Posted by: burusi | 04/06/2010

ეკა ლემონჯავა – “ლაშა ბუღაძის უცნაური გასეირნება ლიტერატურული ექსპრესით სხვებთან ერთად”

ლაშა ბუღაძე – Lasha Bugadze (1977)

ეკა ლემონჯავა – “ლაშა ბუღაძის უცნაური გასეირნება ლიტერატურული ექსპრესით სხვებთან ერთად”

ილიას უნივერსიტეტთან არსებულ ლიტრატურულ კაფე “ლიგამუსში” მწერალ და დრამატურგ ლაშა ბუღაძის მერვე წიგნისა და მეოთხე რომანის – “ლიტერატურული ექსპრესის” წარდგინება გაიმართა.
“ლიტერატურული ექსპრესი” ექსპერიმენტული მატარებელია, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქს გაივლის. მგზავრები კი ქართველი და სხვა ეროვნების მწერლები არიან. მოგზაურობის ორგანიზატორებმა ჩათვალეს, რომ თითოეულ მათგანს ქალაქიდან ქალაქში ხეტიალი შთაგონებას მოუტანდა. ეს გასეირნება ზოგისთვის ახალი ნაწარმოების შექმნის იმპულსად, ზოგისთვის – უკვე დაწერილის პოპულარიზაციის, ზოგისთვის კი საკუთარი ცხოვრების გადაფასების ან უბრალოდ, მშვენიერი ქალის დევნის საშუალებად იქცა.
ლაშა ბუღაძის წიგნი ამ ექსტრავაგანტური ექსპრესის მოგზაურობის ჩანაწერებია. თუმცა, რადგან მთავარი გმირი ქართველი მწერალია, ძირითადი ამბავი მაინც მისი პირადი ისტორიაა. 2008 წლის აგვისტოს ომისგან მიღებული შოკი, ლიტერატურული ფიქრები და უცნაური რომანი თითქმის უცნობ ქალთან, რომელიც ალბათ იმიტომაა სასიყვარულო ისტორია, რომ თავად მწერალ-პერსონაჟს სურს ასე.
ლაშა ბუღაძე: “ეს წიგნი ლიტერატურაზეა. ესაა მწერლის მოგზაურობა მატარებლით ევროპაში. ძალიან უცნაური მატარებელია, იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის ლიტერატურული სემინარი, რომელიც მატარებელში ტარდება. ამ მწერალს მოგზაურობა უწევს ლისაბონიდან ბერლინამდე. შესაბამისად, მას ყველა ქალაქში რაღაცნაირი თავგადასავალი ხვდება. ჩემი აზრით, ეს სასიყვარულო თავგადასავალია, თუმცა ეს ლიტერატურული თავგადსავალიც არის. რადგანაც აქ საუბარია მწერლურ პრობლემებზეც, რომელიც ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ჩემთვის იქნებოდა დამახასიათებელი, არამედ ჩემი კოლეგებისთვისაც არამხოლოდ საქართველოში.
ასეთ ლიტერატურულ მატარებელში მე თვითონ ათი წლის წინ ვიჯექი რამდენიმე კოლეგასთან ერთად. ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ დამღლელიც. თითქმის თვენახევარი მატარებელში გავატარეთ. რაღაცნაირი შთაბეჭდილებები ჩამოვიტანე ამ სემინარიდან. თუმცა, ეს ჩემი ამბავი არ არის. ეს არ არის ავტობიოგრაფიული პროზა.
ძნელია თქმა, რატომ არ დავწერე ეს რომანი სემინარიდან ჩამოსვლისთანავე და რატომ დავწერე, თითქმის ათი წლის შემდეგ. არ ვიცი, ზუსტი პასუხი არა მაქვს.
ბოლო დროს ჩემთვის აქტუალური გახდა თემა, რომელიც ყოველთვის აქტუალური იყო ქართული ლიტერატურის რეალობაში. კერძოდ, ვგულისხმობ, რომ ის ვერ აღწევს უცხოეთში, სიდიადის, ხარისხობრიობის მიუხედავად. მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს. ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ენა დასახელდეს, მეორედ – თემის ლოკალურობა.
ჩემი რომანი ამაზეცაა. მწერლები საუბრობენ, თუ როგორ უნდა გააფართოვონ საარსებო ბიოგრაფია, რომ მხოლოდ ჩვენი ბინის, სახლის, ქუჩის, უბნის მწერლად არ დავრჩეთ და მე ამას შევეხე. მხოლოდ ქართველებს არ ვგულისხმობ.
ეს რომანი ომზეცაა. ომის თემა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა განაპირობა. ნაწარმოების გმირ მწერალს მოგზაურობა ომის დასრულებიდან ორი თვის შემდეგ უწევს. იგი მეც მგავს და ალბათ ბევრსაც. ომის რეფლექსებს დაატარებს და რაღაცნაირად ამოწმებს სხვების დამოკიდებულებას მის მიმართ, თავისი ქვეყნის მიმართ. ხშირად აწყდება გულგრილობას, ხელოვნურ ინტერესს, ყალბ დამოკიდებულებას. ლიტერატურა ხომ ისეთი სივრცეა, რომელიც ყველაფერს იერთებს.
რომანზე მუშაობა ერთი წლის წინ დავიწყე და შარშან ივნისში მოვრჩი წერას. შემდეგ რაღაცები გადავაკეთე, შევცვალე, დღიურები ჩავამატე.
წინა რომანისგან განსხვავებით, “ლიტერატურული ექსპრესი” ძალიან ადვილად დავწერე. წინამორბედის წერისას ბევრი პრობლემა დაემთხვა, რამდენჯერმე ავადაც გავხდი და დიდი ტანჯვა-წამებით დავასრულე, რაც, მე მგონი, ტექსტს დაეტყო კიდეც. ამიტომ მინდოდა მას გავქცეოდი და შედარებით მსუბუქი ტექსტი დამეწერა. შევეცადე, ცოტა სასაცილოც ყოფილიყო”.
“ლიტერატურული ექსპრესის” წარდგინებას ლაშა ბუღაძის მეგობრებიც ესწრებოდნენ.
ეკა კვესიტაძე: “წიგნი ძალიან მომეწონა და მართლა ძალიან დიდი სიამოვნებით წავიკითხე. თან აღმოჩენაც იყო. განსხვავებული ლაშა ბუღაძე ვნახე. იგი ისეთი არაა, როგორიც “ბოლო ზარში” ან “ოქროს ხანაში”. სხვა ტიპის მწერალია, ენის თვალსაზრისითაც გაზრდილია. ლაშა ყოველთვის ძალიან ლაღად და კარგად იკითხება, მაგრამ ეს კიდევ სხვა სიახლეა. რომანი დრამატურგიულადაც ძალიან საინტერესოდაა აგებული… და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი – როდესაც ქართულ ლიტერატურას ვკითხულობ, ვფიქრობ, რამდენად საინტერესო იქნება ის უცხოელისთვის. ჩემი აზრით, “ლიტერატურული ექსპრესის” თარგმნა თამამად შეიძლება”.
ბასა ჯანიკაშვილი: “ვფიქრობ, ეს ლაშას საუკეთესო რომანია. სრულყოფილი. ძალიან ინტერესით იკითხება. ბევრია საინტერესო ისტორია და დარწმუნებული ვარ, მკითხველს სიამოვნება ელის”.
დავით პაიჭაძე: “შთაბეჭდილება ძალიან პოზიტიურია. ლაშას წიგნებს სულ ვკითხულობ და როდესაც ახალი გამოდის, გარკვეული ტიპის სიამოვნებას წინასწარ ვგრძნობ. იოლად იკითხება, ხალისით… ამ შემთხვევაში ლაშა რამდენიმე თვალსაზრისითაა საინტერესო. რომანი იმაზეა, თუ როგორ იწერება რომანი, საიდან შეიძლება ამოიზარდოს მწერლის გამონაგონი…
საინტერესოა მამაკაცი პერსონაჟი, რომელიც პირობითში ყვება ამბავს, რომელსაც მოსწონს ქალი, აანალიზებს, უკვირდება მის ქცევას, სხვების განცდებს. ამ ფსიქოლოგიურ ნიუანსირებაში ლაშას ოსტატობის ის დონე აქვს მიღწეული, რომელიც მანამდე არც ერთ რომანში არ ჰქონია. იგი, როგორც მწერალი, იზრდება და ეს კარგია”.

წყარო: http://www.resonancedaily.com


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: