Posted by: burusi | 07/03/2010

თენგიზ წოწონავა – ფარნავაზი

ფარნავაზ I – Pharnavaz I of Iberia

თენგიზ წოწონავა – ფარნავაზი

მამულად ქართლელი

ფარნავაზი მცხეთის მამასახლისის – სამარას ძმისწული იყო.
ბერძენთა ლაშქრით გულმოცემულმა აზონ ერისთავმა მცხეთა რომ დაიპყრო, სამარაც და ფარნავაზის მამაც მაშინ დაირუპნენ.
სამი წლის ბავშვი დედამ კავკასიის მთებს შეაფარა.
როცა დავაჟკაცდა, ფარნავაზი მცხეთაში, თავის მამულში დაბრუნდა. ბრწყინვალე მხედარი და მონადირე, ახოვანი, გონიერი ჭაბუკი მცხეთელებმა უმალ შეიყვარეს.
აზონ ერისთავიც მალე გაიცნო, ერთად ნადირობდნენ, დროს ერთად ატარებდნენ. დედა გრძნობდა, რომ ეს სიახლოვე ცუდად დამთავრდებოდა. აზონს ერიდე, შვილო, შენს ღირსებას ნუ აჩვენებ.
სხვა ადამიანის ღირსება აზონს მართლაც აღაშფოთებდა ხოლმე. მუდამ შიშობდა, ვინმემ არ მაჯობოს და საბრძანებელი არ წამართვასო.
ფარნავაზის დედა ირანელი იყო, ამიტომაც შვილს ირანში წასვლა დაუჩემა.

ფარნავაზმა განძი იპოვა

ერთხელ ფარნავაზი სანადიროდ წავიდა. დიღმის ველზე დაეშვა, ირმებს დაედევნა. ერთ ირემს მიეწია და ისარი ჰკრა.
დაჭრილი ირემი კლდის ძირას უსულოდ დაეცა.
ბინდდებოდა. ფარნავაზი მოკლულ ირემთან ჩამოჯდა. იფიქრა, აქ გავითენებ, მცხეთაში დილით დავბრუნდებიო.
უეცრად წვიმამ დაასხა.
კლდის ძირას გამოქვაბული მოძებნა და მისი ამოქოლილი კარი რკინის კომბალით გამოარღვია.
გამოქვაბულში მან აურაცხელი განძი, უამრავი ოქრო და ვერცხლი იხილა. გამოქვაბული საიმედოდ ამოქოლა და მცხეთაში დაბრუნდა, ეს ამბავი დედას აცნობა.
დედამისი და დები წაიყვანა, გამოქვაბულს მიაშურა.
ვინმეს რომ არ დაენახა, ისინი დღისით შრომას ერიდებოდნენ, ღამით კი განძს ვირებით ეზიდებოდნენ და მარჯვე ადგილზე ფლავდნენ.
ასე გაგრძელდა ხუთ ღამეს. გამოქვაბული, ბოლოს და ბოლოს, დაიცალა და განძის ადგილსამყოფელი აწ უკვე მხოლოდ ფარნავაზის ოჯახის წევრებმა იცოდნენ.

ქუჯი ერისთავი

ჭაბუკმა ფარნავაზმა გადაწყვიტა, რომ ეს განძი სამშობლოს გათავისუფლებისათვის მოეხმარა.
მას საფიქრალი გაუჩნდა:
„საიდუმლო ვის გავანდო? ვინ დამეხმარება და ბოროტ აზონს ვინ დამამარცხებინებს?“
ბოლოს ეგრისის ერისთავს, ქუჯის შეუთვალა:
„მე მცხეთოსის ნათესავი ვარ; მე ვარ მცხეთის მამასახლისის – სამარას ძმისწული. დიდძალი ქონება მაქვს; თუ ინებებ, ამ ქონებას შენთან მოვიტან. ძმები გავხდეთ და აზონ ერისთავს მტრად გამოვუჩნდეთ“.
გახარებულმა ქუჯიმ უპასუხა:
„აღდეგ და მოდი. ქონებას ნუ დაიშურებ, ლაშქარი ვამრავლოთ. დე, გაიხაროს ყველა ქართველმა, ვინც აზონს გაუმწარებია“.
ფარნავაზმა დედა და ორივე და წაიყვანა, რამდენის ზიდვასაც შეძლებდა, იმდენი განძი წაიღო და ეგრისს მიაშურა.
ქუჯი ღირსეულად დახვდა. მან ფარნავაზს უთხრა:
- შენ ქართლის ხელისუფალთა შვილი ხარ. თუ გავიმარჯვებთ, შენ იქნები ჩემი უფალი, მე კი – შენი ქვეშევრდომი.

პირველი მეფე

ლეკებსა და ოსებს უხმეს. ეგრისში შეკრებილი ურიცხვი ლაშქარი მცხეთისაკენ გაემართა.
საბრძოლველად აზონიც მოემზადა, მაგრამ მას მოულოდნელად განუდგა ათასი საუკეთესო ბერძენი მხედარი, ვისთვისაც აზონის ბოროტებას თავის მოებეზრებინა.
სხვებმაც მიატოვეს და ფარნავაზსა და ქუჯის მიემხრნენ.
დარჩენილ ლაშქარს აზონი აღარ ენდო, მცხეთიდან გაიქცა და სამხრეთ საქართველოში, კლარჯეთში გამაგრდა.
ფარნავაზმა და ქუჯიმ მცხეთის ოთხივე ციხე უბრძოლველად აიღეს.
მეორე წელიწადს აზონმა ბერძენ მეომართა ახალი ლაშქარი შეკრიბა და შურისძიება გადაწყვიტა.
ფარნავაზმა ისევ ქუჯის უხმო, ოსები და სომხებიც დაიხმარა, ლაშქარს გაუძღვა და აზონს არტაანთან მიეგება.
ბრძოლაში მრავალი მეომარი დაიღუპა. ფარნავაზმა აზონი და მისი მომხრე ბერძნები დაამარცხა და მცხეთაში გამარჯვებული დაბრუნდა. ოცდაშვიდი წლის ფარნავაზი ქართლის პირველი მეფე გახდა.
ფარნავაზის ქვეყანა ვრცელი იყო. მეფეს რვა ერისთავი ემორჩილებოდა: ეგრისისა და არგვეთის, კახეთისა და ხუნანის, სამშვილდის, წუნდის, ოძრხის, კლარჯეთის.
ერთი და ქუჯის მიათხოვა, მეორე ოსთა მთავარს, თვითონ კი კავკასოსის შთამომავალი, დურძუკი ქალი შეირთო. შვილს, რომელიც ფარნავაზის შემდეგ მეფობდა, საურმაგი ერქვა.
ფარნავაზმა შორაპნისა და დიმის ციხეები ააგო, დანგრეული ციხე-ქალაქები აღადგინა და მცხეთას მტკიცე კედელი შემოავლო.
ხოლო ქუჯიმ ააშენა ეგრისის ახალი დიდებული დედაქალაქი ჯიხან-ქუჯისა ანუ ციხეგოჯი, რაც ქუჯის ციხეს ნიშნავს.

ანბანი, არმაზის კერპი

ქართლში ასოების წერა პირველად სწორედ ფარნავაზმა შემოიღო – მან შექმნა ქართული ანბანი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. ჩვენში მუდამ ცხოვრობდა სხვადასხვა ეროვნების ხალხი და ფარნავაზამდე, ვიდრე ქვეყანა სუსტი იყო, ვითომდა საკუთარ სამშობლოში ყოფილიყო, ყველა თავის ენაზე ლაპარაკობდა. მცხეთაში თურმე ექვსი ენა ითქმოდა: ქართული, სომხური, ებრაული, ბერძნული, ხარაზული და ასურული.
ჭკვიანმა მეფემ ქვეყანა ისე გააძლიერა, რომ ქართლში მის დროს ყველა ქართულად ლაპარაკობდა.
„ამან განავრცო ენა ქართული, და არღა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა“.
მცხეთასთან, ქართლის მთაზე აზონის მიერ შექმნილი ოქროსა და ვერცხლის ქანდაკებები – გაცი და გაიმი იდგა.
ფარნავაზმა აქვე აღმართა დიდი კერპი, რომელსაც არმაზი უწოდა; ქართლის მთასაც არმაზის მთა დაერქვა.
არმაზი ქართველთა მთავარი სალოცავი გახდა.
შვიდას წელიწადს იდგა მცხეთაში არმაზის ქანდაკება და სოფელ-ქალაქებიდან მლოცველებს იზიდავდა.
შვიდასი წლის შემდეგ კი წმინდა განმანათლებელმა ნინომ იქადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება – ქრისტიანობა და ქართველებმა ერთადერთ ღმერთად იესო ქრისტე იწამეს.

თენგიზ წოწონავა


Responses

  1. spsmagaria

  2. sasiamovnoa tqveni gacnoba

  3. magaria


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: