Posted by: burusi | 11/03/2012

მანანა თევზაძე – “რუსთაველის თეატრის შენობის ისტორიისათვის”

არტისტული საზოგადოება (რუსთაველის თეატრი)

მანანა თევზაძე – “რუსთაველის თეატრის შენობის ისტორიისათვის”

(შენობის 110 წლის გამო)

ქართველი ხალხის სანახაობითი კულტურა ჟამთა სიავემ და თბილისის არაერთგზის აოხრებამ მნიშვნელოვნად შეაფერხა. ერეკლე მეორეს მეფობისას, თბილისსა და თელავში ქართული წარმოდგენები-სახისმეტყველებანი იმართებოდა, მაგრამ 1795 წელს აღა-მაჰმად ხანის შემოსევას სხვა ყველაფერთან ერთად გაბრიელ მაიორისა (არეშაშვილის) და მაჩაბელას თეატრებიც ემსხვერპლა.

მე-19 საუკუნის დასაწყისში, რუსეთთან შეერთების შემდეგ, თბილისში მცხოვრები რუსი ოფიცრობის სურვილით რუსული წარმოდგენების გამართვა დაუწყიათ. რუსული წარმოდგენები მთავარმართებელთა სახლებშიც იმართებოდა, მაგრამ მუდმივი დასის შექმნა და პროფესიული თეატრის დაარსება მხოლოდ მეფისნაცვალ მ. ს. ვორონცოვის დროს მოხერხდა.

1845 წელს, თბილისში ჩამოსვლისთანავე, ხალხის გემოვნებისა და ესთეტიკური გრძნობების განვითარების მიზნით, მან სპეციალური ბრძანება გასცა და თბილისში მყოფ ანტრეპრენიორ იაცენკოს რუსული დასის ჩამოყალიბება დაევალა. თეატრს სამხედრო მანეჟის შენობა გადაეცა, რომელიც დღევანდელი პარლამენტის შენობის ზედა ტერასაზე მდებარეობდა. იგი გადაკეთდა, სათანადოდ მოეწყო და იმავე წლის 20 სექტემბერს 340 ადგილიანი დროებითი თეატრი გაიხსნა. წარმოდგენები კვირაში სამჯერ იმართებოდა. სამსახიობო ძალები მოსკოვიდან და პეტერბურგიდან მოიწვიეს. უკვე შემდეგ, ვორონცოვისავე განკარგულებით ქალაქის გამგეობამ ტერიტორია ერევნის მოედანზე გამოჰყო და თბილისელ სოვდაგარ თამამშევს, დამტკიცებული პროექტის მიხედვით, სამი წლის ვადაში სათეატრო შენობის აგებაზე ხელშეკრულება გაუფორმა. შენობის პროექტი არქიტექტორ ჯ. სკუდიერის ეკუთვნოდა, ხოლო შიდა გაფორმება _ ვიცე-პოლკოვნიკ, თავად გრ. გაგარინს. მისივე ესკიზით შესრულდა თეატრის ფარდაც.

1847 წელს დაწყებული შენობა 1851 წელს დასრულდა და მას `ტფილისის თეატრის” სახელით მოიხსენებდნენ. ნაგებობის წინ შადრევანი და აუზი იყო. 1851 წლის გაზეთ `კავკაზში” ლიტერატორ სოლოგუბის წერილი `ტფილისის ახალი თეატრი” დაიბეჭდა, სადაც აღფრთოვანებული რეცენზენტი დაწვრილებით აღწერდა ამ მდიდრული სათეატრო ნაგებობის მორთულობას. `ტფილისის თეატრს” თავისი მშვენიერებით თვით ა. დიუმა მოუხიბლავს.

ქართულმა საზოგადოებამაც იწყო ცდა ქართული თეატრის შესაქმნელად. თბილისის გიმნაზიის დარბაზში გიორგი ერისთავის პიესის `გაყრის” წარმოდგენა კვლავ მეფისნაცვალ ვორონცოვის წინადადებით და მის მიერ გაღებული თანხით შეძენილი დეკორაციებითა და კოსტუმებით მოხერხდა. ეს იყო 1850 წლის 2 იანვარს. ხოლო უკვე 5 იანვარს, გაზეთი `ზაკავკაზსკი ვესტნიკი” სპექტაკლის სახალხო პოპულარობას აღნიშნავდა და წერდა: `1850 წლის 2 იანვარი საქართველოს განმანათლებლობაში აღინიშნება, როგორც შესანიშნავი დღე.Kკომედიამ `გაყრა” არა მხოლოდ ქართული საზოგადოების მოთხოვნილება, სცენაზე ქართული პიესა ენახა, დააკმაყოფილა, არამედ ყველას მოლოდინს გადააჭარბა. 2 იანვარს თამამად შეიძლება ეწოდოს შექმნის დღე, რომელიც მეცნიერებას აამაღლებს, ხელოვნებას კი, გაფურჩქნის…”

იმავე ხანებში მხატვარ კორადინს, ამ სპექტაკლის ცალკეული სცენების ილუსტრაციებიც შეუსრულებია.Pვორონცოვის მიწერილობით, `ტფილისის თეატრის” დირექციამ გიორგი ერისთავის დასს შესანახად ყოველწლიური 4000 მანეთი დაუნიშნა. სულ მალე ქართული წარმოდგენები კვირაში სამჯერ, ჯერ `მანეჟის თეატრში” დაინიშნა, ხოლო შემდეგ _ `ტფილისის თეატრში”.

ვორონცოვის საქართველოდან გამგზავრების შემდეგ ქართული თეატრისათვის მძიმე ხანა დადგა. 1855 წლიდან `ტფილისის თეატრში” მხოლოდ რუსული დასი დარჩა, ქართულ დასს კი ასიგნება მოეხსნა და მათ თბილისელი მოქალაქე ვართანოვის კერძო სახლის დარბაზი იქირავეს. `ტფილისის თეატრი” რუსულ დასს, იტალიურ ოპერას და ბალეტს დაეთმო. იმ პერიოდის ოფიციალურ დოკუმენტებში, რომელთაც კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიის მთავარი სამმართველოს ჩინოვნიკები, თბილისში რუსული თეატრისა და იტალიური ოპერის დასამკვიდრებლად აწარმოებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ `ტფილისის თეატრის” დირექტორი იასონ თუმანიშვილი იყო, თითქმის არსადაა ქართული თეატრის ხსენება. ქართული თეატრი თავის სპექტაკლებს გერმანელთა კლუბში, მუშტაიდის ბაღის საზაფხულო თეატრში, სამუსიკო დარბაზსა თუ შერმაზანოვის, ჩითახოვის, ანდრონიკაშვილისა და სხვათა კერძო სახლებში მართავს. მაშინ, როცა სახელმწიფო ჩინოსნები უმაღლეს დონეზე განიხილავენ `ტფილისისNთეატრში” რუსული დასისა და იტალიური ოპერის დაფინანსების საკითხებს, ხოლო საინჟინრო უწყების ბაღში არქიტექტორ ა. ზალცმანის მიერ დაპროექტებული, შადრევნებითა და აუზებით შემკული, დეკორატორ კნოლის მიერ მოხატული საზაფხულო თეატრალური ნაგებობა შენდება, ქართველ საზოგადოებაში პროფესიული თეატრის აღდგენის იმედი ცოცხლობს და ეს იდეა ინტელიგენციის უპირველესი საზრუნავია.

1869 წლის გაზეთი `დროება” წერდა: `პუბლიკამ თავისი სიყვარული ქართული სცენისა იმით დაამტკიცა, რომ ბილეთები წინადღესვე დაიტაცეს და ქართული თეატრი ძალიან წარმატებით წარმოსდგა… ამ წარმოდგენებმა დაამტკიცა, რომ ახლა არის მოთხოვნილება პუბლიკაში ქართული სცენის დაწესებისა და ხალხშიაც არის სცენის მოყვარეთა ელემენტი. ეს მოთხოვნილება არის ღირსი დაკმაყოფილდეს…”

1874 წელს, როდესაც პეტერბურგის საიმპერატორო თეატრის რუსული დრამატული დასის მთავარ რეჟისორს ა. იაბლოჩკინსა და კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიას შორის მიწერ-მოწერა დაიწყო თბილისში მისი შესაძლო გადმოსვლის თაობაზე და მათ შორის ფაქტობრივად გაფორმდა კიდეც კონტრაქტი, ძლიერი ხანძრის გამო `ტფილისის თეატრი” განადგურდა. მოგვიანებით აქ მხოლოდ ქარვასლა აღდგა, რომელიც XX ს-ის 30-იან წლებში აიღეს და მოედანი განავრცეს. Aეტყობა, ამ პერიოდში საერთოდ არ იდგა ძველი თბილისური ნაგებობებით ქალაქის იერსახის შენარჩუნების საკითხი. 2000 წელს, როდესაც ქალაქ თბილისის მერიამ, შადრევანის მოსაწყობად, თავისუფლების მოედნის რეკონსტრუქცია წამოიწყო, გათხრებისას, ჯ. სკუდიერისეული `ტფილისის თეატრის” საძირკველი აღმოაჩინა.

`ტფილისის თეატრის” განადგურების შემდეგ, მთავრობის მთავარ საზრუნავად თეატრისათვის ახალი შენობის აგების საკითხი იქცა. მეფისნაცვლის განკარგულებით გოლოვინის პროსპექტზე თბილისელი მოქალაქეების ივანე ჩათახოვის, ივანე ემინოვის და ჩინოვნიკ ნიკოლოზ ზუბალოვის კუთვნილი მიწის ნაკვეთი შეირჩა და გამოისყიდა. ხოლო 1850 წელს ვორონცოვის მიერ შექმნილმა თბილისის თეატრის მომწყობმა კომისიამ ახალი შენობის ასაგებად კონკურსი გამოაცხადა. წარმოდგენილი ოთხი პროექტიდან არქიტექტორ-აკადემიკოს ვ. ა. შრეტერის მიერ შედგენილი პროექტი მოიწონეს. მშენებლობა 1887 წელს დასრულდა, მას სახაზინო თეატრი ეწოდა, სადაც იტალიური ოპერა და ბალეტი განთავსდა.

იქ, სადაც დღეს გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის შენობაა, 1847 წელს `ამიერკავკასიის სასაქონლო დეპოს” შენობა აიგო. აქვე მდებარეობდა ქართული სათავადაზნაურო ბანკი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. Aაქ განთავსებული ქარვასლის მეპატრონე თბილისელი მოქალაქე გრ. არწრუნი გახლდათ. პროფესიული ქართული დასის მსახიობებმა სწორედ არწრუნს მიმართეს თხოვნით და შენობის თეატრად გადაკეთებულ დარბაზში ბინა დაიდეს. თეატრს `სათავადაზნაურო ბანკის თეატრი” ეწოდა, მაგრამ ხალხის ხსოვნაში `არწრუნის თეატრად” დარჩა. ქართული Qდრამის შენობა ჯერ კიდევ 1897 წელს ნაწილობრივ, ხოლო 1914 წელს Mმთლიანად დაიწვა.

ახალი სათეატრო შენობის ასაგებად კი არქიტექტორების ალექსანდრე შიმკევიჩისა და კორნელი ტატიშჩევის პროექტი შეირჩა. დასაწყისში პროექტზე ორივე არქიტექტორი მუშაობდა, თუმცა სამუშაო ა. შიმკევიჩმა დაასრულა.

დასაფინანსებლად საჭირო თანხა თეატრალური ხელოვნების დიდად მოყვარული პიტოევების (ფითოევების) ოჯახის სავაჭრო სახლმა გაიღო. ქალაქის ხელისუფლებამ გენერალ-მაიორ ნ. რეიტერისა და მისი ძმისაგან მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთი გამოისყიდა და 1898 წელს მშენებლობა კიდეც დაიწყო.

შენობის ფასადისა და შიდა სამუშაოების შესასრულებლად საგანგებოდ მოიწვიეს საუკეთესო იტალიელი და ბერძენი ოსტატები. მთელი ავეჯი, ბროლის სარკეები, ხალიჩები, ჭაღები, სანათურები ასევე საგანგებო შეკვეთით ევროპაში დაამზადებინეს. თვალისმომჭრელი იყო ჭაღების, ბრებისა და მრავალფეროვანი ელექტროგასანათებელი მოწყობილობების სიუხვე და სილამაზე. `შუკერტის~ ფირმამ, რომელსაც თეატრის განათებით მოწყობა დაევალა, არა მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით ჩინებულად გაართვა თავი ამ საქმეს, არამედ შესაშურად დახვეწილი გემოვნება აღმოიჩინა და თავისი არჩევანი საერთო სტილის მდიდრულ გარემოცვას შეუსაბამა.

პროექტის მიხედვით, შენობა ქუჩიდან სამსართულიანი იყო. პირველ სართულზე _ მაღაზიები იყო, მეორე და მესამე სართულზე _ `არტისტული საზოგადოება”. შენობას, 900 მაყურებლისათვის გათვალისწინებულ თეატრალურ დარბაზთან ერთად, საკონცერტო დარბაზიც ჰქონდა. Eევროპიდანვე ჩამოიტანეს სცენის ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობა; `ტფილისის თეატრისაგან” განსხვავებით, კარგად იყო მოგვარებული ვენტილაციის მოწყობილობა, დიდი ყურადღება მიექცა სცენას. გაკეთდა მოხერხებული მისადგომი ფაეტონებისათვის, რისთვისაც გაფართოვდა ტროტუარი და შენობას ქვის ბოძებზე მდგარი ღია ვერანდა მიუშენდა. სარდაფში რესტორანი `ანონა” განთავსდა.

`1901 წლის 6 თებერვალს, ნაშუადღევის 2 საათზე, გოლოვინის პროსპექტზე, საზეიმოდ აკურთხეს ტფილისის `არტისტული საზოგადოების” ახლად აგებული, დიდი შენობა”, იუწყებოდა გაზეთი `ივერია”. ხოლო გაზეთი `კავკაზი~ წერდა: `დღეს თვალნათლივ შეგვიძლია დავინახოთ, რომ გაგვაჩნია იმგვარი სიდიდის კერძო კაპიტალი და კერძო ინიციატივა, რომელიც უმაღლეს საზოგადოებრივ იდეალებს, ცივილიზაციის საქმეს შეიძლება ემსახუროს…~

`არტისტული საზოგადოების თეატრის” შენობა დღემდე ყველაზე უკეთეს სათეატრო შენობად რჩება თბილისში.~ წერს აკადემიკოსი ვ. ბერიძე. `სცენა, საპირფარეშოები, ვესტიბული, ქვემო ფოიეები, I სართულისა და სარდაფის სადგომები მას შემდეგ გადაკეთდა, მაგრამ ძველებურადაა დარჩენილი იარუსებზე ასასვლელი მარმარილოს ფართო კიბეები, საკონცერტო დარბაზი მიმდებარე ფოიეებით, ოვალურად მოხაზული სამიარუსიანი მთავარი დარბაზი _ ძალიან სასიამოვნო პროპორციისა, ერთსა და იმავე დროს საზეიმოცა და ინტიმურიც. Uუცვლელად დარჩა ფასადიც (თუ არ ჩავთვლით I სართულის ვიტრინების მიერ განცდილ კერძო ცვლილებებს). შენობა განცალკევებით არ დგას, იგი მთელი თავისი მოცულობით კი არ აღიქმება, არამედ ბრტყელი ფასადით, რომელიც ქუჩის საერთო განაშენიანებაშია `ჩაყენებული”. თუმცა მის გვერდით თითქმის იმავე სიმაღლის სხვა შენობებია, თეატრი მაინც გამოიყოფა მსხვილმასშტაბოვანი დანაწევრების გამო: მას გამოჰყოფს მაღალი, მანსარდისებრი, მრგვალსამერცხულებიანი სახურავი, რომელიც თითქოს ზრდის და ამაღლებს მთელ შენობას (ეს მოტივი აქა-იქ უკვე იხმარებოდა თბილისში), გამოჰყოფს შესასვლელის წინ მიდგმული მეორე სართულის ტერასა, რომელიც ტროტუარის მთელ სიგანეზეა გადამჯდარი, მეორე სართულისვე ძალიან მაღალი, მთლიანმინიანი სარკმლები, ზემო სართულის მრგვალი სარკმლების მწკრივი, ორდერის პილასტრები შუა და განაპირა რიზალიტებზე. ყველა ეს ელემენტი მკაფიოდ განასხვავებს შენობას საცხოვრებელ სახლთა წვრილად დაცხრილულ ფასადებისაგან.

თეთრი თლილი ქვით შემოსილი ფასადი უხვადაა მორთული. Aამჯერად ავტორები შენობის სამოსელისათვის როკოკოს მოტივებს მიმართავენ: ასეთი მოტივებია ორ-ორი ვოლუტით შემოხაზული, შუაში გახსნილი ფრონტონები, სარკმლების თაღებზე პირამიდისებრ დახვავებული აქოჩრილი ნაძერწი სამკაულები, ნიჟარისებრი ფორმები იმავე სარკმლების მორთულობასა და ნიშების კონქებში და სხვ… რა თქმა უნდა, როკოკოსთან კავშირი მხოლოდ ამ დეკორით განისაზღვრება. I სართული, რომელიც იმთავითვე მაღაზიების ვიტრინებისათვის იყო განკუთვნილი, თავისუფალია სამკაულთაგან და ყოველგვარი `სტილისაგან”. შიგნით, სათეატრო დარბაზის დამუშავებაში, როკოკოს დამახასიათებელი, ტალღის შხეფების მსგავსი და ნიჟარისებრი მოოქროვილი ორნამენტი, პატარა ამურების ნაძერწ ფიგურებთან და ნახატ სამკაულებთან ერთად, ქმნის პლაფონის, პორტალისა და ლოჟების ტრადიციულ სახეს, კარგად ცნობილს მრავალი ევროპული თეატრის მიხედვით. ასე თუ ისე, მას დეკორის ხასიათით, საკონცერტო დარბაზიც ენათესავება.

Mმაგრამ თეატრის სხვა სადგომები უკვე სცილდება `როკოკოს” მიბაძვის ფარგლებს. თუკი ფასადზეც შეუძლებელი იყო ამა თუ იმ სტილის იმიტაციისას, სრული თანამიმდევრობისა და ერთიანობის დაცვა, ცხადია, მით უფრო ნაკლებ მოსალოდნელია ასეთი ერთიანობა შიგნით, სადაც გასაფორმებელი მრავალი დიდი და მცირე სადგომი ჰქონდათ. იმ დროს ხშირად თავი მოჰქონდათ იმით, რომ სხვადასხვა დარბაზები სხვადასხვა, ზოგჯერ დიამეტრიულად საწინააღმდეგო `სტილისა” იყო.

Aამ მხრივ საინტერესოა `არტისტული საზოგადოების შენობის“ აღწერა, რომელიც გ. `კავკაზში” თეატრის გახსნის დღეს, 1901 წლის 8 თებერვალს დაიბეჭდა: `თეატრის მაყურებელთა დარბაზი შედგება პარტერისაგან, ბენუარის ლოჟების, ბელ-ეტაჟის, აივნისა და ზედა გალერეისაგან და 810 ადამიანს იტევს. მორთულია როკოკოს სტილში და დახვეწილობისა და მოხერხებულობის მწვერვალად შეიძლება მივიჩნიოთ… უზარმაზარი საკონცერტო დარბაზი _ ლუდოვიკო XV სტილში, გოლოვინის პროსპექტზე გამავალი სარკისებური ფანჯრებით… თუკი პროსპექტისაკენ პირით დავდგებით, მაშინ საკონცერტო დარბაზისაგან მარჯვნივ, მცირე დარბაზია, დირექტორიას ეპოქის სტილში, მას შემდეგ მშვენიერი სასტუმრო _ მოდერნე, მარცხნივ _ მომცრო დარბაზი გერმანული რენესანსის და ქალთა სასტუმრო ოთახი _ დეკადენტურ სტილში. მორთულობის გემოვნებისა და დახვეწილობის მხრივ, Aარ იცი ამ ოთახებიდან რომელს მიანიჭო უპირატესობა. თუკი საკონცერტო დარბაზიდან კვლავ ფოიეში გახვალთ, მარცხნივ მშვენიერი რენესანსული სასადილო დაგხვდებათ კედლებზე მთლიანი სარკეებით… სასადილოს იქეთ კი, ახლებურ სტილში ძალზე ორიგინალურად მოკაზმული, პატარა ბუფეტია. ზედა სართულში, საკლუბო აპარტამენტთა შორის, აღმოსავლური გემოვნებით მოწყობილი სასატუმრო ოთახია.”
Aამ წერილის ავტორს, ცხადია, აზრადაც არ მოსვლია, რომ თავისი დროის დიდად მჭერმეტყველურ დოკუმენტს ჰქმნიდა: აქ იმდენად მნიშვნელოვანია არა ცალკეულ სტილთა განსაზღვრა _ ეს კლასიფიკაციები მხოლოდ პირობით შეიძლება მივიღოთ: არსებითი ისაა, რომ ეს სტილისტიკური სიჭრელე დიდ მონაპოვრადაა მიჩნეული და აღტაცებას იწვევს.”

გ. `კავკაზი” კი, 1901 წლის 8 თებერვალს თეატრის საზეიმო გახსნასთან დაკავშირებით წერს: `ახალი თეატრის საზოგადო მნიშვნელობის გარდა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შენობასაც. ეს გამორჩეული და ჩვენი ქალაქისათვის ერთგვარად მოულოდნელი მორთულობაცაა… ხელოვნების ტაძრად განკუთვნილი შენობა საზოგადოების გაერთიანების არენასაც წარმოადგენს… კიბეები და ფოიე `მოდერნის” სტილში ბრწყინავს… პირველი შეხედვისთანავე გაოცებს მრავალრიცხოვანი ჭაღების, ბრებისა და სხვა ელექტროგასანათებელი საშუალებების არაჩვეულებრივი დახვეწილობა და სხვადასხვაგვარობა… საღებავთა წყნარი ტონები თვალისათვის ფრიად სასიამოვნოა. საერთო სტილს ლოჟების ოქროსფერი გადასაკრავი კარგად ეხამება. არაფერია მყვირალა და ფერთა სრული ჰარმონიის დამრღვევი. როცა ამ თეატრში შედიხარ, სული ნათდება და ხარობს… გარშემო ყველგან სივრცე და სიმყუდროვე იგრძნობა. მთელს თეატრში არ არის არც ერთი ადგილი, საიდანაც სცენა კარგად არ ჩანდეს. ამ მხრივ, როგორც პირველი რიგის სავარძელი, ისე ზემოთა იარუსის ბოლო სკამი, სავსებით ერთნაირია. არაჩვეულებრივად წარმატებულია მაყურებელთა დარბაზის კომბინაცია. იგი მსუბუქად გაფართოებული ნალის ფორმისაა. ეს ფორმა განსაკუთრებულ დამსახურებად უნდა ჩავუთვალოთ მშენებლებს, იგი სრულყოფილია ჩანაფიქრითაც და შესრულებითაც… მრავალი ღირსებისა და კომფორტულობის (პარტერის სავარძლებზე, მაგალითად, მოწყობილობაა ქუდებისა და ჭოგრიტებისათვის) პარალელურად, ახალი თეატრის დამთვალიერებლებს შეუძლიათ თავი სრულებით უსაფრთხოდ იგრძნონ. თეატრში იმდენი ფართო და თავისუფალი გასასვლელებია (მაგალითად, პარტერიდან ექვსი მუდმივად გახსნილი გასასვლელია), რომ საცდელი განგაშის დროს Mმთელი დარბაზი წუთნახევარში დაიცალა. ყველა კუთხეში ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობაა. მარტო სცენაზე ექვსი სახანძრო ონკანია, რომელსაც მთელი სცენის დატბორვა შეუძლია… სცენის იატაკი მბრუნავია. მაშინ, როცა მაყურებელი სპექტაკლს უყურებს, მეორე მხრიდან, შეიძლება დეკორაციების გამართვა მომდევნო მოქმედებისათვის. საკმარისია შემოაბრუნოთ იატაკი, რომ მოხდება დეკორაციების ცვლა ყოველგვარი ანტრაქტების გარეშე. Mმე აღარ შევეხები წმინდა ტექნიკურ საკულისო მოწყობილობას, როგორიცაა, მაგალითად, სპეციალური კარი სადეკორაციო ნაწილიდან სცენაზე, საიდანაც მზა დეკორაცია სცენაზე იდგმება, შემდეგ კი საგანგებო ლუკით სცენის ქვეშ გამართულ საწყობში ჩადის. სცენა ნათდება 1200 ელექტრონათურით, გარდა სპეციალური ნათურებისა, რომლებიც განათების ეფექტისათვისაა. კულისებს მიღმა ფართო ფოიეა მსახიობებისთვის, ასევე სარეჟისორო, ბუტაფორიის, სარეკვიზიტო და სხვა ოთახები… შენობის ორივე მხარეს განლაგებულია სათადარიგო კიბეები, რომელსაც დროთა განმავლობაში ასასვლელი მანქანა შეცვლის… საკუთრივ კლუბში არის ვრცელი სამკითხველო დარბაზი, აღმოსავლური სტილის სასტუმრო ოთახი, დიდი სასადილო, საბილიარდო, ჭადრაკის, ნარდის და სხვა გასართობი ოთახები…”
II სართულზე ორ საგანგებო ოთახში ბანქოს მოყვარულნი იკრიბებოდნენ, რომელთაც დიდი ფანჯრებით საკონცერტო დარბაზში ყურებაც შეეძლოთ და ეჭვიანი ქმრები შესანიშნავად ახერხებდნენ ბანქოს თამაშსაც და ცალი თვალით მოცეკვავე მეუღლეების თვალის დევნებას.

სამი უძლიერესი ორთქლის მანქანის გარდა, თეატრში მოქმედებდა აკუმულატორი, რომლის მეშვეობითაც ოთხი ათასი ნათურა მთელი საათის განმავლობაში ანათებდა. სპეციალური წყლის საწმენდი ავზით იფილტრებოდა და იცვლებოდა წყალი, რათა ორთქლის მანქანებში ნადები არ გაჩენილიყო; უზარმაზარ სამზარეულოს რამდენიმე განყოფილება ჰქონდა: ტკბილეულის, ჩაის, პროდუქტების, საყინულე და სხვ. რომლებიც კულინარული ტექნიკის ბოლო სიტყვით იყო აღჭურვილი.

მბრუნავი სცენის ისტორია ამ დროისათვის სულ რამდენიმე წელს ითვლიდა. იგი ცნობილმა თეატრალურმა მექანიკოსმა კარლ ლაუტენშლეგერმა გამოიგონა და პირველად 1896 წელს მიუნჰენის რეზიდენც-თეატრში გამოიყენა. რუსეთში მცირე თეატრის გარდა მბრუნავი სცენა სამხატვრო თეატრშიც იყო. სულ რაღაც ორ წელიწადში კი მას `არტისტული საზოგადოების” თეატრის დაპროექტებისას მიმართავენ. Aასე რომ, იმდროინდელ ევროპულსა თუ რუსეთის სათეატრო ტექნოლოგიაში ცნობილი სიახლეები თამამადაა განხორციელებული რუსთაველის თეატრის მშენებლობაში.

ნაგებობის თავისებურებას ისიც შეადგენდა, რომ თავდაპირველად შენობა მრავალფუნქციური იყო, მას მხოლოდ თეატრის დანიშნულება არ ჰქონდა და არსებითად, თეატრალური საზოგადოების საკლუბო შენობას წარმოადგენდა. საკონცერტო დარბაზის სწორკუთხოვანი, დღეს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზად გარდაქმნილი სივრცე, `არტისტული საზოგადოების” შენობის საერთო არქიტექტურულ-მხატვრული დაგეგმარების განუყოფელ ნაწილს შეადგენდა. იგი მეორე სართულზე, მთავარი ფოიეს თავზე იყო განლაგებული და ფართო თაღისებრი სარკმლებით უშუალოდ გამოდიოდა გოლოვინის პროსპექტის მხარეს. საკონცერტო დარბაზში იყო მცირე მოცულობის საესტრადო სცენა, თავად დარბაზის სწორკუთხა სივრცეში ერთმანეთის უკან სიმეტრიულად განლაგებული სკამების მთლიანი რიგები 500-მდე მაყურებელს იტევდა.

თეატრის მშენებლობა და მოწყობა ფითოევების ოჯახს მილიონნახევარი ოქროს მანეთი დაუჯდა (შედარებისათვის, სახაზინო თეატრი 750 ათასი დაჯდა).

იმავე წლის 5 მარტს, ამ შენობაში, ქართულმა დასმა _ ავქსენტი ცაგარლის `ხანუმა”, ხოლო რუსულმა დასმა _ ა. ჰარტმანის `ჯერჯერობით”, წარმოადგინა.

ქართული და რუსული დასები იმთავითვე დამკვიდრდნენ `საარტისტო საზოგადოების შენობაში”, სპექტაკლებს ასევე მართავდნენ თბილისში მოღვაწე სომხური და აზერბაიჯანული დასები. მათი მრავალფეროვანი რეპერტუარი გარანტია იყო თეატრის საკმაოდ კარგი შემოსავლისა. თუმცა, შემორჩენილი პროგრამები ცხადყოფს, რომ აქ უმეტესად რუსული თეატრის `ტარტოს” სპექტაკლები იმართებოდა. რუსები თამაშობდნენ კვირაში _ სამჯერ, ქართველები _ ორჯერ, სომხები და აზერბაიჯანლები _ თითო-თითოჯერ. როდესაც 1914 წელს ქართველმა მსახიობებმა წერილით მიმართეს კ. მარჯანიშვილს და საქართველოში დაბრუნება სთხოვეს, მან სხვადასხვა მოთხოვნასთან ერთად, შენობის საკითხიც დააყენა.

1920 წლის მაისში მსახიობთა პროფესიული კავშირის მეოთხე ყრილობაზე მწვავედ დაისვა თეატრის შენობისა და დასის დაფინანსების საკითხი. მთავრობისადმი გასაგზავნი წერილის ტექსტი შეიმუშავეს და დელეგაცია შეადგინეს. ორი თვის შემდეგ საქართველოს სოც. ფედერალისტების რევოლუციური პარტიის ორგანოში `სახალხო საქმე” ცნობა დაიბეჭდა _ `ივლისის 27-ს სხდომაზე მთავრობამ, თანახმად სახალხო განათლების მინისტრის მოხსენებისა, დაადგინა: ქართული დრამის მოსაწყობად გადაეცეს სამინისტროს იუზბაშევის სახლის ყველა დარბაზი და მეორე სართული.

თეატრებს შორის დღეები ასე განაწილდა: სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და კვირა საღამო _ ქართულ დრამას, ორშაბათი, პარასკევი და კვირა დილა _ რუსულ თეატრს, ოთხშაბათი _ სომხურ თეატრს.

ქართულ დრამას სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭა. ქართულ დასში ყველა თაობის მსახიობი გაერთიანდა, დაენიშნათ ჯამაგირი, მოხუც მსახიობებს კი _ პენსია. თეატრის სათავეში აკაკი ფაღავა დაინიშნა.

1921 წლის 25 ნოემბერს საქართველოს რევკომის დადგენილებით თბილისში არსებულ არტისტული საზოგადოების თეატრს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა და სათავეში კოტე მარჯანიშვილი ჩაუდგა. რეჟისორის პირველი მოთხოვნა იყო, რომ თეატრში მხოლოდ ქართული წარმოდგენები გამართულიყო.

`_ ქართულ თეატრში უნდა იქნეს გამოყენებული ქართული ოპერა, აკადემიური გუნდი, ყველაფერი ქართული…” Aამ იდეით დაიწყო მან მოღვაწეობა რუსთაველის თეატრში. `_ ჩვენ ხომ ქართველები ვართ, ამიტომ თქვენს სულში, თქვენს ქცევებში, ხალხის წიაღში ეძებეთ სცენური ფორმები…” ამბობდა იგი.

` _ მე მინდა გვერდში მედგას ახალგაზრდა რეჟისორი ახმეტელი!..” ეს სიტყვებიც კოტე მარჯანიშვილს ეკუთვნის, რომელიც გატაცებით შეუდგა `ვეფხისტყაოსანზე” მუშაობას. მართალია, რუსთაველის გენიალური ქმნილება ქართული თეატრის სცენაზე მაშინ არ დაიდგა, მაგრამ შემდეგ და შემდეგ ქართული თეატრის სახელი და დიდება შორს გავარდა ქვეყანაზე.

`საარტისტო საზოგადოების შენობის ისტორიაში” არც თუ უკანასკნელი ადგილი ეკავა რესტორან `ანონას”, რომლის მესაკუთრეც ვინმე ი. ტ. ბონდარენკო გახლდათ. ასეა მოხსენებული 1913 წლის თბილისის გზამკვლევში. რესტორანი 1905 წელს, უპოვართათვის საქველმოქმედო სასადილოდ, მისი საიმპერატორო დიდებულების, ელისაბედ მავრის ასულის ლოცვა-კურთხევით გახსნილა. 1911 წლის გ. `ზაკავკაზიე~ ერთგვარ რეკლამას უკეთებს პირველხარისხოვან რესტორან `ანონას~ და წერს, რომ აქ `ყოველდღე 2 საათიდან საღამოს 6 საათამდე და საღამოს 11 საათიდან ღამის 2 საათამდე უკრავს ახლადმოწვეული იტალიური სიმებიანი ორკესტრი სიმღერით, მომღერალ ქალბატონ საკოსთან, მარიასთან და ბარიტონ ჯელაროსთან ერთად. საუზმე 11 საათიდან დღის 1 საათამდე _ 80 კაპ. სადილი 1 საათიდან საღამოს 6 საათამდე ორი კერძით _ 60 კაპ. სამი კერძით _ 90 კაპ. ოთხი კერძით _ 1 მან. 20 კაპ. სამზარეულო ევროპული და აზიური, ბილიარდით და ცალკე კაბინეტებით. სიცხეს მხოლოდ `ანონაში~ დააღწევთ თავს!~ ასე მრავლისმეტყველად სრულდება სარეკლამო განცხადება.

1919 წლის 16 ივნისს სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის შენობაში, მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობამ სხვადასხვა საკითხებთან ერთად რესტორან `ანონაში” მხატვრული კლუბის გახსნის საკითხიც განიხილა. იმავე წელს ქართველ მწერალთა კავშირმა ქალაქის გამგეობისაგან ეს რესტორანი შეიძინა და იქ კაფე-რესტორანი-კლუბი სახელად `ქიმერიონი” მოაწყო. მწერალთა კავშირის საბჭოს ათი სხდომა მოუნდომებია, რათა კაფესათვის სახელი დაერქმიათ. უამრავი წინადადება იყო, მათ შორის, `ქიმერეთი~ _ პაოლო იაშვილის, `ქიმერია _ ტიციან ტაბიძის. გაიმარჯვა წინადადებამ _ `ქიმერიონი~ _ სიტყვა აღებულია ვ. გაფრინდაშვილის ლექსიდან. იდეა გრიგოლ რობაქიძეს ეკუთვნოდა. პაოლო იაშვილმა და ტიციან ტაბიძემ მიმართეს ს. სუდეიკინს დაეხატა დეკორაცია `ქიმერიონისა~.

`…პეტერბურგი, ომი, რევოლუციამდელი არმია, შემდეგ ყირიმი და ავადმყოფობა. ასეთია ჩემი გზა ტფილისამდე…” წერდა ცნობილი რუსი მხატვარი, რუსეთის საიმპერატორო თეატრისა და დიაგილევის პარიზის რუსული სეზონების მთავარი დეკორატორი ს. სუდეიკინი თავის წერილში `შთაბეჭდილებები ქართველ მხატვართა გამოფენაზე”. 1919 წლის გაზაფხულზე მან ბ. ფოგელთან, ე. ლანსერესთან, ი. შარლემანთან და ა. ზალცმანთან ერთად მონაწილეობა მიიღო გამოფენაში `მცირე წრე”, ესწრებოდა ოპერისა და ბალეტის სპექტაკლებს, მოხატა თუმანიშვილების სახლის კედლები, ხშირად სტუმრობდა აქაურ კაბარეებსა და რესტორნებს _ `ფარშევანგის კუდსა~ და `არგონავტების ნავს~, შექმნა უამრავი ფერწერული ტილო და გრაფიკული ფურცელი და რაც მთავარია, მას ეკუთვნის `ქიმერიონის” კედლის მხატვრობის გააზრება და ძირითადი შესრულებული სამუშაო. ტ. ტაბიძის თქმით, სუდეიკინისათვის საქართველო იყო `ნიკო ფიროსმანი, გენია აუხდენელი და საქართველოს გამამართლებელი, პური და ღვინო… ქეიფი და სიხარული…”

მხატვარი, რომელიც მეიერხოლდთან, თაიროვთან, კომისარჟევსკაიასთან მუშაობდა, ამბობდა `თბილისის ყველა ქუჩის მოხატვა რომ დამჭირდეს, ამას დიდი სიხარულით გავაკეთებო”… მანვე მოიყვანა თეატრში ზ. ვალიშევსკი და კ. ზდანევიჩი. მხატვართა ჯგუფში შედიოდნენ ლ. გუდიაშვილი, დ. კაკაბაძე (დარბაზის გვერდითა სათავსოები ცოტა მოგვიანებით, 20-იან წლებში მ. და ი. თოიძეებს მოუახატავთ). `თეატრის მხატვარმა ა. ზალცმანმა მათ ორი მღებავი დაახმარა, რომელთაც ლ. გუდიაშვილმა მალარმე შეარქვა და `ქიმერიონის” დარბაზში ორი კიბე აღიმართა _ სუდეიკინისა და გუდიაშვილის. კაფეში ჩასასვლელის მარცხენა მხარე სუდეიკინმა მოხატა. მისი ნახატების თემა იყო _ `ქართველი პოეტები’’.Mრომაელი კეისრის მოსასხამში დგას პოეტი, ხოლო მის წინ _ ქალები, სუდეიკინის მეუღლე, როგორც მადონა თეთრ ტანსაცმელში, ნინა მაყაშვილი _ კოლომბინას კოსტუმში. მის გვერდით პაოლო იაშვილი ესპანური ქუდით, წამოსასხამითა და ცისფერი ყანწით ხელში, თავსშემოხვეული მტრედებით ცისფერ ფონზე, რაც მის გულკეთილობას აღნიშნავდა… აქვე იყო ავტოპორტრეტი ხელში სარკით, რომელშიც იყურება როგორც ამური და როგორც მადონა დგას ვერა არტუროვნა, სუდეიკინის ცოლი. ეს არის ახალი მისტერია. ხეზე, რომელიც აღნიშნავს ხეს ცნობადისას, მიყრდნობილია ტ. ტაბიძე პიეროს წამოსასხამში. ქვევით ტრაღიკული ბალაგანი _ არღანი, თუთიყუში, ნიღბით და იქვე ქართველი მხატვრები ლ. გუდიაშვილი, ი. ნიკოლაძე და დ. კაკაბაძე…

`ქიმერიონში” ჩასასვლელის მარჯვენა მხარეზე ლ. გუდიაშვილმა დახატა `სტეპკოს დუქანი” და `დარაჯი მელა”. დარბაზის შიდა კედლები დ. კაკაბაძემ დაამშვენა. მთავარი შესასვლელის მოპირდაპირე კედელზე ქართული ქალაქური ცხოვრების დამახასიათებელი სცენა _ ეროვნულ ქართულ სამოსში გამოწყობილი ქართული ოჯახი აივანზე, ასევე Mმეორე კედლის ქართული სინამდვილიდან აღებული სცენა _ მუსიკალური ტრიო-მედუდუკენი და მედოლე, ქალიშვილი შველთან, კომპოზიციის ფონი _ სტილიზებული ყვავილები და ჩიტების გამოსახულებები, ყვავილებით, ფრინველებით, ნიღბებითა და ქიმერებით მოხატული დაბალი ჯვარედინი თაღები და ბოძები ს. სუდეიკინის ხელწერაზე მეტყველებს. მედალიონებში ჩასმული პორტრეტები, ნატურმორტები და პეიზაჟი კი, ლ. გუდიაშვილის მოგონებით ზ. ვალიშევსკის ეკუთვნის.

ფოიესა და გარდერობის დამაკავშირებელი კედლის მარჯვენა ქვედა ნახევარი დ. კაკაბაძის კომპოზიციას `შემოქმედი და მუზა” ეთმობოდა. ტემპერაში შესრულებული დიდი ზომის ჰორიზონტალურად საგრძნობლად წაგრძელებული კომპოზიციის ზედა ნახევარი პლაფონის კამარის შესაბამისად ნახევრადოვალური მოხაზულობისაა. იგი მუქი Yყავისფერი ფართო ზოლით ყოფილა მოჩარჩოებული. ცენტრში ბროწეულის დაბალი, მარჯვნივ გადახრილი ხეა ღია წითელი ფერის, მონარინჯისფრო ნაყოფებით. მათი ერთი ნაწილი გახლეჩილია. ხის ძირში მამაკაცისა და ქალის ორი ერთმანეთისაკენ მკვეთრად გადახრილი და ხელგაწვდილი ფიგურა ჩამომჯდარა. პირობითად მას `შემოქმედსა და მუზას” უწოდებენ. თვითონ ბროწეული კი, მხატვრის ერთ-ერთი საყვარელი მოტივია.

1919 წლის 27 დეკემბერს `ქიმერიონში” მეგობრულ წრეში გაიმართა ქართველ მწერალთა პირველი საღამო, ხოლო 28-ში საზეიმოდ გაიხსნა. გაიმართა დიდი ბანკეტი, რომელსაც უცხოელებიც ესწრებოდნენ. აქ ეწყობოდა ლიტერატურული შეხვედრები, განხილვები; საესტრადო სცენაზე გამოდიოდნენ იმ დროს ცნობილი მოცეკვავეები და მომღერლები. კაფე ძალიან ეგზოტიკური ყოფილა, შადრევნების ირგვლივ შვლები დასეირნობდნენ და ზოგჯერ სუფრაზე მწვანილსაც დასწვდებოდნენ ხოლმე. შემოსავლით უკიდურესად გაჭირვებულ მწერლებს ეხმარებოდნენ. როგორც ლ. გუდიაშვილი იგონებს, ყველა იმ სატკივარს შორის, რომლებიც კი ოდესმე მას ჰქონია, ერთ-ერთი ისიც იყო, რომ სულის ეს შესანიშნავი ძეგლი ყოვლად უაზროდ გაქრა და დაიკარგა.

იქაურ საღამოებს პაოლო იაშვილი დირიჟორობდა, ლექსებს ამბობდნენ გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, შალვა ამირეჯიბი, ლელი ჯაფარიძე; `ქიმერიონში” ითხზვებოდა ექსპრომტები, აქ ლექსი უთქვამთ კონსტანინ ბალმონტს, სერგეი გოროდეცკის, ილია ზდანევიჩს. ეწყობოდა მხატვართა გამოფენები და აუქციონები. ქეიფით ხომ ქეიფობდნენ და ქეიფობდნენ. როდესაც ს. ესენინს თბილისში დაწერილი ლექსი `კავკასიაში” წაუკითხავს, იქ მყოფ საზოგადოებას, რომელთა შორის იყვნენ კ. მარჯანიშვილი, პ. იაშვილი, ვ. გაფრინდაშვილი, ტ. ტაბიძე, შ. დადიანი, ნ. შენგელაია და სხვანი, ოვაციები მოუწყია. ხოლო, როცა კითხვა ხელმეორედ დაუწყია, ხალხი ფეხზე ამდგარი უსმენდა მას.

გ. რობაქიძე ასე აღწერს მაშინდელ თბილისს: `ტფილისი უცნაური ქალაქია, ხოლო 1919-20 წლებში კიდევ უფრო აუცნაურდა. Gგამორეკილი თუ გამოქცეული რუსები თავს აქ აფარებდნენ. სცენიდან გაისმოდა კოჩალოვის ხმა… ტფილისშივე იყო ხოდოტოვი, სცენიდან მისი ხმაც ისმოდა. კომპოზიტორი ჩერეპნინი კაფეში შედიოდა მთვრალი და ნაღვლობდა რუსეთზე. მხატვარი სუდეიკინი რესტორანს ხატავდა, რომელსაც ქართველმა პოეტებმა `ქიმერიონი~ დაარქვეს _ სუდეიკინმა მართლაც აავსო რესტორანი ქიმერებით. მხატვარ საველი სორინს ყელმოღერებულ თავადის ასულების პროფილები ტილოზე გადმოჰქონდა ლამაზი, მეტად ლამაზი ხაზებით… ვინ არ იყო მაშინ ტფილისში? ფუტურისტებმაც აქ გადადგეს ნაბიჯი დადაიზმისკენ. მათ შექმნეს ორგანო `41 გრადუსი~. ტფილისშივე იყო ილია ზდანევიჩი, დიდებული იყო, როცა კაფეებში თავის `სმერტ გაპპოს~-ს კითხულობდა… ვასილი კამენსკიც ეწვია მაშინ ტფილისს…~
აქ იყო გიორგი გურჯიევი, კარლ რობერტსი, ტომას გარტმანი, იყვნენ სხვებიც… უმშვენიერესი ქალები _ სალომე ანდრონიკაშვილი, მელიტა ჩოლოყაშვილი, მერი შერვაშიძე, ელისო დადიანი _ პოეტებისა და მხატვართა მუზები და `…ტფილისი გახდა პოეტების ქალაქი. კაფე `ინტერნაციონალში~ კიდეც გამოაცხადეს პოეტების ქალაქად. კიდევ მეტი: გაიძახოდნენ _ პოეზია მარტო ტფილისშიაო… ქვეყანა მართლაც იქცეოდა და მხოლოდ ტფილისი იყო ერთად ერთი ქალაქი, რომელიც ასეთ `ქცევას~ პოეტური მღერით ხვდებოდა. ასეთი იყო ტფილისის ფანტასტიკა~.

Aასე იქცა ტფილისური სარდაფი `პარიზულ კაფედ~, სადაც ქართველი და რუსი პოეტები დუდუკისა და არღნის ტკბილ ჰანგებს პოეტურ სტროფებსა და მგზნებარე შეძახილებს უერთებდნენ.
აქ პოეზია Notre Dame იყო!..

`ქიმერიონი!~ _ მართლაც მიზანშეწონილია ეს სახელი. მობრძანდით, დარწმუნდებით. ყოველი წერტილი რესტორნის შესასვლელისა თუ ჭერ-კედლების, ახალი მხატვრობით არის მოფენილი. მე არ ვკითხულობ, ვის კალამს ეკუთვნის თითოეული ხაზი ამ მოხატულობათა, ეს კია, რომ მხატვრებს ჯადოსნური ფანტაზია გადაუტყორცნიათ დროსა და სივრცის მიმოხლართულ უფსკრულებისკენ…

აგერ მე ისევ შესასვლელში ვარ. ვუმზერ და ვტკბები. ვტკბები და ვიკარგები. ფერადთა უცნაური ორკესტრაცია. Aაი კედლებიც, აქ ყოველისფერია, ყოველისფერი. აი ეს თაღები, ეს ხავერდოვანი ფერადები ამ კედლების. მოსთვალეთ თუ შეგიძლიათ…~ წერდა დავით კასრაძე.

`ალბათ მთელს ქვეყანაზე არ არის კაფე, რომელიც იტევდეს იმდენ შთაგონებას და შემოქმედებას, როგორც `ქიმერიონი~… წერდა ტიციან ტაბიძე.

გიორგი ლეონიძეს აქ ქორწილიც გადაუხდია. `მთელი ღამე ლექსების კითხვა ისმოდა, სუფრა სანოვაგით ვერ ბრწყინავდა, მაგრამ ყველა ბედნიერად გრძნობდა თავს, ეფიცებოდნენ ერთმანეთს ძმობას და ასე გრძელდებოდა დილამდე~ _ იხსენებს ლადო გუდიაშვილი.

კაფე იხატებოდა 1919 წელს. იმ ატმოსფეროს ნინა მაყაშვილი ასე აღწერს: `კაფეში ღამ-ღამობით დავიარებოდით, მხატვრები კიბეებზე ისხდნენ, ჩვენ ქვევით ველოდებოდით. სასმელ-საჭმელი მიგვქონდა ხოლმე. სუდეიკინი აღფრთოვანებით გვიყვებოდა იმ ადამიანებზე, რომლებიც დამსხვრეულ სარკეებში იყურებოდნენ _ ეს საოცარი იმპროვიზაცია იყო. დილით მოჯადოებულები ვბრუნდებოდით შინ…~ თავად სუდეიკინზე კი შემდეგს მოგვითხრობს: `ტიციანი მოხიბლული იყო სუდეიკინით. ღია ცისფერი თვალები, მსუბუქი სხეული, ჭეშმარიტად ანტიკური. ასე ორმოცი წლის იქნება, მაგრამ ყველას ლიცეისტი ეგონება! ნამდვილი დორიან გრეია. მისი ნათელი თვალები დღესაც ახალგაზრდულ იერს ინარჩუნებენ და შემოქმედებითს აღმაფრენასთან ერთად რაღაც სასოწარკვეთილებასაც ფარავენ. სუდეიკინს მუდამ თან ახლდა მეუღლე _ ვერა არტურის ასული, ლამაზი, ცისფერთვალება, გამვლელ-გამომვლელები თვალს აყოლებდნენ, ისეთი ლამაზი წყვილი იყო. ტიციანს აღაფრთოვანებდა მათი უსაზღვრო სიყვარული, ვერა არტურის ასულის საოცარი თავგანწირვა…~ (ვერა ლური-შილინგი-სუდეიკინა რამდენიმე წელიწადში, ამერიკაში ჩასვლის შემდეგ, ცოლად გაჰყვა კომპოზიტორ იგორ სტრავინსკის).

ჟურნალ `ხათაბალას~ 1920 წლის გამოცემაში ვკითხულობთ: `29 თებერვალს `ქიმერიონში~ გაიხსნა ქართველ მწერალთა II ყრილობა… მთელი დარბაზი ერთ დიდ მხიარულებას წარმოადგენდა, ყველაფერი იცინოდა, ყველას სახე უღიმოდა, საცოდავი პატარა ქიმერებიც კედლებიდან ჩამოცოცებულიყვნენ და სიხარულისაგან, კბილებდაკრეჭილნი მისჩერებოდნენ მწერლებს…~

აქვე მოვიყვანთ რამდენიმე ამონაწერს საგაზეთო განცხადებიდან:

გ. `ვოზროჟდენიე~ 1920 წ. 25 იანვარი
`ქიმერიონი~ დღეს: ბალეტის დიდი საღამო. ცეკვები სცენაზე, ცეკვები პუბლიკაში საუკეთესო საბალეტო ძალების მონაწილეობით.

`ქიმერიონი~ _ `ქართული საღამო~ 1. ღალატი 2. გუდიაშვილის `ქალაქ გარეთ~ გაცოცხლებული სურათი. მონაწილეობენ: ვ. ანჯაფარიძე, ბ. გამრეკელი, ს. ერისთავი, მ. გელოვანი, ა. ვასაძე, ს. ეპიტაშვილი, მ. ჭიაურელი, შ. ღამბაშიძე და სხვები. Kკ. ანდრონიკაშვილის დადგმა.

`ქიმერიონის~ პატარა დარბაზში ოთხშაფათობით სდგება ესთეტიკური საღამოები, მხოლოდ პოეტებისთვის. მოხსენება წაიკითხა ტ. ტაბიძემ `ჩვენი სეზონ~, სიტყვები წარმოთქვეს: გრ. რობაქიძემ, პ. იაშვილმა; ლექსები წაიკითხეს: ვ. გაფრინდაშვილმა და სხვა ახალგაზრდა პოეტებმა. შემდეგი მოხსენება დანიშნულია გ. ლეონიძის `ყანწელების ჰერალდიკა~ და შ. აფხაიძის `ყანწელების პროფილები~.

მხატვარმა ზალცმანმა შესძლო ქიმერიონის პატარა ესტრადა გადაექცია მოხერხებულ კუთხედ. უკანა სიბრტყეზე მან გამოსახა ცა, მახვილგონივრულად შექმნილი მარმაშის ქსოვილისაგან და მიაღწია პერსპექტივის ილუზიას. კარგი და კოლორიტულია მისივე შესრულებული შირმები~…

`…კაფე `ქიმერიონი~ ჩვენი თავშეყრის უსაყვარლესი ადგილი იყო, იგონებს კ. ნადირაძე. თიტქმის ყოველ სარამოს ვიკრიბებოდით მწერლები, მსახიობები, მხატვრები, მუსიკოსები… აქვე უკრავდა რუმინელი მევიოლინე ჟანგულესკუ. ვკითხულობდით ლექსებს, ვმღეროდით, ვკამათობდით, ცოტ-ცოტას ვსვამდით კიდეც. სხვათა შორის გვქონდა საკუთარი ჰიმნისმაგვარი ორიგინალური სიმღერაც… `ქიმერიონის~ იმჯამინდელი პატრონი მაჩაბელი კარგად კი გვიმასპინძლდებოდა, მაგრამ საკმაოდ ძვირსაც გვახდევინებდა… ასე შეიქმნა ე. წ. ჰიმნიც. Yყოველ საღამოს წავიმღერებდით:

იაშვილი ლექსებს ამბობს,
მაჩაბელი ჩვენ ტყავს გავძრობს…
ჟანგულესკუს ჭირიმე,
ჟანგულესკუს ჭი-რი-მე…~

1920 წლის ოქტომბრის მიწურულს აქ მოეწყო ბოლო საღამო _ `კონცერტი კაბარე~, ხოლო 1920 წლის ბოლოს ლიტერატურულმა კაფე-კლუბმა `ქიმერიონმა~ არსებობა შეწყვიტა. 1920 წლის დეკემბერში ყოფილი კაფე `ქიმერიონის~ დარბაზში ჩვეულებრივი რესტორანი იხსნება, რომელსაც ჯერ კიდევ `ქიმერიონს~ უწოდებენ, მაგრამ მას აღარაფერი აქვს საერთო ძველ ლიტერატორთა კაფე-კლუბთან. 1921 წლის ერთ-ერთ საგაზეთო სტატიაში ვლ. წილოსანი წერს: `…როდესაც სუდეიკინმა გაიგო, რომ `ქიმერიონი~ კაბარედ გადაიქცა, ის დარდისგან ავად გახდა და მოითხოვა, რომ მისი თანდასწრებით ეს სახელი აღარ ეხსენებინათ…~

იმდროინდელი არტისტული საზოგადოების და განსაკუთრებით, `ცისფერყანწელების~ ბოჰემური ცხოვრება არც თუ ისე ერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევდა საზოგადოებაში. მრავალნი კიცხავდნენ მათ, ბევრმა არც ის აპატია `ცისფერყანწელებს~, რომ `წითლების~ მოსვლას ისინი თბილისის ქუჩებში თეთრი დროშების ფრიალით შეხვდნენ.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ `ქიმერიონი~ ერთხანს ტ. ტაბიძემ და ნ. მიწიშვილმა აიღეს იჯარით, ეწყობოდა სამწერლო საღამოები. 1922 წელს განათლების კომისარიატს გადაეცა, მაგრამ ვერ იმუშავა და მალე დაიხურა კიდეც. კაფეს კედლები გადაიღება, დარბაზი ფოიედ გადაიქცა და თბილისური არტისტულ-ბოჰემური ცხოვრების ბოლო თავშესაფარი უკვალოდ გაქრა.

1914 წელს მომხდარი ხანძრის შემდეგ არტისტული საზოგადოების თეატრის დასმა დროებით სახალხო სახლს შეაფარა თავი;
1936 წელს თეატრის გაფართოების და ახალ ნაგებობათა პროექტები დაამუშავა საქკომპროექტის სახელოსნომ დოც. შავიშვილის ხელმძღვანელობით გ. ჩაჩანიძის თანაავტორობით. პროექტი ითვალისწინებდა არსებული სცენის ირგვლივ დიდი თავისუფალი არეს შექმნას, რაც თეატრს მოძრავი პლანშეტებით მოკლე დროში დეკორაციების შეცვლის საშუალებას მისცემდა. სცენის უკან აშენდებოდა საწყობები (ბუტაფორიის, დეკორაციების, კოსტუმების), სახელოსნოები და სხვ. თეატრის გაფართოება განსაზღვრული იყო ძნელაძის ქუჩისკენ, აპირებდნენ მიშენებას, რომელსაც შვიდი სართული უნდა ჰქონოდა. ძნელაძის ქუჩიდან განსაზღვრული იყო თეატრის ეზოსა და დეკორაციების გასატანად გასასვლელის გაკეთება, რადგან იმჟამად თეატრის უკან ერთმანეთზე შეკოწიწებული სახლები ხანძრის საშიშროებას ჰქმნიდა. სავარაუდოდ თეატრის გაფართოება 3.5 მლნ. მანეთი უნდა დამჯდარიყო და მისი დასრულება 1938 წლისთვის იგეგმებოდა. ძნელაძის ქუჩიდან შენობის ფასადი იმგვარადვე უნდა გაფორმებულიყო, როგორც რუსთაველის პროსპექტიდან _ როკოკოს სტილში. ამ მასალას 1936 წლის გ. `მუშა~-ში ვეცნობით. მაგრამ როგორც ჩანს, პროექტს მაშინ არ ეწერა განხორციელება. უფრო მეტიც, 1949 წლის ივნისში სცენაზე გაჩენილ ხანძარს მთლიანად ემსხვერპლა მაყურებელთა დარბაზი, მოსპო სცენა, ფოიე, ვესტიბულები, ჩამოანგრია მრავალი ნაძერწი ფიგურით შემკული პლაფონი; ცეცხლში დაიღუპა მთელი ავეჯი, დამხმარე სადგომები დეკორაციებით. თეატრის შენობისგან კედლებიღა დარჩა.

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ და საქართველოს კ.პ. (ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა დაუყოვნებლივ მიიღეს ზომები თეატრის შენობის აღსადგენად, გადაწყდა აღდგენითი სამუშაოების დამთავრება ერთ წელიწადში _ 1950 წლის სეზონის გახსნისთვის.

ტრესტმა `თბილმშენმა~, რომელსაც დაეკისრა თეატრის აღდგენის სამუშაოები, დასახულ ამოცანას ღირსეულად გაართვა თავი და როგორც იმდროინდელი გ. `სახალხო განათლება~ წერს: `თეატრის აღდგენილი შენობა მხატვრული გაფორმებითა და ტექნიკური აღჭურვილობით გაცილებით სჯობს ძველს. თეატრი შორიდანვე იპყრობს ყურადღებას ახალი მხატვრულად გაფორმებული სახურავით, რომელიც ვერცხლისფრად ბზინავს. მაყურებელი შედის ნათელ, ფართო ვესტიბულში. Oორი მარმარილოს კიბე საგარდერობოდან ადის ლამაზად გაფორმებულ ფოიეში, რომელიც უერთდება პარტერსა და ბენუარის ლოჟებს. ყველგან დიდი სარკეებია. მქრქალი ელექტროშუქი ანათებს კედლის მოხატულობასა და ერთიანი სტილით შესრულებულ სკულპტურულ სამკაულებს. მაყურებელთა დარბაზის პლაფონი, იარუსები და სცენის პორტალი ოქროთია მოვარაყებული და უხვად შემკული ნაძერწი ფიგურებით. დარბაზი განათებულია უზარმაზარი ჭაღით, რომელსაც შემოვლებული აქვს რვა ათასი ბროლის მედალიონისაგან შემდგარი მოელვარე რკალი. დარბაზი განათებულია აგრეთვე მრავალი პლაფონით, რომლებსაც გაკეთებული აქვს რძისფერი აბაჟურები, ლავგარდანებსა და ლოჟის ბორდიურებზე ლამაზი ნათურებია.

პარტერში, ლოჟებში და ბელეტაჟებზე დადგმულია ახალი ავეჯი _ მარელისის ავეჯის ფაბრიკაში დამზადებული რბილი სავარძლები.
ახლად მოწყობილია სცენა. მისი სიმაღლე გადიდებულია 3.5 მეტრით. იგი სავსებით შეესაბამება უახლესი სათეატრო-სადამდგმელო ტექნიკის მოთხოვნებს. მოწყობილია სცენის სრულყოფილი წრე, სცენას აქვს გასაშლელი და ასაწევი ფარდები, სპეციალური მოწყობილობით უზრუნველყოფილია დეკორაციების მექანიკური მიწოდება. თეატრში დადგმულია ახალი გამაშუქებელი აპარატურა. სახე იცვალა საკონცერტო დარბაზმაც, რომელიც გაფორმებულია ოქროს ვარაყითა და ნაძერწი ფიგურებით. სცენას, ფანჯრებს, კარს გაკეთებული აქვს მუქი ლურჯი ფარდები. სცენა მნიშვნელოვნად გაფართოებულია. დარბაზის რეკონსტრუქციის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა აკუსტიკა. დარბაზში ძველი მაგარი სკამების ნაცვლად დადგმულია რბილი სავარძლები. დარბაზს ამშვენებს ლამაზი ჭაღები…

გულდასმით არის მოფიქრებული ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებანი. თეატრის კამარები გამაგრებულია ლითონის კონსტრუქციებით. ხის გადასახურავები შეცვლილია რკინა-ბეტონით. სცენაზე მოწყობილია წყლის სპეციალური ფარდა ცეცხლისგან დასაცავად…~

1949 წლის ხანძრის შემდეგ თეატრის მოხატულობა შესაცვლელი გახდა და თეატრის დარბაზები შემორჩენილი ფრაგმენტებისა და ძველი ფოტოების მიხედვით ხელახლა მოიხატა; მაშინ სრულიად უსასყიდლოდ უმუშავიათ თბილისის სამხატვრო აკადემიის მხატვარ-რესტავრატორებს. აღსანიშნავია მოქანდაკე-მძერწავები: ზ. გორგაძე და კ. შალიკაძე; მხატვარ-ალფრესიტები: ბ. ბენო, ბ. მაისურაძე, ს. მიზრახი; ლ. Pაპინოვას მომვარაყებელთა ბრიგადა; როგორც ბატონი ვ. კიკნაძე იხსენებს: `ა. ხორავამ თეატრის აღსადგენად საკუთარი დიდი თანხაც გაიღო…~ ბატონი რ. ჯაფარიძის მოგონებით კი, როდესაც `შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიწვა და გამოსაყენებლად უვარგისი გახდა, მთელი საქართველო დიდიან-პატარიანა ფეხზე დადგა. პირადად მე მაშინ სამხედრო პირი ვიყავი, ერთ-ერთ ეროვნულ დივიზიაში ვმსახურობდი და თვალწინ მიდგას, როგორ დაეცა ყველას თავზარი… გადავწყვიტეთ, ვისაც რა გაგვაჩნდა და გვემეტებოდა, ერთი ან ორი თვის ჯამაგირი, შეგვეკრიბა და თეატრის აღსადგენ ფონდში შეგვეტანა. ზოგ ვინმეს, ჩემს თანაპოლკელს, ვისაც რუსთაველის თეატრი და მისი სპექტაკლები თვალითაც არ ენახა, მაგრამ მას, როგორც ქართული კულტურის სახელგანთქმულ კერას, თაყვანს სცემდა და შორიდან ესიყვარულებოდა… ~

სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა 60-იან წლებშიც, როდესაც მთლიანად შეიცვალა პირველი სართულის კარები და ხის ჩუქურთმებიანი ვიტრინები. მათი ადგილი ალუმინის ჩარჩოებში ჩასმულმა `მოდურმა~ სარკისებურმა მინებმა დაიკავა. გაჩნდა ახალი ღიობები (განსაკუთრებით თეატრალური ინსტიტუტის მხარეს), რამაც კედლები შეასუსტა, გაჩნდა საშიში ბზარები. კომუნიკაციების მოუწესრიგებლობამ საძირკველიც დააზიანა და შენობის ძირფესვიანი რეკონსტრუქციის აუცილებლობა წარმოქმნა.

თეატრის შენობის კაპიტალური გამაგრება-აღდგენის საკითხი, მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან მოყოლებული, არაერთხელ დასმულა თეატრალური საზოგადოების წინაშე, მაგრამ საკმარისი თანხის უქონლობის გამო ვერა და ვერ ხერხდებოდა. მხოლოდ 1982-87 წლებში გახდა შესაძლებელი შენობის ყველაზე დიდი და ფართო მასშტაბიანი რეკონსტრუქცია.

სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს პროექტის ავტორებმა (ო. ნახუცრიშვილმა, ვ. ორბელაძემ, თ. შაშიაშვილმა, გ. გეგელიამ, ი. გორგაძემ, თ. კომახიძემ; მხატვრებმა: ნ. იგნატოვმა, ა. გოგლიძემ, ტ. სულხანიშვილმა, გ. ერისთავმა, შ. გაბაშვილმა, შ. შანიძემ, ვ. წურწუმიამ, მ. ხუბულურმა, მ. გუგუნავამ, თ. შაიშმელაშვილმა, გ. ეკიზაშვილმა, ა. რატიანმა, ნ. ერგემლიძემ; ინჟინრებმა: ს. აკოპოვმა, შ. გაზაშვილმა; სცენის ტექნოლოგმა ლ. ვერნიცკიმ; სამუშაოთა მწარმოებლებმა: ვ. მიქაბერიძემ, ს. მელაძემ, ლ. ზალდასტანიშვილმა; მშენებლობის საერთო ხელმძღვანელმა დ. ქარსელაძემ და მშენებლობის უშუალო კურატორმა, კულტურის მინისტრის მოადგილე ვ. იაქაშვილმა) ერთადერთი სწორი შემოქმედებითი მეთოდი აირჩიეს _ შემორჩენილი ფოტოების და რაც მთავარია, როკოკოს სტილის მანიშნებლების შესწავლით მაქსიმალურად აღადგინეს თეატრის მხატვრული სახე, ორნამენტების ხასიათი, დარბაზების ფორმათა სიკოხტავე და პროპორციები. 16 მეტრიან მბრუნავ წრეში ჩაიჭრა ახალი, ნაკლები დიამეტრის წრე, რომელიც მცირე დარბაზის წრის ზომებს იმეორებს და მცირე სცენიდან დიდ სცენაზე სპექტაკლის გადმოტანის საშუალებას იძლევა. სცენის ტექნოლოგიის სრულყოფის მიზნით გაკეთდა ახალი საორკესტრო ამწე და დეკორაციების მექანიკური შესანახი სეიფი, სასცენო ნაწილში გაითვალისწინეს სამგზავრო ლიფტები, კეთილმოეწყო სამსახიობო ოთახები, შეიქმნა დასასვენებელი ფოიე.

ლენინგრადიდან თბილისში საგანგებოდ მოწვეულმა ოსტატებმა თაბაშირის ამურების ფიგურები და სხვა დეკორატიული ელემენტები ფურცლოვანი ოქროს გადასაკრავად მოამზადეს; თეატრის შიდა ეზოს ათვისების შედეგად შეიქმნა სასტუმრო ოთახიც, ე.წ. `ფაიფურის ოთახი~, სადაც ძველებური ბუხრის თავზე სტილიზებული სცენური აქსესუარებით დამშვენებული ფაიფურის დეკორატიული კომპოზიციაა.

შენობის რემონტთან ერთად რესტორან `ქიმერიონის” კედლებიც გაიწმინდა და ზეთის თეთრი საღებავის, კირისა და გაჯის მეთორმეტე ფენის გადაფხეკის შემდეგ კედლის მხატვრობის კონტურები გამოიკვეთა. ამ სამუშაოებს რესტავრატორი ა. გოგლიძე ხელმძღვანელობდა. რამდენიმე თვის მუშაობის შემდეგ 44 ნახატი გაიხსნა, სულ მთლიანად კი `ქიმერიონის” აღდგენას ორ წელიწადნახევარი დასჭირდა.

თეატრის ძველ შენობას თაბუკაშვილის ქუჩის მხრიდან ახალი კორპუსი მიუშენდა, სადაც დამატებით განთავსდა მსახიობთა საკაზმულო ოთახები, სარეპეტიცო დარბაზები, სახელოსნოები და საწყობები; სამწუხაროდ, მიწისქვეშა კომუნიკაციების კატასტროფულმა მდგომარეობამ რამდენიმე წელიწადში შენობა კვლავ დანგრევის საფრთხემდე მიიყვანა. კვლავ დაიბზარა კედლები, ტექნოგენური წყლების მდინარეებმა კი ფუძე გამორეცხა და საძირკველი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის # 189 წლის განკარგულების საფუძველზე რუსთაველის თეატრის აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოებისათვის საჭირო 600 ათასი ლარი მისი ფონდიდან გამოიყო; მუშაობაში ჩაებნენ კონცერნი `გვირაბმშენი~, `მშენაღდგენა~, `თბილპროექტი~, `კულტპროექტი~, სეისმომდგრადობის ინსტიტუტი. დაიწყო შენობის მეცნიერული დაკვირვება და შესწავლა. დასკვნა ამგვარი იყო: როგორც ჩანს, მშენებლებმა და დამპროექტებლებმა თავის დროზე ვერ გაითვალისწინეს თეატრის საძირკვლებზე დატვირთვების სიდიდე, რის გამოც ჯერ კიდევ 1909 წელს დაიწყო შენობის დეფორმაცია. მას შემდეგ შენობა ოთხჯერ გახდა გასამაგრებელი. სამწუხაროდ, ვერც ერთმა გამაგრებამ შედეგი ვერ გამოიღო, რადგან მიწისქვეშ დეფორმაციული მოვლენების თავიდან ასაცილებლად არანაირი სამუშაო არ ჩატარებულა. საქმეს თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები 68 ოჯახის გასახლებაც ართულებდა, არც რუსთაველის პროსპექტი არ უნდა გადაკეტილიყო და თეატრსაც მუშაობა არ უნდა შეეწყვიტა.

1996 წლიდან დაწყებული 2000 წლის ჩათვლით თეატრის სარემონტო, უ. სწ. სერიოზული აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოებისათვის სახელმწიფომ 7 მილიონი ლარი გადარიცხა.
შენობის გადასარჩენად შეიქმნა საგანგებო ფონდიც, რომლის არსებობის მანძილზე სულ 80 ათას ლარამდე იყო შემოწირული. (მათ შორის: 5 ათასი დოლარი _ კ. რაიკინს ეკუთვნოდა, 2 ათასი დოლარი _ ვლ. ვასილიევს, ათასი დოლარი _ დ. შმელიანსკის, მამა-შვილ კირკიტაძეებს გერმანიიდან _ 4500 დოლარი, `ჯეოსელს~ _ 4 ათასი, `მაკდონალდს~ _ 10 ათასი ლარი, თბილისის კარტოგრაფიის ფაბრიკას _ 500 ლარი, ბანკ `რესპუბლიკას~ _ 1000 ლარი, ქუთაისის ავტოქარხანას _ 2000 ლარი, ფირმა `თბილღვინოს~ _ 300 ლარი, ძმებ არველაძეებს _ 1500 ლარი და ა.შ.).

1998 წლის 12 დეკემბერს საქართველოს ხელოვანთა საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად სახელმწიფო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ტელემარათონი _ რვა საათიანი გალაკონცერტი ჩატარდა, რომელშიც ქართული თეატრის, კინოსა და ესტრადის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. ტელემარათონიდან შემოსული თანხები წარმოუდგენელი სიმცირის გამო (12 ათასი) სრულიად არასაკმარისი იყო სამუშაოების გასაგრძელებლად.

1999 წლის 15 თებერვალს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მსოფლიოში ცნობილმა საოპერო მომღერლებმა: ე. ობრაზცოვამ, მ. ქასრაშვილმა და ზ. სოტკილავამ, საქველმოქმედო კონცერტი გამართეს, საიდანაც შემოსულმა თანხამ 3100 ლარი შეადგინა.

შემდგომი დაფინანსება ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა იტვირთა. Mმისი ძალისხმევით მიიღო თეატრის შენობამ დღევანდელი სახე: მიუშენდა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისათვის განკუთვნილი ფლიგელი, სასტუმრო ოთახები, ე.წ. `მელიქსეტოვის ოთახი~ გადაკეთდა ექსპერიმენტულ დარბაზად; შენობის სახურავზე გაკეთდა მანსარდი, რომელიც სპორტულ დარბაზს დაეთმო, თუმცა რობერტ სტურუამ, 2004 წელს, პირველად სწორედ ამ დარბაზში წარმოადგინა მისი შემოქმედებითი გზისთვის ასე მნიშვნელოვანი `სტიქსი~; დამონტაჟდა განათებისა და მუსიკალური გახმოვანების თანამედროვე აპარატურა, დაკომპლექტდა ახალი ინვენტარი; თეატრის ჰოლში დაიდგა დიდი მონიტორი, რომელიც სპექტაკლზე დაგვიანებით მოსულთ, ანტრაქტამდე, წარმოდგენის ნახვის საშუალებას აძლევს.

`ქართუ-ჯგუფის” _ `ინტერსევისის” მიერ წარმოებული შენობის გარეთა ფასადისა და შიდა ინტერიერის სრული სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები მუზეუმში დაცული ფოტოსურათების მიხედვით შესრულდა; დიდი და მცირე დარბაზის, მათი ფოიეებისა და სხვა ოთახების კედელთა მშვენიერი მოხატულობები განახლდა; უახლესი თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა ორივე სცენა, ხოლო ახალი,Gექსპერიმენტული დარბაზის სცენა შემოქმედებითი ძიებებისათვის ახალგაზრდა რეჟისორებს დაეთმო.

მაგრამ რუსთაველის თეატრის შენობის მთავარი სატკივარი მაინც ათეულ წელთა მანძილზე გამდინარე მიწისქვეშა წყლების ჟონვის გამო თითქმის სრულიად განადგურებული, ჩარეცხილი და დაინგრეული საძირკველი იყო. ჩატარებული სამუშაოების შედეგად სწორედ შენობის საძირკველი გამაგრდა ფუნდამენტურად. 1996 წლიდან მოყოლებული 2000 წლამდე თეატრში თითქმის მხოლოდ საძირკვლის გასამაგრებელი სამუშაოები მიმდინარეობდა და რაც არ უნდა პროზაული იყოს ეს ციფრები, მაინც უნდა ითქვას, რომ 2000 მანქანამ 10 000 კუბურ ტონაზე მეტი ნაყარი მიწა გაიტანა, ამდენივე ბეტონი ჩაისხა და საძირკველი 1200 ტონა სხვადასხვა პროფილის რკინა-მასალით გამაგრდა. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ სამუშაოთა წარმოების ყველა საორგანიზაციო სირთულემ თეატრის იმჟამინდელი დირექტორის გ. თევზაძის მხრებზე გადაირა.

2004 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 14 საათსა და 30 წუთზე ხანძარი გაუჩნდა რუსთაველის თეატრის სასხვენო გადახურვას. ძლიერი ქარის გამო საშიშროება შეიქნა, რომ ცეცხლი თეატრის მთელ გადახურვაზე გავრცელებულიყო და სასტმრო `მერიოტსაც~ გადასდებოდა, მაგრამ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის გარნიზონის თანამშრომლებმა თეატრი სრული განადგურებისგან გადაარჩინეს.

2005 წლის 11 ნოემბერს, რუსთაველის სახელობის თეატრმა, სამი წლის სარემონტო სამუშაოების შემდეგ, თავისი 127-ე სეზონი მშობლიურ შენობაში გახსნა. მაყურებელმა რობერტ სტურუას, ალბათ საპროგრამო დადგმა _ ილია ჭავჭავაძის `კაცია-ადამიანი?!~ იხილა.

(და კიდევ ერთი, რაც ამ თეატრალური ნაგებობის გმირულ-რომანტიკული სულიერი მემკვიდრეობითობის გამოძახილია: 1989 წლის 9 აპრილს, ასევე 1991 წლის `თბილისის ომში~ მან არა ერთი ადამიანი შეიფარა და სიცოცხლე შეუნარჩუნა…)

სადღეისოდ რუსთაველის თეატრში სამი დარბაზი მოქმედებს: დიდი _ 800 ადამიანზეა გათვლილი, მცირე _ 300-ზე, ხოლო ექსპერიმენტული _ 160-ზე. თეატრს საშუალება აქვს მცირე დარბაზში საკონცერტო საღამოები, საზეიმო შეხვედრები და ვახშმები გამართოს, ხოლო სამეჯლისო დარბაზში საპატიო სტუმრები მიიღოს და უმანსპინძლოს.

***

ქიმერიონი

კვლავაც ხმაურობს ამღვრეული მუქი რიონი,
მარადი წყლებით ახალისებს მარად მცურავებს.
გრძელი დაისი _ დაღმართების ქიმერიონი,
ეტრფის ღამეებს _ ვარსკვლავების შავ მოურავებს.

შუადღის პანი _ ღვთაებრივი მკვეთრი გრიგოლი
ეტრფის ქარვისფერ ყვავილებით გომბეშოს რჩეულს,
იმას დაისში დააქანებს ავი გრიგალი,
როგორც ღრუბელი ფრთადატეხილ დემონს ფარჩეულს.

ლაღის თაღისქვეშ თვალისმჭრელი წილადობილა:
წითელი ჭია ელოდება ობობას მორიგს;
კარტის დედოფალს აღიარებს თავის დობილად.
ცეცხლის სარკიდან მოფრენილი ვენცინგეტორიკს.

ჰორიზონტიდან წაილეკა კვამლის მორევი,
დაღლილ ფარდაზე ნავარდობენ ცის ღამურები.
ვარდი ლარნაკთან სამუდამოთ დასაშორევი,
კვლავ ოცნებაში წამწამების სალამურები.

გადაჰკვეთს მაღრიბს ფრთამეწამულს ღამის ნოქარი,
ცის ვიტრინებში გამოაფენს დანარბევ ნოხებს,
დაილეწება კიდევ ხშირად ცა ჯადოქარი
წილადობილა კომეტების ცას აამბოხებს.

ვალერიან გაფრინდაშვილი
მაისი, 1919 წელი.

ერთი ოჯახის ისტორია _ პიტოევები
(რუსთაველის თეატრის შენობის ისტორიისათვის)

თბილისში, საუკუნეთა მანძილზე, ერთმანეთს შეერია ათასი რჯული და ეროვნება. აქ მცხოვრებმა ხალხმა ამ მიწისა და ცის ფერ-უმარილი ისე შეითვისა, ისე გაიხადა საკუთრად, სხვადასხვა ხალხის ისტორია ერთი-მეორეს აქ ისე დაეფინა, რომ მათ შორის ურთიერთგამომრიცხავი კავშირის ახსნა დღეს თითქმის შეუძლებელია, ვერც ერთ მათგანს ვერ აუქცევ გვერდს. ამ დაბრძენებული მზის ქვეშ დროის უწყვეტ ძაფზე ერთ მძივად აკინძული, სხვადასხვა ენაზე აღვლენილი ლოცვა-ვედრების, წარსულიდან ჩვენამდე მოღწეული ძახილის გაგონება შესაძლებელია, მხოლოდ წამიერად უნდა დაივიწყოთ ვიდეოკამერების, ავტომანქანებისა თუ… ავტომატების ხმაური და ყური მიუგდოთ…

ამ ქალაქში ყველა დაუყვედრებლად ცხოვრობს, თავგამოდებით ამტკიცებს მისდამი სიყვარულს და ყველა მის მოდგმას იჩემებს. Aარც არავის გაემტყუნება, რადგან სწორედ სიყვარულმა იცის ამგვარი თავგამოდება, და რაც არ უნდა საკვირველი იყოს, ღალატიც…

თბილისელობა უკვე ეროვნებაა…
ყოველივე ახლით გატაცება თბილისელთა დამახასიათებელი იყო. მოდაში შემოსული ინტერესები უმალ უბნიდან უბანში ვრცელდებოდა და მთელ ქალაქს მოედებოდა ხოლმე, ჟამთა სიავე ვერასგზით აცხრობდა ქალაქელთა სურვილებს. თეატრიც თბილისელთა გატაცების ერთი ამგვარი საგანი იყო, ეტყობა აქ ძალზე ფერადოვანი განსხეულება ჰპოვა მათმა მრავალმხრივმა ნიჭიერებამ, იუმორმა და დღემდე ამგვარ გატაცებად რჩება.

თბილისის თეატრების ამბავი ამ ქალაქის ცხოვრებასავით ჭრელი და საინტერესოა…

მე-19 საუკუნის ტფილისის ერთ უბანში, რომელსაც სოლოლაკი ერქვა და დღემდეც ასე ჰქვია, მთისძირა ანუ როგორც მაშინდელ გაზეთებში მოიხსენიებენ ძველსაინსტიტუტო, დღევანდელ ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიან, პატარა სახლში მრავალსულიანი, ტფილისური ოჯახი ცხოვრობდა. ოჯახის თავკაცი ისაია იაგორის ძე ფითოევი გახლდათ, ხოლო მისი მეუღლე _ ოლღა სტანისლავის ასული მარქსი. სწორედ მათ ოჯახს უკავშირდება მე-19 საუკუნის მიწურულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ტფილისური თეატრალური ცხოვრების ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი. Aაქ იწყება გზა, რომელსაც დღევანდელ რუსთაველის თეატრის შენობასთან მივყევართ…

სახლი, რომელშიც ფითოევები ცხოვრობდნენ, თბილისში დღემდე დგას, ლერმონტოვის ქუჩის #20-ში, მხოლოდ ოდნავ სახეშეცვლილი და წამხდარი. მცხოვრებთაგან აღარავინ იცის ვისი იყო ეს სახლი?.. ვინ იყვნენ ისინი აქ რომ ცხოვრობდნენ?.. არც აინტერესებთ რა ცხოვრება დუღდა და, საერთოდ, რა სულისკვეთება იყო აქ გამეფებული… ალბათ ეს წესია ცუდი, უხეირო ცხოვრებისა, ყოველგვარი კვალი რომ გააქროს და წაშალოს…

ფითოევებისა და მარქსების ოჯახები ცალ-ცალკეც მრავალსულიანი იყო და ისე მოხდა, რომ XIX საუკუნის მიწურულს ყველამ თბილისში მოიყარა თავი. მაგრამ დღეს აქ ფითოევების გვარის მხოლოდ ორიოდე ოჯახიღა თუ ცხოვრობს. ეს გვარი საქართველოს იმ კუთხეშიაც სახლობს, რომელსაც ქართლი ჰქვია და კერძოდ კი, ცხინვალში, სადაც ზუსტად იმ გვარით არიან ცნობილნი, რომელსაც 1881 წელს გ. `დროების” კორესპოდენტი ასახელებს _ ფითუაშვილს… ბოლო დრომდე ცხინვალის სასაფლაოზე ნახავდით კიდეც საფლავებს, სადაც ამ გვარის ადამიანები იყვნენ დაკრძალულნი. მაგრამ იმ ამბავთან, რომელიც მე-19 საუკუნის ტფილისის თეატრალურ ცხოვრებას ეხება, გვარის სადაურობას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მარქსები კი, მგონი, თბილისში საერთოდაც აღარ აღირიცხებიან.

გ. `დროება” 1881 წ. #7
`ჩვენ პირველად ვნახეთ გუშინ წინ, ხუთშაბათს, ფითუაშვილის კერძო თეატრი და მართალი უნდა ვსთქვათ, გაგვიკვირდა ამ თეატრის სიმშვენიერე და მდიდრული მოწყობილობა. მაყურებლისათვის ზალა პატარაა, მაგრამ სამაგიეროდ სცენა ისეთი ფართო და სრულია, რომ 40 მოქმედი პირიც თავისუფლად მოთავსდება. Aამ საღამოს ახდგენენ რუსულ კომედიას `Лакомый кусочек”, სამმოქმედებიან კომედიას. თუ წარმოვიდგენთ, რომ ამ პიესის აღსრულებაში მონაწილეობა მიიღეს ისეთს დახელოვნებულ და ნიჭიერ მოთამაშეებმა, როგორც ფითოევის მეუღლემ (ადრინდელი მარქსის ქალი), პალმმა, აპაჩინინმა და სხვათ, ადვილად მიხვდებით, რომ პიესა ჩინებულად უნდა ეთამაშნათ. შემოსავალი ამ წარმოდგენიდან დანიშნული იყო ტფილისის საქალაქო და სახელოსნო და პირველ დაწყებითი სკოლების სასარგებლოდ.”

ფითოევების გვარი რამდენჯერმეა მოხსენებული კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტების სხვადასხვა ტომებში, სრულიად სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, საიდანაც ნათელი ხდება, რომ მათი გვარ-სახელი 1801 წლიდან ოფიციალურად, დოკუმენტურად იწერება საქართველოსა და თბილისის არეალში.

ფითოევები, რომლებიც რუსთაველის თეატრის შენობას უშუალოდ უკავშირდებიან, იაგორ აღას შვილ ფითოევის ოჯახობიდან მოდიან (ამ გვარის წარმომავლობის ამბავი კიდევ ერთი გრძელი ისტორიაა).

გუბერნსკი სეკრეტარ იაგორ ფითოევს ქონების დაგროვება ყირიმის ომის დროს მეფის რუსეთის ჯარის საკვებით მომარაგებით დაუწყია. თანდათან ასტრახანში თევზის სარეწები შეუძენია და ოჯახურ ბიზნესში ვაჟებიც ჩაურთავს. ვაჟი კი ხუთი ჰყავდა _ უფროსები კონსტანტინე, ისაია, შემდეგ გიორგი, ალექსანდრე და ივანე. Hჰყავდა ქალიც, ნინო იაგორის ასული, რომელიც ტფილისელ მოქალაქეზე იყო გათხოვილი. იაგორ ფითოევს მეფის რუსეთის იმპერიაში წარმატებული სოვდაგრობა და სიმდიდრე არ უკმარია, სხვადასხვა წინააღმდეგობათა დაძლევის გზით, აზნაურობის ღირსებაც დაუმტკიცებია.

1828 წლის გეგმის მიხედვით ტფილისის ექვსი ქარვასლიდან, ერთი, ფითოევისა იყო. ტფილისის ყველაზე პრესტიჟულ უბანში, სოლოლაკში მათ საკუთარი სახლები ჰქონდათ, მოგვიანებით, როცა მტკვარზე ადგილები არენდით გაიცა, დიდი წილი ამ ადგილებისა ტფილისელ მდიდარ ვაჭარს ი. ფითოევს მიეკუთვნა. ამ ოჯახისა იყო საწარმოო-საფინანსო და სავაჭრო საზოგადოება `ი.ე.პიტოევი და Kо.”, მათი ოჯახისა იყო სტამბა და გამომცემლობა ბარიატინსკის ქუჩის #8-ში, მექანიკური, სამკერვალო და სადურგლო სახელოსნოები… მოგვიანებით ბაქოს ნავთობსარეწებიც შეიძინეს და დიდ კაპიტალისტებად იქცნენ. ოჯახმა დროთა განმავლობაში მოიკრიფა ძალა და თუ ქონებით თამამშევებს, ალიხანოვებს და სხვებს ვერ გაუტოლდა, ევროპული თვალთახედვითა და ქმედებით ტფილის-ქალაქის ცხოვრებაში თავისი ადგილი მაინც მყარად დაიკავა. ა. მარიენგოფი წიგნში `Мой век, моя молодость, мои друзья и подруги~ აღწერს იაგორის მეუღლეს, რომელიც კარეტით ჩასულა პარიზში და სიშავის გამო, თურმე მისთვის პიტოევა-ნუარი (შავი) უწოდებიათ. ეტყობა ფრანგებისთვის ეს ფაშფაშა ქალი ზედმეტად შავგვრემანი და ინტელიგენტობითაც გამორჩეული იყო. მას ვაჟები საფრანგეთში გაუზრდია, რომლებიც ხელოვნებას, ლიტერატურას და თეატრს გაუტაცია. მათგან სამნი პარიზში დარჩენილან, ორნი, ტფილისში დაბრუნებულან _ უფროსი ისაია და უმცროსი ივანე. ისაიამ ოჯახური საწარმოების გაძღოლა ითავა, ივანეს კი პარიზის ლათინურ კვარტალში გატარებული წლების შემდეგ მალევე მობეზრდა კანტორის ერთფეროვანი სამსახური და ოჯახური კაპიტალის ნაწილით თეატრალურ საქმიანობას მოეკიდა. რეჟისორი არ იყო, მაგრამ ორგანიზაციული ნიჭი და მხატვრული ინტუიცია საკმაო აღმოაჩნდა.

ისაიამ საცხოვრებლად ტფილისის გარეთუბანში შეარჩია მიწა და პატარა, კოხტა სახლიც ააშენა. ამ უბრალო სახლს, თავის წიგნში `თბილისის ხუროთმოძღვრება”, ბატონი ვახტანგ ბერიძეც აღნიშნავს: `1841 წლის ერთ პროექტში (ფითოევის სახლი) ფასადი უაივნოა. ეს შეიძლება იმითაც აიხსნებოდეს, რომ აქ სრული ორი სართული არ არის. პირველი სართული შედარებით დაბალია და მეორე სართული უფრო ბელეტაჟს წარმოადგენს… ყველა ეს სახლი, რომლებიც შეძლებულ პირთ ეკუთვნოდა, ზომითა და ხასიათით, სოლიდურ შთაბეჭდილებას ტოვებს… ~
იქვე მახლობლად, პასკევიჩის (დღევანდელ მახარაძის) ქუჩაზე, თუმცა სულ სხვანაირ, დიდებულ სამსართულიან, მამისეულ სახლში, სახლობდნენ მისი ძმები, რომელთაგან ტფილისს, ოჯახთან ერთად ბოლო დრომდე, ივანე ფითოევი შემორჩა. პირველი სართული, მამამ, მთლიანად ქალიშვილს, ნინას აჩუქა მზითევში, ხოლო ზემოთა სართულები ძმებისა იყო. საუცხოო ავეჯით, დიდებული როიალით, ხალიჩებითა და ჭაღებით, კანდელაბრებითა და ძვირფასი ნახატებით მორთულ აპარტამენტებში მხიარულება სუფევდა. მოსამსახურეები ფრანგულად ლაპარაკს ცდილობდნენ და ეზოში საკუთარი მეფაეტონე მზად იყო ცხენების შესაკაზმად.

1844 წელს დაბადებული ისაია, 1873 წელს ტფილისში ანტრეპრიზით ჩამოსულ მარქსების ოჯახის ქალიშვილზე, ოლღაზე დაქორწინებულა. მსახიობთა ეს მრავალრიცხოვანი ოჯახი, საკმაოდ ცნობილი გახლდათ იმდროინდელი რუსეთის პროვინციული თეატრებისთვის და ოლღაც მსახიობობას აპირებდა, მშვენიერი დებიუტით კიდეც წარმდგარა მაყურებელთა წინაშე, მაგრამ გათხოვების შემდეგ სცენა მიუტოვებია. მდიდარი და ცნობილი ტფილისელი სოვდაგრის ცოლობას ხელი არ შეუშლია მისთვის და თეატრის სიყვარულსაც უკვალოდ არ ჩაუვლია. მეუღლეებს საკუთარ სახლში სამოყვარულო თეატრი დაუარსებიათ, საამისოდ სცენაც კი გაუკეთებიათ და ამ სპექტაკლებში, ოლღა, თავის დედასთან და და-ძმებთან ერთად დიდი წარმატებით გამოდიოდა.Pრეპერტუარს რომ გადავხედოთ, მივხვდებით რა გულმოდგინება და მონდომება იქნებოდა საჭირო, რომ დადგმულიყო სცენები `ფიგაროს ქორწინებიდან~, კომიკური ოპერა `მოგზაურობა ჩინეთში~, `იავნანა~, `ნიშნობა~, `ვაი ჭკუისაგან~, სხვა ცოცხალი სურათები და აპოთეოზები. არტისტულ წრეს `შტუკმაისტერები~ შეერქვა. ისინი მღეროდნენ, მხიარულობდნენ, კითხულობდნენ ლექსებს, ავსებდნენ ალბომებს, უშვებდნენ სატირულ ჟურნალს `რწყილი~, ჩამოაყალიბეს სამოყვარულო ორკესტრი, რომელსაც მთელ ტფილისში ცნობილი ა. მიზანდარი ხელმძღვანელობდა. მერე ისე გათამამდნენ, რომ სპექტაკლები ინჟინრის ქუჩაზე (დღევანდელი ს. ვირსალაძის სახელობის ქუჩა) მდებარე საზაფხულო თეატრშიც წარმოადგინეს.
შემოსავალი, მთლიანად ქველმოქმედებას ხმარდებოდა, ისაია სტიპენდიებს უნიშნავდა ხელმოკლე სტუდენტებს. ალ. Gგრიბოედოვის დაღუპვის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო დღეებში, არტისტულმა წრემ, თავად გიორგი ერისთავთან ერთად ლიტერატურული საღამო მოამზადა, სადაც სამი ლექცია წაიკითხეს გრიბოედოვის შესახებ და `ვაი ჭკუისაგან~ წარმოადგინეს. სცენის ტექნიკური აღჭურვილობა, დეკორაცია, კოსტუმები, ბუტაფორია _ ყველაფერი ისაია ფითოევის ხარჯებით სრულდებოდა.

ისაიაც და ივანეც ხელგაშლილნი იყვნენ, ქალაქის თითქმის მთელი არტისტული საზოგადოება მათ ოჯახში იყრიდა თავს. სპექტაკლების შემდეგ საუბრობდნენ დედაქალაქის ახალ ამბებზე, თეატრალურ სიახლეებზე, მცირე თეატრის სპექტაკლებზე, მსახიობებზე, შალიაპინზე, სტანისლავსკიზე… 1885 წელს ისაიამ რუსეთის მუსიკალური საზოგადოების ტფილისის განყოფილება დააარსა, 1887 წელს _ საარტისტო საზოგადოება. ძმებმა ერთად შეადგინეს `ტფილისის არტისტული წრის” წესდებაც, გამართეს პირველი საოჯახო საცეკვაო საღამო, შემდეგ და შემდეგ სპექტაკლები დადგეს, მაყურებელი მოუმრავლდათ, ბილეთებიც ეყიდებოდათ, თუმცა შემოსავალი მაინცადამაინც არ აღელვებდათ, მათ ხელოვნების სამსახური ჰქონდათ მიზნად დასახული _ დიდძალ ფულს სულ სხვა საქმიანობით შოულობდნენ. დროთა განმავლობაში თეატრით გატაცება სერიოზულ საოჯახო საქმიანობად ექცათ, ივანე სახაზინო თეატრის მთავარ რეჟისორად დაინიშნა და ექვსი წლის მანძილზე მემკვიდრეობით მიღებული ფული მთლიანად მის ახლებურად კეთილმოწყობას დაახარჯა. სწორედ მან გააცნო ტფილისელი მაყურებელი ჩაიკოვსკის, რიმსკი- კორსაკოვის, მუსორგსკის ოპერებს. საგასტროლოდ საუკეთესო რუსულ და უცხოურ დასებს, გამოჩენილ მომღერლებს ეპატიჟებოდა. მათთან მეგობრობდა და მათ ოჯახს სტუმრობდნენ პ. ი. ჩაიკოვსკი, ან. რუბინშტეინი, მ. იპოლიტოვ-ივანოვი. ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ სწორედ ივანე ფითოევმა უსახსოვრა ჩაიკოვსკის ოქროთი მოვარაყებული სპილოს ძვლის სადირიჟორო ჯოხი.
კოჯორში, მათ აგარაკზე ხშირად ისვენებდა ანტონ რუბინშტეინი. ისაიამ საგანგებოდ მისთვის, საცხოვრებლად გადააკეთებინა გამომშრალი ფიჭვისგან აგებული სადურგლო სახელოსნო, მოაწყო საჭირო ავეჯით, მოატანინა `ბეკერის~ ფირმის თეთრი როიალი, რომელზედაც რუბინშტეინი ყოველდღე მეცადინეობდა და მინდორზე მოკალათებული მოაგარაკენი ყოველDდღე ისმენდნენ შესანიშნავ კონცერტებს.
ისაიას და ოლღას სულ მალე ქალიშვილი შესძენიათ _ მარგარიტა, რომელიც შემდგომში არტისტული წრის სპექტაკლებში გამოდიოდა. მარგარიტა ცოლად გაყოლია სამხედრო პირს, ვინმე ბელეცკის, მათ ქორწილში 1500 კაცი ყოფილა დაპატიჟებული და 1898 წელს დაბადებული ქალიშვილისთვის, ქსენია დაურქმევიათ. მაგრამ ბელეცკის დიდი გატაცება თეატრი კი არა, ბანქოს თამაში იყო და ახალგაზრდები მალევე დაშორებიან ერთმანეთს. ბავშვობაში გადატანილი ქუნთრუშის გამო ქსენიას ყურთ დაკლებია და უამხანაგოდ დარჩენილთან, პედაგოგები სახლში დაიარებოდნენ.
ივანე ფითოევს კი ჰყავდა ვაჟი _ გიორგი ანუ ჟორჟი. ჟორჟ პიტოევი _ ცნობილი ფრანგული `ოთხთა კარტელის~ ერთ-ერთი შემქმნელი. თუკი მისი ქალიშვილის, ანიუტა პიტოევას სიტყვებს დავუჯერებთ, იგი ექვსი წლისა იყო, რომ ნანახი სპექტაკლის შთაბეჭდილებით აღტაცებულმა, მამას განუცხადა ლერმონტოვის `დემონის” დადგმა მსურსო და მამამ სასტუმრო ოთახში `ნამდვილი” თეატრი აუგო რამპით, ფარდით, კულისებით და ჟორჟმა იქ უმცროს ძმებთან და დებთან ერთად კრილოვის იგავ-არაკებისა და `დემონის” ინსცენირება გააკეთა. 1905 წელს, რევოლუციით დაშინებული მისი ოჯახი პარიზში გადავიდა და სწორედ ჟორჟმა, მეუღლესთან, ლუდმილა სმანოვა-პიტოევასთან ერთად, ევროპას არა მხოლოდ უდიდესი რუსი დრმატურგები _ ჩეხოვი, ტოლსტოი, ბლოკი აღმოუჩინა, არამედ `ძველი სამყარო~ ახალი რუსული თეატრის პრინციპებს აზიარა. ჟან კოკტო პიტოევს `თეატრის წმინდანს~ უწოდებდა. Mგასული საუკუნის 20-იან წლებში მისმა დასმა თითქმის დაიპყრო ჟენევა, პარიზი. პიტოევები ნამდვილ აღმოჩენად იქცნენ პარიზის მაყურებლისთვის.

1897 წელს, მას შემდეგ, რაც ფითოევების საოჯახო თეატრში ხანძრის შედეგად სცენის მთელი მოწყობილობა დეკორაციებთან ერთად დაიწვა, ისაიამ საარტისტო საზოგადოებისათვის დიდი შენობის აგება გადაწყვიტა. მისი თხოვნით ქალაქის ხელისუფლებამ გენერალ-მაიორ ნ. რეიტერისა და მისი ძმისაგან მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთი გამოისყიდა და 1898 წელს მშენებლობა კიდეც დაიწყო. ახალი სათეატრო შენობის ასაგებად არქიტექტორების ა. შიმკევიჩისა და კ. ტატიშჩევის პროექტი შეირჩა, მშენებლობის დასაფინანსებლად საჭირო თანხა, იმ დროისთვისაც და მით უმეტეს დღევანდელისთვისაც, უზარმაზარი თანხა, ფითოევების ოჯახის სავაჭრო სახლმა გაიღო.

თეატრისათვის საჭირო ნივთები, იმდროინდელი ტექნიკის საუკეთესო მოწყობილობა, ხავერდის ფარდები, ჭაღები, ქანდაკებები, სარკეები, ყველაფერი საფრანგეთიდან და იტალიიდან გამოიწერეს. თეატრის უკანა ეზოში საგანგებოდ აგებული ელექტროსადგურიდან შენობა საკუთრად მარაგდებოდა ელექტროენერგიით.

`1901 წლის 30 იანვარს, ტეხნიკოსთაგან შემდგარ განსაკუთრებულ კომისიას დაუთვალიერებია `ტფილისის საარტისტო საზოგადოების~ ახალი შენობა, რომელსაც აკურთხებენ კვირას, 4 თებერვალს. ამავე დღეს, სცენის მოყვარეთაგან სათეატრო დარბაზში გამართული იქნება წარმოდგენა ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე.~

`დღეს, 6 თებერვალს, აკურთხებენ `ტფილისის საარტისტო საზოგადოების” ახალს შენობას, ხოლო ზეგ, 8 თებერვალს, სათეატრო დარბაზში პირველი წარმოდგენა გაიმართება. 3 თებერვალს მომხდარ `ტფილისის საარტისტო საზოგადოების~ წევრთა კრებას, სხვათა შორის დაუდგენია, ამ საზოგადოების თეატრში წარმოდგენებს ბილეთების ფასი მოუმატონ სახალხო სახლის სასარგებლოდ პარტერის ბილეთი _ 5კაპ. Dდა ლოჟისას _ 10კაპ.~ იუწყებოდა გაზეთი `ივერია”.

და მართლაც, 1901 წლის 6 თებერვალს, დღის პირველ საათზე, გოლოვინის პროსპექტზე საზეიმოდ აკურთხეს `ტფილისის საარტისტო საზოგადოების~ ახალი გრანდიოზული შენობა. ზეიმს დაესწრო ტფილისის სრულიად წარმომადგენლობითი საზოგადოება, გენერალიტეტი, ტფილისის გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი, ქალაქის თავი, სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეები, ტფილისის საარტისტო საზოგადოების უხუცესთა საბჭო, ბეჭდვითი სიტყვის წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, პუბლიკა. კურთხევის ცერემონიისას გალობდა მთავარგანმკარგულებლის მხლებელთა გუნდი, სასულიერო პირებმა თანმხლებ პირებთან ერთად მთელი შენობა შემოიარეს და ყველამ ერთხმად აღიარა, რომ მშენებლებს ძალ-ღონე არ დაეშურებინათ ხელოვნების ასეთი ღირსეული ტაძრის ასაგებად.

ხოლო 8 თებერვალს, ხუთშაბათს, ახალი თეატრალური ნაგებობა უკვე წარმოდგენით გაიხსნა. საღამოს 8 საათისთვის აქ თავი მოიყარა საზეიმოდ განწყობილმა და მორთულ-მოკაზმულმა საზოგადოებამ. ფარდის ახდისთანავე რუს ბოიართა სამოსში ჩაცმულმა მოყვარულთა გუნდმა ორკესტრის თანხლებით შეასრულა ჰიმნი _ `ღმერთო, ფარავდე მეფეს!~, რომელიც საზოგადოების მოთხოვნით გაიმეორეს; შემდეგ მას მოჰყვა კარგად დადგმული ცოცხალი სურათი _ `რუსეთის კვერთხის ქვეშ გაერთიანებული კავკასიის ხალხები~, ეს სურათიც ასევე რამდენჯერმე გაიმეორეს; მცირე ანტრაქტის შემდეგ კი დაიწყო წარმოდგენა, გრიბოედოვის `ვაი ჭკუისაგან!~, სადაც მთავარ როლებს ტფილისელთათვის კარგად ცნობილი სცენისმოყვარენი: ოპოჩინინი, ბენიამინი, პახომოვი, ტოლუბეევა თამაშობდნენ. სპექტაკლის შემდეგ გამართულმა მეჯლისმა გვიან ღამემდე გასტანა. მილოცვის დეპეშები მიიღეს ქუთაისიდან, ქართული დრამისგან, სხვადასხვა მსახიობისგან.

`საარტისტო საზოგადოების” შენობაში იმთავითვე ქართული და რუსული დასები დამკვიდრდნენ, სპექტაკლებს მართავდნენ თბილისში მოღვაწე სომხური და აზერბაიჯანული დასებიც, თუმცა, შემორჩენილი პროგრამები ცხადყოფს, რომ აქ უმეტესად რუსული თეატრის სპექტაკლები იმართებოდა. რუსები თამაშობდნენ კვირაში _ სამჯერ, ქართველები _ ორჯერ, სომხები და აზერბაიჯანლები _ თითო-თითოჯერ.

1921 წლის 25 ნოემბერს საქართველოს რევკომის დადგენილებით თბილისში არსებულ `არტისტული საზოგადოების თეატრს~ შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა, სათავეში კოტე მარჯანიშვილი ჩაუდგა და თეატრის შენობა მთლიანად ქართულ დასს გადაეცა.

მაგრამ ეს უკვე სრულიად სხვა ისტორიაა. ისაია ფითოევის და მისი ოჯახის ცხოვრება სულ სხვა გზით წარიმართა.

მიუხედავად თავისი ძირითადი საქმიანობის სიავკარგისა, ისაია, საოცრად მორიდებული და უშფოთველი კაცი იყო. სცენაზე მხოლოდ ერთხელ გამოვიდა, ისიც მაშინ, როდესაც ვითომდა ხანძრის გამო შეშფოთებული მაყურებელი დაამშვიდა. თეატრის გახსნიდან რამდენიმე წელიწადში ავად გახდა. ცუდად გრძნობდა თავს, სისუსტეს უჩიოდა და სიცივის შეგრძნებას. Mმიუხედავდა ამისა, სულ მუდამ კულისებში იდგა და წარმოდგენის მსვლელობას მისთვის განკუთვნილი ადგილიდან ადევნებდა თვალყურს. Gგულიც აწუხებდა და ექიმები თეატრში მისვლას უკრძალავდნენ. იძულებული გახდა თეატრში არ მისულიყო, რითაც სიცოცხლის დღეებს კიდევ უფრო იმოკლებდა.

_ ოცი წელი აქ მოვდიოდი და არ გავციებულვარ, ნეტავ ახლა რატომ უნდა გავცივდეო?.. ამბობდა ისაია და ბედის დაცინვა იყო სწორედ, რომ ერთ-ერთ საღამოს სპექტაკლზე გაცივდა, ფილტვების ანთება დაემართა და გარდაიცვალა კიდეც, 1904 წლის 22 აპრილს. Oოჯახმა და ნათესავებმა, სავაჭრო ამხანაგობამ და საარტისტო საზოგადოებამ, მთელმა ტფილისმა დაკარგა გულისხმიერი ადამიანი, მეგობარი, თავგადადებული თეატრალი და ღირსეული ავტორიტეტი. 25 აპრილს, მოღნისის ეკლესიაში, დღევანდელ ლესელიძის ქუჩაზე, ჩატარდა წირვა და მას ანდერძი აუგეს. განსვენებულის პატივსაცემად დიდმა ძალმა საზოგადოებამ მოიყარა თავი, კუბოს 70 გვირგვინი ამკობდა. დაასაფლავეს ხოჯივანქის სასაფლაოზე.

Mსაარტისტო საზოგადოების თეატრის შენობა და საერთოდაც, ფითოევების მთელი ქონება ისაიას ერთადერთი ქალიშვილის, მარგარიტას სახელზე გადაფორმდა. ეს კი საკმაოდ დიდი ქონება იყო: ნავთობგადამამუშავებელი და სავაჭრო საზოგადოება, სახელოსნოები, სამკერვალო ფაბრიკები, გამომცემლობა და სტამბა, თევზის სარეწები ასტრახანში და მტკვარზე, ელსადგური თბილისში, დიდი წილი კომპანიისა `ძმები მირზოევები და ამხანაგობა~ და კიდევ უამრავი სხვა რამ. თავიდან მარგარიტას ნათესავები ედგნენ მხარში, მაგრამ ისინი თანდათან შემოეცალნენ, დანარჩენ კომპანიონებს შორის ქონების გამო დავა გაიმართა და მარტოდ დარჩენილმა ქალმა მთელი ქონება და სანავთობე მიწები, 1915 წელს, კომპანიის წევრს, დავით ბოგდანის ძე იუზბაშევს მიჰყიდა. რევოლუციის შემდეგ კი ყველამ ყველაფერი დაკარგა.

მარგარიტა ფითოევა 1927 წლამდე მუშაობდა რუსთაველის თეატრში, იგი ამ თეატრის კოსტუმების გარდერობს განაგებდა. თეატრის საკადრო აღრიცხვის წიგნში მისი კვალი 1927 წლის შემდეგ იკარგება. Aთბილისის ცენტრიდან იგი თბილისის გარეუბანში გაასახლეს. აღარავინ იცის როგორ წარიმართა მარგარიტას ერთადერთი ქალიშვილის _ ქსენიას ბედ-იღბალი, თითქოს უიღბლო სიყვარულს გადაეგოო!!! სად და როგორ გარდაიცვალა იგი, ან სად არიან დასაფლავებულნი დედა-შვილი?..

ისაია ფითოევის საფლავიც დღეს დაკარგულია, რადგან აღარ არსებობს ხოჯივანქის სასაფლაო.
ჟორჟ პიტოევის შვიდი შვილიდან ზოგი ამერიკაშია, ზოგი _ ევროპაში. თეატრსა და კინოს პარიზში შემორჩა საშა პიტოევი, რომელსაც თავის მხრივ ვაჟი, ბორისი ჰყავდა.
ერთი რამ უდავოა, ფითოევები დიდი თეატრალური მეცენატები იყვნენ და სიხარულთან ერთად დარტყმებიც მრავლად მიიღეს ცხოვრებაში, ზარალიც დიდი ნახეს და… აქეთ-იქეთ გაიფანტნენ.
თბილისში, ფითოევების კვალის ძიებისას მათ მხოლოდ ორ მოგვარეს გადავაწყდი: არაჩვეულებრივ ქალბატონს ნატა პიტოევას, რუსული ენისა და ლიტერატურის ყოფილ მასწავლებელს, რომელმაც უამრავი საინტერესო რამ მიამბო თავისი ოჯახის შესახებ. Gგავიცანი ექიმი მარგარიტა პიტოევა, მან ასევე მომაწოდა საინტერესო მასალა ფითოევების ოჯახის შესახებ. Gგავიცანი ლერმონტოვისა და მახარაძის ქუჩაზე ფითოევების კუთვნილ სახლებში მაცხოვრებელნიც, რომელთაგან ზოგიერთს ფითოევების კუთვნილი ავეჯი უდგას, მათი ჭურჭლეულის ნაშთიცაა აქ შემორჩენილი… ერთგან, მგონი მათი ჭაღიც ჰკიდია… ყოფილა ხალიჩები, ბროლი და ბრინჯაოს ნივთები, მაგრამ დრო ყველაფრის შემმუსრველია.. გადარჩა ცალკეული მოგონებები, რომელთა აკინძვასაც დრო და მოთმინება სჭირდება.

რუსთაველის პროსპექტზე კი დგას უმშვენიერესი და უკეთილშობილესი შენობა სახელწოდებით _ რუსთაველის თეატრი! უმშვენიერესი, რადგან უამრავი არქიტეტურული ღირსებითაა შემკული და უკეთილშობილესი, რადგან ხელოვნების უმთავრეს დანიშნულებას ემსახურება _ მიანიჭოს ადამიანს ბედნიერება.
Aამ შენობის კედელთა ჩრდილში მშვიდად სუნთქავს ადამიათა მახსოვრობა, თბილისის ისტორია.

***

რუსთაველის თეატრის შემოქმედებითი გზა

რუსთაველის თეატრის შემოქმედებითი ისტორია ბუნებრივად ითავსებს XX საუკუნის დასაწყისში აქ მოღვაწე არტისტული საზოგადოების თეატრის ისტორიას. წლების მანძილზე მის სცენაზე სპექტაკლებს წარმოადგენდნენ რუსული, ქართული, სომხური და აზერბაიჯანული დასები, ტარდებოდა რეპეტიციები; თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მაშინ სპექტაკლის მზადების პროცესი დიდხანს არ ჭიანურდებოდა; დაისწავლიდნენ თუ არა მსახიობები ტექსტებს და არც იმდენად რთულ მიზანსცენებს, ფაქტობრივად პრემიერასაც მართავდნენ, მით უმეტეს, რომ სცენაზე, მსახიობებთან ძალიან ახლოს იდგა `სუფლიორის ბუდკა~. ყოველი პრემიერა ხალხმრავალ დასწრებას უზრუნველყოფდა და აქედან გამომდინარე, შემოსავალსაც. ახალი კოსტუმებითაც არ იყვნენ დიდად განებივრებულნი, დეკორაციებად ერთი სპექტაკლიდან _ მეორეში თემატურად მოგზაური, ძირითადად ტილოზე დახატული პანორამები გამოიყენებოდა; იყო გამორჩეული დადგმებიც, რომელთა რეჟისორები ხარჯებს არ ერიდებოდნენ და გავლენიან ჩინოვნიკებსა თუ ტიფლისელ მოქალაქეებს ქველმოქმედებისათვის აწუხებდნენ. მაგრამ რეჟისორებიც რომ არ იყვნენ მრავლად იმდროინდელ ტიფლისში?.. ამგვარი საქველმოქმედო ამბები დიდის ხმაურით აღინიშნებოდა ხოლმე იმდროინდელ პრესაში. იმ პერიოდში დადგმული სპექტაკლების თუნდაც მცირე ჩამონათვალი მოწმობს რა ვრცელი იყო მათი რეპერტუარი: სოფოკლეს `ანტიგონე~, შექსპირის `ოტელო~, ფრ. შილერის `ყაჩაღები~, გ. ჰაუპტმანის `მარტოსულნი~, ა. ოსტროვსკის `მგლები და ცხვრები~, `უდანაშაულო დამნაშავენი~, `უმზითვო~, `ტყე~, ნ. გოგოლის `რევიზორი~, `ქორწინება~, `შეშლილის წერილები~, ა. გრიბოედოვის `ვაი ჭკუისაგან~, თ. დოსტოევსკის `იდიოტი~, ჩეხოვის `სამი და~, ლ. ანდრეევის `ანათემა~, `შავი ნიღბები~, ფ. კორშის `მაჭანკალი~, `ორი ყმაწვლი~, ი. ბაბეცკის `სასიყვარულო თამაშები~, პ. ვოლფის `ქორწინება~, ნ. გნედიჩის `ხუტორზე~, ვ. ალექსანდროვის `ახალ ოჯახში~, გრ. სუნდუკიანის `პეპო~, კ. ოსტეროჟსკის `ახალი თაობა~, კნობლუხის `ფავნი~, ზუდერმანის `სამშობლო~, უაილდის `ლედი უინდერმირის მარაო~ და მრავალი სხვა.
საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცული მასალების მიხედვით შეგვიძლია არტისტული საზოგადოების თეატრის მუშაობის გრაფიკსაც გავადევნოთ თვალი. სპექტაკლები თითქმის ყოველ დღე იმართებოდა, შაბათ-კვირას _ დილითა და საღამოთი; ხშირად იყო საბავშვო წარმოდგენები, საფორტეპიანო თუ კამერული მუსიკის კონცერტები; სპექტაკლების შემდეგ მაყურებელი, როგორც წესი, სამეჯლისო დარბაზში ინაცვლებდა საცეკვაოდ. კონცერტები საღამოს 9 საათზე იწყებოდა, წარმოდგენები _ 8 საათზე. ანტრაქტები 15-20 წუთს გრძელდებოდა ხოლმე. თეატრალურ მუზეუმში დაცული სპექტაკლების პროგრამათა უმეტესობა რუსულ დრამას ეკუთვნის. ისინი ძირითადად კარგი ხარისხის თხელ ქაღალდზეა ნაბეჭდი, მაგრამ არის გამორჩეულიც, ლურჯი აბრეშუმის ნაჭერზე გადატანილი; ძალიან იშვიათია სხვა ენებზე დაბეჭდილი პროგრამები.
1901 წლიდან მოყოლებული 1919 წლამდე სპექტაკლების დადგმები ეკუთვნოდათ: ა. წუწუნავას, ა. ტუგანოვს, მ. შუხმინს, ნ. სმურსკის, ა. ბრიანცევს, პ. ჰაიდებუროვს, ვ. რაზსუდოვ-კულიაბკოს, ა. ზინოვიევს, ა. უგრიუმოვს; სცენაზე იდგნენ მსახიობები: ე. ვეიმანი, ს. მარქსი, მ. ბელეცკაია, მ. ფითოევა-ბელეცკაია, ვ. თუმანოვი, კ. ტატიშჩევი, ა. ბაბინი, ა. ამალინი, პ. ოპოჩინინი, ვ. ვეჩესლეცევი, ტ. ტამარინა, ე. გლობა, მ. პეტროვსკაია, ნ. სკარსკაია, გ. გალინსკი, ნ. პეტროვი, ზ. კირიევსკაია, მ. ბარუსინა, მ. სმირნოვა, გ. ავლი, ა. კუდრიავცევი, გ. ფითოევი, დ. ვირუბოვი, ე. დონაური, ვ. იახონტოვი და კიდევ სხვები. დეკორაციების შექმნაში მონაწილეობდნენ მხატვრები: გ. ტოლმაჩოვი, პ. დორონინი, პ. ჰაიდებუროვი, ს. მიაგკოვი.

`არტისტული საზოგადოების თეატრის~ ჩამოყალიბებაში დიდი როლი მიუძღვით სტ. და ვ. მარქსებს, ასევე ანტრეპრენიორს, რეჟისორსა და მსახიობს ა. იაბლოჩკინს, რომელიც საგანგებოდ მოიწვიეს მოსკოვის მცირე თეატრიდან. ტფილისის სცენაზე დაიწყეს თავისი სამსახიობო კარიერა ა. იაბლოჩკინამ, ა. ლენსკიმ, ო. Pპრავდინმა, ა. სუმბათაშვილ-იუჟინმა; აქ გასტროლებით იმყოფებოდნენ: გ. ფედოროვა, მ. ერმოლოვა, მ. სავინა, ვ. კომისარჟევსკაია, პ. სტრეპეტოვა, ვ. დავიდოვი, კ. ვარლამოვი, ნ. ორლენევი, პ. ლენსკი, ნ. ხოდოტოვი, ვ. დალმატოვი, ძმები ადელგეიმები… 1904-1905 წლების სეზონში `არტისტული საზოგადოების თეატრის~ სცენაზე გამოდიოდა `ახალი დრამის ამხანაგობა~ ვს. მეიერხოლდის ხელმძღვანელობით.

1921 წლიდან `არტისტული საზოგადოების თეატრს~ უკვე შოთა რუსთაველის სახელი ეწოდება. ამაზე დიდებული სახელი ქართულ სინამდვილეში, რაღა თქმა უნდა, ვერ მოიძებნებოდა. ადამიანებმა, რომლებმაც მოღვაწეობა ამ შენობაში გააგრძელეს, ქართული ხელოვნების სამსახურში განვლილი ცხოვრებით, ხშირად სიცოცხლის ფასად, საკაცობრიო იდეალებისა და ჭეშმარიტ ფასეულობათა ერთგულება დაამტკიცეს.

რუსთაველის თეატრის _ სრულიად ქართული თეატრის სამართალმემკვიდრის შემოქმედებითი გზა იმდენად მრავალფეროვანია, რომ ტოლს არ უდებს დიდი თეატრალური ტრადიციების ქვეყნებს; მის სცენაზე დადგმული პიესების სახელწოდებათა მხოლოდ ჩამოთვლით მთელ მსოფლიო დრამატურგიას მოვიცავთ. ქართულ თეატრში მოღვაწეობდნენ ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი და ი. მაჩაბელი; რეჟისორ – რეფორმატორები: კოტე მარჯანიშვილი და სანდრო ახმეტელი, დიმიტრი ალექსიძე, მიხეილ თუმანიშვილი, რობერტ სტურუა და თემურ ჩხეიძე; რეჟისორები: ი. ბებუთაშვილი, გ. თუმანიშვილი, ლ. მესხიშვილი, ვ. შალიკაშვილი, მ. ქორელი, ა. ფაღავა, ა. წუწუნავა, კ. ანდრონიკაშვილი, ვ. გუნია, ნ. გამრეკელი-თორელი, დ. ანთაძე, შ. აღსაბაძე, კ. პატარიძე, ა. ვასაძე, ა. ხორავა, ს. ჭელიძე, შ. მესხი, ა. დვალიშვილი, ა. ჩხარტიშვილი, რ. მირცხულავა, გ. ლორთქიფანიძე, ბ. კობახიძე, გ. ჟორდანია, მ. ჯალიაშვილი, ნ. ხატისკაცი, თ. მაღალაშვილი, გ. ქავთარაძე, გ. ტოვსტონოგოვი, ლ. იოსელიანი, მ. კუჭუხიძე, ა. ვარსიმაშვილი, გ. სიხარულიძე, ს. მრევლიშვილი, გ. ანთაძე, რ. ჩხაიძე, ლ. ბურბუთაშვილი, გ. თავაძე, ო. ეგაძე, ლ. წულაძე, დ. ანდღულაძე, გ. კაპანაძე, ა. ენუქიძე, დ. მღებრიშვილი, დ. საყვარელიძე, გ. გოშაძე; მხატვრები: ვ. სიდამონ-ერისთავი, ი. გამრეკელი, ა. ზალცმანი, ი. კარსლიანი, კ. ზდანევიჩი, ნ. უშინი, მ. შავიშვილი, ლ. გუდიაშვილი, გ. იაკულოვი, ნ. პელიონკინი, დ. თავაძე, ს. ქობულაძე, ს. თევზაძე, მხატვარი თ. აბაკელია, ი. შარლემანი, ე. ახვლედიანი, კ. სანაძე, დ. კაკაბაძე, ფ. ლაპიაშვილი, ი. შტენბერგი, ი. ასკურავა, ი. სუმბათაშვილი, ო. ლითანიშვილი, ო. ქოჩაკიძე, ა. სლოვინსკი, ი. ჩიკვაიძე, შ. ყავლაშვილი, მ. მალაზონია, თ. მურვანიძე, ნ. (კოკა) იგნატოვი, ზ. ნიჟარაძე, შ. სამხარაძე, გ. გუნია, ა. კაკაბაძე, გ. მესხიშვილი, გ. ლაფაჩი, მ. ჭავჭავაძე, ა. რამიშვილი, თ. სუმბათაშვილი, გ. მესხიშვილი, თ. ხუციშვილი, მ. შველიძე, ი. იმერლიშვილი, ი. გეგეშიძე, თ. გომელაური, თ. ნინუა, შ. შეყლაშვილი, გ. მიქელაძე, შ. გლურჯიძე, ე. მაღალაშვილი, ნ. ჩიტაიშვილი, პ. რუდჩიკი, ბ. ჯანაშია, ა. ნინუა, ა. რიაბოშენკო.
მსახიობთა თანავარსკვლავედები, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ თეატრალურ სცენებზე გაბრწყინდებოდნენ: ვასო აბაშიძე, ნატო გაბუნია, მაკო საფაროვა-აბაშიძისა, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ეფემია მესხი, ვერიკო ანჯაფარიძე, თამარ ჭავჭავაძე, თამარ წულუკიძე, ლადო მესხიშვილი, ვალერიან გუნია, ალექსანდრე იმედაშვილი, კოტე მესხი, უშანგი ჩხეიძე, აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ვასო გოძიაშვილი, სერგო ზაქარიაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე, გიორგი გეგეჭკორი, ედიშერ მაღალაშვილი, მედეა ჩახავა, სალომე ყანჩელი, ზინა კვერენჩილაძე, ბელა მირიანაშვილი, იზა გიგოშვილი;

რუსთაველის თეატრში კვლავაც აგრძელებენ შესანიშნავ შემოქმედებით ტრადიციებს: გურამ საღარაძე, ჯემალ ღაღანიძე, კახი კავსაძე, დათო პაპუაშვილი, სოსო ლაღიძე, ზაზა ლებანიძე, ნანა ფაჩუაშვილი, ჟანრი ლოლაშვილი, თათული დოლიძე, მანანა გამცემლიძე, მარინა ჯანაშია, მარინა კახიანი, დათო უფლისაშვილი, დარეჯან ხარშილაძე, ნინო კასრაძე, ლელა ალიბეგაშვილი, ნანუკა ხუსკივაძე, ნინო თარხან-მოურავი, ნინო არსენიშვილი, მარიკა ჭიჭინაძე, ნანა ლორთქიფანიძე, ზაზა პაპუაშვილი, ლევან ბერიკაშვილი, მურმან ჯინორია, სოსო აბრამიშვილი, დათო კვირცხალია, თენგიზ გიორგაძე, ვანო გოგიტიძე, ტრისტან სარალიძე, მალხაზ ქვრივიშვილი, თეიმურაზ ჭიჭინაძე, დატო დარჩია, გოგა გველესიანი, გელა ოთარაშვილი, ირაკლი მაჭარაშვილი, ზაალ ჩიქობავა, ეკა მინდიაშვილი, ია სუხიტაშვილი, მამუკა ლორია, გელა ლეჟავა, დატო გოცირიძე, ზურაბ შარია, ზვიად პაპუაშვილი, ზურა ინგოროყვა, ბესო ზანგური, გიორგი ბარბაქაძე, ქეთი ხიტირი, ბაჩო ჩაჩიბაია, გაგი სვანიძე, პაატა გულიაშვილი, ნიკა ქაცარიძე, ლევან ხურცია, ზაალ ბარათაშვილი, ნინო და რუსუდან მაყაშვილები, ეკა მოლოდინაშვილი…

სპექტაკლების მთელი კასკადი: `სამშობლო~, `ხანუმა~, `ბერდო ზმანია~, ,,ღალატი”, ,,სინათლე”, `ცხვრის წყარო~, `მზის დაბნელება საქართველოში~, ,,მალშტრემ”, `ჰამლეტ~, `მზეთამზე~, ,,სალომეა”, ,,ლონდა”, ,,ზაგმუკ”, `რღვევა~, `ანზორ~, `ლამარა~, `თეთნულდ~, ,,Iნ ტირანნოს~ (`ყაჩაღები~), ,,სასტუმროს დიასახლისი”, `ოტელო~, ,,სირანო დე ბერჟერაკი”, ,,დიდი ხელმწიფე”, ,,ორი ბატონის მსახური”, ,,სადგურის უფროსი”, `ოიდიპოს მეფე~, `ადამიანებო, იყავით ფხიზლად~, `პეპო~, ,,ახალგაზრდა მასწავლებელი”, ,,ფილოსოფიის დოქტორი”, `ესპანელი მღვდელი~, ,,ამბავი სიყვარულისა”, `როცა ასეთი სიყვარულია~, `ბახტრიონი~, ,,ფიროსმანი”, `ჭინჭრაქა~, ,,მეტეხის ჩრდილში”, `სეილემის პროცესი~, ,,მდაბიონი”, `ანტიგონე~, ,,სამანიშვილის დედინაცვალი”, `გუშინდელნი~, `ბერნარდა ალბას სახლი~, `ყვარყვარე~, `კავკასიური ცარცის წრე~, `ქალის ტვირთი~, `რიჩარდ III~, ,,ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე”, ,,ანა ფრანკის დღიური”, `მეფე ლირი~, ,,დედაო ღვთისავ”, `სეჩუანელი კეთილი ადამიანი~, ,,იაკობის სახარება”, `მაკბეტი~, `ლამარა~, `ქალი-გველი~, `კაცია-ადამიანი?!~, `ჰამლეტი~, `შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ~, `გოდოს მოლოდინში~, `სტიქსი~, ,,ჭალას ჩიტი მომკვდარიყო”, ,,მოხუცი ჯამბაზები”, `ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი~…

რუსთაველის თეატრის წარმატებულ საზღვარგარეთულ ტურნეებს მოწმობს უამრავი საგაზეთო პუბლიკაცია, რეცენზია, სტატია; ათეული წლების მანძილზე იწერება ნაშრომები და კვლევები ამ თეატრის შესახებ; იბეჭდება წიგნები, ალბომები, კატალოგები; დიდია საზოგადოებისა და მკვლევართა ინტერესი; დიდია ხალხის სიყვარული და პატივისცემა ხელოვნების ამ ნათელ ტაძარში მოღვაწე ადამიანების, მათი შემოქმედების მიმართ, რადგან როგორც ილია ჭავჭავაძე წერდა: `…თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერ-ჯერობით ჩვენ არა გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს, სადაც ჩვენის ენით ვილხენთ, ჩვენის ენით ვინაღვლებთ, ჩვენის ენის მოწყალებით გავიტარებთ თვალ-წინ ჩვენს ცხოვრებასა მთელის მისის ჭკუისა და გულის მონაგარითა…~.

…და კვლავაც ილია ჭავჭავაძე… სცენა რობერტ სტურუას მიერ 2000 წელს დადგმული სპექტაკლიდან `კაცია ადამიანი?!~

`დარეჯანი _ ხალხო, მოდით აქა, ამბავს გიამბობთ სასწაულსა…
ლუარსაბი _ გაიგე, ფშაველას რა უთქვამს?..
გოგოები _ ჩუ, ჩუ, ჩუ…
დარეჯანი _ ლუარსაბ, ის ხე ბოროტისა და კეთილისა რუსთ ხელმწიფის ბაღში ოქროს ოთახშია გამოკეტილი…
რუსი _ Какая чушь…
დარეჯანი _ какая чушь?.. იმ ხესა ქვიშაზედ უმრავლესი რუსის ჯარი ახვევია…
რუსი _ Не правда это, Луарсаб…
ლუარსაბი _ მოიცა ეხლა რუსო! ის ხეც თქვენთან არის?..
რუსი _ Это не правда, это сказки, не правда…
ლუარსაბი _ Pპრავდა, Pპრავდა…
პამპლა _ Pპრავდა, Pპრავდა…
ლუარსაბი _ აფსუს, მეფე ერეკლე?!.
(რუსი იცინის)
ვაჟამა თქვა, ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოსაც მოჰკლავდნენო…
რუსი _ Розговорчики, розговорчики, я запрещаю говорить такие вещи!..
დარეჯანი _ ეგა ყველაფერი ვაჟამა თქო…
რუსი _ Прекратить!..
(დარეჯანი ნაბიჯს გადადგამს)
На место!..
(დარეჯანი გაჩერდება)
Вот так!..
პამპლა _ `მხოლოდ შენ ერთს… სიყვარული, სიხარული……~
რუსი _ Замечательные песни у вашего народа, и танцы…
ლუარსაბი _ ღვინოც…
რუსი _ Чача-ц…
(დარეჯანი იღიმება)
ლუარსაბი _ ერთი შენი…~

***
გამოყენებული ლიტერატურა:

ცსსა მასალები, კოლექცია #1446, ფ.3, ფ.4, ფ5, ფ.482
ვ. ბერიძე `ძველი ქართული ხუროთმოძღვრება” თბ. `ხელოვნება~ 1974 წ.
რ. საყვარელიძე `ქართული თეატრის ისტორიიდან” თბ. `ხელოვნება~ 1956 წ.
ვ. ბერიძე `თბილისის ხუროთმოძღვრება 1801-1917წ.წ. თბ. `საბჭოთა საქართველო~ 1960 წ.
ა. იოვიძე `მასალები თბილისის თეატრების ისტორიისათვის” თბ. 1961 წ.
გ. ყაჯრიშვილი `საქართველოს თეატრალურ ნაგებობათა ისტორიისათვის“ `თეატრალური მოამბე” 1987 წ.
შ. კაშმაძეE`თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი” თბ. `ხელოვნება~ 1950 წ.
თ. კვირკველია `ნარკვევები თბილისის ქალაქთმშენებლობის ისტორიიდან” ჟ. `საბჭოთა ხელოვნება” 1978 წ.
გ. ბუხნიკაშვილი `ქართული თეატრი ასი წლის მანძილზე” თბ. `სახელგამი~ 1950 წ.
მ. მირიანაშვილი, ქ. მუშკუდიანი `რუსთაველის თეატრის შენობა” ჟ. `ძეგლის მეგობარი” 1987 წ. #3
თ. კვირკველია `რუსთაველის თეატრის რეკონსტრუქციის გამო” ჟ. `საბჭოთა ხელოვნება” 1988 წ. #11
თ. ტაბატაძე, მ. ჩიხრაძე `კაფე `ქიმერიონის” მოხატულობა” ჟ. `ფრესკა” 1987 წ. ჟ. `სპექტრი” #1
თ. კვირკველია `ძველი თბილისი” თბ. `საბჭოთა საქართველო~ 1984წ.
ი. ციციშვილი `სათეატრო შენობები” ხელოვნება 1977 წ.
ი. დოლიძე სადისერტაციო ნაშრომი `სათეატრო არქიტექტურა საქართველოში” 2003 წ.
მ. ჩიხრაძე `თბილისი 1910-1921 წლებში~ 1910 წ. Aღშ GEOღGIჩA სერია B
`Театр в тифлисе с 1845-56 год~ тифлис 1888г.
В.А Шретер `конкурентный проект театра в г. Тифылис~ ж. `зодчий~ 1879 г. 103-4


Responses

  1. მადლობა საინტერესო ისტორიისთვის

    http://highlander-ge.blogspot.com/2012/03/blog-post_11.html

  2. ფანტასტიური სტატიაა! გამაოგნებელი!

    ერთი შენიშვნა უბრალოდ – საბჭოთა ხელისუფლების დამყარება კი არა საქარტჳელოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობა და ოკუპაცია.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: