Posted by: burusi | 07/05/2009

ოთარ ჭილაძე – “ფიროსმანი”

ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან, ფიროსმანი, 1906 წ.

ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან, ფიროსმანი, 1906 წ.

ფიროსმანი, რასაკვირველია, პროფესიონალი მხატვარია, ნათლად გამოკვეთილი პოზიციითა და მკაცრად ჩამოყალიბებული ფილოსოფიით აღჭურვილი. მისი ფუნჯი გარკვეულ კანო-ნებს ექვემდებარება და გარკვეული სკოლის მოთხოვნებს ასრულებს, როცა მუშამბის ნების-მიერ ნაგლეჯს, ტიტანური ძალისხმევითა და გენიოსური დაუდევრობით, სამარადისოდ ანიჭებს განუმეორებელ ხასიათსა თუ უჩვეულო განწყობას, უკეთილშობილეს იდეასა თუ უსპეტაკეს სულს…
ფიროსმანი უკანასკნელი წარმომადგენელია ჩვენი საეკლესიო მხატვრობისა. წესით, ტაძრები უნდა მოეხატა, მაგრამ ცხოვრების უკუღმართობის გამო დუქნებს ხატავდა. და მაინც, მთელი მისი არსება, მიუხედავად ირგვლივ გამეფებული სიბნელისა, ჯიუტად ინარჩუნებს თითქოს სამუდამოდ დამთავრებული უძველესი ქართული საეკლესიო მხატვრობის შორეულ გამონაშუქს. განა მზე რომ ჩადის, ყველაფერი ერთდროულად და ერთნაირად ითქვიფება სიბნელეში?! ზოგიერთი საგანი უფრო დიდხანს უძლებს წყვდიადის შემოტევას, უფრო დიდხანს ინახავს მზის დანატოვარ სინათლეს, და სწორედ ასეთი «საგანია» ფიროსმანიც. მართალია, მისმა «ეპოქამ», მისმა «მიწიერმა დრომ» ტაძრიდან დუქანში გადაინაცვლა, მაგრამ ის მაინც უფრო სულის მხატვარია, ვიდრე – ყოფისა. უფრო სწორად, ყოფის რომელიმე უაღრესად დამახასიათებელი დეტალის აღმოჩენისა და წარმოჩენის იშვიათი უნარით კი არ გამოირჩევა მხოლოდ, არამედ ნებისმიერი დეტალისთვის კიდევ სხვა, ბოლომდე ამოუხსნელი (რასაკვირველია, ჩვენთვის) დანიშნულებისა და მნიშვნელობის მინიჭებით.
მისი «მოქეიფეები» წმინდანებს უფრო ჰგვანან, ვიდრე მოქეიფეებს, ოღონდ ეგაა, ჯვრებისა და ხატების ნაცვლად ხელში ჩვეულებრივი ყანწები უჭირავთ. და მაინც, მათი «ქეიფი» დროსტარების ტრადიციული სცენა კი არ არის, არამედ იდუმალი აქტია უაღრესად მნიშვნელოვანი საიდუმლოს განდობისა, ოღონდ საიდუმლოს განმდობებს სახეებზეც ეტყობათ, თვითონვე რომ არ სჯერათ, მართლა თუ აღმოჩნდება ჩვენს შორის ვინმე მათი საიდუმლოს გამგები.

მეთევზე (წითელ პერანგში)

მეთევზე (წითელ პერანგში)

არც მისი «მეთევზე» ჰგავს ბუნებრივ გარემოში მოხვედრილსა და ნადავლით ხელ-დამშვენებულ მეთევზეს. თუმცა, შარვალაკაპიწებული, მდინარეში დგას და ვეება თევზიც უჭირავს ხელში, ერთი სახტად დარჩენილი, გაწბილებული თუ შეშინებული კაცია, მისთვის უჩვეულო, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი და, გეგონებათ, მდინარეც ელანდება და თევზიცო, ანდა საერთოდ პირველად ხედავს ერთსაც და მეორესაცო…
საერთოდ, ფიროსმანის ფუნჯის ყველა «ნაშიერი» ერთნაირად შემცბარი და გაოცებულია, თითქოს არც ერთი მათგანის სულში ჯერ არ დაბადებულა რაიმე ცუდი ზრახვა. ხოლო მაინც თუ სჩადის ცუდს, მხოლოდ და მხოლოდ იძულებით, ანდა უნებლიეთ, როგორც მოთვინიერებული ცხოველი. ისინი თითქოს იმ გარემოში კი არ დაბადებულან, რომელშიც ცხოვრობენ, არამედ შემთხვევით, მოულოდნელად აღმოჩენილან აქ და ამიტომაც არიან ერთნაირად დაბნეულები, სევდიანები, უცხოები, როგორი უცხოც, ვთქვათ, ჟირაფია საქართველოს ბუნებისთვის. მაგრამ იმავე ჟირაფისა არ იყოს, მათი შემქმნელის ჯადოქრობის წყალობით, ძნელად თუ მოინახება ჩვენს სინამდვილეში რაიმე მათზე უფრო ახლობელი, მათზე უფრო ბუნებრივი, მათზე უფრო ქართული…

1972

ჟირაფი

ჟირაფი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: