Posted by: burusi | 28/03/2010

სოლომონ ცაიშვილი – იონა მეუნარგიას “ალექსანდრე ჭავჭავაძე”

იონა მეუნარგია

ალექსანდრე ჭავჭავაძე – Alexander Chavchavadze

იონა მეუნარგია – Iona Meunargia

შესრულდა 150 წელი ალექსანდრე ჭავჭავაძის დაბადებიდან და 90 გარდაცვალებიდან. მცირე, მაგრამ მაინც განძად ჩაითვლება ეს დაგვიანებული ძღვენი ალ. ჭავჭავაძის შესასწავლად ატეხილ ჟინიან სურვილისათვის.

სოლ. ცაიშვილი
ნოემბრის 12_1936 წ.

არც ერთ ჩვენს მოღვაწეს, ქართული ლიტერატურის ვრცელ ჰორიზონტზე გამოჩენილ ფიგურას, მწერალ-მემატიანეთაგანს არ განუზრახავს, ან მიზნად არ გაუხდია, – როგორც ეს სხვა მოწინავე ქვეყნებში ხდებოდა, – ჩვენი სამშობლოს დიდი მწერლების და შესანიშნავ ადამიანთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის სრული ისტორიის, მათი ბიოგრაფიის ისე შედგენა დასურათხატება, რომ ყოველი მკითხველისა თუ შემდგომი მკვლევარისათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო საკვლევი ობიექტის მიერ გატარებული სიცოცსლის დღეების დამარცვლა.

დღეს ყველასათვის ნათელია, რომ მწერლის შემოქმედებაში მის პირად ცხოვრებას, საზოგადოებრივ ურთიერთობაში ტრიალს და მის ოჯახურ, შინაურ-საყოფაცხოვრებო შტრიხების აღნუსხვასაც კი, მხატვრული შემოქმედების კრიტიკოსისათვის, უამისოდ ეს კრიტიკა ვერ იქნედა დეფეკტებისაგან დაზღვეული.

ამას კარგად გრძნობდა ჩვენი ახალი მწერლობის პირველი მემატიანე (თუ შეიძლება ასე ითქვას) იონა მეუნარგია, როცა წინამდებარე შრომას, მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის თვალსაჩინო პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის ბიოგრაფიას შემდეგი სიტყვებით იწყებდა: “ცხოვრების აღწერა ჯერ არ შედგენილა. სურათები, ლიტერატურული მოგონება, სილუეტი არც კი გაგონილა. თითქოს იღბლად დაჰყოლია ჩვენს ლიტერატურას, რუსთაველიდამ დაწყებული, შესანიშნავი მწერლებისა და ადამიანთა ვინაობის უცოდინარობა“-ო.

წარსული საუკუნის ოთხმოციან წლებში აყენებდა ამ კითხვას პატივცემული მწერალი და სწუხდა, რომ მას არ გააჩნდა არამც თუ მის მიერ აქვე დასახელებული ლიტერატურული ჟანრების რაიმე მსგავსთაგანი, არამედ უბრალო ფაქტებისა და ზეპირგადმოცემათა სიღარიბესაც კი განიცდიდა სულ რაღაც ორმოციოდე წლის უკან გარდაცვლილ ისეთ დიდ ისტორიულ პირზე, რომლის შესახებ თითონვე ასეთი პათოსით ლაპარაკობს: “მე ყოველთვის ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს, როდესაც ჩემი სამწერლო ეტიუდების საგნად მომხვდება ისეთი პირი, როგორიც თ. ალექსანდრე ჭავჭავაძე არის“-ო.

ეს აზრი ზერელედ როდია თქმული, ამისათვის ბიოგრაფი თავისებურ არგუმენტაციასაც მიმართავს და ხაზს უსვამს იმ გარემოებას რომ, “საქართველოს სამეფოში ეშყაბაშად (1)“ ნამყოფი, რუსეთის იმპერიის ღენერალ_მაიორი ალექსანდრე ჭავჭავაძე, ყველა ამ საუკუნის მწერლებზე უფრო საუკუნეთა შემაერთებელი მწერალი და პოლიტიკური მოქმედია. მისი ცხოვრების აღწერა თითონ დაგანახვებთ რა უფრო საინტერესო ჭავჭავაძეში, მწერალი თუ უბრალო, კერძო პირი, თუ საზოგადოდ მოქმედი, მეინახე“-ო.

სამწუხაროდ ეს დაპირება ბიოგრაფმა ნაწილობრივ მაინც ვერ გაამართლა. ვერ გაამართლა იმდენად, რამდენადაც ამ შრომაში სისრულით ვერ არის მოცემული მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ყველა მხარე აქ მხოლოდ სქემაა წარმოდგენილი იმ სქელტანიანი წიგნისა, რომლის ფურცლებზე უნდა გაშლილიყო ჩვენი სამშობლოს იმდროინდელი ვრცელი და ცვალებად ამინდიანი ჰორიზონტები, სადაც ცენტრალურ ფიგურად მოსჩანდა ჯერ ალექსანდრეს მამა_თვით მეუნარგიას სიტყვითვე რომ ვთქვათ – მეფე ერეკლეს მინისტრი, სანდო და თავიანი კაცი – გარსევან ჭავჭავაძე, რომლის რუსეთში ყოფნის დროს, ყოველმხრივ სასომიხდილი “მეფე გიორგი სიკვდილის სარეცელზე ეუბნებოდა ლაზარეს (2): “თუ ჭავჭავაძემ ჩამომისწრო, სიკვდილს არ ვინაღვლეფო“ – და შემდეგ თვით ჩვენი პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე.

ვერ მიაღწია ბიოგრაფმა მიზანს რადგანაც, მას ხელს არ უწყობდა შექმნილი გარემოება აბრკოლებდა არსებული ცენზურა და რაც მთავარია ის განსაკუთრებული პირობები, რომლებიც იყო შექმნილი მკვლევარისათვის იმ დროინდელ პოლიტიკურ გარემოცვაში.

პეტერბურგში დაბადებული, ეკატერინე დიდის ნათლული, დიდი რუსეთის იმპერატორის კარზე აღზრდილი, გენერალ-ლეიტენანტის ჩინამდე მიღწეული სამხედრო მოღვაწე. ადრევე 1832 წლის ცნობილი შეთქმულების მონაწილე, რუსი ჩინოვნიკისა და ქართველი პატრიოტის, პოეტი ალ. ჭავჭავაძის ცხოვრების ყოველი დეტალის კვალდაკვალ დევნა (მით უმეტეს მისი გარდაცვალების 40 წლის შემდეგ) არც ისე ადვილი საქმე იყო.

გარდა ამისა, როგორც თვით ი. მეუნარგია აღნიშნავს, ჩვენში ასეთი კვლევის ტრადიცია თავიდანვე არ ყოფილა, ეს ყველაფერი ჩვენი ლიტერატურული ცხოვრებისაათვს უცხო ხილი იყო, რომლის გემო არვინ იცოდა და არც არავინ ისწრაფოდა მისკენ. საჭირო იყო საკითხის დაყენება, ტრადიციის შექმნა, პრაქტიკული საქმიანობით საფუძვლის ჩაყრა ასეთი მეცნიერული კვლევისათვისაც.

ი. მეუნარგია კმაყოფილდება ალექსანდრე ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ირგვლვ, საქართველოში არსებული და მისთვის მისაწვდომ მასალებით, ჭავჭავაძის თანამედროვეთა, მისი სიცოცხლის მომსწრე პირთა მოგონებებთ და იწყებს ბიოგრაფიის შედგენასაც.

აი, დაიწერა კიდევაც რამდენიმე გვერდი შავი ფანქრით, თავისებური წვრილი ხელით, რომლის ამოკითხვას ხანდახან გამადიდებელი შუშაც კი სჭირდება, გადაიკითხა, კვლავ შეასწორა და ის იყო უნდა განეგრძო ისევ, რომ უცბად შეჩერდა, რაღაც აზრმა გაუელვა, უთუოდ ახალია ეს აზრი, ხელნაწერს ხაზი გადაუსვა, წაშალა, საწერი მაგიდის ქვედა უჯრაში ჩააგდო. რამდენიმე დღით პაუზის შემდეგ კვლავ მიუჯდა თავის საწერ მაგიდას, ისევ თავიდან დაიწყო. ბიოგრაფია თითქოს დაამთავრა, პოეტის ნაწერების გარჩევას მიჰყო ხელი, რამდენიმე დებულება ჩამოაყალიბა, ლექსებიდან ციტირებული სტრიქონებით შესაფერი დასკვნებიც გააკეთა და ამგვარად ვინ იცის ბოლომდე ჩავიდა თუ არა, სად დასვა წერტილი ან ეგებ თავი გაანება და ისევ ხელი ჩაიქნია?

ეს კია რომ ავტორი, როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში არ დაკმაყოფილებულა ამ შრომით, იგი მას ალბად (ვამბობ მე) არ უცვნია დაბეჭვდვის ღირსად, საკადრისად იმ კალმის ნამოღვაწარისა, რომელმაც შექმნა შემდეგში საუკეთესო მონოგრაფიები გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გ. და დ. ერისთავების, მამია გურიელის და სხვათა ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

არ დაკმაყოფილებულა ნაშრომიდან მიღებული შთაბეჭდილებით და ალბად ეს არის მიზეზიც, რომ დღემდე ეს ნაწარმოები საზოგადოებისათვისაც უცნობი დარჩა, სრულიად მიუკვლეველი, გუმან აღებული. იგი მხოლოდ მის, ჯერ გამოუქვეყნებელ ავტობიოგრაფიაში ჩამოთვლილ სხვა შრომებს შორის აქვს მოხსენებული.

მხოლოდ ამ ერთი წლის წინათ, როცა განვიზრახე მის (ი. მეუნარგიას) არქივიდან ამომეკრიფა ხელნაწერების ის ფურცლები, რომლებიც მონოგრაფიის “ცხოვრება და ღვაწლი თ. გრ. ორბელიანისა“-ს გაგრძელებას წარმოადგენდა. გზადაგზა განსხვავებული ფურცლებიც აღმოჩნდა. ხანგრძლივი და დაკვირვებული აღნუსხვის შემდეგ ეს უცნობი ფურცლებიც დაშორდა ერთმანეთს, და ერთის ნაცვლად სამი სხვადასხვა ნაწარმოები აღმოჩნდა ჩემს წინაშე: 1. გრიგოლ ორბელიანი (გაგრძელება 1905 წელს ცალკე წიგნად უკვე დაბეჭდილი მონოგრაფიისა), 2. ილია ჭავჭავაძე (ჩემს მიერ უკვე გამოქვეყნებული, იხ. ჟურნ. “მნათიბი“ #5_6 1936 წ. გვ. 230_ 250, ი. მეუნარგია “ნანახი და გაგონილი ილიას ცხოვრებიდამ“) და “ალექსანდრე ჭავჭავაძე“ ორ ვარიანტში, როგორც აღვნიშნე ორივე დაუსრულებელი, ორივე შავად დაწერილი და მიტოვებული.

მიტოვებული, ვამბობ იმიტომ რომ ბოლო აკლია ბოლო, სადაც ირჩევა ალექსანდრე ჭავჭავაძის პოეზია, მისი პოეზია, მისი შემოქმედება, მისი ენა და სტილი. აქ განზრახვა დიდია, შესანიშნავად დაწყებული და განვითარებას მსვლელობა მიცემული, რომელიც შეუძლებელი იყო არ დაემთავრებია ავტორს, მაგრამ ეს ბოლო ფურცლები დაფანტულან, არ ჩანან, არქივში მათი მსგავსი არაფერია. და რომ ეს დამთავრებული უნდა ყოფილიყო ამას ადასტურებს ხელნაწერის უკანასკნელი გვერდის, უკანსკნელის ბოლო აბზაცის ამგვარი სტრიქონები. “ერთი არკია: ერთმა ხელმწიფემ დაიბარა ვარსკვლავთ მრიცხველები და ბედი აკითხვინაო: ერთმა ვარსკვლავთმრიცხველთაგანმა ხელმწიფეს მოახსენა: მეფეო თქვენ დიდად ბედნიერი“… და აქ წყდება (ჩვენ ეს აბზაცი ამ წიგნს სულ მოვაცილეთ) ეს უკანსკნელი გვერდიც რაც ცხადია, შემდეგ გვერდზე გადასვლის აუცილებლობას მოწმობს, მაგრამ ეს შემდეგი გვრედიცა და არც იმის მომდევნო გვერდები არ ჩანან.

ყოველივე ამის მიუხედავათ ნაწარმოები მეტად საინტერესოა და საყურადღებო ცნობების შემცველი. მასში ბევრი დღემდე სრულიად უცნობი ფაქტებია. ისინი ალ. ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორიისათვის საკმაო მნიშველობისანი არიან.

თუნდაც ის ფაქტი, რომ ქართულ ლიტერატურაში ალ. ჭავჭავაძის ვრცელი და მთილიანად შედგენილი ბიოგრაფია დღემდე არ არსებობდა. ეს შრომა როგორც ჩანს პირველი ცდაა ამ მხრივ.

ცდას, ვფიქრობ არც ჩაუვლია უნაყოფოდ, თუმცა იმ მოთხოვნილებებს, რასაც ი. მეუნარგია უყენებდა ბიოგრაფს იგი ოდნავად ვერ აკმაყოფილებს, რადგან “ჩვენში (სჯობს ისევ მეუნარგია ვალაპარკოთ) კრიტიკა და ბიოგრაფია, რადაც გვარის სალიტერატურო ზრდილობის ბრძანებით, შინაური ცხოვრების აღწერაში ერთობ ხელმოჭერილი არის, “ჩემს ოთახში ვის რა ეკითხვის რა ხდება“. _ აი საფუძველი ამგვარის დარბაისლურის საქციელისა, რომლითაც ჩვენ თავი მოგვაქვს და ვგმობთ განუსჯელთა და ენა ჭარტალა ევროპის მწერალთა, რომელნიც იმასაც კი იტყობინებიან _ რაჰქვიან სახელად სარრა ბერნარის (3) გოგოს (ფელისი), ან რა ერქვათ იმ ცხენებს, რომელთაც მიქონდათ საფლავზე ვიქტორ ჰიუგოს (4) ცხედარი (ფამფარი და ფროლერა). ჩვენ უნდა ვუღალატოდ ამ შინაურს დარბაისლურ ზნეს და მოვიყვანოთ აქ სულ ყველაფერი, რაც კი ჩვენ გაგვიგონია. საყვარელი კაცისა ჩვენ სულ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ (ხაზი ჩემია ს. ც.) _ აი საფუძველი ამ გვარის უსაზღვრო ცნობის მოყვარეობისა“.(5)

აი, ეს შინაურობა და “საყვარელი კაცისა ჩვენ სულყველაფერი უნდ ვიცოდეთ“ აკლია ალექსანდრე ჭავჭავაძის ამ ბიოგრაფიას. მის (მეუნარგიას) “სამახსოვრო წიგნში“ არა ჩაწერილა რა ალექსანდრეს სიცოცხლიდან, როგორც ილიას შესახებ დაწერილ მოგონებაში ამბობს იგი “როცა მე მივყავი ხელი ორბელიანის, ბარათაშვილის, გიორგი ერისთავის და სხვათა ცხოვრების აღწერას, მე ყოველს შეყრაზე ილიას ვუყურებდი და ვუსმენდი, როგორც მსხვერპლს “მუშტრის თვალით“ და როცა იმისგან მოვდიოდი შინ მის ნალაპარაკევს ვწერდი ჩემს სამახსოვრო წიგნში“-ო.

ამ “სამახსოვრო წიგნში“ მას 40 წლის წინათ (ვგულისხმობ ამ შრომის დაწერის დროს) გარდაცვლილ ალექსანდრე ჭავჭავაძისათვისაც გამოუყვია ერთი კუთხე: ცხადია, ის “მუშტრის თვალით“ უყურებდა ამ შემთხვევაში არა ალექსანდრეს, არამედ მის მომსწრე პირთ თუ ვისმე ასეთს გაიცნობდა, მაგრამ მათი მეოხებით ეს კუთხე სხვა შემთხვევაში ჩვეულ, საზრიანი, მოხდენილი და ისტორიულ მნიშვნელობის მქონე ფაქტების აღნუსხვით ვერ გამდიდრებულა. იქ სულ რამდენიმე მნიშვნელოვანი მინაწერია, რომელთაც წიგნის ბოლოში ვურთავთ და რომლებიც აშკარად მოწმობენ თუ რამდენი დაკვირვება და ხანგრძლივი მუშაობა უწარმობია პატივცემულ მკვლევარს, ასეთი, მოცულობით ერთობ პატარა შრომისთვის.

ბიოგრაფი რომ დიდ ისტორიულ პირად თვლიდა ალექსანდრე ჭავჭავაძეს, ეს მისი შემდეგი სიტყვებიდანაც ჩანს: “ვიღაც ენამახვილმა, ფრანცუზების მწერალმა თქვა: როდესაც დანტონი (6) ტანთ გაიხდიდა რევოლუცია შიშველი იყოო. ალექსანდრე ჭავჭავაძის ცხოვრების აღწერა, მის დროს, თუ შიშვლად არა, შინაურულად მაიც არის, დაგვანახებს“-ო.

საინტერესოა, რომ ბიოგრაფის აზრით ალექსანდრე ჭავჭავაძე 1832 წლის ცნობილი შეთქმულების მონაწილე არ ყოფილა. “ალექსანდრე ჭავჭავაძე არც ხნით და არც ჰაზრით არ იყო იმათი (შეთქმულთა, ს. ც.) თანამოაზრე“, თუმცა როგორც შეთქმულების მასალებიდან გამოირკვა, ყოველი შეთქმულთაგანი ცდილობდა ალექსანდრე ჭავჭავაძე შეთქმულებაში გაეხვია და ცენტრალურ ფიგურადაც გამოეყვანა, _ ხოლო ი. მეუნარგიას აზრით, “საქმედან აღმოჩნდა, რომ ისინი ხშირად დადიოდნენ ალექსანდრე ჭავჭავაძესთან, იმათ ეჭვი აიღეს ჩვენს პოეტზე. ერთის მათგანის (იმის სახელის ჩვენება არ გვინდა, რადგანაც ის ჯერ კიდევ ცოცხალია) ჩვენებამ სულ დაარწმუნა ბ. როზენი, (7) რომ ალექსანდრე რუსეთის წინააღმდეგი იყო“-ო.

არ გამოვუდგებით იმის მტკიცებას, თუ რამდენად მართალია ამ შემთხვევაში პატივცემული მკვლევარი, მაგრამ ისიც კი აღსანიშნავია, რომ იმ დროს, როცა ეს ბიოგრაფია იწერებოდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ავტორიტეტის აღსადგენად ამგვარი დახასიათება აუცილებელიც იყო.

ჩვენთვის უფრო საინტერესოა ის პირი, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ამ წიგნის დამწერის დროს და ვის ხსენებასაც ის ერიდება. ამისათვის პირველყოვლისა უნდა გაირკვეს თუ როდის დაიწერა ეს ნარკვევი. ხელნაწერი უთარიღოა, მაგრამ მისი ვარიანტის ის ადგილი, სადაც ლაპარაკია: კიდევ ათი წელი და საუკუნეც შესრულდება მას აქეთ, რაც საქართველო შეუერთდა რუსეთს“-ო, ააშკარავებს ბიოგრაფიის დაწერის თარიღს. ასე რომ ხელნაწერი დაწერილი უნდა იყოს 1888_90-იან წლებში.

ვინ იყო ამ წლებში ცოცხალი, შეთქმულთაგანი, რომელმაც უჩვენა ალექსანდრე ჭავჭავაძის შეთქმულებაში მონაწილეობაზეც? ეს კითხვა არც ისე ადვილი გადასაჭრელია, ვინაიდან, შეთქმულების მასალებიდან სჩანს: “არც ერთ შეთქმულებას არ უნდოდა მონაწილეობის მიღება გენერალ ჭავჭავაძის გარეშე“ და ყოველი მათგანი ცდილობდა შექმულებაში ჭავჭავაძის გახვევას; უფრო მეტიც, აჯანყების წარმატებით დასრულების შემდეგ გიორგი ერისთავის მიერ შედგენილი პროექტის მიხედვით საქართველოს მართველობა ამ გვარად იყო გათვალისწინებული: “ორი სამთავრობო (სამმართველო), ადგილი იყო: ზედა და ქვედა ზედაში იყვნენ პირველი პირი თვით მეფე, რომელსაც ალექსანდრე ბატონის შვილს გულისხმობდნენ, მეორე – სამხედრო მინისტრი, ჭავჭავაძე (8) და ა. შ. მაშასადამე განთავისუფლებულ საქართველოში ალ. ჭავჭავაძე მეორე კაცი უნდა ყოფილიყო, ან უკეთ რომ ვთქვათ მეფის შემდეგ პირველი კაცი.

აქ ჩვენ ცოტა გზას გადაუხვიეთ, საჭიროა ისევ დაუბრუნდეთ საკითხს _ ვინ უნდა იყოს ის პირი, რომლის სახელის ხსენებას ერიდება მეუნარგია, რაკი იგი ცოცხალია 90-იან წლებში? ჩვენ რატომღაც, ეს პირი პოეტი ვახტანგ ორბელიანი გვგონია, რასაც გვაფიქრებინებს პირველყოვლისა მის მიერ მიცემული ჩვენებანი (იხ. ი. გოზალიშვილი “1832 წლის შეთქმულება“, ვახტანდ ორბელიანის ჩვენებანი). მეორედ, ვახტანგი ცოცხალი იყო 90-იან წლებში (გარდაიცვალა 1890 წლის 29 ნოემბერს), ი. მეუნარგია პირადად დიდი თაყვანისმცემელი იყო ვახტანგ ორბელიანისა, როგორც პოეტისა და საზოგადო მოღვაწის და მასთან, მათ შორის მეგობრულ ურთიერთობასაც ქონია ადგილი, რის ნაყოფიც არის ვახტანგ ორბელიანის ლექსი “ნანგრევთა შორის ლამპარი“ მიძღვნილი იონა მეუნარგიადსადმი, რომლის უკანასკნელი სტრიქონებია:

და აწ მადლი შენ, გსურს გააცნო იგო ევროპას,
განათლებისა, სწავლის დიდ ერს და დიდს ქვეყანას. (9)

და მეოთხედ, ღრმა მოხუცებაში მყოფ მეგობარ პოეტის წყენას ცხადია, ერიდებოდა ბუნებით პოეტების დიდი თაყვანისმცემელი და დარბაისლური ზრდილობის მქონე ი. მეუნარგია.

დასასრულ, ნარკვევის ტექსტის აღსადგენად საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობა დაგვჭირდა, რადგან იგი, გარდა იმისა, რომ ფურცლებად იყო დაშლილი და გაფანტული არქივის სხვადასხვა ნაწილში, ნაფლეთებად ქცეულ, ფანქრით ნაწერ ფარიტინებს წარმოადგენს, ნაწერიც ზოგან ისე მკრთალია და გადაშლილი, რომ მისი ამოკითხვაც ძლიერ გაჭირდა, უმთავრესად მეორე, პატარა ვარიანტისა, რომელიც თავდაპირველად დაწყებულ ვარიანტად მიგვაჩნია. მკითხველის წინაშე ორივეს ვადგენთ.

არსებობს ი. მეუნარგიას მიერ დაწერილი ალექსანდრე ჭავჭავაძის ბოგრაფიის რუსული ვარიანტიც უფრო დასრულებული სახით, წინამდებარე ხელნაწერის მასალებზე დამყარებული, მაგრამ მოკლედ, შეკუმშულად, გაზეთის ფელეტონათ დაზუსტებული, რომელიც ამჟამად მგოსან ი. გრიშაშვილის არქივში ინახება. პატივცემულმა მგოსანმა და მკვლევარმა პირადად გამაცნო დასახელებული რუსული ვარიანტი, რომელიც ერთხელ კიდევ ხაზს უსვავს იონა მეუნარგიას ინტერესს ალექსანდრე ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლისადმი.

მეტი რომ არ გავაგრძელოთ, ისიც კი სათქმელია, რომ ბიოგრაფიის ტექსტში მოხსენებულ პირთა შესახებ საჭირო განმარტებას ავტორი არ იძლევა, ჩვენ კი ვცდილობთ იქვე სქოლიოში მოვაქციოთ ასეთი განმარტებანი, მაგრამ მხოლოდ საჭიროების ფარგლებში, თუ კი ეს აუცილებელი, თუ კი ხსენებული პირი არც ისე დიდად ცნობილია ჩვენს ისტორიაში.

ბიოგრაფიის ტექსტში რაც შეიძლება ვიცავთ ავტორის სტილსა და მართლწერას, ვიცავთ, რამდენადაც ჩვენ მისი წერის მანერასა და წინადადებათა კონსტრუქციას ვართ გაცნობილი, ამ მხრით მის სხვა შრომებისაგან, წინამდებარე შრომა საგრძნობად განირჩევა და იმიტომ, რომ იგი შავად დაწერილია. ხოლო ი. მეუნარგიას მუშაობის ერთერთი ხასიათი, მისი ნაწერის შესწორება და ხელახლა გადაწერა, გადათეთრება, რასაც ამ შემთხვევაში მოკლებული ვართ.

დასასრულ, მადლობას მოვახსენებთ სამეგრელოს მუზეუმის მეცნიერ მუშაკს, ქართული კულტურის პატრიოტს და ჩემს მეგობარს ამხ. აკაკი ჭანტურიას, რომელმაც შესაძლებლობის ფარგლებში არ მომაკლო ხელისშეწყობა, სისწორით აღმედგინა ამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი წიგნის ეს დღემდის უცნობი ხელნაწერი.

შენიშვნები:
1 ეშყაბაში; პატივც. მგოსან ი. გრიშაშვილის თქმით იგივე ეშიკ-აღა-ბაში. ელჩების მეთაური, უფროსი.
2  ლაზარევი, რუსეთის გენერალი. მოჰკლა მარიამ დედოფალმა, გიორგი მეფის ქვრივმა.
3 საფრანგეთის გამოჩენილი მსახიობი.
4 საფრანგეთის უდიდესი მწერალი1802_1883 წ.
5 იხ. ი. მეუნარგია “ცხოვრება და ღვაწლი თ. გრ. ორბელიანისა”. გვ. 145.
6 ჟორჟ-ჟაკ დანტონი (1759_1794)_საფრანგეთის რევოლუციის დიდი ფიგურა.
7 მაშინდელი მთავარმართებელი კავკასიისა.
8 იხ. გ. გოზალიშვილი, “1832 წლ. შეთქმულება”, ტ. I გვ. 92
9 იგულისხმება “ვეფხის ტყაოსნის” თარგმნა ი. მეუნარგიას მიერ ფრანგულად.

სოლომონ ცაიშვილი
1936 წ. სექტემბრის 30. თბილისი.

სამეგრელოს მუზეუმი, თბილისი 1937 წ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: