Posted by: burusi | 19/05/2009

გიორგი ბუნდოვანი: “მონოლოგი”

ტერენტი გრანელის ყოფილი საფლავი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, 1985 წ.

ტერენტი გრანელის ყოფილი საფლავი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, 1985 წ.

ეს იყო 80-იანი წლების პირველი ნახევარი, როდესაც ზურა რთველიაშვილი, მოვარდა უცბად ჩემთან გაგიჟებული, აფორიაქებული და მითხრა: ეს რა ავტორი აღმოვაჩინეო, ეს რა წიგნი წავიკითხეო. მაძლევს წიგნს. მე აზრზე არ ვარ, ვინ არის ტერენტი გრანელი… გადავშალე, გადავშალე და დღემდე გადაშლილი მიდევს ეს წიგნი. ეს იყო აბსოლუტური შოკი. ზურა დაშოკილი მოვიდა და წაკითხვისას მეც დავიშოკე. შემდეგ ზურა ძალიან მალე წაიყვანეს ჯარში და მე გადავწყვიტე, რომ ტერენტი გრანელის საფლავი მომეძებნა. მოვძებნე მისი საფლავი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, რომელიც ნაგვით იყო დაფარული. ზურა აქ არ იყო ფიზიკურად, თორემ რა თქმა უნდა გვერდში ამომიდგებოდა. ამის მერე მე დაახლოებით 6 წლის განმავლობაში საფლავს ვპატრონობდი, დავდიოდი იქ რეგულარულად, ღამეებიც გამითენებია. ძალიან ბევრი ლექსი მაქვს დაწერილი ტერენტიზე. პოეტური კრებული “ანტიყოფის მანიფესტი”, რომელიც ამ ბოლო დროს გამოვეცი, იხსნება ორი ლექსით რომელიც ტერენტი გრანელზეა და იმ პერიოდშია დაწერილი.
1987 წელს, მწერალთა კავშირის გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში” დაიბეჭდა წერილი, რომელშიც გაცხადებული იყო, რომ ტერენტი გრანელის ნეშტი უნდა გადაასვენონ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში და ეს კეთდება ხალხის დიდი მოთხოვნით, ვითომდა ვეღარ აკავებენ ხალხს და ამიტომაც მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება.
მწერალთა კავშირის ამ განზრახვამ ჩემში დიდი პროტესტი გამოიწვია. მიმაჩნდა, რომ, თუ ტერენტი გრანელის სადმე გადასვენება უნდოდათ, უნდა გადაესვენებინათ გალაკტიონ ტაბიძის გვერდით მთაწმინდაზე და არა დიდუბის პანთეონში. ტერენტი გრანელი ნამდვილად იმსახურებს მთაწმინდაზე გადასვენებას.
დიდი ხანი მარტო არ დავრჩენილვარ. გვერდში დამიდგა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტობა და დავიწყეთ მორიგეობა ტერენტი გრანელის საფლავზე, დილიდან ღამემდე.
ტერენტი გრანელის ნეშტი ერთხელ ამოთხარეს კიდეც საფლავიდან, თუმცა მივუსწარით და ნიჩბებით უკან დავაყარეთ მიწა (ვიცი რომ არაქრისტიანული საქციელი იყო, მაგრამ, სხვა გზა არ გვქონდა), დავრჩით ღამის პირველ საათამდე და მერე დავიშალეთ. მეორე დილით, 7 საათზე რომ მივედით, ნეშტი რამდენიმე წუთის ამოთხრილი და წაღებული დაგვხვდა. მესაფლავემ გვითხრა: აი ახლა წაიღესო. გავვარდით დიდუბის პანთეონში, მაგრამ საფლავში ჩასვენებას ვეღარ მივუსწარით, მესაფლავე მიწის მიყრას ამთავრებდა. სხვათა შორის, მანამდე, ცენტრალურ კომიტეტში, გურამ ენუქიძისა და კულტურის განყოფილების სახელზე, თვითონ მწერალთა კავშირის სახელზე ვწერდით წერილებს, რომლებშიც ვამბობდით, რომ _ “კაცი, რომელიც ცხოვრებაში არ მოასვენეს და ფაქტობრივად გააგიჟეს, საფლავში მაინც დააყენეთ. და თუ არ აყენებთ, მთაწმინდაზე მაინც გადაასვენეთ”. ყველანაირ ინსტანციას მივმართეთ, მაგრამ რა თქმა უნდა ყოველგვარი ცდა უშედეგო აღმოჩნდა. სულ იმით აპელირებდნენ, რომ ეს იყო ხალხის ურყევი ნება და ამას ხალხი ითხოვს… ვინ ითხოვს?! საერთოდ არავინ აზრზე არ იყო რომ ტერენტი პეტრე-პავლეს სასაფლაოზეა დასაფლავებული. ერთეული შემოქმედი ადამიანების გარდა, რომლებიც მისი პოეზიით იყვნენ დაინტერესებულნი! ნაგავი ეყარა საფლავს!

ტერენტი გრანელის ყოფილი საფლავი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, გრანელის დიდუბეში გადასვენების შემდეგ დაიდგა მემორიალური ქვა

ტერენტი გრანელის ყოფილი საფლავი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, გრანელის დიდუბეში გადასვენების შემდეგ დაიდგა მემორიალური ქვა

ასე რომ, დღესდღეობით ტერენტი გრანელი არის დასაფლავებული დიდუბის პანთეონში. პეტრე-პავლეს სასაფლაო თითქოს დახურული სასაფლაოა, მაგრამ ვინმე თუა დასაფლავებული და გვერდზე თუ არის თავისუფალი ადგილი, როგორც ყველგან ხდება, ნათესავები ამ ადგილს ყიდულობენ და ვიღაცას ასაფლავებენ. ასე რომ არ მომხდარიყო 1992 წელს (მაშინ პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ვსწავლობდი), ინსტიტუტში დავდგი ყულაბა, რომელსაც დავაწერე “ტერენტი გრანელის ნასაფლავარის გადასარჩენი ფონდი”, სტუდენტები, ვის რამდენიც შეეძლო, მასში თანხას ყრიდნენ, გახსნისას ფული არასაკმარისი აღმოჩნდა და ნახევარი მე დავამატე… იმდროინდელი 600 რუსული მანეთი, ლენინის თავიანი ფულები, დიდი ფული იყო. ამ ფულით მარმარილოს დიდი მემორიალური ქვა გავაკეთე და საფლავზე დავდგი. დღესდღეობით ეს საფლავი არის შენარჩუნებული ჩემს მიერ და მე ამას არ ვიჩემებ, უბრალოდ ეს არის რეალური ფაქტი. ვიძახი, თუკი რამე გამიკეთებია მნიშვნელოვანი, ეს არის, რომ ტერენტი გრანელის საფლავი გადავარჩინე! ამას მე ყოველთვის ვამბობდი და ყოველთვის ვიტყვი! იმიტომ რომ სხვა არაფერი არ გამიკეთებია, ეს ერთი რამე გავაკეთე და ესეც არა ვთქვა? უნდა ვთქვა, იმიტომ, რომ ნასაფლავარი გაიყიდებოდა და ჩვეულებრივ ადამიანს დაასაფლავებდნენ. დღემდე ეს ქვა იცავს ამ საფლავს. თუკი დიდუბეში არის ვაჟა ფშაველას ყოფილი საფლავი, რატომ არ უნდა იყოს ტერენტი გრანელის ნასაფლავარი, სადაც 53 წლის განმავლობაში ესვენა დიდი პოეტი?!

წალენჯიხის ყოფილ კულტურის სახლში ტერენტის დაბადების 90-წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო

წალენჯიხის ყოფილ კულტურის სახლში ტერენტის დაბადების 90-წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო

ტერენტის დაბადების 90 წლისთავს დაუკავშირეს ეს გადასვენება, წალენჯიხაში, იმ წელს ტერენტის სახლ-მუზეუმი და მისი სახელობის ქუჩა გაიხსნა, თბილისიდან მატარებლის მთელი “სასტავი” გავიდა ამ ღონისძიებებზე დასასწრებად. ჩვენც მიგვიწვიეს ცნობილ მწერლებთან და პოეტებთან ერთად. ფრიად უცნაური რამ იყო, მანამდე თითქოს ვეწინააღმდეგებოდით ხელისუფლებას, მწერალთა კავშირს და წინააღმდეგი ვიყავით გადასვენების, თავიდან წასვლასაც არ ვაპირებდით, ბოლოს მაინც გადავწყვიტეთ, რატომ არ უნდა წავსულიყავით?! მართლა ბევრი ადამიანი წამოვიდა… რა თქმა უნდა, ლერი ალიმონაკი! ბატონ ლერის ყოველთვის მხარში ვედექით. დიდი მეგობარი იყო ჩვენი და დღემდეც ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანებში იშვიათად ვხვდებით. სულ ერთად ვიყავით ის პერიოდი და ძალიან მადლიერი იყო ჩვენი, იმიტომ რომ ტერენტის ასეთი ქომაგობა გავუწიეთ. ახლა იმ ახალგაზრდებიდან ბევრთან აღარა მაქვს ურთიერთობა, ზოგი უცხოეთშია, ზოგი სად არის, ზოგი სად. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ხალხმა, რომელიც მაშინ გვერდში ამომიდგა მე. შემიძლია დავასახელო ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, ტელევიზორში ხშირად არის. კიდევ? რა ვიცი, ბევრი… ბატონი იოსებ ჩახნაშვილი და სხვები.

გრანელის საფლავთან, პეტრე-პავლეს სასაფლაო

გრანელის საფლავთან, პეტრე-პავლეს სასაფლაო

ერთ ფაქტსაც ვიტყვი, როდესაც ტერენტი გადაასვენეს, ის ქვა, რომელიც მისი დის, ზოზიას გაკეთებული იყო, და ორი ნაწილისგან შედგებოდა, ტერენტი გრანელის დიდუბეში გადასვენების შემდეგ გადაჭრეს. ქვედა ნაწილი, სადაც ეწერა წლები და “არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა”, წაიღეს წალენჯიხაში და სახლ-მუზეუმის ეზოში დადეს, როგორც მემორიალი.

საფლავის მემორიალური ქვის ქვედა ნაწილი გადაასვენეს წალენჯიხის სახლ-მუზეუმში

საფლავის მემორიალური ქვის ქვედა ნაწილი გადაასვენეს წალენჯიხის სახლ-მუზეუმში

ზედა ნაწილი იქვე დარჩა. ეს ნაწილი დიდი ხანი იდო ნასაფლავარზე… წლების განმავლობაში იშლებოდა, მივდიოდი, ცემენტით რაღაცნაირად ვასწორებდი ჩამონაშალს, რომელშიც ადრე სურათი იყო. მერე გიზო და მამანტი როგავებმა (ესენი არიან ზოზიას შვილიშვილები) მარმარილოთი დიდი საფლავის ქვა გააკეთეს სასაფლაოზე დასადგმელად, ძველი სურათი, ის ცნობილი სურათი, რომელზეც ტერენტი პროფილშია გამოსახული ამოიღეს ამ ზედა ნაწილიდან, წაიღეს და იქ, დიდუბეში ჩასვეს. ამიტომ მე წავედი, იგივენაირი ოვალური სურათი შევუკვეთე, დავაბრუნე ეს სურათი იმ ქვაში და სახლში წამოვიღე. სახლში მედო ეს საფლავის ქვა მთელი 10 წელი. ტერენტის ყველა თარიღს აღვუნიშნავდი, სანთელს ვუნთებდი, ჭიქა ღვინოს ვუდგამდი. როდესაც ჩემი პირველი ცოლი ამ ოთახში შემოვიდა, გაგიჟდა: “სადაც ჩვენ ვწევართ, იქ საფლავის ქვას რა უნდაო”. საფლავის ქვა “გარაჟში” გავიტანე; მერე ის სახლი გავყიდეთ და საცხოვრებლად სხვა სახლში გადავედით. სახლის ახალმა მეპატრონეებმა “გარაჟს” ვერ მიხედეს და დაინგრა. ის საფლავის ქვა ახლაც “გარაჟის იამაშია” ჩარჩენილი ალბათ…
ერთსაც დავძენ, ტერენტი გრანელი არის, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესი ფიგურა მეოცე საუკუნის ქართულ ლიტერატურაში. ტერენტი გრანელი არის ერთადერთი მისტიკოსი პოეტი, ეს წოდება მას აბსოლუტურად დამსახურებულად მიენიჭა და ტერენტი გრანელს უნდა იცნობდეთ ძალიან ახლოს, უნდა შეიგრძნობდე მთელი შენი კანით, როდესაც მის ლექსებს კითხულობ, უნდა გბურძგლავდეს, რომ მიხვდე, ტერენტი გრანელი პესიმისტი არ არის, პირიქით, ოპტიმისტია. ტერენტი გრანელს, როდესაც სტრიქონებს მიღმა წაიკითხავ, მიხვდები, რომ თავის შემოქმედებაში სულ კი არ ტირის, არამედ ქართულ პოეზიაში დიდი შუქი შემოაქვს!
შემიძლია ერთი მისტიკური ისტორიაც მოვყვე. ამას მე წლების განმავლობაში არავის ვუყვებოდი. კლარა ცეტკინის ქუჩაზე, ბინა, რომელშიც ოთხმოცდაერთი წლიდან მგონი 2003-04 წლამდე ვცხოვრობდით, აწ გარდაცვლილ აკადემიკოს ოთარ ეგაძეს ეკუთვნოდა. ბატონი ოთარი ძალიან ცნობილი პიროვნება იყო, კოლორიტი ქალაქის. ვიცოდით რომ ადრე, ეს ბინა ბატონ ოთარს ეკუთვნოდა, მაგრამ ეს ბინა ჩვენ მისგან არ გვიყიდია. ერთხელაც, მე სახლში არა ვარ, მეგობართან ვარ, ვქეიფობ, დედა მირეკავს ტელეფონზე და მეუბნება: “შვილო, დაჯექი ახლა სკამზე, ისე, რომ არ გადაყირავდე, რაღაც უნდა გითხრა: კარებზე ზარია, ვაღებ კარებს და ვხედავ კარებთან ოთარ ეგაძე დგას. ვინ ვერ იცნობდა ოთარ ეგაძეს, მე რომ ვერ მეცნო, მობრძანდით, ბატონო ოთარ, ვუთხარი. “მე, ქალბატონო, აქ ვცხოვრობდი” – ბრძანა ბატონმა ოთარმა. ვიციო, უთხრა დედაჩემმა და შემოიპატიჟა. “ჩემი ნამოსახლარი მინდა მოვინახულოო”_ გააგრძელა ბატონმა ოთარმა. ასეთი სურვილი მეც გამჩენია ამ სახლის მიმართ, ათი ბინა მაქვს გამოცვლილი და რომ ჩავივლი, ხანდახან შევალ ხოლმე, მეც ნოსტალგიურად ვუყურებ ხოლმე ჩემს ყოფილ სახლს. შემოსულა და დაუთვალიერებია ოთახები, აქ “სპალნა” მქონდაო, აქეთ ესა, ისაო და ჩემს ოთახშიც შემოსულა (ამ დროს ჯერ ცოლი არ მყავდა) და ხედავს, საფლავის ქვა დევს, რომლის გვერდით ჭიქა ღვინო და შავი პური აწყვია. ქვის ზემოთ კედელზე მთელი გალერეა ტერენტის, ვისაც კი დაუხატავს ტერენტი გრანელი, ვისაც კი რამე ფოტო გადაუღია, მისი მშობლების ფოტოები, შემდეგ ვისთანაც სახლში განათლდა ტერენტი გრანელი, წალენჯიხაში დიდი ბიბლიოთეკა რომ ჰქონდათ სახლში ცოლ-ქმარ შანავებს, იმათი ფოტოები, თვითონ ლერი ალიმონაკის და რა ვიცი, ყველაფერი, რაც კი ტერენტი გრანელს ეხებოდა. ნახა კაცმა ეს ყველაფერი და ერთ ადგილზე გაქვავდა. ცოტა გონს რომ მოვიდა, იკითხა: ეს ვინ გააკეთაო? დედაჩემმა მოკლედ მოუყვა ჩემი ისტორია. ოთარ ეგაძემ დედას ასეთი ამბავი უამბო (ახლაც მაკანკალებს რომ ვიხსენებ): ბატონი ოთარის და როიალზე ხშირად შოპენს უკრავდა (ეს როიალი ჩვენს საძინებელ ოთახში იყო და მისი ფანჯრები კლარა ცეტკინის ქუჩაზე გადიოდაო), რუსული ეკლესიაში, რომელიც ჩემს სახლთან ახლოსაა, ძალიან ხშირად დადიოდა ტერენტი გრანელი. ახლოს ცხოვრობდა… სხვათა შორის, ახლახანს გახსნეს მემორიალური დაფა წარწერით: ამ სახლში ცხოვრობდა ტერენტი გრანელიო და მე არ ვიცოდი. ეს სახლი რუსული ეკლესიიდან არც თუ ისე შორსაა, ქუჩის სახელი არ მახსოვს… ყოველდღე “მარშრუტკით” ჩავუვლი ამ სახლს და ვხედავ ამ მემორიალურ დაფას.
“…დადიოდა ამ ეკლესიაში ტერენტი გრანელი, გავლისას ჩერდებოდა ჩემი სახლის ფანჯრის ქვეშ და უსმენდა შოპენს (მის ერთ-ერთ ლექსში არის ასახული ეს ამბავი). მე გავიდოდი, ვეხვეწებოდი, შემობრძანდით ბატონო ტერენტი. როგორ გვინდოდა რომ შემოსულიყო, მაგრამ არც ერთხელ არ შემოსულა. ერთხელაც, როცა ფანჯარასთან იდგა და ჩემ დას უსმენდა, მასთან მივედი, ხელში იები ეჭირა, ისევე ეცვა, როგორც ყოველთვის, ჭუჭყიანი თეთრი პერანგი, ფაქტობრივად “ბომჟივით” გამოიყურებოდა და ხალხი უფრთხოდა. “მითხრა, – საუბარი გააგრძელა ბატონმა ოთარმა, – “არ არის აუცილებელი, მოვა დრო როცა მე ამ სახლში სხვანაირად გამიგებენ და დამაფასებენო. ასე თქვა და წავიდა”.
თქვა და წავიდა ბატონი ოთარიც (ამაზე არასოდეს ვლაპარაკობდი, და ეს ამბავი შეიძლება ოთარ ეგაძის ოჯახმაც არ იცის). დედამ ეს ამბავი ტელეფონით მომიყვა. თხრობა დაამთავრა და მე მართლაც კინაღამ გადმოვვარდი სკამიდან.
ერთსაც გეტყვით: მე ვიცნობდი ადამიანს, რომელსაც ტერენტი გრანელმა ქუჩაში წაუკითხა “გაზაფხულის საღამოა მშვიდი” და უთხრა: “გოგონა მე თქვენ გიძღვნით ამ ლექსს”. ის ქალბატონი რამდენიმე წელიწადია გარდაიცვალა. ქალბატონი, ნინა ზახარევნა ხიდირბეგიშვილი, დედობილი და გამზრდელი იყო გურამ ლებანიძის – ძალიან ცნობილი პიროვნებაა, ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე. ერთხელ ნინა ზახარევნასთან ვიყავი და თვითონ მომიყვა, რომ ახლანდელ 23-სკოლაში სწავლობდა და მის სანახავად ხშირად მოდიოდა ტერენტი გრანელი (ქალბატონი ნინა ძალიან ლამაზი გოგო ყოფილა), ერთხელაც გაუჩერებია და მიუძღვნია პოეტური შედევრი “გაზაფხულის საღამოა მშვიდი”.
მე ისე დავამთავრე სკოლა – ამ გრანდიოზული პოეტის შესახებ არაფერი ვიცოდი. მისი ლექსები სასკოლო სახელმძღვანელოებში არ იყო შეტანილი. ეს უდიდესი დანაშაული და უსამართლობა იყო. რაც ახლა, წლების შემდეგ გამოსწორდა.
ტერენტი გრანელი მარად ცოცხალი, მარად მნათი სხივია ქართული პოეზიისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობისა, ზოგადად.


Responses

  1. უღრმესი მადლობა, ძვირფას გიორგი ბუნდოვანს, ყველაფრისთვის, რაც ტერენტისთვის გააკეთა!

  2. მადლობა!
    ეს ამბავი ცხოვრებისეული იდუმალების ცხადი გამოვლინებაა!

  3. ღრმესი მადლობა დაფასებისათვის!!!

  4. stambejdavi adamiani xar giorgi, namdvili mamulishvili.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: