გიორგი ლეონიძე – Giorgi Leonidze
ნინო ჩხიკვიშვილი ავტორია წიგნისა «ამბავი დიდი სიყვარულისა», რომელიც დიდი ქართველი პოეტის გიორგი ლეონიძის ძმის _ ლევანისა და მისი მეუღლის _ მარია ჰოფმანის სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს.
«ამბავი დიდი სიყვარულისა», ეს წიგნი მართლაც უცნაური, დიდი, უდიდესი სიყვარულის ამბავს გვიყვება.
ლევან ლეონიძე, გიორგი ლეონიძის უფროის ძმა, წარმოსადეგი ვაჟკაცი, თვალსაჩინო სპეციალისტი (ზოოტექნიკოსი გახლდათ), მრავალმხრივად განათლებული, დიდი პატრიოტი, სწირედ იმ ტიპის ინტელიგენტი ყოფილა, 37-იანი წლების რეპრესიებს რომ ვერ გადაურჩებოდა. მის შესახებ კოლაუ ნადირაძე მიამბობდა ხოლმე, მაგრამ მთავარი _ მისი და მარიას სიყვარულის ამბავი, მოგვიანებით შევიტყვე. მაშინ, როცა ჟურნალ «ომეგაში» ვმუშაობდი და ჩემმა უფროსმა მეგობარმა თამაზ ნატროშვილმა მკითხა: ერთი საინტერესო ისტორიის შესახებ თუ დაწერ რაიმესო. მერე რედაქციაში ლევანის აწ უკვე გარდაცვლილი შვილი _ ქალბატონი ლილი მოვიდა და მამის არქივი მომიტანა. ერთ საღამოს ამ არქივს ჩავუჯექი და მივხვდი: ის ყველაფერი, რაც ხელთ მქონდა, უნიკალური და არაჩვეულებრივი იყო, განსაკუთრებით ლევანისა და მისი გერმანელი მეუღლის სიყვარულის ისტორიამ შემძრა და ამაფორიაქა. ამაზე ალბათ დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. ეს ისტორია, მერწმუნეთ, რაც მეტი დრო გავა, უფრო მეტად დაემსგავსება მითსა თუ დიდ ლეგენდას სიყვარულზე. ამბავი თითქოს ბანალურადაც კი იწყება _ დიდი გერმანელი მრეწველის _ ადამ ჰოფმანის ქალიშვილმა სამშობლო მიატოვა. მისთვის სრულიად უცნობ მხარეში ერთ ღარიბ, მაგრამ სულიერად და უდიდესი ძალისა და ნიჭის პატრონს, ლევან ლეონიძეს საქართველოში გამოჰყვა. და შემდეგ იწყება ის რაც ლეგენდად იქცა, ამბავი, თუ როგორ უერთგულა მართლაც კუბოს ფიცრამდე ამ გერმანელმა ქალმა ქართველ მეუღლეს.
მარიას დღიურებს თუ წაიკითხავთ, მიხვდებით თუ რა ძალა აქვს სიყვარულსა და ერთგულებას. წარმოიდგინე, უმდიდრესი, ფუფუნებაში გაზრდილი გერმანელი ქალი, როცა ქმარს დაუხვრეტენ, ლევანის მშობლიურ სოფელში _ პატარძეულში ჩასახლდება და კახელი გლეხის ქალივით გასწევს ოჯახის ჭაპანს? მარია ჰოფმანი, ჩვენებურ მაროდ გადაიქცევა და რაც არ უნდა ბანალურად მოგეჩვენოს ჩემი ნათქვამი, შვილებს უმამომას არ შეამჩნევინებს! ეს ხომ თითქმის დაუჯერებელია და უცნაური; და აქ ერთ პატარა დეტალზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება: თავის დროზე, როცა მარია პირველად ქორწინდებოდა, მამამისმა ადამმა, თავდაპირველად ნიშნობა ჩაშალა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მარია ისე ნებიერად გავზარდე, მისი ყველა სურვილის შესრულებას ჩემი მომავალი სასიძო _ კარლ ვიხმანი ვერ შესძლებსო. არადა, საქართველოდან ჩასულ ხელმოკლე მეცნიერს სრულიად უყოყმანოდ დართო ნება ქალიშვილზე დაქორწინებისა.
მარიას მეორე ქორწინება შედგა _ ლევანთან ორი შვილი _ ლილი და ლევანი შეეძინა.
როცა პატარა ლევანი დაიბადა, მამიმისი უკვე ციხეში იყო და იქედან წერდა ერთ ლამაზ «ნანას», აი, როგორ ტკბილხმიანს:
მიარე ჩემო დედაო,
ნუ შეგაშინებს დარდია,
ბიჭი ვარ, კაცად გავხდები,
წლეების გავლა მარდია.
მე დაგიფასებ ამაგსა,
როცა გავხდები დიდია.
დედა-შვილს ძუძუ აერთებს
და სიყვარული _ ხიდია.
ნუ გეშინიან დედაო,
მამა მოგივა მალეო,
სულ მალე დაგავიწყდება,
რაც დღენი გაიმწარეო.
ვინ იცის, იქნებ შემდგომში სწორედ ამ სტროფებმა მისცა ბიძგი გიორგი ლეონიძეს, დაეწერა ის ცნობილი ლექსი, რომელშიც უცნობ ჯარისკაცს თავისი ძმის სახელი დაარქვა. იცით, მარიას წლების შემდეგ, გერმანიაში დარჩენილმა ძმებმა შესთავაზეს სამშობლოში შვილებთან ერთად დაბრუნებულიყო, მაგრამ ცივი უარი შეუთვალა და რატომ, არ იკითხავ? იმიტომ რომ… როცა ლევანი დაბრუნდება, მე, მისი ცოლი, აუცილებლად თავის კერაზე უნდა დავხვდეო!
დიახ, ასეა, ერთი შეხედვით მის საქციელსა და ფიქრებში ლოგიკა არ არსებობს? მაგრამ რა უნდა ლოგიკასა და ცივ განსჯას იქ, სადაც ნამდვილი სიყვარულია?!.
სადაც რეალობა კარგავს თავის პირვანდელ სახეს და ლეგენდად იქცევა.

























ბოლო კომენტარები