“Where shall I be when I am dead? …I shall be in all those who have ever, do ever, or ever shall say ‘I’
“Buddenbrooks”, Thomas Mann
მიურატები, მიურა (ფრანგ. Murat), ფრანგული არისტოკრატიული საგვარეულო, რომელიც სათავეს იღებს საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ I-ის სიძისა და და მხედართმთავრის იოაჰიმ მიურატისაგან.
მიურატების საგვარეულოს პირველი ცნობილი წარმომადგენელი, ვინმე პიერ მიურატი, XVII საუკუნეში ცხოვრობდა. მისი შვილთაშვილი იყო მარშალი იოაჰიმ მიურატი (1767-1815), რომელმაც საფუძველი ჩაუყარა პრინც მიურატთა სახლს.
იოაჰიმ მიურატი (ფრანგ. Joachim Murat) 1767 წლის 25 მარტს დაიბადა საფრანგეთში, ლაბასტიდ-ფურტიურნიეში (დღ. ლაბასტიდ-მიურა). მამამისი მედუქნე გახლდათ.

სახლი სადაც დაიბადა იოაჰიმ მიურატი; The birth place of Joachim Murat became the Murat Museum in 1959
მშობლებს სურდათ იოაჰიმი სასულიერო პირი გამხდარიყო, მაგრამ 1787 წელს ვალის გადაუხდელობის გამო იგი იძულებული შეიქნა მიეტოვებინა სემინარია და სამხედრო სამსახურზე ეფიქრა. ოაჰიმი შესანიშნავი მხედარი იყო და ეს საქმე ბავშვობიდანვე იტაცებდა. იგი არდენის საცხენოსნო ჯარში მოეწყო რიგითად. 1792 წელს საკონსტიტუციო გვარდიის შემადგენლობაში შეიყვანეს, მაგრამ როიალისტებთან მსახურობა არ ინება და ისევ საცხენოსნო ჯარში დაბრუნდა. ნაპოლეონმა შენიშნა მისი მხედრული თვისებები და მისი წყალობით მიურატმა რევოლუციის დროს ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა.
1792 წელს იოაჰიმ მიურატს ლეიტენანტის წოდება მიანიჭეს. თავი გამოიჩინა 1795 წელს ბონაპარტის მიერ როიალისტების აჯანყების ჩაქარობაში. 1796 წელს ნაპოლეონის იტალიური ლაშქრობის დროს იგი მისი ადიუტანტი იყო. ნაპოლეონმა იგი კავალერიის უფროსად დანიშნა. 1799 წელს ნაპოლეონის ეგვიპტის ექსპედიციის დროს მიურატის კავალერიამ ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა მამელუქების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეგვიპტის ექსპედიციიდან საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ, 1799 წელს მას დივიზიის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა. 1799 წლის 9 ნოემბერს, რევოლუციის VIII წლის 18 ბრიუმერის გადატრიალებაში იგი ნაპოლეონის ერთგული მხარდამჭერი იყო. დამსახურების გამო ნაპოლეონმა იგი საკონსულო გვარდიის მეთაურად დანიშნა
იოაჰიმს ნაპოლეონის უმცროსი და მარია ანუნციატი შეუყვარდა (1782 — 1839). 1800 წლის 20 იანვარს იოაჰიმ მიურატიმ იქორწინა მარია ანუნციატზე. ანუნციატი კორსიკული სახელი გახლავთ და ვინაიდან ნაპოლეონს არ სურდა მისი დის კორსიკული სახელი გახმიანებულიყო, მას ქორწინების წინ ახალი სახელი, კაროლინა (Maria Annunziata Carolina Bonaparte) დაარქვეს.
1800 წელს მეთაურობდა ბონაპარტის სარეზერვო არმიის კავალერიას. 1804 წელს დაინიშნა პარიზის გუბერნატორად. 1804 წელს ნაპოლეონმა იოახიმ მიურატი საფრანგეთის მარშალი გახადა.
ნაპოლეონის კორონაციის დროს (1804) დედოფალ ჟოზეფინას გვირგვინი მიჰქონდა. 1805 წელს იგი იმპერიის პრინცის ხარისხში იქნა აყვანილი. 1806 წლის 15 მარტს მიურატი, უკვე პრინცი და საფრანგეთის გროსადმირალი ბერგის და კლევეს დიდი ჰერცოგი გახდა.
1808 წელს ნაპოლეონმა მიურატს ნეაპოლის სამეფო აჩუქა. ახლად დანიშნულმა მეფემ მოდერნიზირება გაუკეთა სახელმწიფო აპარატს და მოაწესრიგა სოციალური და სასამართლო ინსტიტუტები.
მიურატი ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს, მონაწილეობას ღებულობდა საბრძოლო მოქმედებებში. თავი გამოიჩინა რუსეთში წარმოებული საბრძოლო კამპანიისას, სადაც მიურატს რუსეთის მეფის არმიის გენერალი ბაგრატიონი დაუპირისპირდა. 1812 წელს რუსეთზე გალაშქრების შემდეგ უფრო საკუთარი ინტერესების დაცვაზე დაიწყო ზრუნვა. რუსეთზე ლაშქრობიდან დარუნების შემდეგ ნაპოლეონმა იგი დატოვა მთავარსარდლად, მაგრამ მიურატმა ჯარი ბოგარნეს ჩააბარა და თავის სამეფოში გაიქცა. ამის შემდეგ იმპერატორსა და მის საუკეთესო კავალერისტს შორის ბზარი გაჩნდა. ნაპოლეონი ეჭვობდა, რომ მიურატი მისი ხელისუფლების დამხობას აპირებდა.
1813-1814 წლებში როდესაც ნაპოლეონის იმპერია დაშლის პირას იდგა, მიურატი შეეცადა შეენარჩუნებინა სამეფო ტახტი. რის გამოც ნაპოლეონის მოწინააღმეგეების ბანაკში გადავიდა. 1814 წელს I იმპერიის ბოლო დღეებში იოაჰიმ მიურატმა კავშირი დაამყარა ავსტრიასთან. მიუხედავად ამისა, ვენის კონგრესმა მიურატს ნეაპოლის მეფობა ჩამოართვა და ნეაპოლში ბურბონების დინასტიის ძალაუფლების აღდგენას დაუჭირა მხარი. ავსტრიის სამეფოს ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ მიურატმა “100 დღიან” პერიოდში ისევ ნაპოლეონის მხარე დაიჭირა. მიურატი შეეცადა თავისი ჯარით შეერთებოდა ნაპოლეონს, მაგრამ დააკავეს შვეიცარიაში. ვატერლოოს შემდეგ კორსიკაში გადაასახლეს, საიდანაც მოახერხა გაქცევა და ნეაპოლში გადმოსვლა.
1815 წელს მიურატი შეეცადა ნეაპოლისათვის დამოუკიდებლობის მოპოვებით მოსახლების თავის მხარეზე გადაბირებას, მაგრამ ეს ცდა მარცხით დამთავრდა. 1815 წელს ავსტრიელებმა გაანადგურეს ნეაპოლის ჯარი. კაროლინა იძულებული გახდა ოჯახთან ერთად გაქცეულიყო. იოაჰიმი დააპატიმრეს და 13 ოქტომბერს – ქალაქ პიცოში (კალაბრია) ბურბონი მეფის ფერნანდო IV-ის ბრძანებით დახვრიტეს.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დაქვრივებული კაროლინა გრაფინია ლიპონის სახელით ცხოვრობდა ტრიესტში ავსტრიელთა ზედამხედველობის ქვეშ. შემდეგ ფლორენციაში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა 57 წლის ასაკში. 1821 წელს მიურატები წმინდა ელენეს კუნძულზე განდევნეს და საფრანგეთში ცხოვრების უფლება ჩამოართვეს. ისინი იძულებულნი გახდნენ ამერიკაში გაქცეულიყვნენ. მხოლოდ ნაპოლეონის და კაროლინა დარჩა ევროპაში. მისი შვილებიც კი ამერიკაში წავიდნენ.

დედოფალი კაროლინა შვილებთან, მხატვარი ფრანსუა ჟერარი; Queen Caroline and their children by Baron Gérard 1808
კაროლინას და იოაჰიმს ჰყავდათ ოთხი შვილი – უფროსი ვაჟი აშილ შარლ ლუის ნაპოლეონ მიურატი (1801-1847), მარია ლეტიცია ჟოზეფინა მიურატი (1802-1859), ლუსიენ შარლ ჟოზეფ ნაპოლეონ მიურატი (1803-1878), ლუიზა ჟიული კაროლინა მიურატი (1805-1889). მარია მარია ლეტიცია ჟოზეფინა და ლუიზა ჟიული კაროლინა მიურატები იტალიელ დიდგვაროვანთა მეუღლეები გახდნენ
ნაპოლეონ-აშილ მიურატი (1801-1847) 1821 წელს საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. აშილ მიურატმა ცოლად შეირთო ჯორჯ ვაშინგტონის დისშვილი, მაგრამ მათ შვილი არ ჰყავდათ. აშილ მიურატმა აშშ-ის კონსტიტუციურ სამართალზე რამდენიმე ნაშრომი დაწერა. ბელგიის რევოლუციის დროს შევიდა ბელგიის ჯარში, მაგრამ შემდეგ ისევ დაბრუნდა ამერიკაში.

კატერინა მიურატი აშილ მიურატის (1801-1847) მეუღლე (ჯორჯ ვაშინგტონის დისშვილი); Princess Catherine Murat
აშილ მიურატი უშვილოდ გარდაიცვალა და პრინც მიურატის ტიტული აშილის უმცროს ძმას ლუსიენსა (1803-1878) და მის შთამომავლობას გადაეცა.
იოაჰიმის უმცროსი ვაჟი ნაპოლეონ-ლუსიენ-შარლ მიურატი (Prince Lucien Charles Joseph Napoleón Murat), პონტეკორვოს პრინცი დაიბადა 1803 წლის 16 მაისს მილანში. ლუსიენი ასევე გადავიდა საცხოვრებლად ამერიკაში. ლუსიენმა ცოლად შეირთო ამერიკელი ქეროლაინ ჯორჯიანა ფრეიზერი (Caroline Georgine Fraser). ლუსიენ მიურატს და ქეროლაინ ჯორჯიანა ფრეიზერს (1810-1879) ჰყავდათ 5 შვილი – ქეროლაინი (1832-1902), იოაჰიმი (1834-1901), ანა (1841-1924), აშილი (1847-1895) და ლუის-ნაპოლეონი (1851-1912).

ლუსიენ შარლ ჟოზეფ ნაპოლეონ მიურატი - Prince Napoleon Lucien Charles Murat, 3e prince Murat (1803-1878)
ლუსიენმა ამერიკაში მეუღლესთან ერთად დაარსა ქალთა პანსიონი. თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საფრანგეთში, სადაც აირჩიეს დამფუძნებელი კრების დეპუტატად. 1849-1850 წლებში იყო საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი (მინისტრი) სარდინიის სამეფოში. 1853 წელს ნაპოლეონ III-მ იგი სენატორად დანიშნა. 1850-იანი წლების მეორე ნახევარში მიურატი ცდილობდა მიეღო ორივე სიცილიის სამეფო გვირგვინი, ხოლო 1861 წელს საგანგებო მანიფესტში თავისი პრეტენზიები განაცხადა. საკუთრივ იტალიაში არსებობდა მისი მხარდამჭერი პარტია, თუმცა არ ჰქონდა დიდი გავლენა. ნაპოლეონ III-მ მხარი არ დაუჭირა პრეტენდენტს და ლუსიენის მიზნები ამ მხრივ არ გამართლდა. ლუსიენ მიურატი გარდაიცვალა 1878 წლის 10 აპრილს პარიზში, 74 წლის ასაკში.
ლუსიენ მიურატის უმცროსმა ვაჟმა, აშილმა (1847-1895) 1867 წ. პარიზში იქორწინა სალომე დადიანზე (1848-1913), სამეგრელოს მთავრის დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ქალიშვილზე. სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა XIX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს საფრანგეთის იმპრატორ ნაპოლეონ III-ის ოჯახის მიწვევით პარიზში ცხოვრობდა.

ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანი. მხატვარი ფრანც ქსავირ ვინთერჰალთერი (1806-1873) - Portrait of Ekaterine Chavchavadze-Dadiani. Franz Xavier Wintehalter
პარიზში ეკატერინეს შვილები _ სალომე, ნიკო და უმცროსი ძმა ანდრია _ ფრანგი არისტოკრატების წრეში ტრიალებდნენ, სადაც ემიგრანტი დადიანები დიდი აღტაცებით მიიღეს. ეკატერინემ იცოდა, თუ როგორ მოეხდინა შთაბეჭდილება. საზოგადოებაში მას ყოველთვის ტრადიციულ ქართულ სამოსში გამოწყობილი სეფე-ქალები ახლდნენ და თავი მუდამ მედიდურად ეჭირა, როგორც ეს იდუმალი აღმოსავლური ქვეყნის სამეფო ოჯახის წარმომადგენელს შეეფერებოდა.
ეკატერინე დადიანმა მალე გაიცნო საიმპერატორო ოჯახის წევრები და ნათესავები. მათ შორის, საფრანგეთის საიმპერატორო ოჯახის წევრი აშილ შარლ-ლუი ნაპოლეონ მიურატი (1847-1895). 1868 წლის 18 მაისს სალომე შარლ ლუი ნაპოლეონ აშილ მიურატს მისთხოვდა. აშილი ოცდაერთი წლის იყო, სალომე კი ოცის. “შევხედე ღირსშესანიშნავ პრინცესა დადიანს, სამეგრელოს დედოფალს და მის ახალგაზრდა ვაჟიშვილს, რომელებსაც ახლდათ ბრწყინვალე ამალა, გამოწყობილი ძველ აზიურ კოსტიუმებში. აქ ვნახე პირველად ახალგაზრდა პრინცესა, რომელიც სილამაზით ძალიან ჰგავდა დედას”- წერს ერთ-ერთი მიურატი.
ქორწინება იმპერატრიცა ევგენია ბოგარნეს ინიციატივით მოხდა.
“ვინ არის ეს სამეგრელოს თავადის ასული, რომელიც ახალგაზრდა მიურატს გაჰყვა ცოლად? შამილის ტყვედ წაყვანილი ქალის შვილი ხომ არ არის? მისი თავგადასავალი სადღაც წამიკითხავს.” _ ეკითხებოდა მშვენიერი სალომეს შესახებ პროსპერ მერიმე ივანე ტურგენევს.
მერიმეს მსგავსად, ევროპის მაღალი საზოგადოება განსაკუთრებით დაინტერესდა დადიანისა და მიურატის ქორწინებით. სალომესა და აშილის ქორწინება პარიზში წლის მოვლენად აღიარეს. ჯვრისწერა ტიუილრის სასახლის ეკლესიაში გაიმართა, რომელსაც საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ III და დედოფალი ეჟენი დე მონტიჟო (ევგენია მონტიხი) ესწრებოდნენ (აშილი ამ დროს ნაპოლეონ მესამის სამხედრო ატაშე გახლდათ). წყვილს რუსეთის მონარქმა ოცი ათასი ფრანკი უძღვნა, ხოლო იმპერატორმა ნაპოლეონმა თავის ძმისწულს ერთი მილიონი ფრანკი მიართვა, ამასთანავე მონსოს ბაღის ახლომდებარე პერეირასის მშვენიერი სასახლე უყიდა.
იმდროინდელი ფრანგული პრესა ახლადდაქორწინებული წყვილის შესახებ ბევრს წერდა. “პრინცესა სალომე დადიანი, _ ნათქვამია ერთ-ერთ ფრანგულ გაზეთში, _ იყო გრაციოზული და წარმტაცი, როგორც დედამისი, ცხოვრობდა სასტუმრო ლუვრში. საფრანგეთის მაღალი წრის საზოგადოება თავს იყრიდა მათთან, დადიანების გვარის წარმომადგენლები დიდი ხანია მეფობდნენ სამეგრელოში, კავკასიის სამხრეთ პროვინციაში, სადაც ამბობენ, რომ ქალები ლამაზები არიან”.
1869 წლის იანვარში, შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, აშილ მიურატი გაიწვიეს ალჟირში, სადაც წაიყვანა სალომეც. სალომე დადიანსა და აშილ მიურატს პირველი ვაჟიშვილი, ლუსიენ შარლ დავითი, მუსტაფაში (ალჟირი) შეეძინათ 1870 წელს. 1870 წელს, საფრანგეთ-პრუსიის ომის დაწყებისთანავე, აშილ მიურატს, როგორც საფრანგეთის იმპერატორის, ნაპოლეონ III-ის ადიუტანტს, სასწრაფოდ გამოუძახეს სამშობლოში. მოვლენები ელვისებური სისწრაფით განვითარდა: ნაპოლეონი და აშილი ტყვედ ჩავარდნენ, საფრანგეთის პარლამენტმა კი, მონარქია გაუქმებულად გამოაცხადა.
ამის შემდეგ პრინცმა გადაწყვიტა ჩამოშორებოდა პოლიტიკას. 1873 წელს აშილი და სალომე სამეგრელოში წამოვიდნენ. ეკატერინე ჭავჭავაძემ დედოფლურად მიიღო სიძე. სალომე და აშილი ზუგდიდში, დადიანების საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ ლამაზ ხის სასახლეში დასახლდნენ. სალომე „პრინცესა სალომე მიურატად“ იწოდებოდა. სალომე დადიანს ორი ძმა ჰყავდა, ნიკოლოზი და ანდრია. მათ მემკვიდრეები არ დარჩენიათ, ამიტომ, დადიანების მემკვიდრეობა სალომეს შთამომავლობას გადაეცათ. ეკატერინე ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე სოფელი სალომეს ერგო, უმთავრესად კი მდინარე ტეხურის მარცხენა ნაწილი, რომლის ცენტრიც სალხინო იყო.
აშილმა მამულებში დიდებული მეურნეობა მოაწყო, სამეწარმეო საქმიანობაში ჩაერთო, მათ შორის ღვინის წარმოებაშიც. მან საფრანგეთიდან გამოიწერა სხვადასხვა ვაზის ჯიშები და სამეგრელოში მოაშენა. ამავდროულად, სამეგრელოს ადგილობრივი სახელგანთქმული ჯიშის, ოჯალეშის, სისტემატური კულტივირებაც დაიწყო, რომელიც იმ დროს კომერციული მიზნით აღარ იწარმოებოდა და გადაშენების გზაზე იდგა. აშილი შესანიშნავ ღვინოებს ამზადებდა და ევროპაშიც წარმატებით გაჰქონდა. აშილ მიურატს სოფელ სალხინოში დამზადებული ღვინო “ოჯალეში” გაუგზავნია პარიზში საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსზე, სადაც იგი უმაღლესი ჯილდოთი “გრან-პრი”-თი დაუჯილდოებიათ. “დროება” წერდა, რომ მიურატის აქ ყოფნამ ჩვენებურ ხალხს სარგებლობა მოუტანაო.
მიურატი ქართველობას ხიბლავდა თავისი თავმდაბლობითა და უბრალოებით. მეგრელები, რომელთაც ბატონყმობის უღელი ჯერ კიდევ კარგად ახსოვდათ, გაოცებულნი იყვნენ იმით, რომ აშილ მიურატი, სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, მოსამსახურეებსა და გლეხებთან გვერდიგვერდ ესოდენ დიდი ენთუზიაზმით შრომობდა. იგი გლეხებთან ერთად დღედაღამ ბარავდა, თოხნიდა და მოსავალს უვლიდა, მათთან ერთად ნადირობდა, ყველანაირად ცდილობდა დაბალი ფენის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, აარსებდა სკოლებსა და აფთიაქებს, გაჰყავდა გზები, უხვად აჯილდოვებდა ღარიბ ოჯახებს.
თვითონ სალომეც არაორდინალური პიროვნება იყო: არსებობდნენ თვითმხილველებიც, რომლებსაც ახსოვდათ თუ როგორ გაჰქონდა მთავრის ასულს თავის მამულში მოყვანილი პროდუქტი ბაზარში და დახლის თავში დგებოდა. ამით ყველას მიანიშნებდა, რომ ვაჭრობა სირცხვილი არ იყო. სალომე დადიანის და აშილ მიურატის დამსახურებაა, რომ ზუგდიდის მაზრის სამღვდელოებას მიეცა უფლება გაეხსნა ქალთა ორკლასიანი სასწავლო დაწესებულება და მას სამი წლის ვადით დაუთმეს ერთ-ერთი თავისი სახლი.
აშილ მიურატს ზუგდიდში ჰქონდა კანცელარია, ჰყავდა საქმეთა მმართველი _ ინტენდანტი. პირველ ხანებში ეს თანამდებობა ეკავა ფრანგ კლოდ რიბოს, შემდეგ ასევე ფრანგ სკრიბუნასს, უფრო მოგვიანებით, ადგილობრივ აზნაურს, მიხა დარასელიას. პრინცს მათი ხელშეწყობით უწყვეტი კონტაქტები და მიწერ-მოწერა ჰქონდა საფრანგეთთან. იგი გამუდმებით ადევნებდა თვალს საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ იქ საცხოვრებლად აღარ დაბრუნებულა. მიურატი საქართველოში თითქოს მშვენივრად მოეწყო და თავს ლაღად გრძნობდა, მაგრამ როგორც ჩანს, დიდებულ ფრანგს ნოსტალგია არ ასვენებდა. დაკარგული ძალუფლება და ქონება ხშირი დეპრესიების საბაბი იყო და აი, 1895 წელს, მისი თვითმკვლელობის ამბავი მთელ საქართველოს მოედო _ ხალხში ხმა დაირხა, რომ თითქოს სალომეს ბანკში დაუზღვევია ზუგდიდის წაბლის ხის ოცდაოთხოთახიანი სასახლე, ავეჯი გამოუტანია და დაზღვევის ფულის მისაკუთრების მიზნით სასახლე ცეცხლისათვის მიუცია. ცნობა ამის შესახებ გაზეთებში გაიპარა, რაც თავმოყვარე პრინცმა ვერ აიტანა და ღირსებაშელახულმა სამშობლოდან შორს, სოფელ ჭკადუაშში მოიკლა თავი. ოფიციალური ვერსიით კი, აშილ მიურატი ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა.
პრინცის დაკრძალვა სამეგრელოში საერთო_სახალხო გლოვად იქცა. მრავალი მისი თანამემამულე ჩამოვიდა საფრანგეთიდან, რათა აშილს გამოსთხოვებოდა. მის გასვენებას ესწრებოდნენ: გრაფი ალექსანდრე ოლდენბურგი, გურია_სამეგრელოს მღვდელთმთავარი გრიგოლი, “უბრწყინვალესი თავადი” ნიკო დადიანი, ტფილისის გუბერნატორი, აშილის ძმა პრინცი იოაჰიმ მიურატი, ზუგდიდის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი, წარჩინებული თავადაზნაურობა, ადგილობრივი ადმინისტრაციის მოხელენი, ვაჭრები და სხვანი.
გამოსამშვიდებელი სიტყვა კათოლიკე პადრემ, ა. ვერმიშევმა წარმოსთქვა, რომელშიც ნათლად იკვეთება პრინც აშილის როგორც პიროვნული თვისებები, ასევე მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობის მნიშვნელობა:
“მე, როგორც ერთ შვილთაგანს კავკასიისა ზნეობრივი ვალი მაქვს უკანასკნელი გამოთხოვების წამს გითხრა ორიოდე გულწრფელი სიტყვა, რადგან შენ დიდი ღვაწლი მიგიძღვის კავკასიის ერთი კუთხის სამეგრელოსადმი. არ შევუდგები იმის განხილვას, თუ როგორი წარჩინებულნი იყვნენ შენნი წინაპარნი, რადგან ეს, ვინც ცოტაოდენ მაინც იცის საფრანგეთის ისტორია, ძალიან კარგად უწყის. არც შევეხები თუ როგორი ოჯახის კაცი იყავი, ესეც კარგად იცის ყველამ, ვინც კი დაახლოებით გიცნობდა. მე მსურს საზოგადოების ყურადღება მივაქციო იმ დარგს, იმ ნაწილს შენი მოღვაწობისას, რომელიც სასარგებლო და ნაყოფიერი იყო ჩვენის ქვეყნისათვის. 17 წელი დაყავი შენ სამეგრელოში და ამ ხნის განმავლობაში, ერთი საათიც არ გაგიცდენია უსაქმოდ, როგორც უბრალო მუშა, შენ გამოდიოდი სამუშაოდ, თვითონ ბარავდი, ხნავდი და ჰრგავდი და იმისათვის კი არა, რომ შენ არ შეგეძლო საჭირო მუშების დაქირავება, არამედ ამით გსურდა ჩვენის ხალხისათვის გეჩვენებინა კარგი მაგალითი, გესწავლებინა, თუ როგორ უნდა ცხოვრება, მართლაც ბევრმა წაგბაძა და მიჰყო ხელი მუშაობას. აი, ეს ადგილები, რომელსაც ჩვენ თვალწინ ვხედავთ, რამდენიმე წლის წინად მოფენილი ბუჩქნარითა, წნორითა და ტყითა. დღეს აქ გაშენებულნი არიან ვაზის პლანტაციები, შენმა დაუცხრომელმა მხნეობამ, დაუღალავმა შრომამ, ბუჩქნარები ნაყოფის მომცემ ზვრებად აქცია. ეს მხოლოდ მცირედი ნაწილია შენის მოღვაწეობისა, მიუხედავად იმისა, რომ განათლებულს დასავლეთ ევროპას ჩვენ გვაშორებენ უძირო ზღვანი, ზამთარ-ზაფხულობით თოვლით მოსილნი მთები, შენ გსურდა სამეგრელოსა და ევროპის შუა გაგეკეთებინა ხიდი, გაგება შემაერთებელი ძაფი, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვეძლებოდა დასავლეთ-ევროპის გაცნობა, მისდა წახედვით ჩვენც დაგვეწყო მუშაობა და მიგვეღო სწავლა-განათლება. ეს სურვილი ცოტაოდენ კიდეც მოიყვანე აღსრულებაში. ახლა საფრანგეთი კარგად იცნობს სამეგრელოს და ჩვენ ვიცით, თუ როგორი განათლებული და შრომისმოყვარე ქვეყანა არის საფრანგეთი, ვინ იცის, რომ დაგცლოდა შენი განზრახვა სრულად განგეხორციელებინა, მაგრამ უდროოდ მოშორდი ამ ქვეყანას და საგანს სავსებით ვერ მიაღწიე”.
პრინცი აშილი იქვე, ჭკადუაშის დაუმთავრებელი კათოლიკური ეკლესიის ეზოში, საგანგებოდ მოწყობილ აკლდამაში დაკრძალეს. “აშილ მიურატის საფლავი, ეკლესიის გვერდითაა, ირგვლივ ლურჯი ჰორტენზია ჰყვავის, ჩიტის ბუდეებით. მის წინ თვალუწვდენელი ჰორიზონტი იშლება, პრინცის ქვრივი ხშირად დადის იქ სალოცავად”_წერდა მეოცე საუკუნის დასაწყისში ფრანგი მწერალი და პოეტესა, ქალბატონი დუშეს დე როანი. მრავალი წლის მანძილზე ხალხი პატივს მიაგებდა მის ხსოვნას, ასუფთავებდა მისი საფლავის ქვას და მის გარშემო ჰორტენზიებს რგავდა. მაგრამ საფლავს პრინცივით ტრაგიკული ბედი ჰქონდა _ ჯერ დაიწვა, საბჭოთა პერიოდში კი გაიძარცვა. 1964 წელს, აქ ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი მარმარილოს სარკოფაგი, თუმცა 1975 წელს, ისტორიული რელიკვია ქალაქის აღმასკომმა გაუგებარი მიზეზით შეცვალა ყოვლად უსახური, უზარმაზარი ქვის ლოდით.
1913 წელს სალომემ თავისი ქონება დაუმტკიცა თავის ქალიშვილს ანტუანეტა კატერინას (ბებე) და თვითონ საფრანგეთში სამკურნალოდ გაემგზავრა. პარიზში სალომე არც ისე მდიდრულად ცხოვრობდა. სალომე დადიანი 1913 წლის 10 ივლისს მძიმე ავადმყოფობით საფრანგეთში გარდაიცვალა და იქვე დაიკრძალა. ამ ამბავმა უხმაუროდ ჩაიარა: არც ნეკროლოგი, არც სამძიმარი, ქართულ პრესას არც ერთი სიტყვით არ გამოუხატავს წუხილი.
აშილს და სალომეს სამი შვილი შეეძინათ: ლუსიენ შარლ დავითი (1870-1913), ნაპოლეონ ლუი აშილი (1872-1943) და ანტუანეტა (ბებე) კატერინა (1879-1954).
ლუსიენ შარლ დავიდ მიურატი (1870-1933) სალომესა და აშილის პირველი შვილი იყო. იგი ალჟირულ ქალაქ მუსტაფაში დაიბადა, ოქსფორდში სწავლობდა და სასოფლო-სამეურნეო დარგში ხარისხი ჰქონდა მიღებული, რამაც შესაძლებლობა მისცა, მამის კვალს გაჰყოლოდა და მეღვინე გამხდარიყო. 1897 წელს, მამის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, მან დიდგვაროვან ქალბატონი მერი დე როან-შაბო შეირთო ცოლად; საქორწინო ცერემონიალი პარიზში, წმინდა ფრანსის სავიეს ეკლესიაში შედგა. მერი ნიჭიერი მხატვარი იყო, რომელსაც პარიზში საკუთარი სახელსნოც ჰქონდა. იქ ხელოვნების უამრავი მოყვარული იყრიდა თავს. ლუსიენი თავს ბედნიერად ვერ გრძნობდა, რადგან მერის მხოლოდ თავისი კარიერა აინტერესებდა, და ამიტომ 1906 წელს იგი თავის ვაჟ აშილთან ერთად დედის სამშობლოში, სამეგრელოში, დაბრუნდა. საქართველოში ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ ლუსიენი დააპატიმრეს და ორი წელი საბჭოთა ციხეში გაატარებინეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგი საფრანგეთში დაბრუნდა და მოგვიანებით მაროკოში დასახლდა, სადაც 1933 წელს გარდაიცვალა.
როდესაც მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ, რვა წლის აშილ ნაპოლეონ მიურატი (1898-1987), ლუსიენისა და მერის ერთადერთი ვაჟი, მამასთან ერთად საცხოვრებლად სამეგრელოში გადმოვიდა და შემდეგი ათი წელი აქ გაატარა. აშილ ნაპოლეონ მიურატი იზრდებოდა სამეგრელოში სალომე დადიანთან. 1916 წელს იგი საფრანგეთში დაბრუნდა, საავიაციო საქმე შეისწავლა და შესანიშნავი სამხედრო მფრინავი გახდა. მაგრამ სამეგრელოში გატარებულმა ყმაწვილკაცობის წლებმა სამუდამოდ მიაჯაჭვა იგი თავისი ბებიის, სალომეს, ქართულ ფესვებს და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშილი საქართველოში დაბრუნებას შეეცადა. სამწუხაროდ, საბჭოთა მთავრობამ მას ვიზაზე უარი უთხრა. პარიზში ყოფნისას იგი ხშირად ატარებდა ჩოხას და ამით თავის წარმომავლობასა და კულტურას მიაგებდა პატივს. 1965 წელს, როგორც იქნა, მან საბჭოთა ხელისუფლებისაგან საქართველოში ჩამოსვლის უფლება მიიღო და შესაძლებლობა მიეცა ბაბუის, აშილ მიურატის, საფლავი მოენახულებინა. იცოდა რა, რომ სიკვდილი უახლოვდებოდა და მას, სავარაუდოდ, საფრანგეთში დაკრძალავდნენ, მან ტანისამოსი თავისი წინაპრების ბაღის მიწაში ამოსვარა და დაიბარა, ამ ტანსაცმელში დაესაფლავებინათ.
სალომე დადიანისა და აშილ მიურატის მეორე ვაჟს ნაპოლეონ ლუი აშილ მიურატი (1872-1943) დაარქვეს, მაგრამ მას ძირითადად მეტსახელს, ნაპოს ეძახდნენ. ნაპო ბრუნოში, საფრანგეთში, დაიბადა, მაგრამ 1901 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა და რუსულ არმიაში დაიწყო სამსახური, სადაც კარგი ცხენოსნის სახელი გაითქვა. 1904 წელს იგი რუსეთ-იაპონიის ომში იბრძოდა და სიმამაცისათვის ექვსი მედალი მიიღო. ამერიკის შეერთებულ შტატებში ხანმოკლე სტუმრობის შემდეგ იგი საქართველოში დაბრუნდა და პირველი მსოფლიო ომის დროს ე.წ. “ველური დივიზიის” რიგებში იბრძოდა. 1915 წელს, კარპატებში ფეხები მოეყინა და სიცოცხლის ბოლომდე ინვალიდად დარჩა. ნაპო გამოჩენილი სიმამაცისათვის წმინდა ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს და პენსიაზე გენერალ-მაიორის ჩინით გავიდა. (ამ ბრძოლაში ნაპოს გმირული თავგადასავალი აღწერილია ნიკოლას ბრეჩკოს წიგნ “ველურ ბატალიონში”). მას შემდეგ, რაც საქართველოში ბოლშევიკები გაბატონდნენ, ნაპო საფრანგეთში გაიქცა, სადაც 1943 წელს გარდაიცვალა. იგი ნიცაშია დასაფლავებული. გარკვეულწილად, ნაპოს ცხოვრება და მისი პიროვნება ბიძამისის, ანდრია დადიანის, ცხოვრების გზას წააგავს. ანდრიას მსგავსად ნაპოსაც ცოლი არასოდეს შეურთავს და, როგორც ჩანს, მშფოთვარე და მოუწესრიგებელ ცხოვრებას ეწეოდა.
ანტუანეტ კატრინ (ბებე) მიურატი (1879-1954) სალომე დადიანისა და აშილ მიურატის მესამე და უმცროსი შვილი გახლდათ. მის შესახებ ცნობები ყველაზე ნაკლებად მოგვეპოვება. ზუგდიდში დადიანების სასახლე-მუზეუმის პორველი დირექტორი მას პირადად იცნობდა და იხსენებს, რომ ანტუანეტი უაღრესად სათნო ქალი იყო. 1918-1921 წლებში, საქართველოს ხანმოკლე დამოუკიდებლობის პერიოდში, იგი სალხინოს სასახლეში ცხოვრობდა და, როდესაც წითელი არმია რეგიონში შეიჭრა, იგი ალყაში მოაქციეს. ანტუანეტის შვილები შეიარაღდნენ და მამა-პაპისეული სახლის დაცვა გადაწყვიტეს, მაგრამ დედამ შვილებს იარაღის დაყრა მოსთხოვა. იგი სახლიდან გამოვიდა და მშვიდად ემუდარებოდა ჯარისკაცებს, რომ წაეღოთ, რაც მოესურვებოდათ, ოღონდ ადამიანებისათვის ზიანი არ მიეყენებინათ. სასახლე ძალადობის გარეშე დაიკავეს, ანტუანეტმა კი საქართველო დატოვა. თავისი ძმის, ნაპოს, მსგავსად იგი ნიცაში დასახლდა, სადაც 1954 წელს გარდაიცვალა.
მიურატთა სახლის ამჟამინდელი თავია ლუსიენის უფროსი ვაჟის იოაჰიმის (1834-1901) შვილთაშვილი, აშილისა და სალომეს შთამომავალი, ალენ მარი იოაჰიმ ნაპოლეონ მიურატი (დ. 1943), რომელიც მეუღლესთან – ვერონიკა დე ტრემეკურსა და შვილებთან ერთად საქართველოში დასახლდა. მიურატები ამ დროიდან ზუგდიდში, დადიანების საგვარეულო მამულში, ცხოვრობენ და ჩართული არიან ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
თენგიზ ვერულავა








































ბოლო კომენტარები