Posted by: burusi | 17/02/2010

იოსებ ნონეშვილი – ბიოგრაფია

იოსებ ნონეშვილი და ნოდარ დუმბაძე

იოსებ ნონეშვილი – Iosif Noneshvili (1920 – 1980)

იოსებ ელიოზის ძე ნონეშვილი დაიბადა 1920 წლის 6 აპრილს სოფელ კარდანახში (გურჯაანის რაიონი). პოეტის მამა ელიოზ ნონეშვილი ქიზიყელი კაცი გახლდათ. კარგი მეომარი ყოფილა, მეტსახელად, მერცხალა ერქვა. იოსების წინაპარს, პაპას – ილია ნონეშვილს ერეკლე მეორისგან მამაცობისთვის ხმალი ჰქონდა მიღებული, რაც მაშინ უმაღლესი ჯილდოს წარმოადგენდა. იოსები 3 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. იოსებ ნონეშვილი მეექვსე კლასში იყო, როცა დედამ თბილისში ჩამოიყვანა. იოსები ვერაზე გაიზარდა, ვაჟთა მე-18 სკოლაში (დღევანდელი 51-ე საჯარო სკოლა) სწავლობდა. მეცხრე კლასში დედაც დაკარგა. ამის შემდეგ მასწავლებლებმა ითავეს ბიჭის პატრონობა. ღამით სკოლის დარაჯის ჯიხურში ეძინა. მასწავლებლებს ე.წ. “ნონეშვილის სია” ჰქონიათ – ფულს უგროვებდნენ, როგორმე თავი რომ გაეტანა. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ვარო ვარდიაშვილმა იოსებს ყალბი ცნობა აუღო – ორი წლით ასაკი მოუმატა, რათა “კომუნისტის” რედაქციაში მუშად მიეღოთ… იოსებ ნონეშვილი თავის მემუარებში იხსენებდა – როცა უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებს აბარებდა, გარეთ გამოსულ აბიტურიენტებს მშობლები ხვდებოდნენ, მას კი სკოლის მასწავლებლები ელოდნენ…

1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943-45 წლებში, ის კავკასიის ფრონტზე იბრძოდა. იქ დაიჭრა კიდეც. ომის დამთავრების შემდეგ, 1947-50 წლებში იყო ჟურნალ “ნიანგის” რედაქტორის მოადგილე, 1952-63 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ “დილას”, ხოლო 1963-66 წლებში იყო გაზეთ “ლიტერატურული საქართველოს” მთავარი რედაქტორი. 1966 წელს ნონეშვილი აირჩიეს საქართველოს მწერალთა კავშირის მდივნად. ამ თანამდებობაზე დარჩა ის სიცოცხლის ბოლომდე. პარალელურად, 1973 წლიდან იოსები იყო მშვიდობის დაცვის საქართველოს რესპუბლიკის კომიტეტის თავმჯდომარე.

პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1938 წ. ჟურნალ „ჩვენს თაობაში”. 1940 წ. გამოსცა პირველი პოეტური კრებული. ნონეშვილის პოეზია გამორჩევა განცდათა სიმდიდრე-სინატიფით. იგი მოიცავს სატრფიალო და სამოქალაქო მოტივებს. მისი ლექსის დამახასიათებელი თვისებაა პოეტური ემოციურობა, ექსპრესიულობა, მხატვრულ სახეთა სისადავე. ნონეშვილის შემოქმედებაში ჭარბობს სატრფიალო ლირიკა, რომლის საუკეთესო ნიმუშებია: “საუბარი ნაძვებთან”, “ფრთხილად იყავი”, “შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა” და სხვა. პოეტის სატრფიალო ლირიკა გამოირჩევა საყვარელი არსებისადმი ნაზი, ნატიფი დამოკიდებულებით, იგი შორსაა ხორციელ ვნებათა აპოლოგიისაგან. ამ თვალსაზრისით პოეტი თავისი გენიალური წინამორბედის – გალაკტიონის ერთგული მიმდევარია. სიყვარული მის ლექსებში ადამიანის ამამაღლებელი,განმწმენდელი და გამაკეთილშობილებელი გრძნობაა. იოსებ ნონეშვილის სატრფიალო ლირიკის ნიმუშები ქართული სატრფიალო პოეზიის საგანძურში შევიდა და მის ავტორს ქართველმა მკითხველმა სრულიად დამსახურებულად შეარქვა – სიყვარულის მგოსანი.

ნონეშვილის პოეზიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია პატრიოტიზმისა და ხალხთა მეგობრობის თემებს: “ჩუქურთმისმჭრელის ეპიტაფია”, “შემოდგომა თბილისში”, “ელადის ყვავილები” და ა.შ. მასვე ეკუთვნის პოეტური ციკლები სომხეთზე, ყაზახეთზე და სხვა. პოეტის ბევრი ლექსი სიმღერად გავრცელდა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე. მიღებული აქვს გ. ტაბიძის სახელობის პრემია წლის საუკეთესო ნაწარმოებისათვის. 1981 წ. მიენიჭა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (გარდაცვალების შემდეგ).

ისე გამოდიოდა იგი ყოველ დილით სახლიდან, როგორც მსახიობი რამპის შუქზე. თითქოსდა ოდნავ შემკრთალიც, დაძაბულიც. ხომ გინახავთ თვითდაჯერებული კაცის ნაბიჯები. იოსებ ნონეშვილს ასეთი ნაბიჯები არ ჰქონდა. სამოცი წლის იოსებ ნონეშვილი, ხალხის საყვარელი პოეტი და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კაცი, გალაღებული კაცის ნაბიჯებით კი არ დადიოდა, ფრთხილად დააბიჯებდა, გაფაციცებული მზერით შესცქეროდა ქვეყანას, მორცხვი ღიმილით შეჰყურებდა ყველას, ნერვიულად ატრიალებდა თავს, რომ სალამი არავის დაესწრო.
ერთ დღეს ის მორცხვი ღიმილი და ის სალამიც ერთბაშად გაიყინა. ყველამ იგრძნო, რომ ქალაქს დააკლდა ერთი გასაოცრად კოლორიტული კაცი, ხოლო ქვეყანას ჭეშმარიტი პოეტი და უერთგულესი ჭირისუფალი.
იოსებ ნონეშვილი გარდაიცვალა 1980 წელს.

ნამდვილი დიდება ისაა, რომელიც სიკვდილის შემდეგ მოდისო, ნათქვამია.
ქართული პოეზიის დიდ ტაძარში იოსებ ნონეშვილის ლექსიც ანთია, რაც ყველაზე საიმედო გარანტიაა უკვდავებისთვის.


Responses

  1. shemodgoma tbilisshi

  2. მ ო მ ე წ ო ნ ა

  3. იოსებ ნონეშვილი

  4. magramomwons chemi dedas ficavar


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: