ნარგიზა კანკია – კინოგადაცემა “წითელი ზონა”
საქართველოს ტელევიზიაში დიდი ადგილი დაიკავა “მასობრივმა კულტურამ.” ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებს აქ იშვიათად ვხვდებით. არც კინოხელოვნება წარმოადგენს ამ მხრივ გამონაკლისს. იაფფასიანი ტელესერიალებისა და დაბალი დონის ფილმების დემონსტრირება ჩვეულებრივი მოვლენა გახდა (ფილმის მაღალტექნიკური ხარისხი ამ შემთხვევაში არაფერს ცვლის). მეტიც, ზოგიერთი მათგანი საშიში იდეოლოგიის მატარებელიც არის (ბევრ ქვეყანაში ასეთი კინოსურათების გავრცელებას ყველანაირად ეწინააღმდეგებიან). ამ სიტუაციაში გადაცემა “წითელი ზონა” აღმოჩნდა ის ერთ-ერთი გამონაკლისი, რომელიც კინოსმოყვარულებს მშველელად მოევლინა.
მაინც რას წარმოადგენს “წითელი ზონა”, რა ფუნქციებს ასრულებს ის და როგორ აღწევს დასახულ მიზანს? სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდებით წარმოდგენილ ნაშრომში. დაკვირვების პერიოდად ავიღეთ გადაცემის პირველი ექვსი თვე, რომლის შემდეგაც მან რამდენიმე ხნით შეწყვიტა არსებობა.
კინოგადაცემა “წითელი ზონა” 2007 წლის 27 ნოემბრიდან გამოჩნდა ეთერში. მას წარმოგვიდგენს “საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი” რადიო “თავისუფლებასთან” ერთად. იგი ყოველკვირეული გადაცემაა და ეთერში გადის პარასკევობით 23 საათზე. მისი ავტორი და წამყვანია კინომცოდნე გიორგი გვახარია. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საიტზე განთავსებულ ოფიციალურ ანოტაციაში ეწერა, რომ “წითელი ზონა” მთლიანად კომუნისტურ ხელოვნებას ეძღვნება, უფრო სწორად, მის ხელახალ წაკითხვას, ახალი კუთხით დანახვას წარმოადგენს.
საინტერესოა, რომ ამ საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობას თვალსაჩინოებისთვის თან ახლავს შესაფერისი მასალები, როგორც მხატვრული და დოკუმენტური ფილმებიდან, ისე სატელევიზიო გადაცემებიდან, სპექტაკლებიდან და სხვ.
***
***
“წითელი ზონის” პირველ ბლოკში მცირე მოცულობის სიუჟეტქრონიკაში წარმოდგენილია განსახილველი თემის შინაარსი და მიმართულება, რის შესახებაც შემდეგ მიმდინარეობს საუბარი მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. ბოლოს კი ხდება ფილმის (ზოგჯერ კი სპექტაკლის) დემონსტრირება, რომელიც უფრო ხშირად მხატვრულ კინემატოგრაფს განეკუთვნება, თუმცა, ეს გადაცემა არც დოკუმენტური ფილმის ნაკლებობას განიცდის, რადგან იგი უხვად არის წარმოდგენილი ფრაგმენტების სახით.
“წითელი ზონის”კინორეპერტუარზე საუბარს ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით, რათა უფრო ნათელი გახდეს ამ გადაცემის ფუნქცია და სახე, მაგრამ მანამ ხაზი გვინდა გავუსვათ იმ საკითხს, რომ “წითელი ზონა” ძალიან დიდ იდეოლოგიურ ფუნქციას ასრულებს, მაგრამ იგი, როგორც კინოგადაცემა, მთლიანობაში მაინც შემეცნებითი გადაცემაა და ადამიანთა ინტელექტუალური დონის ამაღლებაზეა ორიენტირებული. მიუხედავად ამისა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იგი უფრო იდეოლოგიზირებულია, ვიდრე “სარკმელი” და “ფსიქო” (თუ მხედველობაში არ მივიღებთ “ფსიქოს” მიერ ჩატარებულ პიარ კამპანიას 2003-2004წლების საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს).
***
***
ამ გადაცემის იდეოლოგიური ხასიათი იკვეთება როგორც რუბრიკა- სათაურში “წითელი ზონა” –ისე იმ ფაქტითაც, რომ გადაცემა მიმდინარეობს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმიდან.
გიორგი გვახარიას ეს გადაცემა მართლაც ტრიალებს კომუნისტური რეჟიმის ირგვლივ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მხოლოდ ამ უმკაცრესი დიქტატურის პერიოდს ეხება. თანამედროვე პერიოდშიც ხომ მრავალი “წითელი ზონა” გვაქვს, რაც აუცილებლად უნდა ვაღიაროთ და მისგან გამოსვლის გზები ვეძებოთ, თორემ მხოლოდ წარსულის განქიქებით და მიმდინარე მოვლენებზე თვალის დახუჭვით ვერაფერს მოვიმკით და ისევ იმ პერიოდში ჩავრჩებით. აი, ამიტომაც “წითელი ზონა”კომუნისტური ხელოვნების მართლაც ხელახალი წაკითხვითა და ახალი კუთხით დანახვით თანამედროვე ხელოვნებას და საერთო ვითარებას ეხმაურება, რითაც, ჩვენი აზრით, ძალიან დიდ საქმეს აკეთებს.
“წითელი ზონისთვის” გიორგი გვახარიას მიერ არჩეული თემები მართლაც საინტერესოდ და აქტუალურად შეიძლება ჩაითვალოს. ეს თემები თავისი მრავალფეროვნებით თითქოს აბნევენ მაყურებელს, მაგრამ მათ აერთიანებთ ერთი საერთო რამ-თითოეული გადაცემა მიმართულია ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ, ეს იქნება ფიზიკური ძალადობა, ადამიანის ფიზიკურად დასჯა, მისი განადგურება, თუ პიროვნების სულიერებაზე ზემოქმედება, რომელიც უამრავი თავსმოხვეული აზრებით, მითებით, აკრძალვებით და ა.შ. გამოიხატება.
***
***
აკრძალული თემები კი საბჭოთა პერიოდში მართლაც ძალიან ბევრი იყო და შესაბამისად მითებიც მრავლად გვხვდებოდა. მაგალითად, საბჭოთა ჯარის უძლეველობის შესახებ, კომუნისტური პარტიისა და მისი “უმცროსი ძმის” – კომკავშირის – უმწიკვლობაზე, საბჭოთა რესპუბლიკებისა და საერთოდ, სოციალისტური ბანაკის ქვეყნების ურყევ მეგობრობაზე და ა.შ. უნდა ითქვას, რომ ამ მითების გავრცელებასა და დანერგვაში მასობრივი ინფორმაციისა და პროპაგანდის საშუალებებს (როგორც მას იმ პერიოდში უწოდებდნენ) და კერძოდ, ტელევიზიას, დიდი წვლილი მიუძღოდა.
ასევე მნიშვნელოვანი იყო სოციალისტური სისტემის დროს კინოხელოვნების როლი მასების კომუნისტურ აღზრდაში. ე. წ. გარდაქმნის წლებიდან ვითარება ნელ- ნელა შეიცვალა და ეს აისახა საქართველოს კინოგადაცემებზეც _ მრავალ თემას ტაბუ მოეხსნა, მაგრამ სრულ თავისუფლებაზე საუბარი არც შემდეგ წლებში შეიძლებოდა. დემოკრატიის დეფიციტი შერჩა როგორც საერთოდ ტელევიზიას, ისე კინოგადაცემებს. ამის დასადასტურებლად შეძლება დავასახელოთ გ. გვახარიას ადრინდელი გადაცემების “სარკმელი” (“სახელმწიფო ტელევიზია”), “ფსიქო” (“რუსთავი-2″) და “თავისუფლების თეორემა” (ტელეკომპანია “იმედი”) დახურვა. რაც შეეხება კინოგადაცემა “წითელ ზონას”, ის 2008 წლის ივნისში შეწყდა და მხოლოდ 2009 წლის მარტში გამოჩნდა, ისევ საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” ეთერში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი, ისევე როგორც “ფსიქო” (ვარდების რევოლუციის შემდეგ), შესაძლებელია, ხელისუფლებისათვის მიუღებელი იდეოლოგიის მატარებელი იყოს.
***
***
როცა თვალი გადავავლეთ “წითელი ზონის” თემებს, ერთხელ კიდევ დავრწმუნდით იმაში, რომ საბჭოთა იდეოლოგიაზე საუბარი ძალიან ეფექტურია ისევ კომუნისტური მითების გამავრცელებელი საშუალებების –კინოსა და ტელევიზიის – ამ ორი გიგანტის სინთეზით, რადგან კინო + ტელევიზია უფრო მეტია, ვიდრე თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.
“წითელ ზონაში” წარმოდგენილ ყველა თემას და ფილმს, ცხადია, ვერ შევეხებით, მაგრამ რამდენიმე მათგანზე მაინც გვინდა ყურადღება გავამახვილოთ. კერძოდ, უფრო დეტალურად გავჩერდებით დოკუმენტურ ფილმებზე, რადგან მათი რაოდენობა ბევრად ნაკლებია, და თანაც, ხუთიდან ოთხი ფილმის პრემიერა სწორედ ამ კინოგადაცემაში შედგა, ვფიქრობთ, ამით უფრო გასაგები გახდება, თუ რაზე ლაპარაკობენ და რას აჩვენებენ ამ გადაცემაში. აღსანიშნავია, ალბათ, ის ფაქტი, რომ პირველად გადაცემა რადიო “თავისუფლებაზე” საუბრით გავიდა ეთერში, რადგან ის საბჭოთა პერიოდში მტრულ რადიოთა რიგში მოისაზრებოდა (გადაცემის პირველ ბლოკში აჩვენეს პატარა სიუჟეტი რადიო “თავისუფლების” შესახებ). თანაც ამით, ვინაიდან ეს პროექტი “საზოგადოებრივი მაუწყებლისა” და რადიო “თავისუფლების” ერთობლივ პროექტად გამოცხადდა, გადაცემის პირველივე დღესვე გამოიკვეთა “წითელი ზონის” მიმართულება.
ეს გადაცემა კი დამთავრდა ფილმით “გუდბაი ლენი” (რეჟ. ვოლფგანგ ბეკერი), რომლითაც მაყურებელმა ერთხელ კიდევ დაინახა, თუ როგორ ამახინჯებდა სოციალისტური იდეოლოგია ადამიანების სულიერ სამყაროს. ამიტომ სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ მას. (ცხადია, ამაზე მიუთითებს ფილმის სახელწოდებაც).
***
***
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ “წითელი ზონის” კინორეპერტუარი წინა გადაცემებისგან – “სარკმელი” და “ფსიქო” _ განსხვავებით, ძირითადად ორიენტირებულია ქართულ და რუსულ კინემატოგრაფზე, რასაც თავისი ლოგიკური ახსნა აქვს (გადაცემის ფუნქციიდან გამომდინარე), თუმცა, მასში არც უცხოური კინოხელოვნებაა იგნორირებული და გოგი გვახარია საჭირო შემთხვევაში მათაც მიმართავს (როგორც პირველივე გადაცემაში ვნახეთ).
რიგით მეორე გადაცემა მიეძღვნა ე.წ. “პერესტროიკას”. იგი წარმოდგენილი იყო სათაურით “დაგვიანებული გარდაქმნა”. მასში ჯერ გაგვახსენეს 1985-1988წწ საქართველო (თეო ხატიაშვილის სიუჟეტი), რომელსაც მოჰყვა სტუმართან საუბარი (ნ. გელაშვილი) შესაბამისი დოკუმენტური კადრებით (ზურა ჭავჭავაძის მიტინგზე გამოსვლა) და ფილმით (“70 შეკითხვა”, რომელშიც ზურაბ ჟვანია არის დაფიქსირებული).
***
***
მესამე ბლოკში კი გ.გვახარიას წინასიტყვაობის შემდეგ წარმოგვიდგინეს ტატო კოტეტიშვილის ფილმი “ანემია”. სხვათაშორის, ეს სწორედ ის ერთ-ერთი ფილმთაგანია, რომელზეც საუბარი კინოგადაცემათა რედაქციის თანამშრომლებს თავის დროზე გარდაქმნის მონაპოვრად მიაჩნდათ.
უნდა ითქვას ისიც, რომ სასაუბრო თემისთვის შერჩეული ფილმები, რომელთა დიდი ნაწილი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართულია, არ განეკუთვნება აშკარა პროპაგანდისტულ ფილმთა კატეგორიას და ისინი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენს. ვფიქრობთ, ამის დასადასტურებლად მათი ჩამოთვლაც კი იკმარებს. აი, ისინიც: “ნეილონის ნაძვის ხე” (რეჟ. რ. ესაძე), “პასტორალი” (რეჟ. ო. იოსელიანი), “დიდი მწვანე ველი” (რეჟ. მ. კოკოჩაშვილი), “პირველი მერცხალი” (რეჟ. ნ.
მჭედლიძე) და სხვა.
თუ ამ ფაქტთან დაკავშირებით იმის თქმა შეიძლება, რომ შიშველი პროპაგანდისტული მეთოდები ქართული კინემატოგრაფისთვის მაინც და მაინც არც არასოდეს ყოფილა დამახასიათებელი თვისება, ამას, ცხადია, ვერ ვიტყვით რუსულ კინოხელოვნებაზე, მაგრამ გოგი გვახარია, ჩვენი აზრით, ცდილობს ამ შემთხვევაშიც მაყურებელს წარუდგინოს პლაკატურობისგან თავისუფალი ნიმუშები. მაგ. “მიფრინავენ წეროები” (რეჟ. მ. კალატოზიშვილი), “ზეასვლა” (რეჟ. ლარისა შეპიტკო), “სხვისი წერილები” (რეჟ. ილია ავერბახი) “ჩვენ ჯაზიდან ვართ” (რეჟ. კარენ შახნაზაროვი) და სხვ. თუმცა, აქვე გვინდა ვთქვათ, რომ ამ ქვეყნის ნამდვილი პროპაგანდისტული ფილმები უხვად გვხვდება საუბრის მსვლელობის დროს ფრაგმენტების სახით, მაგ. ს. ეიზენშტეინის “ჯავშნოსანი პოტიომკინი,” ა. დოვჟენკოს “დედა” და სხვ. (ცხადია, ჩვენ არ უარვყოფთ ამ ფილმების რეჟისორთა ძალიან დიდ როლს კინემატოგრაფის განვითარებაში). არაფერს ვამბობთ იმ საზღვარგარეთული ფილმების პროპაგანდისტულობაზე, რომლებიც გოგი გვახარიამ წარმოგვიდგინა ამ კინოგადაცემაში, რადგან პლაკატურობა, აშკარა პროპაგანდისტულობა ძირითადად მაინც საბჭოთა კინემატოგრაფისთვის არის დამახასიათებელი თვისება. ალბათ, ეს არის იმის მიზეზი, რომ საზღვარგარეთული ფილმი შედარებით მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი ამ გადაცემაში. სამაგიეროდ, კინოფრაგმენტები ძალიან ხშირად სხვადასხვა ქვეყნის კინოხელოვნებას განეკუთვნება.
აქვე ისიც გვინდა აღვნიშნოთ, რომ გოგი გვახარიას პროფესიონალიზმი _ მისი მაღალი კინემატოგრაფიული გემოვნება _ ამითაც გამომჟღავნდა, რადგან ამ ფილმების უმრავლესობა მსოფლიო კინოხელოვნების შედევრებს წარმოადგენს. მაგალითად, “მეფისტო” (რეჟ. იშტვან საბო), “კაბარე~ (რეჟ. ბობ ფოსი), “ჩინური რულეტკა” (რეჟ.რაინერ ვერნერ ფასბინდერი), “ბრიყვების ხომალდი” (რეჟ.სტენლი კრამერი), “ფერფლი და ალმასი” (რეჟ. ანჯეი ვაიდა), “ამარკორდი” (რეჟ. ფედერიკო ფელინი), “ნათლია” (რეჟ. ფრენსის ფორდ კოპოლა) და სხვ.
მართალია, “წითელი ზონის” კინორეპერტუარი ძირითადად მხატვრული ფილმებისგან შედგება, ყოველ შემთხვევაში, პირველი ნახევარი წლის განმავლობაში, ეთერში სულ ხუთი დოკუმეტური ფილმი აჩვენეს, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ საუბრის დროს ასეთი სახის კინოც ძალიან დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი კინოფრაგმენტების სახით, რადგან იმის გადმოსაცემად და გასაანალიზირებლად, რა და როგორ ხდებოდა კომუნისტური დიქტატურის პირობებში, რეალური ფაქტები უფრო ბევრს ამბობენ.
ჩვენი ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმაც, რომ “წითელ ზონაში” წარმოდგენილი მხატვრული ფილმები (როგორც რუსული, ისე ქართული) საბჭოთა პერიოდშია შექმნილი, მაშინ როდესაც ხუთიდან ოთხი დოკუმენტური ფილმის პრემიერა სწორედ ამ გადაცემაში შედგა. ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ, თუ მხატვრულ კინოში კინემატოგრაფისტები მინიშნებების, სიმბოლოების სახით იმ პერიოდშიც ახერხებდნენ თავიანთი სათქმელის გადმოცემას, რაიმე კრიტიკის შემცველ დოკუმენტურ ფილმს, ეკრანებზე გამოსვლა არ ეწერა.
ახლა გვინდა შევჩერდეთ იმ დოკუმენტურ ფილმებზე, რომელთა პრემიერაც შედგა “წითელ ზონაში”. რათა უფრო გასაგები გახდეს, თუ რაზე საუბრობენ დღეს ქართველი კინორეჟისორები. ერთ-ერთი მათგანია “ამერიკა ბნელ ოთახში” (5.02.2008’). ამ კინოსურათის რეჟისორია დავით კანდელაკი. იგი მანამდე აჩვენეს ფესტივალ “პრომეთეზე”.
“ამერიკა ბნელ ოთახში” მოგვითხრობს რეჟისორის მეგობრის ამერიკულ “ვოიაჟზე” (ფილმი აგებულია მეგობრების სატელეფონო საუბარზე), რომელიც ბოლოს და ბოლოს ციხით დამთავრდა. ამ კინოსურათს წითელ ზოლად გასდევს ის აზრი, რომ ფილმის მთავარი გმირისთვის თუ ადრე ამერიკა იყო საოცნებო ქვეყანა, ახლა მის ერთადერთ ოცნებას საქართველოში დაბრუნება წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ გადაღებების დროს, როგორც რეჟისორისგან გავიგეთ, მრავალი წინააღმდეგობა შეხვდათ, რადგან ტერორისტული აქტებით შეშინებული ამერიკელები ყველაფერს აკონტროლებდნენ, მეტიც, კინოკამერებით გადაღებაც მთელ რიგ პრობლემებთან იყო დაკავშირებული.
***
***
დოკუმენტური ფილმი “ბანდიტები” ეხება გასული საუკუნის 80-იან წლებში გახმაურებულ ამბავს (1983წ 18 ნოენბერი) _ ახალგაზრდების მიერ თვითმფრინავის გატაცებას (ამ თემაზე შემდეგ წლებში დაიდგა სპექტაკლიც დათო ტურაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით). მასში საუბარია იმაზე, თუ რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს, ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები, რამ მიიყვანა ისინი ამ გადაწყვეტილებამდე და რით დამთავრდა ყველაფერი ეს (როგორც ცნობილია, ისინი სიკვდილით დასაჯეს).
“ბანდიტების” (ასევე გადაცემის) ნახვის შემდეგ მაყურებელი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ამ ტრაგედიის მთავარი მიზეზი იყო ის ეპოქა, რომელშიც მათ მოუწიათ ცხოვრება. ეს სასტიკი განაჩენი მათ ტოტალიტარული რეჟიმის ხანამ მოუტანა. ცხადია, ახალგაზრდების სიკვდილით დასჯა მართლაც საშინელი ფაქტი იყო, მაგრამ აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ფილმში მაინც იგრძნობა ამ ფაქტისადმი სუბიექტური დამოკიდებულება, რადგან მასში მონაწილე ადამიანების უმრავლესობა ამ ახალგაზრდების ახლობლები არიან (ასევე იყო გადაცემაში), რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ, როგორც გადაცემიდან გავიგეთ, ამ ფილმის რეჟისორი გეგა კობახიძის ოჯახის მეგობარი ყოფილა. სწორედ ამ მიზეზით გოგი გვახარიამ ერთ-ერთ მომდევნო გადაცემაში გატაცებული თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრის – ანზორ ჭედიას შვილი მოიწვია სასაუბროდ, რაც მის ნამდვილ პროფესიონალიზმზე მეტყველებს.
საერთოდ, დოკუმეტურ კინოშიც ფაქტი თავისებურ ტრანსფორმაციას განიცდის, რადგან მას იღებს ადამიანი, რომელსაც გარკვეული დამოკიდებულება აქვს ამ ფაქტისადმი. როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, განწყობა ყოველთვის წინ უსწრებს მოქმედებას. ფაქტის აბსოლუტურად ობიექტურად ასახვა, ცხადია, ძალიან ძნელია. რაც შეეხება ბალანსს, იგი ზოგჯერ დარღვეულია “ბი-ბი-სის” დოკუმენტურ ფილმებშიც კი. მაგ. ფაქტი ცალმხრივად არის განხილული ერთ-ერთი ცნობილი რეჟისორის ქეით მეისონის ფილმში “სიკვდილით დასჯა” (იგი რამდენიმე წლის წინ აჩვენა ტელეკომპანია “რუსთავი-2″მა), სადაც ამ აქტის არაადამიანურ მხარეზეა ყურადღება გამახვილებული (რასაც ჩვენც ვეთანხმებით), მაგრამ მასში არ ჩანს, თუ რატომ მიესაჯათ ამ ადამიანებს სასჯელის უმაღლესი ზომა, რას ამბობენ ამ ადამიანებისგან დაზარალებულები, მათი მშობლები, ახლობლები. იგივე შეიძლება ითქვას თომა ჩაგელიშვილის ფილმზე “სიკვდილით დასჯა” (სახელწოდებაც რომ ორივე ფილმს ერთნაირი აქვს, ესეც ბევრ რამეზე მიუთითებს). აქაც მხოლოდ სიკვდილმისჯილთა და მათ ახლობელთა საუბრებს ვისმენთ. თუ ფილმი მხოლოდ იმისთვის არის გადაღებული, რომ სიკვდილით დასჯის პროცედურის საშინელებაში და საერთოდ ამ კანონის სისასტიკეში დაარწმუნოს მაყურებელი, მაშინ ეს ადამიანებიც არ უნდა ფიგურირებდნენ მასში.
სხვათაშორის, ამერიკულ მხატვრულ ფილმში “მოსიარულე მკვდარი” (რეჟ. ტიმ რობინსი) მთავარი გმირის (მსახიობი შონ პენი) სიკვდილით დასჯის პროცედურის პარალელურად ვეცნობით მის მიერ ჩადენილ დანაშაულებსაც, ვისმენთ მოკლულთა ახლობლების საუბრებს.
***
***
“წითელ ზონაში” აჩვენეს ნინო კირთაძის დოკუმენტური ფილმი “დურაკოვო, ბრიყვთა სოფელი.” ეს კინოსურათი მოგვითხრობს რუსეთის ერთ-ერთი პროვინციის მოსახლეობის ცხოვრებაზე, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ მონური თუ შეიძლება ეწოდოს. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს მაყურებლისთვის, იქ მცხოვრებთა უმრავლესობას აკმაყოფილებს არსებული ვითარება. (ყოველ შემთხვევაში ინტერვიუებიდან ასე ჩანს). აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმში ხალხის დამორჩილების ერთ-ერთ საშუალებად გამოყენებულია ეკლესია. მთავარი გმირი-მიხეილი- სწორედ ღმერთითა და ეკლესიით მანიპულირებს. `დურაკოვო, ბრიყვთა სოფელში~ ძალიან კარგად გამოიკვეთა ის მომენტიც, რომ რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები არსად გამქრალა. ამ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები (მაგალითად, ფილმში მონაწილე – რუსეთის დუმის წევრი ბაბურინი) საბჭოთა კავშირის დაშლას დღემდე ვერ ეგუებიან, მეტიც, მისი აღდგენის იმედით არიან. ეს კინოსურათი ძალიან მძიმე საყურებელია და ამიტომ, გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ნინო კირთაძეს, როგორც თვითონაც განაცხადა გადაცემაში, გაუჭირდა ამ ფილმზე მუშაობა, რადგან იქ მცხოვრებთა მენტალიტეტი მასზე საშინლად მოქმედებდა და ამიტომაც იგი ძალიან მოკლე დროში გადაიღო.
***
***
“წითელ ზონაში” მოხდა ასევე ჟან მიშელ კარეს ფილმის “პუტინის სისტემა” დემონსტრირება (24.06.2008), რომლის პრემიერა, გოგი გვახარიას თქმით, 2007 წელს შედგა კინოკომპანია “არტეში”, მაგრამ რუსეთში ეს ფილმი არ უჩვენებიათ. სხვათაშორის, ამ გადაცემაში, საუბარი იყო არა მხოლოდ რუსეთის ყოფილ პრეზიდენტზე, არამედ საერთოდ ლიდერების, თუ ბელადების ფენომენზე, (მაგ. ი. სტალინზე, მ. გორბაჩოვზე, ე. შევარდნაძეზე, ზ. გამსახურდიაზე, მ. სააკაშვილზე და სხვ.), რითაც გადაცემის სასაუბრო თემამ – “პოსტ-კომუნისტური ლიდერები, ბელადები და ბელადომანია” – უფრო სინტერესო და სრულყოფილი სახე მიიღო და, ვფიქრობთ, მაყურებელიც დააფიქრა.
***
***
დასკვნის სახით ვიტყვით, რომ “წითელ ზონა” კარგი ფილმების ჩვენებითა და საინტერესო საუბრებით კინომოყვარულთა დიდი ინტერესს იწვევს (თუმცა, ის მხოლოდ კინოხელოვნებას არ შეეხება), რაშიც განსაკუთრებული წვლილი მის ავტორს და წამყვანს – გოგი გვახარიას- მიუძღვის, რადგან, გარდა მისი კომპეტენტურობისა (როგორც კინომცოდნის), სტუდიაში მოწვეულ სტუმართა საუბარს მიმართულებასა და სიღრმისეულ ანალიზს მეტწილად სწორედ გოგი გვახარიას პროფესიონალიზმი განაპირობებს.
მკვლევარი გიორგი ჩართოლანი წერს: “საქართველოს ტელესივრცეში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა კინომცოდნე-ჟურნალისტ გიორგი გვახარიას საავტორო პროგრამები. ამ პროგრამებში გოგი გვახარიას კინომცოდნეობითი პროფესიული გამოცდილება ორგანულად შეერწყა ჟურნალისტის პროფესიას. გოგი გვახარია ქმნიდა იმგვარ გადაცემათა ციკლებს და პროგრამებს, რომელსაც უყურებდა ყველა, ვისაც მაღალი ხელოვნება და კინო უყვარდა. გოგი გვახარიას საავტორო გადაცემათა სტრუქტურა წლების განმავლობაში იმის მიხედვით იცვლებოდა, რა მოთხოვნებსაც აყენებდა მის წინაშე ახალი დროის ჟურნალისტიკა. ისინი მონოლოგური შესავლებიდან გადაიქცა ჯერ ჟურნალისტურ დებატებად (ტელეკომპანია “რუსთავი-2″, გადაცემა “ფსიქო”), ხოლო შემდგომ ანალიტიკურ თოქ-შოუდ (ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “თავისუფლების თეორემა” და ტელეკონპანია “საზოგადოებრივი მაუწყებელი”, გადაცემა “წითელი ზონა”. 1
სასაუბრო თემები კი, როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ, ნამდვილად მრავალფეროვანია ( მაგ. “ავანგარდის ბედი საქარათველოში”, “სოფელი და გლობალიზაცია”, “ქრისტიანობა ათეიზმის ეპოქაში”, “ხალხი ცენზორის როლში”, თემურ ჩხეიძის სატელევიზიო სპექტაკლი “ჯაყოს ხიზნები”, “კიჩი” და სხვ.). თემების სიჭრელე კი განაპირობებს იმ ფაქტს, რომ სტუმრებიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან (ფსიქოლოგები, პოლიტოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, მწერლები,რეჟისორები და სხვ.).
მიუხედავად ყოველივე ამისა, უნდა ითქვას, რომ “წითელი ზონა” მაღალრეიტინგულ გადაცემათა რიცხვს მაინც არ განეკუთვნება, რაშიც ჩვენმა გამოკითხვებმაც დაგვარწმუნა (ცხადია, ის სრულყოფილი არ არის და შემდგომ მეცნიერულ დამუშავებას ითხოვს) და ეს ბუნებრივია, რადგან ასეთი სახის გადაცემებს, საერთოდ, მასობრივი აუდიტორია არ ჰყავს, მაგრამ ისიც ფაქტია და ამის თქმა ჩვენ თამამად შეგვიძლია, რომ ისეთი გადაცემების არსებობა, როგორიც “წითელი ზონაა”, აუცილებელია საქარათველოს ტელევიზიაში.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
1. გიორგი ჩართოლანი, ტელე-რადიოჟურნალისტიკა, ნაწ. I 2008 წ. გვ 211-212.
წყარო: სამეცნიერო კრებული “პიროვნება, კულტურა, საზოგადოება – სოციალურ მეცნიერებათა აქტუალური პრობლემები”. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 2010



























ვინ არის ნარგიზა კანკია? პირველად წავიკითხე მისი სტატია.
გოგი გვახარია მხოლოდ კინომცოდნე არაა. ის ფაქტი, რომ გოგი გვახარია ასე ჯიუტად ცდილობს ჩვენი თავებიდან სსრკ-ს გამოდევნას ,,წითელი ზონით”, მას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ( და უნდა ვუწოდოთ კიდეც) საზოგადო მოღვაწე.
By: ქეთევან გურასაშვილი on 29/07/2011
at 11:33