Posted by: burusi | 16/02/2010

ილია ჭავჭავაძე – ბიოგრაფია

ილია ჭავჭავაძე – Ilia Chavchavadze (1837 – 1907)

ყვარელი. ბავშვობა და სიყმაწვილე
1837-1847
კახეთში, მაშინდელი თელავის მაზრის სოფელ ყვარელში, 1837 წლის 27 ოქტომბერს (ძვ. სტ.) დაიბადა დიდი ქართველი მწერალი და მოაზროვნე ილია ჭავჭავაძე.

ყვარელი, სადაც გაატარა მომავალმა პოეტმა ბავშვობა და სიყმაწვილე, საუკუნეების მანძილზე იყო საქართველოს აღმოსავლეთი საზღვრების კარიბჭე, რომელიც იცავდა ჩვენს ქვეყანას მომხვდური მტრის ამაოხრებელი შემოსევებისაგან და რბევებისაგან. ამის დასტურად აქ დღემდე არის შემორჩენილი ძველი ბურჯებიანი ციხე-გალავანი და კოშკები…

ჭავჭავაძეთა გვარი საისტორიო წყაროებში XV საუკუნიდან, კერძოდ, ალექსანდრე I დიდის დროიდან მოიხსენება. გადმოცემების მიხედვით, ილიას წინაპრები-ჭავჭავაძიანთა ერთი მთავარი შტო-ისტორიული კახეთის მთიულეთის (ერწო-თიანეთი ფშავ-ხევსურეთით) მხრიდან უნდა იყვნენ ჩამოსახლებულნი XVI საუკუნის დამდეგს, ლევან I მეფობის დროს, სახელდობრ, 1529 წელს კახეთის ბარში – ალაზნის გაღმა მხარეში ყვარელ-შილდაში და სამშობლოსა და მეფის სამსახურში გამოჩენილი განსაკუთრებული გმირობისა და მამაცობისათვის კახეთის მეფე კონსტანტინე I თავადობაც მათთვის აქ უბოძებია 1726 წელს. ამიტომაცაა ისინი კახეთის თავადობის ღირსებით ჩაწერილნი 1783 წელს გეორგიევსკში დადებული რუსეთ საქართველოს ტრაქტატისათვის თანდართულ ქარლთ-კახეთის თავად-აზნაურთა სიაში, რომელიც ერეკლე II მიერ არის დამტკიცებული.

კახეთის თავადი ჭავჭავაძეები იყვნენ ,,ორ გვარად“ -წინანდლისა და ყვარლისა. წინადლის შტოს ეკუთვნოდნენ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე გარსევან ჭავჭავაძე (ვისაც ერეკლე II მიანდო 1783 წელს გეორგიევსკში რუსეთ-საქართველოს ტრაქტატზე ხელის მოწერა, შემდეგ კი ქარლთ კახეთის სამეფოს დესპანად გაგზავნა რუსეთის სამეფო კარზე პეტერბურგში), მისი ვაჟი-გამოჩენილი ქართველი პოეტი-რომანტიკოსი ალექსანდრე ჭავჭავაძე, სილამაზით განთქმული ასულნი-ნინო ჭავჭავაძე-გრიბოედოვისა, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა, სოფიო ჭავჭავაძე-ბარონ ნიკოლაისა და ერთადერთი ძე – დავით ჭავჭავაძე…

ილია ყვარელი ჭავჭავაძეების შთამომავალია. მისი პირდაპირი წინაპრები-ოტია, პაპუნა, მამუკა, ფარემუზ, ბესპაზ და პაატა ჭავჭავაძეები XV-XVIII სს. ისტორიული პირებია, ილიას პაპის მამას – ბესპაზ ჭავჭავაძეს თავი გამოუჩენია 1755 წელს ხუძახის ბატონის-ნურსალ-ბეგისა და მისი 20-ათასიანი ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში ყვარლის დაცვის დროს. როგორც თეიმურაზ II და ერეკლე II 1755 წლის წყალობის სიგელი მოწმობს, სხვა ქართველ მეომრებთან ერთად ბესპაზ ჭავჭავაძემ ,,რჯულის გულისათვის თავი საყათლანოდ გადასდვა, ოცდასამი დღე ლომსავით იბრძოლა“ და ყვარლი ციხე გალავანს ალყა შემორტყმული ხუნძახის ბატონი და მისი მრავალათასიანი ლაშქარი სატიკად დაამარცხა და სამარცხვინოდ უკუაქცია!

პოეტის პაპა პაატა ბესპაზის ძე ერეკლე მეორისა და საქართველოს უკანასკნელი მეფის – გიორგი მე-13-ის დროს გამოჩენილი პირი ყოფილა. ერეკლე მეფის დროს პაატა, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მოიხსენიება, როგორც მონაწილე ექსპედიციისა იმერეთში 1788 წელს, როდესაც ერეკლემ იმერეთის მეფედ დასვა თავისი შვილიშვილი სოლომონ მეორე.
1798 წელს, როდესაც გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პატარა კახი და როგორც ხალხური ლექსი ამბობს – ,,საქართველოს შეეხსნა რკინის კარები”, – პაატა იყო ერეკლეს დამტირებელთა შორის, ქართლ – კახეთის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ჩამოუსვენებია ერეკლეს ცხედარი თელავიდან მცხეთაში, სადაც იგი მიაბარეს სამშობლოს მიწას საქართველოს ძველ დედაქალაქში.
პაატას ხუთი ვაჟი ჰყოლია: სვიმონი, გარსევანი, ალექსანდრე, გრიგოლი (მამა ილიასი) და იოსები. ამათგან გრიგოლის ძმები იოსების გარდა მტრის ტყვიით განგმირულან (იოსები მათ შორის საერთოდ არაა მოხსენებული). პოეტის მამა – გრიგოლი, ერთ ხანად სამხედრო სამსახურში ყოფილა ოფიცრად, მაგრამ ოსმალეთთან ომის დამთავრების შემდეგ იგი ბრუნდება საქართველოში და ირთავეს ქრისტეფორე ბებურიშვილის ქალს მარიამ (მაგდანე) ბებურიშვილს.
გრიგოლს და მარიამს სულ ექვსი შვილი ჰყოლიათ: ოთხი ვაჟი და ორი ასული.

ილია მესამე შვილი იყო გრიგოლ და მარიამ ბებურიშვილი ჭავჭავაძეებისა. თავის ავტობიოგრაფიაში ილია წერს: ,, დავიბადე 27 ოქტომბერს 1837 წელს, სოფელ ყვარელში“.

შუა ეზოში იდგა რიყის ქვისგან ნაშენი სამსართულიანი ძველებური კოშკი, სადაც ლეკების შემოსვლის დროს მთელი ოჯახი იხიზნებოდა. ლეკთა ერთ-ერთი ასეთი მოსალოდნელი თავდასხმის დროს დაბადებულა სწორედ ილია ამ მამაპაპეული კოშკის მეორე სართულზე. მესამე სართული მცველებს ეკავათ, პირველ სართულს კი სურსათ-სანოვაგის შესანახად იყენებდნენ. კოშკს ყველა მხრიდან სათოფურები ჰქონდა დატანებული და საიმედოდ იცავდა მებატონის სახლ-კარს, რომელშიც შედიოდა სადგომი სახლი, სამზარეულო, ჩალური და მარანი, წისქვილი, ბეღელი და თავლა.

ილიას სახლ-კარი დიდ მწვანე ბაღშია ჩაფლული, რომლის ნამდვილი მშვენებაა საუკუნოვანი გოლიათი კაკლის ხე. ამბობენ თითქოს, ილიას ყრმობის პირველი გატაცება სოლომონ ჭავჭავაძის მშვენიერი ასული ელისაბედი ყოფილა, იგივე ლიზა (შემდეგ ყვარელში მოსამსახურე ქუთაისელი ოფიცრის ალექსანდრე მარჯანიშვილის მეუღლე, დედა კოტე მარჯანიშვილისა) და თითქოს სწორედ მას მიუძღვნა შესანიშნავი ლირიკული ლექსი ,,გახსოვს, ტურფავ“:

,,გახსოვს, ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში
მე და შენ რომ ერთად ვრბოდით?
ნეტა იმ დროს!.. სიყვარულის
მეტ არაფერს ჩვენ არ გვრძნობდით!
შენ მოსწყვიტე ქორფა ვარდი,
გადმომიგდე საყვარელსა
და მითხარი: ,,ჩემო გიჟო!
ჩემ სახსოვრად გქონდეს ესა!..

ქართული ენის, წერა-კითხვისა და სამშობლო ქვეყნის გმირული წარსულის, ქართული მწერლობისა და ზეპირსიტყვიერების სიყვარული ილიას პატარობიდანვე ოჯახში ჩაუნერგა დედ-მამამ:

,,მამა-ჩემმა ძალიან კარგი ზღაპრები იცოდა და ჩვენც გვიყვარდა ყურის-გდება ზღაპრისა“, ან კიდევ: ,,მამამ დაიწყო: მე ადრეც მიამბნია, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან ემტერებოდნენ თათრები. მოსვენებას არ გვაძლევდნენ, ხან აქედამ, ხან იქიდამ მოგვესეოდნენ ხოლმე. ჩვენც, რაც შეგვეძლო, რაც ძალი და ღონე გვქონდა, ვებრძოდით, ვეომებოდით“,- ასე ალაპარაკებს ილია ჭავჭავაძე მამას მოთხრობაში ,,ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“, ხოლო ავტობიოგრაფიაში პირდაპირ წერს: ,,მამაჩემი რამდენადმე განათლებული კაცი იყო, აფიცრად მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნის პოლკში და რუსული კარგად იცოდა“.

მაინც, ილიას პირველი მასწავლებელი და შთამაგონებელი დედა ყოფილა. ილია ჭავჭავაძე წერს:

,,დადაჩემმა მშვენივრად იცოდა მაშინდელი ქართული მწერლობა. სულ ზეპირათა ჰქონდა დასწავლული თითქმის ყველა ლექსი და ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც კი იშოვებოდა მაშინ ან დაბეჭდილი ან ხელნაწერი. საღამოობით დაგვსხავდა ბავშვებს და გვკითხავდა: აბა, ვინ უფრო კარგად მიამბობს, რაც გუშინ გაიგონეთო. ვინც კარგად ვუამბობდით, გვაქებდა და ამ ქებას ჩვენც დიდად ვაფასებდით“.

მაგდანა (მარიმ) ბებურიშვილი სანამ 1832 წელს გრიგოლ ჭავჭავაძის მეუღლე გახდებოდა, მანამდეც მისი ოჯახი წმინდა ქართული ტრადიციების მატარებელი ყოფილა და ქართული ეროვნული მწერლობის ძეგლთა გადაწერა- გამრავლებას მისდევდა. ასე რომ, როგორც ვხედავთ, ქართული მწერლობის სიყვარული ილიას თურმე დედის ოჯახიდანვე მოსდევდა.

1845 წელს, ალ. ყიფშიძის გადმოცემით, შინაური სწავლის მიღების შემდეგ 8 წლის ილია მიუბარებიათ სოფლის მთავარ დიაკვნისათვის, ვისთანაც გატარებულ სამ წელს წარუშლელი კვალი დაუტოვებია მწერლის ცხოვრებაში. ავტობიოგრაფიაში ილია გადმოგვცემს: ,,სწავლა 8 წლის დავიწყე ჩვენი სოფლისავე მთავართან ქართულის წერა კითხვითა. მთავარმა ძალიან კარგად იცოდა ქართული და სახელი ჰქონდა განთქმული საღმრთო წიგნების კარგის მკითხველისა. ხოლო უმთავრესი ღირსება მისი ის იყო, მომხიბვლელი თქმა იცოდა ამბებისა. გვიმბობდა მდაბიურად და ბავშვისათვის ადვილად გასაგების ენით უფრო საღმრთო და სამშობლო ქვეყნის ისტორიის ამბებსა, ვის რა გმირობა მოემოქმედნა, ვის რა ფალავნობა გაეწია, ვის რა ღვაწლი და სიკეთე დაეთესა სამშობლოსა და სარწმუნოების სასარგებლოდ და დასაცველად.

ბევრი ამ ამბავთაგანი ღრმად ჩამრჩა გულში და ერთი მათ შორის-,,დიმიტრი თავდადებული“- თემად გამოვიყენე მრავალი წლის შემდეგ. ერთი კიდევ პატარა საშობაო მოთხრობად დავწერე. ჩემს ,,გლახის ნაამბობში“ ზოგიერთს ადგილს ცხადად ამჩნევია კვალი მთავრის ამბების გავლენისა.

მთავართან ვსწავლობდი ამავე ჩემ სამშობლო სოფლის გლეხკაცების შვილებთან. რამდენადაც მახსოვს, ხუთნი თუ ექვსნი ვიყავით. ყველანი შინიდან დავდიოდით მთავართან დილ-დილით და სწავლა გვქონდა შუადღემდე.

ილიას დედა სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვლილა ყვარელში 1848 წლის 4 მაისს. მაშინ ილია 10 წლის იყო. დედით დაობლებული ძმისშვილების პატრონობა იტვირთა მამიდამ – მაკრინე პაატას ასულმა ჭავჭავაძე-ერისთავისამ. მაკრინე გათხოვილი იყო ივანე არაგვის ერისთავზე და ამ დროს დაქვრივებული იყო. მაკრინე პაატას ასულმა ჭავჭავაძე-ერისთავისამ და მართლაც რომ ნამდვილი დედობა გაუწიათ მათ.

მეთერთმეტე წელში გადამდგარი ილია 1848 წლის იანვრისთვის მამამ თბილისში ჩამოიყვანა. პატარა ილიას ცხოვრებაში დგებოდა ახალი ხანა – თბილისის ხანა, პანსიონსა და გიმნაზიაში განსწავლის წლები. . .

თბილისი
პანსიონსა და და გიმნაზიაში
1848-1856 წლები

1848 წლის იანვრისთვის გრიგოლ ჭავჭავაძემ თავისი მეორე ვაჟიშვილი მაშინდელ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო რაევსკის და ჰაკეს კერძო პანსიონში მიაბარა, სადაც 4 წელიწადს სწავლობდა.

1851 წელს წავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა.

1852 წლის 10 დეკემბერს, როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა “მოთქმა საწყლისა“. 15 წლის გიმნაზიელის ცხოვრებაში მომხდარ ამ ღრმა ტრამვას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი, რომ ილიას ამ დროს საგნებში არასახარბიელო ნიშნები მიუღია, რის გამოც იგი გიმნაზიის იმავე მეოთხე კლასში დაუტოვებიათ. სამაგიეროდ, 1853 წელს ილიას მდგომარეობა საგრძნობლად გამოუსწორებია.

ილიას ბავშვობისა და მოწაფეობის ხანა მშფოთვარე პერიოდია ჩვენს ისტორიაში„ ეს არის კავკასიისა და ყირიმის ომების ხანა, ბატონყმობის მძიმე უღლისა და რუსეთის თვითმპყრობლობის ბრძოლის ხანა. 1854 წლის ივლისში წინანდალზე ლეკთა თავდასხმამ იმსხვერპლა მისი უფროსი ძმა კონსტანტინე.

პეტერბურგს გამგზავრება, პეტერბურგის უნივერსიტეტი
1857-1861 წ

თბილისის გიმნაზიის რვა კლასის დამთავრების შემდეგ ილიას მტკიცედ ააქვს გადაწყვეტილი რუსეთში წასვლა უმაღლესი განათლების მისაღებად. რუსეთში წასვლამდე ილია ყვარელში იმყოფება. იგი ამ დროისათვის რამოდენიმე ორიგინალური ლექსის ავტორი გახლდათ. 1857 წლის 15 აპრილს სოფელ კარდანახში დაწერა ლექსი “ყვარლის მთებს“.

1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე, რომელიც იძლეოდა ეკონომიკურ – ფინანსური და ადმინისტრაციული დარგების ცოდნას.

1859 წლის ზაფხულში ავადმყოფი ილია რამდენიმე თვით ჩამოსულა საქართველოში გამოსაჯანმრთელებლად და აქ შემოდგომამდე დარჩენილა.

ილიას სტუდენტობის დროის შესახებ მოიპოვება მოგონებანი ილიას მეგობრის კოხტა აფხაზისა, რომელიც ილისათან ერთად სწავლობდა, როგორც გიმნაზიაში, ისე უნივერსიტეტშიც, და ნიკო ნიკოლაძისა, რომელიც ილიას შემდეგ ჩავიდა პეტერბურგში. ნიკო ნიკოლაძის დროს პეტერბურგის სტუდენტობაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ხსოვნა სტუდენტ ილიას შესახებ, რომელიც პეტერბურგის ქართველი სტუდენტობის მიერ აღიარებულ ხელმძღვანელად ითვლებოდა.

კოხტა აფხაზი გადმოგვცემს:

“უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტუკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. ……. ჩვენ სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზედ, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზედ. ვკითხულობდით ხშირად ქართულ წიგნებს“.

ილიას სტუდენტობის ხანა პეტერბურგში დაემთხვა რევოლუციებისა და ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ომების, მათი მუდმივი გამოძახილის პერიოდს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ახალგაზრდა ილია, თავისი დამონებული სამშობლოს მომავალ ბედზე ფიქრით მოცული, მღელვარებით ადევნებდა თვალყურს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას ევროპაში. როდესაც 1860 წლის გაზაფხულზე გარიბალდიმ აიღო მესინა, ხოლო შემდეგ იტალიის ნახევარკუნძულზე გადმოვიდა, ილია ამას აღფრთოვანებული მიესალმა ლექსით: “ მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა…“

ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი. ილიას გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა შეადგენდა იმ ბირთვს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შეადგინა “პირველი დასი“.

ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის-“თერგდალეულთა“ ტრადიციები.

1857-1861 წლები არაჩვეულებრივად უხვი გამოდგა სტუდენტი ილია ჭავჭავაძისთვის შემოქმედებითი ნაყოფიერების თვალსაზრისით. სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფისათვის, მისი პროგრესული სოციალური-პროგრესული, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე ინტენსიურად და საფუძვლიანად სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუსულ და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას; გატაცებით დაეწაფა რუსი რევოლუციონერ დემოკრატების — ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს.

“როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას“
საქართველოში დაბრუნება

1861 წლის გაზაფხულზე, აპრილში ილია ჭავჭავაძემ დატოვა პეტერბურგის უნივერსიტეტი და საქართველოში გამოემგზავრა. ამშობლოსთან შეხვედრის მოლოდინით აღძრული ფიქრები, მისი ჭირვარამის, მისი „დაუყუჩებელი ტკივილების“ მწვავე განცდა და მზადყოფნა მისთვის ერთგულად მსახურების მხატვრულად აისახა „მგზავრის წერილებში“, რომელიც არა მარტო ავტორის ან „თერგდალეულების“ მიზნებსა და ამოცანებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავდა და მიზანდასახული აქტივობის, მოქმედებისა და ბრძოლის წყურვილითა და მოწოდებით იყო განმსჭვალული. “როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება და როგორ შემეყრება იგი მე – ვიფიქრე. რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?“

ილიამ საქართველოში ჩამოსვლის პირველ წელსვე თავის გარშემო შემოიკრიბა ახალი თაობა, ქვეყნის ცოცხალი ძალები. ამ დროს ჩაეყარა საფუძველი ილიას მოთავეობით იმ საზოგადოებრივ დაჯგუფებას, რომელიც “პირველი დასის“ სახელით არის ცნობილი.

შორეული მგზავრობიდან დაბრუნებული და ახლად გაჩაღებულ ლიტერატურულ ბრძოლაში ჩაბმული ახალგაზრდა პოეტი ზაფხულსა და შემოდგომას მშობლიურ ყვარელში ატარებს, სადაც იგი 1861 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში ქმნის ორ ახალ შესანიშნავ ლექსს “მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული…“ და “ჩემო კალამო“.

1863 წლის 10 აპრილს, ილია ჭავჭავაძე დაქორწინდა საგურამოს მფლობელ თავად თადეოზ გურამიშვილის ასულ ოლღა გურამიშვილზე. ამ ხნიდან მოყოლებული თვით ტრაგიკულ აღსასრულამდე ილიას ცხოვრება და შემოქმედება უკვე განუყრელად არის დაკავშირებული მის სახელთან. . .

1863 წელს ილია ჭავჭავაძე აარსებს ჟურნალს “საქართველოს მოამბე“, რომელიც მიუხედავად უმძიმესი საცენზური პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა.

სახელმწიფო სამსახურში–ქუთაისსა და დუშეთში
1864-1873

1863 წლის ბოლოს ჟურნალ “საქართველოს მოამბის“ დახურვის შემდეგ, ილია ჭავჭავაძე იძულებული შეიქმნა სახელმწიფო სამსახურში შესვლაზე ეფიქრა, რათა ნივთიერი სახსარი მოეპოვებინა: “1864 წლის დამდეგს, როცა განიზრახეს გლეხკაცობის განთავისუფლების რეფორმა საქართველოში, გამგზავნეს იმერეთს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორისც ალკე მინდობილობათა მოხელედ და დამავალეს გამომერკვია, თუ რა ურთიერთობა სუფევდა მემამულეთა და გლეხკაცთა შორის ბატონყმობისგან წარმომდგარი“- წერს ილია თავის ავტობიოგრაფიაში.

კავკასიის მეფისნაცვლის 1868 წლის 1 თებერვლისს ბრძანებით, თავადი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე დაინიშნა თბილისის გუბერნიის დუშეთის მომრიგებელი განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ, წლიური ხელფასით – 2400 მანეთი, შემდეგ — საქართველოში საგლეხო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით — მომრიგებელ შუამავლად აღმოსავლეთ საქართველოში. 1868—1873 მუშაობდა დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ. ამ ხანებში დაწერა მან „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები“ (1865), გადაამუშავა „ქართვლის დედა“ (1871) და „აჩრდილი“ (1872), დაასრულა მუშაობა დიდი ხნის წინ ჩაფიქრებულ „მგზავრის წერილებსა“ (1871) და „გლახის ნაამბობზე“ (1872), ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული წყლულების მტკივნეული აღქმით გამოწვეული მწვავე სატირული ლექსები — „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“ და „ბედნიერი ერი“ (ორივე 1871), ქართული პატრიოტული ლირიკის უბრწყინვალესი ქმნილებათაგანი — „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია“ (1872); სატირულ-პუბლიცისტური ლექსები „გამოცანები“, „კიდევ გამოცანები“ და „პასუხის პასუხი“ (1871—1872).

ქართული ბანკის დაარსება. “მეფე ლირის“ თარგმნა და გამოცემა
1873-1876

1873 წლის მაისში ილია ჭავჭავაძე გამოვიდა სახელმწიფო სამსახურიდან და თბილისში გადმოსახლდა.

საქართველოში ბატონყმობის გადავარდნის დაწყებისთანავაე, გამოჩენილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ დიმიტრი ყიფიანმა, რომელიც ამ დროს აღმოსავლეთ საქართველოს თავად-აზნაურობის წინამძღოლი იყო, წამოაყენა ბანკის დაარსების იდეა.

ილია ჭავჭავაძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბანკის წესდების შემუშავებელ სხდომებში. 1873 წლის მაისში ილია ჭავჭავაძე ბანკის წესდების დამტკიცების დასაჩქარებლად და საბანკო საქმეების შესასწავლად, დავით ყიფიანთან და დიმიტრი ყაზბეგთან ერთად რუსეთს გაემგზავრა.

ბანკის წესდების მოლოდინში ილია ჭავჭავაძე პოულობს თავისუფალ დროს და პეტერბურგში ხელს კიდებს ახალ დიდ საქმეს„ უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტ ივანე მაჩაბელთან ერთად იგი იწყებს შექსპირის “მეფე ლირის“ ქართულად გადმოთარგმნას.

ბანკის წესდების დამტკიცებას, რომ კარგი პირი შეატყო, ილია აღარ დაელოდა საბოლოო გადაწყვეტილებას და ათი თვის ტაჯვა-წვალების და რუდუნების შემდეგ, 1874 წლის აპრილის დამდეგს პეტერბურგიდან სამშობლოში გამარჯვებული გამოემგზავრა. 1874 წლის 28 მაისს ფინანსთა მინისტრმა რეიტერნმა ბოლოს და ბოლოს დაამტკიცა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წესდება.

1875 წლის თებერვლიდან ამოქმედდა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი, რომელსაც მთელი 30 წლის მანძილზე 1905 წლის 23 ივნისამდე სათავეში ედგა ილია ჭავჭავაძე.

ილია არც “მეფე ლირის“ დაბეჭდვის საქმეს ივიწყებს. 1877 წლის თებერვალში ილიამ “მეფე ლირი“ ცალკე წიგნად გამოსცა.

“ივერია“ პირველი პერიოდი
1877-1885

ილია და “ივერია“ ყოველი ქართველის ცნობიერებაში ერთმანეთისაგან სამუდამოდ განუყოფელი ცნებებია. გაზეთის პირველი ნომერი დაიბეჭდა 1877 წლის 3 მარტს. ყოველკვირეული გაზეთის სახით.

1879 წლიდან “ივერია“ გადაკეთდა ყოველთვიურ ჟურნალად, რის ნებართვაცილიასთვის კავკასიის მეფისნაცვლის მთავარმმართველობის უფროსს გენერალ-ლეიტენანტ დიმიტრი სტაროსელსკის მიუცია.

1880 წლიდან “ივერია“ გადაკეთდა სამთვიურ ორგანოდ.

1881 წლიდან “ივერია“ კვლავ ყოველთვიურ ჟურნალად გადაკეთდა და ასე გამოდიოდა 1885 წლის ჩათვლით.

ორიგინალურ მხატვრულ შემოქმედებასთან ერთად ამ პერიოდში ილიამ ქართული ლიტერატურა გაამდიდრა, როგორც მხატვრული, ისე მეცნიერული ძეგლებისთარგმანებითაც. აგრეთვე მრავალფეროვანია მისი პუბლიცისტიკა.

ფასდაუდებელია ის ამაგი, რომელიც ამ პერიოდში (1877-1885) ილია ჭავჭავაძემ დასდო ქართულ სკოლას, საერთოდ ქართულ სწავლა-აღზრდისა და განათლების საქმეს და, რაც მთავარია, სკოლაში ქართული ენის უფლებათა დაცვას.

ამავე პერიოდში დღის წესრიგში დგება “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსების საკითხი.

წესდების პროექტზე 1878 წლის 30 იანვარს ხელი მოუწერია 126 დამფუძნებელ წევრს, ხოლო დ.ყიფიანს, ბ. ღოღობერიძეს და ი. ჭავჭავაძეს დასამტკიცებლად მთავრობისთვის წარუდგენიათ 1878 წლის 20 ივნისს, რომელიც ზოგიერთი ცვლილების შემდეგ დაუმტკიცებიათ 1879 წლის 31 მარტს, რის შესახებაც ოფიციალური ცნობა 1879 წლის 14 აპრილს მიიღო დამფუძნებელ წევრთა რწმუნებულმა დ. ყიფიანმა თბილისის გუბერნატორისგან.

საყოველთაოდ ცნობილია ილია ჭავჭავაძის ამაგი, რომელიც მან ქართველ მოღვაწეებთან ერთად დასდო თბილისის სათავადაზნაუროო გიმნაზიას და მისი შენობის აგებას, რომელიც შემდეგში გახდა აკვანი თბილისის უნივერსიტეტის დაარსებისა.

“ივერია“ – მეორე პერიოდი
1886-1901

1885 წლის 16 სექტემბერს, მთავრობის განკარგულებით, “მავნე“ მიმართულებისათვის სამუდაომოდ აიკრძალა ეთადერთი ყოველდღიური გაზეთი “დროება“. ილია ჭავჭავაძე მაშინვე შეუდგა ყოველთვიურ ჟურნალ “ივერიის“ ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთების სამზადისს. ილიას დაუბეჭდავს მომავალი გაზეთის სარეკლამო ფურცელი: “ქართული ყოველ-დღიური საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი “ივერია“ გამოვა ჟურნალის სამაგიეროდ 1886 წლის I-ს იანვრიდამ ყოველ-დღე………“

მართალია “ივერიის“ ყოველდღიურ გაზეთად გამოსვლის პერიოდში ილიას შემოქმედებითი ძალა და ენერგია უმეტესად პუბლიცისტურ-ჟურნალისტურმა მუშაობამ და საზოგადო მოღვაწეობამ შთანთქა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ილიას დიდმა მხატვრულმა ტალანტმა ამ პერიოდშიც შექმნა რამდენიმე პირველხარისხოვანი პოეტური და პროზაული შედევრი, მათ შორის, ქართული პროზის შედევრი “ოთარაანთ ქვრივი“

საგურამოში, თავის მიერ გაშენებულ სახლ-კარში ჩაუყარა საფუძველი ილიამ შესანიშნავ ტრადიციას – ყოველ 20 ივლისს, წმ.ილიას სახელწოდების დღეს, იგი აქ მართავდა “ილიაობას“, რომელიც დროთა განმავლობაში ჭეშმარიტ ეროვნულ დღესასწაულად იქცა!

1897 წლის იანვარში შესრულდა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული მოღვაწეობის 40 წლისთავი.

1891 წელს ილია ჭავჭავაძეს ჯანმრთელობის სერიოზული შერყევა გამოაჩნდა.

1900 წელს ილია სამკურნალოდ ევროპაში მიემგზავრება (გერმანია, ავსტრია)

ივერიის გარეშე
1902-1907

ევროპაში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ილია ერთ წელს კიდევ უძღვებოდა თავის გაზეთს, მაგრამ 1901 წლის 5 დეკემრიდან რედაქტორობა ალექსანდრე სარაჯიშვილს გადასცა, თუმცა “ივერიის“ 1902 წლის №1-152 -ის გამომცემლად მაინც ილია დარჩა. ამის შემდეგ ილია უკვე საბოლოოდ ჩამოსცილდა “ივერიას“ და ერთხანს აქტიურ ლიტერატურულ-საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც უფრო ნაკლებ ედგა კვალში.

1902 წლიდან ილია და ოლღა ჭავჭავაძეები ნიკოლოზის ქუჩაზე მდებარე საგნაშვილისეული სახლიდან საცხოვრებლად გადავიდნენ მაშინდელ ჯერ ვაგზლის ქუჩაზე და ცოტა ხნის შემდეგ ანდრიას ქუჩაზე.

1903 წელს ილია ჭავჭავაძე აფხაზეთში ჩადის. გაგრაში ახალი სასწავლებლის დაარსებაში მონაწილეობისთვის.

დადგა 1905 წელი.

ილია ამ დროს უკვე 68 წლის მოხუცი, ავადმყოფობით იყო გატეხილი.

ილია 1905 წელს გამოდის საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის მოთხოვნით.

1906 წლს მარტში ილია ჩავიდა პეტერბურგში სრულიად რუსეთის თავადაზნაურობის საიმპერიო ყრილობაზე, როგორც საქართველოდან გაგზავნილი დელეგატი-ამომრჩეველი სახელმწიფო საბჭოსი.

1906 წლის აპრილში იგი არჩეული იქნა სახელმწიფო საბჭოს წევრად. სახელმწიფო სავჭოს პირველი სესია გაგრძელდა 1906 წლის 27 აპრილიდან 12 ივლისამდე. ივლისში ილია საქართველოში დაბრუნდა. აქ იგი თებერვლამდე დარჩა. თებერვალში ილია ისევ რუსეთს გაემგზავრა სახელმწიფო საბჭოს მეორე სესიაზე. ივლისში ილია მეუღლით დაბრუნდა საქართველოში.

ილიას მკვლელობა
არტურ ლაისტი, რომელიც 1907 წლის 21 აგვისტომდე საგურამოში ილიასთან ერთად იყო, წერს: ,,დაღონებული იყო, ემდუროდა სხეულის სისუსტეს… შევნიშნე ენერგიის სისუსტე და სიფიცხე, წინანდებურად არ ლაპარაკობდა, ღიმილი მის სახეზე არ შემიმჩნევია, სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ილია სევდასა და მოწყენილობას შეუპყრია. პეტერბურგიდან ჩამოსვლის შემდეგ პოეტი თითქმის სულ საგურამოში იმყოფებოდა. 27 აგვისტოს საგურამოდან წამოსვლისას, დაუბარებია – დღესვე საღამოს დავბრუნდებიო. ამ დროს სოფელში დარჩენილა მოურავი ჯაში, რომელიც მკვლელობის გეგმას აზუსტებდა. იმ დღეს ჯაშმა ყველა ზომა მიიღო უკან დაბრუნებისას ილია მოეკლათ, მაგრამ სამშაბათს და ოთხშაბათს ილია არ დაბრუნებულა, მაგრამ მკვლელებმა შეიტყვეს, რომ ილია ხუთშაბათს, 30 აგვისტოს ბრუნდებოდა, ჯაშმა კი ყველა ზომა მიიღო მკვლელები ჩასაფრებულიყვნენ წიწამურის ტყეში, მზად დახვედროდნენ ეტლის გამოჩენას.
30 აგვისტოს, ხუთშაბათს დილის 10 საათზე ილია და მისი მეუღლე იმავე ეტლით, რომლითაც ლაისტთან ერთად სამი თვის წინ თბილისში ჩამოვიდნენ, საგურამოსკენ გაემგზავრნენ. დაახლოებით დღის პირველ საათზე ილია და მისი მეუღლე მიულან წიწამურის წყაროსთან, სადაც მოურავი ჯაში უნდა შეხვედროდათ. ჯაში კი განზრახ არ მისულა წყაროსთან, რომ მკვლელობაში უშუალოდ არ ჩარეულიყო. ილიას რამდენიმე წუთს მოუცდია, შემდეგ კი განაწყენებულს უბრძანებია თედო ლაბაურისთვის ეტლი დაეძრა. ლაბაური მოსყიდული იყო. იცოდა, რომ 15 – 20 წუთის შემდეგ ილიას მოჰკლავდნენ.

ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ერთმა მოხუცმა კაცმა აღიარა, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ დაიქირავა ილიას მოსაკლავად. საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში.

ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია. მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, წარმოთქვა: “ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია”. ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ.“
ათი დღე, 30 აგვისტოდან -9 სექტემბრამდე, გლოვის ზარი გაისმოდა საქართველოში.  ქართველმა ერმა თავისი მოწიწება და სიყვარული იმით გამოხატა, რომ ილიას ნეშტი თბილისის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილას – მთაწმინდაზე დაკრძალა. 1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა. სახელით წმინდა ილია მართალი.


Responses

  1. sachiroa da gamosadegari chkviani bavshvebistvis ra tkma unda

  2. egetebi bevrni ar arian

  3. martali xar

  4. ra gindat am kactan

  5. dzalian kargi impormaciaa sakmaod damexmara.: )) chkviani bavshvebistviso kargi iyo momewona.martlac cotaa aseti darchenili chvenda samwuxarod.

  6. martla zdalian nichieria ilia

  7. dzalian kargi biografiaa bevri rame gamomadga:)

  8. dzalian kargi biografiaa gamomadga magrad :)

  9. dzalian kargad aris gadmocemuli, sainteresod da sigrmiseulad… momewona da aucileblad gamoviyeneb :) vfiqrob yvela bavshvma da ara marto unda ikitxos aseti informaciebi…

  10. გაიხარეთ, მართლა ძალიან გამომადგა!!! თუ კარგ ქულას მივიღებ თქვენი დამსახურება იქნება. :)

  11. jigrebi xart !!!!!! magrad mishvelet!!!!!

  12. magaria saertod aq yvela inpormacia gamosadgegii
    aa..
    gaixarret tqven madloba am yvelapris shemqmnels:*:*:*!!!

  13. დიდია

  14. gulshi chamwvdomi biografiaa kargad gamomadga

  15. sakmaod kargi inpormaciaa. dzalian gamomadga. :)) <3

  16. MARTLAC NICHERI ACIA ILIA GMERTMA ACXONOS MISI SULI

  17. მართლა ძაან გამომადგა მაგარიაა

  18. კარგიაა

  19. dzalian kargia martla magrad gamomadgea :D :))))))

  20. arvuaryop martlac rom dzalin kargi gverdia…ilia bumberazi adamiani iyo aris da iqneba qartveltatvis da sachiroa davapasot ilia martali, ara chveni sityvebit marto,aramed chveni saqmit…gavuprtxildet enas,mamulsa da sarwmunoebas…

  21. didi madlobbaa vinc daweraa zaliann damexmaraaa ♥

  22. martlac magari informaciaa ilias shesaxeb


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: