Posted by: burusi | 10/05/2010

იოსებ ნონეშვილი – “მასწავლებელი”

იოსებ ნონეშვილი – Iosif Noneshvili (1918 – 1980)

მასწავლებელი

მასწავლებელი – მშობლის ალერსით
ამოქარგული ტკბილი ანბანი,
მასწავლებელი – ნორჩის თვალებში
ჩაშუქებული ცოდნის ლამპარი.

მასწავლებელი – ჩვენს სიყვარულში
განათებული, როგორც ოცნება,
მასწავლებელი – სინდის-ნამუსი,
მხოლოდ ხალასი პატიოსნება.

მასწავლებელი – დედის გულივით
მუდამ კეთილი, მუდამ ნეტარი.
მასწავლებელი – ბავშვის სურვილი:
მასწავლებელი გავხდე ნეტავი.

მასწავლებელი – გულისხმიერი,
ვთვლიდით აღმზრდელად, ვთვლიდით მეგობრად.
მასწავლებელი – მასზე ძლიერი,
მასზე სწავლული არვინ გვეგონა.

მასწავლებელი – ამ ქვეყანაზე
სიტყვით ქებული, საქმით ქებული.
მასწავლებელი – დედაენაზე,
მშობელ ენაზე შეყვარებული.

მასწავლებელი – სიტყვა ფრთიანი,
მუდამ მამულზე ფიქრით გართული,
მასწავლებელი – მართლაც ტრფიალი,
რაც კი კარგია, რაც კი ქართული.

მასწავლებელი – ღამე უძილო,
ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი.
მასწავლებელი – ზოგჯერ უშვილო,
მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.

მასწავლებელი – რამ დაგვავიწყოს,
ჩვენთვის ზრუნავდა, ჩვენთვის შრომობდა.
ქვეყნად არც ერთი ბრძენი არ იყო,
მასწავლებელი არა ჰყოლოდა.

ბევრი სარდალი, ითქვას მართალი,
იბრძოდა მტკიცედ და გულგოროზად,
მაგრამ სად იყო ქვეყნად სარდალი,
მასწავლებელი არა ჰყოლოდა.

ზოგმა სიცოცხლის შუქი მოგვფინა,
კეთილი ვეღარ სძლია ბოროტმა,
ქვეყნად ბელადიც არა ყოფილა,
მასწავლებელი არა ჰყოლოდა.

მასწავლებელი – გულს ჩახატული,
დიდი ფიქრები, დიდი სურვილი.
მასწავლებელი – მზე, გაზაფხული,
მთები, ყანები, ოქროცურვილი.

მასწავლებელი – ცოდნის ნათელით
უსწავლელობის დამმარცხებელი…
აი, რას ნიშნავს მასწავლებელი,
აი, რად გვიყვარს მასწავლებელი.

მასწავლებელი – ღამე უძილო,
ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი.
მასწავლებელი – ზოგჯერ უშვილო,
მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.


Responses

  1. diiiiiidi madloba am leqsis atvirtvisatvis =)

  2. magari leqsia madloba avtors


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: