Posted by: burusi | 01/02/2010

გიორგი ლეონიძე – ნატვრის ხე

გიორგი ლეონიძე – Giorgi Leonidze (1897-1966)

გიორგი ლეონიძე – ნატვრის ხე

„ხეა ხეა ხერვანადი,
ზედ ასხია შარავანდი“.
ხალხურ

დიაკვანი ელეფთერი საღამო ხანს სოფლის მოედანზე იდგა და გლეხებში საუბარს გულს აყოლებდა.
ეს სწორედ ის ელეფთერია, რომელსაც გასულ თვეს სცემეს კეტებით დღეობაში მოსულმა ჭირვეულმა სტუმრებმა – ელეფთერი რათა გქვიანო! ამ ელეფთერზე იტყოდა სოფლის მღვდელი: ორი ელეფთერი რომ მყავდეს, ერთს უსათუოდ ჩამოვახრჩობდიო!
ელეფთერი ღვინის კაცი უფრო იყო, ვიდრე სულისა, თავკერძა, ლხინიკო, ღვინის ხაპია! წირვა-ლოცვაზე საღვთო წერილს სულ უღიმღამოდ, ლუღლუღით ჩაიკითხავდა, მაგრამ ფსალმუნის იმ ადგილს, სადაც წერია: „ღვინო ახარებს გულსა კაცასასაო“, დიდი სიყვარულით, დიდის რიხითა და ხმის ამაღლებით წარმოთქვამდა.
შებინდებამდე მინდვრიდან ნახირი დაბრუნდა, ყველამ თავის საქონელს მიაშურა, სოფლის მოედანი დაცარიელდა, უსაქმო ელეფთერს უღარიბესი გლეხი ელიოზიღა შერჩა ხელთ.
– მაშ, ეს კი არ იცი, შენ, ძმაო, დაღონებულო, – მიმართა ელიოზს, – რომ ვეშა-წყარო უკვდავების წყალია?!
დიაკვანმა გამვლელ გოგოს, აბდიას, სველი ლიტრა გამოგლიჯა ხელიდან და მიიყუდა. ჯერ პირში წყალი დაიგემოვნა, მერე დაახრიალა, ახლა ზედიზედ იწაფა და კმაყოფილმა, ბედნიერებით მიბნედილმა, წყნარად თქვა: ვაი, ჩემი თავი, მოგიკვდეს და აღარ გყავდეს, თუ არ იცი, რა არის ვეშა-წყარო!
– სად არის ეგ წყარო?
– თეთრობიანის მთებში.
– რის წამალია? – მორცხვად იკითხა ელიოზმა.
– წამალი კი არა, უკვდავებაა!
– უკვდავება რა არის?
– სულ ცოცხალი იქნები!
ელიოზი შეკრთა, უკან დაიხია.
– არა, არ მინდა! რათ მინდა, ამ ტანჯვასა ღა სიღარიბეში?
– მერედა ვინ გაძლევს, შე საცოდავო! განა შენისთანებს მიესვლებათ ვეშა-წყაროსოან?! – და თვალები გადაუბრიალა.
დიაკვანი განაწყენებული შესცქეროდა ელიოზს, დიდად გაკვირვებული, რომ ასეთი ბნელი და უხეში კაცი ნახა, რომელიც უარს ამბობდა მის მიერ აღმოჩენილ უკვდავების წყალზე.
ტყუილად წყრებოდა დიაკვანი. წვრილშვილი ელიოზი უსაშველო ღატაკი იყო.
– ისეთია, ისეთი, რომ მშიერი ძაღლი პურს არ გამოართმევსო! – იტყოდნენ ხოლმე მეზობლები და მართლაც უმამულო, უსარჩოო ელიოზის ჩამონგრეული მიწურის წინ მუდამ გუბე იდგა, მწვანე ბუზებით სავსე… ძონძები… ჩვრები… ჭუჭყი… შიმშილი… საზიზღარი სიღარიბის უკვდავება რად უნდოდა საწყალ ელიოზს?
ნაზი გულის ადამიანი იყო ელიოზი და თან ცხარე მეოცნებე. ცხოვრების სისასტიკეს მის სულში ვერ ჩაექრო ოცნების ნაპერწკალი და თავისივე შეთხზული უცნაური ოცნებებით იფარავდა თავს მხეცივით შემოტეულ სინამდვილისაგან.
ჯერ ოქროკვერცხას, ოქროს მდებელ ქათამს ეძებდა ბუჩქნარებში, მერე დაეჟინა ნათელთევზას დაჭერა და მთელი დღეები დაკარწახებული იდგა იორში: მოჩხრიკა, ამოხაპა იორი, დაღალა ბადე, ჩანგალი; წყლის ტოტებიც დაწურა, ხელაობასაც გადააკვდა, მაგრამ არ იქნა, ნათელთევზა ვერ იგდო ხელთ და ვერა!
ახლა გულში ჩაედო ხერევანდის ხისა, ანუ ნატჯრის ხის ნახვა და მისი ნაყოფის ჭამა; ამ სურვილის ასრულება და მისი გამდიდრება ხომ ერთი იქნებოდა!
ელიოზს სწამდა: იანვრის სასტიკ ყინვიან ღამეში თუ შუაღამისას მოხვდი ტყეში და ცის გახსნას შეესწარ, მაშინ დაინახავ ტურფად აყვავილებულ ჯადოსნურ ხეს. არა მშვენიერება მას არა სჯობია! ის ხე თურმე ერთ საათში კიდეც აყვავდება, კიდეც ნაყოფს მოისხამს. თუ მისი ნაყოფი ხელთ იგდე, ერთი გაკვნეტა და მორჩა! სიღარიბე იმწამსვე ჩამოგეცლება სამუდამოდ! ვინ უთხრა, ვინ ჩააგონა, დღესაც არ ვიცი! ეს კია, რომ იანვრის ღამეებში, როცა ყინვით ცა გასკდომაზეა, ხშირად დახეტიალობდა დაკონკილი ელიოზი ტყეში, მარტოდმარტო, ცის გახსნისა და იმ ნატვრის ხის ნახვის მოლოდინში.
– ან დათვისა არ გეშინია, ან მგლისა, ან აფთრისა, რომ მიშველი ხელებით დადიხარ უღრან ტყეში?
მაგრამ ელიოზის თვალწინ მხოლოდ წითელ-ყვითლად აბრიალებული, აყვავილებული ხე იდგა და სხვას ვეღარას ხედავდა – ვერც საშიშს, ვერც სახიფათოს და მისი კონკებში გამოხვეული სხეულიც ოცნებით გახურებული, ეტყობა, ვერ გრძნობდა მოუთმენელ სიცივეს.
ცოლ-შვილი ვედრებით უშლიდა ელიოზს ტყეში სიარულს, მაგრამ მან თავისი არ დასთმო. ბოლოს შეეჩვივნენ კიდეც და თავი მიანებეს. ტყიდან დაბრუნებული შეშის გუდურას ჩამოაყოლებდა ხოლმე ხელს და ოჯახში კიდეც უხაროდათ.
– რა ჰქენი, ელიოზ, იპოვე შენი ნატვრის ხე? – შევეკითხებოდით ღიმილით.
– ვერა, მაგრამ ვნახავ!
– ტყეში რომ ცივა, რომ ბაბანებ და თრთი ამ ფიცხელ სიცივეში?
– მაშ როგორ გინდა, შე ოჯახაშენებულო?
და აი, ერთ ზამთრის დილას, როცა სიცივეს ჭახჭახი გაუდიოდა, ტყიდან მარხილით ჩამოასვენეს გაფიჩხული ელიოზი. ნატვრის ხის ძიებაში, მის ყარაულობასა და ლოდინში, ყინვით აყვავებულ ხის ქვეშ გაყინულიყო.
– მართლაც, ისეთი ლამაზი ხე ამოერჩია საწყალს, რომ იმის დანახვას არაფერი სჯობდა. ყინვას მოერთო ათასნაირი ყვავილებით, არშიებით, რუშებით, ჯინჯილებით, სულ დასურათებული იყო, – ამბობდა ტყის მცველი ბოდაველი, რომელიც შემთხვევით ზედ წასდგომოდა გაყინულ ელიოზს ბნელ ტყეში.
ასე კი იყო…
ელიოზს კუბო თავისი ფარღალალა საბძლის ფიცრებიდან შეუკრეს.
დიაკვანი ელეფთერი ერთხელ კიდევ გამოთვრა ელიოზის ქელეხში და მით მორიგი ოცნება გაინაღდა. მეორე დღეს მხოლოდ დარდის ამშლელ ნაღვინეობას უჩიოდა.
საწყალი ელიოზი მაინც ვერ გაექცა შემზარავ სინამდვილეს და ოცნების ხეს შეეწირა. .
პოეტები მხოლოდ ქაღალდზე რითმებით მოლაპარაკენი როდი არიან. პოეტური თვალით, პოეტური გულით და დიდი ოცნებით გასხივოსნებული სხვაც ბევრი დადის დედამიწაზე!


Responses

  1. :

  2. dzaan magaria natvris xe am nawarmebshi yvelaperi argad chans !!!!!!!dzaan magari nawarmoebiaa(Y)

  3. kaia


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: