Posted by: burusi | 10/02/2010

დაზმირ ჯოჯუა – საქართველოს ეროვნული მოძრაობის პერიოდიზაციის საკითხისათვის. XXს. II ნახევარი

დაზმირ ჯოჯუა – საქართველოს ეროვნული მოძრაობის პერიოდიზაციის საკითხისათვის. XXს. II ნახევარი

უძველესი ცივილიზაციების ეპოქის ერთმა ჩინელმა ბრძენკაცმა ისტორიული რეალობა მარმარილოს ქვას შეადარა, ხოლო ისტორიკოსი _ სკულპტორს, რომელიც ამ მასალისაგან ხელოვნების ძეგლს ქმნის. ცხადია, რომ სკულპტორის სულიერებაზე, მის ესთეტიკურ მრწამსზე და ცნობიერულ ბაზაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სკულპტურული ძეგლის რაობა და ის, თუ რომელ კატეგორიას უნდა მიეკუთვნოს ეს ძეგლი _ მშვენიერს, ამაღლებულს თუ კომიკურს, მახინჯს, უგემოვნებოს.
ისტორია არ არსებობს სულის, ე.ი. ისტორიკოსის ცნობიერების გარეშე. ისტორიკოსის სულიერი ორიენტაცია და მსოფლმხედველობრივი კრედო ფაქტობრივად განსაზღვრავს კიდეც მის მიერ ამა თუ იმ ეპოქის თუ ისტორიული ფენომენის ანალიზს. ეს ისტორიოსოფიული რეფლექსია მოქმედებს თავისთავად, თვით ისტორიკოსისაგან დამოუკიდებლად, როგორც ქვეცნობიერი გნოსეოლოგიური თეზა.
XX საუკუნის II ნახევრის საქართველოს ეროვნული მოძრაობის ისტორია უმნიშვნელოვანესი ეტაპია ჩვენი ერისა და მისი სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ პროცესში. ცხადია, რომ მისი მიუკერძოებელი, ობიექტური და ფაქტობრივ მასალაზე დაფუძნებული ანალიზი თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიის პრიორიტეტული ამოცანაა. ამ ამოცანის გადაწყვეტის თვალსაზრისით კი მეტად არასახარბიელო მდგომარეობის წინაშე ვიმყოფებით სულ ცოტა ორი მომენტის გამო. ჯერ ერთი, თვალშისაცემია პუბლიცისტიკის უპირატესობა მეცნიერულ-ისტორიულ კვლევასთან შედარებით. შეიძლება ითქვას, პუბლიცისტებმა გაუსწრეს ისტორიკოსებს ამ სფეროში. რა თქმა უნდა, პუბლიცისტიკა საზოგადოებრივი აზროვნების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ, როგორც წესი, ისტორიული პროცესისადმი პუბლიცისტურ მიდგომას აკლია რეპრეზენტატულობა, გამოყენებული წყაროს ან ინფორმაციის დამაჯერებლობის შეფასება და ა.შ. მაგალითად, პუბლიცისტს შეუძლია აღწეროს 1992 წლის იანვრის თბილისის ქუჩები, წარმოადგინოს საქართველოს გაპარტახებისა და ნგრევის მასშტაბები, მაგრამ მას არ ევალება ისაუბროს ამ მოვლენების სიღრმისეულ მიზეზებზე, კონკრეტულ-ისტორიულ ფაქტებზე, ასე ვთქვათ, ისტორიულ ონტოლოგიაზე დაყრდნობით დაახასიათოს კონფრონტაციისა და სამოქალაქო ომის წანამძღვრები. ისტორიკოსისათვის კი, თუ, რასაკვირველია, მას აქვს ჭეშმარიტების დადგენის პრეტენზია, მთავარია გაანალიზოს საკვლევი პროცესების ობიექტური სურათი, განსაკუთრებულად შეაფასოს ამა თუ იმ წყაროს დამაჯერებლობა.
მეორე მომენტი თვით ისტორიულ მეცნიერებაში გამეფებულ კრიზისულ სიტუაციას შეეხება. ე. შევარდნაძის დროს შექმნილმა სისტემამ შეიმუშავა საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების ათასნაირი მეთოდი და საშუალება _ ინფორმაციის დოზირება, სიმართლის დამალვა, დოკუმენტური ფალსიფიკაციები და მისტიფიკაციები (მაგ. მითები შევარდნაძის მიერ ქართული ენის გადარჩენაზე, 9 აპრილის ტრაგედიაში მის პოზიტიურ როლზე, სამოქალაქო ომიდან საქართველოს გამოყვანაზე და ა.შ.), არასასურველი წყაროების განადგურება (მაგ. ბიბლიოთეკების ფონდებიდან მიზანმიმართულად არის ამოღებული სახელმწიფო გადატრიალებაში ე. შევარდნაძის მონაწილეობის დამადასტურებელი რუსული პრესის მასალები) და სხვ., _ რის შედეგადაც ჩამოყალიბდა თავისებური ორაზროვნების, ორმაგობის სისტემა _ მოვლენათა არსი ერთგვარად იხლიჩება რეალობასა და ოფიციალური იდეოლოგიის მიერ შემოთავაზებულ სქემებს შორის; შედეგად მივიღეთ ფალსიფიცირებული, დამახინჯებული ისტორია ეროვნული მოძრაობისა.
ჩინელი ბრძენკაცის ზემოთ მოყვანილი ნააზრევის პერიფრაზს თუ მოვახდენთ, შენდება ისეთი სკულპტურული ძეგლი, რომელშიც თავის ადგილას ფეხებია მოყვანილი, ან მკერდის ადგილას _ ზურგი. ეროვნული მოძრაობის ჭეშმარიტი ლიდერები რადიკალებად, მოღალატეებად და სახელმწიფო დამნაშავეებად არიან სახელდებულნი, ხოლო ნამდვილი მოღალატეები და სისხლის სამართლის დამნაშავეები კი _ სწორუპოვარ პოლიტიკოსებად და ერისკაცებად.
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ეროვნული მოძრაობის ობიექტური და აუთენტური ისტორიის შექმნა ჩვენი ისტორიოგრაფიის უპირატესი პრობლემაა. აქ იგულისხმება დღეს არსებული პრიორიტეტებისა და თეორიულ-მსოფლმხედველობრივი მიდგომების გადასინჯვის საჭიროებაც და წყაროთა კორპუსის მნიშვნელოვანი გაფართოებაც. ახლებური კონცეპტუალური მიდგომის ერთ-ერთი აუცილებელი გამოვლენაა საქართველოს ეროვნული მოძრაობის პერიოდიზაციის მეტ-ნაკლებად ოპტიმალური სქემის ფორმირება.
უწინარეს ყოვლისა, პერიოდიზაციის კრიტერიუმთან დაკავშირებით. რა შეიძლება ავირჩიოთ ძირითად კრიტერიუმად, ეროვნული მოძრაობის პროცესის შინაგანი ეტაპების კლასიფიკაციის სისტემად? ამ სფეროში, ვფიქრობთ, ძირითად ორიენტირს წარმოადგენს ქართული ეროვნული იდეა _ საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის იდეა. ამ იდეის მატარებელი ადამიანები თუ სოციალური ჯგუფები წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული მოძრაობის სუბიექტს. ეს სუბიექტი, ცხადია, იყო გარკვეული ერთობა, გარკვეული ეროვნული მოთხოვნილებებისა და ინტერესების მქონე ადამიანთა აპოლიტიკური დასი. ამასთან, ეს კოლექტიური და იერარქიზებული სუბიექტი, საბჭოთა იმპერიაში არსებული კრიზისული სიტუაციების პერიოდული ცვალებადობის კვალობაზე, თვითონაც იცვლებოდა რაოდენობრივადაც და ხარისხითაც, განიცდიდა ევოლუციას. სწორედ ამ ევოლუციის ცალკეული ფაზების კონტექსტშია მიზანშეწონილი ეროვნული მოძრაობის ეტაპობრივი დიფერენციაცია. მაშასადამე, ეროვნული მოძრაობის სუბიექტის შინაგანი დინამიკა _ აი, რა მიგვაჩნია ამ უაღრესად ღირებული და პროგრესული პოლიტიკური პროცესის პერიოდიზაციის განმსაზღვრელ ფაქტორად, მისი იმანენტური თვისობრიობისა და ორგანიზაციის ფორმების პოლიტოლოგიური ანალიზისათვის მეცნიერულ “გასაღებად”.
XX საუკუნის II ნახევრის საქართველოს ეროვნული მოძრაობის პირველი ფაზა შეიძლება შეფასდეს, როგორც დისიდენტურ-ლატენტური ფაზა და მოექცეს ქრონოლოგიურ ჩარჩოებში 50-იანი წლებიდან 1986 წლის ჩათვლით. ეს არის ეროვნული მოძრაობის ფაქტობრივი გენეზისის, მისი მიზნებისა და ორიენტაციების ფორმირების საწყისი, ჩანასახოვანი ეტაპი. ამ ეტაპზე ადგილი ჰქონდა კომუნისტური დიქტატურისა და მარქსისტული მსოფლმხედველობის სულიერი ბატონობის ვითარებაში მიძინებული ეროვნული თვითცნობიერების აღდგენისაკენ მისწრაფებას, ასევე დაკარგული ეროვნული სახელმწიფოებრიობის რესტავრაციის ტენდენციების ჩამოყალიბებას. ამდენად, ეროვნული მოძრაობის დისიდენტურ-ლატენტური ეტაპი მისი დაბადების, ეროვნული იდეის ბავშვობისა და სიჭაბუკის ხანაა. ამ ეტაპზე მოძრაობის ერთადერთ სუბიექტს წარმოადგენენ დისიდენტები _ ეროვნულ-პატრიოტული არალეგალური ჯგუფებისა და ორგანიზაციების ქსელი. პირველ დისიდენტურ ჯგუფებს შორის აღსანიშნავია _ “სიღნაღის ახალგაზრდა გვარდია”, იგივე “საგ”-ი (ჩამოყალიბდა 1956 წლის 10 მარტს),(1) 1961-1964წწ. თბილისში მოქმედი ეროვნულ-პოლიტიკური ორგანიზაცია _ “საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის კავშირი(2),” რომლის პროგრამა დასაწყისში მოითხოვდა საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის რეგიონალურ კონსოლიდაციას და დამოუკიდებელი და ნეიტრალური სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოს შექმნას, შემდეგ კი _ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას. უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ ეტაპზე ორგანიზაციის ცალკეული წევრები გაიტაცა ინდივიდუალური ტერორის ტაქტიკამ და საბჭოთა იმპერიის მმართველი ბირთვის ფიზიკური განადგურების აუცილებლობის ლოზუნგმა. მაგ., ეს ჯგუფი გივი ნატრიაშვილის მეთაურობით გეგმავდა ტერორისტულ აქტს ნ. ხრუშჩოვზე, რაც ვერ განხორციელდა 1964 წლის ოქტომბერში “კრემლის გადატრიალების” შედეგად ამ უკანასკნელის თანამდებობიდან გადაყენების გამო(3).
ეროვნული მოძრაობის დისიდენტურ-ლატენტური ეტაპის თავისებური გვირგვინი იყო ზ. გამსახურდიასა და მ. კოსტავას ანტისაბჭოთა მოღვაწეობა. სრულიად გადაუჭარბებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოღვაწეობამ მთელი ეპოქა შექმნა ეროვნული იდეის რეალიზაციისათვის ბრძოლის ისტორიაში, თანაც არა მხოლოდ XXს. 70-80-იანი წლების კონკრეტულ-ისტორიული ვითარების თვალსაზრისით, არამედ საქართველოს საერთო-ისტორიული განვითარების კონტექსტში. უცხოელ დამპყრობთა პერმანენტული ინვაზიების გამო ეროვნულ იდეას საქართველოში მუდამ ჰქონდა ტრანზიტულობის ფუნქცია, ე.ი. ის განუწყვეტლივ გადადიოდა ეპოქიდან ეპოქაში და ამით განაპირობებდა ეროვნული მოძრაობის უწყვეტ, ტრანსეპოქალურ ხასიათს. XXს. II ნახევარში ეს ტრანზიცია, ეროვნული იდეის ისტორიული ინვარიანტულობა სწორედ ზ. გამსახურდიასა და მ. კოსტავას მოღვაწეობამ უზრუნველყო.
1975 წლის 31 ივლისს ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისმა თათბირმა ჰელსინკში მიიღო ე.წ. “დასკვნითი აქტი”, რომლის ძირითად მუხლებს შორის ფიგურირებდა _ ერთა თვითგამორკვევა, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი, მოქალაქეთა ეროვნული უფლებების დაცვა, ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ხელშეუხებლობა და ა.შ. ამ აქტის მიღებამ და მის საფუძველზე გლობალურ დონეზე დაწყებულმა ე. წ. “ჰელსინკის პროცესმა” სერიოზული კატალიზატორის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნული მოძრაობის განვითარებაში. ამ დროიდან იწყება მისი ორგანიზაციის ფორმების გარდაქმნა და დისიდენტური ჯგუფების ერთიან არალეგალურ სტრუქტურაში ინტეგრირება. კერძოდ, 1975 წ. ოქტომბერში შეიქმნა “ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი”, რომლის ბაზაზე 1976 წ. ჩამოყალიბდა ჯერ “ჰელსინკის ჯგუფი”, შემდეგ კი პირველი ოფიციალური არალეგალური დისიდენტური ორგანიზაცია _ “ჰელსინკის კავშირი”.
“ჰელსინკის კავშირის” არალეგალურმა მოღვაწეობამ, ზ. გამსახურდიას რედაქტორობით გამომავალმა თვითგამოცემებმა _ “საქართველოს მოამბე”, “ოქროს საწმისი”, “საღვთისმეტყველო კრებული” _ უდიდესი როლი შეასრულეს ქართველი ერის ცალკეულ ჯგუფებში ეროვნული თვითშემეცნების გაღვივების, ეროვნული და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეის პროპაგანდის, ეროვნული ეკლესიის სიწმინდისა და კულტურული ფასეულობების დაცვის საქმეში. ამასთან, “ჰელსინკის კავშირის” მოღვაწეობამ ხელი შეუწყო ეროვნული ორიენტაციის ძალების კონსოლიდაციას და მომავალი ბრძოლისათვის მდგრადი და სტაბილური ბირთვის ჩამოყალიბებას.
საქართველოს ეროვნული მოძრაობის დისიდენტურ-ლატენტური ფაზის ერთი ნიშანდობლივი ფურცელია დისიდენტ ვლადიმერ ჟვანიას მიერ მოწყობილი ტერორისტული აქტები სოხუმსა და თბილისში 1975-1976 წლებში. ნიშანდობლივია იმდენად, რამდენადაც, როგორც ჩანს, ამ აქტების უკან იდგა დისიდენტური სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია “საქართველოს განთავისუფლების ფრონტი” ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის საკმაოდ საინტერესო ტაქტიკური მოთხოვნებით. ამის თქმის უფლებას იძლევა ერთი დოკუმენტი, რომელიც ვ. ჟვანიას დაპატიმრების მომენტში აღმოუჩინეს და თარიღდება 1975 წლის 19 აპრილით(4). დოკუმენტი, რომლის ადრესატია საქართველოს მმართველი კომუნისტური რეჟიმი, წარმოადგენს თავისებურ ეროვნულ დეკლარაციას დამოუკიდებლობის მიღწევის საკმაოდ ორიგინალური ვარიანტით _ საბჭოთა კონსტიტუციური სისტემის ფარგლებში რეფერენდუმის მოწყობის გზით. დეკლარაციის პრეამბულა განმარტავს 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს სამხედრო ოკუპაციისა და ანექსიის ფაქტებს და ხაზს უსვამს იმას, რომ “ფრონტის” მთავარი მიზანია სსრკ-დან გამოყოფა და სრული ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვება. შემდგომ დეკლარაცია მოითხოვს დამოუკიდებლობის საკითხზე საერთო-ეროვნული რეფერენდუმის მოწყობას (1976წ. ბოლო თვეებში), “ფრონტისათვის” წინასარეფერენდუმო კამპანიაში სრულფასოვანი მონაწილეობის უფლებას. თუ რეფერენდუმის მონაწილეთა 70%-ზე მეტი ხმას მისცემს სსრკ-დან გამოყოფას, მაშინ უნდა მოიწვიონ საქართველოს უმაღლესი საბჭოს სესია და მან უნდა დაადგინოს საქართველოს დამოუკიდებლობა, ნეიტრალიტეტი, რუსეთის ჯარების გაყვანა, ახალი პარლამენტის და პრეზიდენტის არჩევნები.
დეკლარაციაში ყურადღებას იქცევს ერთი მომენტიც: რეჟიმისადმი წაყენებული მოთხოვნების ნუსხაში ფიგურირებს “საქართველოს დემოკრატიული პარტიის” არსებობის ცნობის მოთხოვნაც. სამწუხაროდ, შეუძლებელია იმის გარკვევა _ ეს პარტია უკვე არსებობდა თუ ნავარაუდევი იყო მისი შექმნა დისიდენტური ჯგუფებისაგან რეფერენდუმის შემდეგ. ცნობილია, რომ ვ. ჟვანიას სასამართლომ სასჯელის უმაღლესი ზომა შეუფარდა.
ეროვნული მოძრაობის მეორე ფაზა წარმოადგენს მისი ინსტიტუციონალიზაციის, ფორმალიზაციის ეტაპს და მოიცავს პერიოდს 1987-1989წწ. აპრილს შორის. ეს ეტაპი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მის პერიოდში ჩამოყალიბდა საქართველოს ეროვნული მოძრაობის ინსტიტუციური საფუძვლები, მოხდა ძირითადი პოლიტიკური პარტიებისა და გაერთიანებების ორგანიზაციული სტრუქტურირება.
1976წ. შექმნილ “ჰელსინკის კავშირთან ერთად ეროვნული მოძრაობის სერიოზულ პოლიტიკურ ცენტრს და მომავალი ეროვნულ-პატრიოტული ორგანიზაციების თავისებურ სამჭედლო ბირთვს წარმოადგენდა “ილია ჭავჭავაძის საზოგადოება”. მისი დამფუძნებელი კრება გაიმართა თბილისში 1987წ. 1 დეკემბერს, ხოლო პარტიის საბოლოო ფორმალიზაცია მოხდა პირველ ყრილობაზე, 1988წ. ნოემბერში.
“საზოგადოების” უმთავრესი მიზანი იყო საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვება და ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირება პოლიტიკური პლურალიზმისა და საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრების გზით. ამიტომ თავისი პოლიტოლოგიური ანატომიით ის წარმოადგენდა მემარჯვენე-ლიბერალური ტიპის პარტიას.
“ილია ჭავჭავაძის საზოგადოება” წარმოადგენდა თავისებურ დედა-პარტიას, რომელსაც თანდათანობით გამოეყო და საკუთარი პოლიტიკური თვისობრიობა შექმნა საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის თითქმის ყველა გაერთიანებამ.
ამ “საზოგადოების” დეზინტეგრაციის ბაზაზე ჩამოყალიბდნენ “წმინდა ილია მართლის საზოგადოება”, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია და ა.შ. მაშასადამე, ინსტიტუციონალიზაციის ეტაპის ნიშანდობლივ გამოვლენას წარმოადგენდა ეროვნული მოძრაობის პოლიტიკური სპექტრის გენეზისი, იმ ეროვნულ-პოლიტიკური სივრცის შექმნა, რომელიც შედგებოდა ეროვნული იდეის მატარებელი არაფორმალური გაერთიანებების ფართო ქსელისაგან.
ამავე ეტაპის მეორე მნიშვნელოვანი მომენტი იმაში მდგომარეობდა, რომ თანდათანობით, ეტაპობრივად გამოიკვეთა ეროვნული მოძრაობის მასიფიკაციის და ამ გზით მისი სუბიექტის გაფართოების უაღრესად პოზიტიური ტენდენცია. დაიწყო კრებების, თავყრილობების, მანიფესტაციებისა და მასობრივი მიტინგების ორგანიზაციის ფაზა. “მიტინგური დემოკრატიის” ამ ეტაპს, მმართველი რეჟიმის პერმანენტულ დეზორგანიაზაციასთან ერთად ის ღირებულება ჰქონდა, რომ განაპირობებდა ეროვნული იდეის მასობრიობას, ეროვნული მოძრაობის სოციალური ბაზის გაფართოებას და მის მიერ კონტროლირებადი საერთო-ეროვნული სივრცის კონსოლიდაციას. ამ დროს ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა შეძლეს ერის ფართო მასების დარაზმვა საერთო-ეროვნული პრობლემების გადასაჭრელად. 1988 წლის ზაფხულში ეროვნულმა მოძრაობამ ფაქტობრივად “ჩააგდო” ტრანსკავკასიის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროექტი, ასევე მთიან ზონებში გიგანტური წყალსაცავებისა და ჰიდროელექტროსადგურების აგების გეგმები, რომლებიც ქვეყანას ეკოლოგიურ-ტექნოგენური კატასტროფის საფრთხის წინაშე აყენებდა.
1988 წ. 12 ნოემბერს იპოდრომის მიდამოებში გამართულ მრავალათასიან მანიფესტაციაზე დაფიქსირდა პირველად, ოფიციალურად, საქართველოს ეროვნული მოძრაობის ფუნდამენტური პოლიტიკური მოთხოვნა _ დამოუკიდებლობა. იმავე წლის 12-28 ნოემბერს მთავრობის სასახლესთან გაიმართა ეროვნული მოძრაობის პირველი გაერთიანებული აქცია ანტისაბჭოთა ლოზუნგებით, რამაც გარკვეული წარმატებით ჩაიარა _ იმპერიულმა ცენტრმა უარი თქვა იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელთა თანახმადაც სსრკ-დან მოკავშირე რესპუბლიკების გასვლის საკითხს წყვეტდა საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა(5).
მესამე საყურადღებო მომენტი, რომელიც საქართველოს ეროვნული მოძრაობის განვითარებაში გამოიკვეთა მისი ინსტიტუციონალიზაციის ფაზაზე, იყო ქართული ინტელიგენციის გააქტიურება და მისი ერთგვარი ინტეგრირება ამ მოძრაობაში. რა თქმა უნდა, ინტელიგენცია ვერ გახდებოდა ეროვნული მოძრაობის მაორგანიზებელი ფაქტორი და პრიორიტეტულ ფუნქციას ვერ “წაართმევდა” დისიდენტურ ჯგუფებს, მაგრამ იგი საკმაოდ საინტერესო, სასარგებლო და ერთობ სპეციფიკური ფუნქციის მქონე ფენა გახდა. ინტელიგენციის ჩართვა ეროვნული მოძრაობაში არ იყო თვით ამ ფენის ტრანსფორმაციის, რადიკალური ეროვნული პროგრამისაკენ მისი მიბრუნების შედეგი. ეს უფრო მმართველი რეჟიმის ცდა იყო _ ეროვნული მოძრაობაში ჩაენერგა მართვადობისა და ირიბი კონტროლის მექანიზმები. თუმცა, ხელისუფლების ამ მისწრაფების მიუხედავად, ფორმულას “ეროვნული მოძრაობა+ინტელიგენცია” შეეძლო პოზიტიური როლის შესრულება მოძრაობაში ზომიერი, ლიბერალურ-ცენტრისტული ბლოკის ფორმირების სახით. ასეთ ბლოკს, ჯერ ერთი, შეეძლო მოეხდინა ეროვნული მოძრაობის რადიკალური ფრთის გარკვეული დაბალანსება, მისი ულტრარადიკალური მოთხოვნების მინიმიზაცია და, მეორე, შეეძლო შეესრულებინა მმართველ რეჟიმსა და ეროვნული მოძრაობას შორის პოლიტიკურ-ინტელექტუალური ბუფერის ფუნქცია.
ეროვნული მოძრაობის სივრცეში ინტელიგენციის ინსტიტუირების ყველაზე რელიეფური გამოხატულება იყო 1989 წლის მარტში “რუსთაველის საზოგადოების” დაფუძნება, რომელშიც შევიდნენ თვალსაჩინო მწერლები, მეცნიერები, ხელოვნებისა და საზოგადო მოღვაწეები. საზოგადოების პირველ პრეზიდენტს ა. ბაქრაძეს მმართველ რეჟიმთან კომპრომისული თანამშრომლობის, ფსევდოდისიდენტობისა და ფსევდოპოზიციურობის საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა. მაგრამ ინტელიგენციის და ეროვნული მოძრაობის რადიკალური ფრთის კოალიცია ვერ შედგა. ვერ შედგა ნაწილობრივ ამ უკანასკნელის რადიკალიზმის, ძირითადში კი ინტელიგენციის ტრადიციული პროსაბჭოური კონფორმიზმისა და კომუნისტურ რეჟიმთან ზომაზე მეტად ასოცირების გამო.
შემდგომი მოკლევადიანი ციკლი ეროვნული მოძრაობის ისტორიაში არის მისი ლეგალიზაციის ფაზა _ 1989წ. 9 აპრილი _ 1990წ. 28 ოქტომბერი. ამ ეტაპზე მასზე უდიდესი მასტიმულირებელი გავლენა მოახდინა 9 აპრილის ტრაგედიამ, რომელმაც ერთგვარი წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.
1989 წ. 4 აპრილს მთავრობის სასახლის წინ დაიწყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ინიციატივით მოწყობილი საპროტესტო მიტინგი, რომელიც წარმოადგენდა ეროვნული ძალების რეაქციას 1989წ. 18 მარტის ე.წ. “ლიხნის წერილზე”. 6 აპრილს, უკვე ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ინიციატივით, ლოზუნგი შეიცვალა და აფხაზეთის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნა საქართველოს დამოუკიდებლობისა და დეოკუპაციის მოთხოვნად გარდაიქმნა6. ცნობილია, რომ 9 აპრილს გამთენიისას იმპერიის შეიარაღებული ძალების სპეცკონტინგენტის მიერ მოწყობილ სადამსჯელო ოპერაციას 19 ადამიანის, მათ შორის 16 ქალის სიცოცხლე შეეწირა.
9 აპრილის ტრაგედიით დაიწყო საქართველოს მმართველი რეჟიმის ტოტალური კრიზისი. ეროვნული მოძრაობის ორბიტაში მოექცა ფაქტობრივად მთელი ქართველი ერი, მისი თითქმის ყველა ფენა. საბოლოდ ჩამოყალიბდა ეროვნულ-პოლიტიკური მენტალიტეტი, რომლის ძირითადი იპოსტასები შეიძლება ამგვარი ბინარული სქემებით დავახასიათოთ: იყო სოციალიზმი _ გვინდა კერძო საკუთრება; იყო კომუნისტური რეჟიმი _ გვინდა ეროვნული ხელისუფლება, ბატონობდა ინტერნაციონალიზმი _ საჭიროა ნაციონალიზმი; ბატონობდა ათეიზმი _ გვინდა რელიგიურ-მართლმადიდებლური რენესანსი და ა.შ.
ეროვნული მოძრაობის ლეგალიზაციის ეტაპის ერთ-ერთი არსებითი თავისებურება იყო ეროვნული მოძრაობის სუბიექტის ლამის ყოვლისმომცველი მასიფიკაცია. ამ პროცესს ერთი ნეგატიური ასპექტი ჰქონდა: ეროვნული მოძრაობის სივრცეში შეაღწიეს შემთხვევითმა, კრიმინალურმა ელემენტებმა, რომლებსაც მხოლოდ კერძო ინტერესები ამოძრავებდათ და მოძრაობის ფრთებქვეშ სურდათ მისი რეალიზაცია. “პერესტროიკის” პროცესში მიმდინარე ღრმა ცვლილებებმა გამოიწვიეს საქართველოს საზოგადოების გარკვეული ნაწილის ლიუმპენიზაცია და მარგინალიზაცია.
ამ ნაწილს თავისი პოლიტიკური სოციალიზაციის, ასე ვთქვათ, რესოციალიზაციის შესანიშნავი ნიადაგი შეექმნა ეროვნული მოძრაობის ცალკეულ პარტიებსა და გაერთიანებებში შესვლის საშუალებით. სწორედ ეროვნული მოძრაობა გახდა მათი სოციალიზაციის ერთ-ერთი ძირითადი არხი, რამაც შემდგომში შექმნა მოძრაობის ცალკეული სეგმენტების კრიმინალიზაციის, თვით ეროვნული მოძრაობის რეალური გახლეჩის სერიოზული პრეცედენტი.
ამასთან, ლიუმპენიზირებული და მარგინალური ფენების მოსვლით გაძლიერდა მოძრაობის დისკრედიტაცია, გაღრმავდა შინაგანი წინააღმდეგობები, დამკვიდრდა აგრესიისა და ულტრარადიკალიზმის ატმოსფერო, რასაც პირობითად შეიძლება “აგრესიული სულიერება” ვუწოდოთ.
ამ ფაზაზე საგრძნობლად გაღრმავდა მმართველი რეჟიმის დელეგიტიმაციის პროცესი, რამაც საქართველოში თავისებური ორხელისუფლებიანობის სიტუაცია წარმოშვა. სახელისუფლო სტრუქტურების პოლიტიკური პოტენციიის გამოფიტვისა და მათი მზარდი დეზორიენტაციის პარალელურად სულ უფრო და უფრო იზრდებოდა ეროვნული მოძრაობის ლიდერების ავტორიტეტი და პოლიტიკური რესურსები. ეროვნულმა მოძრაობამ შეძლო იმ ძალების ბლოკირება და ფაქტობრივი იზოლაცია, რომლებიც ამუხრუჭებდნენ ეროვნული იდეის რეალიზაციის პროცესს. პარადიგმამ “ჩვენ _ ისინი” მიიღო ტოტალური ხასიათი. ორხელისუფლებიანობის რეჟიმის დამკვიდრებას, ბუნებრივია, ხელი შეუწყო იმპერიულ ცენტრში მიმდინარე ლიბერალიზაციის პროცესმაც.
სსრკ კონსტიტუციიდან VI მუხლის ამოღებამ, რომელიც აკანონებდა მონოპარტიულ დიქტატურას კომპარტიის ხელმძღვანელი და წარმმართველი ფუნქციებით, ხელი შეუწყო პოლიტიკური პლურალიზმის ჩამოყალიბებას, რომლის საფუძველზეც ნებადართული იყო სკკპ-გან დამოუკიდებელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების შექმნა. ორხელისუფლებიანობის რეჟიმის პირობებში საქართველოს სახელმწიფოებრივი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მმართველი რეჟიმის მიერ მიღებულ იქნა ეროვნული მოძრაობის აქციების ზეწოლით ან მასთან წინასწარი შეთანხმებით. 1990წ. 9 მარტს კომუნისტური ხელისუფლების უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება “საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ”. მიღებულ იქნა ასევე პრინციპული ხასიათის დადგენილებანი რუსეთის მიერ 1920 წლის 7 მაისის საქართველო-რუსეთის ხელშეკრულების დარღვევის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების შესახებ, ასევე 1921 წლის თებერვალ-მარტის მოვლენების სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასების შესახებ და ა.შ. 1990 წლის ზაფხულში ზ. გამსახურდიამ გამართა პოლიტიკური მოლაპარაკება მმართველ რეჟიმთან. ამ მოლაპარაკებისა და 1990წ. ივლისის სამტრედიის აქციის ლოგიკური შედეგი იყო პირველი საყოველთაო მრავალპარტიული არჩევნების დანიშვნა 1990წ. 28 ოქტომბრისათვის.
ლეგალიზაციის ეტაპის კიდევ ერთი არსებითი ნიშანი იყო ეროვნული მოძრაობის ერთიანი ბირთვის დაშლა, მისი დიფერენცირება ორ შეურიგებელ და რადიკალურად ურთიერთდაპირისპირებულ ძალად. პიროვნულ ფაქტორთან ერთად მოძრაობის დაყოფის ძირითადი წინამძღვრები იმპერიულ ცენტრთან პოლიტიკური ურთიერთობის ტექნოლოგიის საკითხებში ტაქტიკური მეთოდების განსხვავებაში უნდა ვეძებოთ.
9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, როგორც ცნობილია, ჩამოყალიბდა ეროვნული მოძრაობის ერთიანი საკოორდინაციო სტრუქტურა _ “ეროვნული ხსნის კომიტეტი”. ძირითადი პოლიტიკური პარტიების კოალიციის ბაზაზე ჩამოყალიბებული ეს ორგანო ფაქტობრივად განასახიერებდა ეროვნული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის ინტეგრირებულ ფრონტს, რომელსაც გააჩნდა როგორც პროგრამა-მინიმუმი (70-წლიანი ოკუპაციის პირობებში დაგროვილი კონკრეტული ეროვნულ-პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტა), ისე პროგრამა მაქსიმუმი (ეტაპობრივი გამოსვლა სსრკ-ს შემადგენლობიდან და სუვერენული ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება).
1990 წლის 13-15 მარტს გამართულ კონფერენციაზე ჩამოყალიბდა “ეროვნული ფორუმი”, რომლის ძირითად ფუნქციად მოიაზრებოდა “არჩევნების გამართვა და ეროვნული კონგრესის ფორმირება საქართველოს სახელმწიფოებრივი საქმეების მართვისათვის”.7 “ფორუმმა” ეროვნული მოძრაობის ერთადერთ უალტერნატივო ტაქტიკად გამოაცხადა ეროვნული დაუმორჩილებლობა.
სწორედ ტაქტიკური სქემების შეუთანხმებლობამ განაპირობა 1990წ. აპრილში “ეროვნული ფორუმიდან” ჰელსინკის კავშირის, წმინდა ილია მართლის საზოგადოების, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირისა და სხვა ორგანიზაციების გამოსვლა და მათ ბაზაზე ეროვნულ-პოლიტიკური ბლოკის “მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქრთველოს” შექმნა. “ფორუმში” დარჩენილმა ძალებმა კი ჩამოაყალიბეს ე.წ. “საკოორდინაციო ცენტრი” ეროვნული კონგრესის არჩევნების მოწყობის მიზნით.
რაში მდგომარეობდა ტაქტიკური სქემების შეუსაბამობა? კონგრესისტული ორიენტაციის პარტიები თვლიდნენ, რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიღწევის ერთადერთი გზა იყო საქართველოსთვის კოლონიური სტატუსის მინიჭება და შემდგომ დეკოლონიზაციის პროცედურის ამოქმედება (60-იან წლებში აზია-აფრიკის ხალხთა განთავისუფლების ანალოგიით). აქედან გამომდინარეობდა დაუმორჩილებლობის კურსის აბსოლუტიზაცია და საბჭოთა რეჟიმის მიერ დანიშნული არჩევნების ბოიკოტის ტაქტიკა.
“მრგვალი მაგიდის” ბლოკში ინტეგრირებულმა ძალებმა კი იმპერიულ ცენტრთან და მის ადგილობრივ ადმინისტრაციასთან ბრძოლის თავისებური, ასე ვთქვათ, სინთეზური ტაქტიკა აირჩიეს უმთავრეს ორიენტირად. ამ ტაქტიკაში ერთმანეთს შეერწყა როგორც სამოქალაქო და ეროვნული დაუმორჩილებლობის კურსი, ისე წმინდა პოლიტიკურ-პრაგმატული თვალსაზრისით აუცილებელი მოლაპარაკებებისა და იძულებითი კონტაქტების (მაგრამ არა კაპიტულაციებისა და კომპრომისების) კურსი, რის საფუძველზეც რეჟიმის მიერ დანიშნული, მაგრამ მრავალპარტიული და, ამდენად, არასაბჭოური არჩევნების ბოიკოტის თეზა უარყოფილ იქნა.
ცხადია, რომ საერთაშორისო დონეზე XXს. 60-იანი წლების დეკოლონიზაციის პროცესის ამოქმედება 90-იან წლებში უტოპიად ჩანდა. ცნობილია, რომ 60-იანი წლების დეკოლონიზაციის გლობალურმა პროცესმა, რომლის იურიდიულ ბაზას ქმნიდა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული სპეციალური დეკლარაცია, ბოლო მოუღო ე.წ. თალასოკრატიული იმპერიების არსებობას.
ამ იმპერიების ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივ სტრუქტურას მეტროპოლია-კოლონიის სუბორდინაციის სისტემაზე აგებული იურიდიული ხასიათი ჰქონდა. ამას ვერ ვიტყვით სსრკ-ზე, რომელიც დე ფაქტო მართლაც წარმოადგენდა იმპერიულ გაერთიანებას, მაგრამ დე იურე არც კრემლს ჰქონდა მეტროპოლიის სტატუსი და არც ეროვნულ რეპუბლიკებს _ კოლონიის, ამიტომ სსრკ-ის დეზინტეგრაციის პროცესს საერთაშორისო სამართალი ვერ მისცემდა დეკოლონიზაციის კვალიფიკაციას, მითუმეტეს იქ მიმდინარე “პერესტროიკისა” და ლიბერალიზაციის კვალობაზე. ამასთან, სსრკ-ის კონსტიტუცია ითვალისწინებდა რესპუბლიკების კავშირის შემადგენლობიდან გასვლის იურიდიულ მექანიზმებს.
ამდენად არჩევნების ბოიკოტის ტაქტიკა იყო იმდროინდელ სიტუაციაში მცდარი, ულტრარადიკალური და ეროვნული მოძრაობის ერთიანობის ინტერესების თვალსაზრისით მიუღებელი ტაქტიკა. ეს ნათლად დაადასტურა ეროვნული კონგრესის ე.წ. არჩევნებმა 1990წ. 30 სექტემბერს. “არჩეული” ეროვნული კონგრესი გახდა ეროვნული მოძრაობის ულტრარადიკალური და კრიმინალიზირებული ძალების ცენტრი, რომელიც ზომიერ, ლიბერალურ-ცენტრისტულ კოალიციასთან პერმანენტული დაპირისპირების პროვოცირებით დესტაბილიზაციისა და საერთო-ეროვნული თანხმობის ჩაშლის მუდმივმოქმედ ფაქტორად გადაიქცა.
ზ. გამსახურდიას ბლოკმა კარგად ისარგებლა ულტრარადიკალების ტაქტიკური ჩავარდნებით, საკუთარ ხელში აიღო პოლიტიკური ინიციატივა და რეალური ოპოზიციური სტრუქტურების კოორდინაციის გზით ეროვნული იდეის განხორციელებისათვის ბრძოლის დროშა ხელიდან გამოგლიჯა როგორც რევოლუციური კატაკლიზმებისაკენ ორიენტირებულ რადიკალებს, ისევე ეროვნული მანტიით შემოსილ პროკომუნისტურ ძალებს და მათთან ასოცირებულ ნომენკლატურულ ინტელიგენციას.
ეროვნული მოძრაობის შემდგომი ეტაპი, რომელიც მოიცავს პერიოდს 1990წ. 28 ოქტომბრიდან 1992წ. 6 იანვრამდე, წარმოადგენს მისი ლეგიტიმიზაციის ფაზას. 1990წ. 28 ოქტომბერს გამართული პირველი (საქართველოს ანექსიის შემდეგ) პლურალისტური საპარლამენტო არჩევნები ეროვნული ძალების სრული უპირატესობით დასრულდა და “მრგვალი მაგიდის” ბლოკმა საპარლამენტო მანდატების 62% მიიღო. 1990წ. 11 ნოემბერს ახლადარჩეული ეროვნული პარლამენტის პირველსავე სესიაზე მის თავმჯდომარედ ზ. გამსახურდია აირჩიეს. ამავე სესიაზე საქართველო გამოცხადდა რესპუბლიკად და აღდგენილ იქნა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სიმბოლიკა. “გარდამავალი პერიოდის შესახებ” მიღებულ დადგენილებაში უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა გარდამავალი პერიოდი საქართველოს დამოუკიდებლობის სრული აღდგენისათვის საფუძვლების შემზადების მიზნით. თავის საპროგრამო გამოსვლაში ზ. გამსახურდიამ აღნიშნა, რომ ახალ ეტაპზე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თავისებურებები იმაში მდგომარეობდა, რომ ამიერიდან ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის სათავეში ჩაუდგა უზენაესი საბჭო, როგორც ხელისუფლების არჩეული ორგანო8. მაშასადამე, ეროვნულ პარლამენტს ენიჭებოდა დუალისტური ფუნქცია _ ის წარმოადგენდა როგორც ლეგიტიმურ საკანონმდებლო ხელისუფლებას, ისევე ეროვნული მოძრაობის წარმმართველ ცენტრსაც, ეროვნული დაუმორჩილებლობის მთავარ იურიდიულ ინსტიტუტს.
ამდენად, 1990წ. 28 ოქტომბერს დაიწყო საქართველოს ეროვნული მოძრაობის ლეგიტიმიზაციის, გასახელმწიფოებრივების ეტაპი. ეროვნული მოძრაობა გარდაიქმნა სახელმწიფოს პოლიტიკურ ხელისუფლებად, ქვეყნის პოლიტიკური სივრცის იურისდიქციის სუბიექტად.
სამეცნიერო ლიტერატურაში ოქტომბრის პოლიტიკური ტრანსფორმაციის შეფასება აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. “ერთნი მას სახალხო დემოკრატიულ რევოლუციას უწოდებენ, მეორენი _ მშვიდობიან სახელმწიფო გადატრიალებას. კ. კემულარია მას პირობითად ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ რევოლუციას უწოდებს და მიაჩნია, რომ პარტიულმა ნომენკლატურულმა ელიტამ, რომელიც კაპიტალის დაგროვების პროცესში იყო ჩართული, წინააღმდეგობა არ გაუწია ეროვნულ ძალებს და ხელი შეუწყო კიდევაც მათ ხელისუფლებაში მოსულიყვნენ”.(9)
რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია, რატომ უნდა ეწოდოს არსებული კონსტიტუციური სისტემის ფარგლებში და საარჩევნო კანონმდებლობის ბაზაზე განხორციელებულ პოლიტიკურ ცვლილებას გადატრიალება, თუნდაც მშვიდობიანი? შეიძლება ამ მოვლენისათვის მშვიდობიანი სახელმწიფო გადატრიალება გვეწოდებინა იმ შემთხვევაში, თუ, რასაკვირველია, იგი მოხდებოდა მმართველ რეჟიმზე არაძალადობრივი დაუმორჩილებლობის აქციის ზეწოლის სახით და დაუმორჩილებლობის კოორდინატორი სტრუქტურა შეიძენდა საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივებს (სხვათა შორის, ასე მოხდა ჩეჩნეთში 1991 წლის შემოდგომაზე).
ზ. გამსახურდიას კოალიციამ ხელისუფლება მიიღო არჩევნების გზით, ე. ი., ის იყო წარმომადგენლობითი დემოკრატიის პირმშო, საერთო-ეროვნული სუვერენიტეტის განსახიერება და არა სახელმწიფო გადატრიალების პროდუქტი.
ვფიქრობთ, არამართლზომიერია ამ მოვლენის წარმოდგენა ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ რევოლუციად. ჯერ ერთი, ასეთ დეფინიციაში აშკარად ჩანს საბჭოთა ისტორიოგრაფიის მარქსისტული სქემების ინერცია, შიშველი სოციოლოგიური დეტერმინიზმი, სოციალური პრობლემატიკის აბსოლუტიზაცია. რა თქმა უნდა, “მრგვალი მაგიდის” პოლიტიკურ კონცეფციაში გარკვეული ადგილი ეთმობოდა სოციალური პრობლემების გადაწყვეტის საკითხებს, მაგრამ მოსახლეობის ფართო ფენების მიზიდულობის ცენტრი უდავოდ ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენის იდეა იყო. ამიტომ 28 ოქტომბრის ცვლილება ქართული საზოგადოების ცალკეული ფენების სოციალური ინტერესების ფონზე კი არა, არამედ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღორძინების კონტექსტში უნდა გავიაზროთ. ეროვნულ-პოლიტიკური თვითიდენტიფიკაცია _ აი, რაში უნდა დავინახოთ ამ მოვლენის არსი. მეორეც, ნომენკლატურულმა პარტიულმა ელიტამ სწორედ რომ ვერ გაუწია წინააღმდეგობა ეროვნული ძალების ხელისუფლების სათავეში მოსვლის პროცესს.
ჩვენის აზრით, ოქტომბრის პოლიტიკური ტრანსფორმაციის შეფასება კომპლექსურ-ინდუქციური პოლიტიკური ანალიზის საფუძველზე გაცილებით მართებული და ობიექტური იქნება. ამ თვალსაზრისით 1990წ. 28 ოქტომბერი უნდა შეფასდეს შემდგომ მნიშვნელოვან მოვლენებთან ერთიან სისტემაში და არა მათგან იზოლირებულად და განყენებულად. 1991წ. 31 მარტის რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე, 1991წ. 9 აპრილის დამოუკიდებლობის დეკლარაცია და 1991წ. 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში ზ. გამსახურდიას გამარჯვება _ ღირსშესანიშნავ მოვლენათა ეს ეტაპობრივი, თანამიმდევრული სვლა, რასაკვირველია, საკუთრივ 1990წ. 28 ოქტომბრის პლურალისტურ არჩევნებთან ერთად, შეიძლება დახასიათდეს, როგორც მშვიდობიანი, ეროვნული კონსერვატიული რევოლუცია.
პროცესის ამგვარი დეფინიციის საფუძველს ქმნის იმაზე პასუხის გაცემა, თუ რაში მდგომარეობდა XXს. II ნახევრის საქართველოს ეროვნული მოძრაობის ისტორიული და სულიერი წყაროები და, სახელდობრ, რომელ საგარეო ძალას დაუპირისპირდა ზ. გამსახურდიას ბლოკი. ის დაუპირისპირდა საბჭოთა-რუსულ იმპერიას და ამ ბრძოლაში იკვებებოდა XIXს. დასაწყისის მონარქისტული განმათავისუფლებელი მოძრაობის, XIXს. II ნახევრის ლიბერალურ-დემოკრატიული მოძრაობის (“ილიას დასი”) იდეალებით, ასევე 1918-1921წწ. საქართველოს პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური გამოცდილებით. ამდენად, ეს იყო სერიოზული ეტაპი ჩვენი ქვეყნის ეროვნული აღორძინების გზაზე. მაგრამ რაში მდგომარეობდა თვით აღორძინების არსი? უპირველეს ყოვლისა, ის გულისხმობდა ეროვნული ისტორიის ღრმა სულიერ გააზრებას, ისტორიული ეროვნული თვითშემეცნების აღდგენას, რუსეთის იმპერიის ექსპანსიამდე არსებული ტრადიციებისკენ მიბრუნებას. მეორე, აღორძინება მოიაზრებოდა, როგორც მთელი ერის მობილიზაცია სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის მოპოვებისათვის საბრძოლველად, როგორც მთელი მამულის კონცენტრაცია ეროვნული იდეის ბაზაზე. და კიდევ ერთი ფუძემდებლური მომენტი: ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიამდე, ახლაც დადგა ერის გვერდით. მან მთელი თავისი სულიერ-ზნეობრივი ძლიერებითა და რიტუალებით უშუალო მონაწილეობა მიიღო საერთო-ეროვნული აღორძინების პროცესში, რითაც გამოიკვეთა სოციალისტურ ეპოქაში შექმნილი სულიერი ვაკუუმის ქრისტიანული რწმენით შევსების ტენდენცია.
თუ ჩვენ ერთ მთლიანობაში გავიაზრებთ ამ სამ ძალას _ ისტორია, ერი და მართლმადიდებელი ქრისტიანული ტრადიცია, _ მაშინ აღმოვაჩენთ ეროვნულ ღირებულებით კონტინუუმს, სისტემას იმ ფასეულობებისა, რომლებითაც იკვებებოდა ტრადიციული ქართული კონსერვატიზმი იმ დროიდან, როდესაც ის შეეჯახა რუსეთის იმპერიას.
ასე რომ, 1990-1991წწ. საქართველოში განხორციელდა ეროვნული კონსერვატიული რევოლუცია. საქართველოს ეროვნული მოძრაობა, მისი ლეგიტიმიზაციის ანუ გასახელმწიფოებრივების სტადიაზე, მშვიდობიან კონსერვატიულ რევოლუციაში გადაიზარდა.
სამწუხაროდ, ზ. გამსახურდიას კოალიციამ ვერ შეძლო კონსერვატიული რევოლუციის ბოლომდე რეალიზება. 1991წ. სექტემბერ-ნოემბრის პუტჩისტურმა მოძრაობამ, რომელიც 1991წ. 22 დეკემბერ_1992 წ. 6 იანვრის სამხედრო-კრიმინალურ გადატრიალებაში გადაიზარდა, მოახდინა ეროვნული ხელისუფლების დამხობა.
დღეს უკვე აშკარაა, რომ მთელი ეს ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი პროცესი ინიცირებული იყო და იმართებოდა რუსეთიდან. პუტჩისტური მოძრაობის და სამხედრო გადატრიალების გეგმა, მისი განხორციელების ტაქტიკა და მეთოდები მთლიანად იყო შეთანხმებული რუსეთის ოფიციალურ სტრუქტურებთან და სადაზვერვო სამსახურებთან. ამ გეგმის რეალიზაციის პროცესის მართვისა და კოორდინაციის მიზნით კრემლის ადმინისტრაციასა და გენერალურ შტაბში ჩამოყალიბდა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა რუსეთის ვიცე-პრემიერი და სახელმწიფო მინისტრი გ. ბურბულისი. გ. ბურბულისის ბრძანებების საფუძველზე, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობა პერმანენტულად აწარმოებდა ქართული შეიარაღებული ოპოზიციის სამხედრო მხარდაჭერას, ხოლო რუსეთის საკრედიტო დაწესებულებები, მათ შორის ცენტრობანკი, ახორციელებდნენ დესტაბილიზაციისა და გადატრიალების პროცესის სუბსიდირებას გასაიდუმლოებული საკრედიტო ხაზებით.
მთავარი არგუმენტი, რომლის საფუძველზეც რუსეთმა მხარი დაუჭირა სამხედრო გადატრიალებას, მდგომარეობდა შემდეგში _ გამსახურდიას რეჟიმის დამხობა იყო უმოკლესი გზა საქართველოსა და მთელი კავკასიის რეკოლონიზაციისაკენ.
აღსანიშნავია, რომ გადატრიალების წარმატება გარკვეულწილად განაპირობა აშშ-ს ადმინისტრაციის უაღრესად დისკრიმინაციულმა პოლიტიკამ საქართველოს მიმართ. გადატრიალებისათვის იმდროინდელი დასავლეთის მესვეურთა მიერ “მწვანე შუქის” ანთების შთაბეჭდილებას ტოვებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯ. ბეიკერის საპროგრამო სიტყვა პრინსტონის უნივერსიტეტში 1991წ. 12 დეკემბერს. ამ სიტყვაში, რომელიც, ცხადია, აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას წარმოადგენდა, საქართველოს ეროვნული ხელისუფლება დახასიათებული იყო, როგორც “სტალინური სისტემის ნარჩენი, ექსტრემისტული და ფაშისტური (?) ძალა”.(10)
ჯ. ბეიკერმა პირდაპირმა განაცხადა, რომ “საქართველოს ავტორიტარული ადმინისტრაცია არ იმსახურებს აშშ-ის მხრიდან ცნობასა და მხარდაჭერას… რადგანაც იგი ადგას რესპუბლიკური ავტარკიის კურსს”.(11)
როგორც ვხედავთ, საქართველოს ეროვნული ხელისუფლების მიერ დსთ-ს პროექტის უარყოფა ჯ. ბუშის ადმინისტრაციის მიერ შეფასებულია ავტარკიად, იზოლაციონიზმად. არადა, სწორედ დსთ-ს პროექტის უარყოფა და ზ. გამსახურდიას არმონაწილეობა 1991წ. 21 დეკემბრის ალმაათის სამიტში გახდა 22 დეკემბრის დილით გადატრიალების დაწყების კონკრეტული საბაბი. როგორც ჩანს, 1991 წ. შემოდგომაზე დასავლეთმა დააკმაყოფილა ბ. ელცინის პოლიტიკური ჯგუფის მოთხოვნები ექსსაბჭოთა სივრცეზე რუსეთის კონტროლის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. კავკასია მთლიანად “ჩაჯდა” ახალი გეოპოლიტიკური ცენტრის ფორმირების ამ მოთხოვნაში, მხოლოდ ბალტიისპირეთმა დააღწია თავი ერთიანი სივრცის აღდგენას. სახელმწიფო გადატრიალების წარმატებამ (ეროვნული ხელისუფლების დამხობა, კონსტიტუციის მოქმედების შეჩერება, ხელისუფლების სათავეში პარტნომენკლატურისა და მასთან ასოცირებული ოლიგარქიული ჯგუფების მოსვლა, პარამილიტარული სამხედრო დაჯგუფებების თარეში და ა.შ.) განაპირობა ეროვნული კონსერვატიული რევოლუციის დამარცხება. საგულისხმოა, რომ სწორედ გადატრიალების მიმდინარეობის დროს იქნა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარებული დე იურე-დ. ეს დაკავშირებული იყო სსრკ-ის იურიდიული არსებობის შეწყვეტასთან (21 დეკემბრის ალმაათის სამიტზე დსთ-ს ფორმალიზაცია და 25 დეკემბერს პრეზიდენტ მ. გორბაჩოვის გადადგომა). თვით აშშ-მა და კანადამ ეს დიპლომატიური აქტი განახორციელეს 1991წ. 25 დეკემბერს. საერთოდ, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან პრეზიდენტ ზ. გამსახურდიას იძულებით ემიგრაციამდე (1992წ. 6 იანვარი) საქართველოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად ცნო 29 სახელმწიფომ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეროვნული მოძრაობის თავისებური “აქილევსის ქუსლი” გახდა იმპერიული ცენტრის მიერ ინსპირირებული ეთნოკრიზისები. აფხაზური და ოსური ეთნოკრატიების სეპარატისტულმა მოძრაობებმა განსაკუთრებულად უარყოფითი მადესტაბილიზებელი ზეგავლენა მოახდინეს ეროვნული მოძრაობაზე, ძირითადში მისი ლეგალიზაციისა და ლეგიტიმიზაციის ეტაპებზე.
თითქმის ანალოგიური სცენარით მოხდა ა. ელჩიბეის რეჟიმის დამხობა აზერბაიჯანში 1993წ. ივნისში. ორივე გადატრიალებამ უზრუნველყო სამხრეთ კავკასიაში განმათავისუფლებელი პროცესის შეჩერება და ძალთა თანაფარდობის შეცვლა რუსეთის სასარგებლოდ. ისტორიას არა აქვს პირობითი კილო.
საქართველოს ეროვნული მოძრაობის შინაგანი დინამიკა: ის, რაც მოხდა, მოხდა. მას შემდეგ, რაც “ახალი მსოფლიო წესრიგის” არქიტექტონიკაში კავკასიის გეოპოლიტიკური სივრცისა და მისი ღერძული სახელმწიფოს _ საქართველოს სუვერენობა გამოირიცხა, იმთავითვე განისაზღვრა კიდეც საქართველოსა და პირადად ზ. გამსახურდიას ტრაგედია. ქართული ნაციონალიზმი დამარცხდა.
XXს. ბოლოს, პოსტინდუსტრიული ცივილიზაციის გენეზისის ეპოქაში ქართული ნაციონალიზმი შთაინთქა იმ ბარბაროსულ კოსმოპოლიტურ ოკეანეში, რომელიც რუსული და “ლიბერალური” ანგლო-საქსონური იმპერიალიზმების დროებითმა გარიგებამ წარმოშვა. მაგრამ ქართველი ერის ბრძოლის მრავალსაუკუნოვანი ეპოპეა ახალი გმირულ-პატრიოტული ფურცლის გადაშლას ითხოვს. ქართული ხმალი ხომ არასოდეს ჩაგებულა ქარქაშში…

შენიშვნები:

1 გაზ. “კონსტიტუციურ-დემოკრატი“, 1994წ. ივნისი.
2 ჟურნ. “პოლიტიკა“, 1991, #9-10, გვ. 23.
3 როგორც ჩანს, ბრეჟნევ-შელეპინის ჯგუფის მიერ განხორციელებულმა “სასახლის გადატრიალებამ“ მართლაც იხსნა ბიჭვინთაში მყოფი ნ. ხრუშჩოვი ტერორისტული თავდასხმისაგან.
4 გაზ. “ასავალ-დასავალი“, 1993 წელი, 22 აპრილი.
5 უ. ბლუაშვილი. პოლიტიკური პარტიები და ეროვნული მოძრაობა საქართველოში 1988-1991 წწ. თბ., 1994, გვ. 16-17.
6 უ. ბლუაშვილი. პოლიტიკური პარტიები.., გვ. 18 აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ზ. გამსახურდია მხარს არ უჭერდა პოლიტიკური მოთხოვნის ამგვარ რადიკალიზაციას.
7 ი. კვესელავა. საქართველო XX ს. 70-80-იან წლებში (საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა), დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად (ხელნაწერის უფლებით). თბ., 1999, გვ. 172.
8 გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა“, 1990წ. 12 ნოემბერი.
9 იხ. ი. კვესელავა. საქართველო XX ს. 70-80-იან წლებში, გვ. 245.
10 „Дипломатический вестник“, 1992, №1, გვ. 40.
11 „Дипломатический вестник“, 1992, №1, გვ. 40.

წყარო:
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოება
აფხაზეთის ორგანიზაცია
საისტორიო ძიებანი, 6, 2003


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: