Posted by: burusi | 24/04/2009

გიული წერეთელი – “ბიჭი ბებიას მედალიონიდან”

თემურ ჭკუასელი შვილიშვილთან

თემურ ჭკუასელი შვილიშვილთან

დაისია. ზამთრის სუსხთან ჭიდილში გადაღლილ მზეს სხივები ცელქი ბავშვებივით გამოქცევიან და თვითმფრინავის ილუმინატორის მინას მიკრულ მგზავრს, სახის მიმიკას წარამარა უცვლიან. მგზავრიც დრო და დრო შუბლს ისრესს და ვერ გაიგებ, რა უფრო უშლის ნერვებს, ათინათების მომაბეზრებელი “ხუმრობა” თუ ბოინგის გაუთავებელი “ღოღიალი” ნიუ-ჯერსის თავზე? აი, უკვე მერამდენედ ხაზავს წრეს ვერცხლისფერი ლაინერი ჰაერში… ძირს ისევ ხახადაღებული ოკეანე ჩანს, ჰორიზონტის ხაზით მიჰკვრია ცის კაბადონს და სილურჯეში ეჯიბრება. წყლიდან მომწვანო ფერის ქანდაკება – ამერიკული თავისუფლების სიმბოლო წამომართულა და ისე მიიწევს ზემოთ, ლამის პედესტალს მოსწყდეს და ჩირაღდანი ცაში აიტანოს.

თავისუფლების ქანდაკება

ნათელია ჯერ, მაგრამ მანჰეტენის ცათამბჯენებიდან ნეონი უკვე უხვად იღვრება. რა ენაღვლებათ, ისინიც ენგურჰესზე არ იყვნენ დამოკიდებულნი…
ოცდათორმეტი ათას ასოცდათვრამეტი დიდი და პატარა მდინარე მიედინება საქართველოში, ამდენი მდინარე, თურმე ერთად, არცერთ დიდ სახელმწიფოში არ არის, ჩვენ კი ენერგეტიკული პრობლემა ვერ გადაგვიჭრია ბოლომდის. ჰმ? – უკმაყოფილოდ აქნევს თავს და საფიქრალს ახლა მისი ერთ-ერთი წიგნის გარეკანზე დაბეჭდილ სურათის ქვემოთ, რედაქტორის წარწერა უცვლის, ეღიმება და ტექსტის აღდგენას ცდილობს: “დგას სარკის წინ თემურ ჭკუასელის კონკრეტული თუ ზოგადი წინაპარი და სარკეში თავის გაევროპელებულ შთამომავალს უმზერს. რეალობაა მხოლოდ წარსული, ხოლო აწმყო, რაგინდ გაკრიალებულ-გაუთოებული, მისი ანარეკლია. სწორედ ამიტომ გაიხადა თემურ ჭკუასელმა გაზიმზიმებული სმოკინგი და თავისი წიგნის უკანა ყდაზე ჩამოკიდა”.

ქართველი თავადი

სანამ ჩვენი მგზავრის ფიქრთა კონა, ფთილა-ფთილა ღრუბლებივით ეფინება ატლანტის ოკეანის სანაპიროს, მოდით, გიამბობთ, რა მოხდა ერთ დღეს ამერიკაში. საავადმყოფოში მყოფ ჩემს მეგობარს, პალატის კარი თეთრხალათიანმა, შუა ხნის მამაკაცმა შემოუღო, მკურნალ ექიმად წარუდგინა თავი და ჰკითხა, ქართველი ხართო? პაციენტის გაოცებამ მისი ღიმილი გამოიწვია, დაუმატა, გვარის დაბოლოებით მივხვდი თქვენს ეროვნებასო და განაგრძო: ქართველებს, თქვენი ადამიანური ბუნება სახეზე გაწერიათ, თქვენ წითელ წიგნში შესატანი ხალხი ხართ, თქვენს გენებს მოფრთხილება სჭირდება, უნდა გამრავლდეთ და მოეფინოთ ქვეყანასო. პაციენტის ემოციას უთქმელადაც მიხვდებით, ისღა მოახერხა, თვალებაწყლიანებულს ეკითხა, ვინ გაგაცნოთ ამ დონეზე ქართველებიო?
კოლეგა გვყავდა ქართველი, არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა და დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა ჰოსპიტალშიო. მას შემდეგ ქართველის დანახვა სასიამოვნო ასოციაციებს იწვევს ჩემში და ვცდილობ ქართველებს განსაკუთრებული ყურადღებით მოვემსახუროო, – გაუმხილა გულისნადები.

ქართველები

ამერიკელი ექიმის ასოციაციის რა მოგახსენოთ, მადლობის მეტი რა მეთქმის მის მიმართ, ქართველების ასეთი შეფასების გამო და მისი ქართველი კოლეგა რომ ნამდვილად იმსახურებს პატივს, ატაროს მამულიშვილის საპატიო სახელი – ესეც უდაოა. მაგრამ ბატონ თემურიზეც იგივე რომ შეგვიძლია ვთქვათ, ამაზე მინდა გელაპარაკოთ. მისი პიროვნება `სავიზიტო ბარათი”, ჩვენი ქვეყნის სახეა საზღვარგარეთ, მისი ცხოვრებისეული მრწამსიც ამაზე მეტყველებს.
მალე, ალბათ თვითმფრინავი დაეშვება აეროპორტში, წიგნის ავტორი კი გონებით რედაქტორის ნაკალმევს უტრიალებს. მაინც რა იყო ეს, იწინასწარმეტყველა პაატამ? გაევროპელებულის რა მოგახსენოთ, მაგრამ მისი პირველი შთამომავალი რომ სწორედ იმ ქვეყნის მოქალაქეა, ზესახელმწიფოდ რომ იწოდება დღეს, მისი აზრით, გლობალური პოლიტიკის შედეგია.
ამ წიგნის გამოცემის დროს, ბაბუაობისთვის ჯერ მზად არ იყო, არც ბიჭები “იკლავდნენ თავს” ოჯახურ უღელში შესაბმელად, ქართველებიც კანტი-კუნტად გაედინებოდნენ სამშობლოდან საშოვარზე… და საზღვარგარეთიც ბატონ თემურს, ანსამბლის წევრებთან ერთად, ქართული ხალხური სიმღერის მადლის მოსაფენად ჰქონდა “აკლებული”, თორემ რას წარმოიდგენდა, ერთ დღეს ამერიკაში თუ ვაჟიშვილის ოჯახი უმასპინძლებდა და თანაც, რაც ყველაზე მთავარია, შტატებს, ამჯერად, მაინც და მაინც გვარის გამგრძელებლის გასაცნობად და მოსაფერებლად ესტუმრებოდა?!
რა ფენომენია ადამიანი?! ქვეშეუცნობლად, წინასწარ გრძნობდა ამას თვითონაც და ის “სმოკინგიც ასე უბრალოდ მიტომ მიაკიდა ლურსმანზე და არა საგულდაგულოდ შეინახა ტანსაცმლის კარადაში?!”

“ჩემო წინაპრებო – მახარბელ! გრიგოლ! თომა! ბიქტორ! დავით! ისევ იზრდება კიდევ ერთი მეკრიმანჭულე თქვენს გვარში, მისითაც ისე იამაყებთ, როგორც ერთმანეთით, თქვენსავით დავუბარებ, რომ იყოს ჯერ ბებიისა და ბაბუის იმედი, მერე დედ-მამის, მერე ზემოუბნელების, მერე კლასელების, მერე სკოლის, მერე უმცროსი და-ძმის… მერე მეგობრების. მერე მეუღლის, მერე შვილების… ყველა ერთად აღებული კი სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანა შენი… გააზრებულად უნდა იცხოვრო, ეს შენი მოვალეობააო. მეც ანდერძად გადავცემ თქვენს სისხლსა და ხორცს! – ამოეჭრა უცებ გულიდან. ამღერება მოუნდა და მეგობრები ინატრა იმ წუთს. ისე, – “სამღერლად მომზადება არაა საჭირო, სიტუაციიდან მოდის, შენ კი არ გეკუთვნის სიმღერა, არამედ თვითონაა შენი ბატონპატრონი და სანამ არ მოისურვებს თავად, არაფერი გამოგივა. კი, პირსაც გააღებ, ხმასაც ამოუშვებ ყელიდან, შეხმატკბილებაც იყოს შეიძლება, მაგრამ არ იქნება მთავარი – სიმღერა! რადგან ოკეანის მიმოქცევას ჰგავს იგი, დრო მოვა და დაუკითხავად მოადგება სულის სანაპიროებს”…

საქართველო

შეხმატკბილება! (რა იყო მაინც აკაკი, რა სახელი მოარგო ბგერათა მეგობრობას?!). ზუსტად მაშინ გჭირდება მეგობრის სიახლოვე, როცა სიყვარულს გრძნობ! რას ნიშნავს მისი გვერდში დგომა იმ დროს?! თანაც სიმღერა ქართულ სუფრასაც როგორ უხდება… “ისე სუფრის მონატრებაც ხომ ჩვენთვის სიმღერის სიყვარულია მხოლოდ. როცა ამ დროს სიმღერას ვიწყებთ, სუფრა სადღაც გვეკარგება, იცრიცება და თანდათან ქრება, ვერ ვიტყვი, ჩვენ ვცილდებით მას თუ ის მიდის სადმე, მაგრამ რომ გვეკარგება, ეს ცხადია”…

ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან, ფიროსმანი, 1906 წ. “ქეიფი” ფიროსმანი

ფიქრი სტიუარდესამ შეაწყვეტინა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამერიკის შეერთებულ შტატებშიო, და როგორც იქნა თვითმფრინავმაც იგრძნო ბორბლებს ქვემოთ მიწა. მოსაცდელი დარბაზი აჩქარებით გაიარა, ბარგიც დროზე დაიბრუნა, მაჯისცემამ კი უმატა და ის იყო გულის ჯიბისკენ წამლისათვის წაიღო ხელი, რომ თვალი უშველებელ პლაკატზე, მშობლიურ ანბანზე საგულდაგულოდ გამოყვანილმა ასოებმა მოსტაცეს: “გამარჯობა, მამა!”

სერგო ზაქარიაძე

შუშებიანი კარებების მიღმა, ათასნაირი ჯურის დამხვედრ ხალხს შორის, ვინ არ ჩანდნენ: სარშემოხვეული და უზარმაზარ ჩალმიანი ინდოელები, ნაირ-ნაირ რგოლებითა და ჯინჯილებით დახუნძლული აფრიკელები, მონგოლოიდურ ღაწვებიანი და წვრილთვალება ჩინელები, ლოკონებიანი და შავცილინდრიანი ორთოდოქსი ებრაელები…
დათო და მაია კი განცალკევებით იდგნენ და ეშმაკურად იღიმებოდნენ. “გამარჯობა, მამა!”, – აი, ამ სიტყვებით დასათაურებულმა ნოველამ გამიწია მასპინძლობა ბატონი თემურის მწერლურ შემოქმედებაში.

სერგო ზაქარიაძე

ამ მოთხრობაში, საოცარი გრძნობით აღწერილმა ნამდვილმა ამბავმა გამიჩინა ინტერესი მისი კალმის მიმართ, თორემ მისი დამსახურება ქართული სიმღერის პროპაგანდისა და სასცენო მოღვაწეობის საქმეში, არახალია! შემდეგ უკვე ამ მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანის ერთ-ერთი წიგნი, “წინ, წინაპრებისაკენ!”
მოვიხელთე და აღმოვაჩინე, რომ თემურ ჭკუასელი მარტო სიმღერის ოსტატი კი არა, შესანიშნავი მექართულეც ყოფილა და მშობლიურ ჰანგს ყელის “სიმებით” კი არ ეფერება მხოლოდ, კალმითაც აჩუქურთმებს, თურმე… იშვიათად, მაგრამ ხდება-ხოლმე, წიგნს ცეცხლი არ უკიდია და კითხვის დროს საოცრად გათბობს, გათბობს კი არა, მისი “ნაკვერჩხალიდან გადმოსროლილი ალი” ღადარს შენც გინთებს სულში და დადიხარ საოცრად სულანთებული… ვერავინ გამჩნევს, ფიზიკურად ხორცშესხმული ადამიანი რომ შინაგანად იწვი, იწვის შენი ყოველი უჯრედი თმის ღერიდან დაწყებული, თხემით ტერფამდე. სულს გიფორიაქებს, მიწას ვერ გრძნობ ფეხქვეშ, უცხო განზომილებაში გადაყავხარ, იქ, სადაც მხოლოდ შენ და… შენი ქვეყანა ხარ, ძარღვებში იმ სისხლის ჩქეფას გრძნობ, წინაპრებთან, წარსულთან რომ გაკავშირებს.

ილია ჭავჭავაძე

სიტყვა მხოლოდ ბგერათა ერთობლიობა არ არის, იგი ადამიანის სულის შინაგანი ენერგიააო, – ამბობენ. ისევე, როგორც ყოველივე არამატერიალურს, მასაც განფენილობაც ახასიათებს. იგი, ვინც სულის შინაგან ენერგიას სწორად მართავს, ენას, აზრის გამოსათქმელ იარაღსაც კარგად ფლობს. ეს კი მხოლოდ დედაენით ვლინდება, რადგან მადლი სწორედ მშობლიურს მოჰყვება, რასაც ნებისმიერ შემთხვევაში გრძნობს ეროვნულ პოზიციაზე მდგომი კაცი.
“გამარჯობა, მამა!” – ზემოთხსენებული წიგნის, მძივად-აცმული ნოველების ერთ-ერთი მარგალიტია, რვა წლის წინ რომ დაიბეჭდა გაზეთში. თემურ ჭკუასელმა მასში ანსამბლისა და ქართველი ემიგრანტის ქალიშვილის საოცრად ემოციური შეხვედრაც აღწერა კუნძულ კორსიკაზე, ფოლკლორული სიმღესიმღერების ფესტივალზე ყოფნის დროს.
გადავწყვიტე მოთხრობა მეორე დღეს, სკოლაში, ჩემი მოსწავლეებისთვის წამეკითხა. რაც იმ დღეს გაკვეთილზე მოხდა, დასაწერი ამბავია: მამა ახალი გარდაცვლილი მყავდა და ჩემს გრძნობებს ადვილად მიხვდება მკითხველი, მაგრამ ის, რაც ბავშვების სულში დატრიალდა, რა სიტყვებით გადმოვცე?! ორმოცივე ბავშვი სლუკუნ-სლუკუნით ტიროდა და მე ხომ ვეღარ ვიკავებდი ცრემლს მათი შემყურე.
– მასწავლებელო, არასოდეს დავტოვებთ საქართველოს, – სულს ძლივს ითქვამდნენ პატარა ანგელოზები.
მე კი? დავტოვე და წამოვედი! ალბათ აქაც უნდა მეწვნია ჩემი ჯვრის სიმძიმე…

საქართველო

უცნაურები ვართ ქართველები, ლხენა გათენებამდე შეგვიძლია, ტირილი კი მთელი სიცოცხლე, ყელსაც ვიღერებთ, ძაძებსაც ვიხდენთ.
აქ, ამერიკაში საბჭოთა რეჟიმს გამოქცეული და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხვედრილი თანამემამულეების ცხოვრებით დავინტერესდი, რამდენიმე მათგანს გამოველაპარაკე. “ძნელია, უსამშობლოდ ყოფნა- მეთქი?” – გავუბედე კითხვად.
– იცი, რა გითხრა, ბიძიკო, – გამანდო გულახდილად, – შიმშილი ისეთი რამეა, დროებით სამშობლოსაც დაგავიწყებს და ოჯახსაც. მაგრამ, მაშინ, როდესაც ყველაფერი თავსაყრელად გაქვს, ზუსტად მაშინ, ხმელ პურსაც დასჯერდები და ოღონდ შინ დამსვაო, იტყვი. მეორემ, დედის სახელი დაარქვა თურმე ქალიშვილს და სახელის მაგივრად `დედას~ ეძახდა; მესამემ, ველური ვაზის ჯიში იპოვა, სახლში მიიტანა, გაახარა, ეზოში ტალავერი გააშენა და მშობლიური კუთხე რომ მოენატრებოდა, მის ჩრდილს აფარებდა თავს კონდენციონერის პატრონი; მეოთხე, ნოსტალგიის დროს, გარდაცვლილი თანამემამულის საფლავს ესტუმრებოდა და ხმამაღლა, ქართულ ენაზე ესაუბრებოდა მეგობრის გულზე დაყრილ მიწას; მეხუთე, სადღაც მინდორში ან ტყეში განმარტოვდებოდა და ქართულ სიმღერებს ხმის ჩახლეჩამდე მღეროდა; მეექვსე, თვითმფრინავის ბილეთს იღებდა ყოველი იანვრის დასაწყისში, მერმე მთელი წელი ოცნებითა და ლოდინით ცხოვრობდა, დღეებს ითვლიდა, სამშობლოში წასვლამდე დარჩენილ დღეებს, თერთმეტი თვე და ოცი დღეო… ექვსი კვირაო… ოცდაოთხი საათიო… დეკემბრის ბოლოს ბილეთს უკან უბრუნებდა ავიასალაროს და მომავალი წლისთვის ისევ თავიდან იღებდა.

ტკბილი სიზმარი, 1959 წ.

ლადო გუდიაშვილი "ტკბილი სიზმარი", 1959 წ.

ყოველივე ამის გახსენებაზე, თემურ ჭკუასელის “გამარჯობა, მამა!” მახსენდებოდა და სურვილი მიჩნდებოდა, უფრო ახლოს, პირადად გავსაუბრებოდი ხელოვნებაში ცნობილი გვარის კიდევ ერთ ნიჭიერ წარმომადგენელს. და რას წარმოვიდგენდი, თუ ამ სურვილს, სამშობლოში კი არა, მის გარეთ ავისრულებდი?!
გზა, თემურ ჭკუასელთან შესახვედრად რომ მივყავდი, არ იყო გრძელი, რომ მომესწრო და მასთან ინტერვიუს ასაღებლად განვწყობილიყავი. ვღელავდი კიდეც, რადგან ვგრძნობდი, რომ ბატონი თემური არ იყო ის რესპოდენტი, მისი პორტრეტი უბრალოდ შვიდი-რვა, თუნდაც თხუთმეტი კითხვით რომ “მომეხატა”.
მისი სულის ხვეულების `მოსავარაყებლად უფრო მეტადმეტად ძვირფასი მეტალი“ მჭირდებოდა, ვიდრე მქონდა. გზად იმხელა ფანტელები ცვიოდა ციდან და ისე საოცრად ბარდნიდა იმ წუთებში, გული დამწყდა – მხატვარი რომ ვყოფილიყავი, ხომ გადავიტანდი ტილოზე ზამთრის ამ ულამაზეს პეიზაჟს? ირგვლივ გამეფებული სითეთრის თვალიერებამ შინაგანი ნერვიულობისაგან სულ გამათავისუფლა და ჩემი რესპონდენტის ბოგრაფიული მომენტების აღდგენას შევუდექი, თემურ ჭკუასელზე მისი წიგნებიდან და ახლობლებიდან ცოტა როდი ვიცოდი?!
ფერისცვალების თვეს მოევლინა ქვეყანას. მისმა ბავშვობამ ზღვის ნაპირთან გაირბინა. სკოლა 1961 დაამთავრა. ის წელი კიდევ იმით იყო გამორჩეული მისთვის, რომ გალაქტიკა პირველმა კოსმონავტმა გაარღვია და კარგა მანძილით გასცდა დედამიწას. განათლებით ქართული სიტყვის ქომაგია, რამდენიმე წიგნის ავტორი. ჰობი პროფესიად ექცა შემდეგში, ქართულ ხალხურ სიმღერას გაუხდა მსახურად. არის საქვეყნოდ ცნობილი ანსამბლის “ქართული ხმების” დამფუძნებელი, წევრიცა და დირექტორიც, შესანიშნავი მეოჯახე, კარგი მეუღლე, მზრუნველი მამა, ერთგული მეგობარი… შვილიშვილიც ჩაიხუტა გულში…

ქართული ხმები

"ქართული ხმები"

ახალი წელი ნაზეიმევიც იყო უკვე და გადავლილიც, მაგრამ მასპინძელი (და, ისიც ქართველი) მაინც მომზადებული შემხვდა თოვლის ბაბუასავით დათოვლილ სტუმარს და “იმერული ხაჭაპურის სურნელება, მომაგება ცხრა მთას იქით წასულს”. სადარბაზოში შესვლისთანავე მივხვდი, სიცხისაგან “შეწუხებული” ყველი რომ “გარბოდა” ღუმელში…
ბატონი თემური, ისეთივე უშუალო მოსაუბრე აღმოჩნდა, როგორითაც იცის გულისნადების გადატანა ფურცელზე. თითოეულ ჩემს კითხვას, ალბათ უკვე სხვისგან ცხრაჯერ დასმულს, ისეთი ყურადღებით უსმენდა და მპასუხობდა, დაძაბულებაც მომიხსნა, ძალიან თბილი და ახლობელი გახდა ჩემთვის.
ასე იციან დიდმა და უბრალო ადამიანებმა.
დედით და მამით, ბებია-ბაბუით, აქედან და იქიდან, თაობებით და წინაპართა გადმოცემით იქიდანაა, “სული წინ, წინ გეიპარაო”, რომ მღერიან იმ კუთხისკენ გზად მიმავალნი, მაგრამ “გაშპიგავარდი” გურულს არ ჰგავს ხასიათით. პირიქით, საკმაოდ მშვიდი და ნაკლებად ექსპრესიული ბუნების უნდა იყოს.
სევდიანი ღიმილით მოიგონა სკოლისაკენ მიმავალი პირველი ნაბიჯები, ბებიამ რომ დაულოცა იმ დილით. შუა ეზოში რომ გამოიყვანა, სამჯერ წაღმა დაატრიალა და უთხრა: – “კაცი ხარ უკვე, ბებია, არ გამოგყვები, შარაზე მარჯვენა ფეხით გადი, დატიე ჭიშკარი ღია და იყოს ასე შენს მობრუნებამდეო”, და მერე, როცა ონავარმა პირიქით “გაიგო” მოხუცის დარიგება და სიყვარულითა და სიამაყით სავსე თვალებში ნაღვლიანი ცრემლი ჩაუყენა, – “უკუღმართი ხარ, ბებია და ასე უკუღმართად ივლი მიდღემჩიო” – ესეც მისწვდა ყურში, საოცრად შეეცოდა გამზრდელი.

მე, ბებია, ილიკო და ილარიონი

მე, ბებია, ილიკო და ილარიონი

ამ ამბავს ხშირად იხსენებს, განსაკუთრებით მტკივნეულად მაშინ მოიგონა, გარდაცვლილ ბებიას შვილიშვილის სურათი რომ უპოვეს მედალიონში.
ინანა მარცხენა ფეხით გასვლა “ჭკვიანმა ბიჭმა” და უკან მარჯვენით კი შემობრუნდა, მაგრამ… გვიანი იყო: “მელიტოს კამეჩივით ტალახში ამოგაგნულ” ფალავანს, თავდახრილსა და მხრებაწურულს მოუწია, წინა ღამით, შვილიშვილის შარვალპერანგისკერვაში თვალდაწითლებული ბებიასათვის ჭიდაობის იმ ილეთებზე “საუბარი”, ქვემოუბნელ სეხნიასთან რომ გამოიყენა, სკოლის ეზოში, სახელდახელოდ გამართულ მოედანზე. ისე, საქციელს კი განიცდიდა თურმე დარცხვენილი, მაგრამ დაუმარცხებლობით გამოწვეული ღიმილი მაინც გაურბოდა ტუჩის კუთხისკენ.

მე, ბებია, ილიკო და ილარიონი

მე, ბებია, ილიკო და ილარიონი

მამა მეცნიერი ჰყავდა, სტალინური პრემიის ლაურეატი. სიმღერისგან შორს იდგა და შვილებისთვისაც ნაკლებად იცლიდა – სერიოზული მიღწევები ჰქონდა ატომურ ფიზიკაში, ვაჟის ტექნიკური მეცნიერებისაკენ სწრაფვა მისი დამსახურება ყოფილა. საერთოდ, ყველა საგნის შესწავლას, ერთნაირი სერიოზულობით თუ უდგები სკოლაში, აბიტურიენტს სანერვიულო არ უნდა გქონდეს. ასე იყო ბატონი თემურის შემთხვევაშიც. ფიზიკოსობა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გადააფიქრებინეს გამომცდელებმა, მის მიერ დაწერილი თავისუფალი თემა – “ჩემი საყვარელი გმირი” რომ წაიკითხეს. იმდროინდელი მენტალიტეტით ისეთი გმირი უნდა გყვარებოდა – ოლეგ კოშჩევოი, ზოია კოსმოდემიანსკაია, ზოია რუხაძე… რომ იყვნენ, მან კი იმდენი რამ იცოდა სისონა დარჩიაზეც, ბებიამისის გადმოცემით (ენათესავებოდა), ისე კარგად დაახასიათა და გაალამაზა ფოლკლორული ტაეპებით მისი გმირის ცხოვრება, რომ ლიტერატორებმა საცოდაობად ჩათვალეს, ჰუმანიტარული ნიჭი ფორმულებში გაბნეოდადა უნივერსიტეტი მომავალმა მწერალმა უკვე მარჯვენა ფეხით “დააფასა” – მაღალმხატვრულად შესრულებული საგამოცდო ნამუშევრის ავტორს (იმ დროისათვის გაბედულად ნათქვამიც იყო), ადგილი აუდიტორიაში ფილოლოგებმა, სიამოვნებით მიუჩინეს.
უნივერსიტეტის კედლებშივე ჩამოყალიბდა მომღერლად. სიმღერის ნიჭს დედას, ჩიბათელი ჭყონიების წარმომადგენელს უმადლის. არაჩვეულებრივად მღეროდნენ დედის ძმებიც… მთელი მათი სანათესაო.
ბედის მენახევრე დედაქალაქმა აპოვნინა თემურ ჭკუასელს. თუ ადრე, მისი ბინის ეზოში, თამაშში გართული ბავშვების ჟრიამული აწუხებდა და ყურს უხშობდა წიგნებში თავჩარგულ სტუდენტს, ერთ დღეს ის ხმაური ჩიტების ჟღურტულად ექცა, მეზობლის, შვიდი წლით მასზე უმცროსმა “გოგომ რომ ტანი აიყარა და მოკლედ შეიკრიჭა თმა”. მერე აღმოაჩინა, რომ სამედიცინო ინსტიტუტის ბაღშიც გალობდნენ ფრინველები და ის გოგოც უკვე “ვეღარ გაიმეტა, ვიღაც ბიჭსაც აღარ გაატანა და თვითონ მიითვისა მთლად”…
ნანამ ორი ვაჟკაცით გაზარდა ოჯახი, დათო უცხო ენას დაეუფლა, კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტიც დაამთავრა, მამუკა ეკონომიკის პრობლემებით დაინტერესდა. ორივე ძმები “უნივერსიტეტის ბიჭებს” უდგნენ გვერდით სცენაზე და ქართულ სიმღერას “ოდას” უმღეროდნენ.
ანსამბლი `ჟურნალისტი~ ტელევიზიაში დააფუძნა კოლეგებთან ერთად, ხალხური შემოქმედების განყოფილების რედაქტორად მუშაობისას. ამით ხალხური სიმღერებისადმი სიყვარული და თაყვანისცემა გამოხატეს და ქართული მუსიკალური ფოლკლორის იშვიათი ნიმუშების შესრულებით, არაერთი ქვეყნის საკონცერტო დარბაზში წარსდგნენ მსმენელის წინაშე. შემდეგ მოხდა გულსატკენი რამ – ანსამბლის სრული შემადგენლობა, ისტორიასა და ვიდეოარქივს შემორჩა მხოლოდ, ორი არაჩვეულებრივი მომღერლის ხმა აღარ ისმის მათ ნამღერში…
1992 წელს ნუგზარ ფოფხაძის რჩევით უკვე ახალი სახელწოდებით (“ქართული ხმები”) წარსდგნენ ბატონი თემურის და მისი მეგობრები. ეს ქართული ხელოვნების პროპაგანდის მხრივ, მეტის მთქმელი იყო სამშობლოს გარეთ საასპარეზოდ.
თუმცა, ისიც აღმოჩნდა, რომ მსოფლიო ვოკალურ ხელოვნებაში არსებობდნენ “ბულგარული ხმები”, “შავი (აფრიკული) ხმები”…
1990 წლის ისტორიულ `ქარიშხალში~ ტელევიზიაც მოჰყვა და იქ გაჩერებას აზრი აღარ ჰქონდა… ხალხური შემოქმედების რედაქციამ მათ გარეშე გააგრძელა მუშაობა. საქართველოს ტელევიზიის შენობა კი დათმეს “ჟურნალისტებმა”, მაგრამ ქართული სიმღერა და ერთმანეთი ვერა და ოთხი წელი საკუთარ ოჯახებში აგრძელდებდნენ რეპეტიციებს. ნიკო ლეკიშვილი შეეხიდა მათ “საგანძურის პატრონობაში” და მამა-პაპათა გონებითა და გულით ნამღერმა ახლა თბილისის მერიის შენობაში განაგრძო ხმოვანება.
მას შემდეგ ასე ერთად მოდიან ყოფილი “ჟურნალისტები” და სად აღარ ისმის მათი “ქართული ხმები”, სამშობლოში თუ მის გარეთ. მოგზაურობა და ხალხთან ურთიერთობა, როგორც ყველა ხელოვანს, მასაც ჰყვარებია, მხოლოდ ორ კვირაზე მეტ ხანს ვერ ძლებს სახლიდან შორს. ამაყობს ფართო სამეგობრო წრით და თვლის, რომ მდიდარი კაცია, რადგან საქართველოს ყოველ კუთხეში ახლობელი ჰყავს, ყველგან “სახლი” უდგას. ამასთან დაკავშირებით ერთი იგავი გაიხსენა: ხელმწიფემ, ტახტის ღირსეული მემკვიდრის შერჩევის მიზნით, უფლისწულებს რომ გვარიანი თანხა გადასცა და უთხრა, წადით, ქვეყანა მოიარეთ და სიმდიდრეს სიმდიდრე მიუმატეთო. დაბრუნებული ვაჟებიდან პირველმა ორმა მამა-მეფეს მონაგები სიამაყით წარუდგინა, მესამემ კი კრძალვით გაუმხილა, თანხა მეგობრების შეძენას მოვახმარე, აწ ყველგან სახლი მეგულებაო და ხელმწიფის გულიც მოიგოო.
უნდა ვასწავლოთ უცხოელებს ჩვენი ფოლკლორული სიმღერები? მავანი ლოტბარი, ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს, ჩვენ რაღა უნდა ვიმღეროთო, – ვკითხე.
უნდა იმღერონო, – მითხრა, – იაპონელებმა ძიუდოსა და კარატეს შემსწავლელი წრეები დააარსეს მსოფლიოში და ამით მათი ქვეყნის პროპაგანდა შედგა. არა მარტო ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია ხდება, ქვეყნის სახელიც გადისო. იმაზე რაღას იტყვით, უცხოური სიმღერები რომ აღარ უთმობენ ადგილს, ჩვენს ქართულ პროგრამებს საესტრადო სცენაზე, თუნდაც წლევანდელი საახალწლო პროგრამა, დატვირთული რომ იყო ინგლისური საშობაო სიმღერებით, ხომ არ დგას საშიშროება, რომ ახალგაზრდა თაობამ ზურგი აქცია ეროვნულსმეთქი, – არ ვაცალე სულის მოთქმა.
– პროგრამების შერჩევა რეჟისორის გემოვნებაზეა დამოკიდებული, – მითხრა, მამულიშვილობაზე თუ თავს დებო, კომპოზიტორები უკვე წერენ ქართულ საშობაო საესტრადო სიმღერებს, ადრე კი ამის ტრადიციაც არ იყოო, მაგრამ “ალილოს” ხალხური ვარიანტებიც მრავლად მოგვეპოვება და არც ეს უნდა დავივიწყოთო.
შემოდგომაზე, აგვისტოს მოვლენებით დაზარალებულ ერთერთ დანგრეულ სოფელში, უცხოელ დამკვირვებელთა ჯგუფს ახლდა მეგზურად ბატონი თემური და მას არ გაჰკვირვებია, მაგრამ მოხუცებულმა, თავზე შავარშიაწაკრულმა ქალმა, სტუმრებს სახელდახელოდ შეკრული ხუხულიდან ჯამით თხილი და არაყი რომ გამოუტანა, რამდენიმე მათგანს გული აუჩუყა და აატირა თურმე. იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში ღამის გასათევად დარჩენილი კაცი, ახლაც შეიგრძნობს სტუმრისათვის, ხელუხლებლად გადანახული ზეწრისა და ბალიშისპირის სიძველის სუნს, ისეთისას, თვითონ, ოჯახის წევრები რომ არ ხმარობენ და საგანგებო შემთხვევისთვის ინახავენ.

დავით კაკაბაძე

"დედა იმერეთი" დავით კაკაბაძე

მცირერიცხოვან ხალხს ახასიათებთ, მათ მეზობელი ან მტერი იპყრობს, თავს ახვევენ თავიანთ კულტურასა და ტრადიციებს, მაგრამ მტერიც ხომ იღებს გაკვეთილებს დაპყრობილი ქვეყნისგან. რამდენი მტერი გვყავდა, რა არ სცადეს და ქართული სიმღერა მაინც გადარჩაო. ენაც ვითარდებოდა მტრის გარემოცვის დროს, სრულდებოდა თარგმანები და რაოდენ სრულყოფილი და დახვეწილი უნდა ყოფილიყო ჩვენი ენა და დამწერლობა, რომ საუკუნეებისთვის გაეძლო და დროს ვერაფერი დაეკლო მისთვისო.
“მზისა და ვარდების მხარე” რითი განსხვავდება დანარჩენი ქალაქებისაგან-მეთქი, დავინტერესდი. ჩაფიქრდა, გაეღიმა და თქვა:
– თბილისში თავს იყრის ყველა კუთხის წარმომადგენელი, ზოგს შემოაქვს თავისი კუთხის წეს-ჩვეულება, ზოგს დედაქალაქის ტრადიცია მიაქვს თავისკენ, მაგრამ თბილისი მაინც რჩება ისეთი, როგორიც იყო და ხდება ის, რაც შეიძლება მხოლოდ თბილისში მოხდეს. ამას წინათ ქუჩაში მგზავრი გამომელაპარაკა, მე ვიცი ვინც ხარ, შენც შეიძლება ხშირად დაგინახივარ გზაშიო, რატომ უნდა ველოდოთ, როდის წარგვადგენენ ერთმანეთის წინაშე, მინდა შენი გაცნობა, მოფერება, როგორც გემრიელი ქართველი კაცისო, ნუ დავკარგავთ დროს და გავიცნოთ ერთმანეთიო. თუ შენი ხალხი არ გიყვარს და მამულიშვილობას ჩემულობ, ცდები, შენ შენი ქვეყანა კი არა, ლამაზი მთები, მდინარეები და ტყეები გიყვარს მხოლოდ, შენი ხალხის უზნეობამ ტკივილი უნდა გასტუმროს და არა სიძულვილი! – ასე თვლის თემურ ჭკუასელი.
საქართველოდან რომ ხალხი გაედინება და ბევრი დაბრუნებასაც არ ფიქრობს, შექმნილი პოლიტიკური სიტუაციისა და სოციალური პრობლემების გამო, ეს საქართველოს მომავლისათვის წამგებიანი არ არის-მეთქი?!

გორი

დროის გამოძახილია ესო, შობადობა უნდა გაგრძელდეს, კვლავწარმოება მაინც მოხდება ერშიო. კუნძულ კორსიკაზე ორასორმოცდაათი ათასი მცხოვრებია სულ, ორი მილიონამდე დიასპორა ჰყავთ თურმე უცხოეთში. არ უნდა იყოს ეს მაინც და მაინც დამღუპველი და თითოეულის გადასაწყვეტია, დარჩება თუ წავაო, – სთქვა და ერთი პატარა ამბავი გაიხსენა: – საფრანგეთში თანამემამულეებთან ერთად სუფრაზე მოვხვდი და მათ შორის პირველი ემიგრანტის ვაჟი, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი იმყოფებოდა, რომელსაც ქართველობისა უკვე აღარაფერი ეცხოო. ჩვენს სიმღერებს რომ უსმენდა, პირდაპირ, სუფრაზევე მოხდა მისი გარდაქმნაო. გენმა იცის თუ ქართულმა სიმღერის მადლმა, საკმარისია ვიღაცამ ამოუშვას ჰანგი ყელიდან, იმ წუთშივე გამოუჩნდება შემახმატკბილებელიო. ასე შემოგვაშველა ხმა ანდრონიკაშვილმაც და ლეონიდე ბაგრატიონმა, ჟისკარ დესტენის თარჯიმანმა, გარუსებულმა, ოთხი შვილის მამამ, კონცერტის შემდეგ, ინტერვიუს ასაღებად შემოსული ცრემლებს რომ ვერ იკავებდაო. ასე რომ, ეროვნულობა მიძინებული მომენტიაო.
ალბათ ბევრ რამეზე ვილაპარაკებდით გაშლილ სუფრასთან კიდევ, ჩემი წასვლის დრო რომ არ დამდგარიყო. პატარა ბიჭუკელამაც აღარ მოასვენა ბაბუ და ასე დასრულდა ჩემი აუდენცია ახალგაზრდა ჭკუასელის ოჯახში. ბატონმა თემურმა მისი წიგნი მისახსოვრა და სადარბაზომდე გამომაცილა. ქუჩაში გასულმა წიგნი გადავშალე, რათა ავტორის მიერ სამახსოვროდ გაკეთებული წარწერა წამეკითხა და უნებურად იმ გვერდზე გადამეშალა, შვილებს დაუწერელი ანდერძის “საიდუმლოს” რომ უმხელდა თემურ ჭკუასელი:
“კიდევ დროშას გიტოვებთ, ბიჭებო!, დროშას, რომელიც მამაჩემისგან მერგო მემკვიდრეობით, იმას თავისი მამისგან და ასე შემდეგ. ამ დროშას თავის დროზე სამი სიტყვა დავაწერე და მერე ვცდილობდი, ისე მეცხოვრა… თქვენ, როცა დროშას ნახავთ, ის სიტყვები წაშლილი იქნება. რატომ? იმიტომ, რომ თქვენ თქვენი სიტყვები დააწეროთ… და თუ მოხდა და თქვენც იგივე სიტყვებით დაამშვენეთ იგი, იმ ქვეყნად გავიხარებ, იცოდეთ!”

გორგასლიან-დავითიანი დროშაგორგასლიან-დავითიანი დროშა

საქართველო

P.S. შინისაკენ წამოსულს, გზად თემურ ჭკუასელის ნოველების პერსონაჟები ისევ თვალწინ მედგნენ, წიგნში უხვად ჩაყრილი სხარტი აზრები კი გვერდით მომყვებოდნენ და უკან დასაბრუნებელ, თოვლით დაფარულ ბილიკს ჩემთან ერთად ტკეპნიდნენ. ვწუხდი, სათქმელი ბოლომდე რომ ვერ ვუთხარი ამ შესანიშნავ ქართველს, ისე “ორი ბატონის ერთგულ მსახურს” რომ ეკადრება.

დაბრუნება ბათუმის ნავსადგურში დაბრუნება ბათუმის ნავსადგურში

გაზეთი “მამული”

*

*

*


Responses

  1. საოცრად შემზარა ამ სტატიამ, გულის ტკივილი ცრემლებად გადმომივიდა, მწარე ცრემლებად, რასაც ქართული სიტყვის და ჰანგის მონატრება ჰქვია. თუ ემიგრანტობა თავად არ გამოგიცდია, ჩემი ცრემლების სიმწარეს ვერ გაიგებ, (ისევე, როგორც მე ვერ შევიგრძნობდი აქამდე). მე გიული წერეთლის ერთ-ერთი ემიგრანტი მეგობარი ვარ და უზომოდ მიხარია და ამაყი ვარ ამ წუთას, რადგან ის “ქართული სანთელი” რაც ჩვენი ყველას გულში ანთია, მასში აჩირაღნდა, რათა ჩვენ დანარჩენებს ხშირ-ხშირად გაგვახსენოს “ვინა ვართ” და ქართული სისხლის ადუღებით გაგვიტკბოს ჩვენი “გაცივებული სხეული”. აფერუმ შენს ქალობას გიული! რომ ამერიკული მძიმე ცხოვრების პირობებში “შენი კალამი” არ გაჩერებულა. ღმერთმა დაგლოცოს და გაგაბედნიეროს!!!

  2. დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის

  3. გიული წავიკითხე შენი საოცარი ნააზრევი, გულდამძიმებული ავდექი, ყელში ბურთი გამეჩხირა, ტირილს ცოტა მაკლდა, მაგრამ მეამაყება რომ ქართველი ყველგან ქართველია სადაც არ უნდა იყოს. ღმერთო დალოცე ქართველი ემიგრანტობა და დაიფარე ყველგან. თაყვანს ვცემ შენს ნიჭს. ძალიან მიყვარხარ და გკოცნი.

  4. გიული, ქედს ვიხრი შენს წინაშე, სამშობლოდან შორს მყოფი რა კარგად ხედავ გათითოკაცებული ქართველების სატკივარს, აფერუმ შენს ქალობას კალამი გიჭრის და ომახიანად შეგვძახე იქნებ გამოვფხიზლდეთ მოსაფერებელი ხალხი გავარჩიოთ და პატივი ღირსეულად მივაგოთ.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: