Posted by: burusi | 15/05/2009

დიმიტრი უზნაძე: “ცხოვრების აზრი”

1510-11, The School of Athens (from the Stanza della Segnatura),  fresco, The Vatican2

ცხოვრების აზრი (ფრაგმენტები)

ჩვენი დანიშნულების ობიექტური ხასიათი, კაცობრიობის ისტორიული წარსულიდანაც ნათლად ჩანს, თორემ რად იქნებოდა ჩვენთვის უკვდავი თემისტოკლე და ფიდიასი, არისტოტელე და პლატონი, ალექსანდრე და ნაპოლეონი, რომელთაც გაცილებით უკეთ შეეძლოთ მოეწყოთ თავიანთი პირადი ბედნიერება. მაშინ მათ მაგიერ კაცობრიობის გმირთა პანთეონში პირველი რიგი დათმობილი ექნებოდათ ალკიბიადესა და კრასუსს, კატილინასა და ლუკულუსს, მაშინ მაჰმადი და ბუდა, კონფუცი და ქრისტე თავს დახრიდნენ ეპიკურესა და არისტოკრატ რომაელთა წინაშე, რომელთა ცხოვრება მუდამდღე განცხრომა იყო, მაგრამ კაცობრიობა ამათ წინაშე როდი იხრის ქედს, ამათ სახელებს როდი აღბეჭდავს ოქროს ასოებით თავის მეხსიერების დაფაზე. მას უფრო ისეთნი აინტერესებს, რომელთა ცხოვრება პირად ბედნიერებას კი არ მისდევდა, არამედ ობიექტური შინაარსის შემოქმედებას ემსახურებოდა. მხოლოდ ასეთთა ცხოვრებაა ჩვენთვის საყურადღებო და ისიც იმდენად, რამდენადაც ისინი ამ ობიექტური შინაარსის შემოქმედებას ეწეოდნენ.
ამიტომ კაცობრიობის მთელი ისტორიული წარსული შემდეგი სურათის სახეს იღებს. წარმოიდგინეთ უდიდესი ბალავერი, რომელზეც უნდა აიგოს დიდი ნაგებობა და ამ ბალავრის გარშემო მილეთი ხალხი, ათასი და ათიათასი ადამიანი ირევა ამ მომავალი შენობის საფუძველზე. ზოგს მძიმე ლოდი გაუდვია ზურგზე და ბალავრისკენ მიისწრაფვის, მეორე კირს და სილას ეზიდება იმავე ადგილისაკენ, ზოგი კიდევ გარს დახვევია ბალავერს და ნიჩბითა და ჩაქუჩით, ლომებითა და ბარით მოძრაობის კორიანტელს აყენებს მის გარშემო. ამ ადგილიდან ცოტა მოშორებით, იქვე გაშენებულ ბაღში კი მრავალი, ფერადებში გამოწყობილი ქალი და კაცი მხიარულების ჟრიამულებით, ცეკვითა და სიმღერით განცხრომას მისცემიან. მათ სახეს სიამოვნებისა და კმაყოფილების ბეჭედი აზის და ისინი განცვიფრებით და დაცინვით მისჩერებიან იმ საკვირველ ადამიანებს, რომელნიც იქ რაღაც არაჩვეულებრივი ფუსფუსით ბალავერს და რაღაცას აშენებენ; რატომ და რისთვის რომ კითხოთ, თვითონაც ვერ გეტყვიან. ამიტომაც მათ სულელებად და გიჟებად მიაჩნიათ ის ადამიანები, თავიანთ ორი დღის სიცოცხლეს ასე უაზროდ რაღაც შენობის აგებს რომ ანდომებენ.
ჩვენი ისტორიული წარსულიც სწორედ ასეთი მუშაობაა. ჩვენც გვაქვს ასაგები რაღაც დიდი შენობა, რომელიც ჩვენს წინაპრებს დაუწყიათ და შემდეგ მისი დამთავრება ჩვენთვის გადმოუციათ. ამგვარად, დაბადებიდანვე დაყოლილი გვაქვს თან ის დანიშნულება, რომელსაც მთელი ჩვენი ძალ-ღონე უნდა მოვახმაროთ. ჩვენი მოვალეობა ამ სახით იმთავითვე განსაზღვრულია. გასაკვირი არ არის იმიტომ, რომ ჩვენი ცხოვრება ინსტიქტურად მხოლოდ ისეთ პიროვნებებს თვლის ყურადღებისა და თაყანისცემის ღირსად, რომელნიც მთელ თავიანთ ძალ-ღონეს ასეთი შენობის აგებას ახმარენ, ხოლო ისეთნი, რომელთაც ამგვარი შენება სისულელედ და სიგიჟედ მიუჩნევიათ, რა გასაკვირია, რომ ჩვენი მეხსიერებიდან უგზოუკვლოდ ქრებიან.

მაგრამ რა არის ეს შენობა? მას კულტურული შემოქმედების სახელით ავღნიშნავთ.
ნივთიერ, არაორგანულ სამყაროს ღრმა პასიურობა ახასიათებს, მაშინ როდესაც შემოქმედება მოქმედებას, აქტიურ ძალას მოითხოვს. არსებობს მსოფლიოში აქტიური პრინციპი, რომელიც სულიერების სახელით არის ცნობილი. მხოლოდ მას შეუძლია მოქმედების პრინციპი იყოს.
სული ანუ აქტიური მომენტი მუდმივად უნდა ებრძოდეს ნივთიერებას (მატერიას), ანუ მსოფლიოს პასიურ მომენტს. ეს უკანასკნელი თანდათან გამჭირვალე უნდა გახდეს აქტიური მომენტისთვის, ასე ვთქვათ, განსულიერდეს. რა არის კულტულა, თუ არა პასიური მომენტების ამგვარი განსულიერება აქტიურის საშუალებით? აიღეთ მეცნიერება: უცნობი და შეუცნობელი ჩვენი გონებისთვის რაღაც პასიურ, უძრავსა და უსარგებლო სფეროს წარმოადგენს, მაგრამ როგორც კი შევიცნობთ მას, ის უკვე უცხო და უმოქმედო არაა ჩვენთვის, მისით ვსარგებლობთ და მას ვიმსახურებთ, ჩვენი მიზნების თანახმად.
აიღეთ ხელოვნება: ბუნების მკვდარი მასალა, შავი მარმარილო ან ფერადი, ხელოვანი შემოქმედის სულის შთაბერვით სულიერ არსებად იქცევა. რა არის ვენერა მილოსელი ან სხვა რომელი ქანდაკება, თუ არა სულიერი არსება?! აქ სხეული ნივთიერებაა (მარმარილო) და სული ხელოვანის იდეაა, რომელიც განხორციელებულია მკვდარ მასალაში. ამიტომაც ეს მასალა უკვე აღარაა პასიური, მკვდარი.
აიღეთ ჩვენი კულტურული ცხოვრების ყველა სხვა სფერო – ყველგან დაინახავთ მსოფლიოს განსულიერების ცდას, პასიური ნივთიერებების ძარღვებში სულის შეჭრას, მის სიცოცხლის მაჯისცემით ათამაშებას. ასეთია კულტურული ცხოვრების არსი და ასეთია ადამიანის ცხოვრების მიზანი.
დაბადების (ბიბლიის) წარმოდგენით, ღმერთმა იმით დაასრულა თავისი შემოქმედების პროცესი, რომ ადამიანის არსებაში საუკეთესოდ შეარიგა სული ხორცს, აქტიურობა – პასიურობას, სამაგიეროდ ნივთიერების მთელი დანარჩენი მსოფლიო განუსულიერებელი დატოვა და ამით თითქოს იმთავითვე განსაზღვრული დანიშნულება მისცა ადამიანის არსებობას.
ჩვენი დანიშნულება ღვთისგან დაწყებული მსოფლიო შემოქმედების განგრძობაა, ღვთისგან დაწყებული საქმის დასრულებაა. და თუ ასეა,მაშინ ცხადია,ჩვენს გამუდმებულ, დაუღალავ შრომას მნიშვნელობა ჰქონია, ჩვენს დროულ (დროში შეზღუდულ) ცხოვრებას – ღრმა აზრი.


Responses

  1. გენიალურია

  2. ეეჰ, ცხონებული ბატონი დიმიტრი. ჩემთვის გასაგებია, რისი და როგორი თქმაც უნდოდა, მაგრამ სტერეოტიპული და უსამართლო მიდგომაა ეპიკურესადმი (უფრორე სამართლიანი იქნებოდა, ეპიკურეს მოძღვრების მიმდევართადმი უხამუში დამოკიდებულება). ჯერ კიდევ სენეკა სცემდა ამ დიდ ბერძენ ფილოსოფოსს პატივს და ერთმანეთში მკვეთრად განასხვავებდა ეპიკურესაგან და მის მიმდევართა მიერ გაგებულ ერთ და იგივე ჭეშმარიტებას (დაახლოებით ისეთივე სხვაობა, როგორც მარქსი და მარქსიზმი).

  3. ბატონო თენგიზ,
    დიმიტრი უზნაძის ნაშრომები და მასზე ნაწერები რომ მოგაწოდოთ სხვა და სხვა ენაზე, შეგეძლებათ, ატვირთოთ აქ? წაადგება მკითხველს.

  4. დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის. მოგვაწოდეთ მასალები და აუცილებლად დავდებ

  5. marTalia epikureze, is bednierebad ufro zomier da bunebriv,martiv siamovnebebs Tvlida da ara uzomo xorxocsa da siamovnebebisTvis, yvelafriT da nebismier fasad,svindisis fasadac tkbobas. epikurevlebi mere hedonistebma da bolos gaRorebulma hedonistebma gadaSales da albaT ufro amaTzea laparaki. didi madloba Tqven rom gagvaxseneT uznaZis es didebuli narkvevi. droulia,gmadlobT.

  6. ძალიან მომეწონა, რა წიგნიდან არის ეს ფრაგმენტი?


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: