Posted by: burusi | 13/05/2009

ბესიკ ხარანაული: “ოთარ ჭილაძე – სიხარული ყველასთვის”

ოთარ ჭილაძე
ოთარ ჭილაძე – სიხარული ყველასთვის

მიკვირს, როცა ხელაღებით ცუდს ამბობენ დროზე, რომელშიც იცხოვრეს. მიკვირს, რადგან უმთავრესი ავიწყდებათ ხოლმე: სიცოცხლე – და ბუნების ამ უდიდეს საჩუქარს ყოფის ამაოებას გადააყოლებენ. მით უფრო, რომ ძალზე ძნელი წარმოსადგენია, რა ელის კაცს, როცა მიწის ტკეპნას სამუდამოდ მორჩება.

ოთარ ჭილაძემ სასტიკ დროში იცხოვრა და თვითონაც არანაკლები სისასტიკე დაუბრუნა, მაგრამ მისი შემოქმედება სიხარულის მომნიჭებელია. ეს მნიშვნელოვანი პარადოქსია ხელოვნებისა და მხოლოდ დიდ შემოქმედებაში იჩენს თავს. ასეთია ოთარ ჭილაძის შემოქმედებაც.

რაკი დროს შევეხე, შესაძლებელია ოდესმე დასაკვეხნიც კი გახდეს ჩვენს დროში ცხოვრება, რადგან დროთა სრბოლაში ყველა დრო განსაკუთრებული აღმოჩნდება ხოლმე თავისი გამორჩეული ნიშნით. მიუხედავად ჩვენი დროის და ცხოვრების განსაკუთრებული ნიშნებისა, – როცა ბოროტებას ხელები ჰქონდა გახსნილი და ადამიანის ერთადერთი კუთვნილება – თავისუფლება – აკრძალული იყო, მე კარგად მახსოვს, რომ მზე ამოდიოდა და ჩადიოდა და მთვარეც ასევე. იყო გაზაფხული და ზამთარი და მათ შორის ორი მშვენიერი დრო… სულ თორმეტი თვე წელიწადში.

მე აღარ მახსოვს (ისე ვამბობ, გეგონება, მხარს უკან მომესროლოს) არც დიდი და საშინელი ბოროტებანი და არც მცირენი, რომელთაც უფრო მოუწვდებოდათ ხელი ჩემამდე. აღარ მახსოვს, თუნდაც ბოლო თხუთმეტ წელიწადში მომხდარი საშინელი ამბები, რომელიც ჩვენს ქვეყანას იმათ დააწიეს, ტრამალივით ცარიელი სული რომ ჰქონდათ და უგონო ხალხი რომ აიყოლიეს. აღარ მახსოვს სხვადასხვაგვარად სახელშერქმეული ხელისუფალნი, გენერლები, პარლამენტი, გმირები და დეპუტატები… იყვნენ კი, ნეტავი? აი, თურმე ვის ჭამს დრო, ჟანგი, მიწა, თხა და მგელი.

მე მახსოვს სიცოცხლე, კარგი ხალხი, კარგი მიწა, თუნდაც ღორების ნაჩიჩქნი, მაგრამ მაინც მუდამ იმის მიხედვით გამოწყობილი, ზამთარი უნდა ეთამაშა თუ გაზაფხული. აღარ მახსოვს, ხალხის უკეთესობას და გამოფხიზლებას რომ ველოდით, მე ხალხის გვერდით მხოლოდ პურისა და ნავთის რიგში ვმდგარვარ. ჩემთვის ვიდექი. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მოხერხებულია ასე დგომა.

მე მახსოვს სიცოცხლე და ახლაც იმას ვიგონებ… პედანტურად, როგორც გენეალოგიურ შტოს, ავდევ-ჩავდევ ქართულ მწერლობას, გასული საუკუნეების წიგნებს, შოთას, ილიას, აკაკის, ვაჟას…

ბევრი დიდი ვარსკვლავი კიაფობდა გასულ საუკუნეშიც, მშვენიერი ხეივანი იყო ახალგაზრდებისთვის რჩეულთა და გამოჩინებულთა Aდა ვიდოდნენ ისინიც იმ ხეივანში, სკამებზე სხდებოდნენ…

იმ უკვე დადგინებულ დიდებს, რომელთაც ნაფოტიც აღარ შესკდებოდათ, მიწევნილ იყვნენ შემდგომი თაობები, თავიანთი რიგით. ჩემ წინ ოთარ ჭილაძე იყო, ხუთიოდე წლით ჩემზე უფროსი, მაგრამ მე იმ წესზე ვიყავ გაზრდილი, რომ, თუ კაცს შენზე ერთი პერანგით მეტი აქვს გაცვეთილი, უკვე მეტია შენზე. მწერლობა დუღდა, განუწყვეტლივ იქმნებოდა ხან ასეთი და ხან ისეთი ნაწარმოებები, ამბიციური ახალგაზრდები ბრუნავდნენ ლიტერატურის ირგვლივ… ახლა რომ ვუყურებ, ახალგაზრდა კაცს ამბიციურობა არ უნდა ეძრახებოდეს, ახლახანაა მშობლის კალთას მომწყდარი და რაღაცამ ხომ უნდა დაიფაროს და ძალა მისცეს… საკუთარი თუ არა აქვს, ეს ახალგაზრდა სხვა თავისი თანატოლის წარმატებით იკლავს შემოქმედებით წყურვილს. ყველას ერთნაირად ხომ არ გამოსდის ლექსი, მოთხრობა, გარეგნობითაც ხომ ყველა არ გამოირჩევა…

ოთარ ჭილაძე კი შემკული იყო ყოველივეთი. ერთი თავისებურებაც ჰქონდა: თავის პროტესტს, სინამდვილესთან თავის დაპირისპირებას გარეგნულად არ გამოხატავდა. ეს განასხვავებდა მას სხვებისგან: ყველა ხედავდა, რომ მისი დაპირისპირება ღრმა და შინაგანი იყო, ის გარეგნული ეფექტებით ვერ განიმუხტებოდა. ამდენად, რაღაცნაირად უცხოს იერიც გააჩნდა, გეგონება, აქაური არ იყო, ქართველი. ამას გამოჩენისთანავე ავლენდა, გეგონება, შიკრიკი მოუძღოდა წინ, რომ შეემზადებინა ისინი, ვინც ტკბილ ცხოვრებასაც ეტანებოდნენ და თან ლექსიც სწადდათ. სამწუხაროდ, ვერც ლექსი იტანს ცხოვრებას წყვილად და ცხოვრებაც ჭირივით გაურბის მასთან მგზავრობას.

ოთარი შორიდანაც ის იყო, რაც ახლოდან, – პოეტი, ანუ კაცი, რომელსაც ოდითგან მხოლოდ ეს სახელი შეჰფერის. ნანახიც არ მყავდა, მაგრამ ლექსებით უკვე წარმომედგინა და როცა გავიცანი, საზრუნავი აღარ შემქმნია დაახლოებისთვის. მაშინვე ჩემიანად ჩავთვალე.

უშნოსთვის იოლია თავს პატიოსნება მოსთხოვოს, ლამაზისთვის კი – ძნელი. პოეტი ბავშვობიდან ცოდვებს ეთამაშება, ამიტომ ცოდვებმა იციან პოეტის სული/სუნი და სიბერეში აღარ კბენენ. ყველა ბერდება, პოეტის გარდა. პოეტი ყველა ასაკში ახალგაზრდაა. თუ მისი გაგება გინდა, მოუსმინე: ლექსით გვარსა და სახელს გეტყვის, რომანებით კი ვინაობას გაგიმხელს.

დღევანდელი დღესავით მახსოვს ოთარის პირველი რომანის გამოქვეყნება. ეს იყო სიხარული ყველასთვის, ყველას საკუთარი წარმოსახვის კარი გაეხსნა, ყველას წინ გადაიშალა ახალი მომავალი. ყველას უნდოდა, ტანზე მოერგო, ხელით შეხებოდა, ელაპარაკა… ასე იყო მეორე რომანზედაც, მესამეზეც, მეოთხეზეც… მოდიოდნენ ახალ-ახალი თაობები მკითხველებისა. სხვა დრო იყო მწერლისთვისაც და მკითხველისთვისაც…

ასაკი პოეტს მხოლოდ ასაჩუქრებს, სძენს შემოქმედებით გამოცდილებას (სხვა დანარჩენი რაში სჭირია!) და ადამიანურ ნაჭუჭს აცილებს.

მე არ მიკითხავს ოთარისთვის და ახლა ვკითხავ:

– ოთარ, ხომ კარგი ასაკია შემოქმედებისთვის ჩვენი ასაკი?

ბესიკ ხარანაული
“ლიტერატურული პალიტრა ” N 4 (43), აპრილი 2008 წელი


Responses

  1. კი, ასეა. შემოქმედი სხვანაირად აღიქვამს დროს, ხალხს… ეპოქები სუნთქავენ მისი სულით. დამუხტულია მასი შინაგანი სამყარო სიყვარულებით, სიხარულებთ, აღტაცებებით, თავგანწირვებთ…
    კი, ბატონი ოთარი -ეს მართლაც სიხარულია ყველასათვის !
    აცხონე, უფალო!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: