-იანი წლების დასაწყისიდან გამოჩნდა ახალ ქართულ პოეზიაში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილეა მისი წამყვანი ტენდენციების შექმნაში. ცხადია, იშვიათია ახალი სტილი და სათქმელი ლიტერატურული კრიტიკის ყურადღებაში იმთავითვე რომ მოექცეს, მაგრამ თუ იმასაც დავუმატებთ, რომ პოსტ-საბჭოური პერიოდი საერთოდ ხასიათდებოდა არასტაბილურობით ყველაფერში, მათ შორის, კრიტიკაშიც, და რომ 90-იანი წლების ტენდენციები, სადაც საკუთარი, გამორჩეულად ახალი, ისტორიული სათქმელი მოიტანეს დათო ბარბაქაძემ, შოთა იათაშვილმა, ზურა რთველიაშვილმა, ლამის სახელდაურქმეველ ეპატაჟად თუ ექსცესებად დარჩეს, ან როდესაც დღეს ჩვენს წინაშეა აბსოლუტურად სალონური აღორძინება ქართული ტრადიციული ლექსის ფორმისა და განვლილი პოეტიკური განწყობების – გიორგი ბუნდოვანი გამონაკლისი არ იქნება. მან ლექსების კრებულიც საკმაოდ გვიან გამოსცა, რომელიც, ამავე დროს, სრულად არ ასახავდა მის შემოქმედებით გამოცდილებას და ახალი ლექსებით იყო შედგენილი.
ამ მცირე წერილის დასასრულს არ ვიტყვით, რომ ეს ეპოქა გრძელდება და რომ საქართველოს უახლეს პოეზიას ახალი მოდელები ჯერაც არ გაჩნია. ცხადია, რომ პოეტიკა არც ისე სწრაფად იქმნება, როგორც გაზეთები, მაგრამ დავუტოვოთ ეს თემა შემდგომ მკითხველს და კრიტიკას.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: