Posted by: burusi | 13/05/2009

ლია სტურუა: “ეს მხოლოდ მისი მიგნებული სილამაზეა”

ოთარ ჭილაძე
როდესაც ასე ახლოა გრემი,
მეც მინდა ვიყო უფრო მაღალი,
რომ დაინახონ ჩემში ან ჩემით
რაღაც ახალი, სულმთლად ახალი.

ყოველთვის სიმაღლე და სიახლე იყო ჩემთვის ოთარ ჭილაძე, ლექსებით დაწყებული და მოულოდნელი, ნაღმივით აფეთქებული რომანებით დამთავრებული.

არც თითიდან გამოუწოვია თავისი ხატები, არც ტვინი უჭყლეტია, არც სარჩულამოტრიალებულს უვლია. წერდა და წერს ისე, როგორც ხედავს, ხოლო ხედავს ისე, თითქოს სხვა ბროლი უდგას თვალში. სიტყვის ყურიდან ამოღებაც შეუძლია (“მუსიკა უპირველეს ყოვლისა”), ოღონდ სიტყვასთან თამაშით აბსურდამდე მისვლა არ სჭირდება. მართალია, ახლა მოდაშია ეს “კარგად დავიწყებული ძველი”, მაგრამ პოეტი კუტიურიე (მოდელიორი) არ არის, რომელიც მაღალ მოდასაც ქმნის და ყოველდღიურ მზა ტანსაცმელსაც.

Pret a-porte ხელოვნებაში მიუღებელია. ექსპერიმენტები მაგიდის უჯრისთვის უნდა აკეთოს პოეტმა, “გრემთან სიახლოვეში” კი მათი კვალიც არ უნდა ჩანდეს.

შოპენის მუსიკაზე მე, ყოველთვის, სევდიანად ვფიქრობდი, რბილად, უფრო სინათლით თვალში, ვიდრე ეკლებით. მისი შოპენი დაუპირისპირდა ჩემსას, მაგრამ დამარწმუნა თავის სიცხადეში.

“ამ სახლში ისევ უკრავენ შოპენს

და მავთულები ნაცრისფერ ცაში

იჭიმებიან და, თითქოს, გრძნობენ

რაღაცას დღემდე უცნობს და საშიშს”.

რა უნდა ყოფილიყო საშიში შოპენში? იქნებ “სისხლის წვეთი ძაფივით პირთან”? ეს უკვე ჩემი ლექსიდან არის, სიმშვიდედავიწყებული, აწეწილი ნერვების პერიოდიდან.

ასე რომ გავაგრძელო, ოთარ ჭილაძის ყველა ლექსიდან უნდა მოვიყვანო ციტატები, ის ხომ ჩემი საყვარელი პოეტია. მისი პორტრეტი, რომელსაც ჩემი მეხსიერება ხატავს, რადგან არც ისე ხშირად ვხედავ, საუკეთესო პორტრეტია კაცის, ასიმეტრიული პროპორციის პრინციპით აგებული, როგორც სვეტიცხოველი. თუ ადამიანი შეიძლება ჰგავდეს ტაძარს, ეს ოთარ ჭილაძეა. და კიდევ, საკუთარ მხატვრულ ხატებს ჰგავს იგი, მკვეთრს, უჩვეულოს.

ღორის ქონის ნაჭრები, ჩემთვის მსუყე, გულისამრევი, ვარდის ალისფერი ფურცლებივითაა და მე მჯერა ამ ხატის, მომწონს იგი, მახსოვს, ვიცი, რომ ის მხოლოდ ჭილაძისაა და სხვა არავისი.

რომანის გმირები თავიანთი ხასიათით უნდა გამახსოვრებდნენ თავსო, ამბობენ (ტიპურ გარემოში ტიპური ქმედებით), არატიპური – უკვე ამბოხია. ჩემთვის ოთარ ჭილაძის გმირები მეტაფორაა, რომელიც არანაკლებ მოქმედებს ჩემზე, ვიდრე მათი საქციელი, კეთილი თუ არაკეთილი, რადგან მეტაფორაც ამბოხია ხედვის, თვალში ჩადგმული ბროლის, სიტყვების თანასწორუფლებიანობის რღვევა.

“რომ დაინახონ ჩემში ან ჩემით

რაღაც ახალი, სულმთლად ახალი”.

ასე იყო პოეზიაში. ლიტერატურათმცოდნეობაში, მაშინდელში – ცნობიერების ნაკადი, შინაგანი მონოლოგი, ვერლიბრი.

ახლა – პოსტმოდერნიზმი, ნარატივი, პერმენევტიკა. თხრობას თუ ნარატივი არ დაარქვი, შენი თანამედროვეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ჯოისობანა თუ არ ითამაშე, იძახე, რამდენიც გინდა: “მოდი, გეძახი ათასწლის მერე, დამნაცროს ელვამ შენი ტანისამ” (გ. ლეონიძე), ვის რაში სჭირდები? მაგრამ თუ “გაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც გინდა”, შენ რაღაში გჭირდება “ახალი ინტელექტუალების დიაგნოზი?

ღმერთო, დიდხანს გვიმყოფე პოეტი ოთარ ჭილაძე, რომელიც მონადირის გეშით ეძებს სილამაზეს (“და სკამზე, როგორც ნანადირევი, კიდია შენი ლამაზი კაბა”). ეს მხოლოდ მისი მიგნებული სილამაზეა, მისი აბსურდი მისი აბსურდია და არა ნასესხები. თუ ერთი დიდი გერმანელი მარგალიტის მძივებით თამაშობს (Dას Gლასპერლენსპიელ), მან მარჯნის ან იაგუნდის მძივებით უნდა ითამაშოს, რადგან ის ოთარ ჭილაძეა, რადგან მის გარდა ვერავინ იტყვის:

“შენ ხარ აქამდე რაც უნდა მეთქვა,

შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი”.

და მეც, მისი ერთი მკითხველი, ასე ვფიქრობ მასზე.

ლია სტურუა

“ლიტერატურული პალიტრა ” N 4 (43), აპრილი 2008 წელი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: