Posted by: burusi | 10/04/2010

ავთანდილ სონღულაშვილი – 9 აპრილის ტრაგედიის პოლიტიკური შეფასებისათვის

1989 წლის 9 აპრილი, თბილისი (The April 9 tragedy, 1989, Tbilisi, Georgia)

ავთანდილ სონღულაშვილი

9 აპრილის ტრაგედიის პოლიტიკური შეფასებისათვის

საქართველოს ისტორიის გაყვითლებულ ფოლიანტებს კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი შეემატა 1989 წლის 9 აპრილის სახით. ბოროტების იმპერიამ კვლავ დაანახა მთელ მსოფლიოს ჭეშმარიტი სახე, საქართველოს დედაქალაქი სისხლით შეღება. ეს ერთ დროს საკრარული ციფრი — 9 — დიდი ხანია ჩვენთვის სევდისა და გლოვის რიცხვად იქცა. 1956 წლის 9 მარტი არ გვაკმარეს, 9 აპრილიც ტკივილისა და შურისძიების სურვილის თარიღად გვიქციეს.
მოგვიანებით აკაკი ბაქრაძე გონების თვალით აანალიზებდა განვლილ მოვლენებს და დაასკვნიდა: “ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა რომ ევოლუციის, თანდათანობის გზას დასდგომოდა, იგი ძმათა სისხლით არ შეიღებებოდა, ბუნებრივი განვითარების პროცესს გაჰყვებოდა. თავისუფლება, რომელიც ღმერთმა გვიბოძა, უცრემლოდ და უსისხლოდ დამკვიდრდებოდა საქართველოში, მაგრამ სულწასულობის გამო ქართველმა ხალხმა უარყო თანდათანობითობის გზა. უცბად და ერთბაშად მოინდომა იმის მიღება, რის მოპოვებასაც დიდი მოთმინება, წესრიგი, შრომა, სიყვარული და გონიერება სჭირდებოდა“ [6, 24].
პირველ რიგში დავსვათ კითხვა: შეიძლებოდა თუ არა თავიდან აგვეცილებინა აპრილის მოვლენები? მიუხედავად უჩვეულო ცვლილებებისა, 1989 წელს არსებობას განაგრძობდა მთელი თავისი სტრუქტურებით საბჭოთა კავშირი, ხოლო სკკპ კვლავ უდიდეს ძალას წარმოადგენდა და მმართველი პარტიის ძირითადი ნაწილი ჯერ კიდევ არ ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა მომხდარიყო საბჭოური სისტემის ლიკვიდაცია. ამდენად, აღნიშნულ ნაადრევ ანტისაბჭოურ გამოსვლებს სავალალო შედეგები რომ მოჰყვებოდა, კარგად უნდა სცოდნოდათ ეროვნული მოძრაობის ლიდერებს [2].
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 9 აპრილამდე ეროვნულ მოძრაობაში განხეთქილება უკვე არსებობდა. პირველი გათიშვა მოხდა 1987 წლის ოქტომბერში შექმნილ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში, რომელსაც გამოეყო რადიკალური მიმართულების ჯგუფი. მან დაირქვა “ილია ჭავჭავაძის საზოგადოება — IV დასის“ სახელი [1, 510].
ქართველმა ახალგაზრდობამ ბევრი კარგი თვისება გამოიჩინა, რასაც საზოგადოება ხშირად აღნიშნავდა. მაგრამ, ისიც უნდა ითქვას, საზოგადოებამ ძალზე გააზვიადა ახალგაზრდობის ინტელექტუალური პოტენციალი. ამ უკანასკნელმაც ადვილად ირწმუნა მის მიმართ გამოჩენილი აღმატებული შეფასებანი. ქართველთა სანუკვარი ეროვნული იდეალის აღსრულება ჩვენს ახალგაზრდობას დღეებისა და თვეების საქმედ მოეჩვენა. ეს დიდი შეცდომა იყო, მაგრამ საკითხის მთელი სიგრძე-სიგანით გაცნობიერება ჩვენმა ახალგაზრდობამ, სამწუხაროდ, ვერ შეძლო. ამისთვის მათ არც აზროვნების სიღრმე ეყოთ და არც ცხოვრებისეული გამოცდილება [3].
როგორც ცნობილია 4 აპრილს მთავრობის სახლის წინ აქციის ინიციატორი ილია ჭავჭავაძის საზოგადოება იყო. აქციის მიზანს წარმოადგენდა “აფხაზეთის პრობლემის მოგვარება“. მაგრამ 6 აპრილიდან “სხვადასხვა დაჯგუფებების მიერ“ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ინიცირებული აქცია გადაიზარდა იმჟამად სრულიად უპერსპექტივო “საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის“ მოთხოვნაში. გაფიცვას უნდა ჰქონოდა კონკრეტული და რეალური მოთხოვნა, რომლის შესრულება მთავრობაზე ზეწოლის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგით, რასაც მთავრობის სახლის წინ რადიკალური პარტიები და ჯგუფები მოითხოვდნენ, გაუმართლებელი იყო; რადგან საქართველოს მაშინდელ კომუნისტურ ხელისუფლებას ამგვარი მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეეძლო. კიდევაც, რომ ჰქონოდა სურვილი, კრემლი ამას არ დაუშვებდა. დამოუკიდებლობის მოპოვება ყველა ოპოზიციური ჯგუფის საბოლოო მიზანი იყო. ამ “საბოლოო მიზნის“ წამოყენება გაფიცვის დაუყოვნებლივ მოთხოვნად შეიძლებოდა იმპერიასთან ფიზიკური შეტაკებით და სისხლიანი კატასტროფით დასრულებულიყო [1, 41].
მთავრობის სახლის წინ გამოფენილი ანტისაბჭოთა პლაკატები უმალ ავტორთა გულუბრყვილობას ადასტურებდნენ, ვიდრე მათი პოზიციის სიმტკიცესა და სიძლიერეს.
მიტინგებზე, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის ლოზუნგების ფონზე, თითქმის ყოველდღე გაისმოდა ქართული ხალხური სიმღერები. ჩვენ გვავიწყდება ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ “დამოუკიდებლობა და თავისუფლება ტაშფანდურით კი არა — ერთსულოვნებით, მოთმინებითა და ტანჯვით მოიპოვება“ [4, 80].
მიტინგი, რომელიც მთელი კვირა გრძელდებოდა, ბუნებრივია, ეს მიტინგი არ იყო. გამოსვლების ასეთი ფორმა ალბათ მაქსიმუმ ოთხი საათი შეიძლებოდა ყოფილიყო. ზოგიერთებს ეგონათ, რომ რაც დიდხანს იშიმშილებდნენ რევაზ მიშველაძის მოსწრებული გამოთქმით — მოსკოვი იფიქრებდა, “ძალიან ნდომებიათ თავისუფლება და მივცეთ ამ საწყლებსო“.
ზედმეტია იმის ლაპარაკი, რომ საქართველოში მაშინდელი ხელისუფლება არ გადადგებოდა და ჭეშმარიტად ეროვნული მთავრობა ვერ შეიქმნებოდა. ასეთ რამეს მოსკოვი არ დაუშვებდა. ეს მაშინ ანბანური ჭეშმარიტება იყო. საქართველო 1989 წელს დამოუკიდებლობას ვერ მიიღებდა. ეს პროცესი ახლო მომავლის საქმე იყო. სიტუაცია ქვეყანაში “მოკავშირე“ რესპუბლიკების სასურველად ისედაც მიმდინარეობდა. ამ პროცესის “ქვევიდან“, ხელოვნურად დაჩქარებას მძიმე შედეგები, რომ მოჰყვებოდა უნდა გაეცნობიერებინად პოლიტიკურ ლიდერებს.
თავისუფლება უსისხლოდ და თანდათანობით რომ მოდიოდა, ეს დრომ უტყუარად დაადასტურა. ბელორუსიას, თურქმენეთს და ა. შ. თავისუფლებისათვის ყურიც არ გაუბარტყუნებიათ, ყველაფერი მუქთათ, ხონჩაზე დადებული მიიღეს. სრული დამოუკიდებლობა და თავისუფლება ესტონეთმა და ლატვიამ ისე მოიპოვა, რომ “პუგაჩიც“ არ გაუსროლიათ [5, 273]. საინტერესოა, რომ უზბეკებმა საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ სატელევიზიო პროგრამის “ვრემიას“ გადმოცემიდან გაიგეს [1, 192].
ასე იმიტომ მოხდა, რომ კომუნისტები არავის დაუმარცხებია. მათ თავად გამოიჭრეს ყელი და არსებობა თვითმკვლელობით დაამთავრეს. ეს იყო კომუნისტური მოძღვრებისა და კომუნისტური პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის ბუნებრივი შინაგანი რღვევა — გახრწნის შედეგი [6, 235].
არაფორმალთა ლიდერების მოქმედებიდან კი იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ისინი შეგნებულად ამწვავებდნენ სიტუაციას, ცდილობდნენ სამხედრო ფორმიანი მხეცის გაღიზიანებას რუსოფობული ლოზუნგებით. ამიტომაც იყო, რომ აპრილის აქციის ორგანიზატორთა მოქმედება დასავლეთში ძირითადად შეფასდა არა როგორც ეროვნულ-პოლიტიკური იდეალებისათვის ბრძოლა, არამედ როგორც დიდი სკანდალის მოხდენის სურვილი თვითრეკლამის მიზნით.
განა შეიძლება, თან აბსოლუტური სიბოროტის სათავედ აცხადებდე ხელისუფლებას, გაიძახოდე, რომ იგი ყველაფრის ჩამდენი, ყველაფრის მკადრებელია და თან ამ ხელისუფლებისაგან გამოგზავნილ ჯარს წინ უიარაღო ადამიანს უყენებდე?! ეს ხომ იგივეა, რომ მურვან ყრუს, ბუღა თურქს ან თემურ ლენგს დაუყენო წინ შეუიარაღებელი ადამიანები და თან უკიდურესად მწვავე, აშკარად სალანძღავი ლოზუნგით აღიზიანო ძალით ათასჯერ აღმატებული და ზნეობით, ცივილიზებულობით სრულიად დაუმძიმებელი მომხვდური!
არაფორმალთა ლიდერებს ხშირად უყვარდათ მაჰათმა განდის სახელის ხსენება, მაგრამ განდი გრანდიოზული აქციებით უპირისპირდებოდა ცივილიზებულ ინგლისს და არა ლიგაჩოვის, პუგოს, კრიუჩკოვის, როდიონოვის მსგავს კაციჭამიებს. ამასთან, განდი უაღრესად ტაქტიანად, დიპლომატიურად მოქმედებდა, მას არასოდეს ერთი ძვირი სიტყვაც კი არ უთქვამს ინგლისელ ხალხზე, მის კულტურაზე. პირიქით, იგი ინგლისელთა ინტერესებისათვის ბრძოლასაც თავის ვალად აცხადებდა [7, 100].
ახლა მოვლენების მეორე მხარესაც შევეხოთ. მათ ვინც გარეჯის პოლიგონის მოსპობას გვპირდებოდა, უფრო საშინელი პოლიგონი მთავრობის სასახლის წინ გაგვიმართა, სადაც საქვეყნოდ დაგმობილი იარაღის ეფექტურობა ჩვენს უდანაშაულო შვილებსა და შვილიშვილებზე გამოსცადეს [8, 60].
შესაძლოა, გაფიცულთა ლოზუნგი ნაადრევი და ნაჩაქარევი იყო, ხოლო ზოგიერთი ხელისუფლებისათვის აშკარად მიუღებელი, მაგრამ რაღა იყო ე. წ. გარდაქმნა, საჯაროობა, შეხედულებათა პლურალიზმი, თუკი ამ განსხვავებულ თვალსაზრისს, თუნდაც მცდარს, მიუღებელს, ისევ და ისევ შეიარაღებულ ძალებს დავუპირისპირებდით და სისხლში ჩავახშობდით?!
საგულისხმოა, რომ 6 აპრილიდან თბილისში იმყოფებოდა სსრ კავშირის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე — არმიის გენერალი კოჩეტოვი. ამდენად, საკავშირო სამინისტრომ ყველაფერი იცოდა იმის თაობაზე, რაც თბილისში მზადდებოდა. უფრო მეტიც, კოჩეტოვი თბილისში ყოფნისას მონაწილეობდა ამ საკითხზე გამართულ ყველა სხდომაზე და თათბირზე. აგრეთვე მოქმედების კონკრეტული სქემისა და გეგმის შემუშავებასა და დამტკიცებაში.
საქართველოდან შიფროგრამებს ცკ-ს მდივანი ჩებრიკოვი იღებდა. საკვანძო მომენტია 7 აპრილის შიფროგრამა წინადადებით, გამოეყენებინათ არმიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ძალები და თბილისში შემოეღოთ კომენდანტის საათი. ამ შიფროგრამის ტექსტი ჩებრიკოვმა გაუგზავნა თანამდებობის პირთა გარკვეულ წრეს. მათ შორის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებს. მექანიზმი ბრუნვას უმატებდა.
როგორც ჩანს, მოსკოვიდან თბილისში საპასუხო შიფროგრამა არ გაგზავნილა. ეტყობა, მიღებული გადაწყვეტილებების ერთად-ერთი წერილობითი საბუთია 7 აპრილის დირექტივა ჯარების თბილისში გაგზავნაზე, რომელიც გენერალურმა შტაბმა მიიღო ცკ-დან თბილისის შიფროგრამის გადაცემის შემდეგ.
არსებობს ასეთი დოკუმენტიც, კერძოდ, 7 აპრილს გენერალური შტაბის უფროსის — არმიის გენერალ მ. მოისეევის ხელმოწერილი ბრძანება — თბილისში შექმნილი მდგომარეობის გამო დამატებითი საჯარისო ნაწილების შემოყვანის შესახებ.
ჯარების შემოყვანა თბილისში გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ჯ. პატიაშვილის ოფიციალური შიფროგრამა გაიგზავნებოდა მოსკოვში — ეს მოხდა 7 აპრილის საღამოს 21 საათზე. ე. ლიგაჩოვის თავმჯდომარეობით პოლიტბიუროს სხდომა კი შესდგა 7 აპრილის დილით და რამდენიმე საათში გაიცა ბრძანება რეგულარული და შინაგან საქმეთა ჯარების ნაწილების თბილისში გადმოსროლის შესახებ.
ამდენად, საკავშირო დეპუტატთა ყრილობაზე ა. ლუკიანოვის ინფორმაციით, თითქოს ჯარები შეყვანილ იქნა თბილისში ჯ. პატიაშვილის თხოვნით, იურიდიული თავლსაზრისით არ შეესაბამება სინამდვილეს [9]. ეს, რა თქმა უნდა, არ ხსნის საქართველოს ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხს, მაგრამ ახლა უკვე გარკვეულია, თუ ვინ არის მათთან ერთად პასუხისმგებელი თბილისში ჯარების გადმოსროლაში და მათ მიერ ხალხის დარბევის მოწყობაში.
სისხლიანი 9 აპრილის მომზადებაში დიდი წვლილი შეიტანეს აქციამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოსულმა სკკპ ცკ-ის პასუხისმგებელ მუშაკთა ჯგუფმა. მათ შორის ივნენ სელივანოვი, ლობკო, ბაკლანოვი, ბუიანოვი, მიხაილოვი და სხვა. მათთან ერთად იმყოფებოდბნენ ცენტრალული პრესის, სამხედროების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის თანამშრომლები. თითქმის ისინი საქართველოს კომპარტიის ცკ-ის მეორე მდივნის ბ. ნიკოლსკის გარშემო იყვნენ შემოკრებილნი. ეს არ იყო არც უბრალო ძალა და არც შემთხვევით მოვლენილი სწორედ იმ პერიოდში. მრავალი მაგალითია იმისა, თუ რა პრაქტიკულ ზემოქმედებას ახდენდნენ ისინი საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობაზე, სახელდობრ — პირველ მდივანზეც. საგულისხმოა, რომ 9 აპრილის დეზინფორმაციული დეპეშა მოსკოვში სელივანოვმა, ნიკოლსკიმ და ლობკომ შეადგინეს [10].
გაოცებას იწვევს შეიარაღებული ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ქვედანაყოფების ჩამონათვალი, რომლებიც მშვიდობიანი მიტინგის დარბევაში მონაწილეობდნენ: მოტომსროლელები, ქვეითები, საჰაერო დესანტი, შინაგანი ჯარები, საგანგებო დანიშნულების ქვედანაყოფები, ტანკები, ჯავშნოსანი მანქანები, რომ აღარაფერი ვთქვათ ცეცხლმსროლელ, ქიმიურ იარაღსა და მესანგრეთა ხელბარებზე. თითქოს ბერლინის ასაღებად ემზადებოდნენ!
გორკიდან გადმოისროლეს სამხედრო კურსანტები, ბაქოდან — ძერჟინსკის სახელობის დივიზიის მეომრები, ამავე ნაწილების მეთაურები ჩამოფრინდნენ მოსკოვიდან, ჩამოვიდნენ ქვედანაყოფები ვორონეჟიდან, პერმიდან. და ეს ყველაფერი განხორიელდა ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე.
მიტინგის აღკვეთის გადაწყვეტილება 1989 წლის 9 აპრილს 4 საათზე განხორცილედა. ოპერაციას ხელმძღვანელობდა გენერალპოლკოვნიკი — ი. როდიონოვი. მას ექვემდებარებოდა ყველა სახეობის საჯარისო ფორმირება ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოადგილის ი. კუზნეცოვის და შინაგანი ჯარების ოპერატიული სამმართველოს უფროსის ი. ეფიმოვის მეთაურობით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს შ. გორგოძეს და მის დაქვემდებარებულ საქართველოს მილიციას ფაქტობრივად უნდობლობა გამოუცხადეს და იგი თავად იქცა საჯარისო ნაწილების დარბევის ობიექტად.
დარბევის წინ მიტინგზე სრული სიმშვიდე სუფევდა; ადამიანები იდგნენ ანთებული სანთლებით ხელში, ლოცულობდნენ და მღეროდნენ, რაც უფრო მსხვერპლის შეწირვას გავდა, ვიდრე აქტიურ წინააღმდეგობას. დარბევას შედეგად მოჰყვა 19 ადამიანის დაღუპვა, რომელთა შორის აღმოჩნდა 16 ქალი. მათგან ორი არასრულწლოვანი. სამხედრო პირთაგან არავინ დაღუპულა. ალესილი ხელბარებისა და მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებების გარდა გამოყენებული იყო ცეცხლსასროლი იარაღიც [11, 550].
9 აპრილს საქართველოს ესროლეს. ერის საერთო ეიფორია აპრილის დღეებში პოეტმა გ. ჯულუხიძემ შემდეგი სტრიქონებით გამოხატა:

კივის თბილისში პროტესტივით ვარდთა კოცონი,
წყევლის ქალაქი ნიჩბებსა და შხამებს გესლიანს…
ხარ მგლოვიარე, საქართველოვ, მაგრამ ცოცხალი,
შენ კვლავ არსებობ და გხედავენ, რაკი გესვრიან! [12]

9 აპრილის ბართლომეს ღამემ ჩვენ ბევრი რამ გვასწავლა. არა მარტო ის დავინახეთ, თუ ვისთან გვქონდა საქმე, არამედ ისიც, თუ რა გიგანტური საშინელებისაგან უნდა გავთავისუფლებულიყავით! 9 აპრილის შემდეგ საქართველოში კომუნისტური რეჟიმი ნომინალური გახდა. გ. გუმბარიძემ ვეღარ შეძლო პროკომუნისტური ძალების მობილიზაცია. მასობრივად დაიწყო კომუნისტური პარტიის რიგებიდან გასვლა. წვავდნენ პარტიულ ბილეთებს, საბჭოთა პასპორტებს [13, 351].
საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა შეეცადა შეესუსტებინა ტრაგიკული მოვლენით გამოწვეული უარყოფითი რეზონანსი მსოფლიოში. მაგრამ მსოფლიომ მაინც გაიგო ყველაფერი — როგორც საქართველოს საინფორმაციო წყაროების, ისე რუსეთის დემოკრატიული ორიენტაციის ჟურნალისტების და ადამიანის უფლებების დამცველთა საშუალებით.
1989 წლის 25 მაისს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატების ყრილობაზე საქართველოს დეპუტაციამ მოითხოვა თბილისის ტრაგიკულ მოვლენებზე პასუხისმგებლობის საკითხის ყრილობის დღის წესრიგში შეტანა. მათი მამხილებელი გამოსვლები ხელს უწყობდა მომხდარზე ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას [14, 473].
დასავლეთის საზოგადოებრივი აზრი, სახელმწიფოთა პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში მიმდინარე ეროვნულ-განმათავისუფლებელ პროცესებს, რაც იმპერიის დეცენტრალიზაციას იწვევდა. მაგრამ სახელმწიფოთა ხელისუფლებები, რა თქმა უნდა, ოფიციალურად თავს იკავებდნენ ეროვნული მოძრაობების მხარდაჭერისაგან. 1989-1990 წლებში, ჯერ კიდევ, არ დამდგარიყო ის დრო, როცა დასავლეთის რომელიმე ქვეყანა და მათ შორის აშშ ღიად გამოხატავდა სიმპატიას, რომელიმე საბჭოთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობისაკენ მისწრაფებისადმი.
ამ რეალური კანონებით აიხსნებოდა, ის თავისებური გულგრილობა, რომლითაც დასავლეთის მთავრობები შეხვდნენ 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას. არც ერთი დასავლური სახელმწიფოს მეთაური ან უმაღლესი რანგის მოხელე, საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე მაინც, არ გამოსულა და ოფიციალურად არ დაუგმია საბჭოთა ხელისუფლების ქმედება, არ მოუხდენია მომხდარის პოლიტიკური შეფასება.
სამაგიეროდ 9 აპრილის მოვლენები სრულიად საღად და ობიექტურად შეაფასეს დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებათა და პოლიტიკური ელიტის მეორე ეშელონის წარმომადგენლებმა [1, 254]. მაგალითად, თბილისში მომხდართან დაკავშირებით ამერიკელმა სენატორმა ჰელსმა სენატს წარუდგინა რეზოლუციის პროექტი. იგი ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს მიმართავდა, სწორედ 1989 წლის აპრილის ტრაგედიიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ: “ბატონო პრეზიდენტო, — წერს სენატორი ჰელსი — ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ თავისუფალი მსოფლიო გულგრილი არაა მისი ხვედრისადმი, რომ თბილისში ასზე მეტი უდანაშაულო ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რომ ჩვენი უზენაესი ხელისუფლება მხარს უჭერს ქართველი ხალხის ბრძოლას ეროვნული დამოუკიდებლობისათვის, რომლისთვისაც მან ეგზომ დიდი მსხვერპლი გაიღო“.
სამწუხაროდ, ამ და სხვა მსგავს ფაქტებს, გამოხმაურებებს თუ მხარდაჭერას მხოლოდ მორალური მხარდაჭერა თუ ქონდა, რადგან არ ასახავდა შეერთებული შტატების ოფიციალურ კურსს.
ამ რეალობას ადასტურებს 1990 წელს კიევში ვიზიტით მყოფი აშშ პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის (უფროსი) ნათქვამი: “მე კონგრესში ბევრი მთხოვს არჩევანის გაკეთებას — გორბაჩოვის მხარდაჭერასა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ რესპუბლიკებს შორის. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ — განმარტავდა პრეზიდენტი — ეს იქნება ყალბი არჩევანი“. თეთრი სახლის არჩევანი, ამ დროისათვის, კვლავ პრომოსკოვური გახლდათ და ეს რეალობა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისათვის მწარე სინამდვილედ მოსჩანდა. ამგვარი მდგომარეობა 1991 წლის აგვისტომდე გრძელდებოდა [1, 256].
თბილისში მშვიდობიანი მიტინგის გაჟლეტა მარტო ჩვენს დასაშინებლად არ მომხდარა, მას უფრო დიდი მიზანი ჰქონდა: ეს იყო ცდა, სამხედრო დიქტატურის დამყარებისა მთელი კავშირის მაშტაბით. თუ ეს ცდა თბილისში გაამართლებდა, მას გაიმეორებდნენ სხვაგანაც. მაგრამ ხრიკმა არ გასჭრა. ქართველი ხალხი არ შეშინდა. არ დახარა მორჩილად თავი. ჩვენი გოგო-ბიჭებისა და ხანდაზმული მანდილოსნების სისხლმა მომავალი თავისუფლება გადაარჩინა. და არა მარტო ჩვენთვის, არამედ საბჭოთა კავშირის სხვა ხალხებისთვისაც.

დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა:

1. დ. შველიძე, პოლიტიკური დაპირისპირებები და ეროვნული ხელისუფლების დამხობა საქართველოში (1987-1992 წწ.), თბ., 2008.
2. გაზ. “თბილისი”, 1989, 5 მაისი.
3. გ. ყორანაშვილი, სევდიანი ფიქრები მოვლენების კვალდაკვალ, გაზ. “თბილისი”, 1989, 14 აპრილი.
4. ა. კალაძე, ის მაინც ბრუნავს…., თბ., 1991.
5. ა. სონღულაშვილი, საქართველოს პოლიტიკური პორტრეტი, თბ., 2004.
6. ა. ბაქრაძე, დაწუნებული გზა, თბ., 1995.
7. თ. მირიანაშვილი, შავბნელი ჟამის ქრონიკა, თბ., 1993.
8. ა. სონღულაშვილი, 9 აპრილის სისხლიანი ტრაგედია, თბ., 1999.
9. გაზ. “Заря Востока”, 1990, 10 თებერვალი.
10. გაზ. “სახალხო განათლება”, 1989, 20 სექტემბერი.
11. 9 აპრილი, თბ., 1990.
12. გაზ. “ლიტერატურული საქართველო”, 1989, 28 აპრილი.
13. მ. ნათმელიძე, ა. დაუშვილი, საქართველოს უახლესი ისტორია, თბ., 2004
14. ა. ბენდიანიშვილი, ა. დაუშვილი, მ. სამსონაძე, ხ. ქოქრაშვილი, დ. ჭუმბურიძე, ო. ჯანელიძე, რუსული კოლონიალიზმი საქართველოში, თბ., 2008

ავთანდილ სონღულაშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და აუახლესი ისტორიის განყოფილების გამგე

წყარო: ივანე ჯავახიშვილის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, II(6), თბილისი, 2009


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: