Posted by: burusi | 22/05/2013

გოჩა სხილაძე – ამბორი სიბნელეში

Gocha Sxiladze - გოჩა სხილაძე

Gocha Sxiladze – გოჩა სხილაძე

გოჩა სხილაძე – ამბორი სიბნელეში

***

გულში სულ იყო მძიმე ზამთარი,
მერე ნათელი გამოერია…
შენა ხარ ჩემი მზის კელაპტარი,
შენა ხარ ჩემი სიზმრის ფერია.
მე შენს სინათლეს მინდა ვუყურო:
დიდთვალებას და ეგრე დიდთმიანს,
შენით იშლება ვარდის კუკურო–
სანამ სოფელი არ დამითმია,
როცა დილაზე გაკოცებ ნია,
თითქოს გაცვია ვარდის ეფოდი.
მაშუქებს შენი თვალების ია,
მე ვწუხდი, რომ არ მესიზმრებოდი…

1. ადრეული ზამთარი
მეგობრის ხსოვნას

ზამთრის წინ ვარდი რომ იკოკრება
და ანათებენ ყვითლად გოგრები,
გულში სხივების ცდილობ მოკრებას,
თვალნათელ ბავშვებს ემეგობრები.

სერზე გადიფრენს საფლავის ყვავი,
ენაჭარტალა და მესოფლია.
შენ კი გახარებს სიმინდის ხვავი,
სავსე მტევნებიც შენი ოფლია.

დილით აღარ ჩანს დავითოული,
ბნელ ველზე დგახარ სანთელჩამქრალი,
შენ წინ ყელამდე ფიფქი თოვლია,
ფეხქვეშ ვარდება დიდი ნაპრალი.

შენთვის არასდროს მოვა მაისი,
ვარდებს არავინ აგიბრიალებს,
შენ გიცდის მხარე არარაისი,
იქ სისხლი წვეთავს, დანა პრიალებს.

ქარი ვარდებზე ცდილობს დაშვებას,
ვტირი, ბავშვები რომ არ გამშვენებს,
ჰე, მეგობარო ჩემი ბავშვობის,
შენი ფანჯარაც ამოაშენეს…

2. სონეტი დიდებაზე
ლოდი რომელი შეურაცჰყვეს მაშენებელთა
ესე იქცა თავკიდეთა, უფლის მიერ იყო ეს
და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩვენთა.

გარეთ ქარებს აქვთ გულის ფანცქალი,
მზე რომ უკვდება მიმქრალ მდელოებს,
ხმა უკუნიდან ბოლოქანქალის
ველზე ოქროებს გააბრელოებს.

დაცვივა შიშის მტვერ-ბუზანკალი
ამ მზესუმზირებს, უსახელოებს.
რა ახლოს ელავს შავი ნამგალი,
ვაი, მუნჯებს და უმეტყველოებს.

ვარდებთან ახლოს გვიყურყუტია,
ნიავმა გრიგალს აქ გზა უტია,
დიდება დიდებს, გამონაკლისებს…

ბნელი ღრუბელი, ჩიტის ჟღურტული,
ბავშვი სინათლით თავჩაღურთული
ვიცი, ხანდახან მოგვისაკლისებს.

3. სინათლე ლაბირინთში

როცა გუბდება გულში სანთლის წარმავალობა
და მისი ქრობით აალდება ქარის ნამღერი,
სინათლესავით შორი მოჩანს შენი წყალობა,
ჩემს წამწამებზე ახლო არის შენი ნამქერი.

ხვალინდელი დღე უნაპირო ღამით თენდება,
ყოველი წამი გულის ფეთქვამ გამოიძია,
ყოველ წამისგან აქ სიცოცხლის სახლი შენდება,
სადაც არიან,არც არიან და არც იციან. . .

იგი ბავშვია დაკარგული,ოქროსთმიანი,
მუდამ იმედებს დაჰყვება და ცა ემალება,
მას მუდამ ელის სიყვარულის მერიდიანი,
მუდამ აკვირვებს გაზაფხულის ფერიცვალება.

როცა იწყება ყვავილებით ჩემი ნათლობა,
დამავიწყდება, ლაბირინთის რომ ვართ მკვიდრები.
ამ სინათლისთვის მინდა, გითხრა დიდი მადლობა,
რომ ვართ უზომოდ ღარიბები და თან მდიდრები.

4. ძილი
ეკას

აქეთ თვალგახელილი სევდიანი ბრმებია,
აქეთ შენი სიცოცხლე სიკვდილს დაუბრებია,
მიმოდიან ტალღები-ჩუმი საუბრებია,
ინთებიან ვარსკვლავნი, ინთებიან, ქრებიან.
ვარდებისკენ ქარები ისევ გადიხრებიან,
ვხედავ ბავშვის კულულებს და მის ავსიზმრებიან
ძილში ალვა იჭრება, მყინვარები დნებიან,
გრიგალი და სინათლე ერთად დაიძვრებიან,
თითქოს არც კი ყოფილან,არც ვის დასიზმრებიან…

5. უცნაური სიმშვიდე
კახა აბაშიძეს
გულში ეული ოქროს დღეა,
როგორც სიმშვიდე ხეში,ცულში.
სიკვდილ-სიცოცხლე იგივეა-
დასაწყისია დასასრულში.

უიმედოა ფოთოლცვენა,
თუ არ მოელი ყვავილობას,
თუკი სიცოცხლემ გაგიხსენა,
აღარ იხსენებ დაღლილობას.

გულმა სინათლე თუ იპოვა,
სიო გადუფრენს ამ მთებს წამსვე,
აქვს გულს ბუმბულზე მცირე წონა
და თვალი ცრემლით არის სავსე.

6. ამბორი სიბნელეში

გეძებდი ყველგან, მტრედის ფრთებში,გაშლილ ვარდებში,
ვათვალიერე ვარსკვლავები, ვშალე ქაღალდი.
თვალი მოგკარი სხვის თვალებში, ძველ ბარათებში,
ვერ მოგიხელთე და მტრედივით ცაში ამაღლდი.

აღარ სრულდება შენი ბნელში დამალობანა
და მაღლა ცაში ვარსკვლავებად იქცნენ მდევრები,
მე უკვე დედამ სისხლიანი სახე მომბანა,
მამამ აავსო შემოდგომით დიდი ქვევრები.

ბნელის კიდეზე კიაფობენ ციცინათლები,
დღეების კიდეს აწყდებიან ჭრელი პეპლები,
იბერებიან კვირტები და ყვავილს მატლები
ელოდებიან ვით დედოფალს მისი მხლებლები.

უცნაურია, ვიცი, აქ ხარ, მე ვაკაკუნებ,
ყოველ კარს იქით შენ დგახარ და ქარში ყანა ხარ,
ხელმოცარულთა მეფის გვირგვინს რისთვის მარგუნებ,
შენმა თვალებმა ცის სინათლე რად დამანახა?

იქნებ შენ სახელს ამოთქვავენ მომაკვდავები?
შენი ელჩები- ეს ჩვილები ამბობენ :”აღუს”…
მე სურვილების უამრავი ჯაჭვით დავები
და დაბნეული, ლამპარჩამქრალს ვემსგავსე მსახურს.

ისევ მომელის ჩემი მთები,ჩემი თაბორი,
მინდა მწვერვალზე ამიყვანონ ჩემმა ფეხებმა.
მოულოდნელი სიბნელეში ბავშვის ამბორი-
ასეთი არის უცნაური შენი შეხება.

7. შუაგულში ყოფნა

ვარ ვარსკვლავიდან გადმონავარდნი
გამდნარი თოვლი, გაშლილი ვარდი,
ვარ მწუხარება მთვარის ნაბარდნი
და გარდაცვლილთა უცვლელი დარდი.

ვარ ბავშვის მზერა, მზე ცხრათვალება
დაუცხრომელი, რომელ არს მნათი,
ბრმა მეზობელი შავი სათვალით
და ის უისრო მამის საათი.

მისი თითების უცხო სითეთრე,
გაშლილი თმების შრიალა ლელი,
მამლის ყივილით შეშლილი პეტრე,
მტრების მტკაველა მახვილით მთლელი.

ვარ სიმჩავარდნილ ხვალის სიმღერა,
სინაის მთვარის ვარ ვერცხლის სინი,
ვარ უსინათლო ლომების ბღვერა,
რომელსაც ჩემში გრძნობენ ისინი!

8. გადატეხილი კენწერო

აქ მზე ამოდის და ჩადის ფულზე,
დოლარისფერი ჩანს სააქაო,
დომინოსავით დაწვები გულზე,
საგულდაგულოდ გათლილო ქვაო.

აღარ ანათებს აქ წითლად ბლები,
ხეზე არ სხედან ჭრელი ჩიტები,
აქ მხოლოდ ისმის ტირილი ბრმების
და სიგრილეა ჭვარტლის, ბინდების.

ცის შავმა წერომ –მზემ ბედისწერის,
გულს ჩაგალურსმა სხივთა ფიწალი,
გატეხილი დარჩა კენწერო,
ხეზე აღარ ჩანს წლების კინწალი..

ალბათ ხანდახან თუ ახელ თვალებს
და გულისფერი გახსოვს ვარსკვლავი,
სერზე შედგება კაცი და მთვარე,
წელამდე თოვლი არის საკვლევი.

საით წახვედი მითხარი, მამა,
გზა არსაითკენ ,რეკავს საათი,
ღმერთმა ტკივილი თუ დაგიამა,
თუ გესმის სოფლის ცრუ მასლაათი..

9. ნია

ნია, ნიავი თმებს გადაგყვება,
თუ გეშინია, სულშიც იქროლებს,
ნია, აქ ქარი ქარიშხალს ჰყვება,
ემშვიდობება აქ და იქ როლებს.

ნათდება ავი დროების ბროლით
სიზმრებში მქროლის განმარტოება,
სადღაც სიმღერა კრთება თებროლის
და ხე ბრიალებს ყვითელრტოება.

მალე სიკვდილის ყვითელი ტორი
ქორის მზეს ქარში დაეტოლება,
დაბრკოლებაა სხივების თორი,
შორით ანათონ თანატოლებმა.

ნია, თანატოსს ველი ყოველთვის
ძილში, რომელიც მისთვის ძმა არი,
მკვლელი ჯვარია იანვრის ბნელთვის,
შენთვის ნაღველით ისმება ძმარი.

გრილი წერტილი აქ დაისმება
და ჩაწყვეტილი სიმღერის ეხო,
სიზმარს ტირილით შეეხორცება,
შენ ხომ არ გინდა, რომ ბნელს შევეხო.

ქროდეს, ვერ მოგწვდეს, ქარი ავდარი,
არ მიგწუროდეს მზეი აროდეს,
გამტყდარი სანთლით კრთოდეს საყდარი
მისთვის, ვინც ბნელში მიიჩქაროდეს….

10. ქეთი

ქეთი, ქარია შორი აქედან,
ქედს რომ გადუფრენს თეთრი ქედანით,
დანისლულ დღეთა ფორიაქიდან
თავს ძირს დახრიან ახალბედანი.

სანამ მზემ, ქეთი, დღე გაანათა
გულანათალი ჩანს ორქიდეა,
არის კრიალი ვერცხლის დანათა,
ჩემი სიცოცხლე ბნელის კიდეა.

შენი მშვენების დანაშაულის
სასწაულია ვარდთა დაცვენა,
მერე შენს თვალებს მზე გადაუვლის,
მზე, ჩვენ რომ ღამით აღმოგვაცენა.

უფალს შეასმენს, როს ღაღადებას
საღამოს ქარის გრილი საყდარი,
მთვარით ვარდების გაღადღადებას
აღარ შეხედავ შენ, გულგამტყდარი.

ჯვარის გზა არის არუნარეკლო,
გულში არეკლე ლია, რახელი,
რა მაღალია, ხედავ, სამრეკლო?!
რა მაღალია უფლის სახელი!

11. ვარსკვლავების დარაჯი

ამ ველურ ვარდებში ვარ ეულ-მთვარეული,
შივას ვარსკვლავების მიყვარს დარაჯობა,
არ მშივა სიცოცხლე არეულ-დარეული,
გული ეუბნება სიკვდილს: გამარჯობა!

შენდობა შენდა, ვარსკვლავო სხივქორბუდა,
შენდამი ვარდი ვარ მიქელ-გაბრიელო,
ვარსებობთ შენ და მე, ოქროსფერო ბუდა,
მე აქ მთვარის ვერცხლი უნდა გიბრიალო.

ტყდებიან ვერხვები, ცეცხლით ასვეტილი,
დაისვა წერტილი ვარდების სახსოვარის,
მთვარის დამაფიქრებს ღილი აწყვეტილი,
და ღიმილჩაქრობილი თვალი მაცხოვარის.

აქ არის მთვარე, მთქნარებით მონავალი,
ზღვარი იანვარის, ქარების, მყინვარების,
ვარდი, ვარსკვლავები, ბავშვი ონავარი,
კვლავ ქარის ამოვარდნა ხვალის მძვინვარების!

12. უცნაური ნათელი

გულის კიდეშიც ცეცხლი გიგინებს,
გული შენ გხატავს დანატრებული,
მე ვხედავ ბნელში ქერა კიკინებს,
ოქროსფერ სხივებს აფენს კრებული.

ჩქარი სიზმარის ლივლივებს ჩქერი,
მტერი კოშმარის სხვაა მედუზა,
მე ვარ ამ კერის უცნობი გერი,
მე წინ სიბნელის ზღვა ამეტუზა.

შენი თვალების ცით მიფრენია,
სიზმრებშიც მინდა, ხვალ რომ გიხილო,
მაცოცხლებს მაგ ცის სიცისფრე, ნია,
ციმციმებს შენი თვალის ღიღილო.

გევსება თმები ვარსკვლავთა ბირკით,
ხელში გაქვს ვარდი და მაკრატელი,
ჩავუვლი სოფელს მაღალი ფიქრით,
და უცნაური დამაქვს ნათელი.

13. კიდე

გულში კვლავ არის სიმაღლის და ნათლის კუნჭული,
ვარსკვლავების და შენი მკერდის ამომბურცველი,
ახლა ვარდების ბაღში ვდგავარ თვალდახუჭული,
ახლა ვარდიდან ჩამოვარდნას ლამობს ფურცელი.

ცრემლით ივსება თვალის გუგა, ვხედავ კურცხალით,
ბრმა მერცხალივით მეჯახება მიჯნურთ ნათება,
მივდივარ ჩუმად, მამასავით ბედდაუმცხრალი,
მთვარეა გარეთ და ქარების მიჩუმათება..

მივდივარ ჩუმად, მთვარესავით სხივგაბურდული,
ჩიტის ჩრიტინი ბნელ ღამეში გულს მესახება,
შენს ვარდების ბაღს უმძიმესი ადევს ურდული,
შენს გულს ჩაესმის ვარსკვლავების ყრუ შეჯახება..

14.დამშვიდობება

ვემშვიდობები თოვლის ფანტელებს,
ბაბუაწვერას,ბავშვობის ლანდებს,
ბნელში დაკარგულ ციცინათელებს,
შენს სინათლეში გადაშლილ ვარდებს,

მთვარეს,რომელიც არ ჩანდა ბოლოს,
მზეს, სხივი აქაც რომ მომაწვდინა,
ბავშვის თითებში შემომდნარ ლოლოს,
ჩიტებს და ხეებს,დღეებს მაცდინარს,

დიდ კანდელებზე ანთებულ ლოცვებს,
გულში დარჩენილ ხეს უკენწეროს,
ხანძრებს,რომელთაც ტყეები მოწვეს,
უკუნს,ზამთრის წინ გაფრენილ წეროს,

ვემშვიდობები ცას მარად ახალს,
ვარსკვლავებს, ხილულთ და უხილავებს,
ქაღალდის ნავებს, ზღვის მაღალ ტალღას,
ჩემს მოყვარულებს და ჩემს მკილავებს,

შეყვარებულთა მზერას და კოცნებს,
მკვდართან ვარდებით სავსე კალათებს,
ხელებს, რომელთაც კალათი მოწნეს,
მაღალ მთებს,სოფლებს,დაბებს,ქალაქებს,

ვემშვიდობები გუგულის ღარღილს,
ბავშვებს, დარჩენილთ უბედისმწერლოდ
და მათ, რომელთა ჩამოთვლაც არ ღირს,
ვინც ჩუმად უნდა გამოიცელოს.

15. მზე ზამთარში

მოწყენილია რაფაზე ბალბა,
უნდა ზამთარში თბილი მზე ჩანდეს,
მე ახლობლებში ვიღიმი ყალბად,
ყალბ ფაიფურით ვსვამ რიო გრანდეს.

მკლავს თავდახრილი ვარდების დამბლა,
რაც ვარსკვლავების განგებას მანდეს,
სინათლის სხივი მოწვეთავს დაბლა,
ეცემა გულზე შერისხულ დანტეს.

მე შენს ხმას ბოლოს შევისმენ ალბათ,
მინდა, გულს სისხლის ცრემლები მბანდეს,
ეს გული სისხლის ცრემლებით დალბა,
დაეცა შუქი უღრანს და ღრანტეს.

ჩანს ახლოს სანთელჩადგმული ტაბლა,
ქარი მხარს გაკრავს ანთებულ სანთელს,
მე ახლობლებში ვიღიმი ყალბად,
ყალბ ფაიფურით ვსვამ რიო გრანდეს.

16. სიახლოვე

ვარ მოციმციმე ცრემლი ღამეში,
როცა მომიხმობს უფლის შენობა,
დიდი ცრემლების სიკამკამეში
გულს მაწევს ვარდის გაუშლელობა.

მსურდა დათრობა და გაბრუშება,
მსურდა,წყვდიადის გზები მეთელა,
დედა ამაოდ მეგუნგრუშება,
ბავშვი ვარ დიდი და გულფეთელა…

როცა წყნარდება ქარის სისინი,
ღმერთი მეფუტკრე სულ ახლოშია;
ანგელოზებად ჩანან ისინი,
ტოტიდან ტოტზე დახტის შოშია.

შემოვა ჩემში ჭრიჭინობელის
უცხო დუმილის ყრუ ხმაურობა
და ახლო არის დაუჭკნობელი
ვარდების მხარის უცნაურობა.

17. შეხვედრა

რა უბრალოდ იხსნებიან
გულის ცრემლის საგუბრები,
რა უბრალოდ იწყებიან,
ნია, შენთან საუბრები,

სიზმრებიდან მოჩანს გზები,
გზები –შენთან დაუბრების,
თვალებიდან შუქი კრთების
ნიამორის და ნუკრების.

მეშინია ჟამის ფრთების
და სიბნელის დამუქრების,
რა უბრალოდ იწყებიან,
ნია, შენთან საუბრები!

18. სხივების კვართი
ეკას

ჩემი ბავშვობის დაღმართებში დის კვართებელა,
სხივების კვართში არის ვარდი, ხატიპეპელა.

შენ ამოავსე ვარსკვლავებით ეს ნაპრალები,
კვლავ ცოცხალი ვარ შენგნით, შენგან შენაბრალები.

სხივები გულში ოქროს სილად დაინუკრება,
შენს თვალებიდან შემოხედეს დაისს ნუკრებმა.

გული მარტოა, სიბნელიდან ამოჩურჩული,
შენ სინათლეში შემოღწევას ლამობს ჩურჩული.

ჩემი ბავშვობის დაღმართებში დის კვართებელა,
სხივების კვართში არის ვარდი, ხატიპეპელა.

19. ცრემლების კლდე

ვიცი, ნია, ეგ თმები
ცით ვარდების დაშვების,
გლიცინიად ენთები,
ფრთებს დაჰყვები შაშვების.

გულს გრჩენია ტაროსი,
ზღვებად ატორტმანება,
ხმები ამ სამყაროსი,
კვიპაროსის ზმანება

და ცრემლების კლდეები
ვარსკვლავთა დაცალების,
უნიათო დღეები
ჩემი გარდაცვალების.

20. მინდოდა მეთქვა

ყვავილნი მსხვერპლნი არიან, ცელით
მათ სინათლეში ათლოდათ გული,
მამას მოცელავს დღის ღრიანცელი
და მაინც ელის ხსნას გათანგული.

მაღალ შროშნების ამ თაიგულებს
სხივები გულზე მოეკიდება,
მათ ხელსისხლიან მესაიდუმლეს
საგალობლები უთხრეს ბინდებმა.

შენთვის ძნელია სხვების შენდობა,
შინდება ბნელით სინათლე კვართა,
სულში ტაძარი აღარ შენდება,
სიბნელე გულის გამოიკვართა.

დაფეთებული გული ფეთქავდა,
მე აითქვიფა, ერთჯერადია,
საფეთქელს ალბათ ჩაესმის ბათქი,
მინდოდა მეთქვა, ეს ჯერ ადრეა….

21. წრე

რაკი საზვერეს გადის ზვარაკი,
გოდებს გული და დღეც გაილევა,
სულს დღაბნის უქმი თქმა –ლაპარაკი,
მწყურია წყალი, სულ რომ ილევა.

ხარ ურმის თვალი ,ხარიც, ზუალიც,
ვალების ხარბი გარდუვალობაც,
ცის ხურმის ტოლა მნათობთ უფალიც,
უაალოო დროს გედის გალობაც.

დრო კი აცოცხლებს, რაც დაკარგულა,
თეთრ გვირილებად ფეთქდება კეთრი.
კვლავ სიცხიანი იცლება კულა,
რომელიც მუდამ ჩურჩულებს: შეთვრი…

რაკი საზვერეს გადის ზვარაკი,
გოდებს გული და დღეც გაილევა.
სულს დღაბნის უქმი თქმა– ლაპარაკი,
მწყურია წყალი, სულ რომ ილევა.

22. შემოდგომის სიმღერა

ფრთამოტეხილ გრიგალივით
თებერვლიდან იანვრამდი
ვერ ცემს ძველებურად გული.
ველზე დაჭკნა ჩემი ვარდი.

ყველგან ვეძებ ვერ ვპოულობ,
სადღაც გაქრა მისი მადლი.
შემოდგომის გამხმარ ულოს
შენს ბავშვობის დღეებს ვადრი.

ძილში მინდა ,ისევ მწამდე,
მივყვებოდე მთვარის ბადროს.
შენ შეხედვას სიკვდილამდე,
მერეც უსასრულოდ ვნატრობ.

23. სინათლის მიზიდულობა

ვარსკვლავიანი ცა შორია, ცა არის ღია,
ახლოს მფეთქავი გულის კუნთია.
თუ მამის გულში სიბნელეა, შემოდის ნია,
მამას სინათლე გულში უნთია.

თუ ბროწეულის ყვავილობა ჩაივლის ჩუმად,
როგორ მწყინს ჩემი გავერანება.
ხალხი ყვავივით დაგვტრიალებს და შეგვჭამს უმად,
ხალხს არაფერი არ ენანება…

ჩაგჭიდებ ხელს და გავუყვებით უცხო ხეივანს
და ვემალებით ვიღაც გუდიანს,
თვალებში ცრემლით გვერდს ჩავუვლით ბავშვს, ქალს-ხეიბარს,
ქალს მზისოდენა ჭილის ქუდი აქვს…

ჩემ სიმარტოვით დავინახავ სხვა სიმარტოვეს,
თითქოს ხე ვარ და ტოტებს მათლიან.
ტკივილში ღმერთი იზრდება და სახლს იფართოვებს
და ახლა გულში ზღვა სინათლეა…

24. სიცოცხლის ექო

სანამ ეს გული სანთლად ანათებს,
სანამ ფანჯრიდან ჩანს ბეგონია,
მამისგან იღებს ბავშვი ბარათებს,
სიცოცხლე მისი ექო ჰგონია.

გახედავს ბაღებს, სიზმარამხდარი,
უცნაურია ვარდის სინედლე,
ღრუბლიანი ცის შუბლი ჩამტყდარა,
ვარსკვლავებიდან მოჩანს სინათლე.

25. * * *
ვბედავ გაფრენა ვნახო მერცხლების
და დაისის ქვეშ გედის დაშვება,
მკრთალი ფერი აქვს სოფელს ცოცხლების
თუ არ შევხედეთ მამას ბავშვებმა.

აქ ძილში ნათობს სიზმრის ფითილი,
თილისმა ბავშვის – დილის კულული,
მზესუმზირების ქართან ჭიდილი,
ნათელი შენი გულდახურული.

26. * * *
ასისინდები ლეთით, უნასით,
კრთება ნაფლეთი ბინდის, წრუწუნა.
აქ ვარსკვლავებით ასიათასით,
ბავშვმა სიზმარში დაიწუწუნა.

ქარში ანათებს სიზმრების მარში:
მთვარის არშია და ქრიზანთემა,
ქარი ჩაწყნარდა, ბოლოს სიზმარში,
მზესუმზირების ჩაქრა ნათება.

27. ფიფქის დაცემა

ამ გულს სანთელი აუნთე, ნია,
სანამ ნიანგის ხახა ანათებს.
განათელ ვარდთან ჩანს უთენია,
ცრემლნი შვენიან ამ ამანათებს.

ნია, ნიადაგ ბნელით ენთები,
შენ გელი ბლების შეთვალებიდან,
ფრთების გნიასით დავითენთები,
თუ ია ტირის შენს თვალებიდან.

ნია, თუ უნებს შენს დუნე ტაროსს,
სამყაროს ხაროს დუდუნებს ფიქრი
და უნებლიედ ვარდს, უნეტარესს,
მთვარისოდენა ეცემა ფიფქი.

ის არის მთვარე, ნალისოდენა,
შენაჩვენები ალით გამტყდარი,
მაღალი ვარდით ცრემლის მოდენა
და ხვალის მხრებზე მდგარი საყდარი,

ამ გულს სანთელი აუნთე ,ნია,
სანამ ნიანგის ხახა ანათებს.
განათელ ვარდთან ჩანს უთენია,
ცრემლნი შვენიან ამ ამანათებს.

28. ბავშვობა
ძმას

წარსულმა აქაც ხმა დამაწია,
ყეფს მანწიების ლეკვი ბუხულა,
მაშინ შორს იყო გაწამაწია,
ჯერ ისევ ენთო მამის ხუხულა.

ჩვენ დავაგუბეთ ლიპთან გუბურა,
თვალს გვადევნებდა თხმელის ჭინჭრაქა
და მერე უცებ ცა დაიბურა,
მამის ვენახი მთლად დაიჭრაქა.

ვინც კი მიმაჩნდა ჩემზე სულგრძელად,
ყველამ ინანა ქვეყნად გაჩენა,
ვენახს არავინ გამოუცელა
და ჩვენ არავინ გვკითხა დარჩენა.

29. ბნელი მყინვარი

ბავშვი აქ დარჩა თვალსველი,
დიდ ცრემლით მედღეხვალიე.
მივდივარ იქით წამსვლელი,
შენზე ფიქრს დღე შევალიე.

გულში სინათლე შემოვა,
ვარ ისევ დათვლილ ჟამამდე.
სანამდე გასტანს ეს ქროლვა?
არ მინდა, რომ გავთამამდე.

მოჩანს სინათლის კარიბჭე,
წასვლა არ გადავივადე,
შენს ვარდებს არ დავაბიჯე,
ბნელ მყინვარს შუბლი მივადე…

30. გაუცხოება

დაცარიელდა სოფელი და უკვე აღარ მეცნობა,
მაღლა მზე დამათბობელი, დაბლა დღის გულნამცეცობა.

ნუთუ არავინ არ დარჩა, რომ ნახოს ღელის ლიპები?
გულში რაც სხივი გადარჩა, იმის კვალს ჩუმად მივყვები.

რომ მხვდება უცხო ბავშვია, რომ მხვდება უცხო კაცია,
იქ ჩემს გულს უკაშკაშია, მამას მთვრალს უბარბაცია.

ვიცი, სოფელო, შენი ხმა ცრემლებად დაიბადება,
გარდაუვალი შეიქმნა ვარდებზე თოვლის დადება,

გვერდზე ჩამივლის ბავშვობა–ნიავის მხარით გადება,
წინ– გულში დანის ჩასობა.. გზად წასვლისათვის მზადება…

31. სიზმრების სული

რაც ამოვარდა ქარი და ქსიტი,
მას შემდეგ ალბათ დიდი ხანია,
ძილში მეძახის უცნობი ჩიტი,
ციცინათლების ჩანს ლიტანია.

იელვებს ბნელში დილის ნამგვანი ,
ხმაჩავარდნილი ბავშვობის ექო,
ბნელს მიყრდნობილი ჩვილის აკვანი,
ზარჩამოხსნილი დიდი სამრეკლო.

ძილში ბავშვობის უცხო ველია,
იქ გადაუფრენს ვარდებს პეპელა,
იქ ისევ ჩუმად ჩქეფს სამგველია,
იქ ისევ ჩუმად დის კვართებელა.

გზად ამოივლის ფურისულებით
ბავშვი სიზმრებში ხმამოწკრიალე.
და მის თვალებში განწირულება
გადიდებული ცრემლით ციალებს.

რაც ამოვარდა ქარი და ქსიტი,
მას შემდეგ ალბათ დიდი ხანია
ძილში მეძახის უცნობი ჩიტი,
ციცინათლების ჩანს ლიტანია.

32. ბავშვის სიმღერა

რა დიდრონი ფიფქებია,
წამწამებზე მეკიდება,
მსურს დღე იყოს და სულ თოვდეს,
სულ არ მინდა შებინდება.

მინდა,სულ რომ ვგუნდაობდე,
ქარში გავყვე ფიფქებს თოთოს,
მინდა მზერით მოვეფერო
ხეზე შემორჩენილ ფოთოლს.

სიხარული ადის ცამდე,
გარეთ მიხმეს გოგონებმა
და სიზმრებშიც სულ თან დამდევს
თოვლის თეთრი მოგონება.

33. სევდის სკუფია

მთვარეს ფარავს ღრუბლის ქულა,
ცად ღრუბლების ჯგუფია,
გულში შედის ტყვიის გულა,
მმოსავს სევდის სკუფია.

დამაწია ქალმა ჟატვა,
ქარმა ღრუბელს უქშია,
დაასრულა ბავშვმა ხატვა
და ეს გული შუქშია.

- დე აკრთობდეს ბავშვის ლამპას
ქარი კულულმპობელი.
მე არ ვცდილობ ქარის დაბმას,
ვრჩები გულულმობელი.

34. ხე წრიალებს უკენწერო

ნიავია,რა ხანია, გულმა ისევ ნახა ნია,
დუმხარ, ნიაგარა ყვირის: ბახ! ჰოეა. ბახ! ანია!

ვარსკვლავების ბროწეულის კვლავ ცვენა და ჯახანია,
გული შენკენ მოწეული ხან ვარდია და ხან ია,

მნათობების წოწიალი თვალის ვიწრო საკანია,
ვიცი, ნათობს ძოწი ,ალი, ლალიც ნათობს ,რა ხანია,

ხე წრიალებს უკენწერო, წერო ქარის საგანია,
არის მთვარის უკან წერო, არის სისხლის ლაქა, ნია.

35. დაბრუნება

არის ცისარტყელები –ფერი ციცარ-იელის.
ვიცი ქარის ხელები მკვდარი სიცარიელის.

შორს არიან გორანი, გორა დავითოული,
წყნარი ქარი, ყორანი, თოთო ფიფქი, თოული.

წვიმამ დაალილავა ილმელების თხმელები,
იწვის მაღალი ლავა, ბეწვის ფერი მელების,

ითლებიან ხანდები, ხარ შენც ერისაგანი.
მანდეთ დიდხანს ხანდები– ისმის სოფლის ქაქანი,

აქეთ გზაა ილმისი, ირმის კვალი, ურმები,
ნათობს მისი ივლისი, ნათობს მისი ხურმები,

არის ცისარტყელები – ფერი ციცარ-იელის.
ვიცი ქარის ხელები მკვდარი სიცარიელის.

36. შერიგება

მოგესალმებით ვარსკვლავებო, მამის ეწერო!
მე მიხარია ჭრელ სიზმრების ვაზის გამორჩვა,
მე მიხარია, რომ გადატყდა ჩემი კენწერო,
მე ვესალმები ,ვისაც ჩემი ცეცხლი გამორჩა.

ბნელ სულის ჭიდან მოჩანს მთვარის დიდი მეჭეჭი,
ბეჭით ქარებმა ჩამიმტვრიეს სიზმრის ვიტრინა,
მამა,კოშმარი ჩემს ნავს დახვდა, როგორც მეჩეჩი,
შეაღო ბავშვმა გულის კარი და გაიტვრინა.

ბავშვის სიზმრებში კვლავ იელვებს მერიდიანი,
სადაც ორფეოსს მოეხვევა ცრემლის მენადა.
მოგესალმები თეთრ ალმებით ქუდბედიანი,
შენი ვარსკვლავის გრძელი სხივი გულს დამენათა.

37. სინათლის წყურვილი

ეს მე ვარ მარტო, სიცოცხლის გაურკვეველობაში ჩავარდნილი
და სურვილების ხანძრებით გადამწვარი.
მინდოდა სიცოცხლე ვნებებით აღსავსე,
მინდოდა სიყვარული დაუსრულებელი,
მინდოდა, დამენგრია ჩვენ შორის კედელი,
მინდოდა, დამეძლია სიკვდილის შიში,
მინდოდა ,მეგრძნო შენი უცხო სინათლე,
ის სინათლე, რომელმაც გამოანათა ყვავილში
ის სინათლე, რომელმაც გამოანათა საყვარელი ბავშვის თვალებში,
მინდოდა დამენახა ის სინათლე, რომელიც
ჩემიდან ხედავს სხვებს,
ის სინათლე, რომელიც სხვებიდან მხედავს მე,
ის სინათლე, რომელშიც დავდივარ
და მაინც უცნობია ჩემთვის,
მინდოდა, გამეგო სიკვდილისა და სიცოცხლის საიდუმლო,
მინდოდა ,შემეკოწიწებინა ჩემი დაგლეჯილი სამშობლო,
მინდოდა, ხელები მომეხვია დედამიწისთვის,
მიდოდა, მიმეგნო იმ წერტილისათვის ,
საიდანაც ყველა ვარსკვლავი მოჩანს,
მე ვიცი წარსულიდან წამოსული სინათლე
მომავალში დამხვდება.
მე ხანდახან ვხვდები, რომ სინათლე არსად მიდის,
მე ხანდახან ვხვდები, რომ ჩვენ არსად მივდივართ,
მე ვიცი, ციცინათელები და ვარსკვლავები
თანასწორნი არიან შენში.
ისინი თანაბრად ატარებენ შენს სინათლეს,
ისინი თანაბრად ანათებენ ბნელს.

38. ძახილი

აქ უხილავი დღის მილევიდან,
სახმილავიდან განთიადამდი,
შუქი ეცემა დიდ ვარსკვლავიდან,
საფლავის ქვაზე ეცემა ვარდი.

აქ შენზე მწყრალი პრიალებს კუპრი
თუ რიარიად ფეთქავს აპრილი.
უპრიანია, გაცოცხლდეს ჭუპრი,
ფრთით ამოზიდოს ბნელი ნაპრალი.

ბნელის გაქრობას, მამა, თუ ელი,
გასრულდა მტრობა და გზის ტროპარი,
შენ შეგიწყალებს ემანუელი,
გზას გაგინათებს ჩემი რობაი.

მთვარის ბაგეთი გრანიტს ეხები,
მკვდარიც წუწუნებ: რანი ვართ,რანი…
ტარიგო, ვისთვის განიტეხები,
შენს ქარებს წაჰყვა ბავშვების ფრანი.

39. უცხო

მთვარის სინათლეში არის უთხოვარი,
გულდანათოვარი და გულგამიჯნული
და არის მაცხოვრის ახლოს მათხოვარი-
მთავარი მეინახე და მთვრალი მიჯნური.

ის არის გული მიჯნურთა ამბორების,
ხეა ბუდეგრილი და გულგანაპირა;
ის ტირის ,თავდახრილი ნათლის განშორებას,
ის ტირის, თუ არ ინათა აპრილმა,

ის არის ნექტარი -ბარათი ბარამბოსი,
ის არის ტარიგი ,ჩვენთვის განტეხილი,
ვარსკვლავი შუბლმაღალი ,ნეტარი აბოსი,
და უღელტეხილებზე მბორგავი ქარტეხილი;

ის არის შვილმკვდარი დედების საგოდისი,
ის არის ”მისთა ნაკვესთა წინწალი”.
ის არის კენწერო, ნაძვების პაგოდისი,
და გულს ჩალურსმული სხივების ფიწალი.

მთვარის სინათლეში არის უთხოვარი,
გულდანათოვარი და გულგამიჯნული,
და არის მაცხოვრის ახლოს მათხოვარი-
მთავარი მეინახე და მთვრალი მიჯნური.

40. გაბზნილი სარკე

ყვითელი გული ყვირის გვირილის,
მისთვის დილაა სიკვდილის შვება,
მზის და სიცოცხლის ამოყვირილი
ფეხისგულებზე იგრძნეს ბავშვებმა.

ღამით ამოსდით ჩვილებს კბილები,
მამის ყოველდღე დიდდება ხელი.
ბნელისკენ ჩავლენ შენი შვილები,
დასავლის მხარეს სხივების მხრელი.

არ უგრძელდებათ ვარსკვლავებს სხივი,
ფერდჩაცვენილი ვარდება სფერო,
მარადის გოდებ, ბარათი შივის
— სიბნელე გინდა სისხლით გაფერო.

არის ანბანის ეს კიდობანი,
ცრემლით განბანილს გადუფრენს მტრედი.
მომესმა მამის ხნიერი ბანი,
როცა მის გაბზნილ სარკეს ვამტვრევდი.

41. გალა

სიტყვები შენი სიცოცხლისა და სიხარულის მომცემია,
ჩემი სულის დარბაზებში ახალი არსებები შემოიჭრნენ,
შენი სიტყვებით ახლად დაიბადნენ,გაცოცხლდნენ,
თითქოს ღმერთმა დასძრა ამდენხანს დადუმებული ენა,
თითქოს წყალი ,სიცოცხლის წყალი ჩამოიქცა სულის ბნელ ჭერში
და გადარეცხა,გაახასხასა საგნები,ჩემი სევდით დაბნელებული,
სიცოცხლის აღდგომა მარადიულ ახლაში,
ბნელი მიწიდან გამოანათა დაკარგულმა ედემმა,
დრო შიგნით შემოიქცა,კი არ გადიოდა…
მისი წრეები შედგნენ შენი სახით, შენი სიტყვებით.

42. ***
თითქოს სამოთხიდან გამდევნე ახლოს ხარ, მაინც ვერ გხედავ,
თითქოს ცოდვების ბინდს დაეფაროს თვალები, ჩემი თვალები,
რისთვის გადაება ჩემი სული შენს სულს?
როცა წითელ სამოსელში დაგინახე..
მეგონა ჩემმა გასისხლიანებულმა სულმა დამტოვა,
დაუძლურებული და ჯვარზე მოშვებული,
მიდიხარ..მიდიხარ,შენი თეთრი ნათება მეფეთება,
თითქოს მკვდარი ვარ, ყოფნის კუბოში მოწრიალე
და ვერ მოსვენებული…
შენ, ჩემო დაკარგულო მზეო ,
დაგეძებს სიბნელეში ჩაძირული ჩემი ვებერთელა გული,
ეს უბნელესი სარკე მხოლოდ შენს მოლოდინს ირეკლავს,
შენ გამაცოცხლე,შენ მომეცი სიხარული..
მე ვარ ჯუჯა მზე, მტირალა მზე,
შენი უწმინდესი სინათლით ავსილი,
შენი ურბილესი სინათლით ავსილი.

43. ***

უნდა მივალურსმო ჩემი ათასობით სურვილის ხელი,
ამ მილურსმის დროს ვხვდები,
რომ არის წყარო მშვენიერებისა და სიხარულის,
ეს არის შენი სიცოცხლე, შენი არსება ჩემთვის,
შენი ყოველი გამოჩენა ჩემი გაცოცხლების,
ჩემი აღდგომის დასაწყისია,
სხეული. როგორ საჭიროა სხეული…
აღდგომა უნდა მოხდეს უხრწნელ სხეულებში.
არ მინდა ტკივილის მორჩენა,არც დავიწყება მინდა.
მე მინდა გიცქირო შენ, მე მინდა შემოვიდე შენში,
აი, ღვთის სამეფო, აი სად ვნახე იგი…
სანამ არის დიდი სიყვარული,
ყველაფერი წმინდაა და შეურყვნელი,
მისი უცნაური სიხარული არის სვეტი,
რომელიც იკავებს,იჭერს სიცოცხლის ჭერს ჩამოქცევისაგან…

44. ***
მე ვარ სინათლეში ტანჯვის ჯვარზე დაკიდებული,
მე ვარ შენ უცხო სამეფოში,
სადაც შენ ანათებ წამებასა და სიხარულს,
შენ ხარ მოუხელთებელი მზე,
შენი ხილვა,დანახვა მიახლოვებს სიკვდილს,
სიკვდილს, რომელსაც სიხარულით ვიღებ,
სიკვდილს, რომელიც დამამშვიდებს შენი სახის სიახლოვეს..
მე აღარა ვარ, მე არ მინდა ვიყო,
მე ვარ შენ სხივებში გაყინული აჩრდილი,
უარყოფის ჯვარზე მალულად მილურსმული,
შენი სიცილის უფსკრულში შეუჩერებლად ვარდნილი,
ეს არის შეჩერებული წამი,გაფართოებული წამი,
ეს არის ვარდნა უფსკრულში, შენი სიცილის ტალღით,
გამოჩნდება კი მარადისობაში შენი ჯადოსნური ხელები,
შენი მხსნელი ხელები?

45 . ***

Я звезда Карлик, я дремлющее Солнце
В часах, в мгновеньях плачет плакальщица
Время-большой крест, время-большой гвоздь,
Время –большой гроб, время-большая больница,
Время -моя смерть, время-большое эхо,
Время-мой палач и виселица,
И в моем сердце вечность, вечность твоего смеха.
Время-это ветряная мельница.

46. ***

Я Тебя люблю, ты мое черное солнце,
Ты моя смерть и павлин
И в темноте сияет улыбка-след лица
И думаю, что прав был Дарвин.
Будто обезьяна, будто попугай
Прыгает, порхает в ветвях сознания.
Солнце покраснело, солнце с юга,
Солнце и сердце-моя кровавая баня.
Я еще жив, Я еще рад
И слышу божественный смех Гали.
Вновь воссоздался тихий маскарад
От любви, от смерти, от Кали.
Я Тебя люблю, ты мое черное солнце,
Ты моя жизнь и Воскресение.
Все начинается, все возвращается:
Жизнь, радость и веселье…

47. ***

Ты будешь в моей ловушке и в моем сердце
Порхать, сверкать, когда смерть близко.
Я буду петь о смерти, о Галочке,
Сойду с Креста из солнечного диска,
Сойду с Креста из солнечного диска
И в постоянстве дежурство за столом
Я не боюсь, когда смерть близко.
Передо мной Ты- дочка Пастора.
Я чудотворец, Я мертвый маг
И в моих руках мое разбитое сердце
И в крови, в крови вижу саркофаг
И воскрешую тобой горлицу.

49. დიდი და პატარა მათხოვრი

ადამიანი ბუნებით მათხოვარია,
ადამიანებისაგან ყურადღებას ითხოვს,
მე წარუმატებელი მათხოვარი ვარ,
ღმერთიც წარუმატებელი „მათხოვარია“..
ისიც მუდამ ხელგაშვერილია და სიყვარულის მთხოვნელი,
ისიც მუდამ გოდებს და წუხს რომ დაივიწყეს,
თუ სადმე ერთგულს და მოყვარულს შეეყრება,
სიხარულით აღარ არის,
ჩვენ როგორც ღმერთს, გვინდა რომ მუდამ ვახსოვდეთ,
არასოდეს გვივიწყებდნენ,
მუდამ ჩვენზე ფიქრობდნენ,
ჩვენც მისი გაუარესებული ხატი ვართ,
ვერ ვიტანთ მარტოობას…
ხშირად დავკვირვებივარ მათხოვრების ორთაბრძოლას,
სიონის კიბეებზე…
საწყალ,ნამდვილ მათხოვრებს როგორ
გაყრიან ხოლმე აგრესიული ბოროტი მათხოვრები,
დიდი ბრძოლა მიდის კიბეებზე ადგილის დაკავებისათვის,
ვაი სუსტებს,და უეშმაკოებს….
ერთი ქალი “მათხოვარი”ვიცი სამებაში ვითომ სალოსობს
დანარჩენ მათხოვრებს ეზოში არ უშვებს,
თვითონ თავისუფლად დაგელაობს
სამების ეზოში გულზე ჩამოკიდებული ღვთიშობლის ხატით, ფარშავანგივით მორთული,
ალბათ ყველას შეუმჩნევია.
გალაღებული მღვდლების მეგობარი,
ფარშავანგივით გაფხორილი,
ხურდას და წვრილმანს არ ღებულობს,
თუ მოწყალება გვარიანი არ არის,
შეიძლება შეგაჩვენოს,
რაღაცით ჩვენს წითელ ინტელიგენციას მაგონებს,
ესკლუზიურად რომ ითხოვენ თაყვანისცემას და ფულს,
სხვებს კი დიდი სისასტიკით ეპყრობიან,
ეშინიათ რომ მათი ადგილი
არავინ დაიკავოს სამათხოვრო კიბის საფეხურებზე.
ადამიანი თავისებური ფარშავანგია,
მუდამ სხვების თვალების სარკეებში
შლის თავის ფერად ბოლოს….
უყურებენ თუ არ უყურებენ,
მუდამ მოლოდინშია,
რომ ვინმემ შეაქოს,
ერთი სიტყვით ადამიანი საცოდავი მათხოვარია,
თუ სიამაყეც აქვს და თავის თავს არავის აძალებს,
სრულ მარტოობაში რჩება,
ის თვითონ ამბობს უარს იმაზე,
რაზეც უარს ეუბნებიან,
მარტოა ღმერთის იმედად იობივით დარჩენილი,
მიუხედავად ჭკუის დამრიგებელთა არმიისა,
ის არასდროს კარგავს იმედს,
მან იცის რომ სამართლიანობა იზეიმებს.
მხოლოდ სრულ მარტოობაში ეხსნება ადამიანს,
სულის ფარული უნარები,
მრავალი წყალი ჩაივლის სანამ ყალბი და ჭეშმარიტი გაირკვევა,
ის ვინც სიყვარულს და თანაგრძნობას ითხოვდა,
ახლოსაც არ გაიკარეს „ბობოლა მათხოვრებმა“.
კიბეზე ჩამოსაჯდომი ადგილი მისთვის არ გამოიძებნა,
ვერც გამოიძებნებოდა.
მხოლოდ მიტოვებაში და სულიერ უდაბნოში ეცხადება კაცს ჭეშმარიტება,საიდუმლო, თავისი არსების შესახებ,
–”ყველგან ვეძებე ბოროტება და ვერსად ვერ ვიპოვე იგი,
ხოლო როცა ჩემ სულში ჩავიხედე იქ შევხვდი მას”.
ეს ასეა, ადამიანში ურჩხული ცხოვრობს…
მისი მოთვინიერება კი ძნელია,
მხოლოდ შემეცნების საშუალებით
კარგავს ძალას ურჩხული.
სანამ არ გავიცნობიერებთ რომ ურჩხულები ვართ,
რომელსაც ანგელოზად გადაქცევა წყურია,
სულს სხვას დავადანაშაულებთ…
ადამიანს დიდი ძალისხმევა ჭირდება,
რომ თავისში დაინახოს ბოროტი,
მშვიდად დაუკვირდეს,არ შეეშინდეს,
და უკან არ დაიხიოს,
სხვებს არ დააბრალოს ის,
რაც ისედაც მასშიც უხვად არის,
ათი მცნებიდან ბოლო ხუთი ადამიანური ცნებებია.
ვის არ შეშურებია,ვის არ მოსწონებია სხვისი სახლი და ქონება?
ვის არ მოსწონებია მოყვასის ლამაზი ცოლი?
ვის არ დაუწამებია ცილი?
ვის არ უმრუშია?
ვის არ მოუკლავს კაცი თუნდაც ფიქრით?
ვის არ ნდომებია მასზე აღმატებულის დაცემა?
––მე პირადად კი….
სხვებზე არ ვლაპარაკობ,
აი ამ მასალისაგან ვართ აშენებული.
მაგრამ არის ჩვენში ანგელოზურიც,
ეგოიზმის გარეთ რომ შეუძლია გახედვა,
თუ სიყვარულით შევხედავთ ადამიანებს
მაშინვე აღმოვაჩენთ სარკმელს,
თუ ამ სარკმელში გავიხედავთ,
ჩვენ მაშინვე მათხოვრების საზოგადოებაში აღმოვჩნდებით,
სადაც ყველა ხელგაშვერილია
და სიყვარულის მთხოვნელი,
ამ სარკმლიდან ჩვენ დავინახავთ დატანჯულ ადამიანებს,
რომლებიც მუდმივად სიყვარულს ეძებენ,
” ადამიანს ქება იმიტომ უყვარს,
მზის ნაწილია იგი,
როცა მზე ამოდის ფრინველები უგალობენ მას,
ყვავილები კი იშლებიან”,
თუნდაც ეს გაშლა არყოფნას უახლოვებდეს…
ისინი ამაზე არ ფიქრობენ,ისინი უბრალოდ არიან,
ჩვენ კი არა ვართ…
ჩვენ ვართ მუდმივად სხვისი ბოროტების დამნახავები,
სხვათა მოძულენი..
საკუთარი თავი კერპად მქცეველები.
თუ სიცოცხლე სხვების საკურთხეველზე არ მივიტანეთ,
ის არ ანათებს,ბნელია და ბოროტების სადგურად იქცევა.
სხვების თანაგრძნობა და სიყვარული..
აი ერთადერთი ბილიკი ღმერთისაკენ,
საკუთარი თავისაკენ,
გზა საკუთარი თავისაკენ სხვების მსახურებაზე გადის.

50. დღისა და ღამის გათანაბრება

იგი პუდელივით პატარა იყო და მაგიდაზე
სოროსის ნაჩუქარი კომპიუტერი ედგა.
თავი ნესვივივით გაყვითლებ-მოშიშვლებოდა.
მისი საყვარელი ფილმი იყო მაშველები,
მისი საყვარელი მსახიობი –პამელა ანდერსონი
მისი არატრანსცენდენტული ხედვის ჭრილში
ხანდახან გაკრთებოდა სილიკონის ძუძუებიანი ბედნიერება,
იგი კი ოცნებით კიოლნის ტაძრიდან გადმომდგარი
სელინ დიონის გოლფსტრიმივით თბილ ხმას
წამით სხვა სამყაროში გადაჰყავდა,
სადაც სინდისყორემორღვეული ადამიანები
ან გოლფის მოთამაშე მდიდრები
დიდძუძუებიან მდედრს, პამელას ან სინდის, უღიმოდნენ,
მის გონებაში ჯერ კიდევ შერჩენილ ღადარს
შემოდგომა-ზამთრის ტორნადო მოახლოვებოდა
ელვის მკრთომელი ძაბრით.
მისი შავთეთრი დღეების გამხდარი ზებრა
ტკბობის ოქროსფერ ქერის ძნას გარშემო უვლიდა.
არა, ბერობა არ სურდა,
მისი სიცოცხლე ნეგატივი იყო,
რომელსაც სიხარულის ბნელ წყლებში
არასოდეს ეღირსებოდა ჩაშვება.
მისთვის კომპიუტერი ტკივილის დამაწყნარებელი იყო,
სევდას მისი მნათი მონიტორის წინ ტოვებდა
და უსაზღვრო, ვირტუალური ფანტაზიის ოკეანეში მისცურავდა,
სადაც ის ყოველდღე იხრჩობოდა
რათა პამელა ანდერსონს გადაერჩინა.
იგი ჩარლი ჩაპლინის ფილმის გმირი იყო,
მისი ნიღაბი და გრიმი.
მისი ჰობი –დიდ გოეთესთან თავის შედარება,
მის ფიქრებში გოეთეს გოთიკა
მისი სულის უთეთრეს სვეტთან შედარებით მცირე ჩანდა,
ხიბლავდა პასტორი იან გიჩო,
უნდოდა მისი ლიფტებიანი ეკლესია ენახა,
აინტერესებდა პამელას და მადონას ლიფის ზომა
და ჩანჩქერ ვიქტორიას სიმაღლე ზამბეზზე,
აინტერესებდა ზამბახების სიმაღლე
გალაკტიონის დალანდში
იგი მოძრავი ლანდი იყო ბახის ორღანთან მოწრიალე,
მისი ლერწამივით წვრილი მკლავები
წეროს ფრთებივით იშლებოდა.
ამ ქაოსიდან აფრენას ლამობდა,
რომ პამელას უბნელეს ფოსოში პეპელასავით შეფრენილიყო
ან თეთრი ფრანივით ექროლა,
სანამ მისი როლი არ დასრულდებოდა.
მომღერლებიდან მოსწონდა ფრენკ სინატრა,
მასთან შეხვედრას ნატრობდა და მისი ნიუ-იორკით ტროვდებოდა,
თავისი პროგრამა ტროას ცხენივით წარმოედგინა,
რომელსაც დღეს თუ ხვალ ნიუ-იორკში შეათრევდნენ
და თვითონაც შეჰყვებოდა.
სწამდა არისტოტელეს ფორმა,
იცოდა, რომ ფორმა და სუბსტანცია ერთი იყო
და უსასრულო, ურიცხვი ვარსკვლავებით მოჭედილ ცის ქვეშ
განცვიფრებული ჩერდებოდა.
მას ღვთაებაში მშვენიერების ასპექტი ხიბლავდა
მისი ხილაბანდახდილი სახე,
მისთვის, როგორც ჯეონის ნაპირზე მოხეტიალე სუფისტებისათვის,
ქალის სფინქსი და ღვთაების სხივი იყო.
იგი უმაღლესი ეონი იყო
მშვენიერების ნაპერწკლების საძიებლად ქვე დაშვებული,
იგი ცვალებადი მოდის სულს დროდადრო იხელთებდა
და თავის გონების ცვილის ეტლით თუ ფაეტონით
დიდი მონადისაკენ ისწრაფოდა.
იგი გალეული მონადირე იყო,
რომელმაც სიხარულის გოლეულს გაუსინჯა გემო,
როცა პამელასაკენ გადადგა მოდურად ნაბიჯი.
ელტონ ჯონს უსმენდა ხოლმე,
ცის ხომლის ნათებას როცა შენიშნავდა ფანჯრიდან,
მისი გრანტული ბედნიერება,
როგორც ჩვენი სიცოცხლე, სასრული იყო.
ზემოდან საცოდავი ეგნატეს სურათი ჩაშტერებოდა,
ცხოვრება შარტრის ქიმერებივით
სულ უფრო ამაზრზენ ფორმებს იძენდა,
ვერავითარი იძინი ვერ უჩვენებდა გამოსავალს,
წინ მილების მბოლავი რეალობა ედგა
და ტოტალიზატორში მადრიდის რეალზე დადო,
მხოლოდ იმედის ალი ათბობდა.
დროდადრო აღელვებდა თებეს დაქცევა
და თავის ოცნების მთებიდან სახეგანათებული
ისტორიის სტერილურ დროებში იმზირებოდა.
ნაცისტებიდან გებელსი ხიბლავდა, მისი ერუდიცია,
ისტორიის ერთ-ერთ გმირად მიაჩნდა ქრისტე,
მის ანტიპოდს მორალში, ლორენს სტერნს,
ახალ მესიად ცნობდა, საგნებს რომანტიკის მზით რომ ანათებდა.
აღაფრთოვანებდა ლუთერი, მისი ოთხმოცდათხუთმეტი თეზისი,
განსაკუთრებით მისი წინადადების ჭედურობა და არა შინაარსი.
მისი კომპიუტერის ჭრილიდან, ღიობიდან
მას ხანდახან ესტუმრებოდა სილიკონის ძუძუებიანი პამელა.
მისი გონების ეიკონ-ხატი საგანთა მშვენიერი კონფიგურაცია იყო.
განსაკუთრებით აშმაგებდა ქალების ფიგურული სრიალი
და იმ ქალების უკანალის მოხაზულობა
თავის აზულად, თავშესაფრად მიაჩნდა.
იგი რამაკრიშნას ანტიპოდი იყო,
მშვენიერება მასზე ანტიბიოტიკივით მოქმედებდა
და მის პროზაულ ოქმებს პოეზიის ოქროდ აქცევდა,
მისი დაქცეული სახლი ესკორიალივით მშვენდებოდა,
ვიღაც ჯადოქარი აცილებდა ჟამის მტრედების გაქვავებულ სკორეს
მის ხავსმოკიდებულ კრამიტებს,
კარტში მოსწონდა ჯოკერის თამაში
განსაკუთრებით მშვენიერი სქესის წარმომადგენლებთან.
კარტებიდან–ქერა დამა ,მას პამელას ამსგავსებდა,
და მოგების ნიშნად მიაჩნდა,
მოსწონდა აფრიკა: ნიგერია და ჩადი,
მოსწონდა ნიაგარა, ცისარტყელებით მორთული,
მოსწონდა ნართების ეპოსი და პიუზოს რომანი ,,ნათლია“
იცოდა მშვენიერი ქალების ფასი და
ჩამტვრეული საძირე კბილის ფესვივით სტკიოდა მშვენიერება.
იგი ვარდების ასაფურცლად აღძრული ზეფირი იყო,
უყვარდა კეფირ-იოგურტი, როცა დანაღვლიანდებოდა.
იგი პამელას იღლიების სიბნელეში
მისამალად გამზადებული მთვარე იყო,
მისი ვნება დემოლიტივით უხმაუროდ ანგრევდა
მისივე სხეულის ქოხს.
იგი დიდი ხატიპეპელა იყო,
რომელიღაც სპირსის თუ ვიქტორიას უკანალზე ამოსვირინგებული.
თავის ცხოვრების რინგზე მუდამ იმარჯვებდა,
სიზმარში ვერცხლისფერ მერსედესს მიაქროლებდა,
როცა პამელასთან მიიჩქაროდა.
რატომღაც აღიზიანებდა იჩქერიის პრეზიდენტი
დუდაევი თუ მასხადოვი,
მაგრამ უყვარდა ტაბაკინის მონასტრის ქვემოთ
დიდი კლდიდან გადმოვარდნილ ჩანჩქერში ბანაობა,
ხახდახან ახსენდებოდა ოშკი და ბანა
და თურქეთს წმინდა გიორგივით თავს შუბით უნგრევდა
იგი სინათლის სხივი იყო,
ბნელმა რომ მოინელა
და თრითინასავით ჩუმად დადიოდა.
იგი სინათლის ათინათი იყო, პატარა უფალი,
მოსწონდა კათოლიკების პატრები ფორმისა და ლათინურის გამო.
ღამღამობით კითხულობდა ტაროს და ტერიარ დე შარდენს,
როგორც სიზმარში ჯოჯოხეთური შარდდენა,
არ სრულდებოდა სიცოცხლე.
მოსწონდა ფეხბურთელი ბაჯო,
იცოდა რა ფერის მაისური და ტრუსი ეცვა
და რომელ რიცხვში გაიტანა გოლი.
უყვარდა ვირტუალურ მწვანე მოლზე თამაში.
მისი კომპიუტერის კლავიშის ყოველ ჩავარდნაზე
ეკრანზე შემოდიოდა ქრისტე და ბუდა, პამელა და სინდი,
მეტროპოლიტენის მუზეუმის გალერეა და ეიფელი.
აქ კომპიუტერი მისთვის სამოთხის ფილიალი იყო
იგი მოთხრობის დავიწყებული პერსონაჟი იყო
მწერალს რომ გამორჩენოდა.
იგი უთვალავბაგეებიანი ჩრჩილი იყო,
პამელასა და სინდის კაბებს შეჩენილი,
იგი ნახევრად დახატული ტილო იყო
აბსტრაქციონისტ-პოსტმოდერნისტის,
იგი ადამიანი იყო სულის გარეშე
და მაინც სასულე არ ეხშობოდა,
იცოდა ბერტრან რასელი,
კემბრიჯში რომ ასწავლიდა ასი წლის წინათ,
იცოდა ჯიპების ყველა სახეობა და ქვესახეობა,
ჰქონდა ცარიელი ჯიბეები
და მოსწონდა შევარდნაძის ეკონომიკური პოლიტიკა.
ცენტრიდანული ძალების მიზიდულობით
ისწრაფვოდა ელიტისაკენ,
ვითარცა ირემს, ეგრე სუროდა მათთან ერთად წყაროი შენი
და არ იცოდა შენდობა მტრების,
ოცნებობდა წაეკითხა ტრისტამ შენდი ინგლისურად.
ტანსაცმლის ფირმებიდან უყვარდა პიერ კარდენი,
ოცნებობდა მუდმივად ჰქონოდა უფასო დენი,
უყვარდა დემის რუსოს სიმღერები და პამელა,
რომელსაც ძუძუს ღარი მუდამ მოშიშვლებული ჰქონდა.
ოცნებობდა თინეიჯერ გოგონებს
ტრუსების არშიაზე ლაზერით გადაეტანათ
მისი იულიუსის მსგავსი პროფილი,
მოსწონდა კოფი ანანის თეთრკანიანი ცოლი
და სურდა მის ქათქათა ტანზე მასაც წაეზულუსებინა.
მისი ტვინის ასიმეტრიულ ნახევარსფეროებში
შემთხვევითი ფიქრის ციცინათელები
პატარა სინათლეებს ბნელში ასუსურებდნენ,
ცხოვრების ტექსტის სტიდან გადავარდნილს
ზარავდა უზნეობა და სისასტიკე.

51. მინოტავრი

შორით რიალებენ ღამეთა ჭვარტლები
და მთვარის ბორცვები ვნებებით ნათენთი.
ფრთებით იმოსვიან ჩურჩულით მატლები,
– ჩურჩულით: შენა ხარ ბოლო ერთადერთი.

ბნელ სკნელებს ეჩვევა ჩუმი მინოტავრი,
მზეებს იშორებენ ლურჯი სარკმელები,
ღამეთა ხიდებზე დგებიან მგზავრები,
გლუვ ჟამის ძელებით – ჯვრებზესაცმელები.

წამით ირხევიან გრილი საფლავები
და მაინც ზღვებთან დგანან არხონტები,
თეთრ სვეტებს მალავენ ხროტინა ლავები,
იმედებს –გემიდან ნასროლი ბოთლები.

ვნება მაცდურდება ეგზომ გაცვეთილი,
წყლებით იღვიძებენ ქარის სადგომები,
ისევ მეორდება ჟამის გაკვეთილი,
ახალ გარდაცვლებით, ახალ აღდგომებით.

52. მზე და ვან გოგი

დიდდება გული, მზე გარდმოიხსნა მძიმე თვლემიდან,
ისევ ვაგუბებ მომსკდარ ჟამს გონგით.
მდნარ გუდრონიდან, მოღიაღებულ საფლავებიდან
წამოიწევა მზე და ვან გოგი.

საღამოს შრამში ფეხმძიმდება მზით შიო–მღვიმე,
ჩურჩულებს მკვდრები და ელევსინი.
შენი თვალები დავიწყების ცას შეუღიმებს,
კვლავ მთვარეების გაელავს სინი.

ქვის გული _ მორგი მიატოვეს ფიქრის ფარებმა,
გაერიდება მძიმე ხორცს ძელი
და ხმაჩაწყვეტილ სავსე მთვარეს გადეფარება
თმაგაწეწილი ფიქრის ძონძები.

დიდდება გული, მზე გარდმოიხსნა მძიმე თვლემიდან,
ისევ ვაგუბებ მომსკდარ ჟამს გონგით.
მდნარ გუდრონიდან, მოღიაღებულ საფლავებიდან
წამოიწევა მზე და ვან გოგი.

53. ცად აყრდნობილი

სიცოცხლე მზე და ფაეთონია,
სიკვდილი –ისევ სხვა საპყრობილე.
სული მარტოა თეთრი სვეტივით,
სფინქსის დუმილით ცად აყრდნობილი.

ჩამოშვებული ეთერის ტანით,
ღამე ხმიანობს შენი მფარველი,
დახრილ თვალებით შემოგყვებიან
დამძიმებული ლურჯი მთვარენი.

მინის თაღები წყლებში ინთქება,
რბილ სვეტებს შორი ცანი ჰყინავენ,
ფრთებგარუჯული მიესვენება
არყოფნის ლანდზე თეთრი ფრინველი.

სიცოცხლე მზე და ფაეთონია,
სიკვდილი– ისევ სხვა საპყრობილე.
სული მარტოა თეთრი სვეტივით,
სფინქსის დუმილით ცად აყრდნობილი.

54. ბორგვა

მზერით მფრთხალი უფსკრულები
ივსებიან ფრთების კდემით,
სიცოცხლისგან იკურნები
სადღაც მიდიხარ და კვდები.

ნუთუ ტანჯვისათვის მოხველ?
გარდაცვლამდე ები ბნელში.
მწუხრით ამოხეთქილ ოხვრებს
მინის გუმბათებით შეფშვნი.

გართობს კვდომა, ზორვა ცივი,
მთები, მუდამ შეღამული,
ფრთები, მწუხრით დანაცვივი,
თრთოლვა მზეთა, დღეღამული..

55. ჩურჩული

ღამეა ბნელი, გაუტანელი,
სული დაღლილი და დაძენძილი,
შორს სფეროები დაუთვალავი,
შენი ხელებით გამოძერწილი.

მზის სხეულებში ჩაესვენები
ტკივილისა და წასვლის თავდები,
ქაოსს შთაფლული ნათელს ევლები,
უხმაუროდ და ცრემლით ქვავდები.

ჩაიფერფლები, ჩაისეტყვები,
რტოებს ჩამოჰყრი და დამცირდები.
გეჩურჩულები შენი სიტყვებით
და უიმედოდ მაინც ცივდები…

56. რაბი აკიბა

შავი შირმა, შავი მთვარე ხარის თვალმა აკრიბა,
შვიდი ცით და შვიდი მთვარით გტბორავს რაბი აკიბა.
ამოიყრის ცათამბრჯენი, სავსე ხარის თვალებით,
ბიბლიური ანგელოზი ფრთებითა და თარებით.
სივრცის კუბო,მინის კუბო,სისხლის რთვილი ხშირ–ხშირად,
მზესუმზირა, მზეთა ღერბი და ჩურჩული: ვიშვი რად?
შავი შირმა, შავი მთვარე ხარის თვალმა აკრიბა,
შვიდი ცით და შვიდი მთვარით გტბორავს რაბი აკიბა..

57. მომავლის ფარდა

მინით ივსებენ ფერდებს შავი პირამიდები–
სხვა რომბებია,სხვა ხედები, სხვა კრამიტები.

მწუხრის სვეტებში შერეული სული გალხვება,
სფინქსის დუმილში შორეული მზე ითალხება.

დღეები ისევ იშვებიან მქრალ ღამის შვლებით,
სიკვდილისაკენ მიჰკვალავენ გზას კლავიშები.

თავს ჩამოჰკიდებს მზესუმზირა ტანჩაცელილი,
ცათამბრჯენების თვალებია კვლავ ჩაცვენილი.

მინით ივსებენ ფერდებს შავი პირამიდები–
სხვა რომბებია სხვა ხედები, სხვა კრამიტები.

58. შიში

შორი ციმციმი ქალაქთა ხომლის,
მზესთან ციალით ცრემლები ზვრების,
ხშირ ჟამთასვლაში, მომსწრე ვარ რომლის,
ღამეს მიჰყვება მტვრიანი გზები.

დუმს ულმობელი ათასი კუბო,
ჯვრებთან ჩურჩული: დრო არის,გარდმო,
კვლავ გაცოცხლდება ბნელეთში ჭუპრი
და მზესუმზირა თვალს ახელს ფართოდ.

გიყვარდა ვინმე ამ მთვარის ქვეშეთს?
ნაძვის გუმბათში გალობდა შაშვი?
გული ესვენა გარანდულ შეშეთს
და მგელს მთვარისთვის მიედო ლაში.

შორი ციმციმი ქალაქთა ხომლის,
მზესთან ციალით ცრემლები ზვრების,
ხშირ ჟამთასვლაში მომსწრე ვარ რომლის,
ღამეს მიჰყვება მტვრიანი გზები….

59. განბანილი კიდობანები

მთვარეთა ჩუმი, უხმოზე უხმო გრილი ზორვებით,
ეცემა ჩქამი და ფშვინავენ დინოზავრები.

კეთროვან ღამით დაცისფრული კიდობანები
ნაზარევლებით დაღლილ ტანებს განიბანებენ.

თეთრ ტილოებით კიაფობენ ანგელოზები,
დახორკლილ მინებს – შერუჯული თაღი ეზრობათ.

მარადისობა – სხეულების ცივი საზვერე,
მღვიმით ბრმობილი სხვა ქირონები.

მზეების ნათელს დაღვრემილი აღარ უმზერენ
თეთრ დუმფარებზე ჩამომსხდარი მღაბიობები.

60. საყდრის სიგრილე

ღამით დადუმდნენ წყლის ბულბულები
და უხმო ზეცის თეთრი მინები,
საყდრის სიგრილით დაგიბრუნებენ
რბილი მთვარიდან ხმებს თრითინები.

ბნელს მოიხვევენ ბაბილონები,
ფრთიან ხარებით მინათენთები
და ლაჟვარდების ბიბილოებით
მინებს სერავენ მინარეთები.

იზრობა ხმები, მზეთა მგლოვარი,
ოხვრებით მოგფშვენს ცათა სარქველი,
ისევ მდუმარებს მთა საქომარის,
გრილი ნათელით სხვათა მიმრქმელი.

უცხო ვარ ისევ, ჩემთვის უქმია,
თეთრი ბორბალი სისხლით ნაგრილი,
კვლავ სულეთია, ბნელეთს ბუბნიან
თავის ქალები თეთრი მარგილებით.

ღამით დადუმდნენ წყლის ბულბულები
და უხმო ზეცის თეთრი მინები,
საყდრის სიგრილით დაგიბრუნებენ
რბილი მთვარიდან ხმებს თრითინები.

61. ურანოსის სფეროები

დუმდნენ ურანოსის თეთრი სფეროები,
ოდნავ ნაყვითლარი და ნაღველნარევი.
გულში იძრებოდნენ ყრუ ხმიერობანი
და ტაძრებს ფარავდნენ შავი ლეღვნარები.

უმსხვერპლოდ, უხმოდ დუმდნენ ბომონები,
ჭერში ფრთხიალებდნენ შავი ქურუმები,
ხმობით ხრიალებდნენ ქარების ბორნები
და მზისკენ დიოდნენ ნელი ურმულებით.

სვეტებთან როკავდნენ ქალნი სამთვარიო,
ზარი გუგუნებდა, ცაში გადახრილი,
თაღი ალმურობდა, მრავალთვალიერი,
დახოცილ ნახირთან ზმუოდა მენახირე.

ზარზე მძიმე არის ტანის აღდგომანი,
ამაოდ დაგიცვეს რვალის ასპიდებმა.
აქეთ სიცოცხლეა შენი საგლოვარი,
იქით სიკვდილი და მუდამ დამშვიდება.

62. მზის მიძინება

მზე მიესვენა, მიძინებას გულმინდობილი,
გული ლოდინის მინაზეა შუბლმიყრდნობილი,

გულს გასერავენ ბნელზე ბნელი სვლებით ლანდები,
ციცინათლებად გაიშლები, გარიალდები,

გულს გაანათებს ამ ღამეში ბავშვი-ჩითილი,
აქ მზესუმზირებს ქარებთან აქვთ ისევ ჭიდილი,

დაღალულ ჯვრებთან დაყუდდება კვირაცხოველი,
დაღლილობისთვე მდორეებით მიმაცხრომელი,

მზე მიესვენა, მიძინებას გულმინდობილი,
გული ლოდინის მინაზეა შუბლმიყრდნობილი.

63. მზრალი სიმყუდროვე

თეთრი ,რძისფერი დიანები,
უხმოდ გრილდებიან კამარებით
ლურჯი თაღებით ხმიანებენ,
ბნელში დაძირული სამარენი.

სული ჩაახველებს ლეთის მდორეს
თაღი იბორცვება მინის სკნელით
ღამეების მზრალი სიმყუდროვით
ლანდები გზებს ჩუმად მიიკვლევენ.

ბნელში მიცურავენ სამრეკლონი
ნაწამებ ლანდთა თეთრი შუბლებით,
მოცვივა სფეროები, ჩემო თებროლე,
შენთვის შეწირული საგალობლები.

თეთრი ,რძისფერი დიანები
უხმოდ გრილდებიან კამარებით,
ლურჯი თაღებით ხმიანებენ
ბნელში დაძირული სამარენი.

64. დიდი მზესუმზირა

ჟამს ისევ დაიხვევს ძველი ქვის საათი,
ღამე იხიბლება მთვარის მიფარებით,
მთებიდან ზვავები იძვრიან ტაატით,
ძველ ქუჩებს აბრმავებს სინათლით ფარნები.

ცათამბრჯენებიდან უცებ მოინგრევი,
შენი სათიბია ძნებად ჩაცელილი,
ფრთებს გადასცდებიან შენი ბოინგები,
მზეები ჩათვლემენ, თვალებჩაცვენილი,

სფინქსის მდუმარება კვლავ შენი სახეა
ან სხვა ხელისგულებს იხსენებს ნალურსმევი,
ახლა შეიძლება ცის თვალის გახელა
და ჟამის მდინარება წერტილდაუსმელი.

უხმოდ დადრეკილა სიკვდილის ბზარულთან
დიდი მზესუმზირა თავის მოგონებით,
თვალებს ახამხამებს ღამეში გარუდა
და კარიბჭეებთან თვლემენ გორგონები.

მზისკენ იშმუშნება მიწათა საბანი,
ძვლების სიმყუდროვეს ნუღარ შეიმდურებ.
თავდავიწყებათა ემბაზში განბანით
ამ ნიღბებს ყოველ წამს ითრევს შავი მდორე.

65. ხარიშუბლა მზე

შებზარულია ქალა თხემების,
მზემ ჩაიარა კვლავ ხარის შუბლით,
შავ მთვარეების ამოხველებით
ყრუ მდუმარება დაგხარით უფლის;

მინის თაღები წვანან ღამეზე,
სივრცეებისკენ იწევენ ჯვრები,
სისხლის მტევნებში იხრება მეზვრე,
მხურვალე შუბლებს აგრილებს ჩვრები;

ამ სიმაღლიდან მიწაა მძიმე,
ღამე კომეტებს თავის მკერდს მოთლის
და საფლავებთან მზით მოციმციმე .
დუჟმორეული იხსნება ბოთლი;

და სული მაინც წითლის ფერია,
ჩუმად იალებს ფერცვლილი ბადრო,
ღამეს ახალი დღე მიჰფენია,
სიკვდილისაკენ ხრილი დროდადრო.

66. თეთრი არყები

იბზარებიან ხმობით თაღები,
დუმს ვამპირების მჭლე სასილოსე,
შორს მთვარეების მისარქმელებზე
სიკვდილი მოაქვთ ციურ ნილოსებს;

მთვარის მთებიდან ცა შეიბინდა,
შავი ურნებით ნავარაყები,
მიძინებული მზის ზეგნებიდან
ამოხეთქავენ თეთრი არყები;

მხრებზე სიგრილე თრთის მინაყრდნობი,
სიგრილეებით მინამდორალი,
წელთაღრიცხვები რაღაცას გრძნობენ,
ღრმა და ქვაბოვან მინებს ტბორავენ.

ამოდის მთვარის დახრილი ეტლი,
ჯვრებზე ანთხევენ სისხლს ასპიდები
და სამარეებს მორყეულ ეტლით
ჩუმი სისინით მოაქვთ ბინდები.

67. როლანგი

სკნელებს ცვიოდნენ ნიამორები,
დღეთა თვალებით მითენთილები
და ლურჯ ღამეებს მიაგორებდნენ,
შეგრილებული ზეთისხილები.

თეთრ ქუთუთოებს ხრიდა შროშანი,
შეფაკლული და ჟამთა მგლოვარი.
ცივ მზეებს უხმოდ აშოშმინებდა
სიკვდილი გრილი და უხსოვარი.

დგები შიშით და ელდით უცქერი
ჩემს გულზე მზეთა გადაგორებას,
შენი სხეულის უზღვავ საფლავებს,
სულის შეკრთომას და განშორებას.

ცის უთეთრესი ფრთებით ფერფლდები,
გეყო, რაც მღვრიე მზეებს უმზირე,
დატანჯულები ვერცხლის ფარფლებით
მთვარენი ხრიან ძირს მზესუმზირებს.

სკნელებს ცვიოდნენ ნიამორები,
დღეთა თვალებით მითენთილები
და ლურჯ ღამეებს მიაგორებდნენ
შეგრილებული ზეთისხილები.

68. სულის უხმო ფსკერი

განთიადი შემოაწვა სარკმელებს,
სული დუმდა სხვა მთვარეთა ნაღველით,
სულზე გრილი თეთრი მისარქმელიდან,
სხვა სივრცეა კრძალვით დაუნახველი.

ისევ გახსოვს ღამეების სიგრილე,
მთვარეები თეთრ ფარფლებზე მგლოვარი,
თეთრი სვეტი, უხსოვრობით მიხრილი,
თეთრი ტანი, თავის თავის მგვემარი.

ვიცი, რომ ცა სულის უხმო ფსკერია,
რომ ეთერში ცახცახებენ ხბორები,
აღმოსკდება ანგელოზი ქვევრიდან
და სიცოცხლეს ბაგით ეამბორება.

მე ვარ მარტო და სიკვდილის ზღრუბლები
ლეთის ახლოს მოგონებით გამთბარი,
მოვა ქარი, აირევა ღრუბლები,
შიშველ რტოებს გამოიხმობს ზამთარი.

განთიადი შემოაწვა სარკმელებს ,
სული სდუმდა სხვა მთვარეთა ნაღველით,
სულზე გრილი თეთრი მისარქმელიდან
სხვა სივრცეა კრძალვით დაუნახველი.

69. ბინდის საუფლო

ბოლოჟამს ვთლიდი კორძიან კუბოს
და იმ დღის სხეულს უხმოდ ვლურსმავდი.
დგებოდა ნელა ბინდთა საუფლო
მნათობებით და მინის გუმბათით.

ვუსმენდი ოხვრით მოვარდნილ ნილოსს,
სისხლით სფეროებს როცა რეცხავდა.
კუბოთა რხევით უნდა გაგრილო,
აქ შენი სახე გამომეცხადა.

მარადისობის ფსკერზე მილექე,
დღეები ,ტანჯვით დაბეჭდულები.
მოვა ჟამი და მერე იფეთქებს
სისხლით და ხორცით სავსე ჭურები.

მომდგარა კვდომა შიშით და ზაფრით,
პირს შეიბრუნებს გრილი დინება.
სიბნელისაკენ გადახრილ აფრით
ბავშვს ვარსკვლავებში ჩაეძინება.

70. მიდიხარ

მღვიძავს სიკვდილით, სარკოფაგში, მზესთან ახლოში,
გაშლილი ფრთებით მომინდება სულის ტარება,
ვიცი, სიცოცხლე დამძიმდება და მონათოში
გული შორეულ შენს ნაბიჯებს მიეტანება.

როცა მარტო ვარ, გულშემკრთალი განადგურებით,
ფრთებს ვეფარები, დაბრმობილმა თუ მოგაგენი.
ტანჯვის ღამენით, კიბეებით საღამურებით,
სამრეკლოზეა ანგელოზი უხმო ბაგენით.

ჩამოღვენთილი, გადამცხრალი შემეხორცები,
ჩაინავლები სინანულით და ამბოხებით,
მიდიხარ ჩუმად, სფეროების თეთრი ბორცვები
გზააბნეული მოგძახიან ხმადაბოხებით.

ჰა! საცა არი გამოჩნდება შენი ცხებული,
ვინაც მდგმურები მახსოვრობის ბაღს მიანება…
სიცოცხლიდან და სამყაროდან ამოღებული
უცნაურია ჩვენი ბაგის ახმიანება.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: