Posted by: burusi | 09/04/2010

არნოლდ ჩიქობავა – ბიოგრაფია

არნოლდ ჩიქობავა

არნოლდ ჩიქობავა – Arnold Chikobava (1898-1985)

გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი არნოლდ სტეფანეს ძე ჩიქობავა დაიბადა 1898 წლის 26 მარტს, მაშინდელი სენაკის მაზრის სოფელ საჩიქობაოში.
1907 წელს შევიდა და 1909 წელს დაამთავრა ძველი სენაკის ორ კლასიანი სასწავლებელი. 1911–17 წლებში სწავლობდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში. 1918 წელს შევიდა ახალ გახსნილ თბილისის უნივერსიტეტში სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტის საენათმეცნიერო განყოფილებაზე. 1922 წელს, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, დატოვეს საპროფესოროდ მოსამზადებლად.
1923 წელს გამოაქვეყნა პირველი სამეცნიერო ნაშრომი. 1926 წელს იწყებს უნივერსიტეტში ლექციების კითხვას. 1929 წელს პირველმა თბილისის კურსდამთავრებულთაგან, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “მარტივიწინადადება ქრთულში”. 1932–36 წლებში იყო სახელმწიფო ტერმინოლოგიური კომისიის სწავლულ მდივანი. 1933 წელს დამტკიცებულ იქნა უნივერსიტეტის პროფესორად. 1933 წელს არნ. ჩიქობავას ინიციატივით უნივერიტეტში დაარსდა კავკასიურ ენათა კათედრა, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1960 წლამდე. შემდეგ გარდაცვალებამდე იყო, ამ კათედრის პროფესორი.
1933–34 სასწავლო წელს არნ. ჩიქობავას თაოსნობით თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტთან ჩამოყალიბდა კავკასიურ ენათა განყოფილება, სადაც მომზადდა მრავალი სპეციალისტი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ჩრდილოეთ კავკასიის სამეცნიერო ცენტრისათვისაც. 1936 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა თავის მიერ დაარსებულ მთის იბერიულ –კავკასიურ ენათა განყოფილებას ენათმეცნიერების ინსიტუტში.
არნ. ჩიქობავა გახლდათ საქართველოს სსრ. მეცენიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1941 წელს დამტკიცებულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრთა პირველ შემადგენლობაში. 1945–64 წლებში იყო “ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” კომისიის თავჯდომარე და მთავარი რედაქტორი. 1960–63 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი.
არნ. ჩიქობავა იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1952-62 წლებში მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორად. 1966 წლიდან გარდაცვალებამდე იყო იბერიულ–კავკასიურ ენათა სისტემისა და ისტორიის საკითხებისადმი მიძღვნილი რეგიონულ სამეცნიერო სესიათა მუდმივი საორგანიზაციო კომიტეტის თამჯდომარე (მისი ხელმძხვანელობით კავკასიის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრში ჩატარდა 10 რეგიონული სამეცნიერო სესია). 1974 წლიდან გარდაცვალებამდე ოყო თავის მიერ დაარსებული ენათ მეცნიერთა–კავკასიოლოგთა საკავშირო ორგანოდ “იბერიულ –კავკასიური წელწადის” მთავარი რედაქტორი. (მისი რედაქტორობით გამოვიდა 12 ტომი).

პირველი მეცნიერული ნაშრომის გამოქვეყნებიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე არნ. ჩიქობავა თავდადებით ემსახურებოდა ჩვენში მეცნიერების განვითარებას. არნ. ჩიქობავა ავტორია 400-მდე დაბეჭდილი მეცნიერული შრომისა, რომელთაგან 15 წიგნად გამოიცა. ბევრი მათგანი გამოქვეყნებულია რუსულ და უცხო ენებზე.
მეტად ფართო იყო არნ. ჩიქობავას სამეცნიერო ინტერესთა წრე. იგი იკვლევდა თანამედროვე თეორიული ენათმეცნიერების აქტუალურ და კარდინალურ პრობლემებს; ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა სისტემისა და ისტორიის საკითხებს, ამ ენათა ნათესაურ ურთიერთობას; ქართული სალიტერატურო ენის ისტორია და მეტყველების კულტურის საკითხებს; «ვეფხიტყაოსნის“ ენას და ა. შ. არნ. ჩიქობავას მეცნიერული მიღწევები შედეგია მისი მაღალი ნიჭიერების, დაუცხრომელი ენერგიის, მომიჯნავე დარგებშიც.
განსაკუთრებულია არნ. ჩიქობავას დამსახურება იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წინაშე _ იგი მისი ფუძემდებელია და ღირსეული გამგრძელებელი თავისი დიდი მასწავლებლის ივანე ჯავახიშვილის მიერ დაწყებული საქმისა. არნ. ჩიქობავას მეოხებითაა, რომ თბილისი იბერიულ-კავკასიურ ენათა შესაწავლის საყოველთაოდ აღიარებული ცენტრი გახდა. ამიტომ სავსებით კანონზომიერია საქართველს სსრ მეცნიერებათა აკადემიასთან ენათმეცნიერ-კავკასიოლოგთა საკავშირო ორგანოს «იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულის“ დაარსება, რომლის უცვლელი მთავარი რედაქტორი თავად იყო.
ქართული ენის, ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა აგებულების უმნიშვნელოვანეს საკითხებს მიუძღვნა მეცნიერმა ფუძემდებლური მონოგრაფიები, რომელთაც მაღალი შეფასება დაიმსახურეს.
დიდია არნ. ჩიქობავას ღვაწლი ქართველურ ენათა დიალექტების შესწავლაში. მისი შრომები ფერეიდნულის, მთიულურისა და გარეკახურის შესახებ ქართული დიალექტოლოგიის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. მან მონოგრაფიულად შეისწავლა ჭანური კილო, შეკრიბა და გამოსცა მისი ტექსტები.
არ არსებობს ძველი თუ ახალი ქართული ენის სტრუქტურის არც ერთი მხარე, რომელთა შესახებ არნ. ჩიქობავას ახალი სიტყვა არ ეთქვას.
არნ. ჩიქობავამ დიდი ამაგი დასდო ქართველი ხალხის ეროვნული საუნჯის _ რვატომიანი «ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ შექმნას. მის მიერ შემუშავებული პრინციპები დაედო საფუძვლად ამ მონუმენტური ლექსიკონის შედგენას. სწორედ ამ დიდი ეროვნული საქმის დაგვირგვინებისათვის მიენიჭა ქართველ ენათმეცნიერთა ჯგუფს არნ. ჩიქობავას მეთაურობით საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია.
დიდია არნ. ჩიქობავას წვლილი, როგორც საქართველოს მეცნიერებთა აკადემიის ენათმეცნირების ინსტიტუტის საკვლევაძიებო მიმართულებათა განმსაზღვრელისა.
არნ. ჩიქობავას სამეცნიერო ძიების ერთი ძირითადი მხარეა ზოგადი ენათმეცნიერების პრობლემატიკა. აქ მან შექმნა საქვეყნოდ ცნობილი მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები.
არნ. ჩიქობავა ორგანიზატორი და მონაწილეა მრავალი საკავშირო, საერთაშორისო, რეგიონალური თუ რესპუბლიკური სამეცნიერო კონგრესისა, სესიისა, კონფერენციისა, დისკუსიისა.
დიდი ღვაწლი დასდო მკვლევარმა ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა უნიფიკაციისა და ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის დამუშავების საქმეს. მან შეიმუშავა ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დადგენის მეცნიერული პრინციპები.
არ. ჩიქობავას პიროვნებაში ორგანულად იყო შერწყმული ერის სიყვარულისა და სხვა ხალხების პატივისცემის გრძნობა, რასაც მის სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება.
არნ. ჩიქობავა ბევრ დროს და ენერგიას ახმარდა ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების აღზრდას. იგი მაღალპრინციპული მეცნიერისა და მოქალაქის, მამულიშვილის საუკეთესო თვისებებს უნერგავდა სტუდენტებსა და ასპირანტებს. დღეს მისი მრავალრიცხოვანი მოწაფეები წარმატებით მუშაობენ ჩვენი ქვეყნის და უცხოეთის დაწესებულებებში და უმაღლეს სასწავლებლებში.
არნ. ჩიქობავა იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის კათედრათა გამგე, საბჭოთა ენათმეცნიერების თეორიის სამეცნიერო საბჭოს, მრავალი სხვა სამეცნიერო უჯრედის, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის, ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის წევრი.
არნ. ჩიქობავას მიღებული აქვს სამი ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, «საპატიო ნიშნის“ ორდენი, მრავალი სხვა ჯილდო. იგი არჩეული იყო საქართველოს სსრ რამდენიმე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტუტად. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს (1941 წ.), ყაბარდო – ბალყარეთის (1968 წელს) დაღესტნის (1968) აფხაზეთის (1978 წელს) ჩეჩნეთ–ინგუშეთის (1983 წელს) მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.
არნ. ჩიქობავას 1960 წელს მიენიჭა ჰუმბოლტის სახელობის ბერლინის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. 1968 წელს აირჩიეს დიდი ბრიტანეთის სამეფო ფილოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრად. 1951 წელს მიენიჭა მოსკოვის უნივერიტეტის ლომონოსოვის სახელობის პრემია, 1971 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემია. 1981 წელს მიენიჭა ი. ჯავახიშვილის სახელობის პრემია.
სამოც წელზე მეტი ხნის მანძილზე იღვწოდა არნ. ჩიქობავა სამეცნიერო-პედაგოგიურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე. განუზომელია მისი დამსახურება ქართული ენის, ქართული კულტურის, მთელი ჩვენი ერის წინაშე.
გარდაიცვალა 1985 წელს თბილისში. დაკრძალულია თსუ-ს ბაღში.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: