Posted by: burusi | 06/05/2009

გოგი გვახარია – “კინო და ძალაუფლება” (სერგეი ეიზენშტეინი)

სერგეი ეიზენშტეინი

სერგეი ეიზენშტეინი – Sergei Eisenstein

გოგი გვახარია – Gogi Gvakharia

დღევანდელი საჯარო ლექციის თემა არის “კინო და ძალაუფლება”. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ვისაუბრო რეჟისორზე, რომლის შემოქმედების პროპაგანდა დღეს გასაგები მიზეზების გამო არ მიმდინარეობს და ვის შესახებაც საზოგადოებას ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს; ეს მაშინ, როდესაც გამოკითხვის შედეგად, ფილმი _ “ჯავშნოსანი პოტიომკინი» _ ყველა დროისა და ქვეყნის ფილმებს შორის ლიდერობს. დღეს ჩვენ აქცენტს დავსვამთ კინოხელოვანისა და ძალაუფლების ურთიერთობაზე და შევეცდებით, ეიზენშტეინის ცხოვრებიდან განვიხილოთ ფრაგმენტები, რომელიც შემოქმედებითი ინტელიგენციისა და, საერთოდ, ყველა მოქალაქისთვის ახლობელია.

მე სტუდენტობიდანვე დავინტერესდი ამ ადამიანის ბიოგრაფიითა და ფილმებით. ვფიქრობ, რაც დრო გადის, მისი ბედი და შემოქმედება სულ უფრო თანამედროვე და მნიშვნელოვანი ხდება ჩვენი ცხოვრებისთვის. უამრავი კითხვაა დასმული მის შესახებ, რომელიც გვაღელვებს და ვეცდები, მათზე გავამახვილო თქვენი ყურადღება.

პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ დაახლოებით ასეთივე ლექცია წაიკითხა ეიზენშტეინმა 1933 წელს, მოსკოვის ბიბლიოთეკაში, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ვლადიმერ ლენინის სახელობის. თავის გამოსვლაში ეიზენშტეინმა თქვა ის, რამაც ბევრი გააკვირვა: ხელოვანისთვის მთავარია შემოქმედებითი ბიოგრაფიის შესწავლა. მაშინ ბევრისთვის გაუგებარი იყო, რას ნიშნავდა ეს. თურმე, კინომცოდნისთვის უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა შემოქმედებითი ბიოგრაფიის შესწავლა, ვიდრე _ ფილმებისა. მოგვიანებით, მან აქცენტი გადაიტანა პუშკინის ბიოგრაფიაზე და იკითხა, თუ რა არის პუშკინის ყველა ნაწარმოების ძირითადი თემა. მართალია, სკოლაში სხვადასხვაგვარად გვასწავლიდნენ პუშკინის შემოქმედებას, მაგრამ ის დასკვნა, რომელიც ეიზენშტეინმა გააკეთა, ერთი შეხედვით უცნაური და გულუბრყვილოა; მისი აზრით, პუშკინის ნაწარმოებების ძირითადი თემა ყოფილა მოხუცი, რომელიც ბედნიერებისკენ მიმავალ გზას ეღობება. მან ჩამოთვალა პუშკინის ნაწარმოებები: “ევგენი ონეგინი», “ბორის გოდუნოვი», “კაპიტნის ქალიშვილი», “პიკის ქალი» და სხვ. მაგალითად, “პიკის ქალში» მოხუცი ქალი მალავს საიდუმლოებას და ეღობება ახალგაზრდების ბედნიერებას. შემდეგ ეიზენშტეინმა გაიხსენა პუშკინის ბიოგრაფიის ერთი ფაქტი: მოგეხსენებათ, პუშკინს კარამზინის ცოლი უყვარდა და მისწერა წერილი, რომელშიც შეხვედრას თხოვდა. ქალმა წერილი ქმარს უჩვენა და პაემანზეც მასთან ერთად მივიდა. ეიზენშტეინი ამბობს, რომ ამ ტრამვისგან პუშკინი ვერასდროს გათავისუფლდა. როგორც ვიცით, მოგვიანებით მან ცოლად შეირთო ნატალია გონჩაროვა, რომელიც სულ ღალატობდა, თუმცა ქმარი ღალატს პატიობდა. საქორწინო ღამის მეორე დილას ახლად დაქორწინებულმა პუშკინმა დაინახა, თუ როგორ დაუქნია ნატალიამ ცხვირსახოცი იმპერატორს, რომელმაც ამ დროს ქუჩაში გაიარა. იგი ამ ფაქტს უწოდებს ხელოვანის პირველ შეხვედრას ძალაუფლებასთან.

დომინიკ ფერნანდესი, ფრანგი მწერალი, გონკურების პრემიის ლაურეატი, ფსიქო-ბიოგრაფიების ერთ-ერთი საუკეთესო ავტორი სწორედ ზემოხსენებული ფაქტით იწყებს თავის წიგნს _ “სერგეი ეიზენშტეინი». ფერნანდესი აღნიშნავს, რომ ბევრს უკვირს, რატომ აკრიტიკებდა ეიზენშტეინი ზიგმუნდ ფროიდს და მის შესახებ წერილებს აგზავნიდა ფსიქოანალიტიკოსთა ასოციაციაში; იქვე იხსენებს ამონარიდს ეიზენშტეინის ერთი წერილიდან: საჭიროა ვილაპარაკოთ არა უბრალოდ ფსიქოანალიზზე, არამედ ფსიქო-ბიოგრაფიაზე. ფსიქო-ბიოგრაფიებს ყოველთვის ეროტიკული საფუძველი აქვს. ფროიდისტების ნაკლია, რომ ისინი მიმართავენ ფსიქოანალიზს, მაგრამ ფსიქოანალიზს აკლია მთავარი _ ფსიქოსინთეზი. აქ შემოდის სიტყვა “სინთეზი”, რომელსაც უშუალო კავშირი აქვს ხელოვანისა და ძალაუფლების ურთიერთობის პრობლემატიკასთან. იმ დროს, როდესაც ეიზენშტეინმა ბიბლიოთეკაში ლექცია წაიკითხა, იგი იღებდა ფილმს “бежин луг ”. ეს ფილმი ეხება ყველასთვის მნიშვნელოვან თემას, მითს, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ცოცხლად მეორდება _ პავლიკ მოროზოვის ამბავს. პავლიკ მოროზოვს ძალიან ხშირად ახსენებდნენ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ; მახსოვს, 90-იანი წლების დასაწყისის საქართველოშიც მოულოდნელად გაიღვიძა ამ მითმა.

ბეჟინის მდელო – Bezhin Meadow

დღესაც, როდესაც ქვეყანაში, თითქოს, შენდება სამოქალაქო საზოგადოება და მიდის დისკუსია, თუ როგორი უნდა იყოს კანონმორჩილი ადამიანი, ძალაუნებურად გვაგონდება მითი საბჭოთა პიონერზე, რომელმაც დაასმინა კულაკი მამა, შემდეგ კი მამამ მოკლა. ძალიან საინტერესოა, რომ ეიზენშტეინმა, ფაქტობრივად, დაკვეთით გადაიღო ეს ფილმი 1933 წელს; პავლიკ მოროზოვის ამბავი იმ დროისთვის ძალიან პოპულარული გახდა _ სტალინი კოლექტივიზაციას იწყებდა და კარგი პიარი სჭირდებოდათ. ამ მხრივ საუკეთესო მაგალითი იყო ამბავი კარგ პიონერ ბიჭუნაზე, რომელიც ცუდმა კულაკმა მამამ მოკლა.

პავლიკ მოროზოვი – Pavlik Morozov

ძალიან საინტერესოა, რომ ამ პროპაგანდისტული მითის ეკრანზე გადატანა მოისურვა ადამიანმა, რომელსაც ერთი წლით ადრე, მექსიკაში ყოფნის დროს, იქ დარჩენის სურვილი გაუჩნდა და რომ არა სტალინის მუქარით აღსავსე დეპეშა, ეიზენშტეინი რუსეთში არც დაბრუნდებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანმა გადაწყვიტა ფილმის გადაღება პავლიკ მოროზოვის შესახებ. ეს ფილმი აიკრძალა, არ არსებობს მისი ორიგინალი, დარჩა მხოლოდ ფოტოფირი და სცენარი. დღეს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორი იქნებოდა ამ მითის შესახებ იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც ფსიქოსინთეზს ქადაგებს. ფილმში რამდენიმე მნიშვნელოვანი სცენაა, მაგრამ დღეს ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა ეპიზოდი, რომელშიც ეიზენშტეინი დაწვრილებით აღწერს ეკლესიის ნგრევას და მის კლუბად გადაქცევას. მოგეხსენებათ, 20-იანი წლებისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო ეკლესიის ადგილზე ბიბლიოთეკებისა და კლუბების აშენება. პარტიზნების ხმაურიანი სიმღერის ფონზე ვხედავთ ქალებს, რომლებიც შედიან საკურთხეველში. მნიშვნელოვანია, რომ იმ ეპოქის სხვა რეჟისორების ფილმებისგან განსხვავებით, ამ ფილმში ეკლესია კი არ ინგრევა, კლუბით იცვლება და ამ ეპიზოდიდან სიმღერას პროკოფიევის მუსიკა ენაცვლება. შეიძლება ითქვას, რომ ამ სცენაში, როდესაც ეკლესია ბიბლიოთეკად იქცევა, ეიზენშტეინი ისევ თავის საყვარელ თემას მიმართავს. მისი აზრით, ეკლესია უნდა გადაქცეულიყო სხვადასხვა კულტურისა და რწმენის თავშეყრის ადგილად. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ხშირად განვსჯით ხოლმე ისტორიას და მოსამართლეების როლში გამოვდივართ _ პავლიკ მოროზოვის მითზეც მოსამართლეების პოზიციიდან დაიწყეს მსჯელობა. ამ დროს კი, ალბათ, აუცილებელია ჩავუღრმავდეთ ამ მითს, გავიგოთ მისი წყაროები და მივმართოთ ისევ და ისევ ფსიქოსინთეზს.

ბეჟინის მდელო – Bezhin Meadow

პავლიკ მოროზოვზე საუბარი 1932 წელს დაიწყო. სინამდვილეში არავინ იცის, ვინ იყო და ვინ მოკლა იგი. ფაქტია მხოლოდ, რომ არსებობს ისტორია მამა-შვილზე, რომლებიც სხვადსხვა კლასობრივ ბანაკში აღმოჩნდნენ. ისტორიული წყაროს მიხედვით, მამა იყო სოფლის საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც კულაკებზე ყალბ ცნობებს გასცემდა. პავლიკმა მამა ბოლშევიკებთან დააბეზღა, პიონერის მშობლები დააპატიმრეს და ნათესავებმა პავლიკი მოკლეს. ცოტა მოგვიანებით გაჩნდა ამ მითის უფრო ტრაგიკული, ჩვენთვის ნაცნობი ვერსია. როგორც ჩანს, ამერიკიდან ახლად დაბრუნებული ეიზენშტეინისთვის სახელმწიფოსა და ოჯახის თემა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ბეჟინის მდელო – Bezhin Meadow

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზუსტად ამ დროს, 1933 წელს, გერმანიის სახელმწიფოს სათავეში ნაცისტები მოვიდნენ. ამავე წელს გერმანელები იღებენ ფილმს _ “ახალგაზრდა ჰიტლერელი კვექსი». მასში ახალაზრდა ნაცისტი ბიჭი გამოდის კომუნისტი მამის წინააღმდეგ. ამ ბიჭს კლავენ კომუნისტები, რაც სრულიად საკმარისი ხდება იმისთვის, რომ გერმანიაში ნაცისტური რეჟიმი აღორძინდეს. როგორც ჩანს, ერთსა და იმავე წელს, კომუნისტურ საბჭოთა კავშირში და ნაცისტურ გერმანიაში პავლიკ მოროზოვის მითი ერთნაირად აქტუალური ხდება. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ წელს ეიზენშტეინი აპირებს ფილმის გადაღებას კაენისა და აბელის ისტორიაზე. ეს არის ამბავი მდიდარსა და ღარიბ ძმაზე, რომლებიც ერთმანეთს ემტერებიან და ხოცავენ. ეიზენშტეინს უნდოდა ამ მითის გარკვეული ინტერპრეტირება საბჭოთა სინამდვილეში. ძალიან საინტერესოა, როდესაც ეიზენშტეინი პავლიკ მოროზოვზე ფილმს იღებდა, საბჭოთა კავშირში კიროვი მოკლეს და ეს ფაქტიც ამ თემას დაუკავშირეს. ყველაზე უჩვეულო ისაა, რომ ეიზენშტეინის ფილმში მთავარი უნდა ყოფილიყო არა ის, რომ შვილი აბეზღებს მამას, არამედ ის, რომ მამა კლავს შვილს _ მსხვერპლშეწირვის იდეა. მოგეხსენებათ, ეს იდეა ძალიან აქტუალურია 30-იანი წლების დასაწყისიდან _ იწყება რეპრესიები, როგორც მსხვერპლშეწირვა ბოლშევიკური იდეის აღორძინებისთვის. აქ კი ჩვენ ვხედავთ ისტორიას, რომელშიც განვითარება შეფერხებულია დაახლოებით ისე, როგორც კიდევ ერთ ლიტერატურულ პირველწყაროში; მხედველობაში მაქვს პროსპერ მერიმეს “მატეო ფალკონე». ეს ნაწარმოები ეიზენშტეინს ძალიან უყვარდა. პროგრესისთვის შვილის მსხვერპლად შეწირვის იდეა დღესაც ხშირად გვაგონდება, როცა მიმდინარე მოვლენებს ვუყურებთ.

ბეჟინის მდელო – Bezhin Meadow

დავუბრუნდეთ ფილმის იმ ეპიზოდს, როცა საკურთხევლის “დაპყრობა» იწყება. ჩვენ ვხედავთ პავლიკ მოროზოვს, ბავშვს, რომელსაც თავზე აქვს ნათება. იგი, გარკვეული თვალსაზრისით, ქრისტეს როლშია, განსაცდელისთვის ემზადება. ეს ახალი მესიაა, რომელსაც მამა არ მიიღებს. ფაქტობრივად, ჩვენ მივდივართ მნიშვნელოვან თემამდე _ მითი იქცევა ტრაგედიად და შვილის დანაშაული ის ხდება, რომ მამა გასცა, მამისა კი შვილის უარყოფა. ფაქტობრივად, ეიზენშტეინი აპირებდა პორტრეტის შექმნას 30-იანი წლების ეპოქისა, როდესაც ისტორია ადამიანის მსხვერლშეწირვას მოითხოვდა. ეიზენშტეინის აზრით, ეს ყველაზე დაუშვებელი და უსამართლო მოვლენა იყო.

ჩვენ ყველანი მივეჩვიეთ მონო-ფილმებს ერთი კონკრეტული ადამიანის, გარკვეული ჯგუფებისა და მათ ურთიერთობების შესახებ. ეიზენშტეინი იყო პირველი რეჟისორი, რომელმაც ერთი ადამიანი სიმრავლით, ხოლო დრამა ტრაგედიით შეცვალა. სწორედ ამიტომ არის ყოველი დროის საუკეთესო ფილმად აღიარებული მისი ფილმი “ჯავშნოსანი პოტიომკინი». ჩვენთვის გასაგები ხდება, რატომ უყვარდა მას თეოდორ დრაიზერის რომანი “ამერიკული ტრაგედია». ეს ნაწარმოები დღეს განსაკუთრებით აქტუალური ხდება ჩვენთვის. ეს არის რომანი ინდივიდუალიზმის ტრაგედიაზე; როდესაც გვეუბნებიან, რომ უნდა ავაშენოთ ინდივიდუალიზმზე, პიროვნების თავისუფლებაზე დამყარებული ახალი საზოგადოება, მე პირადად ყოველთვის მაგონდება “ამერიკული ტრაგედია», რომელშიც ავტორმა იწინასწარმეტყველა, სადამდე შეიძლება მივიდეს ინდივიდუალიზმი და ლიბერალიზმი _ დასავლური საზოგადოების ეს მონაპოვარი. მართლაც, სადამდე შეიძლება მივიდეთ?! ალბათ, ერთიანობის იდეის ისეთ გარყვნამდე, როგორც ეს ფაშიზმმა და კომუნიზმმა გააკეთა. თითქოს, ამ ორი ფილმის მაგალითზეც კარგად ჩანს, რომ ინდივიდი არაფერია და მასაა მთავარი. ლოგიკურად მივდივართ რასიზმისა და შოვინიზმის იდეამდე, ადამიანი და ნაცია შემოსაზღვრულია, თეორიაც შემოსაზღვრულია და აქედან გამომდინარე, ადამიანის განუმეორებლობა აღარ არსებობს.

სწორედ იმ დროს, როდესაც სტალინიზმი და ფაშიზმი ძალას იკრებს, ეიზენშტეინი ინტერვიუს აძლევს ერთ ამერიკულ გაზეთს: იგი საუბრობს ფორმალურ, ნაძალადევ, სტატიკურ ერთიანობაზე და ამბობს, რომ ეს მართლაც ასე მოხდება. დღეს, როდესაც ხშირად ვლაპარაკობთ ამ თემაზე, ლიბერალებისგან გამუდმებით გვესმის საყვედური იმის თაობაზე, რომ ჩვენ ვქადაგებთ ერთიანობასა და კომუნიზმს ან სოციალიზმს. მეორეს მხრივ, ადამიანთა საყოველთაო ერთიანობის იდეა, რომელსაც ის ქადაგებს, არის “იდეა”; იდეა კი იდეალურია ყველა იდეასთან მიმართებაში _ იგი დაუნახავი და მიუღწეველია ანუ მითია.

ოთარ იოსელიანი ერთ-ერთ ინტერვიუში ეიზენშტეინს მატყუარასა და იდეალისტს უწოდებს, ამბობს, რომ მან “ჯავშნოსანი პოტიომკინი», კონიუნქტურას დაუმორჩილა (ფილმში მეფე თავის მესაზღვრეებს ხიზილალას აჭმევდა და არა _ მატლიან სუპს). მაგრამ, თუ ჩვენ შევთანხმდებით, რომ ეიზენშტეინი იდეალისტია, ადვილად წარმოვიდგენთ, როგორ შეცვალა მან ეს ისტორია. მეზღვაურებს მატლიანი სუპი მისცა და სწორედ ეს გახადა რევოლუციის საბაბი. ეს არის აქამდე არსებულ იდეებს შორის ყველაზე იდეალური იდეა. იგი, ამავდროულად, ბუნების კონცეფციაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

“The Battleship Potemkin” – Sergei Eisenstein

ეიზენშტეინის ფილმი “ივანე მრისხანე», რომელიც ორი ნაწილისგან შედგება, სტალინმა სახელმწიფო პრემიით დააჯილდოვა, როგორც პროგრესული სურათი. თუმცა, მეორე სერიის ნახვის შემდეგ ეს ფილმი არა მხოლოდ აიკრძალა, არამედ მას ეიზენშტეინის შემოქმედებისა და ცხოვრების დასრულებაც მოჰყვა, იგი 1948 წელს გარდაიცვალა. მიზეზი ის გახლავთ, რომ მეორე სერიაში სტალინმა თავისი თავი იცნო. პირველ სერიაში ივანე მრისხანე წარმოგვიდგება პროგრესულ მეფედ, რომელმაც რუსეთი გააერთიანა. ბუნებრივია, რომ სტალინმა ამ პერსონაჟში საკუთარი თავი იცნო; მით უმეტეს, რომ ფილმი ომის დროს არის გადაღებული. პირველ სერიაში ივანე მრისხანე ამბობს ორ სიტყვას: Я один . რაც მაყურებელში დიდ სიმპატიას იწვევს; მეორე სერიაში ეს ორი სიტყვა გადაადგილებით მეორდება და გმირი იტყვის: Один я . ამ მომენტიდან ყველაფერი ინგრევა – ჩნდება ინდივიდუალიზმი, რომლიდანაც ერთი ნაბიჯი რჩება ძალადობამდე. მეორე სერიაში ჰორიზონტზე აგებული სისტემა ვერტიკალურით იცვლება _ მარტო დარჩენილ ივანე მრისხანეს ძალაუფლება ჩაუვარდება ხელში და მაშინ იტყვის: Один я . ფილმის პირველ ნაწილში ივანე მრისხანე ისტორიის მიერ არჩეულ პიროვნებად წარმოგვიდგება; ისტორიამ აარჩია მძიმე ბავშვობის მქონე ადამიანი, რომელსაც დედა მოუკლეს. ტრაგედია ის არის, რომ იგი თავადაც ხვდება ყოველივე ამას. იგი არის კანონის განსახიერება, რადგან ისტორიის კანონმა აირჩია. ცნება “მე ვქმნი” მოგვიანებით იქცევა ახალ თეზად – “ჩემია კანონი” ანუ “მე ვარ კანონი”. ამიტომაც, ივანე მრისხანეს ტრაგედია იქცევა პერსონიფიკაციის ტრაგედიად, რომელიც აქტუალურია ჩვენი დროისთვისაც. ეიზეშტეინმა იწინასწარმეტყველა, რომ სწორედ მე-20 საუკუნეში დაიწყებოდა პერსონიფიკაციის ახალი პროცესი; მისი აზრით, თუ 30-იან წლებში ამ პროცესს მხოლოდ ნაცისტები და კომუნისტები ქმნიდნენ (ერთს სტალინი ჰყავდა და მეორეს _ ჰიტლერი), მოგვიანებით იგი შეიძლება შექმნან თანამედროვე ლიბერალებმა.

ივანე მრისხანე – Ivan the Terrible

არის კიდევ ერთი ინტერვიუ, რომელიც იმ ადამიანების უკმაყოფილებას იწვევდა, რომლებიც 60-იან წლებში მოვიდნენ _ ხრუშჩოვის თაობას საერთოდ არ უყვარდა ეიზენშტეინი და, მითუმეტეს, “პერესტროიკა”. ხრუშჩოვმა ჩათვალა, რომ ფილმი “ჯავშნოსანი პოტიომკინი» ბოლშევიზმს უწევდა პროპაგანდას. ჩვენი საყვარელი ფრაზაა, რომ “პიროვნება ყველაფერია და უნდა ავაშენოთ ისეთი საზოგადოება, სადაც პიროვნების თავისუფლების იდეა უმთავრესი იქნება”. მაგრამ, ეიზენშტეინი კინემატოგრაფისტია და როგორც ვხედავთ, მხოლოდ კინემატოგრაფისტს შეეძლო არ მიეღო ეს იდეაც და ისიც, რომ ფსიქოანალიზი XX საუკუნეში ახალი რელიგიის ჩანაცვლებაა. მან პირველმა თქვა, რომ მთავარია ფსიქოსინთეზი. მთავარი არის არა ერთი პიროვნება, მისი ან მეორეს თავისუფლება, არამედ ის, რაც ამ ორ პიროვნებას შორის ხდება ანუ მათი ურთიერთობა. სწორედ ეს ურთიერთობა უნდა იყოს კულტურის განმსაზღვრელი, თორემ შეიძლება იქამდე მივიდეთ, რომ ფრაზა _ “Я один ” _ შეიცვალოს ფრაზით _ “Один я ”. გავიხსენებ ჩემთვის საყვარელ ფილმს და რეჟისორს, ლუის ბუენუელსა და მის “ნაზარინს». ეს იქნებოდა გამოსავალი ეიზენშტეინისთვის, როცა ვერ იგებდნენ, თუ რისი თქმა უნდოდა სუპერინტელექტუალური ენით მოსაუბრე ხელოვანს, რომელიც იაპონურის სპეციალისტიც იყო. ამ ფილმის ფინალი განგვიმარტავს იმას, რასაც ეიზენშტეინი მთელი ცხოვრების მანძილზე ამბობდა.

ივანე მრისხანე – Ivan the Terrible

«ნაზარინი» არის ისტორია სოფლელ მღვდელზე, რომელიც სოფლის კათოლიკური კანონებისთვის მკრეხელურად იქცევა, ქრისტიანობას ქადაგებს, მათეს სახარებას კითხულობს, მაგრამ სახლში მეძავები მოჰყავს და მათთან ერთად ცხოვრობს. ნაზარინს და მეძავებს დააპატიმრებენ, მღვდელი არ აღიარებს თავის დანაშაულს; ამბობს, რომ ის იქცევა ისე, როგორც ნამდვილი მოძღვარი უნდა იქცეოდეს. ფილმის ფინალში იგი სიკვდილით უნდა დაისაჯოს: ვხედავთ გოლგოთის მსგავს პეიზაჟს, ტანჯული, ნაწამები ნაზარელი ბილიკით მიჰყავთ; ფონზე ჩანს ჯვარი, რომელზეც იგი უნდა გააკრან. ფინალამდე მაყურებელი ფიქრობს, რომ მან სახარების ეკრანიზაციას უყურა და ნაზარელი იგივე ქრისტეა. ნაზარელიც ფიქრობს, რომ მან ქრისტიანულად იცხოვრა. მოულოდნელად, ჩვენ ვხედავთ ახალაგაზრდა ქალს, რომელიც მას ანანასს შესთავაზებს. ველით, რომ იგი უარს იტყვის ანანასზე და გზას გააგრძელებს. როგორც ვხედავთ, ეს მართლაც სახარების ეკრანიზაციაა. ბუენუელმა არა მარტო დასცინა ქრისტიანობას, არამედ გააკეთა ის, რასაც ეიზენშტეინი აკეთებდა. შეიძლება, არ უნდა ანანასი და არც მის ჭამას აპირებს, მაგრამ ამ შემთხვევაში იგი სხვასაც და თავის თავსაც უმტკიცებს, რომ არ არის ქრისტე. მას არ უნდა ციტატაში, ტექსტში ყოფნა. აი ეს არის ეიზენშტეინის მთელი შემოქმედება. როგორც კი პიროვნება თავს იგრძნობს ვერტიკალის ნაწილად, ღმერთად, მაშინ იწყება ის, რასაც იგი ინდივიდუალიზმის ტრაგედიას უწოდებს. რეჟისორს შემოაქვს სიტყვა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის; ეს არის მხატვრული სახიერება, რომელიც თავისთავად შეიცავს ურთიერთობას. მხატვრული სახე ვერ შეიქმნება კინოში შიდა კონფლიქტის ანუ კონტაქტის გარეშე. სიტყვა «იმაგო» სხვადასხვანაირად ითარგმნება, ეს არის დაპირისპირება სიტყვისა “პერსონა». არსებობს პერსონა, არსებობს “იმაგო», იმიჯი.

ნაზარინი – Nazarín

ეიზენშტეინი ერთ-ერთ თავის წერილს პავლო ფლორენცკის შემოქმედებას უძღვნის. იგი ყველა ჩვენთაგანისთვის საყვარელ ხატზე, წმინდა გიორგის ხატზე საუბრობს. ეიზენშტეინი წერს: მე ყოველთვის მიკვირდა, რატომ არის წმინდა გიორგი ხატებზე სევდიანი. მერე უხსნის, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ხატზე, მის შიგნით არსებულ კონფლიქტზე და მითზე ვისაუბრებთ, წმინდა გიორგი კლავს ურჩხულს. თუ ჩვენ ამ ხატს განვიხილავთ როგორც მხატვრული სახეს, რომელშიც ურჩხული და წმინდა გიორგი ერთი სახის ნაწილებია, ხოლო წმინდა გიორგი თავისთავში კლავს ურჩხულს, ბუნებრივია, რომ იგი ემშვიდობება თავის ნაწილს. ამის შემდეგ იგი ვეღარ იქნება ბედნიერი. აქედან გამომდინარე, ისევ ვხედავთ პირდაპირ პარალელს ივანე მრისხანესთან, რომელიც ბედნიერი იყო. მან მსხვერპლშეწირვის ხარჯზე გააერთიანა რუსეთი და წარმოგვიდგა პროგრესულ მეფედ, მაგრამ ჯერ იქცა უბედურად, მიუხედავად იმისა, რომ იგი მარტოა. ისევ და ისევ პერსონიფიკაციის ტრაგედიამდე მივდივართ. რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ძალაუფლების პრობლემასთან?! საუბარია იმაზე, რომ ადამიანი ინდივიდად ყალიბდება კონტაქტსა და ურთიერთობაში _ სიყვარულში, მეგობრობაში თუ სხვა ურთიერთობაში ჩანს, ვინ არის და რამდენად თავისუფალია იგი. მას მოყავს ტალეირანის ცნობილი ფრაზა – “я не друг человечества — я враг его врагов”. სწორედ მაშინ, როდესაც კინოს გადაღებას უკრძალავენ, ეიზენშტეინი წერს გამოკვლევას – “არაგულგრილი ბუნება». მისი მამა რიგის მთავარი არქიტექტორი იყო და იმისათვის, რომ ეს თანამდებობა მიეღო, უარი თქვა ებრაელობაზე, ქრისტიანად მოინათლა. ეიზენშტეინის დედა რუს ვაჭართა კლასს მიეკუთვნებოდა. მან, ფაქტობრივად, მარტოობაში გაატარა ბავშვობა და თავის ბიოგრაფიაში წერს კიდეც: როდესაც მშობლები მიმატოვებდნენ ხოლმე, ჩამოვიღებდი მამაჩემის გრავიურების სქელ ალბომს წმინდანების წამების შესახებ, ვუყურებდი ჩემთვის უცნობ პერსონაჟებს და მეტირებოდა; ვტიროდი ჩემს თავზე და არა ამ წმინდანებზე; ყოველთვის მეშინოდა იმის, რომ არასდროს მეგრძნო თავი წმინდა სებასტიანის, წმინდა გიორგის თუ ქრისტეს როლში. ეიზენშტეინს ეშინოდა და იბრძოდა, რომ მისი ცხოვრებისეული ტარგედია არ გადაქცეულიყო პერსონიფიკაციის ტრაგედიად; მან ამ შიშს დაუთმო დიდი დრო და გამოკვლევა, რომელსაც “არაგულგრილი» ბუნება ეწოდება. ეს გამოკვლევა ეხება თანამედროვე კულტურას და საერთოდ, ზნეობას. რას ნიშნავს ზნეობა და როგორი უნდა იყოს ზნეობრივი ადამიანი? გამოკვლევა იწყება როზენოვის ციტატით, რომელმაც 1911 წელს დაწერა წიგნი ბახის შესახებ. გამოდის, რომ ბახის მუსიკაში ბგერები ჩამწკრივებულან და თავიანთ რიგს ელოდებიან, ბახის მთელი მუსიკა ბგერების ერთმანეთთან საუბარია. საერთოდ, საუბარი და ურთიერთობა აღმოჩნდება მთავარი ჩვენი ცხოვრებისათვის. რატომ არ დარჩა ეიზენშტეინი ამერიკაში, სადაც თავშესაფარს აძლევდნენ? ბევრი სვამს ამ კითხვას. მრჩება შთაბეჭდილება, რომ იგი ამერიკაში არ დარჩა იმიტომ, რატომაც არ რჩება ბევრი ჩვენგანი. მან იგრძნო დასავლური საზოგადოების _ პერსონიფიკაციისა და საუბრის დეფიციტის პრობლემა, რაც დაგეგმარებით და, ზოგჯერ, თვითმკვლელობებით მთავრდება. ეინზშტეინი თვითონაც გაკვირვებული იყო, რომ თუ დასავლელს გეგმა ჩაეშალა, მან შეიძლება თვითმკვლელობით დაამთავროს სიცოცხლე. ეს მისთვის სრულიად გაუგონარი ამბავი იყო.

მხატვრული ნაწარმოები უნდა იყოს თავისი კომპოზიციით ორგანული და თავისი ზემოქმედებით პათოსური” _ ეს არის ეიზენშტეინის ცნობილი გამოთქმა. რას ნიშნავს პათოსური? თუ ორგანულია თავისი კომპოზიციით, ე.ი. პათოსურია თავისი ზემოქმედებით ანუ თუ მთლიანია, ორგანულია, მან არ შეიძლება გავლენა არ მოახდინოს ჩვენზე. გადავიდეთ ისევ ბუნებაზე და გავიხსენოთ ცნობილი ლოგარითმული სპირალები, რომლებიც “ოქროს კვეთაში» ერთი და იგივე ფორმულით ერთიანდებიან. ჯერ კიდევ პლატონიც ამბობდა, რომ ორი საგნის შეერთება შეუძლებელია მესამეს გარეშე; გავიხსენოთ პუშკინის «ბებრები», სანამ მესამე არ ჩაერევა, კონფლიქტი არ არის დრამა.

პირველი ხელოვანი, რომლითაც ეიზენშტეინი დაინტერესდა, პუშკინია. მას აინტერესებდა, თუ რა ფარული კანონები არსებობდა ამ ურთიერთობაში; ნოლი მთელი ექვსასთვრამეტი პროპორცია ოქროს კვეთისა სრულიად საკმარისი გახდა იმისთვის, რომ მას პუშკინის ყველა ლექსი ამ პროპორციის შესაბამისად გაეშალა, დაეწყო ძებნა იმისა, თუ სად გადის მათში “ოქროს კვეთა». მის ნაშრომში ჩანს, როგორ არის დაყოფილი “რუსლანი და ლუდმილა”. როგორც კი ეიზენშტეინი ამ პროპორციის გაგებამდე მიდის, განუწყვეტლივ ამბობს: золотой. აქედან იწყება პუშკინის ლექსების ახლებური გაშიფვრა:აღმოჩნდა, რომ პუშკინის მთავარი სათქმელი, რომელსაც ვერასოდეს ეტყვის მეფეს, ამ ფარულ კოდშია ჩადებული. ეს კოდი გადის “ოქროს კვეთაში» _ ნულ მთელ ექვსასთვრამეტი მეათასედზე. ეიზენშტეინის აზრით, პუშკინს იმედი აქვს, რომ მოვა ახალი თაობა, ასეთ ლექსებს დაიანგარიშებს და სათქმელს გაიგებს. აი, თურმე ვინ ყოფილა პუშკინი და როგორი კავშირი ჰქონდა მეფესთან. ბუნებრივია, კაცისთვის, რომელიც სტალინის ეპოქაში ცხოვრობდა, მნიშვნელოვანია, რომ თვითონაც მსგავსი კოდებით უთხრას მკითხველს თავისი სათქმელი. იგი ისეთ გასაოცარ საკითხებს ეუბნება მკითხველს, რომ შეიძლება ამისთვის დაეხვრიტათ კიდეც 1937 წელს. კიდევ ერთი მაგალითი ფერწერიდან _ მხატვარი სურიკოვი და მისი ცნობილი სურათი “Баяриня Морозова ”. აქ მოროზოვა ციგით მოდის და მას ეგებება მოსახლეობა. თავადის ქალი ციგაზე მკაცრი გამომეტყველებით დგას, ხელი წინ აქვს გაწვდილი და რაღაცას ამბობს. ვისთვისაც ნაცნობია კომპოზიციის კანონები, იცის, რომ ჩვენი ყურადღება უნდა იყოს მიმართული დიაგონალისკენ, რათა აღვიქვათ მთავარი პერსონაჟი ან ის, გადაადგილებულია თუ არა პერსონაჟი. მთავარი აქ არის არა მოროზოვა, არამედ მისი სიტყვა. სიტყვა ფერწერაში გამოუხატავია. ავტორს უნდოდა, რომ ჩვენი ყურადღება მეორე მხარეს გადაეტანა. იგი სხვა მხატვრებსაც ასახელებს, მაგალითად, ლეონარდო და ვინჩის.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა გამოდის, რომ პუშკინი როცა “რუსლანი და ლუდმილა»-ს წერდა, თავის სურათებს ხაზავდა და ნულ მთელ ექვსას მეათასედს ეძებდა, იმისთვის, რომ ეს საიდუმლო კოდი დაეფიქსირებინა?! რა თქმა უნდა, არა. აქ მივდივართ ეიზენშტეინის ძირითად დასკვნამდე, რომ თუკი ხელოვანი ორგანული ანუ თავისუფალია, მაშინ ის მუდმივად ცხოვრობს “ოქროს კვეთაში». როდესაც შემოქმედებითი პროცესი იწყება, ნამდვილი ხელოვანი ინსტიქტურად აუცილებლად იტყვის მთავარ სათქმელს “ოქროს კვეთაში». შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რამდენად თავისუფალია ხელოვანი. ერთ-ერთ ადგილას ეიზენშტეინი წერს, რომ მეფეზე დამოკიდებული ხელოვანი ვერ იქნება თავისუფალი, ხოლო თუ თავს გრძნობს ჭიანჭველების, აყვავებული ხეების და ა.შ. ნაწილად, ის ყოველთვის თავისუფალია.

ურთიერთობა არის ის, რაც ანვითარებს მოძრავ ხელოვნებას – ბახის მუსიკასაც და კინემატოგრაფიასაც. კინემატოგრაფი თავისი ენით კონფლიქტის ხელოვნებაა. გავიხსენოთ ფილმი “ოქტომბერი», რომელშიც ასეთი სცენაა: ბოლშევიკები შეესევიან ზამთრის სასახლეს, სარდაფში ჩადიან და იქ ხვდებათ ღმერთების გამოსახულება _ ქრისტიანული ხატები, ბუდისტური ხელოვნების ნიმუშები, აფრიკელ კერპთა გამოსახულებები. რევოლუციონერები ჩადიან და ეკრანზე ვხედავთ ბუდას, აფრიკულ კერპს, ამის შემდეგ კადრები ეჯახება ერთმანეთს და მაყურებელი თვალებს ხუჭავს. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ეს იყო “აფერისტული” პოზიცია და რომ ეიზენშტეინმა დასცინა რელიგიას, საერთოდ ღმერთის ცნებას. მთავრია ის, თუ რა ემართება მაყურებელს, რომელმაც თვალები დახუჭა. როცა ჩვენ დავხუჭეთ თვალები, ჩვენს ცნობიერებაში გაჩნდა ღმერთის იდეა _ ღმერთი აღარ არის მხოლოდ ხატი. ეიზენშტეინისთვისაც არ არსებობდა ხატი. მითუმეტეს, 30-იან წლებში, როდესაც ეკლესია გადაიქცა ბიბლიოთეკად, რომელშიც სხვადასხვა რელიგიის და კულტურის წიგნები ჩანდა. კოლმეურნეობაში შესულ მოროზოვის პიონერ მეგობრებს ხელში ეჭირათ წიგნები, გაათავისუფლეს საკურთხეველი, ჩამოიღეს ხატები და შექმნეს ბიბლიოთეკა. ეს იყო მისი პოზიცია, ეს იყო ის ბიბლიოთეკა, რომელსაც მოროზოვი შეეწირა. მამებს არ უნდათ, რომ მათი შვილები ქადაგებდნენ ამ ბიბლიოთეკაში და ამიტომ არის ეს მამა მზად თავისი შვილის მოსაკლავად. ეს არის შვილი, რომელიც სტალინის დიქტატურას შეეწირა. აღმოჩნდა, რომ ცენზურა და ძალაუფლება მშვენიერი რამაა ხელოვანისთვის -მას შეუძლია იანგარიშოს, სად იქნება ექვსას მეათასედი, თავი წარმოიდგინოს მზესუმზირის როლში, აყვავდეს და ბუნებრივი, ორგანული გახდეს. გამოდის, რომ ცენზურა არის მადლი, როგორც ეიზენშტეინი ფიქრობდა. ეიზენშტეინი დარწმუნებული იყო, რომ სადაც ცენზურა არ არის, იქ ხელოვნებას უჭირს. მან მაგალითად მოიყვანა მხატვარი, რომელიც მისთვის იდეალი იყო, _ ელ გრეკო. ელ გრეკოს ძალიან გაუჭირდა ცენზურასთან და დამკვეთთან ურთიერთობა და იგი გიჟად შერაცხეს. მაგალითად, როდესაც ოთარ იოსელიანის ზემოხსენებული ინტერვიუ წავიკითხე, იგი წარმოვიდგინე იმ მღვდელმთავრების როლში, რომლებიც უყურებდნენ ელ გრეკოს “ტოლედოს” და ამბობდნენ, რომ ეს არ არის ტოლედო. ამ სურათზე ტოლედო წვიმაში ისეა წარმოდგენილი, ჩვენმა მხატვარმა რომ მამა დავითის გვერდით სპორტის სასახლე დახატოს. ზოგი ხომ იტყვის, რომ ეს არ არის მამა დავითი?! “კანონის” თანახმად, ხომ უნდა დახატო ზუსტად ის, რასაც ხედავ?! ელ გრეკოს სულ არ აინტერესებდა რეალობა, მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო “ტოლედოს» სახე. და, როგორც ამბობენ, იგი არა თვალით, არამედ გულით ხედავდა.

1596–1600, View of Toledo. El Greco

1596–1600, View of Toledo. El Greco

ასე ამთავრებს ეიზენშტეინი თავის წერილს.

ჩვენთვის ცნობილია მარია იუდინას ისტორია:

ეს პიანისტი ქალი ძალიან უცნაური ხასიათის იყო. ბევრ კატასთან ცხოვრობდა; იგი მეგობრობდა ეიზენშტეინთან, პასტერნაკთან და სხვა ცნობილ პიროვნებებთან. იუდინას 1946 წელს მოცარტის კონცერტი 20 უნდა შეესრულებინა; ეს პირდაპირი რეპორტაჟი რადიოთი მოისმინა სტალინმა. ბელადს ძალიან მოეწონა შესრულება, რადიოში დარეკა და ითხოვა: “красивую музыку играете, пришлите пластинку ”. რადიოს დირექტორმა ვერ გაბედა იმის თქმა, რომ ეს პირდაპირი ეთერი იყო და ფირი არ არსებობდა. სასწრაფოდ მოიწვიეს ორკესტრი ღამის ორ საათზე, დირიჟორი ცუდად გახდა _ იცოდა, ვისთვის უნდა დაეკრა. ბოლოს, იუდინამ განაცხადა, რომ თავად იქნებოდა დირიჟორი და დაუკრა. ეს არის ერთადერთი ჩანაწერი მუსიკის ისტორიაში, როდესაც მუსიკოსი დიქტატორისთვის უკრავს. მეორე დღეს სტალინს ფირფიტა გაუგზავნეს. აღფრთოვანებულმა კრემლიდან დეპეშა გაგზავნა მარია იუდინას სტალინის პრემიით და დიდი ფულით დაჯილდოვების შესახებ. იუდინამ სტალინს აცნობა, რომ მთელი ფული ეკლესიას გადასცა სტალინის ცოდვების გამოსასყიდად. ამის შემდეგ, რამდენიმე ხნის მანძილზე, იუდინა დაპატიმრებას ელოდებოდა, მაგრამ არავინ მისულა. ამ ამბის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ პიანისტი გადარჩა. უკვე საავადმყოფოში მყოფი ეიზენშტეინი წერს: “გულით მცხოვრები მარია იუდინა. სულ მეუბნებიან: თქვენ ჭკვიანი კაცი ხართ, იეროგლიფები გაშიფრეთ და გვითხარით, როგორ ვიცხოვროთო? მე სულ მარია იუდინას მაგალითი მომყავს _ ჰკითხე შენს გულს, გული გეტყვის, როგორ იცხოვრო». რათქმა უნდა, რეჟისორი გულისხმობს ადამიანს, რომელიც ბუნების ორგანულად ცხოვრობს.


Responses

  1. სტატია,რომელსაც ყველაზე ხშირად ვუბრუნდები..

  2. ძალიან სერიოზული სტატიაა მართლაც..

  3. სათაური და შინაარსი ერთმანეთს არ შეესიტყვება.

  4. Spot on with this write-up, I seriously believe that this amazing site needs far more attention.
    I’ll probably be back again to see more, thanks for the advice!

  5. კაი სტატიააააააააააააააააააააააააააააააააა


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: