Posted by: burusi | 13/02/2010

სიყვარულის ფილოსოფია

წყნარი შეხება, სიყვარულის ისტორია, მხატვარი ლევან მინდიაშვილი

“თუ სიყვარული უბრალო ცხოველობაა, მაშინ იგი არ არის ლამაზი, მშვენიერი. თუ იგი უსხეულო ვნებაა, მაშინ იგი არაა ცოცხალი, ხორცშესხმული. იგი ერთსა და იმავე დროს მშვენიერი სულის სურვილიცაა და ლამაზი სხეულის წყურვილიც… მშვენიერი სული ლამაზი სხეულისათვის ლტოლვილი და ლამაზი სხეული მშვენიერი სულისათვის ვნებული”.
გრიგოლ რობაქიძე.

“მე ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური უცხო არ არის ჩემთვის!” – ეს გამონათქვამი ისეთივე ძველია, როგორც თავად ადამიანი. როგორ გგონიათ, რა ჰქონდათ მხედველობაში ძველ მოაზროვნეებს? ალბათ, ემოციები და აღტკინება, ქვენა გრძნობები და ვნებები. ეს უნიკალური თვისებებია, მათ ცხოველურ სამყაროში ვერ მოიძიებთ. ადამიანური არსებობის დრამატულობა სწორედ რომ “ვნებებით თრობაში” ვლინდება და უმთავრესი მათ შორის სიყვარულია… კაცობრიობა ერთ დღესაც ვერ იცხოვრებს მის გარეშე…
სიყვარულის საზოგადოდ მიღებული განმარტება, ისევე როგორც მრავალი ფილოსოფიურ-ეთიკური კატეგორიისა, არ არსებობს. სიყვარული სიკეთისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვაში გამოვლენილი უზოგადესი პრინციპია – თვლიდა პლატონი და სწორედ მან აამაღლა სიყვარულის ცნება ფილოსოფიური განსჯის დონემდე. პლატონმა სიყვარულის სახეების იერარქია შემოგვთავაზა: უმდაბლესი დონე – ფიზიკური სიამოვნების მიღებაა (ეს დონე, მისი აზრით, შეუფერებელია ადამიანისათვის, განცხრომა და სიტკბოება, რომლისკენაც ასე მიილტვის ადამიანი, დათრგუნვას საჭიროებს); შემდეგი საფეხური ფიზიკური სილამაზის კონკრეტული ნიმუშისადმი სიყვარულია, ამას წმინდა სილამაზისადმი სიყვარული მოსდევს და, ბოლოს, აღაპე (ძმური სიყვარული); აგრეთვე, არსებობს სიბრძნისადმი სიყვარული, რომელიც, ისევე როგორც რელიგიური განცდები, შესაძლებლობას იძლევა ჩავწვდეთ და შევიცნოთ აბსოლუტური ჭეშმრიტება.
არისტოტელე მიიჩნევდა, რომ სხეულის განცხრომა, ხორციელი სიტკბოება მაინც სიკეთეა. მართალია, სიყვარულის საფუძველი სექსუალური გრძნობაა, თუმცა მისი დაყვანა მარტოოდენ სექსუალურ ლტოლვაზე არ შეიძლება. სიყვარული, უპირველეს ყოვლისა, სულთა კავშირი, პიროვნების თვითგამომჟღავნებისა და თვითდამკვიდრების საშუალება უნდა იყოს.
ძველი ბერძნები ერთმანეთისაგან განასხვავებდნენ სიყვარულის სხვადასხვა სახეს: ეროსი, გაღმერთებული ეროსი – ეროტი, სიყვარული – ვნება, სიყვარული, როგორც თავისუფალი ლტოლვა. ეროსი – თავდაპირველად, ადამიანური ვნება, ადამიანის სიღრმისეული, ძლიერი სექსუალური ლტოლვა; ძველბერძნულ მითოლოგიაში – სიყვარულის ღმერთი.
უკვე ჰომეროსთან გვხვდება სიტყვა “ეროსი”, მაგრამ იხმარება არა როგორც ღმერთის სახელი, არამედ როგორც “სურვილის” აღმნიშვნელი არსებითი სახელი. სოფოკლეს “ანტიგონეში” ეროსი გვევლინება დამანგრეველი ძალის მქონე, დაუმარცხებელ ღმერთად.
მითოლოგიაში ეროსს შთამომავლობა არ ჰყავს, ღმერთების გამრავლებაში არ მონაწილეობს, მაგრამ მის ნებას წინ მაინც ვერავინ აღუდგება – ვერც ღმერთები და ვერც ადამიანები. ეროსს შეუძლია ღმერთებისა და ადამიანების გონება საკუთარ ნებას დაუმორჩილოს, მას ძალა შესწევს გააგიჟოს თავისი მსხვერპლი, სიკეთე ბოროტებად მოაჩვენოს.
პლატონი დიალოგში “ნადიმი” მოგვითხრობს, რომ უძველეს დროში ადამიანები ცხოვრობდნენ როგორც უკვდავი ჰერმოფროდიტები, ანუ მათ სქესი არ ქონდათ. ზევსმა დასაჯა ისინი და ორ საწყისად გაყო. ამდენად, ეროსი მასთან გაგებულია, როგორც აუტანელი მოლოდინი იმ მთლიანობის აღდგენისა, რომელიც ადამიანებს ადრე ჰქონდათ; როგორც სასიკვდილოდ განწირული ადამიანების დაუოკებელი სწრაფვა შთამომავლობაში მოიპოვონ უკვდავება; როგორც დაბადება სილამაზეში.
სქესის წარმოშობა თავდაპირველი ერთიანი და ძლიერი ბუნების დარღვევაა ადამიანში. რას ემსახურება სქესობრივი ცხოვრების ცენტრალური ფენომენი, სქესობრივი ლტოლვა და რა მოიაზრება მასში? პლატონი გვთავაზობს შემდეგ მითოლოგემას: ერთ დროს ადამიანები იყოფოდნენ არა ორი სქესის, არამედ სამი სქესის მიხედვით – მამრობითი, მდედრობითი და ე.წ. მესამე სქესი, რომელიც ერთ არსებაში აერთიანებდა ორივე სქესისათვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს. ეს უკანასკნელნი წარმოადგენდნენ ჭეშმარიტ ანდროგინებს (ბერძ. – ორსქესა არსება). ადამიანებმა ღმერთების დამხობა განიზრახეს. განრისხებულმა ღმერთებმა დასაჯეს ისინი – თითოეული ინდივიდი შუაზე გაყვეს, რის შედეგადაც ყოველი მათგანი სქესობრივად ნაკლული აღმოჩნდა. სწორედ ამით არის განპირობებული ადამიანის დაუოკებელი სწრაფვა იპოვოს თავისი ნახევარი და აღადგინოს ოდესღაც დაკარგული მთლიანობა. ეს სწრაფვა წარმოადგენს ეროსის, სქესობრივი სიყვარულის გამოხატულებას. ამ მითის საფუძველზე პლატონი გვიხსნის არა მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთმანეთისადმი სექსუალურ ლტოლვას, არამედ სქესობრივი ცხოვრების ჰომოსექსუალურ და ლესბოსურ გამოვლინებებსაც. ის ქალური და მამაკაცური ბუნების ინდივიდები, რომლებიც ანდროგინის გაყოფის შედეგად წარმოიშვნენ, ერთმანეთს ეძებენ და ერთმანეთისკენ მიილტვიან, რაც, თავის მხრივ, გამოხატულებას პოვებს მამაკაცისა და ქალის სიყვარულში. ის ინდივიდები, რომლებიც მდედრობითი სქესის არსებების გაყოფით წარმოიშვნენ, პირველსაწყისი მდგომარეობის აღსადგენად ერთმანეთისაკენ მიისწრფვიან და ლესბოსური სიყვარულის მიმდევრები ხდებიან. ხოლო მამკაცური სქესის არსებების გახლეჩილი ნაწილების ლტოლვა პირველქმნილი საწყისის აღსადგენად, ჰომოსექსუალურ სწრაფვას აძლევს სათავეს.
პლატონის აზრით, სქესობრივი მიმართების (ეროსის) საზრისი, არ ამოიწურება მხოლოდ ადამიანის ანდროგინული პირველსახის აღდგენით. ეროსი, სქესობრივი სიყვარული, არ დაიყვანება მხოლოდ ერთიანობისაკენ ლტოლვაზე. ეროსს სხვა მისიაც აქვს მინიჭებული. ადამიანი, პლატონის აზრით, ორ საწყისს აერთიანებს: მარადიული, ზეგრძნობადი იდეების მჭვრეტელი გონება და გრძნობად-სხეულებრივი საწყისი. ეროსიც ამ ორი საწყისის ზეგავლენას განიცდის და ამდენად მასში მჟღავნდება ორმხრივი სწრაფვა ადამიანის უკვდავებისაკენ. როგორც სხეულებრივ, მოკვდავ არსებას, ადამიანს უკვდავებასთან ზიარება მხოლოდ სხეულებრივი გარდასახვის გზით შეუძლია. ამისათვის კი აუცილებელია შთამომავლობის შექმნის მიზნით დედაკაცური და მამაკაცური არსებების შეერთება. შთამომავლობაში ადამიანი სხეულებრივ უკვდავებას მოიპოვებს. ამ უკვდავებას გზას უკაფავს ეროსის ერთი, მდაბალი ასპექტი. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, პლატონისათვის ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, გონითი არსებაა და სწორედ გონის უკვდავებაა მისთვის მთავარი და გადამწყვეტი. გონითი საწყისის უკვდავსაყოფად კი ადამიანმა თავისი ეროსის ძალა გონისაკენ უნდა მოაბრუნოს, გონითი შემოქმედების საშუალებით თაყვანი სცეს თავის შეყვარებულს. ლამაზი სხეულისაკენ ეროტიული ლტოლვა მან თანდათან უნდა აამაღლოს და მიმართოს სილამაზის სულ უფრო გონითი ფორმებისაკენ. მან უნდა იაროს სილამაზის გზით მანამ, სანამ არ მიადგება სილამაზის უმაღლეს საფეხურს – თვითონ წმინდა სილამაზეს. თუ ვინმეს, დასძენს პლატონი, მოუხდება იხილოს ეს უმაღლესი სილამაზე ადამიანის სხეულისა, ყოველგვარი ადამიანური ფერებისაგან თავისუფალი, ანუ წმინდა, ყოველგვარი შენარევების გარეშე არსებული სილამაზე, ის შეძლებს შექმნას, გონით დაბადოს სილამაზის ისეთი სრულყოფილი შედევრები, რომლებიც ადამიანის გონის უკვდავების ჭეშმარიტი საწინდარია.
მაშასადამე, ეროსი, სქესობრივი სიყვარული, პლატონის მიხედვით, ადამიანში მოქმედი ისეთი ლტოლვაა, რომელიც აკავშირებს, აერთიანებს სხვადასხვა სქესის ადამიანებს და ამით ხელს უწყობს მთლიანი ადამიანის აღდგენის პროცესს. ეროსი, ამავე დროს, არის თაობათა დამაკავშირებელი ხიდი, როგორც სხეულებრივი, ასევე გონითი უკვდავების მოპოვების საშუალება და სამყაროში სილამაზის განხორციელების აუცილებელი პირობა.
მითები ადამიანური გრძნობების სიძლიერეზე მოგვითხრობენ. ამ დრომდე ვსაუბრობდით ადამიანებს შორის სიყვარულზე, მაგრამ, როგორც ირკვევა, ეროსი ბევრად უფრო ფართო ცნებაა. მითოლოგია მოგვითხრობს ღმერთებისა და ადამიანების სიყვარულზეც. უძველეს შუმერულ მითოლოგიაში გილგამეში ერთდროულად მიწიერ და ზეციურ არსებად არის წარმოდგენილი. ღმერთების ყურადღება სასიამოვნო უნდა ყოფილიყო ნახევარღმერთისათვის, იგი ხომ ქალღმერთ იშტარს შეუყვარდა უსაზღვროდ. მაგრამ გილგამეშმა უარყო მისი სიყვარული და სასწაულებრივ გადაურჩა შეურაცხყოფილი ქალღმერთის შურისძიებას.
ძველი ბერძნების უმაღლეს ღვთაებას ზევსს უამრავი შვილი ჰყავს, მათ შორის დედამიწის მკვიდრი ქალბატონებისგანაც. მეხისმტყორცნელის ოქროს ტახტის ქვეშ მეხი გრგვინავს. კლდის ორი ნაპრალიდან ზევსამდე მოკვდავთა ლოცვა, აღსარება და ერთგულების ფიცის ღაღადი აღწევს. ღმერთი ყურს უგდებს და გადაწყვეტილებებს იღებს. მაგრამ თავადაც საკმაოდ ხშირად ამჟღავნებს და ემორჩილება ადამიანურ გრძნობებსა და ვნებებს. მოეწონება მოკვდავი ქალი? უჩვეულოდ შემოსილი ზევსი მყისვე ტოვებს ოლიმპოს მთას და თავისი ვნების ობიექტს ეუფლება…
გარდაცვლილ სულთა სამეფოს ღმერთმა ჰადესმა ზევსისა და ნაყოფიერების ქალღმერთის დემეტრას ქალიშვილი მოიტაცა – პერსეფონე. ერთხელ იგი მინდორში ყვავილებს აგროვებდა და თან ცდილობდა ნარცისებისათვის არც კი შეეხედა, რადგან დედამ მკაცრად აუკრძალა მათი მოწყვეტა. გოგონას თვალი მაინც გაექცა და სიქათქათითა და სიდიდით გამორჩეული ნარცისი დაინახა, ცდუნებამ სძლია, ხელი გასწია ყვავილისაკენ და… უცებ, მიწა გაიხსნა, ჰადესის შავი ცხენებით შებმული ოთხთვალა ეტლი გამოჩნდა და პერსეფონე მიწისქვეშა სამეფოში აღმოჩნდა. მისი ღვთაებრივი სილამაზით ჰადესი დატყვევებულა, ეროსს მასზეც გამოუცდია თავისი ძალა.
ძველი ეგვიპტური მისტერია: სეთმა, ბოროტმა ძალამ, თავისი ძმის, ღვთაებრივი ოსირისის დაღუპვა გადაწყვიტა. ნადიმზე მან დიდოსტატურად ნაჭედი კიდობანი გამოიტანა და მოტყუებით აიძულა ოსირისი შიგ ჩაწოლილიყო. სეთმა კიდობანი დახურა, დაჭედა, გამდნარი ტყვია ჩაასხა და ნილოსში შეაცურა. კიდობანმა იცურა და ფინიკიაში, ბიბლოსთან გაირიყა. იქ იგი თავისი ქერქით დაფარა მიწიდან ამოზრდილმა უზარმაზარმა ხემ, რომელიც ბიბლოსის მეფემ მოჭრა და თავისი სასახლის სვეტად გამოიყენა. ისიდა ყველგან ეძებდა ძმასა და მეუღლეს. ბოლოს იპოვა და მეფესაგან მისი სხეული გამოითხოვა. ქალღმერთმა დაბრუნებული კიდობანი ქალაქის კედელში დამალა, მაგრამ სეთმა მაინც მოახერხა მისი მალულად მოტაცება. მან ძმის სხეული 14 ნაწილად დაჭრა და მთელ ეგვიპტეში მიმოაბნია. ერთგულმა მეუღლემ, დიდი სიძნელეების გადალახვის შემდეგ, მოძებნა და შეაკავშირა საყვარელი ქმრის სხეულის ყველა ნაწილი.
ძველ ეგვიპტეში ორგიები ისიდას მსახურების კულტის შემადგენელი ნაწილი იყო. ეს მისტერია გასაგებს ხდიდა ყოველივეს: თეთრ სამოსელში გამოწყობილი ათი ქურუმი საკურთხევლის ცენტრში იყრიდა თავს. ორიც, ქალის ტანსაცმლით შემოსილი, ნეფთისსა და ისიდას განასახიერებდნენ, რომლებიც გულდათუთქულნი დასტიროდნენ ოსირისს… მისტერია გულისხმობდა დასაჭურისების რიტუალს – ისიდას ერთგული თაყვანისმცემლები ნებაყოფლობით იკოდებოდნენ, რამეთუ ეს სისხლიანი მსხვერპლი ღმერთის დანაწევრებულ სხეულზე მიანიშნებდათ.
კიდევ ერთი მისტერია, რომელიც ძაგრევსის (ბერძ. “დიდი მონადირე”) მკვლელობის ისტორიას აღადგენს. თქმულების გადმოცემა, ძაგრევსის მკვლელობასა და სიკვდილის შემდგომ აღდგომაზე (წმინდა ვაცის სახით), რიტუალური მოქმედებების თანხლებით სრულდებოდა. აქ სისხლიანი ორგია თამაშდებოდა. გამძვინვარებული, ცხოველური, ავხორცული ჟინით შეპყრობილი ადამიანები ავკაცობას ჩადიოდნენ – ეროსი აშიშვლებდა თავის ბუნებრივ სტიქიას. ყოველივეს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ამის საფუძველზე კათარსისი მიიღწეოდა. დრამა გულწრფელი და სიღრმისეული მონანიებით სრულდებოდა – მსხვერპლს დასტიროდნენ, ტანსაცმელს იგლეჯდნენ, თავზე ნაცარს იყრიდნენ, საკუთარ სხეულს დანით ისერავდნენ. და, ბოლოს, მესამე აქტის დროც დგებოდა – განახლებული ღმერთის სამყაროში დაბრუნების დრო.
ეროსი მარტო დამანგრეველი სტიქია არ არის. მას ძალა შესწევს განწმინდოს, გაანათლოს სული, გააღვიძოს სინდისი ადამიანში; მოუწოდოს ადამიანს, არ მისცეს თავს უფლება ჩვეული გახადოს ეს საშინელება. გამოფხიზლდეს, დაწყევლოს და დათრგუნოს დამანგრეველი, შემმუსვრელი ვნებები. ასეთია ძველი მისტერიების აზრი.
ამრიგად, ეროსი, უპირველეს ყოვლისა, ერთ-ერთი ადამიანური ვნებათაგანია, რომელიც ადამიანის ბუნების ფილოსოფიურ წვდომაში გვეხმარება. სიყვარულის ფენომენში გარკვევა ადამიანის არსში გარკვევის ტოლფასია.
ძველი დროის მოაზროვნეები თვლიდნენ, რომ სულიერი სიყვარული პირველადი და უმთავრესია ხორციელ სიყვარულთან შედარებით. სიყვარულის არსი მისტერიებში პოვებდა ახსნას. ეს ღმერთისაკენ მიმავალი ერთადერთი გზა იყო. სიყვარულს ზეციური საწყისი აქვს. ხორციელი სიყვარული მხოლოდ მაშინ არის წმინდა და ამაღლებული, როცა იგი სულიერი სიყვარულის შედეგი და ნაყოფია.
ანტიკური ეპოქის ბერძენი, ეძლეოდა რა თავდავიწყებასა და განცხრომას, თავადვე ადგენდა საკუთარი ასკეზის, თავშეკავების, დაშვებულობის საზღვრებს. სულ სხვა ვითარებაშია თანამედროვე ადამიანი. მან იცის, რა არის საზოგადოების მიერ დადგენილი ნორმა და რა – ნორმიდან გადახვევა. ამდენად, იგი უკვე სათანადოდ ვეღარ უწევს ანგარიშს საკუთარ გამოცდილებასა და სპონტანურად აღძრულ გრძნობებს. მისთვის ბევრად მნიშვნელოვანია მეცნიერული თვალსაზრისი და საზოგადოებაში ჩამოყალიბებული, მიღებული შეზღუდვათა სისტემა.

აღაპე (ბერძ. ძმური სიყვარული) – სიყვარულის ძირითადი შინაარსია ქრისტიანობაში, აღნიშნავს მოყვასისადმი სიყვარულს. ეროსის, ანუ ვნებიანი სიყვარულის, საპირისპიროდ აღაპე ალტრუისტული სიყვარულის სინონიმია. ქრისტიანობამ რადიკალურად შეცვალა სიყვარულის შინაარსი. ამიერიდან იგი მარტოოდენ ადამიანურ ვნებებს აღარ ნიშნავდა. მან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა მიიღო – ადამიანური არსებობის საფუძველი და საყრდენი. ძმური სიყვარული ყველა ადამიანისადმი სიყვარულს გულისხმობს. შემთხვევითი არ არის, რომ ძველ აღთქმაში ადამიანური სიყვარულის მთავარი ობიექტია ღატაკი, უცხოელი, ქვრივი, ობოლი, თვით ებრაელების დაუძინებელი მტერი – ეგვიპტელიც კი.
პიროვნება ქრისტიანობაში შემოქმედის მფარველობის ქვეშაა – მისი მადლისა და მოწყალების საფუძველზე. იგი გარკვეული ღირებულების მქონეა – ამიერიდან მიწიერი ადამიანი, მთელი მისი განუმეორებლობით, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფიზიკური და ფსიქიკური ნიშან-თვისებებით, აღიარებულია როგორც წარუვალი და უდავო ღირებულება. სხეული, რომელსაც ეთაყვანებოდნენ ძველი ელინელები, ქრისტიანობაში მიჩნეულია სულიერების ჭურჭლად. სიყვარული სიწმინდეა. ვნებებში ჩაფლულ ადამიანს მათი დათრგუნვა მოეთხოვება, რათა შეძლოს და წარმოაჩინოს თავისი პიროვნული სიმდიდრე – სათნოებანი. სასიყვარულო განცდები უნიკალური და ყოვლისმომცველი ხასიათისაა, რადგან ამ გრძნობის ობიექტებია ღმერთი, მოყვასი, უცხოტომელი…
ქრისტიანობის საფუძველი სიყვარულია. სიყვარული ღმერთის არსია. ღმერთისადმი სიყვარული განპირობებულია საკუთარი თავისა და სხვათა სიყვარულით. “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი” (გალ. 5.14). უმთავრესია შეიყვარო ის, ვინც არ მოგწონს. სწორედ ასეთი სიყვარულის საფუძველზე ვაცნობიერებთ, რომ სულიერად ახლობელი ადამიანის სიყვარული დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს. უფრო მნიშვნელოვანია “გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის” (მათ. 5.44), რამეთუ “სრულყოფილი ჭეშმარიტი სიყვარული მათდამი სიყვარულია, ვისაც ვნება მოაქვს ჩვენთვის” (სორენ კირკეგორი). “სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ რისხდება და არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს; ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს” (1 კორ., 14, 4-7). ჭეშმარიტი ქრისტიანია, ვინც ბოროტებას სიკეთით პასუხობს. აუცილებელია შურისძიების მანკიერი წრის გარღვევა; საჭიროა სიყვარული შევათავსოთ ტანჯვასა და მიმტევებლობასთან. “აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მოძულენი და მაჭირვებელნი ჩემნი… ნუ დასჯი ცოდვათა და უსჯულებათა შინა მათთა ჩემთვის”… ეს მიუწვდომელი იდეა, რომელმაც განხორციელება ქრისტეს ვნებებში პოვა, ღმერთის ადამიანებისადმი სიყვარულის სიმბოლოა – “გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ” (იოან. 15.12).
სავარაუდო იყო, რომ ქრისტიანული ღირებულებები, რომლებიც სიყვარულის, გულმოწყალების, დათმენის, მორჩილებისა და უბიწოების პრინციპებს ეყრდნობა, უნდა დამკვიდრებულიყო და შეეცვალა ადამიანების ცხოვრება. ესოდენ მგზნებარე სიყვარული, რომელსაც ახალი რელიგია ქადაგებდა, მკვეთრად გაიმიჯნა სექსისგან. მან აკრძალა სიყვარულისა და სექსისგან სიამოვნების მიღება. დაგმო პროსტიტუცია, მეუღლეების ღალატი, გაუკუღმართებული სქესობრივი ურთიერთობები. ქალწულობის აღთქმა და უმანკოება ცხოვრების წესის იდეალად გამოცხადდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტიანული მსოფლმხედველობის ფარგლებში სქესის პრობლემის გააზრების განსხვავებული თვალსაზრისები გვხვდება. ერთ-ერთი შეხედულების თანახმად, ღმერთმა ადამიანი უსქესო არსებად შექმნა. იგი თავისი პირველქმნილი ფორმით ანგელოზისმაგვარი და, მაშასადამე, სქესისაგან თავისუფალი არსებაა. სქესის აღმოცენება ადამიანში პირველყოფილ ცოდვას უკავშირდება. ამ თვალსაზრისის მიხედვით, სამოთხეში ევა არ იყო ადამისადმი დაპირისპირებული სქესობრივი საწყისი, ამიტომ ადამიც მოკლებული იყო სქესს და სქესობრივ ლტოლვას (ორიგენი, იაკობ ბიომე და სხვები). ადამიანი არ იყო გახლეჩილი მამაკაცურ და ქალურ საწყისებად, არ არსებობდა ავხორცული ვნება და ამ ვნების დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი სასქესო ორგანოები.
ევას გამოყოფა ადამისაგან და ამის საფუძველზე ადამის მიერ საკუთარი მამრობითი სქესის გაცნობიერება, აღმოცენდა პირველყოფილი ცოდვის საფუძველზე სწორედ იმ მომენტში, როდესაც ადამიანი სქესობრივი ლტოლვის მონა გახდა. ამას შედეგად მოყვა ადამისა და ევას გაძევება სამოთხიდან. რადგან სქესი ნეგატიურ კვალიფიკაციას იმსახურებს, ამიტომ ამ მოაზროვნეთა მიერ უარყოფითად არის დახასიათებული ყველაფერი ის, რაც სქესობრივ საწყისს უკავშირდება: ოჯახი, გვარის გაგრძელება და საზოგადოდ, ყოველივე ამქვეყიურ, სექსუალურ გრძნობასთან დაკავშირებული აქტივობა.
ამ თვალსაზრისის მომხრეების აზრით, ადამიანის ხსნისათვის აუცილებელია სქესის არა განწმენდა-განსულიერება, მისი გათავისუფლება წმინდა ცხოველური ან გამრუდებულ-ადამიანური ფორმების გამოვლინებისაგან, არამედ ადამიანის გათავისუფლება სქესისაგან, ამ უკანასკნელის დათრგუნვის, საბოლოო ჯამში კი, მისი სრული განადგურების გზით.
სქესის მიუღებლობამ ქრისტიანობაში, ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, საპირისპირო შედეგი გამოიღო – სიყვარულმა და სექსმა ჯერ არნახული ხიბლი შეიძინა. ზ. ფროიდის აზრით, საკმარისია, ეროტიკული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გზები გამარტივდეს, მათი ფსიქიკური მნიშვნელობაც კლებულობს. ლიბიდოს გაძლიერებისათვის წინააღმდეგობების დაძლევაა საჭირო… ამდენად, ასკეტურმა მიმართულებამ ქრისტიანობაში სიყვარულს ისეთი ფსიქიკური დატვირთვა და მნიშვნელობა შესძინა, როგორიც მას არასდროს, თვით წარმართობის პერიოდშიც კი, არ ქონია…
ქრისტიანული მსოფლმხედველობის პოზიციებიდან ადამიანის ცხოვრებაში სქესისა და სქესობრივი სიყვარულის პოზიტიური მნიშვნელობის იდეას ავითარებდა ნეტარი ავგუსტინე. მისი აზრით, ვიდრე ადამიანი შესცოდებდა, სქესი და სქესობრივი ცხოვრება (ქორწინება, ოჯახი), გამრავლება სქესობრივი გზით, მართალია, განსხვავებული ფორმით, მაგრამ უკვე არსებობდა სამოთხეში. პირველყოფილ ცოდვამდე ადამიანის ნებელობა, მისი გონითი ბუნება გაბატონებული იყო მის გრძნობად-სხეულებრივ საწყისზე. გამრავლების მიზნით სასქესო ორგანოების ასამოქმედებლად საჭირო არ იყო ავხორცული ვნების აღძვრა, რადგან ეს ორგანოები მთლიანად ადამიანის ნებელობას ემორჩილებოდნენ და მისი მოსაზრების მიხედვით მოქმედებდნენ. როგორც კი ცოდვის შედეგად ადამიანის მთლიანობა დაირღვა, ადამიანის გონმა დაკარგა სხეულზე აბსოლუტური კონტროლი. სასქესო ორგანოები უკვე აღარ ემორჩილებიან ნებელობას და მოქმედებაში მოდიან ნებისათვის უცხო, ავხორცული ვნების აღძვრის საფუძველზე. ადამიანის გონი, როგორც უმაღლესი საწყისი, სირცხვილს განიცდის, რადგან მას ძალა აღარ შესწევს მისდამი მტრულად მიმართული სხეულიდან მომდინარე ვნებები და სხეულის შესაბამისი აქტივობა მართოს.
რომის იმპერიის დაცემისა და პირველი ქრისტიანული სახელმწიფოების წარმოშობის შემდეგ ნაწილობრივ იცვლება ღირებულებები. გარკვეული უპირატესობა ქორწინებას ენიჭება, რომელიც, ანტიკური ეპოქის ქორწინებისაგან განსხვავებით, ურღვევად ცხადდება. მეგობრული ურთიერთობები, ურთიერთპატივისცემა, თანასწორობა და ერთგულება – აი, ის სათნოებები, რომლებისკენაც უნდა მიისწრაფვოდეს ოჯახი. ეს იდეა გადმოცემულია პავლე მოციქულის სიტყვებში: “ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია” (ეფეს. 5. 25).
აღაპე თანასწორთა სიყვარულია. თუმცა, რაოდენ თანასწორებიც არ უნდა ვიყოთ, განსხვავება მაინც არსებობს. ჩვენ ადამიანები ვართ. თუ ყოველთვის არა, ზოგჯერ მაინც გვჭირდება დახმარება – დღეს მე, ხვალ – თქვენ. მაგრამ დახმარება და მხარში დგომა რომ გვჭირდება, სულაც არ ნიშნავს, რომ ზოგი უმწეოა, ზოგი კი ძლიერი. უმწეობა წარმავალი მდგომარეობაა. სწორედ სუსტის, უმწეოს, ღატაკისა და უცხო ტომის ადამიანის სიყვარული უდევს საფუძვლად ძმურ სიყვარულს – აღაპეს. გიყვარდეს საკუთარი სისხლი და ხორცი, დიდი მიღწევა არ არის. ეს ბუნებრივია. ცხოველსაც უყვარს თავისი ნაშიერი და ზრუნავს მასზე. უმწეოსაც უყვარს თავისი პატრონი – მასზე ხომ მისი სიცოცხლე და კეთილდღეობაა დამოკიდებული. ბავშვსაც უყვარს თავისი მშობლები – ისინი მას სჭირდება. სიყვარული მხოლოდ მაშინ არის ჭეშმარიტი, როცა არავითარ მიზანს არ ემსახურება და ანგარება არ უდევს საფუძვლად. თანაუგრძნობს რა უმწეოს, ღატაკს, უცხოს, ადამიანი თავის სულში ძმისადმი, მოყვასისადმი სიყვარულს უყრის საფუძველს. “მდგმურებს ნუ შეავიწროებ; თავად იცით მდგმურების ყოფა, რადგან მდგმურები იყავით ეგვიპტელთა ქვეყანაში” (გამ. 23. 9).

ამორე (კურტუაზული სიყვარული) – XI და XIV საუკუნეებს შორის, დასავლეთ ევროპაში სიყვარულის პრინციპულად ახალი გაგება დამკვიდრდა – კურტუაზული სიყვარული ანუ ამორე. მამაკაცი ქალისადმი უნაზესს გრძნობას განიცდიდა, აღმერთებდა თავის რჩეულს, მზად იყო მისი სახელით საგმირო საქმეები ჩაედინა, ამ დროს პირადად, შეიძლება, არც კი იცნობდა სატრფოს. მსოფლიო ისტორია არ იცნობს მსგავს ფენომენს. არც მანამადე, არც შემდეგ არცერთ ქვეყანაში მსგავს სიყვარულს არ ცნობდნენ – შორით წვა და დაგვა, სიყვარულის ობიექტის უსაზღვრო გაიდეალება, მიუწვდომელი, განუხორციელებელი გრძნობის მღელვარე განცდა და მოლოდინი. ამორე იმდენად კონკრეტული ქალის სიყვარული არ იყო, რამდენადაც გამოგონილი, სრულქმნილი ხატების, იდეალური არქეტიპის სიყვარული, რომლის გარეშე მიწიერი ბედნიერება წარმოუდგენელი და მიუღწეველი იყო, მაგალითად, დონ კიხოტის სიყვარული დულცინეა ტობოსელის მიმართ. მსგავსს რომანებში ქებას ასხამდნენ სასიყვარულო ტანჯვას, განცდებს. უმაღლეს ბედნიერებად დაუკმაყოფილებელი ვნება იყო მიჩნეული. შეიქმნა სიყვარულის თავისებური კულტი. სიყვარულის ობიექტს გულდასმით ირჩევდნენ, სამარადჟამოდ. თაყვანისცემის ღირსი რომ გამხდარიყო, ქალი სათნოებით შემკული, აუცილებლად გათხოვილი და მიუწვდომელი უნდა ყოფილიყო. რატომ არ ითვლებოდა ეს ღალატად? სიყვარული თავისუფალ არჩევანს გულისხმობს. შუა საუკუნეებში ოჯახი სულ სხვა ღირებულებების გათვალისწინებით იქმნებოდა – გვარის გაგრძელება, სიმდიდრის დაგროვება-გამრავლება, პოლიტიკური ამბიციები. ოჯახის შექმნისათვის სიყვარული აუცილებელი პირობა არ იყო. ღრმა და წმინდა გრძნობა მხოლოდ ოჯახის მიღმა შეიძლება გაღვივებულიყო.
ამორეს წესები გულისხმობდა, რომ რაინდი თავისი შეყვარებულის სამსახურში უნდა ჩამდგარიყო – ქალის ნებისმიერი სურვილი, მოთხოვნა, ყოველი კაპრიზი, სახიფათო დავალებები ყოველგვარი განსჯისა და შეპასუხების გარეშე სრულდებოდა. ტანჯვა-წამება,
რომელსაც რაინდი განიცდიდა, ყოველი საფრთხე, რომელსაც იგი შეგნებულად არ ერიდებოდა, უფრო მეტიც, იწვევდა კიდეც მას, რათა სატრფოს გული მოეგო, მისი კეთილგანწყობა დაემსახურებინა, მონანიე ცოდვილის თვითგვემას უფრო გავდა. ითვლებოდა, რომ ყოველი წარმატებით გავლილი გამოცდა შეყვარებულებს ერთმანეთთან აახლოებდა.
ქალსა და მამაკაცს შორის ამაღლებული სიყვარულის უკეთ გააზრებისათვის, მიზანშეწონილი იქნება ერთი პარალელის გავლება. იმავე პერიოდში, როდესაც დასავლეთ ევროპაში სიყვარულის ერთობ თავისებური ფორმა – ამორე დამკვიდრდა, საქართველოში თაობები იზრდებოდნენ რუსთაველის ჰუმანისტური იდეების საფუძველზე. “ვეფხისტყაოსანი” აპოლოგიაა ადამიანისა. ეს მშვენიერი ამქვეყნიური სამყარო ადამიანთა საკეთილდღეოდ არის შექმნილი. ადამიანებმა სწორედ ამ ქვეყანაზე უნდა დაამყარონ საამური, ბედნიერი ცხოვრება, აქ უნდა უყვარდეთ ერთმანეთი, აქ უნდა შექმნან ოჯახი, რომლის საფუძველიც სიყვარული და ერთგულებაა. სიცოცხლე ხომ დიდი სიკეთეა, სიყვარული კი მისი გვირგვინი. “სიყვარული აგვამაღლებს” და მთელი პოემაც ამქვეყნიური ზნემაღალი სიყვარულის საგალობელია. “მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტლუში”. პოემის გმირების მრავალ განსაცდელგამოვლილი სიყვარული უსაზღვრო და ამაღლებული, უანგარო და წმინდაა. მაღალზნეობრივი რაინდები, ერთგული სატრფოები და თავდადებული მიჯნურები – ასეთია მამაკაცის რუსთაველისეული იდეალი. ევროპული ამორეს ფენომენისაგან განსხვავებით, არც თინათინი და არც ნესტან-დარეჯანი დაოჯახებულნი არ არიან. სულიერად და სხეულებრივად სრულქმნილი ქალბატონებისათვის სატრფოს ღალატი წარმოუდგენელი და დაუშვებელია. მათთვის სიყვარულის ერთადერთი ლოგიკური დაბოლოვება ერთგულებასა და ურთიერთსიყვარულზე დაფუძნებული ოჯახის შექმნაა.
ევროპულ რენესანსამდე დიდი ხნით ადრე, რუსთაველმა კაცობრიობას ახალი ჰუმანისტური მორალი შესთავაზა და გამოამჟღავნა ის სულიერი განწყობილებანი და ღირებულებები, რაც, ჩვეულებრივ, ევროპული რენესანსის დამახასიათებელ თვისებად ითვლება.

დედაშვილური სიყვარული – სიყვარულის ყველა ფორმისაგან გამორჩეული, შეუცნობელი, დამაფიქრებელი. ეს ფენომენი არაერთხელ გამხდარა მსჯელობის საგანი. ბუნებრივია, არც ქართული სინამდვილე დარჩენილა გულგრილი ამ საკითხისადმი. აქ, უპირველეს ყოვლისა, ალბათ, ოთარაანთ ქვრივისა და თავსაფრიანი დედაკაცის გახსენება გვმართებს.
საყურადღებოა, რომ ილია ჭავჭავაძე თავისი გმირის სახელს არ გვიმხელს. ასევე იქცევა ნიკო ლორთქიფანიძეც. სავარაუდოა, რომ ისინი ძერწავენ არა კონკრეტულ პერსონაჟთა ტიპებს, არამედ ქმნიან დედის სახე-სიმბოლოებს.
“ოცდაოთხი წლისა ძლივს იქნებოდა, როცა დაქვრივდა და ერთი წლის შვილი დარჩა. ის დღეა და ის დღე, ჩაიცვა ლურჯი შილის პერანგი, შავი კაბა, თავზედ შავი მანდილი მოიხვია და აი, ეს ოცი წელიწადია, მხიარული ფერი არ მიუკარებია ტანზედ. თუმცა ბევრი მთხოვნელიცა ჰყავდა, ბევრი ეხარბებოდა ოთარაანთ ქვრივის ოჯახში შესვლას, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, არ გათხოვდა და არა. – აი, უწინამც დღე დაუბნელდეს ოთარაანთ ქვრივსა, მინამ მამინაცვალს სახლში დაუსვამდეს თავის პატარა გიორგისა”.
ახლა ყური ნიკო ლორთქიფანიძეს დავუგდოთ: “ქართველი ქვრივი დედაკაცი თავსაფრიდან წუღებამდის… წინდაც კი შავი… ბევრი ეარშიყებოდა… შორიდან მაჭანკლებიც გაუგზავნეს. – როგორ ვუმტყუვნო ობლებს?!”
ორივე ნაწყვეტში ქართველი ქვრივი ქალის “ზნეობრივი კოდექსია” ჩამოყალიბებული. “თავსაფრიანის” კრედო ერთი ფრაზითაა გადმოცემული – “როგორ ვუმტყუვნო ობლებს?!” ოთარაანთ ქვრივის მრწამსს ილია გმირის მონოლოგით წარმოაჩენს, თუმცა, ერთი და იგივეა ნათქვამი.
ოთარაანთ ქვრივის, როგორც დედისა და აღმზრდელის, თავისებურებად უნდა ჩაითვალოს, რომ იგი თავის უსაზღვრო სიყვარულს შვილისადმი გარეგნულად არასოდეს ამჟღავნებს. არც სხვამ და არც თვით გიორგიმ არ იცის, რომ ქვრივი მზად არის მტლად დაედოს თავის პირმშოს. “შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენთვის დავიცემ დანასაო”, – იტყოდა ხოლმე თავის გულში დედა, როცა შვილს სამუშაოდან მომავალს დაინახავდა. შვილისადმი უსაზღვრო თავდადება იგრძნობა ოთარაანთ ქვრივის მთელ ცხოვრებაში. მაგრამ განსაკუთრებული სიდიადით მაინც თხზულების უკანასკნელ ნაწილში, როდესაც ზამთრის თოვლიან ღამეში ავადმყოფი ოთარაანთ ქვრივი ლოგინიდან წამოდგება, მომვლელ დედაბერს გაეპარება, სოფელს ტანჯვითა და ვაი-ვაგლახით გაივლის, რათა განთიადისას თავისი სიცოცხლე შვილის საფლავზე დაამთავროს. სწორედ გიორგის დაბადების დღეს, ოცდახუთ დეკემბერს, სასაფლაოზე იპოვეს ოთარაანთ ქვრივი, რომელიც შვილის საფლავზე “გარდი-გარდმო გადაქცეულიყო, ფეხები აქეთ პირას მიწაზედ ებჯინა თითის წვერებითა და ორივე ხელი იქით პირას გადაეკიდნა, თითქოს სდომებია მთელი საფლავი ქვითა და მკვდრით ერთის ხვევნით გულში ჩაეკრაო”.
“თავსაფრიანი დედაკაცი” უფრო სათუთი ბუნებისაა. უმადური შვილისაგან ნათქვამმა ერთმა სიტყვამ ერთი ხელის მოსმით დაუნგრია მთელი სამყარო. მიუხედავად ამისა, მაინც შვილების სახელზე იზრუნა და სიცოცხლეში პირველად იცრუა, როცა ვიღაცას წერილი მიაწერინა შვილებთან, თითქოს სალოცავში წავიდა და “ჩემზე არ იდარდოთ, არც მეძებოთო…”
ნიკო ლორთქიფანიძეს ამაყი სულის თავსაფრიანი დედაკაცი დიდებულ ადამიანად მიაჩნია და იქვე დასძენს, რომ “დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან”. თუმცა, ვფიქრობთ, ორივე მწერალმა თავად დაუდგა ძეგლი ქართველ დედას.
სიყვარული შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. ჩვეულებრივად, რატომღაც გვგონია, რომ სიყვარული, როგორც გრძნობა, როგორც ვნება, ყოველთვის და ყველასათვის ერთნაირად ვლინდება. გარკვეული აზრით, შეიძლება ასეც იყოს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ განსხვავებულ კულტურებში ის სხვადასხვაგვარად განიცდება. სექსზეც კი ახდენს კულტურა გავლენას. სიყვარული შეიძლება წარმოჩენილი იყოს სექსუალურ-ცხოველურ ვარიანტებში და პირიქით, რომანტიული გრძნობის სახით. ერთ კულტურაში დომინირებს უმანკოება, პლატონური გრძნობა, მეორეში კი ეროსი, როგორც საწყისი, სტიქიური, ძლიერი ადამიანური ვნება… არც თუ დიდი ხნის წინ ჩვენს ქვეყანაში სიყვარული ცენზურის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. ასეა ყველა ტოტალიტარულ სახელმწიფოში. ცნობილია, რომ ეროტიკულ მისწრაფებებში ადამიანი ინდივიდუალური და თავისუფალია. სწორედ ამიტომ ზღუდავდნენ და აკონტროლებდნენ, ალბათ, ადამიანის ინტიმურ ცხოვრებას “ძლიერნი ამა ქვეყნისა”. დღეს სულ სხვა მდგომარეობაა… თავისუფლად იყიდება “კამასუტრა”, ჩინური ტრაქტატები სექსზე, ჰოროსკოპები, რეკომენდაციები. პურიტანობის დაძლევის მცდელობისას, გამორიცხული არ არის მეორე უკიდურესობაში აღვმოჩნდეთ. სიყვარული მარადიული და უცვლელი გრძნობაა. მაგრამ კულტურა, გაბატონებული სტანდარტები უდავოდ ახდენენ გავლენას ეროტიკულ ნორმებზე. და მაინც, ამ გრძნობაში, ყველა დროს, ყველა ეპოქაში, უფრო მეტი საერთოა, ვიდრე განსხვავება. სწორედ ამიტომ გვესმის და განვიცდით ჩვენ დღესაც დაფნასა და ქლოას, ტრისტანისა და იზოლდას, რომეოსა და ჯულიეტას, თამარისა და თარაშის, ონისესა და ძიძიას დრამას.

ფილოსოფია – ია ბერიძე, გურამ თავართქილაძე, თამარ ფანცულაია
თავართქილაძის ეკონომიკურ ურთიერთობათა და სამართლის უნივერსიტეტი
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი. 2009
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ბეჭდური არქივი


Responses

  1. ვეთანხმები რობაქიძეს, მომწონს მინდიაშვილის ნახატი (პირდაპირ გასაოცრად) და არ ვეთანხმები პლატონს… გააჩნია ადამიანურს რას მივიჩნევთ, ჩემთვის რაღაც თუ ადამიანურია, სხვისთვის ის შეიძლება ადამიანური სისუსტე არ აღმოჩნდეს ან პირიქით….

    საერთო ჯამში, საინტერესო სტატიაა.. მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულზე ბევრი დაიწერა :)

  2. არ მინდა ბანალური კომენტარი გამომივიდეს ესოდენ ღრმა პოსტზე, ესე რომ არაფერს დავწერ უბრალოდ წავიკითხე :)

  3. სიყვარული ეს არის ის, რაც შეუძლიათ გიჟებს და ვერ აღწერენ გენიოსები…

  4. სიყვარული ეს არის ის, რაც შეუძლიათ გიჟებს და ვერ აღწერენ გენიოსები…

  5. good

  6. დიდ პატივს ვცემ ადამიანს,ვინც სიყვარულს სათუთად ექცევა. შეიძლება
    სიყვარულის მოლოდინში დიდი დრო გავიდეს,მაგრამ ის აუცილებლად გვეწვევა და გაგვაბედნიერებს.მოთმინება გვმართებს-სიყვარული საჭიროა!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: