Posted by: burusi | 05/02/2010

ექვთიმე თაყაიშვილი – ბიოგრაფია

ექვთიმე თაყაიშვილი

ექვთიმე თაყაიშვილი – Ekvtime Takaishvili (1863-1953)

ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი დაიბადა 1863 წლის 3 იანვარს სოფელ ლიხაურში, აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში. ეს უკანასკნელი რუსეთის ჯარში მსახურობდა — თურქეთის საზღვრის მცველ ერთ-ერთ რაზმს მეთაურობდა მდინარე ჩოლოქზე და სათანადო “კორდონის უფროსად” იწოდებოდა. ექვთიმეს დედა, ნინო, თავად გიტელი ნაკაშიძის ასული იყო. ექვთიმეს ჰყავდა და ლისა და ძმები: ნიკო და ვარლამი.

მეტისმეტად მკვირცხლსა და დაუდეგარ ექვთიმეს სამი წლისას მარცხი შემთხვევია. ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს:” ბავშვობაში მე ცელქი ვყოფილვარ, სამი წლისა ხეზე გავსულვარ, გადმოვვარდნილვარ და მარჯვენა ფეხი მომიტეხია”. ფეხის ადრევე დაზიანების გამო ექვთიმე მთელი ცხოვრების მანძილზე ხელჯოხზე დაყრდნობით დადიოდა, მაგრამ მაინც ჩქარი სიარული უყვარდა.

მშობლები ექვთიმეს დაბადების შემდეგ მალე გარდაიცვალნენ. ბავშვების აღზრდაზე ზრუნავდნენ ბებია, დაქვრივებული მამიდა, უფროსი და და სიძე, რომელიც ობოლი ცოლისძმების მეურვედ დანიშნეს.

ექვთიმე სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. სწავლის დროს მუდმივ ხელმოკლეობას განიცდიდა და მოწაფეთა მომზადებით იღებდა შემოსავალს. ექვთიმე ერთ-ერთი მოწინავე მოწაფე იყო და ვერცხლის მედლით დაამთავრა გიმნაზია 1883 წელს.

სწავლა ექვთიმემ პეტერბურგის უნივერსიტეტში გააგრძელა. როგორც თვითონ წერს: ”მე იმთავითვე უსათუოდ მინდოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა, რადგან უფრო ევროპული ქალაქი იყო, ვიდრე, მაგალითად, მოსკოვი…”. 1887 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა ბერძნულ-ლათინურ ენათა განხრით. უნივერსიტეტში გატარებული ოთხი წელიწადი ექვთიმე თაყაიშვილმა ფრიად ნაყოფიერად გამოიყენა: აღიჭურვა იმ დროისათვის შესაფერისი ფართო ისტორიულ-ფილოლოგიური განათლებით და თან ქართველმცოდნეობაშიც “გატეხია ენა”. საუნივერსიტეტო კურსის დასრულების შემდეგ დროებით პეტერბურგში დარჩა და კანდიდატის ხარისხი მიიღო.

1887 – 1894 წლებში ექვთიმე თაყაიშვილი თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში დირექტორის, ალექსი ჭიჭინაძის მიწვევით, ბერძნულ და ლათინურ ენებს ასწავლიდა.

1888 წელს, იგი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში გამგეობის წევრად შეიყვანეს. პარალელურად აქვეყნებდა ძველ ხელნაწერთა აღწერილობებს გაზეთ ივერიაში. ექვთიმე თაყაიშვილის პირველ სამეცნიერო ნაბიჯებს მტკიცე ნიადაგი მოუმზადა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ, რომელსაც ექვთიმე შეხვდა გიმნაზიაში მასწავლებლობის დაწყებიდან ერთ წელიწადში. ისინი ხშირად ერთად მოგზაურობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ერთად ეძებდნენ, კრებდნენ ძველ ქართულ ხელნაწერებს, სწავლობდნენ და აბინავებდნენ მუზეუმში. «საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე; შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე – ექვთიმე თაყაიშვილი»

1888 წელს ექვთიმემ შეისწავლა და გამოიკვლია “პარხლის სახარება”. ამას მოჰყვა შატბერდული “მოქცევაი ქართლისაის” ახლებური წაკითხვა და დათარიღება. 1891 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა “ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა”. საქართველოს ადრეული ისტორიისთვის უმნიშვნელვანესი იყო მის მიერ აღმოჩენილი “ხელმწიფის კარის გარიგების” ხელნაწერი. ეს ხელნაწერი ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს გაპარტახებულ სახლში იპოვა. 1920 წლის მაისში თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ “ხელმწიფის კარის გარიგება” მისი გამოკვლევით და წინასიტყვაობით გამოსცა. ასევე გამოკვლეული აქვს “აბდულმესიანის”, “თამარიანისს”, “ვისრამიანის”, “ამირანდარეჯანიანის”, “როსტომიანის”, “ქილილა და დამანას”, “რუსუდანიანის”, “ომანიანის”, თეიმურაზ I თხზულებათა, თეიმურაზ ბატონიშვილის რუსთველოლოგიური შენიშვნებისა და სხვათა მრავალთა ხელნაწერები.

უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ “ვეფხისტყაოსნის” ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო, როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ თავმოყრილ “ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერთა შორის უძველესი იყო 1646 წლის, რომელიც ვინმე კორინთელისაგან შეიძინა, ასევე მეფე გიორგი XI-ისათვის 1680 წელს მისი მდივნის მიერ გადაწერილი “ვეფხისტყაოსანი”. ეს ხელნაწერი გამოირჩევა თავისი მოხატულობით. ექვთიმე თაყაიშვილის დიდი დამსახურებაა გადარჩენა პელაგია წერეთლისეული “ვეფხისტყაოსნისა”, რომელიც სიუჟეტური მინიატურებით იყო დასურათებული.

1892 წელს ექვთიმე თაყაიშვილი ილია ჭავჭავაძეს განჯიდან თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაში ეხმარებოდა. მალე ექვთიმეს რედაქტორობით “წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ” გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა პირველი სრული კრებული.

ექვთიმე გიმნაზიაში ლათინურის გარდა უკვე ისტორიასა და გეოგრაფიასაც ასწავლიდა. დირექტორის ადგილი გათავისუფლდა და ექვთიმეს გიმნაზიის ხელმძღანელობა შესთავაზეს. 1894-1904 წლებში სწორედ ის განაგებდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიას, ყოველი საზაფხულო არდადეგების დროს კი აწარმოებდა არქეოლოგიურ გამოკვლევებს. პროფესორი მიხაკო წერეთელი წერდა: «ექვთიმე სპეციალობით არც არქეოლოგი იყო, არც ხელოვნებათა მეცნიერი, არც ისტორიკოსი, არც ქართული ფილოლოგიის სწავლული. მაგრამ იგი იმავე დროს ერთიც იყო, მეორეც, მესამეც და მეოთხეც. სიდიადე მისი სულისა სწორედ აქ არის, — მან თავისი ერის სამსახურისთვის ეს მეცნიერებანი თვით შეისწავლა. იგი იყო “მოხალისე”, “მოყვარული”, მაგრამ ნამდვილი ბატონი საქართველოს წარსულის კვლევის ფართო ნიადაგზედ… იგი იყო განმგრძობი დიმიტრი ბაქრაძის, თავისი უფროსი თანამედროვის თ. ჟორდანიას და სხვათა ღვაწლისა, რომელთაც იგივე მიზანი ხელმძღვანელობდა მათი უანგარო, დაუღალავი და ხანგრძლივი შრომის დროს.»

1902-1910 წლებში ექვთიმე თაყაიშვილმა სამგზის იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ ნაწილში (თურქეთის საქართველო). პირველი ექსპედიცია მოეწყო 1902 წელს. ექსპედიციაში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად მონაწილეობდნენ არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ალექსანდრე მამუჩაიშვილი. ახალციხისა და ახალქალაქის ზოგ ძეგლთან ერთად მაშინ მათ გამოიკვლიეს არტაანის ოლქის ძეგლები და ოლთისის ოლქის ნაწილი. მეორე ექსპედიცია 1907 წელს მოეწყო. ამ მოგზაურობის დროს ექვთიმე თაყაიშვილმა ინახულა და აღწერა თორთუმის ხეობის ზემო წელში მდებარე ექექის ტაძარი, ამ ტაძრის სამხრეთით მდებარე სოფელ სოხროთის ტაძარი, ოთხთა ეკლესია, პარხალი და სხვა მნიშვნელოვანი ძეგლები. ამ არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიცა პარიზში, 1930-იანი წლების მეორე ნახევარში.

ექვთიმე თაყაიშვილი იყო არქეოლოგიური ექსპედიციის ორგანიზატორი ლეჩხუმსა და სვანეთში, მონაწილეობდა ვანის აკროპოლისის გათხრებში.

ექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომს “მასალები კავკასიის არქეოლოგიისათვის” მაღალი შეფასება მისცა რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიურმა საზოგადოებამ. 1911 წლის 28 მარტს იგი აღნიშნული საზოგადოების დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

საქართველოს სამეცნიერო-კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით დაარსებულმა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ, რომლის მიზანი საქართველოს ისტორიის, მისი ხალხის ყოფა-ცხოვრების, ხელოვნების ძეგლების შესწავლა იყო. საზოგადოების თავმჯდომარე თავად ექვთიმე თაყაიშვილი იყო 1921 წლამდე. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ფართო და ნაყოფიერი მუშაობა გაშალა. მრავალმხრივმა სამეცნიერო საქმიანობამ დიდი პოპულარობა მოუტანა საზოგადოებას. ექვთიმე თაყაიშვილმა დააფუძნა ორი სამეცნიერო სერია “ძველი საქართველო” და “საქართველოს სიძველენი”. იგი თავად იყო ამ სერიების ტომების შემდგენელი.

«საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც, პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს . . . რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოავსწარი . . . . არ იყო ხალხი, თითოოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს; არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო! . . რუსთველის გამზირზე სერნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება . . . თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას! – ექვთიმე თაყაიშვილი»

ექვთიმე თაყაიშვილი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1919-1921 წლებში იგი გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე.

დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად იმთავითვე იყო არჩეული “ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების” კომისიაში. უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს გაიხსნა. ექვთიმე თაყაიშვილი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი იყო. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი პირველკურსელთათვის იყო და მოიცავდა საქართველოს სიძველეთმცოდნეობის შესავალს. ამასთან ერთად მეცნიერი კითხულობდა ეპიგრაფიკას და საქართველოს საეკლესიო ისტორიას. უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ მან გიმნაზიაში მასწავლებლობა მიატოვა.

ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1921 წლის 11 მარტს, ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველო დატოვა. ის დასახლდა თავდაპირველად პარიზში, 1922 წლიდან ლევილში და დროგამოშვებით სწავლობდა ოქსფორდში.

საფრანგეთში იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. იგი განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. მისი აღიარების დასტური იყო ის, რომ იგი ჯერ პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების (1922 წლის 4 თებერვალი), ხოლო შემდეგ საფრანგეთის სააზიო საზოგადოების (1925) ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1937-1939 წლებში თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებული “ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდი”-ს თავმჯდომარე. ამასთან, იგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის “Georgica” (ლონდონი) სარედაქციო საბჭოს წევრი.

გახიზნულმა მთავრობამ თან წაიღო საქართველოს განძის ისტორიულად განსაკუთრებით ღირებული ნაწილი. მასში შედიოდა თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი. მიუხედავად იმისა, რომ განძის მესაკუთრედ, ოფიციალურად, საქართველოს მთავრობა ითვლებოდა, ფაქტობრივად, განძს თაყაიშვილი მეურვეობდა. განძი, სულ 39 ყუთი, ექვთიმეს მარსელის ბანკში ჰქონდა შენახული.
ექვთიმე თაყაიშვილი წერდა: «თუმცა ჩემი მთავარი მოღვაწეობა პედაგოგობა იყო და ამას შევწირე ჩემი ცხოვრების 30 წელიწადი, იმავე დროს შეძლებისამებრ ვმუშაობდი საქართველოს ისტორია-არქეოლოგიაში, საზოგადოდ ქართული კულტურის ისტორიაში. აქ მიზნად დავისახე საბუთებისა და ძეგლების შეკრება, მათი მოწესრიგება, აღწერა გამოქვეყნება და, რაც მთავარია, დაცვა.»

განძის ცალკეული ექსპონატების ყიდვა სურდათ ევროპის სხვადასხვა მუზეუმებს, მაგრამ თაყაიშვილი ამაზე არ თანხმდებოდა. მან სასამართლოში მოიგო საქმე გრაფ ალექსანდრე ობოლენსკის ქვრივის, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულის, სალომე ობოლენსკაიას წინააღმდეგ. ამ უკანასკნელს პრეტენზია ჰქონდა ზუგდიდის მუზეუმიდან გატანილ განძეულობაზე.

ერთა ლიგის მიერ 1933 წელს საბჭოთა კავშირის ცნობამ მეტად უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მდგომარეობაზე: მის ნაცვლად შეიქმნა “ქართული ოფისი”. რამდენადაც განძის ოფიციალურ მესაკუთრედ მანამდე საქართველოს ემიგრირებული მთავრობა ითვლებოდა, ამიერიდან განძი საფრანგეთმა დაისაკუთრა. აქედან მოყოლებული თაყაიშვილი საფრანგეთის მთავრობისგან ითხოვდა, რომ განძი საქართველოს სსრ-სთვის გადაეცათ. 1938 წელს საფრანგეთმა დააბრუნა ხელნაწერები. საბოლოოდ კი ეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ჯერ კიდევ 1944 წლის ნოემბერში ექვთიმე თაყაიშვილი შეხვდა სსრკ -ს ელჩს საფრანგეთში ბოგომოლოვს, რომელსაც გააცნო განძთან დაკავშირებული ვითარება და შემწეობა სთხოვა, თანაც გადასცა ვრცელი მოხსენება გენერალ დე გოლის სახელზე. დე გოლმა განკარგულება გასცა საქართველოს საუნჯის დაბრუნების თაობაზე, რაც 1945 წელს განხორციელდა კიდეც.

1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა. 1945 წლის 15 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს სსრ განათლების მინისტრის ბრძანებით დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად. 1945 წლის 10 მაისს მიანიჭეს დამსახურებული პროფესორის წოდება. 1946 წლის 28 დეკემბერს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე მოხსენებით “ევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ”. მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს სრული სამეცნიერო აპარატის თანხლებით გამოცემული სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. ხოლო 1949 წლის 17 სექტემბერს სსრ კავშირის უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ დაუმტკიცა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება.

ექვთიმე თაყაიშვილს ჰყავდა მეუღლე, ივანე პოლტორაცკის ასული ნინო, რომელზეც 1894 წელს იქორწინა, და ქალიშვილი. 1985 წელს რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა მის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. დიდი მეცნიერი 1953 წლის 21 თებერვალს, უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცამდე ადამიანი დაესწრო. ამჟამად იგი გადასვენებულია საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და მას სახელად “წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი” უწოდა. 2003 წლის მაისში თბილისში წმინდა ექვთიმეს სახლ – მუზეუმი და სამლოცველო გაიხსნა. “ექვთიმე ღვთისკაცის” ხსენების დღედ დაწესდა 3 იანვარი.


Responses

  1. : ) amas vedzebdi ….

  2. მადლობა ბურუსს!!!

  3. didi adamiania eqvtime tayaishvili da eqvtime rom ara saqartvlos gandzi ar iarsebebda

  4. Es mindoda

  5. dzalian didi madloba burs. didi adamiani iyo eqvtime tayaishvili da yvelaferi dawvrilebit weria


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: