Posted by: burusi | 13/05/2009

გურამ გეგეშიძე: “თავისი დროის გულწრფელი მემატიანე”

ოთარ ჭილაძე
ოთარ ჭილაძე – თავისი დროის გულწრფელი მემატიანე

დღეს ბევრს ჰგონია, რომ ცხოვრება წინ მიდის, ვითარდება, წიგნს ყავლი გაუვიდა და მალე მას ელექტრონული საშუალებები შეცვლის. ვეჭვობ, ასე მოხდეს, მაგრამ თუ მართლა ასე მოხდა, ეს იქნება აშკარა უკუსვლა, ახალი, ამჯერად გონებრივი გამყინვარების დადგომის ხანა დედამიწაზე, რადგან განვითარება მხოლოდ წინსვლას არ გულისხმობს, პირიქითაც არის. ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა შეცვალოს კომპიუტერმა წიგნი. რასაკვირველია, ცხოვრება წინ მიდის, მაგრამ უკეთესდება თუ არა, ღმერთმა უწყის. XX საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს საუკეთესო მოაზროვნეები უკვე ნათლად ხედავდნენ ეგრეთ წოდებული ფელეტონური ხანის მოახლოებას, ზერელობის დამკვიდრებას ადამიანთა სულიერ ცხოვრებაში. ერთი შეხედვით, ეს ხანა თითქოს დადგა, ტელევიზიამ და მასკულტურამ ლამის წალეკოს ჭეშმარიტად ფასეული ღირებულებანი, ლამის ხაზი გადაუსვას კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი კულტურული მონაპოვრის მრავალფეროვნებასა და გლობალიზაციის, ანუ უსულგულო პრაგმატიზმის ერთფეროვან ჭაობში ჩაახრჩოს თვითმყოფობის ყოველგვარი გამოვლინება. ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, მნიშვნელოვან მწერალს ამჟამად ყოველდღიურ წვრილმანებზე მოსაუბრე ჟურნალისტი ჩაენაცვლა, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს დღევანდელი ვითარება, უცილობელ ჭეშმარიტებად რჩება ის გარემოება, რომ მხოლოდ ნამდვილი შემოქმედის თვალით დანახული სამყარო აგრძელებს არსებობას, ინარჩუნებს მუდმივობას, საშუალებას აძლევს ადამიანს, წარმოიდგინოს გარდასული ეპოქები, თვალი გაუსწოროს აწმყოს, ეზიაროს ერთიანი კაცობრიობის კულტურულ ცხოვრებას.

ოთარ ჭილაძე სწორედ ის შემოქმედია, რომელსაც ხელეწიფება იმ უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესრულება, რაც ზოგადად აკისრია მწერლობას. ოთარი არის უდავოდ ღვაწლმოსილი მოღვაწე, შესანიშნავი პოეტი, შესანიშნავი პროზაიკოსი, დრამატურგი, ესეისტი, სცენარისტი. მისი მრავალმხრივი ნიჭი ლიტერატურის ყველა ამ სფეროს გასწვდა და გაამდიდრა კიდეც ჩვენი მწერლობა ფრიად მაღალმხატვრული ქმნილებებით. მან უკვე მოიპოვა დამსახურებული აღიარება ლიტერატურულ საზოგადოებაში, რაც არც ისე ხშირი შემთხვევაა მწერლის სიცოცხლეშივე. ყოველივე ამასთან ერთად, ოთარი არის უაღრესად კეთილშობილი და ღირსეული ადამიანი, ამ თვისებების გარეშე კი ყოვლად შეუძლებელია რაიმე პოზიტიურის მიღწევა რომელიმე საქმეში. ის არის კაცი, ვინც მუდამ უანგაროდ ემსახურება თავის მოწოდებას თუ დანიშნულებას, არასოდეს უკმევია გუნდრუკი ამა სოფლის ძლიერთათვის, რაც ჩვენდა სამარცხვინოდ, ერთობ მიღებული იყო ჩვენს საზოგადოებაში კარიერის მისაღწევად და არის დღესაც. ამ მხრივ, მისი კეთილსინდისიერება სამაგალითოა. ცხადია, ზოგი რამ ჩემი თაობის თვალწინ უფასურდება, მაგრამ ჟამთა სვლას ოთარი არ შეუცვლია, იგი კვლავინდებურად რჩება უპატიოსნეს, მთლიან პიროვნებად, როგორც შეეფერება ნამდვილ ვაჟკაცს.

გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,

რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი,

მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს –

კარგად იყავით. გმადლობთ. მშვიდობით, –

ამ მეტად მოკრძალებული, თავმდაბლური და სევდიანი გამონათქვამითაც კი ოთარი განუზომლად მაღლდება ეგზომ მომრავლებულ, ყველაფრის მომხვეჭელ, პრეტენზიებითა და ამბიციებით გაბერილ, გაბღენძილ, მადამოჭარბებულ, არაფრისმაქნის, თვითკმაყოფილ უბადრუკობაზე. იგი არის და იქნება თავისი დროის გულწრფელი მემატიანე, რადგან ჭეშმარიტი მწერლის მხატვრული სახეები და იდეათა სამყარო გამოხატავს არა მხოლოდ ავტორის პიროვნულ არსს, არამედ მისი ხალხის, მისი ქვეყნის, მისი ეპოქის სულისკვეთებას. ოთარი ნამდვილი მწერალია და სწორედ ამის გამო მიყვარს, პატივს ვცემ და ვუსურვებ ყოველგვარ სიკეთეს.

გურამ გეგეშიძე

“ლიტერატურული პალიტრა ” N 4 (43), აპრილი, 2008 წელი


Responses

  1. mozardi taobaa is visac velaze metad schirdeba otar chiladzis darigeba nisi esesbi da chanawerwbis saxit…

  2. salome,
    klasikosebi da, otar chioladze is mwerlebia, romlebc aqtualuri unda iyon ara marto mozardi taobistvis, aramed yvela asakis adamianistvis…

  3. klasikosebi da otar chiladze dzn cudi natqvamia….

  4. batoni otaris shemokmedebashi ashkarad igrdznoba grma emocia da uangaroba, rac mxolod didi mwerlebistvisaa damaxasiatebeli.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: