Posted by: burusi | 02/05/2009

მიხეილ კობახიძე

მიხეილ კობახიძე – Mikheil Kobakhidze

მიხეილ კობახიძე – Mikheil Kobakhidze (1939)

მიხეილ კობახიძე – სცენარისტი, რეჟისორი, კომპოზიტორი, კინემატოგრაფისტი, კომპოზიტორი, პროდიუსერი, ეპიზოდური როლების მსახიობი.

რეჟისორ მიხეილ კობახიძის შემოქმედება პოეტური ფორმის შავ-თეთრი, უსიტყვო მოკლემეტრაჟიანი ფილმებითაა წარმოდგენილი. თავისი ფილმებით რეჟისორი ადამიანებს სიყვარულისაკენ მოუწოდებს არა დიდაქტიკით, არამედ დახვეწილი ექსცენტრიკული იუმორით. მისი ფილმები გამოირჩევიან ორიგინალურობით, დახვეწილობით, პოეტურობით.

მიხეილ კობახიძე დაიბადა 1939 წლის 5 აპრილს თბილისში. 1959 წელს ჩაირიცხა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე (სერგეი გერასიმოვისა და თამარა მაკაროვას სახელოსნო). ფილმების გადაღება 1961 წლიდან, სტუდენტობის პერიოდიდან დაიწყო. გადაიღო მოლკემეტრაჟიანი ფილმები: “ახალგაზრდა სიყვარული” (1961) და “კარუსელი” (1962).

ინსტიტუტის მასწავლებელმა ს. გერასომოვმა უთხრა: “შენ ნამდვილი რეჟისორი ხარ, არ დაკარგო დრო ინსტიტუტში”. ს. გერასიმოვის დახმარებით მან სხვაზე ადრე ჩააბარა მესამე კურსის დამამთავრებელი გამოცდები და 1963 წელს დაიწყო პროფესიული კარიერა თბილისში. ეს იყო ინტენსიური, მაგრამ მცირეხნიანი შემოქმედების დასაწყისი. ინტენსიური თავისი ფორმითა და შინაარსით, მოკლე – იმიტომ რომ ხელისუფლება მას ყოველთვის უქმნიდა წინაღობებს.

მიხეილ კობახიძემ თბილისში გადაიღო სადიპლომო ფილმი “რვანახევარი”, სურათი ანტისაბჭოურ ნაწარმოებად მიიჩნიეს და მოსკოვში გაგზავნამდე გაანადგურეს. 1964 წელს გადაღებულმა სადიპლომო ფილმმა “ქორწილი” ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე სამი პრიზი მიიღო (ფესტივალის მთავარი პრიზი, კინოჟურნალისტთა ასოციაციის პრიზი, “საერთაშორისო ევანგელისტური კინოცენტრის პრიზი”).

ვაჟს ავტობუსით მგზავრობისას გოგონა მოეწონება. იმ დღიდან ლანდივით აედევნება, გოგონას გაცნობას მოახერხებს და მოეჩვენება, რომ იგიც თანაუგრძნობს. ვაჟი გრძნობის გამჟღავნებას გადაწყვეტს და თაიგულით ხელდამშვენებული, შეყვარებულის სახლისკენ გასწევს. შეხვედრაზე ფიქრი ბედნიერებით აავსებს, მაგრამ რეალობა გამოაფხიზლებს – პატარძლის სამოსში გამოწყობილი მისი რჩეული ახლადშეუღლებულ ქმართან და მაყრიონთან ერთად ბრუნდება სახლში, სადაც როგორც ეტყობა, საქორწილო სუფრაა გაშლილი. იმედგაცრუებული ახალგაზრდა კედელს მოეფარება, შემდეგ კი გაწბილებას არ შეიმჩნევს და ენერგიული ნაბიჯით ქუჩას გაუყვება.

1965 წელს დაამთავრა კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.

მიხეილ კობახიძე – "ქოლგა"; Mikheil Kobakhidze - "Qolga"

1967 წელს გადაიღო ფილმი “ქოლგა”. ქალ-ვაჟის ყურადღებას ჰაერში მოფარფატე ქოლგა მიიპყრობს. მის დევნაში დაიღლებიან და მიხვდებიან, რომ ოცნება ყოველთვის როდია ხელმისაწვდომი. ფილმმა 1967 წელს მთავარი პრიზი და “ფიპრესის” პრიზი აიღო კრაკოვის (პოლონეთი) საერთაშორისო კინოფესტივალზე.

1969 წელს რეჟისორმა გადაიღო 14 წთ-იანი ფილმი “მუსიკოსები”. მარტოხელა მიშა გარემოს ჭოგრიტით აკვირდება. შორს, თეთრ უსასრულობაში მასავით მარტოდ მყოფ გიას აღმოაჩენს. გახარებული, შესახვედრად გაიქცევა. ცეკვავენ და თამაშობენ. თამაში კინკლაობაში, შემდეგ ჩხუბში გადაიზრდება. სერიოზული შეტაკების შემდეგ გაიყრებიან. მარტოობა მობეზრდებათ და კვლავ ერთმანეთისკენ მიიჩქარიან.

ფილმის ფინალში, მიხეილ კობახიძის პერსონაჟის თავში, რომელშიც ზარბაზნების ქუხილის მეტი აღარაფერია, მკურნალობის შემდეგ ისევ “მუზები” ამღერდებიან. “მუსიკოსების” გადაღების შემდეგ რეჟისორს პრობლემები დაიწყო. საბჭოთა იდეოლოგიისთვის საშიში გახდა ის ფასეულობები, რომელსაც კობახიძე ქადაგებდა – ნონკონფორმიზმი, ამბოხების უნარი, დაუმორჩილებლობა, ინდივიდუალიზმი. მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის ალექსანდრე რომანოვის განკარგულებით მიხეილ კობახიძეს დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა.

მიხეილ კობახიძე ერთ-ერთ ინტერვიუში წერდა – “მოვიდა ბრძანება მოსკოვიდან – მე ამიკრძალეს რეჟისორად მუშაობა. იმდენ წინააღმდეგობას ვაწყდებოდი ამ პერიოდში, რომ “მუსიკოსების” ფინალში უკვე გამოვხატე ჩემი განწყობილება – ბოლო სცენა რომაა, ჩვენ რომ გავდივართ უცბად კადრიდან, ეს იყო ჩემი დამშვიდობება კინემატოგრაფთან. ეს აზრი ჩავდე იქ, თუმცა ბევრი სცენის მერე დავბრუნდი.”

ფილმების გადაღებების აკრძალვის შემდეგ რეჟისორმა სცენარები დაწერა მულტფილმებისათვის: “ჩიბუხი” (1976), “ზღვაზე” (1980). რეჟისორისთვის საბჭოური ერა პროფესიულ დევნასთან ერთად 1984 წელს შვილის, გეგა კობახიძის ტრაგიკულ სიკვდილთანაც ასოცირდება. საბჭოთა ცენზურის მსხვერპლი ქართველი რეჟისორი 1996 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. 1996 წელს ვენეციის კონოფესტივალზე მოეწყო რეჟისორის ფილმების რეტროსპექტივა.

33 წლიანი პაუზის შემდეგ, კინოსფეროში მოღვაწეობა მიხეილ კობახიძემ საფრანგეთში განაახლა. 2001 წელს საფრანგეთში მიხეილ კობახიძემ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი “გზაზე”.

“გზაზე”, მიხეილ კობახიძე; Mikheil Kobakhidze

2007 წელს ბერლინში, კინოთეატრ “არსენალში”, გაიხსნა ქართული ფილმების რეტროსპექტივა “ფოკუსშია საქართველო”, სადაც ქართული კინოს კლასიკოსმა ბერლინში თავისი 6 მოკლემეტრაჟიანი ფილმი უჩვენა, მათ შორის ქართველი მაყურებლისთვის თითქმის სრულიად უცნობი სტუდენტური ფილმები: “ახალგაზრდა სიყვარული”, “კარუსელი” და სამი წლის წინ საფრანგეთში გადაღებული ფილმი “გზაში”. გერმანელი მაყურებლები გაკვირვებული ეკითხებოდნენ რეჟისორს, რას აკეთებდით 34 წლის განმავლობაშიო. “არსენალში” უთხრეს, თქვენს ფილმებში არაერთი რეჟისორის გავლენა ჩანს. როდესაც ჰკითხეს, თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ მოახდინა გავლენა თქვენს შემოქმედებაზეო, მიხეილ კობახიძემ უპასუხა – “ადამიანებზე მოქმედებს ყველაფერი, ვარსკვლავებიდან დაწყებული, უხილავი ატომებით დამთავრებული. მაგრამ მაინც ვერ გეტყვით, ვის ვბაძავდი. იმას კი ვცდილობდი, რომ როცა ერთ ფილმს ვაკეთებდი, მეორეში საკუთარი თავისთვის არ მიმებაძა.”

“გზაზე”, მიხეილ კობახიძე

მიხეილ კობახიძის ფილმ-მინიატურებში არ წარმოითქმის არც ერთი სიტყვა. მათში მეფობს გამოსახულება და მუსიკა. მიუხედავად ფილმების სიმცირისა, მიხეილ კობახიძის შემოქმედება გამოირჩევა ძალზედ განსხვავებული, მისთვის დამახასიათებელი მხატვრული თავისებურებებით, ავტორის თვითმყოფადი და თავისთავადი ნიჭით, ცხოვრების წარმოსახვის მისეული მეთოდით.

2009 წლის 5 აპრილს, კინორეჟისორ მიხეილ კობახიძეს 70 წელი შეუსრულდა, საღამოს 8 საათზე პარიზში კონოთეატრ Action Cristine ში მისი 6 პატარა მარგალიტის ჩვენება მოეწყო. თბილისში არავის მოსვლია აზრად მსგავსი ჩვენების მოწყობა.

მიხეილ კობახიძემიხეილ კობახიძე

ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. მუსიკოსები ( 1969)
2. ქოლგა ( 1967)
3. ქორწილი ( 1964)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. ორშაბათი ( 1987)
2. რბოლა ( 1977)
3. მუსიკოსები ( 1969)
4. ქოლგა ( 1967)
5. ქორწილი ( 1964)

კომპოზიტორია ფილმების:
1. მუსიკოსები ( 1969)
2. ქოლგა ( 1967)
3. ქორწილი ( 1964)

გადაღებულია ფილმებში:
1. იასამანი – (1997)
2. მუსიკოსები (მიშა) – (1969)


Responses

  1. araCveulebrivia..
    me exla ase vtqvat, garchevas vcer mixeilis shesaxeb da bevri ram gavarkvie masze.. tqveni statia dzalian damexmara : ))

  2. გუშნ მოეწყო ამგვარი კინოჩვენება.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: