Posted by: burusi | 30/10/2009

პეტრე მელიქიშვილი – ბიოგრაფია

პეტრე მელიქიშვილი

პეტრე მელიქიშვილი – Petre Melikishvili

პეტრე მელიქიშვილი – Petre Melikishvili (1850 -1927)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორი, პეტრე მელიქიშვილი, დაიბადა 1850 წლის 11 ივლისს ქ. თბილისში, განათლებული, ქართული ტრადიციების მქონე ოჯახში, სადაც არაერთხელ შეკრებილან ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, ბესარიონ და ნიკო ღოღობერიძეები, გიორგი წერეთელი, სერგი მესხი და სხვები. და სხვები. ცხადია, ეს დიდ ზეგავლენას მოახდენდა მომავალ მეცნიერზე, რაც მისმა შემდგომმა მოღვაწეობამაც დაადასტურა.

პეტრე მელიქიშვილის მშობლები გასული საუკუნის ორმოციან წლებში ახალციხიდან (მესხეთი) თბილისში გადმოსახლებულან.

პეტრეს მამა გრიგოლი პროგრესული პიროვნება იყო, ყოველთვის ცდილობდა სასარგებლო საზოგადოებრივ საქმის წამოწყებას. მაგალითად, აღსანიშნავია გრიგოლის მოღვაწეობა ქ. თბილისში ქართული სტამბის დაარსებისათვის.

ათი წლის პეტრე მელიქიშვილი თბილისის პირველ გიმნაზიაში მიაბარეს, სადაც წარჩინებული სწავლით გამოირჩეოდა და კლასიდან კლასში ქების სიგელით გადადიოდა; 1868 წელს პეტრემ წარმატებით დაამთავრა გიმნაზია, ხოლო 1869 წელს ოდესის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე განაგრძო სწავლა.

ფაკულტეტზე იმ დროს თავი მოიყარა დემოკრატიული იდეებით აღჭურვილმა პროფესურამ. მათ შორის იყვნენ : ქიმიკოსები – ვერიგო, სოკოლოვი; ბოტანიკოსი – ცენკოვსკი, ფიზიოლოგი – სეჩენოვი, ბიოლოგები – კოვალსკი, მეჩნიკოვი და სხვები. ამავე ფაკულტეტის უკანასკნელ კურსზე სწავლობდა შემდგომში გამოჩენილი მეცნიერი ვასილ პეტრიაშვილი.

ვასილ პეტრიაშვილი და პეტრე მელიქიშვილი იმთავითვე დაახლოვდნენ, რაც შემდგომ მტკიცე მეგობრობაში გადაიზარდა.

ეს პერიოდი ქიმიის ისტორიაში ითვლება უდიდეს აღმოჩენათა პერიოდად, როცა გარკვეულობა იქნა შეტანილი ატომის, მოლეკულისა და ატომურ-მოლეკულური თეორიის არსში. ის წლები, აგრეთვე, უდიდესი წარმატებებით აღინიშნა ორგანულ ქიმიაში. ყოველივე ამას საფუძვლიანად ეუფლებოდა პეტრე მელიქიშვილი და ამან თავისი კვალი დაამჩნია მომავალი მეცნიერის ჩამოყალიბებას.

პეტრე მელიქიშვილი 1872 წელს, ორი წლით ადრე (ექსტერნის წესით) წარჩინებით ამთავრებს უნივერსიტეტს; 1873 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი მეცნიერული ნაშრომი. მალე იგი გაიგზავნა საზღვარგარეთ, საიდანაც 1875 წელს დაბრუნდა და ოდესის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა. იკვლევდა ორგანული მჟავების სინთეზსა და ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს. მისმა შრომამ აკრილმჟავაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. 1881 წელს სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარმატებით დაიცვა დისერტაცია. 1884 წელს იგი აირჩიეს აგრონომიული კათედრის დოცენტად. ერთი წლის შემდეგ კი სადოქტორო დისერტაცია დაიცვა და თეორიული ქიმიის კათედრის პროფესორად დაამტკიცეს. 1893 წლიდან პ. მელიქიშვილი ძირითადად მუშაობდა არაორგანულ ქიმიაში, ზეჟანგურ ნაერთებზე. 1899 წელს მიენიჭა ლომონოსოვის სახელობის პრემია. მრავალფეროვანი იყო პ. მელიქიშვილის მეცნიერული მოღვაწეობა. მან შექმნა 80-ზე მეტი ნაშრომი ქიმიის სხვადასხვა საკითხზე.

1918 წელს პეტრე მელიქიშვილი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ივანე ჯავახიშვილის მოწვევას, საქართველოში ჩამოვიდა და თბილისის უნივერსიტეტის გახსნის საორგანიზაციო საკითხებშიც მიიღო მონაწილეობა. 13 იანვარს ქართული გიმნაზიის შენობის (ახლანდელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი) ცივ ოთახში შედგა მომავალი უნივერსიტეტის პროფესორთა კოლეგიის პირველი ოფიციალური სხდომა, რომელზეც აირჩიეს გამგეობა. გამგეობამ რექტორად ამ საქმის სულისჩამდგმელი ივანე ჯავახიშვილი დაასახელა, მაგრამ მან კატეგორიული უარი განაცხადა და რექტორის საპატიო პოსტზე ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორის, საერთაშორისო აღიარების მქონე მეცნიერის – პ. მელიქიშვილის კანდიდატურა წამოაყენა. თავისი წინადადება ი.ჯავახიშვილმა შემდეგი სიტყვებით დაასაბუთა: “პეტრე მელიქიშვილი ცნობილი მეცნიერია რუსეთშიაც და საზღვარგარეთაც, და მისი არჩევა დიდ პრესტიჟს შეუქმნის ჩვენს უნივერსიტეტს”. ორივე კანდიდატს რექტორობისათვის თავი უღირსად მიაჩნდა და მეორე კანდიდატს ანიჭებდა უპირატესობას. ივანე ჯავახიშვილის არგუმენტებმა გაჭრა და სამეცნიერო კოლეგიამ რექტორად ერთხმად აირჩია პეტრე მელიქიშვილი. იმ დროს პეტრე მელიქიშვილი 68 წლის იყო, ივანე ჯავახიშვილი 42-ის, ექვთიმე თაყაიშვილი 55-ის, სხვები – აკაკი შანიძე, გიორგი ჩუბინაშვილი, დიმიტრი უზნაძე, გიორგი ახვლედიანი 30-ს ოდნავ გადაცილებულები, შალვა ნუცუბიძე 29-ის.
ახლადდაარსებული უნივერსიტეტის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან თაობათა ჯაჭვი კი არ გაწყვიტა, პირიქით, გაამთლიანა. 17 იანვარს უკვე პეტრე მელიქიშვილის ბინაში შეიკრიბა პროფესორთა საბჭო და ლექტორთა მოწვევის საკითხი და უნივერსიტეტის გახსნის პროექტი განიხილა.

ასრულდა მრავალი თაობის ოცნება – 1918 წლის 26 იანვარს, წყნეთის ქუჩის 41-ში, ქართული გიმნაზიის შენობის სამხრეთის ფრთის სამ ოთახში განთავსდა ქართული უნივერსიტეტი. 13 საათსა და 20 წუთზე დაიწყო ზეიმი. შესავალი სიტყვა უნივერსიტეტის საზოგადოების თავმჯდომარემ, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ჩხენკელმა წარმოთქვა, შემდეგ კი საზოგადოება მხურვალე ტაშით შეხვდა პირველ რექტორს, პეტრე მელიქიშვილს, რომელმაც ქართულ და რუსულ ენებზე ისაუბრა.

უნივერსიტეტში 369 სტუდენტი, 89 თავისუფალი მსმენელი, 7 პროფესორი, 5 მოადგილე, 2 მეცნიერ-ხელმძღვანელი და 3 ლექტორი ირიცხებოდა. ეს დღე ზეიმად იქცა მთელ საქართველოში.

პეტრე მელიქიშვილი რექტორის მოვალეობას ოცი თვე ასრულებდა და 1919 წლის 11 ოქტომბერს პ. მელიქიშვილმა ერთ-ერთ პროფესორთან მომხდარი სიტყვიერი ინციდენტის გამო რექტორობიდან გადადგომა ითხოვა. უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ დააკმაყოფილა პ. მელიქიშვილის თხოვნა. 1919 წლის 17 დეკემბერს თსუ-ის რექტორად ივანე ჯავახიშვილი აირჩიეს.
რექტორის თანამდებობაზე ყოფნისას მელიქიშვილს ხელფასი არასოდეს აუღია. სიცოცხლის ბოლომდე იყო ორგანული ქიმიის კათედრის ხელმძღვანელი. მისი თაოსნობით უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა ოთხ ქიმიურ ლაბორატორიას, შეიქმნა არაორგანული, ორგანული და აგრონომიული ქიმიის კათედრები.
1918-27 წლებში პ. მელიქიშვილი იყო თსუ-ის ორგანული ქიმიის კათედრის გამგე. 1921 წლის 30 ივლისს იგი თსუ-ის აგრონომიული ფაკულტეტის დეკანად აირჩიეს.

რექტორის მოვალეობის შესრულებისაგან განთავისუფლების შემდეგ პ. მელიქიშვილის სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა კიდევ უფრო გაფართოვდა. პეტრე მელიქიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის – წიაღისეულისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესწავლას. როგორც გამოჩენილი ქიმიკოსი, იგი აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო საზოგადოებების დაარსებაში, გამოდიოდა მოხსენებებით სხვადასხვა ყრილობასა და კონფერენციაზე, სადაც ყოველთვის ხაზს უსვამდა სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ბუნებრივი სიმდიდრის რაციონალური გამოყენების აუცილებლობას. დიდი ამაგი დასდო ქართული ქიმიური ტერმინოლოგიის შექმნას. ის იყო მრავალი სამეცნიერო საბჭოს წევრი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი სახელობის პრემიები დაწესდა.

ქართველმა ხალხმა 1923 წელს აღნიშნა სასიქადულო მამულიშვილის პედაგოგიური და სამეცნიერო –საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50 წლისთავი. იუბილე დიდ ზეიმად იქცა. ეს იყო პ. მელიქიშვილის –დიდი მეცნიერისა და მოქალაქის საყოველთაო აღიარება.

პ. მელიქიშვილი გარდაიცვალა 1927 წლის 23 მარტს, 77 წლის ასაკში. დაკრძალულია უნივერსიტეტის I კორპუსის ბაღში. მის საფლავზე დადგმულია ბიუსტი (ავტორი-ი. ნიკოლაძე).


Responses

  1. მე როგორც ვისწავლე გადადგომის მიზეზი ის იყო რომ ერთ–ერთ თავხედ სტუდენტს ხელი გაარტყა, თვითონ კი საკუთარი საქციელით აღშფოთებულმა დატოვა პოსტი:)

  2. მაგარი იყო პეტრე

  3. ეს “ერთ-ერთი თავხედი სტუდენტი” სინამდვილეში სტუდენტი კი არა ანდრია რაზმაძე იყო :) არ არის სასიამოვნო ამბავი… ორი კორიფის დაპირისპირება… ხელის გარტყმაზე რა მოგახსენოთ, მგონი აქამდე საქმე არ მისულა, ყოველ შემთხვევაში ასე დანამდვილებით ამის თქმა არ შეიძლება… ანდრია საერთოდ ძალიან ბობოქარი პიროვნება იყო, პეტრე კი საოცრად თავმდაბალი ადამიანი გახლდათ, ასე რომ არა მგონია ხელი აეწია ვინმეზე.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: