Posted by: burusi | 24/06/2010

გიგი თევზაძე – “სინამდვილის განჯადოება – ქართული მეცნიერების წარსული, აწმყო და მომავალი”

Entzauberung der Welt Painting by Mushtaq Bhat

გიგი თევზაძე – Gigi Tevzadze

“სინამდვილის განჯადოება – ქართული მეცნიერების წარსული, აწმყო და მომავალი”

მიუხედავად იმისა, რომ ქართული მეცნიერება ასეთი ცნობადი და წარმატებული არასდროს ყოფილა, მსოფლიო რეიტინგებში ის მაინც ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს.

კითხვაში გაწვრთნილი მკითხველი მიხვდება, რომ სათაურის ამ ფორმას ბევრი საერთო აქვს მე-19 და მე-18 საუკუნის ტექსტებთან. ასევე, თვალში მოხვდება უცნაური სიტყვა – განჯადოება, რომლის მნიშვნელობაც ალბათ ინტუიციურად ესმის, მაგრამ 100 წელზე მეტი ხნის წინანდელი სტილის დასათაურებაში ამ ნეოლოგიზმის შემოჭრა ალბათ აფიქრებს და მათ შორის კავშირზე კითხვას აღძრავს.

განჯადოება სოციალურ მეცნიერებაში მაქს ვებერის მიერ შემოტანილი ცნებაა (Entzauberung) და ნიშნავს სამყაროს სურათის ცვლილებას – რელიგიასა და სასწაულებზე ორიენტირებული მსოფლმხედველობიდან რაციონალიზმზე ორიენტირებულ მსოფლმხედველობაზე გადასვლას.

მაქს ვებერი ამ გადასვლას ევროპაში კათოლიციზმის დასუსტებას, პროტესტანტიზმის გაძლიერებას და კაპიტალიზმის წარმოშობას უკავშირებდა. დღეს ვებერის ამ თეორიას, რომელიც საზოგადოებრივი წარმოდგენების განჯადოებას ევროპის შუა საუკუნეებიდან გამოსვლის ერთ-ერთ ძირითად გზად განიხილავს, ბევრი მოწინაამღდეგე ჰყავს, როგორც ახალ თეორიებზე, ასევე – მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მოძიებულ ემპირიულ მასალაზე დაყრდნობით. ეს თეორიები და მასალები მიუთითებენ, რომ არც კაპიტალიზმის წარმოშობაა ერთმინშვნელოვნად პროტესტანტიზმთან დაკავშირებული და არც ისე ერთმნიშნვნელოვანია ახალი დროის ევროპაში სამყაროზე წარმოდგენების სასწაულებთან კავშირისაგან დაცლა და ამის გამო მმართველობითი რაციონალიზმის და თანამედროვე ბიუროკრატიის წარმოშობა.

ეს წერილი საქართველოში მეცნიერების დღევანდელ მდგომარეობას, მის წარსულს და სავარაუდო მომავალს აღწერს. სიტყვა ”განჯადოება”-საც მე ვებერისეული პირვანდელი მნიშვნელობით ვიყენებ და ვიწყებ მსჯელობას ქართული მეცნიერების შესახებ – იმ წარმოდგენებზე ორიენტაციით, რომლებიც დღეს არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, და რომელთა უმეტესობაც – ვეცდები დავამტკიცო – უმსჯელობებსა და საზოგადოებრივი კონიუქტურისადმი გაუაზრებელ მორჩილებაზეა დაყრდნობილი.

საქართველოში საქართველოს მეცნიერების შესახებ ჩვენ გარშემო არსებული წარმოდგენების დაწურვა შემდეგ გამოთქმებზე შეიძლება:

  • პირველი: საქართველოში მეცნიერება ძალიან მაგარი იყო საბჭოთა დროს, იმიტომ, რომ მაშინ სახელმწიფო დიდ ყურადღებას აქცევდა მეცნიერებას;
  • მეორე: დღეს ქართული მეცნიერება დაკნინებულია, იმიტომ, რომ სახელმწიფო აუქმებს მეცნიერებათა აკადემიას და არ აქცევს ყურადღებას მეცნიერებს;
  • მესამე, რომელიც პირველის და მეორეს სინთეზივითაა: საქართველოში დღესაც მსოფლიო დონის მეცნიერებაა, საკმარისია ფული მივცეთ, და საბჭოთა კავშირის დონეს მალე დავუბრუნდებით.

ეს სამი დებულება თუ მოსაზრება მნიშვნელოვან მითიურ ფენას აჩენს ქართული საზოგადოების წევრების აზროვნებაში: შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ამ სამ დებულებას ყველა ეთანხმება – მეტ-ნაკლები ვარიაციებით: მაგალითად, ხელისუფლების წევრმა ან მისმა გულშემატკივარმა შეიძლება თქვას, რომ “ძნელია საბჭოთა კავშირის დონის მიღწევა მეცნიერებაში – მაშინ ხომ ქვეყანა უზარმაზარ რესურსებს ფლობდა”. ამას შემდეგ მოჰყვება საუბარი იმ კონტაქტებზე და ლაბორატორიებზე, რომელიც “იმ დროს”იყო, და ა.შ.

იმავეს იტყვის ხელისუფლების მოწინააღმდეგე, ან უბრალოდ ე.წ. “ნეიტრალური” ადამიანი. ეს ერთსულოვნება იმდენად თვალშისაცემია – ჩვენს საზოგადოებაში არსებულ ტოტალურ ” ერთმანეთთან-არაფერში-დათანხმების”, საზოგადოებრივი ინტერესების რამდენიმე საერთო მნიშვნელამდე დაუყვანლობის ფონზე, რომ სოციალურ მეცნიერებაში ოდნავ განსწავლულიც კი აუცილებლად იტყვის – აქ საქმე გვაქვს საკმაოდ ძლიერ მითთან.

მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ეს სამი დებულება, რაკი ისინი მითიური კონსტრუქციის ნაწილებს შეადგენენ, იმთავითვე არ შეეფერება სინამდვილეს: მითიური კონსტრუქციების მეცნიერული კვლევის ისტორიაში ბევრია შემთხვევები, როდესაც მითების რეალურობასთან შესაბამისობის მაღალი ხარისხი დამტკიცებულა და სკეპტიკოსების დიდი სინანული გამოუწვევია.
ნებისმიერ შემთხვევაში, დავამტკიცებთ თუ არა ამ მითს ქართული მეცნიერების შესახებ, თუ უარვყოფთ, მაინც დავდგებით განჯადოების გზაზე: უარყოფის შემთხვევაში კამათს და დისკუსიას მაინც მივიღებთ ამ მითის შესახებ, რაც მითს დაასუსტებს მაინც, ხოლო დამტკიცებების შემთხვევაში – მითი უკვე აღარ იარსებებს და შესაძლებელია საზოგადოებას ამით სხვა საკითხებზე შეთანხმების მნიშვნელოვანი, ვერიფიცირებული დასაყრდენი გამოუჩნდეს.

მეთოდი

თანამედროვე სამეცნიერო სამყაროში მეცნიერის, მეცნიერთა ჯგუფის თუ მთლიანად ქვეყნის მეცნიერთა მიღწევების გაზომვის უტყუარი რაოდენობრივი მეთოდი არსებობს და მას “ბიბლიომეტრული ანალიზი” ჰქვია. ამ მეთოდის მიხედვით, მეცნიერული მუშაობის ინდიკატორი ძირითადად ორია: მეცნიერის ავტორობით გამოქვეყნებული ნაშრომების რაოდენობა და ამ მეცნიერის ნაშრომების სხვა მკვლევარების ნაშრომებში ციტირების რაოდენობა.

ცხადია, რომ ეს ინდიკატორები ითვალისწინებს მხოლოდ პირდაპირ რაოდენობრივ მონაცემებს, რომლებიც შეიძლება არ იყოს ერთმნიშვნელოვანი – მაგ. კონკრეტული პუბლიკაციის ციტირების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს არა მეცნიერის იდეებთან და შედეგებთან თანხმობის, არამედ უთანხმოების გამო. მაგრამ მეცნიერების განვითარების ისტორიაში შეცდომებს არანაკლები წვლილი მიუძღვით, ვიდრე პოზიტიურ შედეგებს. გარდა ამისა, ხშირად, აღიარებული შეცდომა გამხდარა მეცნიერების მომავალი განვითარების ქვაკუთხედი. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ თუკი მეცნიერის შეცდომას ბევრი გამოხმაურება აქვს, ის მნიშვნელოვნადაა ჩართული სამეცნიერო პროცესში.

ამიტომ, ყველაზე ადვილი და ალბათ ერთადერთი გზა, ვნახოთ თუ რა მდგომარეობაშია საქართველოს მეცნიერება – და შევადაროთ ის მის წარსულ მიღწევებს – არის ზემოთ ჩამოთვლილი ინდიკატორების მიხედვით საქართველოს მეცნიერების მიღწევების შეფასება.

დღევანდელ მსოფლიოში რამდენიმე მონაცემთა ბაზაა, რომლებიც მეცნიერთა მიღწევების შესახებ რაოდენობრივ მონაცემებს ამუშავებენ და აქვეყნებენ. ყველაზე მომცველი მათ შორის ე.წ. “ცოდნის ქსელია” (ISI Web of Knowledge), რომელიც სამეცნიერო სლენგში ტომსონის (Thomson) სახელითაა ცნობილი. მონაცემთა ეს ბაზა შეიცავს აკადემიური კვლევის მიღწევების მონაცემებს 1975 წლიდან დღემდე.

შესაბამისად, ჩვენ ადვილად შეგვიძლია თვალი მივადევნოთ საქართველოს მიღწევებს, როგორც საბჭოთა კავშირის ფარგლებში, ასევე მის შემდეგ. მონაცემთა ბაზებში გამოცდილ მოსიარულეს გაუჩნდება საძიებო არეალების შესახებ კითხვა. ნაკლებ გამოცდილებისათვის შევეცდები განვმარტო, რატომ არის საძიებო არეალების ცოდნა მნიშვნელოვანი მონაცემთა ბაზებიდან სწორი პასუხის მიღებისათვის: წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ხორბლის და რკინის მარცვლების გროვა, ხოლო ამოცანაა ერთმანეთისაგან გამოაჩიოთ რკინა და ხორბალი. აქ სულ მცირე სამი გზაა: 1. ხელით – ანუ ვიზუალურად და შეგრძნების საფუძველზე გადაარჩიოთ გროვა; 2. დათესოთ მთელი გროვა და რომელიც არ ამოვა, ის იქნება რკინა; 3. მაგნიტის საშუალებით მიიზიდოთ რკინის მარცვლები.

ამ სამ წესში პირველი ენერგიის დიდი დანახარჯს მოითხოვს, მეორე – მახვილგონიერია, მაგრამ შედეგებს დიდი ხანი უნდა ველოდოთ. შედეგიც შეიძლება არ იყოს ზუსტი – ხორბლის მარცვლების რაღაც რაოდენობამ შეიძლება არ გაიხაროს. მესამე – ყველაზე ადეკვატურია – მოითხოვს მინიმალურ დროს და შედეგიც მაქსიმალურად ეფექტური უნდა იყოს. საძიებო არეალის ცოდნა სწორედ ის მაგნიტია, რომელსაც ინფორმაციის გროვიდან ჩვენთვის საინტერესო მონაცემები უმოკლეს დროში გამოაქვს.

”ტომსონში” შესულია ინფორმაცია ე.წ. საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული თუ ციტირებული ნაშრომების შესახებ. საერთაშორისო ჟურნალები კი ის ჟურნალებია, რომელსაც გააჩნიე პეერ რევიეწ-ს მექანიზმი: ანუ, რედაქციის მიერ სტატიების შერჩევის მეთოდოლოგია, რომელიც გულისხმობს ჟურნალის რედაქციაში შემოსული სტატიების ხარისხის ანონიმურ შემოწმებას ავტორის კოლეგების მიერ. ამ მონაცემთა ბაზაში შესულ თითოეულ ერთეულს, ანუ, პუბლიკაციას აქვს თავისი მახასიათებლები. მათ შორის, გარდა ავტორის სახელებისა და გვარისა, არის ამ ავტორების ინსტიტუციური მიკუთვნებულობა, და ქვეყანა, სადაც ეს ინსტიტუცია მდებარეობს. ბუნებრივია, გვარების მიხედვით რომ ვამუშაოთ მონაცემთა ბაზა, ამას ძალიან დიდი დრო და რესურსები დასჭირდება და დაემსგავსება რკინის და ხორბლის მარცვლების ხელით გადარჩევას. მაგნიტის ფუნქცია ქვეყნის და ინსტიტუციის დასახელებამ უნდა შეასრულოს, რაც, საბჭოთა კავშირის დროინდელი საქართველოს შემთხვევაში იქნება ”საქართველოს მეცნიერებათა აკადემია” და/ან ”საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა” დაწერის ყოველნაირი ფორმით, ხოლო საბჭოთა კავშირის შემდგომ პერიოდში ”საქართველოს რესპუბლიკა” – ასე მიუთითებენ საქართველოს ტომსონის მონაცემთა ბაზებში მას მერეც, რაც საქართველომ დასახელება შეიცვალა – იმისათვის რომ აშშ-ს ჯორჯიის შტატისაგან განასხვავონ (რომელიც, სხვათა შორის, ცნობილია მაღალი დონის კვლევითი უნვიერსიტეტებით).

ჩვენი მიზნების მისაღწევად შერჩეული ტომსონის საძიებო სიტყვების ნაკრები ასე გამოიყურება:[Address=(rep* of Georgia) OR Address=(Tbilisi*) OR Address=(Georgian Acad*) OR Address=(GEORGIA USSR) OR Address=(GEORGIA SSR) OR Address=(Kutaisi*) OR Address=(Batumi*) Timespan=All Years. Databases=SCIEXPANDED, SSCI, A&HCI, CPCI-S, CPCI-SSH].

გამონაკლისები და უზუსტობები

ცხადია, მონაცემთა არცერთი ბაზა და მით უმეტეს დამუშავების მეთოდი არ არის უნაკლო. ჩვენს შემთხვევაშიც საქმე გვაქვს გამონაკლისებთან და უზუსტობებთან. მაგრამ არც ეს გამონაკლისები და უზუსტობები არ მოქმედებს მთლიან სურათზე. გამონაკლისებია: ამ შედეგებში ვერ მოექცევა ის სამეცნიერო პროდუქტი, სადაც არ არის მითითებული ქართული სახელმწიფო, ან ინსტიტუცია. შესაბამისად, რაც არ უნდა გვეგონოს, რომ მაქს პლანკის ინტიტუტის ან ნიუ იორკის უნივერსიტეტის თანამშრომელი – ქართველი მეცნიერი – ქართულ მეცნიერებას წარმოადგენს, ეს ასე არ არის, თუკი ის თავის პუბლიკაციების მისამართად არ უთითებს საქართველოს ან საქართველოს რომელიმე ინსტიტუციას.

ასევე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტომსონის მონაცემთა ბაზა ითვალისწინებს მხოლოდ იმ ჟურნალებში გამოქვეყნებას, რომლებსაც მიღებული აქვთ საერთაშორისო სტატუსი. შესაბამისად, თუკი ასეთი სტატუსი ჟურნალს არ აქვს, მასში გამოქვეყნებული სტატია ვერ შევა ჩვენი კვლევის არეალში. იმდენად, რამდენადაც საქართველოში გამოცემულ არცერთ ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერების ჟურნალს არა აქვს ეს სტატუსი მიღებული, ამ დამუშავებიდან ავტომატურად ვარდება ამ სფეროებში ქართულ ენაზე გამოქვეყნებული სტატიების 100%. ასევე, შესაძლებელია ამ დამუშავებიდან ზოგიერთი უცხოურ ჟურნალში დაბეჭდილი პუბლიკაციაც ამოვარდეს. მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ 1. ჩვენ ამ შემთხვევაში გვაინტერესებს ქართული მეცნიერების დონის შედარება საერთაშორისო ინდიკატორებთან, ასევე იმასაც, რომ 2. თუკი ნაშრომის ღირებულება მაღალია და მისი ციტირება მიმდინარეობს, ის აუცილებლად ხვდება მონაცემთა ბაზაში: ანუ, თუკი ქართველმა მეცნიერმა გამოაქვეყნა სტატია არა-საერთაშორისო სტატუსიან ჟურნალში, მაგრამ თუ ამ სტატიამ გამოიწვია კოლეგების ინტერესი, ის მოხვდება ჩვენი დამუშავების არეალში: რადგანაც, როგორც ვთქვით, ჩვენ გამოვიკვლევთ არა მარტო პუბლიკაციებს, არამედ, ქართული მეცნიერების ციტირების ინდექსსაც, რასაც დღევანდელ სამეცნიერო სამყაროში სულ უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება.

ასე რომ, ჩვენი კვლევიდან გამონაკლისები და უზუსტობები ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ჩვენი მონაცემების დიდი წილი – 90%-მდე – იქნება საბუნებისმეტყველო და ზუსტ მეცნიერებათა შესახებ. თუმცა, ესეც არ არის ჩვენი ამოცანისათვის დიდი პრობლემა. ჩვენი საკვლევი მითი ხომ ძირითადად საბუნებისმეტყველო და ზუსტ მეცნიერებებზე ლაპარაკობს: საბჭოთა კავშირის დროს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები იდეოლოგიური კონტროლის ქვეშ იყო – სახელმწიფო ცდილობდა ხელი შეეშალა ამ მეცნიერებების განვითარებისათვის.

ამის საპირისპიროდ, საბჭოთა კავშირი ავითარებდა (გარკვეული იდეოლოგიური შეზღუდვებით) საბუნებისმეტყველო და ზუსტ მეცნიერებებს, რომლებიც, მისი პარტიული ბოსების აზრით, იარაღის დამზადებაში გამოადგებოდათ. ციტირების და პუბლიკაციების ინდექსის კიდევ ერთი არასრულყოფილება მის არა-აბსოლუტურობაშია: მეცნიერის ღირებულება გარკვეულ შემთხვევებში განისაზღვრება არა მისი დაწერილი და გამოქვეყნებული პროდუქციით, არამედ – მაგ. მისი მონაწილეობით საერთაშორისო ექსპერიმენტებში, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი მეცნიერების წილი (ანუ, რომლებიც ტექნიკოსები არ არიან და მთელ თავის დროს კონკრეტული ექსპერიმენტის ჩატარებას უძღვნიან) მსოფლიო მეცნიერებაში და, მით უმეტეს, საქართველოში, საკმაოდ ცოტაა. ამიტომ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გამონაკლისის და უზუსტობის გათვალისწინებით, დღეს ციტირების და პუბლიკაციების ინდექსი რჩება ერთადერთ ინსტრუმენტად, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ ქვეყანაში მეცნიერების განვითარების დონეზე, მის წარსულზე და მომავალ პერსპექტივებზე.

მონაცემები:

როგორც პირველი ცხრილიდან ჩანს, საქართველოში წარმოებული სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა 1975 წლიდან 2008 წლის ბოლომდე მხოლოდ იმატებს, და 2008 წელს აღწევს იმ მაჩვენებელს, რომელიც არასოდეს ჰქონია. ცხრილიდან ჩანს, რომ ყველაზე მაღალი ნიშნული საბჭოთა კავშირის დროს 1985 წელს იყო მიღწეული, და ეს მონაცემი ემთხვევა საბჭოთა კავშირის იდეოლოგიური მანქანის შესუსტებას. საბჭოთა კავშირის შემდეგ კი ყველაზე მაღალი ნიშნული 2005-2006 წლებზე მოდის და, როგორც ცხრილიდან ჩანს – იზრდება. საგულისხმოა, რომ პუბლიკაციების რაოდენობის ზრდა ემთხვევა განათლების და მეცნიერების რეფორმის დასაწყისს – როდესაც დღის წესრიგში დადგა მეცნიერთა შრომის რაციონალური ინდიკატორებით შეფასების საკითხი. მაგრამ, ამ სტატიის შესავალში აღწერილი მითიური კონსტრუქციის მომხრე იტყვის, რომ საქმე არის არა რაოდენობაში, არამედ ხარისხში: ანუ, საბჭოთა კავშირში გამოქვეყნებული შრომების ხარისხი უფრო მაღალია, ვიდრე საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. ეს კი ნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის დროს გამოქვეყნებული შრომების ციტირება ბევრად უნდა სჭარბობდეს საბჭოთა კავშირის შემდეგ გამოქვეყნებული შრომების ციტირებას.


ცოდნის ქსელის ციტირების ინდექსის მიხედვით, დღეს ქართული მეცნიერების ცნობადობა ისეთია, როგორც არასდროს. ის რამდენიმეჯერ აღემატება საბჭოთა კავშირის დროინდელს და ყოველწლიურად იზრდება. მაშასადამე, ამ ორი ცხრილით მითი ”საქართველოს-მეცნიერების-საბჭოთა-კავშირში-კარგი-მდგომარეობის-შესახებ-და-თანამედროვე-საქართველოში-მისი-ცუდი-მდგომარეობის-შესახებ” დაინგრა. რა თქმა უნდა, არსებობს იმის თეორიული შანსი, რომ 2008 წელს ციტირებული სტატიების აბსოლუტური უმრავლესობა საბჭოთა კავშირშია დაწერილი. მაგრამ ეს საეჭვოა, თუნდაც იმის გამო, რომ ციტირების ზრდა ემთხვევა პუბლიკაციების რაოდენობის ზრდას, და პირდაპირ უნდა იყოს 2004-2005 წლებში დაწყებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონტაქტების გააქტიურებასთან დაკავშირებული, და არა – ქართველი მეცნიერების 15 ან 25 წლის წინანდელი ნაშრომების თავიდან აღმოჩენასთან.

მაგრამ გვაძლევს თუ არა ამ მითის ნგრევა საფუძველს, რომ დავმშვიდდეთ და ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგადაა, და რომ მეცნიერული კვლევების სახელმწიფო პოლიტიკა სწორადაა მიმართული? ამისათვის შედარებას უნდა მივმართოთ და და შევადაროთ ჩვენ მიერ მოპოვებული მონაცემები რეგიონის და თუნდაც – ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ანალოგიურ მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც ჩანს, რომ სულაც არ გვიჭირავს რეგიონში მოწინავე ადგილი და მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით უფრო მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნებს.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა არის ის, რომ ციტირების ინდექსი ყველა ქვეყანაში თანაბრად იზრდება. მაგრამ, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ საიდან არის დაწყებული ეს ზრდა და რა ნიშნულია მაგ. 2008 წლის ბოლოსათვის: სომხეთის ციტირების ანგარიში თითქმის ორჯერ აღემატება ჩვენსას, ხოლო ესტონეთის – თითქმის 4-ჯერ.

იგივე შეიძლება ითქვას პუბლიკაციების რაოდენობაზე: 2008 წელს ქართველმა მეცნიერებმა 311 სტატია გამოაქვეყნეს. ლიტველმა მეცნიერებმა 2163, ესტონელებმა 942, სომხებმა 465, ლატვიელებმა – 360, ხოლო აზერბაიჯანელებმა – 282 სტატია. ეს მონაცემები აღებულია 2008 წლის დასაწყისში. იმდენად, რამდენადაც ყოველი შემდეგი კალენდარული წლის პირველ ნახევარში გამოიცემა ჟურნალები რომელსაც გამოცემის წლად 2008 წელი აქვთ მითითებული, წლის ბოლოს ან შუაში მონაცემები შეიძლება რამდენადმე განსხვავდებოდნენ მოცემულიდან, მაგრამ, როგორც წესი ასეთი ”გადაცდომები” წლის არც ძირითად ტენდენციას და არც მიღებულ პროპორციას არ ცვლის. (იხ. ლინკი: ქვეყნების რანჟირება პუბლიკაციების რაოდენობის მიხედვით:http://www.scimagojr.com/countryrank.php?area=0&category=0&region=all&year=all&%20%20order=it&min=0&min_type=it)

ამ მონაცემებისათვის არანაკლები მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში რეალურ მკვლევართა რაოდენობას. იგივე ტომსონის მიხედვით, 2008 წელს საქართველოდან საერთაშორისო ჟურნალებში 310 პუბლიკაციის გამოქვეყნებაში მონაწილეობა მიიღო (არა მარტო მთავარ ავტორად, არამედ – დამხმარედაც) 263-მა მკვლევარმა. აქედან 150-მა მკვლევარმა 1 სტატიის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა, 78-მა – 2-ის, 19-მა – 3-ის, 11-მა 4-ის, 3-მა 5-ის, 2-მა 6-ის, ხოლო 1-მა – 16-ის. ეს რიცხვი კი მიგვითითებს, რომ საქართველოში რეალურ, ანუ აქტიურ მკვლევართა რაოდენობა 500-ს არ უნდა აჭარბებდეს – ყველაზე უფრო თამამი დაშვების შემთხვევაში: თუკი ვივარაუდებთ, რომ ამ 261 მკვლევარის რიცხვში ვერმოხვედრილი მკვლევარები ორ წელიწადში ერთხელ აქვეყნებენ სტატიებს, ანდა რთულ თემებზე მუშაობენ და ორ-სამ წელიწადში ერთხელ ახერხებენ სამეცნიერო ქსელში ფორმალურ დაფიქსირებას.

თუკი გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოს კარგ კვლევით უნივერსიტეტებში შეფარდება პროფესორებს (რომლებიც ძირითადად მკვლევარები არიან) და სტუდენტებს შორის საშუალოდ 1/10-თანაა – ანუ, ერთ მკვლევარზე მოდის 10 სტუდენტი, მივიღებთ, რომ დღეს საქართველოში ერთი პატარა კვლევითი უნივერსიტეტის (5000 სტუდენტი) პოტენციალი არსებობს.

გამოდის, რომ დღეს მცირე რაოდენობის მეცნიერები ქმნიან ისეთი ხარისხის და რაოდენობის პროდუქციას, რომელიც არასოდეს ყოფილა საქართველოში. მაგრამ, მეორე მხრივ, თუკი საერთაშორისო ინდიკატორებით შევხედავთ, არც მეცნიერთა და არც მათი პროდუქციის რაოდენობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ვთქვათ – საქართველოში მეცნიერების მდგომარეობა თუნდაც დამაკმაყოფილებელია. მით უმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყანაში სადოქტორო პროგრამების სტუდენტების რაოდენობა კატასტროფულად მცირეა: 2008 წელს ქვეყანაში სულ 728 დოქტორანტი იყო,2 რაც ნიშნავს ყოველ წელს 100-150 დოქტორის გამოშვების პოტენციას. თავის მხრივ, ეს სულ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მეცნიერების რიცხვი არამც თუ გაიზარდოს, არამედ მათი ახლანდელი რაოდენობა შენარჩუნდეს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ აქტიურ მკვლევართა ასაკი საკმაოდ ხანდაზმულია და მათი საშუალო ასაკი 50 წელს უახლოვდება. თუკი რაოდენობრივი ნიშნული გვინდა, თუ რა დონეზე უნდა იყოს საქართველოს მეცნიერების პროდუქცია, იმისათვის, რომ თავი განვითარებული მეცნიერების მქონედ ჩავთვალოთ, ამ მხრივ ესტონეთის მონაცემების დონეზე ასვლა სულაც არ არის წარმატების ინდიკატორი.

რად გვინდა მეცნიერება, ანუ, მეცნიერების ადგილი ქვეყნების ეკონომიკაში

ზემოთ მოყვანილი რაოდენობრივი მონაცემები საკმარისია ამ წერილის დასაწყისში აღწერილი საქართველოში მეცნიერების წარსულის და აწმყოს შესახებ მითის განჯადოებისათვის. მაგრამ მეცნიერების მომავლის შესახებაც არსებობს ორი მითიური კონსტრუქცია, რომელიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მაგრამ, ორივე მათგანი პოულობს საზოგადოებაში თავის მიმდევრებს. აქედან პირველი (და უფრო დიდი ხნის – ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ბოლო წლებიდან რომ მოდის) ამბობს, რომ მეცნიერება ქვეყნის, განსაკუთრებით პატარა ქვეყნის, პრესტიჟია, მისი სავიზიტო ბარათია მსოფლიოში და ის აუცილებლად უნდა ფინანსდებოდეს, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მსოფლიოს წამყვან ცენტრებში ჩვენი მეცნიერები მუშაობდნენ და საქართველო ამით კულტურული და განვითარებული ქვეყნის სახელს იმკვიდრებდეს. მეორე (წინა საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა საქართველოში) ამბობს, რომ მეცნიერება უნდა განვიხილოთ არა როგორც ქვეყნის პრესტიჟის, არამედ, როგორც ეკონომიკური მოგების წყარო.

ამ თეორიის მიხედვით, კარგი მეცნიერება ყოველთვის მომგებიანია, ამიტომ, თუკი ის სწორად არის ორგანიზებული, მას ყოველთვის მოაქვს მოგება. ეს თეორია უყურებს მეცნიერებას როგორც ბანკირი საინვესტიციო პროექტს: თუ მეცნიერება გაამართლებს, მან უნდა დააბრუნოს ის ფული, რომელიც მასში იქნება ჩადებული და შემდეგ – დამოუკიდებლად შეძლოს წარმატებული არსებობა. საინტერესო ისაა, რომ ეს ორივე თეორია საღ აზრზეა დამყარებული და საფუძვლად ყველაფერი შეიძლება ედოს, საკითხის ცოდნის გარდა. პირველი სალონური თეორია წარმოიშვა საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, როდესაც საქართველოს მეცნიერებამ დაკარგა იარაღის წარმოების ხელშეწყობის აზრი. მეცნიერების არსებობის იდეოლოგიური საფუძველის გაქრობის შემდეგ ქართველ მეცნიერებს და ინტელექტუალებს საკუთარი არსებობის და მუშაობის გამართლებისათვის ახალი არგუმენტების მოძებნა დასჭირდათ.

მეორე თეორიის მომხრეები ამბობენ, რომ ერთი მხრივ მხოლოდ ასე შევძლებთ იმ ეკონომიკური დანახარჯის გამართლებას, რომელსაც ამ მიმართულებით გავწევთ, ხოლო მეორე მხრივ – ამ მიდგომის საფუძველზე გადავარჩევთ დასაფინანსებელ მეცნიერებებს და მიმართულებებს. ამ თეორიის კონტურები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 90-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა საქართველოში, როდესაც სახელმწიფო აპარატში გაჩნდა აზრი, ოპტიმალური მეთოდით გადაენაწილებინათ მწირი რესურსები და, მწირი რესურსების მიუხედავად, შედეგად მაინც განვითარებული მეცნიერება მიეღოთ. თუმცა, მეცნიერების თანამედროვე მართვა ორივე ამ მითოლოგიური კონსტრუქციისაგან განსხვავებულია: წმინდა ეკონომიკური და ბიზნეს თვალსაზრისით ყველა ქვეყანაში მეცნიერება წამგებიანია – ყველა იმ გამოყენებითი ლაბორატორიების მომგებიანობის გათვალისწინებით, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ საწარმოებში არსებობს და კონკრეტული ინოვაციების დანერგვაზე მუშაობს. ფუნდამენტურ მეცნიერებებში იმდენი დანახარჯია საჭირო თუნდაც მცირე ეფექტის მისაღებად, რომ ლაპარაკიც კი ზედმეტია ქვეყანაში მომგებიანი მეცნიერების არსებობაზე.

მეცნიერების როლი თანამედროვე სამყაროში სხვაა: მეცნიერება, ანუ, კვლევის და კვლევის საშუალებით სწავლების არსებობა საჭიროა ცოდნის ეკონომიკის მისაღწევად: თუკი ქვეყანაში არის კარგი მეცნიერება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში კარგი უნივერსიტეტებია. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში ბევრი განათლებული ადამიანია, რომლებმაც იციან კვლევის მეთოდები, სამყაროსადმი რაციონალური მიდგომა აქვთ და იციან, როგორ დაგეგმონ საკუთარი ცხოვრება. ეს კი უტყუარი შანსია ქვეყნის ეკონომიკისათვის, გახდეს ცოდნაზე, და არა ფიზიკური თუ ბუნებრივი რესურსების (რაც ადრე თუ გვიან იწურება, ან გამოუსადეგარი ხდება) პრიმიტიულ გამოყენებაზე დაფუძნებული.

შეიძლება პარადოქსია, მაგრამ ქვეყნისათვის კვლევის შედეგები არ არის უშუალოდ ის, რასაც ის პირველ რიგში ელოდება მეცნიერებისაგან. მეცნიერების განვითარებამ გვაჩვენა, რომ მეცნიერების ისტორიაში გარღვევები და ნახტომები სრულიად მოულოდნელ და ხშირად –ცარიელ ადგილებზე წარმოიშობა. ქვეყანა – თუკი მის პოლიტიკოსებს და საზოგადოებას უნდათ, რომ ამ ქვეყანაში იარსებოს ცოდნის ეკონომიკამ, რაც საბოლოო ჯამში საზოგადოების წევრების ბედნიერებას მოემსახურება – დაიტერესებულია კარგი და მრავალფეროვანი კვლევების არსებობით არა იმიტომ, რომ ხვალ ვინმე ამ კვლევებისაგან სასწაულს ელოდება, არამედ იმიტომ, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამ კვლევებში მონაწილეობით და ამ კვლევების საშუალებით იღებენ კარგ განათლებას, გააძლიერონ და გაზარდონ ქვეყნის ეკონომიკა.

საბოლოო ჯამში, ასე ემსახურება ქვეყანაში მეცნიერება საზოგადოების ყოველი წევრის კეთილდღეობის და ბედნიერების მიღწევის მიზანს, და არა უშუალოდ ტექნოლოგიური სასწაულების და გარღვევების მიზნად დასახვით. თუკი გადავხედავთ ქვეყნების საერთო ეროვნული პროდუქტიდან დანახარჯების პროცენტული წილის მაჩვენებელს მეცნიერებაზე და მეცნიერების დონის ამსახველ ციტირების ინდექსს, ადვილი შესამჩნევი იქნება, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკური კეთილდღეობით გამოირჩევიან, მეტს ხარჯავენ მეცნიერებაზე და შედეგებიც უკეთესი აქვთ. მეცნიერებაზე დანახარჯების გაზრდა კი არის არა ეკონომიკური კეთილდღეობის მომდევნო, როგორც ეს ხშირად ჰგონიათ, არამედ – წინმსწრები პროცესი.

აშკარაა, რომ მეცნიერების მიღწევების დონე პირდაპირ კავშირშია საერთო ეროვნული პროდუქტის დანახარჯის მოცულობასთან. ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში (ლატვია, აზერბაიჯანი და ხორვატია) პროპორციების ჩავარდნები მეცნიერების მართვის სისტემის არამოდერნიზებულობის შედეგია. რაც შეეხება სხვა, განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს, პოზიტიური კავშირი დანახარჯებს და მეცნიერების დონეს შორის უტყუარია.


”მხოლოდ მომგებიანი მეცნიერების დაფინანსების თეორიის~ მომხრეები იტყვიან, რომ ეს ქვეყანაში გაწეული მთლიანი ხარჯებია, და არა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტისა; მაგრამ თუკი ჩახედავთ თუნდაც ინტერნეტში განთავსებულ ცხრილებს, ქვეყნების მიერ მეცნიერებაზე გაწეული დანახარჯების შესახებ, ნახავთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტების წილი ამ დანახარჯებში მაღალია, ხოლო დანარჩენი, ე.წ. არა-საბიუჯეტო ხარჯები ძირითადად იმიტომ ხდება, რომ სახელმწიფოები სხვადასხვა საკანონმდებლო ხერხით ხელს უწყობენ კვლევაზე და განვითარებაზე თანხის გაღებას კერძო პირების და კორპორაციების მხრიდან.

გიგი თევზაძე
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო
უნივერსიტეტის რექტორი

წყარო: ჟურნალი “ლიბერალი” – http://www.liberali.ge/node/91


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: