Posted by: burusi | 07/02/2010

ჯაბა სამუშია – ისტორია მხოლოდ მათ ასწავლის, ვისაც ამის სურვილი აქვს

ჯაბა სამუშია

ჯაბა სამუშია – Jaba Samushia (1971)

ჯაბა სამუშია – ისტორია მხოლოდ მათ ასწავლის, ვისაც ამის სურვილი აქვს

ქართული პოლიტიკური კლასის ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლების მხრიდან რუსეთთან დაახლოების სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებების რეალურ მიზეზებზე, რუსეთთან ურთიერთობის ისტორიულ გამოცდილებაზე და ასევე იმაზე, კრემლთან დაახლოების შემთხვევაში რას შეიძლება ელოდოს საქართველო რუსეთისგან, “ინტერპრესნიუსი” ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორს, ჯაბა სამუშიას ესაუბრა.

- ბატონო ჯაბა, რუსეთთან დაახლოების ინიციატივა არაერთმა ოპოზიციურმა ლიდერმა გაახმოვანა. 1989 წლის შემდეგ, მთელი 20 წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში რუსულ ვექტორზე საუბარი ცუდ ტონად ითვლებოდა, ახლა კი რჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი რუსეთისადმი სიმპათიებს სიამოვნებითაც კი აფიქსირებს. თქვენი აზრით, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკურ აზროვნებაში შესამჩნევი ცვლილება?
- ვერ დაგეთანხმებით, რომ 1989 წლიდან რუსული ვექტორი ცუდ ტონად ითვლებოდა. გამსახურდიას პრეზიდენტობისას რუსული აგენტურა საკმაოდ მძლავრად იყო წარმოდგენილი ხელისუფლებაში. შევარდნაძის მმართველობის დროს კი რუსული ფაქტორი არა თუ შენელდა, არამედ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა. `ვარდების რევოლუციის~ შემდეგაც, უმაღლესი ხელისუფლების პირები, სამწუხაროდ, თავის ქმედებით რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს. ჩვენ გვესმის, რომ რუსეთი კავკასიის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მისი განეიტრალება საკმაოდ ძნელია. ამიტომაც საჭიროა ჭკვიანური საგარე პოლიტიკის გატარება.
პოლიტიკოსთა იმ ნაწილში, რომლებიც რუსეთისადმი სიმპატიებს გამოხატავენ, საოცარი გაორება შეიმჩნევა. ისინი ხვდებიან რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს, მაგრამ, იმავდროულად აფიქსირებენ, რომ ამას აკეთებენ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებისათვის. ეს არის მათი ლოგიკა. მაგრამ რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია. რუსეთი ჩვეულებრივი აგრესორია და მასთან საქართველო სამხედრო კონფრონტაციაშია უკანასკნელი ოცი წელი. თუ ვინმეს აწუხებს ამნეზია, მათთვის გასახსენებლად: ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ რაც საქართველომ დაიწყო დამოუკიდებელი საგარეო-პოლიტიკური კურსის გატარება. თითოული ჩვენი ნაბიჯი გადადგმული დასავლეთთან დაახლოებისაკენ რუსეთში მწვავედ აღიქმებოდა. რა გამოდის. რუსეთი რომ კმაყოფილი გვყოლოდა ჩვენ უარი უნდა გვეთქვა დამოუკიდებლობაზე, ევროპასთან ურთიერთობაზე, ტრანსახელმწიფოებრივ პროექტებზე, მჭიდრო კავშირებზე აშშ-სთან და სხვა. მოკლედ რომ ვთქვათ ქართველებს ხელი უნდა აგვეღო თავისუფლებაზე და რუსეთის ორბიტის გარშემო გვეტრიალა. ყოველივე ის, რაც აქაა მითითებული, ჩვენმა ერმა ბრძოლით მიაღწია. რუსეთმა კი უკიდურეს ზომებს მიმართა. დაიწყო საქართველოს დანაწევრებისათვის ბრძოლა. ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა, რომ ჩვენმა მოძმე აფხაზებმა და ოსებმა, რომელთა ოჯახებში სანადირო თოფის მეტი არ მოიპოვებოდა, შექმნეს საჰაერო და სატანკო დივიზიები. რამდენიმე ათასიანი კარგად გაწვრთნილი `რუსულ-აფხაზური~ და `რუსულ-ოსური~ დივიზიები. მოდით ვაღიაროთ, რომ რომ არა ქართველთა შეუპოვრობა, რუსეთი იმის მეათედს არ შეეგუებოდა რაც დღეს ქვაქვს. არჩევანი იყო მარტივი: ან დამოუკიდებლობა ან რუსულ იმპერიაში დაბრუნება.

- თქვენი აზრით, რეალურად რასთან გვაქვს საქმე, მეხუთე კოლონის გააქტიურებასთან, როგორც ამას ხელისუფლება ამტკიცებს, პოლიტიკურ სიბეცე-გულუბრყვილობასთან, ხელისუფლებისათვის ბრძოლაში რევანშის მცდელობასთან თუ რეალპოლიტიკის პრინციპების გათვალისწინებასთან?
- ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ და პატივი უნდა ვცეთ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის პოზიციას. მე ვერცერთ მათგანს ვერ ვუწოდებ მეხუთე კოლონას, მიუხედავად იმისა, რომ კარდინალურად განსხვავებული საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის გახლავართ. დავიწყოთ ერთი საკითხით. Dდღეს მავანი და მავანი გაიძახიან (მათში უპირველესად იმ ადამიანებს ვგულისხმობ, რომლებიც ცოტა ხნის წინ იმ გუნდში იყვნენ, რომლებიც გაიძახოდნენ `მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელიო~, დღეს კი მზე ჩრდილოეთიდან ამოჰყვთ.), რომ ნუთუ დასავლეთს და აშშ-ს არა აქვს თავისი პოლიტიკა ამა თუ იმ რეგიონის მიმართ და რა გასაკვირია, რომ ასეთივე ინტერესები ჰქონდეს რუსეთს, თუნდაც კავკასიაში.
საკითხი ლოგიკურადაა დასმული, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომელი მხარე როგორ თამაშობს საერთაშორისო არენაზე. რუსეთის მეთოდები XX საუკუნის I ნახევარში აპრობირებული მეთოდების მსგავსია. მეორე მომენტი. ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც იმედის თვალით შეჰყურებენ რუსეთს, თვლიან, რომ სწორედ იქაა აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარების გასაღები. ერთი შეხედვით არც ესაა ლოგიკას მოკლებული, მაგრამ საკითხავია, დღევანდელი რუსეთის ხელისუფლება მოწოდებულია საჩვენოდ გადაწყვიტოს ეს კონფლიქტები? აქაც აშკარად ამნეზიასთან გვაქვს საქმე. შევარდნაძის პერიოდში შევედით დსთ-ში, გაღრმავებული ტემპებით მიმდინარეობდა ყოფილი სსრკ რესპუბლიკების საიტეგრაციო პროცესი, მაგრამ აფხაზეთი ან სამხრეთ ოსეთი ვინმემ დაგვიბრუნა? იმაზე მეტი რა უნდა გაეღო საქართველოს, რაც გაიღო. ერთ პერიოდში არა მარტო ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური ვექტორი იყო მიმართული ჩრდილოეთისაკენ, არამედ მინისტრებად (თავდაცვის, შინაგან საქმეთა, უშიშროების …) პირდაპირ რუსეთიდან გამოგზავნილი კადრები ისხდნენ. კონფლიქტურ ზონაში კი კვლავინდებურად რუსი ცისფერჩაფხუტიანები იდგნენ.

- საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გამოცდილება აქვს. სამწუხაროდ, რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის ვერც თავისმა და ვერც სხვათა გამოცდილებამ ვერაფერი ასწავლა…
- რომაელებს უყვარდათ თქმა, რომ `ისტორია ცხოვრების მასწავლებელიაო~. ეს მართლაც ასეა, მაგრამ არის ერთი ნიუანსი: ისტორია მხოლოდ მათ ასწავლის, ვისაც ამის სურვილი აქვს. რეტროსპექტიულად რომ გადავავლოთ თვალი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს საქართველოს ჭირ-ვარამი არასოდეს არ ადარდებდა. მას თავისი მიზნები ამოძრავებდა და მთელი მისი პოლიტიკური კურსი საქართველოსთან მიმართებაში ამ ხაზით ვითარდებოდა. ეს ბუნებრივიცაა, რამეთუ იმპერიას თავისი ბუნება აქვს. არ არსებობს კეთილი იმპერია. არსებობს მხოლოდ მისი ინტერესები. გავიხსენოთ თეიმურაზ I-ის ვახტანგ VI-ის, ერეკლე II-ის, გიორგი XII-სა და მისი მემკვიდრის დავითის დრო. ამ პერიოდში როდის გადადგა რუსეთმა საქართველოსათვის საჭირო ნაბიჯი, მაშინ როცა ირან-ოსმალეთთან მიატოვა ვახტანგ VI თუ აწყურთან შუა ბრძოლაში ერეკლეს ზურგი რომ აქცია? ევროპა თუ რუსეთი?, ასე საკითხი არ უნდა დავსვათ. ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს იმ პოლიტიკურ არიალში სადაც მის სახელმწიფოებრივ განვითარებას ნოყიერი ნიადაგი ექნება. ევროპა ჩვენი ბუნებრივი გარემოა. ქართველი კაცი ყოველთვის იმზირებოდა ევროპისაკენ. დასავლური ინსტიტუციები, პოლიტიკური კულტურა, თავისუფლების ხარისხი ის ფასეულობებია, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას მხოლოდ წინ წაწევს. ამ კუთხით რუსეთი დიდად მისაბაძი ნამდვილად არ არის. სამწუხაროა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ბევრს ლაპარაკობს დასავლურ ფასეულობებზე, მაგრამ რეალურად ხელისუფლების მართვის რუსული მოდელით მოქმედებს.

- მოსკოვთან დაახლოების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერის, ექსპრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, იგი რუსეთთან დაახლოებას იმის გამო ცდილობს, რომ სურს შეინარჩუნოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პერსპექტივა. რამდენად რეალურია ექსპრემიერ-მინისტრის მოლოდინები და იმედები?
- ამ კითხვაზე პასუხი, ნაწილობრივ, ზემოთ უკვე გავეცი. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების გასაღები არა რუსეთში, არამედ დასავლეთშია. როგორც კი რუსეთი საერთაშორისო თამაშის წესებს მიიღებს, ის იძულებული იქნება უარი თქვას აგრესიაზე სამხრეთ კავკასიაში. მანამდე რაიმე ცვლილება რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი არ არის, ერთი უბრალო მიზეზით: რუსეთში მზად არ არიან უარი თქვან იმპერიაზე. ისინი ჯერ კიდევ ცოცხლობენ ამ იდეებით. პრობლემა მენტალობაშია, რომელიც საფუძვლად უდევს მთელი ქვეყნის საგარე-პოლიტიკური კურსის ფორმირებას.
გამოსავალი ერთადერთშია. ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა შევქმნათ. არც არავისთან გასაპიარებლად და არც არავის საექსპერიმენტოდ. ასე პოლიტიკურ ცენტრებს შორის ბალანსით ბევრჯერ გვისარგებლია, მაგრამ ამ ვითარებაში მხოლოდ თავის გადარჩენაზე ვფიქრობდით. ქართველი შედეგს მხოლოდ მაშინ აღწევდა, როდესაც ქვეყნის შენებას იწყებდა. კარგია გზების მშენებლობა, მაგრამ ცუდია 50 კილომეტრიან მონაკვეთს ექვს-შვიდჯერ რომ გახსნი, კარგია დემოკრატიაზე საუბარი, მაგრამ კატასტროფაა, როდესაც დაახლოებით 8 წამყვან ტელე-მაუწყებლობიდან 6-ს ხელისუფლება რომ აკონტროლებს, დარჩენილი ორი კი მხოლოდ რეგიონალური ტელევიზიებია. კარგია სამართალზე საუბარი, მაგრამ ცუდია უსამართლო სასამართლო. მოკლედ ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება. მთავარია, აფხაზმაც და ოსმაც ერთი რამ უნდა იგრძნოს, რომ საქართველო მათთვის მიმზიდველია. შეცდომა იყო ომის რიტორიკით მათთან საუბარი, XXI საუკუნეში მეთოდები გაცილებით მრავალფეროვანი და მოქნილი გახდა. პოლიტიკა მუდმივი ძიებაა და ალბათ ქართული პოლიტიკური სპექტრიც შეიმუშავებს ოპტიმალურ საგარე-პოლიტიკურ კურს, რომელიც ჩვენს ქვეყანას საზიანოდ არ შემოუტრიალდება.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”
http://www.interpressnews.ge


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories